15.10.2024

ნეიტრალიტეტი თუ სხვის მუსიკაზე ცეკვა?

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ა.წ. 17 აგვისტოს ნომერში გავეცანი აშშ-ს „ჯეიმსთაუნის ფონდის“ (Jamestown Foundation) ანალიტიკოსის, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ვასილ რუხაძის ინტერვიუს, სათაურით: „ერი, რომელიც საკუთარი არსებობისა და უსაფრთხოების სტრატეგიას სხვა ქვეყნების დახმარებაზე ამყარებს, უსათუოდ დაიღუპება“. ინტერვიუ საინტერესოა და ამასთანავე ყურადსაღები, განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, რაც სათაურშია გამოტანილი.

დიახ! საქართველოს „დამოუკიდებლად“ არსებობის 25 წლის მანძილზე არ გამოჩნდა არც ერთი ლიდერი, პარტია, ხელისუფლება, რომელიც გაატარებდა პრაგმატულ, ბალანსირებულ პოლიტიკას და ხალხს მოუწოდებდა ხელდაკაპიწებული შრომისკენ – საკუთარი ძალებით, შესაძლებლობებით და რაც მთავარია გონივრული პოლიტიკური კურსით.

საბჭოთა პერიოდისთვის დამახასიათებელი „ცენტრზე“ ყრდნობის შეგრძნება იმდენად მყარად და ღრმად იყო გამჯდარი თითოეულ ქართველში, რომ დაშლილი საბჭოთა კავშირის დედაქალაქს თვალს ვერ აშორებდნენ. უფრო მეტიც, საქართველოს სამინისტროები, მათ შორის შსს 1994-96 წლებში ისეთი სახის წერილებს უგზავნიდნენ რუსეთის შესაბამის სამინისტროებს, როგორსაც საბჭოთა კავშირის დროს. წერილებში აღნიშნული საკითხები მხოლოდ საქართველოს ეხებოდა, აქ უნდა გადაწყვეტილიყო და არა იქ. „ზემოდან“ ჭკუისდარიგებას და ინსტრუქტაჟს მიჩვეულებს, უჭირდათ ქვეყნის საშინაო საკითხების გადაჭრაც კი.

ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტა ბნელ ოთახში კატის ძებნით იყო დაკავებული, „წმინდა ადგილი უყურადღებოდ არ დარჩება“ პრინციპიდან გამომდინარე დიდი „მეგობარი“ და „მხსნელიც“ გამოჩნდა, რომელმაც ყველაფერი იღონა უკომპასოდ დარჩენილი, უპატრონოდ მიტოვებული ქვეყნის „გადასარჩენად“. ქართულ პოლიტიკურ ელიტასაც რაღა დააკავებდა. დაობლებული, კისერზე ჩამოეკიდა ახალ „მამას“. აქაოდა, მშობელი ვიშოვეო – ქვეყნის საშინაო თუ საგარეო საკითხები ხელში მიაჩეჩა. მისთვის მთავარი იყო თბილი სავარძელი, გარანტირებული ყოფა, საკუთარი თავისა და ოჯახის ბედნიერება.

„თქვენ ოღონდ ის აკეთეთ, რასაც გეტყვით, ჩვენს ინსტრუქციებს დაუჯერეთ და პირად კეთილდღეობაზე უარს როგორ გეტყვითო“, – იყო პასუხი ოკეანისგადაღმიდან.

იმ დღიდან მოყოლებული, ათასობით ახალგაზრდამ გაიარა ტრენინგი აშშ-ი. იყო მოკლე სწავლების კურსებიც, ცნობილ უმაღლეს სასწავლებლებშიც. და გაჩნდა საქართველოს სხვადასხვა დაწესებულებების კედლებზე ამერიკული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დიპლომები, მათთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა სახის ფონდები.

ასე გახურდა ამერიკულ-ქართული ხორუმი. ამერიკაში კურსგავლილმა გოგო-ბიჭებმა მეორე სამშობლოდ (ხშირად პირველად) ამერიკა ჩათვალეს და პირველში დაბრუნებულებმა ინგლისური ენა დედაენად გამოაცხადეს. ასედაამრიგად ქვეყანა გახდა „ამერიკული ცხოვრების“ თავდავიწყებული მიმდევარი.

ამერიკაში ნავარჯიშებმა მედიამ, ამერიკულმა პროპაგანდამ, ე.წ. „მსუბუქმა ძალამ“ თავისი გაიტანა. საქართველოში გაჩნდა ახალი „კლასი“ – ევროატლანტიკური, დასავლური „ღირებულებების“ მოტრფიალე, ამერიკელთა შთაგონებით, ანტირუსული, ანტიქართული, ლიბერალური. საქართველო იქცა აშშ-ს მტკიცე საყრდენად პოსტსაბჭოთა სივრცეში, დემოკრატიის შუქურად, ჭაღებად და „ლამპოჩკებად“.

„თქვენ ოღონდ უზრუნველი ცხოვრება გვიბოძეთ და რუსეთის, წარსული ისტორიის ლანძღვა-გინება ჩვენზე იყოსო“ – შეჰფიცეს ახალ ბატონს „ოკეანდალეულმა“ ახალმა ქართველობამ. იმ დღიდან დაწყებული ასე არიან, მწვანე ბალახზე მიშვებული ნახირივით. ამერიკულს  ნაზიარებმა, ხელისუფლებაც ხელთ იგდეს, არასამთავრობო სექტორიც, ყველა სიკეთეც და ამაყად გადახედეს პროცენტულად გაცილებით მეტ თანამემამულეს, მშიერს და მწყურვალეს, ზემომოყვანილი სიკეთეებისგან გაცილებით შორს მდგომს.

მედიაში საკუთარი თუ ოკეანისგადაღმელის აზრის გამოხატვის შესაძლებლობით აღჭურვილი, „ოკეანდალეული“ ელვის სისწრაფით ახდენს საზოგადოების ფართო ფენებზე ზეწოლას, რითაც ახერხებს კიდევაც (ნაწილობრივ მაინც) ხალხის მსოფმხედველობის შეცვლას, თუმცა ვერც ისე, როგორც ისურვებდნენ. ხალხის ტვინებზე ზეწოლის პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი ამერიკული ინსტიტუტები, ფონდები, გაურკვეველი თუ გარკვეული ორგანიზაციები. ერთ-ერთი სწორედ „ჯეიმსთაუნია“. მის სახელს უკავშირდება არცთუ დიდიხნისწინანდელი სკანდალური ამბავი – საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარება, რამაც თვით ჩერქეზებშიც კი არაერთგვაროვანი შეგრძნება გამოიწვია.

„ჯეიმსთაუნის“ მთავარი საზრუნავი საქართველოში და არა მარტო, ანტირუსული განწყობის გაღვივებაა, რასაც ნაწილობრივ ახერხებს კიდევაც „ნიჭიერ“ ქართველთა ხელშეწყობით, რომლებიც სხვაზე ჩამოკიდების პრინციპიდან გამომდინარე მოქმედებენ და არაფრად აგდებენ საკუთარ, ავტონომიურ აზროვნებას.

დიახ! 25 „დამოუკიდებელი“ წლის განმავლობაში ჩვენ შესანიშნავად შევისწავლეთ სხვისი (გადამთიელის) აზრისთვის პრიორიტეტის მინიჭების ტექნიკა, საკუთრის უკანა პლანზე გადაწევა. ამ საქმეში დიდი წვლილი ოკეანისგადაღმელებმა შეიტანეს და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ თანამედროვე ქართველი ესოდენ უინიციატივო, ფაქტიურად ინდიფერენტულია ყველაფერ იმასთან მიმართებაში, რასაც სახელმწიფოებრივი ჰქვია, მაგრამ ზომაზე მეტად აქტიური პირადი კეთილდღეობის საკითხებში.

ამერიკულმა ინსტიტუტებმა კარგად იციან ხალხთა ზომბირება, მათი აზროვნების კუჭის დონემდე დაყვანა. ჭამა და მონელება გახდა „დამუკიდებელი“ საქართველოს უმთავრესი მიზანი. და მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს რაღაც ისეთი ძალა, რომელიც სხვაგვარად, არსებულის საწინააღმდეგოდ განაწყობს საზოგადოებას.

ქართული პოლიტიკური ელიტის და მისი ჭკუისდამრიგებლისთვის უმნიშვნელო წინააღმდეგობაც კი მიუღებელია და ავტომატურად იწვევს განსხვავებული აზრისთვის გზის გადაკეტვას, მედიური სივრცის ჩახშობას, იგნორირებას. ასეთ მოსაზრებებს ეკუთვნის ნეიტრალიტეტი, უბლოკო (სამხედრო) არსებობა, მიუმხრობლობა. საკმარისია, რომელიმე არაელიტურმა პარტიამ, ორგანიზაციამ, პირმა გააჟღეროს ამ თემების საქართველოსთვის მორგების თაობაზე, უმალ აგნიასდება ხელისუფლება-ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ისეთ ხანძარს აჩენენ, თითქოს მავანის ნათქვამი კანონი იყოს.

