საქართველოს “ევროპული ყაიდის” ხელისუფლება ჰყავს

ესეც ასე. ახალმა პარლამენტმა ახალ-ძველი მთავრობა დაამტკიცა. არ გამართლდა ვარაუდები სამინისტროების შემცირებასთან დაკავშირებით, რაც აშკარა მანიშნებელია იმისა, რომ მომავალი 4 წელიც ისეთივე უნაყოფო იქნება, როგორც გასული „ოცნებური“ 4  წელი. სამინისტროების შემცირებაზე არა მარტო ადგილობრივი ექსპერტები და მეტნაკლებად საქმეში ჩახედული ადამიანები ლაპარაკობდნენ, არამედ უცხოელი სპეციალისტებიც.

მძიმე ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ქვეყნისთვის, ღრმა ეკონომიკური რეფორმების გატარება აუცილებელია – მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების შტოების ოპტიმიზაცია. სამინისტროების რაოდენობის შემცირება, ხოლო დარჩენილში, საშტატო ერთეულის გონივრულ ზღვრამდე დაყვანა, ცხადია არა დამლაგებლების ხარჯზე, აუცილებელი და პირველ რიგში გადასადგმელი ნაბიჯია ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის. სამწუხაროდ „ოცნებამ“ არც შინაურის და არც გარეულის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და იმ ნაცად გზას დაადგა, რასაც 4 წლის განმავლობაში ტკეპნიდა.

ქვეყანაში, სადაც ქარხანა-ფაბრიკები  არ გუგუნებს და პროდუქცია არ იქმნება, გუგუნებს ისეთი „ქარხნები“, როგორებიცაა პარლამენტი და მთავრობა. ამ უკანასკნელთა „გუგუნისთვის“ იხარჯება რის ვაივაგლახით, ბაზრობიდან-ბაზრობაზე ნავაჭრით „გამდიდრებული“ სახელმწიფო ბიუჯეტი. მათი სამუშაო პირობების მოწყობას ხმარდება ხალხის ნაოფლარი – ახალი ავტომანქანების, კომპიუტერების, ავეჯის, სხვა საკანცელარიო აქსესუარების შეძენას. ყოველივე აღნიშნულს უდავოდ დაემატება საზღვარგარეთ ვოიაჟების თანხები – რაც მეტი სამინისტრო, მით მეტი თანხა შთაინთქმება სამინისტროელი თუ კანონმდებელი პირების მივლინებებში.

როდესაც უცხოელი ექსპერტები გირჩევენ საბიუჯეტო ორგანოების (მთავრობის) შემცირებას და შენ კი ჯიუტად შენსას აგრძელებ – სახელმწიფოს ფეხზე დაკიდება ჰქვია. ხელისუფლება კი, რომელიც მსგავს ქმედებას სჩადის არაკომპეტენტური, ღორმუცელა, თავისის არმცოდნე, სხვისის ფეხებზე დამკიდეა.

სახელმწიფო, რომელიც ხალხის ნაშრომს, ტუალეტში უშვებს – ფეხზე ვერასდროს დადგება. „ტუალეტს“ რომ ვახსენებ, ის მაქვს მხედველობაში, აღმასრულებელი ორგანოების მუშაკების უაზრო ლაყბობა რომ ჰქვია. მათი „შრომის“ მარგი ქმედების კოეფიციენტი მონელების ტოლფასია. არადა, რა შანსი გაუშვა ხელიდან „საოცნებო“ ხელისუფლებამ, კონსტიტუციური უმრავლესობით „გამარჯვების“ შემდეგ?

მას უყოყმანოდ შეეძლო სახელისუფლებო სისტემის კარდინალური გარდაქმნა, მეტადრე შემცირება, ამით საზოგადოებრივი აზრისთვის ანგარიშის გაწევა. სახელმწიფოს უდავოდ წაადგებოდა ევროპასთან ინტეგრაციის, შერიგების, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროების გაუქმება და სხვადასხვა სამინისტროებისთვის შერწყმა. მხოლოდ ერთის – დიასპორის სამინისტროს გაუქმება დიდი ვერაფერი შეღავათია ქვეყნის ბიუჯეტისთვის.

ზემომოყვანილი სამინისტროების გარდა სხვა დარჩენილის შემცირებაც იქნებოდა შესაძლებელი, ხელისუფლებას რომ გონივრულად განეხილა ეს საკითხი. არ განიხილა. უპირველეს ყოვლისა საკუთარი ნათესავების ხათრით. ისინი ხომ სახელმწიფოს ხარჯზე დასაქმებულები, შესანიშნავად გრძნობენ თავს.

როგორც ჩანს არც სოკოებივით მომრავლებულ საელჩოებს შეუდგება წყალი. ეკზოტიკურ ქვეყნებში გახსნილი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ხომ ნათესავებისა და მეგობრების უცხოური ნაკრძალია. არადა მათი მუშაობა მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ წინ აღუდგნენ მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებას აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის აღიარების მცდელობაში. ასეთი განმარტება მივიღე ერთ-ერთი ქართველი „დიპლომატისგან“. საქართველოს უდავოდ არ სჭირდება ისეთ ქვეყნებში დიპლომატიური მისიების ყოლა, რომელთანაც არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად არაფერი გვაკავშირებს.

სერიოზული განსჯის თემად უნდა იქცეს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის „აქაური“ ხელისუფლების არსებობა. თუ ჩვენ ვაპირებთ განდეგილებთან დიალოგის დაწყებას, მაშინ ესენი უდავოდ მიუღებელი იქნება მათთვის. არაერთხელ გამოუთქვამთ „ნამდვილ“ აფხაზებს „აქაური“ აფხაზური ხელისუფლების მისამართით ნეგატიური მოსაზრება. ეს საკითხი პოლიტიკურია – გვესმის ხელისუფლებიდან. განა პოლიტიკური არ არის ქვეყნის გამთლიანება? და თუ რამე ხელს უშლის ამ პროცესს, არ უნდა გადავწყვიტოთ?!

„ახალი“ აღმასრულებელი ხელისუფლების დამტკიცების შემდეგ „საოცნებო“ უმრავლესობის წევრებმა ერთხმად განაცხადეს, რომ აირჩიეს ევროპული ყაიდის პრემიერ-მინისტრი და მინისტრები, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საკუთარ არაკომპეტენტურობას, ხელისუფლებისადმი მაამებლურ დამოკიდებულებას. საინტერესოა, როგორ განმარტავენ ისინი „ევროპული ყაიდის“ პოლიტიკოსს?

ჩემი განმარტება კი ასეთია: ევროპული ყაიდა პოლიტიკაში და არა რემონტში (ევრორემონტი) ნიშნავს წინასაარჩევნო დაპირებების სრულ თუ არა, ნაწილობრივ შესრულებას, რასაც განვლილი 4 წლის განმავლობაში სულაც არ ჰქონია ადგილი. „ევროპული ყაიდა“ ნიშნავს საკუთარი აზრის უპრობლემო გამოხატვას, საკუთარი გეგმების ვიღაც უცხოელი „ბოსის“ გარეშე განხორციელებას, რასაც ამ ქვეყანაში არ აქვს ადგილი.

„ევროპული ყაიდა“ ნიშნავს გამოცდილი, ასაკოვანი პროფესიონალების ყოლას მთავრობაში. შეხედეთ ევროპას, აშშ-ს. ვერც ერთ თინეიჯერს ვერ იხილავთ ევროკავშირში შემავალი ქვეყნების მთავრობებში. რაც შეეხება აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს, მან მხოლოდ 65 წელს გადაშორებული მინისტრების კანდიდატურები განიხილა. საქართველო არ ჰგავს მათ ანუ შორს არის „ევროპული ყაიდისგან“. ჩვენ ისეთები ვართ, როგორც უკრაინელები, რომლებმაც ყოველგვარი რეაქციის გარეშე მიიღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ პორნომსახიობი 24 წლის გოგონას დანიშვნა.

პარლამენტმა მექანიკურად დაამტკიცა ივანიშვილის მიერ შერჩეული მთავრობა – ეს არის და ეს. მსგავს პოლიტიკურ სისტემას არათუ ევროპაში, სხვაგანაც ვერ შეხვდებით. პრემიერი და მინისტრები თვალში რომ შესციცინებენ უგვირგვინო მეფეს ანუ ივანიშვილს, ვერაფრით ჩაითვლება „ევროპული ყაიდისანი“. პარლამენტის უმრავლესობის ქებას საკუთარი მთავრობის მიმართ საზღვარი არ აქვს, ისე, როგორც ქვეყნის მართვის „ოცნებისეულ“ უვიცობას.

მთავრობის წევრობის კანდიდატებთან შეხვედრის დროს ვიცე-სპიკერმა ინაშვლიმა შავი დღე აყარა კულტურის მინისტრს, სხვებს. გაუხსენა საყდრისი, მუზეუმებში შექმნილი მძიმე მდგომარეობა. დარწმუნებული ვარ მინისტრ გიორგაძეს, პარლამენტის შენობის დატოვებისთანავე მიავიწყდა მწვავე კრიტიკა. ის, ისე არხეინად განაგრძობს თავის „მოღვაწეობას“, როგორც აქამდე. არადა მუზეუმების უკიდურესად საგანგაშო მდგომარეობა მინისტრის, მთელი მთავრობის ჩარევას მოითხოვს. განსაკუთრებული SOS-ის სიგნალია ხელოვნების მუზეუმი, რომელიც თვალსადახელსშუა გვადნება, მშვლელელი კი არ ჩანს.

