07.12.2024

რატომაა ხალხის აქტიურობა არჩევნებზე, დაბალი?

ადგილობრივი არჩევნები ის სერიოზული გამოცდა იყო, რომლის ჩაბარებასაც „ქართული ოცნება” ფრიადზე გეგმავდა, მაგრამ, მისდა სამწუხაროდ, არც ისე წარმატებული გამოდგა. წარუმატებლობა ძირითადად იყო განპირობებული  ამომრჩევლის მოჭარბებული ინდიფერენტიზმით, არჩევნებში მონაწილეობისგან თავის შეკავებით.

აღნიშნულს, მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური მოსაზრებით ხსნიან. უპირველესად იმით, რომ ხალხი გადაიღალა არჩევნებით: ხან პარლამენტის, ხან პრეზიდენტის. მეორე, გაცილებით მნიშვნელოვანი – იმედგაცრუება მმართველი პარტიისადმი. ამომრჩეველი მიიჩნევს, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებიდან დღემდე საკმაო დრო გავიდა იმისთვის, რომ „ოცნებას“ ცოტა რამ მაინც გაეკეთებინა იმ უამრავი დაპირებიდან, რომელიც მან საპარლამენტო არჩევნების წინ დაახვავა.

„ოცნების“ მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ მმართველმა პარტიამ ბევრი რამ შეასრულა, რაც მთავარია ხელისუფლებას ჩამოაშორა „ნაციონალები“.

ის, რომ ხელისუფლებამ ყველა დანაპირები უკვე შეასრულა, თვით პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილის მუყაითმა მოწაფემ, არაერთხელ ამცნო ხალხს. ბიძინაც ხომ იმავეს იმეორებდა ჟურნალისტებთან გამართულ სერიალებზე?!

სხვათა შორის, მამალი ტყუილის სიმართლედ მიწოდება საზოგადოებისთვის არახალია. ასე იყო შევარდნაძის დროს. შავის თეთრად დახატვას განსაკუთრებული თავდადებით ახდენდნენ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება. ასე რომ, საქართველოს მოსახლეობა 20  წელიწადია დიდად განსწავლულად გამოიყურება საქმეში, რომელსაც ხელისუფალთა დაპირება და მისი (მათი) შეუსრულებლობა ჰქვია.

ყოველივე ეს კარგად იცოდა საზოგადოებამ, მაგრამ მაინც ფიქრობდა იმ პატარა პატიოსნების მარცვალზე, რაც 2012 წლის წინასაარჩევნო მარათონის დროს დაითესა მზრუნველი მეურნის (ივანიშვილის) მიერ.

მილიარდერი, პატიოსანი კაცი (თუმცა რუსეთის ისტორიის გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისი, ნაკლებად შეიძლება ჩაითვალოს პატიოსანი ბიზნესის ნაკრძალად), ქველმოქმედი და ა.შ. თავზე შემოევლება საკუთარ სამშობლოს, გაიზიარებს მის ჭირვარამს, ფეხზე დააყენებს და თუ დასჭირდა, საკუთარ მილიარდებსაც მოახმარს ქვეყნის კეთილდღეობას.

ასე ფიქრობდა საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი უმრავლესობა, მაშინაც კი, როდესაც ქვეყნის აღმშენებლობის პროცესის დასაწყისში გვერდით ამოიყენა საზოგადოებისთვის მიუღებელი პარტიები, განსაკუთრებით „რესპუბლიკელები“ და პოლიტიკური ფიგურები. თითო-ოროლა სკეპტიკოსი, მათ შორის მეც, ამბობდა, რომ ივანიშვილი ისეთივეა, როგორც დანარჩენი მმართველები იყვნენ და რომ მილიარდერისგან ნაკლებად მოსალოდნელი იყო ფინანსური ჰარაკირი, ანუ საკუთარი მილიარდების საქართველოს მოსახლეობაზე დახარჯვა.

