15.10.2024

მძიმე დემოგრაფიული სურათი

გავეცანი უკრაინის დემოგრაფიულ სტატისტიკას, რამაც ერთობ სავალალო შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ვინაიდან უმალ გავავლე პარალელი საქართველოზე – უკრაინის მეგობარ ქვეყანაზე, „ფერად-ყვავილოვანი რევოლუციის“ ერთ-ერთ აკვანზე, ევროატლანტიკური კურსის განუხრელ მიმდევარზე, დღევანდელი ყოფით თუ ძალიან არა, ნაწილობრივ მაინც „კმაყოფილზე“.

უკრაინის დემოგრაფია თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც ასახავს მიმდინარე მოვლენებს, რომელიც პოლიტიკით, ეკონომიკით, სოციალური ყოფით არის გამოწვეული. ამ სამ ჩამონათვალს კიდევ ერთი ემატება – სამოქალაქო ომი, რომელიც ცხადია პოლიტიკიდან არის გამომდინარე. ცუდი პოლიტიკიდან.

25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა გორბაჩოვმა საჯაროდ, ტელევიზიით გამოაცხადა თავისი გადადგომა, საბჭოთა კავშირის დაშლა და ყველა საბჭოთა რესპუბლიკას თავისუფალი და დემოკრატიული  ცხოვრების გზა დაულოცა.

არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, რომ არა კრემლიდან ნაბოძები დამოუკიდებლობა, ვინ იცის როგორ დატრიალდებოდა საბჭოთა რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს ცხოვრების ჩარხი. იქნებოდნენ თუ არა ისინი დამოუკიდებლები კრემლს, რომ ისეთი პოლიტიკური სტრუქტურა გაეზიარებინა, რასაც ჩინეთში ჰქონდა და აქვს ადგილი? შეინარჩუნებდა თუ არა ის, ისეთ სახელმწიფო წყობას – სახეშეცვლილის სახით, როგორსაც ჩინეთში აქვს ადგილი?

 იმჟამინდელ საბჭოთა ხელმძღვანელობას საკმაო ძალა გააჩნდა კავშირის შენარჩუნებისთვის, ჩინეთის მსგავსი რეფორმების განხორციელებისთვის, მაგრამ მან სხვა გზა აირჩია – ლიბერალური, რითაც დათმო ყოველივე ის (ტერიტორიების სახით), წინაპრებმა რომ სისხლითა და მახვილით მოიპოვეს საუკუნეების განმავლობაში.

ფუჭია რუსოფობების დაბეჯითებული მტკიცება, რომ რუსეთი ისეთივე დამპყრობელია, როგორიც უწინ და ყველაფერს მოიმოქმედებს საკუთარი ტერიტორიების გასაფართოებლად. რუსოფობებს მაგალითებიც მოჰყავთ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, ყირიმის, დნესტრისპირეთის სახით. მოჰყავთ ზედაპირულად, გაუანალიზებლად, საკუთარი დანაშაულის გასაბათილებლად. არც ერთი მათგანი არ ამბობს მიზეზს, რატომ მოიქცა რუსეთი ასე. არადა, რომ არ მოქცეულიყო, ექნებოდა თუ არა გენოციდს ადგილი აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, დნესტრისპირეთში, ყირიმსა და დონბასში?!

უკრაინის, საქართველოს, მოლდოვას ევროატლანტიკური კურსის მიმდევარი ხელისუფლებების პოლიტიკიდან გამომდინარე, სხვაზე გაფიქრებაც კი შეუძლებელია. თავის დროზე სახაროოვმა საქართველოს, მცირე იმპერია უწოდა, რამაც ჩვენში აღშფოთება გამოიწვია. მაგრამ ჩავიხედოთ ჩვენს გულში, ობიექტურად შევაფასოთ ჩვენი ქცევა დამოუკიდებლად არსებობის ჟამს – ორივე ავტონომიასთან მიმართებაში ომები; მესამესთან, აჭარა მაქვს მხედველობაში, ვითარების უკიდურესად დაძაბვა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თავმოყრილი ახალგაზრდების აჭარისთვის მისევა, იქაური ლეგიტიმური ხელისუფლების განდევნა. და როდესაც განდეგილმა ორმა ყოფილმა ავტონომიამ თავი რუსეთს შეაფარა, ამ უკანასკნელს აგრესორად, ოკუპანტად მოვიხსენიებთ.

