08.12.2024

ჟენევის ბოლო რაუნდთან დაკავშირებით

ბატონ გურამ გოგიაშვილს

ა.წ. 27-28 მარტს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი, რომელმაც განიხილა ორი მნიშვნელოვანი საკითხი – ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა.

10 წელია ჟენევა მასპინძლობს საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებებს ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს თანათავმჯდომარეობით, თუმცა ნაკლები წარმატებით. როგორც ჩანს პროცესი ჩიხში შევიდა, საიდანაც გამოსვლა საკმაოდ ძნელია. ხანდახან ადგილი აქვს რაღაც ნათელ გაელვებას, მაგრამ ისიც უშედეგოდ ქრება და ისევ ისადგურებს ვითარება, აღსავსე გადაუჭრელი პრობლემებით, ურთერთის დადანაშაულებით, უნდობლობით, ერთმანეთის მიმართ აღშფოთებით.

“ქართველი და ამერიკელი მონაწილეების მიერ ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და მისი შესრულების უზრუნველყოფის აუცილებლობას. რუსეთის ფედერაციამ გამოიჩინა დესტრუქციული მიდგომა და მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადებებით, მიმდინარე რაუნდზე ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკებები ძალის არგამოყენების საკითხზე“ – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„სამწუხაროდ, შეთანხმება ტექსტთან დაკავშირებით არ მოხერხდა, ვინაიდან მოლაპარაკებებში მონაწილეებს განსხვავებული წარმოდგენა აქვთ იმასთან დაკავშირებით – რა შეიძლება ჩაიწეროს განცხადებაში. …“.

„ჩვენ მოვილაპარაკეთ, შევხვდეთ ივნისში, რომლის დროსაც შესაძლოა ვიმსჯელოთ ჟენევის ფორმატის რეფორმირებაზე“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინმა, რასაც მისმა ქართველმა კოლეგამ დონდუამ ასე უპასუხა: „ჟენევის ფორმატის რეფორმირებაზე სიტყვა არავის დაუძრავს. ფორმატი უნიკალური და ძალიან კარგი ინსტრუმენტია, რომელიც პასუხობს მის წინაშე დასმულ ამოცანებს“.

ზემომოყვანილი განცხადებები აშკარა მაუწყებელია, რომ ჟენევის პროცესი ისე არ მიდის, როგორსაც ჩვენ მოველით, პირიქით მიღებული შედეგი (უშედეგობა) მანიშნებელია იმისა, რომ პროცესი უსასრულოდ გაიჭიმება და საბოლოო ჯამში გინესის წიგნში აღმოჩნდება.

არადა, ჟენევამდე, იმედის პატარა სინათლემ გაიელვა, ერთობ მოულოდნელმა და სასურველმა – რუსეთის ხელისუფალთა მიმართ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის წერილში: „ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავაც ვადასტურებთ, რომ დაინტერესებული ვართ მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა“. მაგრამ … .

პრემიერის წერილს მოყოლილმა ოპოზიციურმა ლანძღვა-გინებამ თავისი გააკეთა. სწორედ ამას უნდა მივაწეროთ მთავრობის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები, რომ პრემიერ-მინისტრს სულაც არ უგულისხმია ჟენევის მოლაპარაკებებში მისი პირადი მონაწილეობა და რომ ამ ფორმატის შეცვლაზე ოფიციალური თბილისი არ ფიქრობს.

აბა რა იგულისხმა კვირიკაშვილმა, როდესაც დაწერა: „რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა“? კვირიკაშვილს ორეული არ ჰყავს, წერილის შედგენა რომ დავაბრალოთ.

სამწუხაროდ, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში არაკოორდინირებული მოქმედება ჩვეულებრივ ამბავად არის ქცეული. შეუთანხმებლობის გამოვლინება იყო აშშ-დან დაბრუნებული პრეზიდენტის მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის წერილთან დაკავშირებით, ისე, როგორც ჟენევის ფორმატში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის დონდუას ნათქვამი ფორმატთან დაკავშირებით. მას მიაჩნია, რომ ფორმატი კარგია მაშინ, როდესაც ხელისუფლების მაღალ საფეხურებზე (და არა მარტო) საწინააღმდეგო მოსაზრებაა.

ასეა თუ ისე ჟენევის მორიგმა რაუნდმა არაფერი მოიტანა, თუმცა კარასინი ოპტიმისტურად აცხადებს, რომ ბოლო შეხვედრა კონსტრუქციული იყო, თუმცა ერთობ ემოციური.

როგორც ზემოთ აღვნიშნე უსაფრთხოების თემა მთავარი იყო, მაგრამ თანხმობა ვერ შედგა. არადა, მოლაპარაკებამდე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეთანხმებას უნდა ჰქონოდა ადგილი, თუნდაც ზეპირის და არა წერილობითის. მართალია, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთი წერილობით დოკუმენტს ითხოვს, მაგრამ ზეპირიც, რაღაცას ნიშნავს. როგორც რუსები იტყვიან – „უთევზობისას, კიბორჩხალაც თევზია“.

ქართულ მხარეს, სუბიექტურ-ობიექტური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მსგავსისთვის მხარის დაჭერა შეუძლებლად მიაჩნია, ვინაიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მხარეებად არ მიიჩნევს. მისთვის მხარე რუსეთია. რუსეთი კი დაბეჯითებით ითხოვს შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებას. შეცვლის რუსეთი პოზიციას?

