„გავბედნიერდით“?!

რუსული გამოთქმისა არ იყოს – „ჩხუბის შემდეგ, მუშტებს არ იქნევენ“ – ისეა ჩვენი საქმე, თუმცა ჩხუბამდეც ვიქნევდით, ცხადია არა მუშტებს – სიტყვებს, მაგრამ, უშედეგოდ. და უშედეგოდ იმიტომ, რომ ცოტა აჰყვა სიტყვის „ქნევას“.

რა გაეწყობა, რომ იტყვიან, ძალა აღმართს ხნავს. საქართველოს ხელისუფლებამ ხელი მოაწერა ევროკავშირის ასოცირებული წევრობის ხელშეკრულებას, რითაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნისთვის რაღაც უცხოს, რაღაც წარმოუდგენელს და, რაც მთავარია, ამ ეტაპისთვის გამოუცნობს.

დაიწყება ახალი ცხოვრება და გამოჩნდება, რამდენად გონივრული  იყო საქართველოს ხელისუფალთა გადაწყვეტილება. არჩევანი კარგია თუ ცუდი – წლები დაგვანახებს, მაგრამ მაშინ არც ისინი იქნებიან ხელისუფლებაში, ვინც ეს ნაბიჯი გარისკა და არც არავინ იქნება პასუხისმგებელი დაშვებულ შეცდომაზე. თუმცა, ვინ იცის, ის რაც დღეს ზოგს შეცდომად მიაჩნია, ხვალ სულაც არ იყოს შეცდომა?!

ერთი სიტყვით, სარისკო ვარაუდებში ვართ, უფრო სწორად, ვიყავით 2014 წლის 27 ივნისამდე. მას შემდეგ, უკვე ფაქტთან შეგუება მოგვიწევს, ხოლო ცუდი-კარგი, ანუ თეთრი-შავი აბანოში გამოჩნდება. აბანო კი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება იქნება – ცხოვრებისეულ მძიმე და დაუნდობელ კანონებზე დაფუძნებული.

ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ჩაეყარა საფუძველი ევროატლანტიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას – ჯერ ნატოს პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისთვის“, შემდეგ ევროკავშირთან მოკრძალებული ეკონომიკური ურთიერთობის სახით. ორივე, ამერიკა-ევროპის ინიციატივით დაიწყო და დროთა ვითარებაში აქტიური თანამშრომლობის ხასიათი შეიძინა. ყოველივე აღნიშნულმა კი სერიოზული გავლენა იქონია საზოგადოებაზე, მის აზროვნებაზე და ხვალინდელი დღის ხედვაზე.

გამოკვეთილი დასავლური ორიენტაცია თვალშისაცემი სააკაშვილის მმართველობის პირველივე დღიდან განისაზღვრა, რასაც ლაიტმოტივივით თან ახლდა ანტირუსული რიტორიკა, ისტერიაში გადასული განცხადებები – საქართველოს ხელისუფალთა მხრიდან.

საქართველოს ხელისუფალთა ანტირუსულ დამოკიდებულებას ცეცხლზე ნავთი დასავლეთმა დაასხა – საკუთარი, ასევე ანტირუსული, გეგმების განხორციელების მიზნით, რომელშიც რუსეთის იზოლაციას, მის არალოიალური სახელმწიფოებით შემორკალვასა და საბოლოო ჯამში რუსეთის დაშლა-დაჩოქებას განსაკუთრებული ადგილი ეკავა და უკავია.

დასავლური პოლიტიკის, ყოფა-ცხოვრების გაფეტიშებას ხელს უწყობდა მთავრობის მიერ კონტროლირებული მედია და დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი. ათწლიანმა შეტევამ მოსახლეობაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე დასავლეთისთვის პოზიტიური შედეგი მოიტანა. გაიხლიჩა საზოგადოება არა მარტო დემოგრაფიული, არამედ აზრობრივი თვალსაზრისით. მამები და შვილები ერთმანეთს მამასისხლად გადაემტერნენ. დასავლური ფასეულობები მისაბაძი და სასურველი ახალგაზრდა თაობისთვის, საშუალო და მაღალი ასაკის ადამიანებისთვის მიუღებელი გამოდგა.

