ნატოს მისამართით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი

ვიდრე საქართველო, ბათუმის მოვლენებით იყო დაკავებული, არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას ჰქონდა ადგილი საერთაშორისო არენაზე. ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ზოგიერთის ღირს, ვინაიდან საქართველოს, პირდაპირი მნიშვნელობით თუ არა, ირიბად, უდავოდ ეხება. მათ შორის გამოვყოფდი სამხედრო თვალსაზრისით შავი ზღვის გააქტიურობის საკითხს და საქართველოს სურვილს, კიდევ ერთხელ გამოიჩინოს თავი ნატოში შესასვლელად.

რახანია საქართველოს მოსახლეობას ყოფილი და დღევანდელი მთავრობები დაბეჯითებით უმტკიცებდნენ, რომ ქვეყანა ნატოს რიგებს მალე შეუერთდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით მსგავსს, ადგილი არ აქვს და როგორც ჩანს არც უახლოეს მომავალში ექნება. ამის ბევრი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზი არსებობს, მათ შორის ნატოს სტანდარტებთან ქართული ჯარის  სიშორე, ქვეყნის არცთუ სწრაფი დემოკრატიზაცია, ეკონომიკური და სამართლებრივი პრობლემები, ხელისუფლებასა და მედიას შორის არსებული უთანხმოება და სხვა მრავალი.

ობიექტური მიზეზებიდან ხაზგასასმელია რუსეთის ფაქტორი. მართალია, როგორც ნატოს ხელმძღვანელობა, ისე საქართველოს ხელისუფლება დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ ნატოში გაწევრება თბილის-ბრიუსელის საქმეა და მესამე მხარე სათვალავში არ მიიღება, რეალური ვითარება სხვას გვკარნახობს.

რუსეთი ანგარიშგასაწევი ქვეყანაა და ბრიუსელი იძულებულია გაითვალისწინოს კრემლის ნეგატიური განწყობა საქართველო-უკრაინის ნატოში მიღებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა არსებობს აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის ნეგატიური დამოკიდებულება, ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების მხრიდან საწევროს არგადახდასთან დაკავშირებით (ეროვნული შემოსავლის 2%). ნატოს წევრი 28 სახელმწიფოდან, მხოლოდ 5 იხდის საწევროს, რაც ვაშინგტონის აზრით, შემაშფოთებელია და თუ ამას წერტილი არ დაესმება, ამერიკა დატოვებს ნატოს.

თვალი შევავლოთ სტატისტიკას. 2001 წლიდან ნატოს ხარჯებში აშშ-ს წვლილი 63%-დან 75%-მდე გაიზარდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ნატოს ყველა წევრმა სახელმწიფომ, გარდა სამისა, საფინანსო კრიზისიდან გამომდინარე, შეამცირა სამხედრო ბიუჯეტი, რითაც ხარჯების მძიმე ტვირთი აშშ-ს დააწვა. ტრამპის განცხადებით, აშშ-ი იხდის ევროპის უსაფრთხოების თანხებს,  მაშინ, როდესაც თვით ევროპა თავს არიდებს ამას და პარაზიტადაა ქცეული.

საინტერესოა, ნატოში შესულ საქართველოს, ვინ გადაუხდიდა საწევროს? იქნებ საქართველოს ხელისუფალთ ჰგონიათ, რომ სხვა, მაგალითად აშშ-ი დაფარავდა მის ხარჯებს?

ასე იყო 2016 წლამდე. ნატოს წევრი მდიდარი ქვეყნებიც კი არ იხდიდნენ ეროვნული შემოსავლის 2%-ს და რა გასაკვირი იქნებოდა, საქართველოს რომ არ გადაეხადა? მაგრამ ეს დრო ისტორიას ჩაბარდა. ტრამპი ითხოვს გადახდას და თუ არა, ნატოდან გასვლით იმუქრება.

საყურადღებოა ტრამპის სხვა განცხადებებიც ნატოსთან დაკავშირებით, რომ ორგანიზაცია საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაქტის საპირწონედ არსებობდა, დღეს, არც ერთია და არც მეორე, ნატო რა საჭიროა?

ტრამპი მართალია, მაგრამ მართალნი არიან ნატოს შტაბ-ბინაში შეყუჟული, მაღალხელფასიანი დაბალ-მაღალი რანგის მოხელეები – მათაც ხომ უნდათ ცხოვრება? და რომ იცხოვრონ, ნატოს არსებობისთვის საბაბის მოძებნაა საჭირო. საბაბიც მოიძებნა – რუსეთის მოსალოდნელი აგრესია.

