07.12.2024

ნატო და საქართველოს პოლიტიკა – საით მივდივართ?

ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობს „ოცნებელი“ მეჭიაურის გვარის ტრიალი პოლიტიკოსებსა და მედიაში. არის ერთი ლანძღვა-გინება ამ პარლამენტარის მიმართ და არის ქებათა-ქება მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით. მძაგებელთა შორის საკუთარი პარტიის წევრებიც არიან, უფრო მეტი, ყოფილ კოალიციაში შემავალი პარტიების წევრები და ცხადია ერთად აღებული ოპოზიცია, „ნაცმოძრაობის“ თამადობით.

მაქებართა რიგები ფართოა, თუმცა მათი პოლიტიკური გავლენა გაცილებით ვიწრო – აბა რა გავლენა აქვს თანამედროვე ქართულ პოლიტიკაზე ხალხს? არც არაფერი. მას მხოლოდ არჩევნების წინ იხსენებენ, სულ რაღაც ერთი-ორი თვით.

არჩევნებიდან-არჩევნებამდე კი ქვეყანას ისინი მართავენ, ვინც ევროატლანტიკური სივრციდან იმართებიან. რაც უფრო მეტი დრო გადის, იქიდან მართულთა რიგები ფართოვდება, განსაკუთრებით ახალი თაობის ხარჯზე, რაც საზოგადოების გარკვეულ წრეში – საშუალო და მეტი ასაკის ადამიანებში, გულისწყრომას იწვევს. სწორედ მათ გულს დაედო მალამოსავით მეჭიაურის ნათქვამი ნატოსთან მიმართებაში, მაგრამ მერე რა, ვინ მიიღებს მას მხედველობაში? არც არავინ ამ მთავრობიდან.

არ მიიღებენ, რამეთუ საქართველოს პოლიტიკური ვექტორი 20 წელიწადია ევროატლანტიკურია. იქ აიდგეს ფეხი ქართველ პოლიტიკოსთა დიდმა ნაწილმა. იქაური წყალი დალიეს და იქაური დოლარებით გაიხალისეს ცხოვრება. ასეთთან ძნელია ლაპარაკი, ვინაიდან მისი მზე და მთვარე ოკეანის გაღმა ამოდის და არა საკუთარ ქვეყანაში ან მის მეზობლად.

მოდით და ქვეყნის პრეზიდენტს შეაცვლევინეთ აზრი თუნდაც ასეთი: „ჩვენ, ვთქვით, რომ მეტი საქართველო იქნება ნატოში და მეტი ნატო – საქართველოში. ამას ჩვენ ვახორციელებთ, როგორც საერთაშორისო მისიებში, უკვე ჩვენს მშობლიურ ტერიტორიაზე … საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი იმიტომ, რომ ასეა საჭირო, უფრო სტაბილური, უფრო მშვიდი, უფრო პერსპექტივაზე ორიენტირებული მსოფლიოსთვის“ (ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების გახსნის დროს მარგველაშვილის სიტყვიდან ამონარიდი).

პრეზიდენტის ნააზრევი სრულ წინააღმდეგობაშია მეჭიაურის ნათქვამთან, რომელიც დაახლოებით ასეთია – თუ რამე ემუქრება ქვეყნის სტაბილურობას, სწორედ რომ ნატოა, გარდა ამისა, დაკარგული ტერიტორიების დამადასტურებელიც ისაა და არვინ სხვა – ამ ორგანიზაციაში საქართველოს მიღების შემთხვევაში.

ვინ უფრო მართალია – ნატოში გაწევრების მუდმივი მქადაგებლები თუ ისინი, ვინც წინააღმდეგნი არიან?

ძნელი დასადგენია, ვინაიდან გაწევრებით მოპოვებული დადებითი თუ უარყოფითი შედეგებიც ვარაუდია, უფრო ზუსტად წინასწარმეტყველება, რომელიც ახდება ან არა. მაგრამ, ვიდრე ნატოს წევრობის შედეგად მიღებულ ან არ მიღებულ დივიდენდებზე ვიმარჩიელებთ, ისიც უნდა ვიკითხოთ, მიგვიღებენ თუ არა ნატოში?