ასე გაორებულმა, ნაცური ხელისუფლების მიერ გაუპატიურებულებმა ვიცხოვრეთ 2012 წლის ოქტომბრამდე და გულმოსულებმა ქუჩას მივმართეთ – ბილწი აწმყოს შეცვლისთვის. შევცვალეთ, მაგრამ, როგორც შემდეგ გამოჩნდა, მხოლოდ ნაწილობრივ, ანუ მოვიშორეთ სააკაშვილი, მაგრამ ვერ მოვიშორეთ ნაცები და მათ მიერ შექმნილი პოლიტიკური აზროვნება, რაც მთავარია ორიენტაცია.

ჩვენდა სამწუხაროდ, ნაცთა შემცვლელებიც ისეთივენი აღმოჩნდნენ ამ საკითხში, როგორც ნაცები. და ასე და ამრიგად, მხოლოდ ოცნებად დარჩა საზოგადოებაში არსებული ლტოლვა პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლისკენ.

„ოცნებისთვის“ ევროატლანტიკური გეზი ისეთივე მყარი აღმოჩნდა, როგორც წინამორბედისთვის იყო, რამაც თავისთავად გამოიწვია ფართო საზოგადოების ნიჰილიზმი, ხელისუფალთა მიმართ უნდობლობა, ცხოვრებაზე იმედგაცრუებული ხელის ჩაქნევა. შედეგი სახეზეა – ადგილობრივი არჩევნებისთვის ზურგის შექცევა.

საზოგადოება მიხვდა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ გალაშქრება შედეგს ვერ მოიტანს. საზოგადოება იმასაც მიხვდა, რომ დასავლელთა მიერ ზურგგამაგრებული მთავრობა, ყველაფერს იღონებს დასავლური პროექტის განსახორციელებლად. მას გამოცდილი ჰქონდა ნაცური ხელისუფლების სიჯიუტე. ეს თვისება წინამორბედთაგან გადმოჰყვათ დღევანდელებს, და ისეთი პროდასავლური კოცონი აგიზგიზდა, ლამის ხანძარში გადაიზარდა. ხელისუფლების პოზიციების გასამაგრებლად გაჩნდა პროდასავლური კურსის მხარდამჭერთა 85%-იანი ციფრი. და არავინ იცის – საიდან?

როდესაც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 85%-ი უჭერს მხარს ევროპასთან ინტეგრაციას, ტყუილია! მაგრამ მერე რა? ვინ თხოვს მას პასუხს? არც არავინ, თითო-ოროლა ექსპერტის გარდა. არადა ორიენტაციის განსასაზღვრი არც რეფერენდუმი და არც პლებისციტი არ ჩატარებულა.

რაც ჩატარდა, ისიც ადრე, 2008 წლის იანვარში იყო და თანაც პრეზიდენტის არჩევნებზე მიბმული, ამომრჩევლისთვის ერთობ უხერხულად და გაუგებრად აღბეჭდილი ბიულეტენებში. მაშინ, აშშ-ს საელჩოსა და ბრაისას წყალობით „დაფიქსირებული“ ციფრი 60%-ი 75%-ით შეიცვალა. საიდან გაჩნდა 85%-ი? იმ  ბიულეტენში ნატოზე იყო მინიშნება და არა ევროკავშირზე, რამეთუ „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ ჩანასახშიაც არ იყო.

ღარიბაშვილი და „ოცნება“ უფრო თავგადაკლული მედასავლეთელები გამოდგნენ, ვიდრე წინამორბედნი და ხელიც მათ მოაწერეს „გაბედნიერების“ დოკუმენტზე.