ხელისუფლება, რომელიც რუსეთშია, არაფრის შემცვლელი არ არის! ვეჭვობ, რომ სხვა ხელისუფლება გადადგამს საქართველოს მოსაწონ ნაბიჯს. არის დედამიწის ზურგზე ზესახელმწიფო ან ზესახელმწიფოები, რომლებიც შეაცვლევინებენ რუსეთს პოზიციას?

არსებული მსოფლიო ვითარებიდან გამომდინარე, ასეთი ან ასეთები არ ჩანან და ალბათ უახლოეს პერიოდში არც გამოჩნდებიან. ეკონომიკური სანქციები, რომლებიც მათ რუსეთს, ყირიმის ანექსიიდან გამომდინარე, დაუწესეს, რაღაცას აკეთებს, მაგრამ არა მთავარს, ანუ სანქციებმა ვერ დააჩოქა რუსეთი. პირიქით, შეაკავშირა და საკუთარ ძალებზე დაყრდნობით ააღორძინებინა საკუთარივე ეკონომიკა.

არის სხვა ძალა ზეგავლენისა? ცხადია არის – მას სამხედრო ძალა ჰქვია, მაგრამ ძალისმიერი გზით რუსეთის დაჩოქება, საკუთარი თავის დაჩოქების ტოლფასია.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცდილობს „კოლექტიური“ დასავლეთი რუსეთის რაკეტებით შემორკალვას, მისი სტრატეგიული ობიექტების სწრაფი განადგურების მიზნით რაკეტების ფრენის მანძილის მინიმუმამდე შემცირებას; ნატოს ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის რუსეთის საზღვრებთან განლაგებას; რუსეთის, ფაქტის წინაშე დაყენებას და უსიტყვო კაპიტულაციას.

ევროპაში, კერძოდ რუმინეთ-პოლონეთში განლაგებული ამერიკული ანტისარაკეტო სისტემები რუსეთის არასწრაფ რეაგირებაზეა გათვლილი – მეტადრე, დროის სიმცირის გათვალისწინებით. და როდესაც აშშ-ს ადმინისტრაციამ, ლამის რაკეტის გასროლის გარეშე გადაწყვიტა ეზეიმა, რუსეთის პრეზიდენტმა უახლესი შეიარაღების დემონსტრირება მოახდინა.

ევროპაში განლაგებულ ამერიკულ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას რუსეთის რაკეტები უნდა დაეჭირა, რის შემდეგ რუსეთზე თავდასხმას განახორციელებდა, მაგრამ პუტინის მიერ გამომზეურებულმა „რისხვამ“, 200-ტონიანი ბალისტიკური რაკეტის „სარმატის“ სახით, შოკში ჩაადო „კოლექტიური“ დასავლეთი.

რაკეტა თავისუფლად გადალახავს ამერიკულ ანტისარაკეტო ქოლგას და როგორც ძერა, ისე დააცხრება აშშ-ს ქალაქებსა და სტრატეგიულ ობიექტებს. ასე რომ, ანტისარაკეტო ამერიკული სისტემა მეტი არაფერია, თუ არა ჯართი.

საგონებელში ჩავარდნილმა დასავლეთმა ისიც თქვა – რუსული ახალი იარაღი ცხოვრებაში არ არსებობს – კარგად დამონტაჟებული ვიდეო-ფილმიაო. სხვათა შორის იმავეს იმეორებენ ქართველი ჟურნალისტები და ექსპერტები.

ამას მოჰყვა რუსეთ-ინგლისის ორმაგი აგენტის სკრიპალის მომწამვლელი გაზით მკვლელობის მცდელობა. „კოლექტიურმა“ დასავლეთმა, ყოველგვარი გამოძიების გარეშე რუსეთი მიიჩნია დამნაშავედ და 100-ზე მეტი დიპლომატი გამოაძევა, რასაც რუსეთმა შესაბამისად უპასუხა. დასავლეთის ისტერიულმა ანტირუსულმა განცხადებებმა გავლენა იქონია საქართველოზეც და ჩვენც რუსეთის ერთი საკონსულო მუშაკი პერსონა ნონ გრატად გამოვაცხადეთ.

გარდა ამისა, ხელისუფალთა მხრიდან გაკეთდა ანტირუსული განცხადებები, რომლებმაც გადაფარეს პრემიერ კვირიკაშვილის წერილში მოხსენიებული პოზიტიური მესიჯები. თავისთავად ისმება კითხვა – ნიშნავს თუ არა აღნიშნული ქმედება პოლიტიკურ არათანმიმდევრობას?!

ჟენევის ისტორიიდან ოპოზიციაში მყოფმა „ნაცებმა“ გაიმარჯვეს. მათ ჩაშალეს თუნდაც თავშეკავებული, მაგრამ მაინც პროგრესიული შეთანხმება. რას მოგვიწოდებს ოპოზიცია? – რუსეთთან არავითარ მოლაპარაკებაზე არ წასვლას, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისთვის თავშეუკავებულ მოქმედებას და მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევით მიზნის მიღწევას.

ექნება თუ არა კოლექტიურ შეკავშირებას ადგილი და როდის? – ამაზე არვინ გვეუბნება, ვინაიდან მათთვისაც კარგად არის ცნობილი, რომ ასეთს ადგილი არ ექნება. არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ – დროის გაყვანა „იმათ“ წისქვილზე ასხამს წყალს. რაც მეტი დრო გავა, მეტად დავშორდებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. მხოლოდ მოლაპარაკება – ისე, როგორც ამის შესახებ არის აღნიშნული კვირიკაშვილის წერილში, არის ერთადერთი სწორი და რეალური გზა საქართველოსთვის.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი