ნატოს შტაბ-ბინაში იზორიას ვიზიტიდან გამომდინარე
საქართველოს ხელისუფლება და მედია სიხარულით გვაუწყებს თავდაცვის მინისტრის იზორიას ნატოს შტაბ-ბინაში წარმატებული ვიზიტის შესახებ. ვიზიტი, რომ მართლაც წარმატებული იყო, ამაში ეჭვის შეტანა ნაკლებად შეიძლება, თუმცა გააჩნია რა კუთხით განვიხილავთ იზორიას იქ გამართულ შეხვედრებს. საქართველოს საგარეო კურსიდან თუ ვიმსჯელებთ, ვიზიტი შედეგიანი გამოდგა, ვინაიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქვეყნის ევროატლანტიკურ მიმართულებას და ისეთი ორგანიზაციისადმი გულწრფელ, სანდოობით აღსავსე დამოკიდებულებას, როგორიც ნატოა.
არის სხვა შეხედულებაც ნატოსა და ევროატლანტიკურ ვექტორთან მიმართებაში, რომლის მიხედვით, რაც უფრო მჭიდრო კავშირები იქნება ნატოსთან, მით უფრო უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება საქართველოსთვის. ნეგატიური განწყობა უმთავრესად იმითაც არის განპირობებული, რომ ნატოთი მონუსხული საქართველოს ხელისუფლება, ყოველგვარი დაფიქრებისა და ღრმა ანალიზის გარეშე უმალ თანხმდება ბრიუსელიდან წამოსულ შემოთავაზებებს, მათ შორის ახალი საწვრთნელი ბაზის შექმნის თაობაზე.
როდესაც ნატოს მინისტერიალი გამოცხადდა არავინ იცოდა, რომ საქართველოს მიიწვევდნენ ამ შეკრებაზე. ოპოზიცია, მისთვის ჩვეული ცინიზმით, აკრიტიკებდა ხელისუფლებას და აცხადებდა, რომ „პრორუსული“ ხელისუფლება ნატომ შეგნებულად არ მოიწვია მინისტერიალზეო.
არადა, მინისტერიალი იმით იყო გამორჩეული, რომ პირველი შეხვედრა იყო აშშ-ს ახალი თავდაცვის მინისტრის მატისის, თავის ნატოელ კოლეგებთან. ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოები დაზაფრული ელოდნენ მინისტერიალს და მასში ამერიკელი ბოსის მონაწილეობას, ვინაიდან ამ შეხვედრას უნდა გაერკვია ამერიკა-ნატოს დღევანდელი და ხვალინდელი კავშირურთიერთობების პარამეტრები.
ნატოს დაარსებიდან დაწყებული, ტრამპის აშშ-ს პრეზიდენტად არჩევამდე, ამ ორგანიზაციას არასდროს ჰქონია ისეთი კრიტიკული და გაურკვეველი მდგომარეობა, როგორიც მინისტერიალამდე. ყოველივე კი გამოიწვია აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის, შემდგომში პრეზიდენტის არაერთმა ანტინატოურმა განცხადებამ, რომელთა შორის აღსანიშნავია შემდეგი: „ნატო მოძველებული ორგანიზაციაა. ნატო ანაქრონიზმია. ნატო შეიქმნა საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგოდ. საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რატომ უნდა არსებობდეს ნატო. ნატო არაფერს აკეთებს ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში. ნატოს წევრი სახელმწიფოები არ იხდიან საწევრო გადასახადს და აშშ-ი იძულებულია თვით არჩინოს ნატო. თუ ნატოს წევრი ქვეყნები არ გადაიხდიან საწევროს, აშშ-ი დატოვებს ნატოს. …“.
ესოდენ კრიტიკული განცხადებების მოსმენა ერთობ ძნელი გამოდგა ნატოს წევრი ქვეყნებისა და ნატოს შტაბ-ბინისთვის. ამდენად აშშ-ს თავდაცვის მინისტრის ბრიუსელში გამოჩენას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი იყო ბრიუსელის მინისტერიალში მონაწილეობა, ვინაიდან ხაზს უსვამდა ქვეყნის მნიშვნელობას ნატოსთვის და ნატოს დამოკიდებულებას საქართველოსადმი.
საქართველომ მინისტერიალში მონაწილეობის მიწვევა ბოლო წუთებში მიიღო და როგორც გამონაკლისი ქვეყანა, ის დაესწრო მინისტერიალს, რის შემდეგ ნატო-საქართველოს სხდომაც გაიმართა. მინისტერიალი საქართველოსთვის იმითაც იყო გამორჩეული, რომ იზორია აშშ-ს ახალ თავდაცვის მინისტრს მატისს შეხვდა. ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა წარუდგინა იზორია მატისს და ამ უკანასკნელმაც სიტყვები არ დაზოგა საქართველოს საქებად: „ჩვენ შევხვდით ნატოს უახლოეს პარტნიორს – საქართველოს. მე გამოვხატე ჩემი აღფრთოვანება და პატივისცემა საქართველოს კონტრიბუციისა და გაღებული მსხვერპლის მიმართ, რომელიც ამ ქვეყანამ გაიღო ნატოს ბრძოლის ველზე ავღანეთში“.
საქართველო მართლაც იმსახურებს შექებას. მან ავღანეთის ომს 31 ჯარისკაცი შესწირა, ერაყისას – 5.
იზორიას აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა და მან საქართველოს ახალი ამბავი ახარა – ამერიკა-საქართველოს არსებული მემორანდუმით (სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულებით) ვაზიანში ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის მშენებლობა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საწვრთნელი ბაზა გააძლიერებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და მდგრადობას. ეს ბაზა ისეთივე იქნება, როგორიც გერმანიის ქ.ჰოენფელში აშშ-ს სამხედრო ბაზაა და სადაც იზორია შეხვდა ევროპაში აშშ-ს სამხედრო ჯარების სარდალს ბენ ჰოჯესს. ამერიკელი გენერლის დაპირებით ვაზიანის სამხედრო-სასწავლო ბაზაზე ამერიკელი სპეციალისტები გაწვრთნიან ქართველ ჯარისკაცებს.
გენერალი ჰოჯესი საქართველოს იშვიათი სტუმარი არ გახლავთ. ერთ-ერთი ვიზიტის დროს მან ასეთი რამ თქვა: „საწვრთნელ ცენტრში აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეთა მონაწილეობის მიზანი ისაა, რომ შევამოწმოთ, აუცილებლობის შემთხვევაში, რამდენად სწრაფად მოვლენ ქართულ მიწაზე ამერიკის არმიის ქვედანაყოფები“.
ფრიად საყურადღებო განცხადებაა ნატოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილ პირთათვის, რომელთა რაოდენობა არათუ კლებულობს, არამედ მატულობს, რის შესახებაც სულ ახლახანს გვაუწყებდა ცნობილი ამერიკული კვლევითი ცენტრის „გელაპის“ (Gallup) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. მისი მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები თუ უჭერს მხარს ნატოში შესვლას. ასეთ დროს იზორიას, მასთან ერთად ხელისუფლების აღტაცება აშშ-ს თავდაცვის მინისტრის სიტყვებით და საწვრთნელი ბაზის მშენებლობით გამოწვეული, დიდად გამაღიზიანებელია.
თუ რა სწრაფად გადმოისვრის აშშ-ი თავის ჯარებს საქართველოში საომარი მოქმედებების საწარმოებლად, ერთხელ უკვე გამოვცადეთ – 2008 წლის ომის დროს. მაშინ აშშ-ს გარკვეული წრეების მიერ გაბრიყვებული სააკაშვილი, ტელეფონზე ჩამოკიდებული, ეხვეწებოდა ოკეანისგაღმელებს დახმარებას, თუმცა ამაოდ, რასაც საკუთარი ჰალსტუხის ღეჭვა მოჰყვა.
ამერიკელებმა დიდი პაუზის შემდეგ მართლაც მოავლინეს სამხედრო გემები, ოღონდ სასმელი წყლით და ტუალეტის ქაღალდით დატვირთული. ამ უკანასკნელში (ტუალეტის ქაღალდში) მართლაც გაუმართლდა სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას, ვინაიდან ფაღარათშეყრილნი, „ჩაშავებული“ ჯიპებით „წითელ“ ხიდს მიაწყდნენ, ქვეყნიდან გასაქცევად.
რაც მართალია, მაშინ ვაშინგტონმა, ფულის თვალსაზრისით, ხელგაშლილობა გამოიჩინა – მილიარდნახევარი დოლარი გამოგვიყო დასახმარებლად და ოთხნახევარი მილიარდიდან დანარჩენი თანხა ევროპას გადაახდევინა. ოღონდ ერთია – ეს თანხა ისე გააქრო სააკაშვილმა და მისმა გუნდმა, არავინ იცის მისი ასავალ-დასავალი.