რა მოელის საქართველოს? ყველაფერი იმის დავიწყება, რაც იყო. გათავისუფლება ბევრი მიუღებელი (ევროპისთვის) ცხოვრების წესისგან, ჩვეულებებისგან, კანონმდებლობის შეცვლა და ისეთად გადაკეთება, ისინი რომ მოითხოვენ.

თითქოს ცუდი ამაში არაფერია. შენც ისეთივე ევროპელი იქნები, როგორც ისინი. აკი ბრძანა ჟვანიამ – მე, ქართველი ვარ, ანუ ევროპელიო. მაგრამ გაევროპელობის პროცესი იქნება მტკივნეული – დირექტივებითა და ბრძანებებით გაჯერებული და შედეგი – გლობალიზებული ქართველი, ხოლო საქართველო – სუვერენიტეტგამოცლილი.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სერიოზული თავსატკივარია ბიუროკრატიული ბრიუსელის მოჭარბებული პოლიტიკური ვნებების დაცხრობა, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ. როდესაც ინგლისი იტყვის – სუვერენიტეტი დავკარგეთო, სერიოზულადაა საქმე. როდესაც სხვა ქვეყნები მოურიდებლად აცხადებენ – ჩვენს მიერ არ არჩეული ევროკავშირის კომისარი, რატომ ერევა ჩვენს საშინაო საქმეებშიო, საქმე სერიოზულია.

ევროკავშირის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას დღის წესრიგში, რაც მნიშვნელოვნად გაღვივდება ახალი ევროპარლამენტის მუშაობის პერიოდში. ასე რომ, ევროკავშირს თავისი პრობლემები ექნება და ნაკლებად ეცლება უამრავი ასოცირებული წევრისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.

არ ეცლება ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მაგრამ მენტალურის – იცოცხლეთ, ისეთ დავალებებს მოგვცემს კანონმდებლობის გადასაკეთებლად, თქვენი მოწონებული. დღემდე არსებული რევერანსული დამოკიდებულება, ბრძანების ტონით შეიცვლება – ხომ ეს გინდოდათო? – იტყვიან ისინი. და თუ ევროპელობა გინდათ, უნდა გადაკეთდეთო.

რას ნიშნავს გადაკეთება? უპირველესად შრომის ნაყოფიერების ზრდას, რაც ჩემის აზრით, ურიგო რამ არ არის. მაგრამ შეძლებს ლაზღანდარობას დაჩვეული ქართველი, ევროპელივით შრომას? მეეჭვება.

ის,რომ ქართველს შრომისადმი ზერელე მიდგომა აქვს, ფაქტია. ვერც კაპიტალიზმმა და ვერც კერძო საკუთრებამ ვერ შეგვასწავლა შრომის ანბანი. ცნობილი სუპერმარკეტებიდან დაწყებული, თითო-ოროლა საწარმოთი და საჯარო სექტორით დამთავრებული – ნაყოფიერი, რაციონალური შრომა არ ჩანს. რაც ჩანს – არის თანამშრომელთა გუნდ-გუნდად ჭორაობა, ფუქსავატური სატელეფონო საუბარი, საქმის არცოდნა და ნაკლები სურვილი მუშაობისა. ერთადერთი რაც მათ ხიბლავთ – ხელფასებია. საჯარო სექტორში განუზომლად დიდი – შრომასთან შედარებით. კერძო სექტორში, შედარებით ნაკლები, თუმცა გაცილებით მეტი, ვიდრე შრომის ნაყოფიერებაა.

საქართველოს არც ერთ დარგში არ ჰყავს პროფესიონალი მოხელე, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, კვალიფიცირებული დამლაგებელიც კი. სააკაშვილის მიერ განათლების სისტემის მოშლამ სავალალო დღეში ჩააგდო ქვეყანა. ახალი კადრების გაზრდას ათეული წლები ესაჭიროება. და თუ ასეთი ვერ მოიძია, ვირტუალური ევროპელი ინვესტორი (რეალურის იმედი არ მაქვს), სხვა ქვეყნის მუშახელს გამოიყენებს, ნაწილობრივ ამას აქვს უკვე ადგილი.

