უვიზო მოგზაურობის სიკეთე

იმ ადამიანთა შორის, რომლებიც ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე (კარგი გაგებით) გამუდმებით გაჰყვირიან, ორი ანზორია – საკანდელიძე და თოთაძე. სამწუხაროდ, ასეთთა რიცხვი ძალიან ცოტაა. გარდა ამისა, არც მედია იკლავს თავს მათი ხშირად გამოსაჩენად, ვინაიდან ასეთთა მოსაზრება ეწინააღმდეგება მმართველი პარტიის მოსაზრებას, რომლის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები გაცილებით სჯობს გასული წლის მაჩვენებლებს.

მთავრობის მიხედვით, სადარდებელი არაფერი გვაქვს, მითუმეტეს დღეს, როდესაც ევროპამ ფართოდ გაგვიღო კარი და გულში ჩაგვიხუტა. „ჩვენ ერთად ვიზრდებოდით როგორც ხალხები, კულტურები, ერები. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვბრუნდებით ევროპაში, რომელსაც ოჯახად მივიჩნევთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ათენის კაპოდისტრიას სახელობის უნივერსიტეტში გამართულ ქართულ-ბერძნულ კონფერენციაზე „საქართველო – ევროპიდან ევროპამდე“. 

შემდეგი იყო ბრიუსელი და ევროკავშირის მაღალჩინოსნების მასპინძლობა, მათი დამამშვიდებელი განცხადებები, მოლოცვები აი, ასეთი – „ქართველებო ისიამოვნეთ ევროპით“ – იოჰანეს ჰანი; „ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც საქართველოც და ევროკავშირიც არადემოკრატიული ქვეყნის რუსეთის მხრიდან არსებული გამოწვევის წინაშე დგას“ – ევროპარლამენტარი ანა გომეში; „იბრძოლეთ ევროკავშირში გაწევრებისთვის“ – ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი. ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

საქართველომ მიიღო ევროპაში უვიზო მოგზაურობის შესაძლებლობა და უნდა ვიმედოვნოთ, რომ ამ თემაზე გაუთავებელ ლაპარაკს, წერტილი დაესმება. ყოველ შემთხვევაში ისეთი ეკზალტირებული (ხელისუფალთა მხრიდან)  აღარ იქნება, რასაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი.

უვიზო მიმოსვლა კარგია, უდავოდ სჯობს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საკონსულოებთან ყურყუტს, საკონსულო მუშაკებთან უაზრო პოლემიკას, ხშირ შემთხვევაში მათი მხრიდან უტაქტო, უდიერ მოქცევას.

დღიდან, დამოუკიდებლად არსებობისა, რამდენ შეურაცხყოფას გაუძლო საქართველოს მოქალაქემ ევროპაში გასამგზავრებლად – ავტობუსების საბარგულში მოგზაურობით დაწყებული, თურქეთ-საბერძნეთის ტყე-ღრე ხეტიალით და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთით დამთავრებული. იყო გამუდმებული ძებნა პირისა, რომელიც რომელიმე ქვეყნის (ცხადია ევროკავშირის წევრის) კონსულთან მოძებნიდა საერთო ენას და მოქრთამვით გაკაფავდა ვიზის მიღების გზას.

ძვირს აფასებდნენ შენგენის ვიზას „პატიოსანი“ და „არაკორუმპირებული“ ევროკავშირელი საკონსულო მუშაკები. დარწმუნებული ვარ, ისინი პირველები იქნებიან იმათ შორის, ვისაც საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლა რომ არ გახარებიათ. მათ ხომ დამატებითი „შავი“ შემოსავალი დაკარგეს?!

ვიმეორებ, უვიზო მიმოსვლა კარგია, მაგრამ არც გადასარევი, თუნდაც ისეთი, როგორიც საქართველოს ხელისუფლებამ გამოავლინა – ზღვარს გადასული რიტორიკით. რას მივაწეროთ ეს? უპირველესად იმას, ოთხი წლის განმავლობაში, რომ არაფერი მნიშვნელოვანი არ გაგიკეთებია და უვიზო მიმოსვლაც საქმეა? ანუ როგორც რუსები იტყვიან – „უთევზობისას, კიბორჩხალაც თევზია“.

ხელისუფლება ვერ ასრულებს დაპირებებს; არ იზიარებს მოსახლეობის გულისწყრომას მთელ  რიგ საკითხებთან დაკავშირებით; აგრძელებს საკუთარი თავის მოჭარბებულ პატივისცემას პრემიების, ხელფასზე დანამატების სახით; უცხოეთში გაუთავებელ, ძვირადღირებულ მოგზაურობებს და ა.შ. 