დავუბრუნდეთ ჰოჯესის სიტყვებს აშშ-ს ჯარის საქართველოში გადმოსხმასთან დაკავშირებით და წამით წარმოვიდგინოთ, რა დღეში აღმოჩნდება ერთი მტკაველი ქვეყანა, ომის ველად ქცეული, ორი გიგანტის შეჯახების შედეგად?!
ნეტავი ვინმე, ამ ხელისუფლებაში ანგარიშს უწევს, რა მოჰყვება რუსეთთან კონფლიქტს და მასში ნატოს ან აშშ-ს სამხედროების ჩართვას? ნეტავი ვინმე უწევს ანგარიშს, რა შეიძლება მოჰყვეს ვაზიანის სამხედრო-სასწავლო ცენტრის გახსნას? ის, რომ ვაზიანი რუსული რაკეტების მიზანში იქნება ამოღებული – ვინმეს ეჭვი ეპარება?
ჰოჯესი სამხედროა და მისი განცხადება რომ მილიტარისტულია, გასაკვირი არ არის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიებიც მილიტარისტულია? და თუ მართლაც ასეა, ნეტავი ერთხელ მაინც გარედან არ შეუხედავთ თავისი ქვეყნისთვის? და თუ შეხედეს, ვერ დაინახეს, რა მასშტაბისაა ის? ერთი რუსული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდებაც კი საკმარისი იქნება უდიდესი მსხვერპლისა და საყოველთაო პანიკისთვის.
რა შედარებაა, მაგრამ გაგახსენებთ – ზვიად გამსახურდიას ჩეჩნეთიდან, დასავლეთ საქართველოში ჩასვლას, სახალხო, მასობრივ, ხალხმრავალ მიტინგებს და თბილისზე ლაშქრობის მოწოდებას; რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის სარდლის ბალტინის სამხედრო თვითმფრინავების მიერ, დაბალ სიმაღლეზე, სახალხო მიტინგის თავზე გადაფრენას. გამანადგურებლების ძრავების გამაყრუებელმა ხმამ ისე დააშინა მომიტინგეები – წამში დაიფანტნენ და შემდგომში აღარ გამოჩენილან.
რუსეთი, საქართველოს ნატოში შესვლას ნეგატიურად განიხილავს და ყველანაირად ცდილობს ხელი შეგვიშალოს ამ საქმეში. მაგრამ თუ, მიუხედავად ამისა, ქვეყანა მაინც შევა ამ ორგანიზაციაში (თუმცა მე დიდად მეეჭვება), გავარვარებულ ტაფაზე აღმოჩნდება და რუსული ყოველდღიური აგრესიის ქვეშ მოუწევს ცხოვრება. მუდამ შიშში ყოფნა დაზაფრავს ქვეყანის ისედაც განახევრებულ მოსახლეობას, რომელსაც სამუშაოს მიცემის შემთხვევაშიც, მუშაობის თავიც არ ექნება.
ისეთი პატარა და სუსტი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მეზობლებთან ურთიერთობას, მითუმეტეს დიდთან და ბირთვულიარაღიანთან, იარაღით კი არ უნდა არკვევდეს, არამედ ენით, ჭკუით და დიპლომატიით. ჩვენი ურთიერთობა ბრძოლის ველზე ასეთთან ყოველთვის მარცხით დასრულდება – ძალთა უთანაბრობის გამო. სხვაა მოსალაპარაკებელი მაგიდა. დიპლომატიურ მოლაპარაკებაში მუშტის ნაცვლად სიტყვა გამოიყენება და თუ გონიერება მოგვდევს, გამარჯვებაც მისაღწევი იქნება.
არადა, რა გამარჯვებაზეა ლაპარაკი? ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, ისეთზე, თუნდაც ორი საუკუნის განმავლობაში რომ გვქონდა. ამ ხნის მანძილზე იყო დადებითიც და უარყოფითიც, მაგრამ დადებითი რომ სჭარბობს, მტკიცება არ სჭირდება. მაშ რა გვიშლის ხელს ახალი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად მაშინ, როდესაც რუსეთი მზადაა ამისთვის? ის, ჩვენ რომ დაბეჯითებით გავყვირით – ნატო, ნატოო და იქ შესვლას რუსეთის შიშით ვცდილობთ. იქნებ ამ შიშის მოსახსნელად პირდაპირ რუსეთზე გავსულიყავით?
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.