ქართველობა, ისევე, როგორც დღეს, თამაშგარე მდგომარეობაში იქნება. თუმცა არის გამოსავალიც – ევროპასთან უვიზო მიმოსვლა. ქართულ სინამდვილეში ის სულაც არ იქნება „მიმოსვლა“, ის უფრო მისვლა იქნება, ანუ ევროკავშირში ხელგამოწვდილი სიარული – სამუშაოსა და ლუკმაპურის საშოვნელად.

რომ იტყვიან წმინდა ადგილი, ცარიელი ვერ იქნება და ქვეყნიდან წასული ქართველების ადგილს უცხოელები დაიკავებენ. საბოლოო ჯამში მიგრაციული პროცესი მომაკვდინებლად იმოქმედებს საქართველოს დემოგრაფიაზე. ქვეყანას, ამ თვალსაზრისით, უსერიოზულესი პრობლემები, მე ვიტყოდი ყოფნა-არყოფნის, შეექმნება. იფიქრა ამაზე ვინმემ?

ფიქრს, შესაბამისი ჭკუა სჭირდება, რაც საქართველოს გუშინდელ და დღევანდელ ხელისუფლებაში სრული დეფიციტია. ევროკავშირი ამ პრობლემაზე არ იფიქრებს და თუ იფიქრა – საქართველოს საწინააღმდეგო იქნება, ვინაიდან მისთვის მართლმადიდებლური ერი არცთუ მისაღებია.

ევროპული საზოგადოება რახანია სხვა გზით მიდის, რაც ძალიან შორსაა იმ ცნობილი, მაგრამ ჩამორჩენილი (ქართველი) ცნებისგან, რასაც ევროპული ფასეულობები ჰქვია. ან რა ფასეულებებზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უდიდესი ნაწილისთვის პირველი პრობლემა შიმშილისგან თავის დაღწევაა. დღეს, ჩვეულებრივი რამ არის, ევროკავშიორის წევრი სახელმწიფოების მოსახლეობისთვის, უფასო სასადილოებში კვება. საქართველოს მოსახლეობა იძულებული იქნება შეეგუოს მსგავს „კომფორტს“ უახლოეს მომავალში და გადალახოს ის უხერხულობის ბარიერი, რომელიც ტრადიციულად არის ამაყ ქართველში.

დიახ! ევროკავშირი ხელს გამოგვიწვდის დასახმარებლად, მაგრამ ეს დახმარება იქნება კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საქმეში და არა ნაღდი ფულის მოცემაში, რაზეც ბრიყვი ქართველი ოცნებობს.

ევროკავშირი საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის. ის, გაძლევს შანსს გადაკეთების, თუ ვერ გადაკეთდი, თავს დააბრალე. ევროკავშირი, რომ თუნდაც თავისი წევრებისთვის, ფინანსური თვალსაზრისით, დამხმარე ყოფილიყო, ბულგარეთსა და რუმინეთს დაეხმარებოდა – უკვე ათი წლის განმავლობაში ევროკავშირის წევრებსა და გაღატაკებულებს.

ამ ორი ქვეყნის მაგალითი და არა მარტო ამ ორის, ნათლად მეტყველებს ბრიუსელის ეგოიზმზე, გულცივობაზე. არადა 10 წელი, ცოტა არ არის. 10 წლის განმავლობაში განადგურდა ამ ორი ქვეყნის ეკონომიკა – სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ვინაიდან ევროკავშირს სულაც არ სჭირდებოდა ბულგარულ-რუმინული ნაწარმი. დღეს, ეს ქვეყნები, დააკვირდით – ევროკავშირის წევრები და არა ასოცირებული წევრები, უღარიბესად მოიხსენიება ამ კავშირში და ასეთად დარჩებიან უახლოეს პერსპექტივაში.