ეს კითხვა ახალი არ არის, საკმაოდ ძველია და მას საქმეში ჩახედულნი, მრავალი წლის წინათ ვსვამდით – ხმამაღლა, საჯაროდ და არა ჩუმად, სამზარეულოში. ის, რომ საქართველოს ნატოში არ მიიღებდნენ (ისე, როგორც ამას შევარდნაძე-სააკაშვილის მმართველობის ჟამს უმტკიცებდნენ საქართველოს მოსახლეობას), ნათლად გამოჩნდა ბათუმში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის დროს, რომელიც ამ საუკუნის დასაწყისში ჩატარდა და რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ნატოს შტაბ-ბინაში მომუშავე ექსპერტებმა და მეცნიერებმა.

სტუმრებმა დელიკატურად მიგვანიშნეს, რომ ობიექტურ მიზეზთა გამო საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ნატოში ვერ გაწევრდება, რომ საქართველოსთვის უმჯობესი იქნება ნეიტრალიტეტის დაცვა და ფიქრი იმაზე, როგორ გამოძებნოს საერთო ენა მეზობლებთან, განსაკუთრებით რუსეთთან.

ნატოელი ექსპერტების ნათქვამი ზედმიწევნით დაემთხვა ჩვენს მოსაზრებას და იქიდან მოყოლებული სტატიებით, საჯარო გამოსვლებით მოვუწოდებდით საზოგადოებას რეალური და არა აბსტრაქტული აზროვნებისკენ. გამოვაფხიზლეთ თუ არა საქართველოს საზოგადოება? შეიძლება რაღაც ნაწილი, მაგრამ მთლიანობაში – ძნელი გამოდგა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ხელთ იგდო ქვეყნის მართვის საჭე.

ზემომოყვანილი ნატოელი ექსპერტების გულწრფელი მოსაზრებისა და სურვილების საწინააღმდეგოდ ამოქმედდა აშშ-ს ექსტრემისტული წრეების მიერ შემუშავებული ექსპანსიური პოლიტიკა, რომელიც არ იხევდა არაფრის წინაშე საქართველოს ანტირუსულ პლაცდარმად გადასაქცევად. „ნაცური“ მმართველობის თითქმის 10-წლიანი პერიოდის განმავლობაში თავბრუდამხევი ტემპით გაიზარდა ნატოზე ლაპარაკი, პროპაგანდა, ნატოს ღონისძიებების ჩატარება და რაც მთავარია საზოგადოების დარწმუნება ნატოს სიკეთეებსა და გაწევრებით მოტანილ უდარდელ ცხოვრებაზე. საქართველოს მოსახლეობამაც დაიჯერა, რომ ნატო სიკეთე და ბედნიერებაა, რომ მას და მხოლოდ მას შეუძლია დაგვიხსნას გარე შემოტევისგან, გვაჭამოს და გვასვას.

ნატოს მიმართ მოსახლეობის დადებითი განწყობა დაფიქსირდა კიდევაც ე.წ. რეფერენდუმის დროს, რომელიც პრეზიდენტის არჩევნებს მიება. რეფერენდუმის შედეგი უდავოდ არ ასახავდა რეალობას, რის შესახებაც არაერთხელ გვსმენია ანუ გაცილებით ნაკლებმა დაუჭირა მხარი ნატოში გაწევრებას, მაგრამ არც ისე ნაკლებმა, რომ ნეგატიური შედეგი დაფიქსირებულიყო.

ჩემის აზრით, ნატოში შესვლა-არშესვლის საკითხი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე პრეზიდენტის არჩევნები, რამეთუ ის წყვეტს ქვეყნის ბედს მრავალი წლის განმავლობაში. ამდენად ნატოსთან დაკავშირებული სპონტანური გამოკითხვის მიკერება პრეზიდენტის არჩევნებზე, მიუღებელი იყო და ის ნამდვილ სახალხო გადაწყვეტილებას ვერ გამოავლენდა.