ნეიტრალიტეტისადმი აგრესიული დამოკიდებულება რომ გასაკვირი არ უნდა იყოს, ცხადზე-უცხადესია, ვინაიდან წინააღმდეგობაში მოდის ვაშინგტონელი პოლიტიკოსების შორსმიმავალ გეგმებთან. და არა მარტო მათთან, არამედ მათი ქართველი მოწაფეების გულის ნადებთან. ორივეს ამორჩეული აქვს საქართველოს ხვალინდელი – ნატოს და ევროკავშირის სახით და ამ დროს ნეიტრალიტეტი? მიუღებელია!

დიახ! საქართველოს ვერ აწევრიანებენ ნატოსა და ევროკავშირში ობიექტურ მიზეზთა გამო, მაგრამ ხომ მიაბეს ევროატლანტიკურ ჭიშკარს? ამ პოზიციაში მყოფმა, არსით უნდა გაიხედოს, მუდამ ლოდინში უნდა იყოს – როდის შეუშვებენ.

„ევროატლანტიკური კურსი ქართველმა ხალხმა გადაწყვიტაო“, – ხმამაღლა გაჰყვირიან ისინი და მაგალითად 2008 წლის გაყალბებული რეფერენდუმი მოჰყავთ – საპრეზიდენტო არჩევნებზე მიტმასნილი და ამერიკელი ბრაისას მიერ პროცენტებმომატებული.

ნეიტრალური საქართველოს ხსენებაც კი გაღიზიანებას იწვევს ქართულ-ამერიკულ პოლიტიკაში და რახან ასეა, საჭიროა მისი დაბლოკვა, საშინელებად გამოცხადება. „დღეისთვის საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხის ინიცირება უკეთეს შემთხვევაში – პოლიტიკური გაუნათლებლობის, უარეს შემთხვევაში კი – პირდაპირი პოლიტიკური საბოტაჟის ნიშანია“, – აცხადებს პატივცემული ვასილ რუხაძე და მოჰყავს მაგალითები თანამედროვე მსოფლიოს ისტორიიდან – ფინეთი, შვეიცარია.

ზემომოყვანილი „ნეიტრალიტეტის“ თემა ბურჯანაძის ინიციატივამ გამოიწვია ქვეყნის „უბლოკო სტატუსთან“ დაკავშირებით რეფერენდუმის ჩასატარებლად. თქმა და პასუხი პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილისგან ერთი იყო. „მაშინ კონსტიტუციის პრეამბულაში შევიტანოთ საქართველოს ევროატლანტიკური კურსის თაობაზეო“, – ბრძანა მან. და აიყოლია ხელისუფლებაში მყოფი „ნაც-ქოცები“, არასამთავრობო ექსპერტები, მედია და ა.შ.

ანტიბურჯანაძისეული პოლიტიკის დასაფიქსირებლადაა მიმართული რუხაძის ინტერვიუც, სადაც ის გვიმტკიცებს, რომ საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი შეუძლებელია. ისე, კაცმა რომ თქვას ბურჯანაძე უბლოკო სტატუსს მოითხოვს და არა ნეიტრალიტეტს. მათ შორის არის განსხვავება, არცთუ დიდი, მაგრამ მაინც.

„საქართველომ ნეიტრალიტეტი რომც გამოაცხადოს, ის ფიქციად დარჩება, რადგან მას ზურგს არავითარი ძალა არ უმაგრებს. საქართველოს სამხედრო თავდაცვის უნარიანობა ნულის ტოლია. ამგვარი სიტუაციის პირობებში ნეიტრალიტეტი მხოლოდ აგრესორს ანუ რუსეთს აძლევს ხელს“, – ამბობს პატივცემული რუხაძე.

ნეიტრალური ქვეყნების ჩამონათვალში თურქმენეთიც არის, რომელმაც რუსეთის მხარდაჭერით შეძლო გაეროში შესაბამისი პროცედურების გავლა და ნეიტრალურ სახელმწიფოდ დაფიქსირება. არადა თურქმენეთის გეოპოლიტიკური მდგომარეობა საქართველოზე უკეთესი არ არის. მარტო ავღანეთის მეზობლობა რად ღირს. თურქმენეთის ნეიტრალიტეტს პატივს სცემენ. მას რუსეთი არც „ოდეკაბეში“ ექაჩება და არც რუსეთის სამხედრო ბაზების გახსნას სთავაზობს. ნეიტრალიტეტის სტატუსმა ცენტრალური აზიის მეზობელ ქვეყნებზეც იმოქმედა. ისინი თავშეკავებულად, მოკრძალებულად უყურებენ თურქმენეთს.