პირად საუბრებში ორივე ქვეყნის მოქალაქეები დაუფარავად აცხადებენ, რომ შეცდნენ და თავიდან რომ ჰქონდეთ გადასაწყვეტი ეს საკითხი, ევროკავშირს მსუყე უარს შეათხლეშდნენ სახეში. არადა ორივე ქვეყანა, ყველა პარამეტრით, ასი თავით მაღლა იდგა საქართველოზე და რაც მთავარია ტერიტორიულად ისინი ევროპაში არიან, რითაც კარდინალურად განსხვავდებიან ჩვენგან და არა მარტო ტერიტორიულად, არამედ მენტალურად.

თურქების მამად წოდებული ქემალ ათათურქი, რომელსაც არაერთი წლის განმავლობაში მოუხდა ბულგარეთში ცხოვრება, იქაურ ევროპელობას ნატრულობდა თურქეთისთვის, და მიუხედავად ამისა ბულგარეთი სავალალო მდგომარეობაშია, ბულგარელები კი – ემიგრაციაში. ბულგარეთი თითქმის 3-ჯერ მეტია საქართველოს მოსახლეობაზე.

ევროკავშირის პოლიტიკა რომ ეგოისტურია და არავითარი კავშირი არ აქვს ახლადმიღებული ან ასოცირებული წევრების სამართლიან წვრთნა-გადაკეთებაში, ფაქტია. ის, რაც მას ამოძრავებს – ახალი ბაზრების ათვისება და საზოგადოების ანტირუსულად დარაზმვაა. ძნელია, გავიხსენოთ ევროკავშირის დახმარება, რომელმაც შვება მოგვიტანა ან თუნდაც გაწეული დახმარების კონტროლი.

მავანთა აზრით, ბრიუსელიდან წამოსული თანხები, ადგილობრივ ხელისუფალთა მოხერხებულობით, ისევ ბრიუსელელ ბობოლათა მისამართით მიედინებოდა. საქმე მარტივი და აპრობირებულია, ამიტომაც ქურდი, კრიმინალური ნაცური ხელისუფლება უდიდეს მხარდაჭერას პოულობს, როგორც ვაშინგტონში, ისე ბრიუსელში.

ბრიუსელელი მაღალჩინოსნები ერთობ ცინიკურად აცხადებენ – პატარა საქართველოს 500 მილიონიან ევროპულ ბაზარზე შესვლის შანსი უჩნდებაო. კეთილი, მაგრამ აქვს თუ არა საქართველოს თუნდაც ერთი დასახელების პროდუქტი, რომელიც ევროპაში გაიყიდება?

მიკიბ-მოკიბვის გარეშე შეიძლება ითქვას – არ აქვს! არც მომავალში ექნება, ვინაიდან პროდუქციის შემქმნელი პერსონალი მას არ გააჩნია. ფანტასტიკის ტოლფასია ფიქრი, ევროპის გაჯერებულ ბაზარზე, ქართული ღვინის ან მინერალური წყლის გაყიდვასთან დაკავშირებით. მიუჩვეველი ევროპული გემოვნებისთვის ქართულ პროდუქტთან შეგუება მრავალ ათეულ წელიწადსა და ძვირ რეკლამას საჭიროებს და თუ ეს ოდესმე ახდა – აღარც ევროკავშირი იქნება და აღარც საქართველო.

მაგრამ ჯანდაბას ექსპორტი, როდესაც შინ შეგექმნება პრობლემები საკუთარი პროდუქციის გასაღებაში. ქვეყანაში შემოსულ საქონელს, ადგილობრივი, ვერავითარ კონკურენციას ვერ გაუწევს, რაც არა მარტო მოსახლეობის ისედაც გაუარესებულ სოციალურ მდგომარეობას, კიდევ უფრო გააუარესებს, ჩაკლავს ჯერაც არ დაწყებულ სამომავლო მრეწველობას. პირველი ყვავილები, მსგავსად გაზაფხულისა, სულ მალე გამოჩნდება ბაზარზე, თუმცა მათი სურნელი მომაკვდინებლად არასასიამოვნო იქნება.