თუ რას წარმოადგენს ნატო, საქართველოს მოსახლეობამ დღესაც არ იცის. მითუმეტეს არ იცოდა მაშინ, 2008 წელს. გარდა ამისა, იმჟამად მისი ყურადღება მიმართული იყო პრეზიდენტის არჩევნებზე და არა ნატოში შესვლა-არშესვლაზე. ამდენად ხალხმა დაუფიქრებლად გასცა მას პასუხი.

სინამდვილის დასადგენად საჭიროა ახალი გამოკითხვის ჩატარება – ერთადერთი კითხვით – სურს თუ არა მოსახლეობას ნატოში შესვლა. რეფერენდუმის თარიღამდე კი აუცილებელია ნატოს მომხრეებისა და მოწინააღმდეგეებისთვის მედიური სივრცის თანაბარი დათმობა, რათა მოსახლეობამ გაიგოს ამ ორგანიზაციის ავკარგიანობის შესახებ და გაწევრების შემთხვევაში, რამდენად წაადგება ის საქართველოს.

არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ – ნატო, საკუთარი წესდებიდან გამომდინარე, არ არეგულირებს ტერიტორიულ საკითხებს ანუ ზედმეტია იმაზე ოცნება, რომ იქ შესვლით საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს. უფრო მეტიც, ნატო უფრთხის იმ ქვეყნების თავის რიგებში მიღებას, ვისაც აქვს ტერიტორიული პრობლემები მეზობლებთან.

საქართველო ამ მხრივ უაღრესად რთულ მდგომარეობაშია. მას ორი დაკარგული ყოფილი ავტონომია აქვს და იბრძვის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ამ საკითხის ძალისმიერი მოგვარება უდავოდ არ შედის ნატოს ინტერესებში, რამეთუ ის გამოიწვევს ბირთვულ სახელმწიფო რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციას, საკუთარი თავის განადგურებას – უღირს მას საქართველოსთვის თავის გაწირვა? პასუხი კითხვაზე თქვენთვის მომინდია.

საქართველოს დღემდე არ აქვს დადებული აზერბაიჯან-სომხეთთან სასაზღვრო ხელშეკრულება, რაც არანაკლებ თავსატეხი პრობლემა შეიძლება გამოდგეს ნატოსთვის. გარდა აღნიშნულისა არსებობს მთელი რიგი პრობლემები, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ნატოს უდავოდ არ სურს ეკონომიკურად უსუსტესი საქართველოს თავის რიგებში ხილვა, ქვეყნის, რომლის სოციალური სურათი, სასამართლო სისტემა, „ცისფრებთან“ დამოკიდებულება ევროპულ სტანდარტებთან ახლოს არ დგას. ნატო მხედველობაში იღებს რუსეთის ფაქტორსაც. მას არ სურს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება, თუმცა გაღიზიანებაზე უარს არ ამბობს. ნატოს არ სჯერა ქართული პოლიტიკის დარბაისლობის. მას მოსწონს ქართველ პოლიტიკოსთა თავდავიწყებული ანტირუსული განწყობა, მაგრამ დისტანციურად ანუ არა ნატოს წევრობისას, არამედ ნატოს კართან დგომისას.

ნატოს წევრობის შემთხვევაში თავდავიწყებულ ანტირუსობას შესაძლოა ნატოს ხრამში გადაჩეხვა მოჰყვეს. ნატოს კართან დგომისას – არც არაფერი. ასეთზე არ ვრცელდება ნატოს წესდების მე-5 პუნქტი – „ყველა ერთისთვის“.

ცოცხალი მაგალითი – ნატოს შტაბ-ბინამ არაფრად ჩააგდო მისი წევრი თურქეთის მოთხოვნა რუსული აგრესიისგან დაცვის საქმეში, რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებიდან გამომდინარე. მისი პასუხი ანკარასადმი იყო მარტივი – თვით მოეგვარებინა რუსეთთან წარმოშობილი პრობლემები.

ზემომოყვანილი მაგალითებიდან გამომდინარე მკაფიოდ შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ნატოში უახლოეს წლებში ვერ გაწევრიანდება. მავანმა შეიძლება თქვას – მაშ, რატომ გვპირდებოდა ამას ეს ორგანიზაციაო?!