სულ ახლახანს ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვლმა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეკრანიდან გვაჩვენა ის უმძიმესი ვითარება, რაც წლების განმავლობაშია შექმნილი ამ მუზეუმში. ჟურნალისტი სისტემატურად გვიყვება საყდრისის, ხელოვნების მუზეუმის, სხვა მუზეუმების გაუსაძლის მდგომარეობაზე, მაგრამ რეაგირება ხელისუფლების მხრიდან ნულის ტოლია.

არათუ პრემიერ-მინისტრი და მისი აპარატი, არამედ კულტურის მინისტრი და მისი მოადგილეები არაფრად აგდებენ საგანგაშო ზარებს და უდარდელად განაგრძობენ თავიანთ „შემოქმედებას“. მათთვის ქართული კულტურა და ისტორია მხოლოდ ისაა, სუფრაზე რომ თავმომწონედ იტყვი, მითუმეტეს უცხოელებთან.

ხელოვნების მუზეუმი თავისი უნიკალური ექსპონატებით სწორედ ქართული კულტურისა და ისტორიის ამსახველი საგანძურია. მისი ფასი ერისთვის განუსაზღვრელია, მაგრამ იციან კი დღევანდელმა პარლამენტარებმა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ ჭეშმარიტების შესახებ?

ვეჭვობ, რომ იცოდნენ. უფრო მეტიც, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება – რომ ერთხელაც არ ყოფილან ხელოვნების მუზეუმში – მათ შორის კულტურის მინისტრიც. „როგორ გეკადრებათ, იყოო“, – მეტყვიან. კეთილი, თუ იყო, სად ჩანს ნაკვალევი ყოფნისა? რა გაკეთდა მისი „ბრძნული“ მითითებით?

ამ მუზეუმს არაფერი ეტყობა ზემდგომის მიერ მონახულების. სრული უპატრონობაა, ქაოსი, მტვერი და სარდაფებში ჩაგუბებული წყალი. ნესტი კლავს შენობას და იქ არსებულ ექსპონატებს. არადა, საბჭოთა პერიოდში ხელოვნების მუზეუმი იმ ღირსშესანიშნაობათა ნუსხაში იყო, უპირველესად რომ აჩვენებდნენ საქართველოში ჩამოსულ უცხოელებს, მათ შორის მაღალი რანგის სახელმწიფო დელეგაციებს. ვინ არ სტუმრობდა ამ მუზეუმს – მეფეები და დედოფლები, პრეზიდენტები თუ პრემიერ-მინისტრები, პარლამენტარები, სახელგანთქმული უცხოელი ხელოვნების და კულტურის მუშაკები.

მუზეუმი ერის სარკეა, მითუმეტეს ხელოვნების მუზეუმი, რაც არ იცის ხელისუფლებამ. არ ცოდნა ერთია, მაგრამ როდესაც სისტემატურად ცდილობენ ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას, არ უნდა გამოფხიზლდე?! 4 განვლილი წლის განმავლობაში ვერ გამოფხიზლდა, ასეთისგან რას უნდა მოველოდეთ?

მუზეუმის დასამარების პროცესი სააკაშვილმა წამოიწყო, როდესაც ყველა მუზეუმის დირექტორად სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლორთქიფანიძე დანიშნა – პიროვნება აშკარად შეუფერებელი სამუზეუმო საქმისთვის. 20 მუზეუმი ერთი მმართველის ხელში ტრაგედიად იქცა მუზეუმებისთვის – უპატრონოდ მიტოვებულები ჭუჭყმა და მტვერმა შეჭამა. ლორთქიფანიძე კი ხარობს, ისე, როგორც კულტურის მინისტრი გიორგაძე, ხელისუფლება.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ხელისუფლება არც გაზეთებს კითხულობს და არც ტელევიზიას წყალობს, მაგრამ ნუთუ არ შეიძლება მან აპარატში გამოჰყოს მოხელე, რომელიც თვალს მიადევნებს კრიტიკულ განცხადებებს და მიაწვდის პრემიერს?

გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში გერმანული მხარის მიწვევით სტაჟირებას გავდიოდი გერმანიის ბუნდესტაგში. აპარატის სტრუქტურის გაცნობისას მასპინძლებმა შემომთავაზეს პრესის სამსახურის გაცნობა. დილის 5 საათზე წამიყვანეს ამ დეპარტამენტში, რომელიც კითხულობს და ახარისხებს გერმანიის თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიებს, სადაც მოხსენებულია ბუნდესტაგი. გაცნობის შემდეგ დეპარტამენტის თანამშრომლები აკეთებენ ამონაჭრებს გაზეთებიდან და სპეციალურ ჟურნალში აწებებენ, რომელსაც დილის 8 საათზე დებენ ბუნდესტაგის თავმჯდომარის მაგიდაზე.

ბუნდესტაგის თავმჯდომარე, სამსახურში მისვლისთანავე ეცნობა მასალებს და 10 საათზე აწყობს ბრიფინგს ჟურნალისტებისთვის, რომლის დროს ის პასუხს სცემს კრიტიკულ გამონათქვამებს. რაც შეეხება უცხოურ გამოცემებს, რომლებიც დილის 10 საათზე ხვდება ბუნდესტაგში, ანალოგიურ დამუშავებას გადის და დღის 12 საათზე ბუნდესტაგის თავმჯდომარე, ბრიფინგზე სცემს მათ პასუხს.

ჩვენთვის, ამ დამქანცველ რიტუალს, რომელიც იქ ჩვეულებრივად ითვლება – ყოველ დღე აქვს ადგილი. ამას ჰქვია „ევროპული ყაიდის“ მუშაობა და არა იმას – 4 წლის განმავლობაში პასუხი არ გასცე ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლების არაერთ კრიტიკულ წერილს – გამოქვეყნებულს „ასავალ-დასავალ“-სა და სხვა გაზეთებში. ფეხებზე დაიკიდო ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის საფუძვლიანი გამოკვლევა.

საქართველოს პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება შორს არის იმ სახელიდან, „ევროპული“ რომ ჰქვია. რასთანაც ახლოა, ქართული ფეხებზე დაკიდებაა. მუზეუმების საკითხი გამონაკლისი არ არის, სხვა უამრავი ყოფითი საკითხები რეაგირებას მოითხოვს.

ახალ მთავრობასთან შეხვედრის დროს ოპოზიციამ, „ნაციონალების“ სახით, ის რეალობა ააფრიალა, რასაც აქვს ადგილი. მოგვწონს თუ არა,  „ნაციონალები“ მართლები არიან, თუმცა ვინ იცის, ისინი რომ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ, განა უკეთესად იმუშავებდნენ?

9-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, „ნაცებმა“ რომ ხალხს არგუნეს, უდავოდ საშინელი იყო. ოპოზიციაში მყოფნი სხვაგვარად იქცევიან, რასაც აჟღერებენ ლართან კრიმინოგენურ ვითარებასთან, დაქცეულ ეკონომიკასთან, სამთავრობო კადრებთან და სხვა ნეგატიურ მოვლენებთან დაკავშირებით – მართლები არიან. და თუ ეს ასე არ არის, ხელისუფლებამ დაარწმუნოს ხალხი – ფუჭი დაპირებების, გაუკეთებლის, გაკეთებულად მოჩვენების ნაცვლად – საქმით.

ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს საზოგადოების ნაწილის განცხადება – ვაცალოთ, ჯერ ადრეა შეფასებაო. ყოველი ახალი ხელისუფლება, ცხადია დასავლეთში, მაქსიმალურად ცდილობს საქმის სწრაფად კეთებას. ავიღოთ პრეზიდენტად არჩეული  ტრამპი. მან უკვე გამოაცხადა, რის გაკეთებას აპირებს 20 იანვრიდან დაწყებული, 100 დღის განმავლობაში. ეს პროგრამა იდენტურია იმისა, რაც მან არჩევნებამდე გააჟღერა. ეს კი დაპირების შესრულებას ნიშნავს, თანაც სწრაფად, ვინაიდან იცის, რომ მისთვის 4 წელია გამოყოფილი და თუ კვლავ გაიმარჯვებს – კიდევ ოთხი, მთლიანობაში – რვა.

ასეა იმ დალოცვილ დასავლეთში, ჩვენ რომ გაუაზრებლად ვცდილობთ მორგებას და ვერაფრით ვხდებით, რომ ნათხოვარი პიჯაკივით გვაქვს. ტლანქი, გაუთლელი, უხეში სხეული – ფაქიზ კოსტუმს ვერ მოირგებს. დიეტაზე ჯდომის, სულის და გონების ვარჯიშის გარეშე იქაური არ მოგვერგება.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.