სჯერა ვინმეს ამის? არც არავის, მაგრამ განცხადებები კეთდება – შემაშფოთებელი და საყურადღებო, რაც ნატოს ყოფნა-არყოფნის თემას ააქტიურებს – ყოფნის მისამართით.

ბოლო 25 წლის განმავლობაში ნატოს არსებობის მცნებამ პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. მტერი რუსეთის ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე (ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე) ნახევარმთვარის მსგავსად შემორკალვა და აღმოსავლეთით გაფართოება. ნიშნავს თუ არა ეს ნაბიჯი რუსეთისთვის საფრთხეს?

კრემლის აზრით – ნიშნავს. და რატომ? საომარი მოქმედების შემთხვევაში უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში განლაგებული ნატოს კონტიგენტი, ტერიტორიული სიახლოვიდან გამომდინარე, უფრო სწრაფად და ეფექტიანად დაემუქრება მოსკოვს, რუსეთის სხვა ქალაქებს, სამხედრო ობიექტებს.

ანალოგიური ვითარებაა შექმნილი ნატოს აღმოსავლეთ ქვეყნებში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების საკითხშიც. რუმინეთ-პოლონეთში განთავსებული სისტემები გაცილებით ნაკლები დროის განმავლობაში მიაღწევენ მიზანს, ვიდრე გერმანიაში ან სხვაგან განლაგებული.

რუსეთის წუხილი და პროტესტი გასაგებია და რაც არ უნდა ამტკიცოს ბრიუსელმა აღმოსავლეთით ნატოს გაფართოება და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგება რუსეთს არ ემუქრებაო, რუსეთის მიერ ნაკლებად დასაჯერებელია.

რუსეთი, სიტყვაზე აღარ ენდობა ნატოს, რომელმაც დაამტკიცა, რომ მისი სიტყვა სატყუარაა და მეტი არაფერი, ვინაიდან მან დაარღვია ზეპირი შეთანხმება, რომ აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკის ყოფილ წევრ-სახელმწიფოებს ნატოში არ შეიყვანდა. შეიყვანა!

„ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ნატოს ტერიტორია აღმოსავლეთით არ გაფართოვდება. ეს ეხება არა მარტო გდრ-ს, ნატო აღმოსავლეთში არსად არ იქნება“, – განაცხადა გფრ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰანს დიტრიხ გენშერმა (1990 წლის 31 იანვარი).

1997 წელს ნატოს გენერალურმა მდივანმა ხავიერ სოლანამ განაცხადა, რომ ნატოში შემავალმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს მიიწვიონ მოსალაპარაკებლად ჩეხეთი, უნგრეთი და პოლონეთი, ნატოში შესვლასთან დაკავშირებით.

1997 წელს, სენატში გამოსვლის დროს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა თქვა: „ჩვენ მხედველობაში არ მივიღებთ რუსეთის წუხილს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ საკითხში არ ვეძებთ კომპრომისს რუსეთთან. იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებდით და გავაკეთებთ არის ცალმხრივად ნატოს პოლიტიკის განმტკიცება“. ამავდრულად მან თქვა: „ნატო აღმოსავლეთის ახალ წევრ ქვეყნებში არ განალაგებს ბირთვულ იარაღს და შეიარაღებულ ძალებს“.

რუსეთის სამწუხაროდ, ბრიუსელის სიტყვა და საქმე დაშორდა ერთმანეთს. ნატომ არა მარტო აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკის ქვეყნები შეიყვანა ამ ორგანიზაციაში, არამედ ყოფილი საბჭოთა ბალტიისპირა რესპუბლიკებიც და იერიში უკრაინა, საქართველო, მოლდოვაზე მიიტანა.

მოლდოვაში, ახალი პრეზიდენტის დოდონის არჩევის შემდეგ, ვითარება ანტინატოურად იცვლება, მაგრამ საქართველოსა და უკრაინაში, პირიქით. ორივე ქვეყნის ხელისუფლება დაბეჯითებით იღვწის ნატოში შესვლისთვის. ორივესს არგუმენტად მოჰყავს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი აგრესია და ხალხის სურვილი – იყოს ნატოში.