ჯერ ერთი, ბრიუსელი გვპირდებოდა და ახლაც გვპირდება, რომ ნატოს კარი ჩვენთვის ღიაა, მაგრამ მას შემდეგ, რაც შევასრულებთ მთელ რიგ საშინაო დავალებებს. მათ შორის ისეთი შეუსრულებელი დავალებაცაა, როგორიც ტერიტორიული საკითხია. გამოდის, რომ ნატო გვატყუებდა? ნატოს რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება რომ გვატყუებდა, ფაქტია. იქნებ, არც გვატყუებდა, უბრალოდ ვერ გაიგო რასაც  მას ეუბნებოდნენ, ან არ გაიგო, ვინაიდან მხოლოდ „კარგის“ გაგება უნდოდა?

საქმე გვაქვს არაპროფესიონალიზმთან, პოლიტიკურ მოუმწიფებლობასთან. სხვას ვერაფერს იტყვი თინეიჯერული ასაკის ადამიანებზე, რომლებმაც დაიპყრეს ქართული პოლიტიკა და დიპლომატია. დიპლომატია ისეთი საგანია, დიპლომატიურ ცოდნას და ცხოვრებისეულ გამოცდილებას რომ მოითხოვს, რაც ქართული „დიპლომატიიდან“ შორს დგას. რომ იტყვიან – კარგ მთქმელს, კარგი გამგონი უნდაო, მითუმეტეს შინაარსით ცუდს, მაგრამ ტკბილი რიტორიკით შეკმაზულს.

არის სხვაც, არცთუ უმნიშვნელო რამ – სახლში, იმათ მიერ „ცუდი“ ნათქვამის „კარგად“ გადათარგმნა და ისეთი სურათის დახატვა, თითქოს მას (ხელისუფლებას) შეჰყავს საქართველო ნატოში (იგივე ითქმის ევროკავშირზეც) და არა პირიქით. თითქოს ის არის ქვეყნის მხსნელი და გამაბედნიერებელი, ვინაიდან „ნატოს სამოთხეში“ შეჰყავს საქართველო.

მავანი ჩამეძიება – ხალხი ადრე თუ გვან ხომ გაიგებს ტყუილსო? გაიგო? ზოგმა თუ გაიგო, უმეტესობამ – ვერა, ვინაიდან სახელისუფლებო ტყუილებს გვერდს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები უმაგრებდა და უმაგრებს. ამ ფონზე თითო-ოროლა ჩვენისთანას შეგონება – ნატოში არ მიგვიღებენო, უმრავლესობის ყურთასმენას ვერ დაიპყრობდა. მაშ რა უნდა ჩვენგან „ნატოს“?

უპირველესად, ვიყოთ მისი მოკავშირე, ცხადია დისტანციურად. მონაწილეობა მივიღოთ იმ ავანტიურაში, რასაც ის აწარმოებს მსოფლიოს ამათუ იმ კუთხეში; თანხმობა ვუთხრათ საქართველოს ტერიტორიაზე ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებაში, რაც თავისთავად იწვევს რუსეთის გაღიზიანებას; შევასრულოთ მისი სხვადასხვა სახის დავალება, მათ შორის ჩვენს ტერიტორიაზე სასწავლო-სამხედრო ცენტრის გახსნა, ხელი შეუწყოთ მისი პოზიციების გამაგრებას კავკასიაში. და თუ ყოველივე აღნიშნულს ნატო ჩვენი ხელისუფლების მონური მორჩილების შედეგად მშვენივრად ახერხებს შენი გაწევრებით რატომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე?

ნატომ იმ დისტანციაზე მიგვიახლოვა, რომ მისგან დაშორება გაჭირდება და გაჭირდება უმთავრესად მის მიერ დაპურებული ქართველი პოლიტიკოსების წყალობით, რომლებიც პირში ჩადებული ნატოს ძუძუს სხვაზე არაფრით გაცვლიან.