არც საქართველოსთვის არის უცხო ნეიტრალიტეტის თემა. მასთან დაკავშირებით არაერთხელ ყოფილა ლაპარაკი მედიაში, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან დაინტერესება არ მოჰყოლია. ანდა როგორ მოჰყვებოდა, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტის კლინტონის ინიციატივით წამოწყებული პროგრამიდან – „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ – გამომდინარე დასაწყისიდანვე პოზიტიურად განვეწყვეთ ნატოს მიმართ და იმ დღიდან მოყოლებული მხოლოდ ბრიუსელის კარის გაღებისკენ გვიჭირავს თვალი.

ქართველი ექსპერტები ხშირად გაიძახიან – ნეიტრალიტეტის საკითხს მეზობლებთან შეთანხმება სჭირდებაო, რასაც უდავოდ ვიზიარებ, მაგრამ თუ ნეიტრალიტეტს შეთანხმება სჭირდება, სამხედრო ბლოკში, მითუმეტეს ნატოში შესვლას შეთანხმება არ სჭირდება?

განა ამ თვალსაზრისით საქართველოს ნეიტრალური სტატუსი უფრო მისაღები არ იქნება მეზობელი ქვეყნებისთვის? და რომ ეს ასეა, საქართველოში რუსეთის ბოლო ელჩმა კოვალენკომაც დაადასტურა, როდესაც მან განაცხადა, რომ რუსეთისთვის მისაღებია საქართველოს ნეიტრალიტეტი და თუ საქართველო სერიოზულად მოეკიდება ამ საკითხს, რუსეთი თავდებად დაუდგება მას გაეროში მთელი რიგი საპროცედურო საკითხების მოსაგვარებლად.

ამ წინადადებას საქართველოს ხელისუფლებამ უარი სტკიცა – ერთი წლით ადრე ცხინვალის ომის დაწყებამდე. გაცილებით ადრე, 2001 წლის მარტში სახელმწიფო კანცელარიის საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობის განყოფილების პასუხისმგებელი მუშაკის გულბაათ რცხილაძისა და თქვენი მონამორჩილის ინიციატივით, აჭარის მეთაურის ასლან აბაშიძის ხელშეწყობით ბათუმში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ნეიტრალიტეტი თუ სამხედრო ბლოკში გაწევრიანობა“.

აქვე გაუწყებთ, რომ კონფერენციის გამართვა სახელმწიფო კანცელარიის სურვილი არ ყოფილა – გულბაათ რცხილაძის პირადი ძალისხმევა იყო. ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ავსტრიელი, გერმანელი, ფინელი, შვეიცარიელი პროფესორები და ექსპერტები, უცხოელი ჟურნალისტები, ნატოს შტაბ-ბინაში მომუშავე სპეციალისტები – ერთობ გათვითცნობიერებულები ნეიტრალიტეტის საკითხებში. მათი რეკომენდაცია საქართველოს მიმართ იყო მარტივი, პრაგმატული, გონივრული – ნეიტრალიტეტი.

სტუმრებს კარგად ჰქონდათ გათვითცნობიერებული საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, მისი დამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებთან – რუსეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან; ყველა მათგანის (თურქეთის გარდა) სკეპტიკური განწყობა ნატოს და საქართველოს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ბატონ რუხაძეს ბოდიშს მოვუხდი, ნეიტრალიტეტის თემის ცოდნაში, მაგრამ პრიორიტეტს სწორედ იმათ მივანიჭებ, ვინც მთელი ცხოვრება ამ საკითხს სწავლობს. სწორედ მათ გვითხრეს – ნეიტრალიტეტი, თან ერთი გადაკრული აზრიც არ მოსვლიათ თავში (მათ შორის ფინელ სპეციალისტებს) ნეიტრალური საქართველოს შემთხვევაში – რუსული აგრესიის თაობაზე.

საქართველოს ხელისუფლებამ თვალი დახუჭა ბათუმის კონფერენციაზე და მის შედეგებზე, რაც არ გაიზიარა ებერტის ფონდმა, რომელმაც წიგნიც გამოსცა აღნიშნულთან დაკავშირებით.