დანარჩენს, რომ თავი დავანებოთ, თუნდაც კვირიკაშვილის, მისი მინისტრების, მეცნიერების, სტუდენტების მოგზაურობა ათენსა და ბრიუსელში „უვიზო ზეიმთან“ დაკავშირებით, თბილისში გამართული ტაშფანდური ხომ დიდი ფული დაჯდა?! და ეს იმ ქვეყანაში, რომელსაც მძიმე პრობლემები აქვს, შეთხელებული სახელმწიფო ბიუჯეტის გამო.

დასაწყისში ვახსენე ორი ანზორი. ერთ-ერთი, საკანდელიძე სისტემატურად ახსენებს ხელისუფლებას იმ დარღვევების შესახებ, რასაც მშენებლობაში აქვს ადგილი, მაგრამ არის ვინმე იქ, რომ გაიზიაროს ეს მოსაზრება? უკონტროლო მშენებლობამ წალეკა თბილისი. თუ ამას დავუმატებთ მდარე ხარისხს და არამდგრადობას, საქმე უდავოდ საგანგაშოა, მაგრამ ვის სცალია ამისთვის?

ხელისუფლება დღემდე ვიზალიბერალიზაციით ირთობდა თავს. სამომავლოდ, ნატოში შესვლით გაირთობს და ჩვენც გაგვართობს. საჭირბოროტო საკითხების, სიღრმისეული ხედვით ის არც გუშინ გამოირჩეოდა და არც დღეს. „ოცნების“ შემქმნელი, საკუთარ ბაღჩაში წალკოტის შექმნითაა დაკავებული. საქართველოს ხელისუფლება – „სისხლსავსე“ ცხოვრებით, როგორითაც გასული 4 წლის განმავლობაში. და ასეთ დროს, ვის სჭირდება საკანდელიძის შეძახილი?

ახლა, რაც შეეხება მეორე ანზორს, თოთაძეს – აქ უფრო სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ეს დემოგრაფიაა. გაეროს მიერ ჩატარებული კვლევით, 2050 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობა 2985000-მდე შემცირდება. კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 2002 წლის მონაცემებთან შედარებით 15%-ით შემცირდა. ამ მაჩვენებელთან ერთად იზრდება სიღარიბის მაჩვენებელიც.

გაერო აღნიშნავს, რომ დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებისთვის საჭიროა ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების თვალსაზრისით.

გაეროს კვლევას არ ეთანხმება პროფესორი ანზორ თოთაძე: „2050 წლისთვის ჩვენი მოსახლეობა სამი მილიონიც აღარ იქნება. არადა, ეს უკვე ასეა – ქართველები აღარ ვართ სამი მილიონი. ასე, რომ რეალურად მდგომარეობა იმაზე გაცილებით სავალალოა, ვიდრე გაეროს მონაცემები. ჩვენ უკვე ვდგავართ დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზე. ეს არის ერისა და სახელმწიფოს ნელი სიკვდილი და ამ მიმართულებით გადასადგმელია სერიოზული ნაბიჯები. დემოგრაფიული ვითარების გამოსასწორებლად, საჭიროა ფინანსები და პოლიტიკური ნება, ეს ფინანსური ნაკადი რომ მოხმარდეს საქმეს“.

სავალალო ვითარებაა და ამ დროს ვიზალიბერალიზაციის ზეიმი, „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობა, ვიღაც გადამთიელებისა თუ ახლომთიელების გაუთავებელი მასპინძლობა (ან როგორ უძლებს ხელისუფალთა კუჭები ესოდენ დატვირთვას?), ასევე გაუთავებელი, უმიზნო ვიზიტები ამა თუ იმ ქვეყანაში. ცალკე  პრემიერი დარბის უცხოეთში თავის ამალასთან ერთად, ცალკე პრეზიდენტი – ისიც ამალასთან, ცალკე პარლამენტარები, მინისტრები და ა.შ. ვის სცალია დემოგრაფიისთვის, ვინ ჩაუღრმავდება ამ საკითხს, ვინ გამოყოფს ფულს „მეორეხარისხოვანი“ საკითხებისთვის, როდესაც პირველხარისხოვანი – საკუთარი კუჭის და ორგანიზმის გალაღებაა.

ჩვენმა მეზობელმა და საძულველად ქცეულმა რუსეთმა თითქმის მოაგვარა ისეთივე პრობლემა, როგორიც ჩვენია ანუ დემოგრაფია. სულ ახლახანს ქვეყნის პრეზიდენტმა პუტინმა სატელევიზიო გამოსვლის დროს ხაზგასმით აღნიშნა რუსეთში სიცოცხლის გახანგრძლივების შესახებ, ამასთანავე მოსახლეობის ზრდის თაობაზე. არადა, გაეროს 10 წლის წინანდელი მონაცემებით რუსეთში სავალალო მდგომარეობა იყო. რით მიაღწია ჩვენმა მეზობელმა ესოდენ დიდ წარმატებას? – დემოგრაფიის დარგში ახალი სახელმწიფო პოლიტიკითა და კონკრეტული გეგმებით, რომელიც თავისთავად გულისხმობს მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსურ დახმარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით მცირე შემოსავლის მქონეთათვის ფინანსურ დახმარებას და ა.შ.