ნატომ მიზანს მიაღწია ანუ დაგვაშორა და გადაგვკიდა რუსეთს; დაგვაკარგვინა ტერიტორიები; გაგვიუარესა ყოფა, თავიდან ბოლომდე მასზე დამოკიდებულად გვაქცია; დაგვაკარგვინა საკუთარი საქმეების, საკუთარი ხელით კეთების შეგრძნება; პრობლემები შეგვიქმნა მეზობლებთან და ა.შ.

მავანი მეტყვის – ჯარი ხომ გაგვიწრთნა და ჩამოგვიყალიბაო? ვითომ ასეა საქმე? თვალი შევავლოთ ჩვენს მეზობლებს აზერბაიჯანსა და სომხეთს და არა თურქეთს ან რუსეთს და უმალ მივხდებით, სად ვართ.

აზერბაიჯანს 66950 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს, 300000 რეზერვისტი, 220 ტანკი, 600 საბრძოლო მანქანა, 420 საარტილერიო დანადგარი, 100 ჭურმტყორცნი, 106 თვითმფრინავი, 40 ვერტმფრენი, 170 უპილოტო აპარატი, 2 დივიზიონი C-300 რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, 19 საბრძოლო ხომალდი და სანაპირო დაცვის გემი და სხვა.

სომხეთს – 48850 სამხედრო მოსამსახურე, 210000 რეზერვისტი, 144 ტანკი, 288 საბრძოლო მანქანა, 42 ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი, 169 საარტილერო სისტემა, 33 თვითმფრინავი, 33 ვერტმფრენი, 15 უპილოტო აპარატი, 60 საზენიტო-სარაკეტო სისტემა C-300B და სხვა.

როგორც ერთში, ისე მეორეში თავდაცვის მინისტრები არა პოლიტიკოსები, მითუმეტეს ქალები, არამედ სამხედროები არიან. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მაინც, თუ ოდესმე სამხედრო კონფლიქტამდე მიდგა საქმე, ამ ორთან შეძლებს საქართველოს არმია გამკლავებას?

საქართველოში ლამის ტრადიციადაა ქცეული თავდაცვის მინისტრებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების სისტემატური ცვლა. იცვლებიან ისინი და იცვლებიან მათი მოადგილეები, გენშტაბის ხელმძღვანელები. ძველ ნათესავებს, ახალი ნათესავები ცვლიან, საქმე კი არ იცვლება, რამეთუ შეცვლას, მითუმეტეს პოზიტივისკენ ცოდნა-გამოცდილება სჭირდება, რაც ორივე უწყებაში სანთლით საძებარია.

და კიდევ ერთი რამ, რაც უდავოდ გასათვალისწინებელია – საერთაშორისო ვითარება და აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები. პრაიმერისის მიხედვით, საქართველოს ხელისუფალთ, მითუმეტეს მენატოელებს დიდი თავსატეხი უნდა ჰქონდეთ გაჩენილი – რესპუბლიკელი ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში. მისი დაპირებიდან მესამედის შესრულება უდავოდ შეცვლის მსოფლიო პოლიტიკას, განსაკუთრებით „ნატოს“.

ტრამპს არ მოსწონს ეს ორგანიზაცია, მითუმეტეს ესოდენ გაბერილი, ფინანსურად აშშ-ზე ჩამოკიდებული. ის იმუქრება ნატოდან გასვლით, რაც თავისთავად ნიშნავს ამ ორგანიზაციის დაშლას. ტრამპი ამბობს, რომ ნატოს არსებობა დღეს ანაქრონიზმია – საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ შექმნილი ორგანიზაციის. საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და არც ნატო უნდა არსებობდეს.

ტრამპი მზადაა რუსეთთან ურთიერთობის დასათბობად, რაც თავისთავად გამოიწვევს საქართველოს მიმართ ვაშინგტონის პოზიციის შეცვლას. არის საქართველოს პოლიტიკა მზად ამისთვის, თუ იმედი აქვს ისევ „ძველის“ გაგრძელების – რუსეთის გამაღიზიანებლის როლის შესრულების?

მეჭიაურმა თქვა ის, რაც საზოგადოებაში ტრიალებს, მაგრამ მისი ნათქვამი სხვაა – მმართველი პარტიის წარმომადგენლის. გაითვალისწინებს მას ხელისუფლება?!

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.