ბატონ რუხაძეს, ვითარების გამძაფრების მიზნით, ფინეთის მაგალითი მოჰყავს: „ფინეთმა ნეიტრალიტეტი საბჭოთა კავშირთან 1939 წლიდან უმძიმესი ომის შედეგად მოიპოვა, რომელშიც ათეულ-ათასობით ფინელი დაიღუპა. საბჭოთა კავშირი ფინეთის ნეიტრალიტეტს მხოლოდ მას შემდეგ დათანმხდა, რაც ფინელმა ხალხმა საბჭოთა იმპერიას სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია და საბჭოთა რეჟიმი დარწმუნდა, რომ ფინეთის მთლიანად დაპყრობა მხოლოდ უდიდესი დანაკარგის ფასად მიიღწეოდა“.

ეს პოზიცია არახალია და სრულიად შეესაბამება „ჯეიმსთაუნის“, საერთოდ ამერიკულ პოზიციას, რაც უდავოდ იმსახურებს კრიტიკას – იმჟამინდელი ისტორიული ფაქტებიდან გამომდინარე. სსრკ-ფინეთის ომი ესოდენ მოკლედ შესაფასებელი არ არის, ვინაიდან ვრცელი და საინტერესო მასალაა ისტორიკოსებისთვის – ისეთი, სტატიაში რომ ვერ ჩაეტევა. შევეცდები მოკლედ ავხსნა იმჟამინდელი ვითარება.

სტალინმა შესთავაზა ფინეთს, რომლის საზღვარი ლამის ლენინგრადთან გადიოდა, ტერიტორიული გაცვლა ანუ ფინეთის მოსაზღვრე ტერიტორიის გაცვლა საბჭოთა ტერიტორიაზე, თანაც მეტზე, რაზეც ფინეთი არ დათანხმდა. მას სხვა გეგმები ჰქონდა, როგორც ფაშისტური გერმანიის მოკავშირეს. სწორედ ეს აიმედებდა ფინეთს მეორე მსოფლიო ომში გერმანიის გამარჯვებასთან ერთად, საბჭოთა ტერიტორიების მიერთებასთან დაკავშირებით. საბჭოთა კავშირს აზრადაც არ მოსვლია მთელი ფინეთის დაპყრობა. მას რომ ასეთი ჰქონოდა გონებაში, წინ ვერაფერი დაუდგებოდა.

ფაშისტური გერმანიის და მანერგეიმის ფინეთის დამარცხებას მოჰყვა ფინეთ-სსრკ-ს საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება. ფინეთის ახალმა გონიერმა ხელისუფლებამ ნეიტრალიტეტის გზა აირჩია, რაც სრულიად მისაღები იყო სტალინისთვის. ეს, რომ ასე არ ყოფილიყო, ომში გამარჯვებული საბჭოეთისთვის ფინეთის წინააღმდეგობა, ვითომ ასეთი დაუძლეველი იქნებოდა?!

ბატონი რუხაძე იმასაც აცხადებს, რომ – „ნეიტრალიტეტს მოპოვება სჭირდება, რაც ხშირად დიდი ადამიანური და მატერიალური მსხვერპლის გაღებას მოითხოვს“. ბარაქალა რუხაძის პოლიტიკურ აზროვნებას, რომელიც უფრო შანტაჟს მაგონებს – „არ გაბედოთ, ქართველებო ნეიტრალიტეტზე ფიქრი, თორემ დაიხოცებით. თქვენი ხსნა მხოლოდ ნატოში შესვლააო“. ავტორს შევახსენებ, რომ სსრკ-ფინეთის ომი, ფინეთის ნეიტრალიტეტამდე იყო და ამ სტატუსს მსხვერპლი არ გამოუწვევია, ისე, როგორც თურქმენეთისას.

ბურჯანაძემ დასვა უბლოკო საქართველოსთვის რეფერენდუმის ჩატარების წინადადება. რა არის ამაში ცუდი? ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა გავერკვეთ – რა გვინდა? საით მივდივართ? გვინდა თუ არა ნატოში ყოფნა? მავანი მეტყვის – რეფერენდუმი უკვე იყოო და 2008 წელს მოიშველიებს.

8 წელი გავიდა მას შემდეგ. შეიცვალა თაობა, აზროვნება. გაჩნდა სხვა წინადადებებიც, რაც გვაიძულებს სერიოზულად მოვეკიდოთ ყველა მათგანს. რეფერენდუმი უკვდავი ღონისძიება არ არის, რომ საუკუნეში ერთხელ ტარდებოდეს. ეს, რომ ასეა, შოტლანდიის მაგალითიც კმარა. 2 წლის წინათ ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, ის ახალ რეფერენდუმს გეგმავს. აქ სხვაშია საქმე, დასავლეთს და მათ აქაურ შეგირდებს ევროატლანტიკური იდეა აქვთ აკვიატებული და ყველაფერს ღონობენ მის შესასრულებლად.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.