გაუცრუვდათ იმედი და არა მარტო ამ საქმეში, არამედ ყოფილი ავაზაკი ხელისუფლების სამართლიანად დასჯის საქმეში. და არა მარტო სამართლიანობის აღდგენის, არამედ სოფლის მეურნეობის, მრეწველობის აღდგენისა და სოციალური ყოფის გამოსწორების საქმეში.

„ოცნების“ ხელისუფლების მოკლე მმართველობის პერიოდში შეუსრულებელი დანაპირების ფაქტორი ნაკლებად შეაშფოთებდა საზოგადოებას – ამ საქმეში ათას ბარიერზე გადამხტარს, რომ არავითარი ნიშანწყალი იმისა – ვითარება ოდესმე გამოსწორდეს. ყმაწვილმა ხელისუფლებამ, ისე, როგორც წინამორბედმა, განვლილი პერიოდი ნაციონალთა ლანძღვას შეალია, მე ვიტყვოდი ყოვლად უსაგნოსა და არაეფექტიანს. სალანძღავი ლექსიკის მიხედვით, ყოფილები დიდი ხანია ვირის აბანოს უნდა ხეხავდნენ, მაგრამ საქმე?

საქმე არ ჩანს. რაც ჩანს, ისაა – „ნაცები“, ყოველდღე ტელეეკრანებიდან საზოგადოებას რომ ჭკუას ასწავლიან. არადა როგორი მოსასმენია შარაგზის ყაჩაღებისგან გამუდმებული შეგონებები?! ხელისუფლება, ვითომც არაფერიო, გულს იფხანს, უფრო სწორად პირს, ნაცთა უშედეგო ლანძღვით. საზოგადოებამ ხელისუფლების „მუყაით“ მუშაობაში რაც დაინახა, საკუთარი თავის მოჭარბებული პატივისცემაა, თანაც დანაშაულის რანგში აყვანილი.

განვლილ პერიოდში ხელისუფლემამ „ოფლისღვრით“ იღვაწა საკუთარი ხელფასების, ხელფასებზე დანამატებისა და პრემიების გასაზრდელად; საკუთარი ორგანიზმის უზარმაზარი შავი „ტოიოტას“ ჯიპებში ჩასადებად; საკუთარი გუნება-განწყობილების გასახალისებლად, უცხოური ვოიაჟების გასაათკეცებლად; საკუთარი ნათესავების და ახლობლების სამსახურებში მოსაწყობად; საკუთარი კაბინეტებისა და საკუთარი პერსონის მოსაწყობად და აღსაჭურვად უძვირფასესი ელექტრონული ნივთებით – მობილური ტელეფონებით, კომპიუტერული სისტემებით და ა.შ. და ეს ყველაფერი დაბეჩავებული, გამათხოვრებული საქართველოს ფონზე.

ხელისუფლებამ, ნაცვლად იმისა, ბოდიში მოეხადა საზოგადოებისთვის აშკარად მიუღებელი საქციელის გამო, აქეთ გადმოვიდა შეტევაზე და ისეთი ხმაური ატეხა, თქვენი მოწონებული – რა გგონიათ აბა, თუ საჯარო მოხელეები არ დავაინტერესეთ მაღალი ხელფასებით და პრემიებით, სახელმწიფო სამსახურში დარჩებიანო?

ვინ, ვინ და იუსტიციის მინისტრი წულუკიანი თავს უფლებას არ უნდა აძლევდეს ესოდენ უხამსი განცხადების გაკეთების.

ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა თბილისის საკრებულოს მიერ საკუთარი თავისთვის გამოწერილმა პრემიებმა და თანაც იმ დროს, როდესაც ჯერაც არ ჩამცხრალა მინისტრების პრემიების აჟიოტაჟი. საიქიოს მიმავალი საკრებულოს მიდგომა პრემიებისადმი დაახლოებით ასეთი იყო – ხალხის დედაც! რაც უნდათ, ის თქვან, მთავარია ჩვენ, „ჩვენი“ მივიღოთო.

კეთილი, მაგრამ ეს „ჩვენი“ რამდენადაა მათი? ეს, „ჩვენი“ ხომ ხალხის ვირული შრომითაა შექმნილი. სწორედ იმ ხალხის, ვისაც, „მამა-მარჩენლებთან“ შედარებით, ათჯერ და ასჯერ ნაკლები ხელფასი აქვს, პრემიაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი?!