ბევრის თქმა შეიძლება სამომავლო ვითარებაზე, თუმცა ესეც საკმარისია. უნებლიედ იბადება კითხვა, მაშ რა გვექნა, საით წასულიყავით? უპირველესად არსაით, საკუთარ თავში უნდა გამოგვეძებნა ძალა და საკუთარი საქმე თვით გვეკეთებინა. „არავინ მოგვცემდა ამის შესაძლებლობასო“, – ამბობენ სკეპტიკოსები. ფინეთს როგორ მისცეს? ან სხვებს? მაგრამ მუქთასა და იორღაზე დაჩვეული ხელისუფლებისთვის ეკონომიკური ქოლგის ქვეშ თავის შეყოფა პრიორიტეტული იყო, ვიდრე ხელდაკაპიწებული შრომა.

ევროკავშირთან ჩახუტება თუ ვინმეს აძლევს შვებას და დივიდენდებს – ხელისუფლებაა. ხალხს – უფასო სასადილოები სანატრებელი გაუხდება

და კიდევ ერთი რამ – საქართველოს საუკუნოვანი კავშირი ევროპასთან. როდის, რომელ საუკუნეში იყო საქართველო ევროპასთან ჩახუტებული? არც არასდროს და ეს ბლეფი ვინმემ, ისტორიკოსებიდან უნდა შეაგნებინოს უვიც ხელისუფლებას. მეორე, რაც საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს – ფსევდო-პატრიოტული, ფსევდო-ძმურ-მეგობრული რიტორიკის ალაგმვაა. ღარიბაშვილმა ბრიუსელში ახსენა „ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები“. რა აზრი აქვს ასეთ განცხადებას, როდესაც ისინი, როგორც ჭირსა და მტერს მიგიჩნევენ?

არავითარი ძმობა ჩვენსა და აფხაზებს შორის, ყოველ შემთხვევაში დღეს, არ არის და ეს უნდა ვაღიაროთ. ძმობაზე მაშინ უნდა გვეფიქრა, როდესაც თბილისმა ლაშქარი დაძრა „აფხაზი ძმებისა და დების“ გასამუსრად. ანალოგიურს ჰქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოში. ფაქტები ძმობაზე არ მიუთითებენ, პირიქით. ასე რომ, ეს უაზრო „ჩვენი ძმები“ სიტყვიერი ონანიზმი უფროა, ვიდრე სინამდვილე.

რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას?

უპირველესად გაეუმჯობესებინა რუსეთთან ურთიერთობა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, აღედგინა დიპლომატიური კავშირები და დაეწყო ფიქრი ახალ კავშირში – ევრაზიულში შესვლაზე, სადაც საქართველოს საქონელიც გასაღდებოდა და მოსახლეობაც სულს ამოითქვამდა.

პირველკლასელი უმაღლეს მათემატიკას ვერ დაძლევს, ისე, როგორც ამჟამინდელი საქართველო, ევროკავშირის მოთხოვნებს. მას სხვა, უფრო იოლი გზა უნდა მოეძებნა, თანაც ისეთი, სადაც მიიღებდნენ არა როგორც ჩამორჩენილსა და მათხოვარს, არამედ დიდი კულტურისა და ტრადიციების მატარებელს. ასეთი მხოლოდ ევრაზიული კავშირია და არა ევროკავშირი. ევროპამ არც ჩვენი ფასი იცის, არც ჩვენი ბუნება. რაც მან იცის – ეგოიზმი და პრაგმატიზმია.

ქართველ ხალხს არ გადაუწყვეტია ასოცირებული წევრობა. სინამდვილეში მან არც კი იცის, რა ხილია – იჭმევა თუ ისმევა. მან ის იცის, რაც ხელისუფლებამ ჩასძახა, თუმცა ვერაფრით გაურკვევია, რა არის ეს, მაგრამ როცა გაარკვევს – გვიან, ძალიან გვიან იქნება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.