ანალოგიური რამ არის უკრაინაშიც. სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოსულმა ბანდერელებმა უმალ ბრძანეს რუსული ენის, ყოველივე რუსულის დაკნინება; მოსკოვთან ეკონომიკური, სხვა კავშირების გაწყვეტა, ხოლო იმათთან, ვინც კიევის მოწოდება არ გაიზიარა – მუშტით ლაპარაკი. შედეგი სახეზეა – 3-წლიანი სისხლიანი დაპირისპირება.

ზემომოყვანილი ფაქტები უდავოდ ბადებენ კითხვებს – მაგალითად ასეთს – რომ არ ყოფილიყო უკრაინის ბანდერული ხელისუფლების მიერ გადადგმული ანტირუსული ნაბიჯები, დაკარგავდა თუ არა უკრაინა ყირიმს ან დონბასს?

დაფიქრებაც არ არის საჭირო ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. არ დაკარგავდა! ისე, როგორც საქართველო არ დაკარგავდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომ არა საქართველოს ხელისუფალთა მიერ 2008 წელს წამოწყებული ომი. უკრაინამ და საქართველომ, ევროატლანტიკური სივრცის დაკვეთით, აიძულეს რუსეთი გადაედგა აგრესიული ნაბიჯი და წერტილი დაესვა იმ ნაციონალიზმისთვის, რომელმაც თავი იჩინა ორივეგან.

საქართველოს პოლიტიკას, ისე, როგორც უკრაინისას, აგრეთვე მასზე მიტმასნილ ტაშის დამკვრელ საზოგადოებას, არ უყვარს სიმართლის თქმა. მათ მხოლოდ თითის გაშვერა უყვართ, ამჯერად რუსეთისკენ, მაგრამ საკმარისია რაღაც არ მოეწონოთ დასავლეთის, უმალ იმასაც გალანძღავენ. აკი ლანძღავენ, მე ვიტყოდი დამსახურებლად, ყველა იმ მანკიერებისთვის, რის დაფუძნებასაც აპირებენ ისინი საქართველო-უკრაინაში.

თვალი შევავლოთ სტატისტიკას, რომელიც უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, უკრაინის მოსახლეობა 12 მილიონი ადამიანით შემცირდა. ეს მონაცემები ემთხვევა საერთაშორისო პროგნოზებს, მაგალითად გაეროს, რომელმაც ივარაუდა, რომ 2050 წლისთვის უკრაინის მოსახლეობა, საუკეთესო შემთხვევაში 39 მილიონი იქნება, უარეს ვითარებაში – 31 მილიონი. საშუალოდ უკრაინაში 35 მილიონი ადამიანი იცხოვრებს.

დეპოპულაციამ ჩვეულებრივი ხასიათი შეიძინა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია – ასე მიიჩნევს აღნიშნული ინსტიტუტი. სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს უკრაინაში დაიბადა 397000 ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა 584000 ადამიანი. 2001 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით უკრაინაში 54 მილიონი ადამიანია. ახალი აღწერა არ ჩატარებულა ორი მიზეზის გამო – გაბერილი ციფრები ხელს უწყობს საარჩევნო მანიპულაციას და „მკვდარი სულები“ ეხმარება ხელისუფლებას სახელმწიფო ბიუჯეტის ძარცვაში.

დამოუკიდებლობის წლებში შექმნილმა გაუსაძლისმა ეკონომიკურმა და სოციალურმა ვითარებამ მილიონობით უკრაინელი მიაყენა რუსეთის, ევროკავშირის, სხვა ქვეყნების კარს, თუნდაც ყველაზე მძიმე და შავი სამუშაოს შესრულებისთვის. აქედან გამომდინარე, უკრაინის მოსახლეობა რომ 54 მილიონი აღარ იქნება, ფაქტია.