„შთამბეჭდავი“ იყო საკრებულოს თავმჯდომარის შიხიაშვილის აგრესია ჟურნალისტებთან, მაგრამ არანაკლებ „შთამბეჭდავი“ იყო თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლის სევდია უგრეხელიძის ნათქვამი – კანონით, მათ უფლება აქვთ, რამდენჯერაც უნდათ, იმდენჯერ გამოიწერონ პრემიებიო.

აფსუს, საბჭოთა კავშირი, სადაც პრემიას წლის ბოლოს თუ გასცემდნენ, არა ყველაზე და არა ხელფასზე მეტს! როგორც ჩანს, ამ „დამოუკიდებელ“ ქვეყანაში მარტივი სახელმწიფო წესიც არ არსებობს, რომელიც დაარეგულირებდა საჯარო მოხელის ხელფასს, პრემიას და ხელფასზე რაღაც გაუგონარ დანამატს.

რას ნიშნავს – პრემიას რამდენჯერაც უნდათ, იმდენჯერ გამოიწერენ? ვის ნაშრომს ითვისებენ? ვინ მისცათ მათ – მინისტრი იქნება, პარლამენტარი თუ საკრებულოს წევრი – ხალხის ნაჯაფის მითვისების უფლება? ეჰ, ბიძინა, ბიძინა – ვერ მოძებნე სამშობლოსთვის თავდადებული მოხელე (მოხელეები). და როდესაც ესოდენ უტიფარი, მომხვეჭელური დამოკიდებულებაა მოხელესა და ქვეყანას შორის, იმ ქვეყანას არასდროს ეშველება.

„ოცნება“ გვიმტკიცებს, რომ საკუთარი თავის პატივისცემა „ნაცების“ ბატონობიდან მოდის. სწორედ, „ნაცებმა“ ჩამოაყალიბეს მაღალი ხელფასების, ხელფასზე დანამატებისა და პრემიების სისტემაო. კეთილი, მაგრამ განა ძნელი იყო ამ ხნის განმავლობაში მავნე სენზე უარის თქმა? თქვე მამაცხონებულებო, სისტემატურად, რომ გაჰყვირით, ევროპაში მივდივართო, რატომ იქაურ წესებს არ იზიარებთ?

ევროპის ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ სახელმწიფო მოხელესა და ჩვეულებრივი მსახურის ხელფასებს შორის ესოდენ ასტრონომიულ სხვაობას. პენსიებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ოლანდმა, სასახლეში შესვლისთანავე, პრეზიდენტისა და მინისტრების ხელფასები საგრძნობლად შეამცირა, ხოლო ნაცვლად „ლიმუზინისა“, ჩვეულებრივი დაუჯავშნავი ავტომანქანა ამოირჩია.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, სხვაგან ევროკავშირში სახელმწიფო მოხელეებს რომ ესოდენ ჭარბად ერიგებინათ თავიანთი თავისთვის პრემიები? მეორე დღესვე სახალხო გამოსვლები წალეკავდა ასეთ მთავრობას.

სულ ახლახანს, საქართველოს „სანაქებო“ საგარეო საქმეთა მინისტრმა ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს უხმო – ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის წინ და კიდევ ერთხელ გვამცნო, რა ბედნიერი გავხდებით უკვე 28 ივნისს, ხელმოწერის მეორე დღესვე. თან ისიც თქვა, რომ საქართველო ევროპაა და ამას წყალი აღარ გაუვა.

ის, რომ საქართველო ვერასოდეს გახდება ევროპა, ვერც ტერიტორიულად და ვერც მენტალურად, ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ ფანჯიკიძის, ალასანიას, პეტრიაშვილის, ხიდაშელის, ბერძენიშვილების, სააკაშვილების, ბოკერიებისა და სხვათა გამოისობით, საქართველო ვერასდროს ეღირსება პატიოსნებას. ის, რომ დარჩება იმ შუასაუკუნეების ეპოქაში, სააკაშვილმა რომ შექმნა. მათ ამისთვის არც ცოდნა ეყოფათ და რაც მთავარია პატრიოტული სულისკვეთება, ესოდენ დაკნინებულ-დაბეჩავებული მათ და მათი კოლეგების ხელში.