არადა, 2008 წლის პლებისციტის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა საქართველოში, მათ შორის ნატოს მიმართ დამოკიდებულება. მოსახლეობის მხოლოდ 37%-ს სურს ნატოში ყოფნა (ამერიკული ინსტიტუტის გელაპის კვლევის მიხედვით) და არა 75%, რაც 2008 წლის პლებისციტით დაფიქსირდა. მაგრამ საქართველოს პროდასავლური ხელისუფლება ჯიუტად აგრძელებს შევარდნაძე-სააკაშვილის მიერ აღებულ ევროატლანტიკურ კურსს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბობოლა ბიძიებმა ვაშინგტონსა და ბრიუსელში კარგი თვალით შეხედონ დღევანდელ ხელისუფლებას, გზა გაუხსნან ნატოსკენ.

ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი გადადგა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსმა გენერალმა ჩაჩიბაიამ, რომელმაც ნატოს პროექტს – შავ ზღვაზე ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, საკუთარი წინადადება შეაგება – ფოთში სანაპირო დაცვის სამხედრო ბაზის შექმნა.

სულ ახლახანს, ნატოს კომიტეტის თავმჯდომარემ გენერალმა პაველმა, რომელიც იმყოფებოდა თბილისში, განაცხადა: „საქართველო, უდავოდ, არის მოთამაშე და შეუძლია შეიტანოს თავისი წვლილი რეგიონის უსაფრთხოების საკითხში“. თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის დროს განხილულ იქნა შავი ზღვის უსაფრთხოების თემაც. „საქართველომ უკვე მიმართა ნატოს შტაბ-ბინას, რათა მიიღოს ინფორმაცია, რა ფორმით შეეძლება მას მონაწილეობა მიიღოს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული როლი მიენიჭებათ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს“, – თქვა ჩაჩიბაიამ.

რატომ შინაგან საქმეთა სამინისტროს?

2009 წელს საქართველომ გააუქმა სამხედრო-საზღვაო ფლოტი და მის ნაცვლად შემოიღო სანაპირო დაცვა, რომელიც შსს-ში შედის. თუ ჩაჩიბაიას წინადადებით ნატო გამოიყენებს ფოთის პორტს, იქ იქნება განლაგებული სანაპირო დაცვა – შესაბამისი შეიარაღებით აღჭურვილი. სამხედრო ბაზა შავი ზღვის აკვატორიის მნიშვნელოვან ტერიტორიას გააკონტროლებს, რაც თავისთავად გააღიზიანებს რუსეთს. რუსეთის გაღიზიანება კი ძვირი უჯდება საქართველოს, თუნდაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან გამომდინარე.

დამოუკიდებლად არსებობის პირველსავე დღიდან დაწყებული, საქართველოს ხელისუფლებამ დაიჭირა რა ევროატლანტიკური კურსი, არა მარტო ქვეყნის შიგნით არსებულ ავტონომიურ ფორმირებებს დაუწყო თითის ქნევა, არამედ ყოფილ „დიდ ძმასაც“. და საქმე ისეთ წერტილამდე მიიყვანა, უარესს რომ მტერიც ვერ ინატრებდა.

1992 წელს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ყველა ერთად, საქართველოს გარდა, გააწევრეს გაეროში. საქართველოს, ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობისთვის, გამოსაცდელი ვადა დაუწესეს – საყოველთაო სახალხო არჩევნების ჩატარებამდე. მოსკოვიდან დაბრუნებულმა შევარდნაძემ ფიცი დადო გაეროს წინაშე, რომ ავტონომიებთან ყოველგვარ საკამათო საკითხს მოლაპარაკების გზით გადაწყვეტდა, რაც გაეროში გაწევრების დღეს, სიტყვით გამოსულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩიკვაიძემ გააჟღერა.

საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია ფიცი და ჩიკვაიძის გაეროში გამოსვლიდან სულ რაღაც თითზე ჩამოსათვლელ დღეებში, სამხედრო ლაშქრით შევარდა აფხაზეთში. ასე დაიწყო ომი აფხაზეთთან, რომელმაც ფაქტობრივად წერტილი დაუსვა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის საქართველოს ფარგლებში არსებობას.

იურიდიულად ორივე ავტონომია საქართველოს შემადგენლობაში რჩებოდა და ცენტრის კეთილი ნების და გონიერების გამოჩენის შემთხვევაში, შესაძლოა ფაქტიურადაც დარჩენილიყო, მაგრამ თბილისიდან მმართველობის სურვილმა იძალა, რამაც განსაკუთრებით თავი სააკაშვილის ხელისუფლების დროს იჩინა. 2008 წლის ომი სწორედ ამის შედეგია.