ინსტიტუტმა მოსახლეობის რაოდენობის დასადგენად სხვა მეთოდი გამოიყენა – პურის წარმოება. 2010 წლიდან (2464 ათასი ტონა) ის დაეცა 2-ჯერ ანუ 1123 ათას ტონამდე. 2010 წელს მომხმარებლის მიერ პურის მოხმარების ნორმა შეადგენდა 45 კგ წლიურად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსახლეობა პურის დახლებს დააცარიელებს, მომხმარებელი არ გაიზრდება – რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის რაოდენობა 25 მილიონს არ აღემატება.

„The National Interest“-ის ექსპერტი ნოლან პეტერსონი მიიჩნევს უკრაინის მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრ შემცირებას ამ ქვეყნის განვითარების უმთავრეს ბარიერად. მისი აზრით, ის, ვინც დღეს ამ ქვეყანას მართავს სხვაგვარად უნდა მოიქცეს, მაგრამ პირიქით ხდება, თითქოს ისინი ხელს უწყობენ დეპოპულაციას.

შეიძლება თუ არა უკრაინის ხელისუფალთა პოლიტიკას, ისე, როგორც საქართველოს, ეწოდოს საკუთარი ხალხის გენოციდი?

კითხვა უდავოდ არ არის ხელისუფლებაზე განაწყენებული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ დასმული. უბრალოდ კითხვის მასტიმულირებელი მთელი რიგი პრობლემებია, რომელთა მოუგვარებლობა საბოლოო ჯამში იწვევს დეპოპულაციას.

დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, საბჭოთა რესპუბლიკებში არ აღმოჩნდნენ ისეთი პოლიტიკოსები, ეკონომისტები, იურისტები, რომლებიც ალღოს აუღებდნენ საბაზრო ეკონომიკურ ცხოვრებას და მეტნაკლებად ისე მომართავდნენ ქვეყნის საჭეს, კატასტროფისგან რომ თავი დაეზღვიათ. ზოგიერთმა მათგანმა უკვე ყოფილ ცენტრთან მყისიერად გაწყვიტა ეკონომიკური კავშირები, პოლიტიკურზე რომ არაფერ ვთქვათ და დასავლეთს ჩაეხუტა. ამ პროცესს თვით დასავლეთმა, განსაკუთრებით აშშ-ა მისცა ბიძგი და ისე ჩაიხუტა საღეჭ რეზინებს დახარბებული ყოფილი საბჭოელები, როგორც წლობით უნახავი ღვიძლი ძმები. ამ თვალსაზრისით გამოირჩევიან საქართველო, უკრაინა, მოლდოვა.

სწორედ ეს სამეული აღმოჩნდა ყველაზე სუსტი რგოლი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების ჯაჭვში. სწორედ ამ სამმა დედის რძესავით შეირგეს ე.წ. დასავლური დემოკრატია. სწორედ ამ სამში ჰქონდა ადგილი „ფერად-ყვავილოვან რევოლუციებს“. დანარჩენში, არ განხორციელდა. სწორედ ამ სამში დაიხარჯა ამერიკული ფული „გადემოკრატებისთვის“ გამოყოფილი. სწორედ ამ სამში მოხდა ხელისუფალთა ცვლა – დასავლურზე. სწორედ ეს სამი გადაიქცა აშშ-ს ანტირუსული პროპაგანდის ფუნდამენტად. სწორედ ამ სამში მოსახლეობა დარჩა გაბითურებული, ხოლო მისი გამბითურებელი ხელისუფლება – გალაღებული.

ამ სამი ქვეყნის მოსახლეობა მხოლოდ დღეს იწყებს ლაპარაკს იმაზე, თუ როგორ გააცურა დასავლეთმა, კერძოდ აშშ-ა ის. არადა, რა იმედებს ამყარებდნენ აშშ-ზე. განვლილი ცხოვრების გაკვეთილებიდან გამომდინარე ხალხი, რომელიც კრემლის კანფეტებს იყო მიჩვეული, ამერიკისგან შოკოლადებს მოელოდა. მათ ვერ წარმოედგინათ, რომ საბჭოთა კავშირის დროს უხვად მიღებული სიკეთეები აღარასოდეს გამეორდებოდა, მითუმეტეს აშშ-ს მხრიდან, რომელიც რწყილს ატყავებს თავისი კეთილდღეობისთვის.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველომ დამოუკიდებლობის წლებში სამხედრო-ეკონომიკური დახმარების სახით აშშ-დან 900000-მდე დოლარი მიიღო. იყო სხვა დახმარებაც, სხვადასხვა ფონდებიდან, მაგრამ ჯამურად არც ისეთი მნიშვნელოვანი, რომ გადარეულებს ჭკუა-გონება დაგვეკარგა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში დავკარგეთ კიდევაც და იმ ზომამდე მივედით, მზე ამერიკაში ამოვიყვანეთ. როგორც იქნა ხალხმა გამოფხიზლება დაიწყო. ნუთუ ამისთვის ცოცხის ტარის ანალურ არხში გარჭობა იყო საჭირო?