რატომ იყო ესოდენ სუსტი აქტივობა არჩევნებზეო – კითხულობენ „ოცნებელები“, მათი მხარდამჭერები. ზემოთ ჩამოთვლილის და უამრავი ჩამოუთვლელის გამო. ხელისუფლებას დაავიწყდა, რომ საქართველო საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაა, თუ რამდენად მიმდევარი ამ ეკონომიკისა, სხვა საქმეა. მაგრამ ის, რომ პოლიტიკური საქონელიც, ანუ პროდუქციაც ვაჭრობის საგანია, ფაქტია.

პოლიტიკურ პარტიებს, ისე, როგორც ნებისმიერ საწარმოს, თავისი ნაწარმი გამოაქვს ბაზარზე გასაყიდად. მრავალმა პოლიტიკურმა პარტიამ, მათ შორის სახელისუფლებომ და გუშინდელმა მმართველმა პარტიამ საკუთარი ნაწარმი შესთავაზა მყიდველს, ანუ ამომრჩეველს. და მანაც (ამომრჩეველმა), ისე, როგორც ბაზარში, შეაფასა ყველას ნახელავი.

შეაფასა და ცხვირამრეზილმა აღარ იყიდა – ვადაგასულად, აყროლებულად ჩათვალა. ვინც არ ჩათვალა – „ოცნების“ ნათესავ-მეგობრებმა, მისგან დავალებულებმა და დიდი მოლოდინის (თანამდებობები) მქონეებმა, ხმა მისცეს „ოცნებას“. ასევე მოიქცნენ „ნაცთა“ გულშემატკივრები.

ორივენი არა საქართველოზე ფიქრობდნენ ხმის მიცემის დროს, არამედ საკუთარ კუჭზე. ვინც საქართველოზე ფიქრობდა, ფეხი არ მიადგა საარჩევნო უბანზე. ასე იცის მრავალმა დაპირებამ და არ შესრულებამ. ასე იცის ხელისუფალთა ტყუილებმა და თავის მართლებამ – ჩვენ ისეთ საქმეს ვაკეთებთ, მაღალი ხელფასებიც გვერგება და პრემიებიცო.

ასე იცის ხალხის ოფლით მოპოვებული ფულის მითვისებამ. და რაც მთავარია, საზოგადოების შეურაცხყოფამ. როდესაც ქალაქის ქუჩები ორმოებითაა სავსე; როდესაც საქალაქო ტრანსპორტი გაუმართავად მუშაობს, როდესაც შუა ივნისში ალუჩის ფასი 5 ლარია; როდესაც კატასტროფული ფასებია კვების პროდუქტებზე; როდესაც სიმართლის დასადგენად რკინის ქალამნები უნდა ჩაიცვა; როდესაც შარაგზის ყაჩაღი გუშინდელი „ნაცური“ ხელისუფლება დღესაც ჭკუას გასწავლის; როდესაც „ნაცი“ პარლამენტარები, ხალხის შრომით მოპოვებული მილიონი დოლარის უკან შემოტანას ლამობს, საკუთარი ბინძური საქმეების გასაჩარხად; როდესაც დაუსჯელი ყოფილი პრეზიდენტი მთელს მსოფლიოს მოძღვრავს საკუთარი „მიღწევებით“ და „უპრაგონოდ“ დაეხეტება სხვადასხვა ქვეყანაში, ხალხის აქტიურობა არჩევნებზე დაბალი იქნება, გაცილებით დაბალი, ვიდრე ა.წ. 15 ივნისს.

P.S. არც ერთ ზემოთჩამოთვლილ და ჩამოუთვლელ საქმეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია არ სჭირდება, მას გულიანი, პატრიოტული შემართება სჭირდება, სამწუხაროდ, ესოდენ დიდი დეფიციტი ჩვენს ქვეყანაში.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.