ქართულ პოლიტიკას ვერც მაშინ და ვერც დღეს ვერ წარმოუდგენია, უნიტარული მართვის გარეშე, ქვეყნის ხელმძღვანელობა. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, აჭარა ავტონომიური ფორმირებები იყო თუ არა. ისინი ისეთივე უნდა ყოფილიყვნენ, როგორიც სხვა რეგიონები, ე.ი. რეგიონები და არა ავტონომიები – შესაბამისი უფლებამოსილებით.

არადა ყოფილი და ჩვენგან წასული ავტონომიები აფხაზეთის ომის შემდეგაც მზად იყვნენ საქართველოს ფედერაცია-კონფედერაციაზე ემსჯელათ და დარჩენილიყვნენ საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ თბილისმა არადა არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯი. უფრო უარესი – უნიტარიზმის განსამტკიცებლად, 2008 წლის ომიც წამოიწყო.

1992 წლის ომიდან 2008 წლის ომამდე საქართველოს ხელისუფალთა დამოკიდებულება რუსეთის მიმართ იყო აგრესიული, პროვოკაციული, შანტაჟის მატარებელი, რამაც ორ ქვეყანას შორის ღრმა ნაპრალი გააჩინა. ცხადია, ორი ქვეყნის დაპირისპირების საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანეს აშშ-ა, ნატომ, ევროკავშირმა. მათი მიზანი იყო მარტივი – რუსეთის კავკასიიდან განდევნა. ამ საქმეში მათ დიდი დახმარება აღმოუჩინა გაამერიკულებულ-გაევროპელებულმა საქართველომ, მაგრამ არც ერთმა სხვამ ამიერკავკასიიდან. პასუხად, საქართველო ყველაზე მძიმედ დაისაჯა, თუმცა როგორც ჩანს შესაბამისი დასკვნები ვერ გააკეთა. და რომ ვერ, ნათლად გამოჩნდა აჭარის მოვლენებში – პატარა ინციდენტიც საკმარისი გამოდგა სერიოზული ბუნტის ასაგორებლად.

ხელისუფლება ბათუმში განვითარებულ ამბებს სხვას აბრალებს ანუ „ნაცურ“ ოპოზიციას, მაგრამ არამცდაარამც საკუთარ თავს. პრობლემა ძველია – ქაღალდზე ავტონომია, რეალურად ჩვეულებრივი რეგიონი. როდესაც უმუშევრობით აღსავსე ავტონომიაში ხელმძღვანელ თუ რიგით კადრებს თბილისიდან ჩაიყვან, იქაურთა განწყობა ცენტრის მიმართ რომ აგრესიული იყოს, გასაკვირი არ არის.

ანალოგიურადაა საქმე რუსეთის მიმართაც. ნატოს ყურმოჭრილი მონა საქართველოს ხელისუფლება, პასუხისმგებლობის მასზე გადატანის მიზნით, რას არ სთავაზობს ნატოს სამხედრო-საწვრთნელ-სასწავლო ცენტრიდან დაწყებული ფოთის პორტით დამთავრებული. სთავაზობს და წამითაც არ ფიქრობს, რომ რუსეთი ნიშანში ამოიღებს არა მარტო „სასწავლო“ ცენტრს, ფოთის პორტსაც და მარტო ამით არ შემოიფარგლება.

რუსეთის შავ ზღვაზე აქტიურობა ყირიმის მიერთების შემდეგ არ დაწყებულა, თუმცა გაათკეცდა, ვინაიდან გაათკეცდა აშშ-ს სამხედრო გემების ვიზიტები შავი ზღვის პორტებში. რომ არა რუსეთის კარდინალური გადაწყვეტილება ყირიმთან მიმართებაში, უკრაინა მზად იყო ნატოსთვის დაეთმო სამხედრო-საზღვაო ბაზა, რაც თავისთავად დიდ პრობლემებს შეუქმნიდა რუსეთს.

დასავლეთმა ვერაფრით მოინელა ყირიმის დაკარგვა – რუსეთის რკალში მოქცევის მყარი საყრდენი, ამიტომაც ახალ გზებს ეძებს შავ ზღვაზე უპირატესობის მოსაპოვებლად, რაშიც ქართველი ხალხის სურვილის საწინააღმდეგოდ, ხელისუფლებაც უწევს დახმარებას.

      ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.