დასავლეთი რა შუაშიაო – იკითხავს მკითხველი. იმ შუაშია, რომ სწორედ მან დაგვინიშნა მმართველად სააკაშვილი, მანამდე შევარდნაძეს უსვა თავზე ხელი, ხოლო ამჯერად ივანიშვილს აბატონებს თავისი ჯიბის მთავრობით.

აშშ-ს მიზანი არასდროს ყოფილა რომელიმე ქვეყნის ფეხზე დაყენება, იქ ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, მეცნიერების განვითარება. მისი მიზანი ყოველთვის იყო და არის ეგოისტური. მატრაკვეცა დასავლელები ხშირად ამბობენ – „მარშალის გეგმამ“ ფეხზე დააყენა ევროპაო. გეთანხმებით, მაგრამ თვალი შევავლოთ მედლის მეორე მხარეს. რა ფული იშოვა აშშ-ა „მარშალის გეგმით“?! პოლიტიკურ დივიდენდებზე აღარაფერს ვამბობ. სწორედ იქედან მოყოლებული, ევროპა, აშშ-ს დანამატია – სუვერენიტეტდაკარგული, დიდი ბატონის თვალებში შემციცინე.

25 წლის განმავლობაში საბჭოთა საქართველო, დიდი კავშირის წარმატებული ქვეყანა, მათხოვრად იქცა. ქარხანა-ფაბრიკები ჯართად გაიყიდა, თანაც სასაცილო ფასებში. განადგურდა ნებისმიერი სახის წარმოება. დაიწყო კატასტროფული უმუშევრობა, სანაგვე ყუთების ქექვა. განადგურდა განათლების სისტემა, სწავლის ხარისხი; შემორჩენილი სამსახურებიდან განიდევნა გამოცდილი, პროფესიონალი კადრები; დაეცა სამედიცინო მომსახურება; იმატა სიკვდილიანობამ; კატასტროფულად შემცირდა შობადობა და ამასთანავე ქვეყნის მოსახლეობა. მშიერმა ხალხმა რუსეთს, თურქეთს, საბერძნეთს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, აშშ-ს მიაკითხა, ცხადია არალეგალურად, თავის და ოჯახის გამოსაკვებად. ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

საბჭოთა საქართველოს ხუთმილიონნახევარი მოსახლეობა სამ მილიონნახევრამდე დავიდა და ისე, როგორც უკრაინას, დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება. გაეროს მონაცემებით, სულ რაღაც 20 წლის თავზე საქართველო მკვდარ ერებს შორის დაიკავებს ადგილს. რა შეიძლება ვუწოდოთ ამას, თუ არა გენოციდი?

და როდესაც ესოდენ სავალალო რეალობასთან გვაქვს საქმე, ხელისუფლება, დასავლეთის მიერ წაქეზებული, დიდ გამარჯვებად აღიქვამს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მოგზაურობას.

25 წლის განმავლობაში აშშ-ს არც ერთი საწარმო არ გაუხსნია საქართველოში. რაც მან გახსნა ლუგარის სახელობის ბიოლოგიური კვლევის ცენტრია – ერთობ საეჭვო რეპუტაციის (ასე მიიჩნევენ თვით ამერიკელი ექსპერტები). ჯერ არავინ იცის, რა უბედურებას შეყრის ეს ლაბორატორია საქართველოს საექსპერიმენტოდ გამწესებულ მოსახლეობას. ხალხს დაავიწყეს შრომა, სამშობლოს სიყვარული, აზროვნება, ვითარების გაანალიზების უნარი. ქვეყანა აშშ-ს მორჩილ პირუტყვად გადააქციეს.

ამ გასაჭირშია მოქცეული სამივე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა. შეხედეთ დანარჩენებს, ვინც რუსეთთან ურთიერთობა ამჯობინა ამერიკულ „საღეჭ რეზინებს“ – ბელარუსი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი და ა.შ. ყველგან იგრძნობა თანამედროვე ცხოვრების მაჯისცემა. როდესაც ასტანაში მსოფლიოს ეკონომიკური მიღწევების გამოფენა ტარდება, თავისთავად ხაზს უსვამს ყაზახეთის წინსვლას. როდესაც აზერბაიჯანი, ევროპის ქვეყნების ოლიმპიურ თამაშებს, ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ატარებს – ქვეყნის კეთილდღეობას ნიშნავს.

ყველა მათგანმა რუსეთთან ურთიერთობის გაგრძელება ამჯობინა, რაც სულაც არ ნიშნავს რუსული დიქტატის ქვეშ მოქცევას. ან რომელ რუსულ დიქტატზეა ლაპარაკი, როდესაც დსთ-ს არც ერთმა წევრმა ქვეყანამ არ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა?

რუსეთის ხელისუფალთ მათთვის არ დაუძალებიათ ამის გაკეთება, თვით კი, ნაცვლად „დიდი ძმის“ გასახარად, არ გადადგეს ასეთი ნაბიჯი.

 დსთ არ არის ის გაერთიანება, სადაც რუსეთი ჰეგემონობს და ისე, როგორც წინათ „დიდი ძმის“ როლს ასრულებს. რამდენად გონებაჩლუნგი, ინფორმაციას მოკლებული უნდა იყოს ნებისმიერი რუსოფობი, რომ მოძველებული „პლასტინკა“ ატრიალოს, რუსეთის დიქტატურის თაობაზე და აქედან გამომდინარე საქართველოს მოსახლეობა აშინოს რუსული ჩექმით.

საქართველოს პოლიტიკამ დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე მცდარი ნაბიჯი გადადგა და ორიენტირად ევროატლანტიკური სივრცე დაისახა, რასაც მოჰყვა ზემოჩამოთვლილი „სიკეთეები“. ქვეყანა და მისი მოსახლეობა გაჩანაგდა. ხალხმა მიატოვა სამშობლო და სხვა სამშობლო გაიჩინა, სადაც მძიმე შრომით ფულს აკეთებს და პირველ სამშობლოში დარჩენილ ოჯახს არჩენს.

სწორედ უცხოეთიდან გამოგზავნილი ფულით უდგას სული საქართველოს. არის თუ არა ეს საქართველოს ხელისუფალთა და მათი მხარდამჭერი აშშ-ს მზაკვრული პოლიტიკის შედეგი, მიმართული ქვეყნის აბორიგენი მოსახლეობისგან დაცლისკენ?

საქართველოს დაცარიელებულ სოფლებს კალიებივით შეესივნენ ჩინელები, ინდოელები, პაკისტანელები, სხვები. საქართველოს დარჩენილი მოსახლეობა, რომელსაც საკუთარი მარჯვენის გარდა არაფერი აქვს შემორჩენილი, გადამთიელთა სამსახურშია ჩამდგარი და მიზერული შემოსავლის ფასად ამდიდრებს მას.

საქართველოს გაძვალტყავებულ მოსახლეობას საკუთარ მიწასაც ართმევენ, რაც საბოლოოდ მსუყე წერტილს დაუსვამს ქართველის არსებობას თავისსავე ქვეყანაში. ვის უნდა „უმადლოდეს“ ყოველივე ამას ქართველი – რუსეთს თუ აშშ-ს?

რუსეთმა, ქართლ-კახეთის გაწამებული სამეფო როდესაც ჩაიბარა, მოსახლეობა ნახევარ მილიონსაც არ აჭარბებდა და როდესაც თავისუფალი ცხოვრების გზა დაგვილოცა, ხუთნახევარ მილიონს აღწევდა. ამ რაოდენობით ჩავეხუტეთ დასავლეთს, კერძოდ აშშ-ს და დაიწყო მოსახლეობის დეპოპულაცია. დღეს სამ მილიონამდე ვართ, თუმცა უახლოეს მომავალში, გაეროს გათვლით, მილიონნახევარი ვიქნებით. არის თუ არა ეს გენოციდი?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.