ბატონი ანზორ თოთაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო პროგრამიდან გამომდინარე, დემოგრაფიული საკითხები, სოციალური თემები სისტემატურად უნდა შუქდებოდეს, როგორც ელექტრონულ, ისე ბეჭვდით მედიაში. ვინ აქცევს ამას ყურადღებას? არც არავინ. არც ერთი ელექტრონული საშუალება თავს უფლებას არ აძლევს საჭირბოროტო საკითხებზე, რომლებიც ჩვენი გაუკუღმართებული ყოველდღიური ცხოვრების თანამგზავრია, ყურადღების გამახვილებას. ნაცვლად ამისა ერთი ჭიაკოკონაა დანთებული მიყურადების თემაზე, ახალ კონსტიტუციაზე და რაც მთავარი და „უმთავრესია“ ვიზალიბერიალიზაციაზე, ევროპაში ინტეგრაციაზე და ა.შ.

დიახ! ჩვენ მოგვწონს ევროპის ფასადი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ შიგნით ჩავიხედავთ, აღარ მოგვეწონება და რატომ? – დასუფთავებულ ქუჩებს, ლამაზ ფასადებს, სუფთა სადარბაზოებს, შესაშურ მომსახურებას, სხვა პოზიტიურ მრავალს, თავაუღებული, რაციონალური შრომა სჭირდება, რაც არც ქართული სადღეგრძელოებით მიიღწევა და არც „ძმაოს“ ძახილით, არც შავ, უზარმაზარ ჯიპებზე წამოსკუპებით და არც საკუთარ ნაკვეთში ასწლიანი, უნიკალური ხეების გადარგვით.

რახან ამ თემას შევეხე, იმასაც გეტყვით, მეფის რუსეთის პროფესორმა, რუსმა კრასნოვმა, თავის საქმეში შეყვარებულმა პიროვნებამ, საქართველოში ორი ბოტანიკური ბაღი შექმნა – ერთი აჭარაში, მეორე თბილისში. ორივეში, უნიკალური ხეები საზღვარგარეთიდან, სამხრეთ ამერიკიდან ჩამოიტანა. მას არ უკადრებია ის, რასაც ჩვენი თანამედროვე კადრულობს – ასწლიანი ხის ე.წ. მომავალ ბაღში გადარგვა. არც ის უკადრებია ვეება ხეების ტრანსპორტირების პროცესში სხვა ხეები მოეჭრა ან სარკინიგზო და სამანქანო გზა ჩაეხერგა – კომუნიკაციის სერიოზული შეფერხების დონეზე.

ვინმე, ხელისუფლებიდან, კითხულობს, რატომ შეჩერდა მოძრაობა, რატომ ჩაიჭრა რკინიგზის ელექტროსადენები? ვინმე კითხულობს – არის თუ არა მავანის ქცევა კანონიერი?

არც არავინ. პირიქით, ზოგი, მაგალითად ლია სტურუას მსგავსი იტყვის – კაცმა უპატრონოდ მიტოვებული ხე, რომელსაც ძაღლის მიშარდვა არ ასცდებოდა, „საფრთხეს“ განარიდა, თავისთან გადაიტანა, განა დასაგმობი ქცევააო?

ნეტავ, ვისთვის აშენებს ივანიშვილი შეკვეთილის ბაღს – არარსებული საქართველოსთვის? ისეთში, სადაც „მალე ეთნიკურ უმცირესობაში აღმოვჩნდებით“ (ა.თოთაძე). როგორც ჩანს ივანიშვილიც და მის მიერ მოყვანილი მთავრობა სხვა გალაქტიკაში იმყოფებიან, სადაც გაბრწყინებული საქართველოა და არა რეალურში, უდიდესი პრობლემებით დახუნძლულში.

ხელისუფლება, რომელიც უვიზო მიმოსვლას უდიდეს წარმატებად მიიჩნევს, თანაც ქვეყნის გაუარესებული დემოგრაფიის ფონზე, მთლად დალაგებული აზროვნებისა არ უნდა იყოს, ვინაიდან ეს გზა სავარაუდოდ საქართველოს დაცარიელების გზად შეიძლება აღვიქვათ. და რაც არ უნდა ამტკიცოს მთავრობამ, რომ ამას ადგილი არ ექნება – ძნელი დასაჯერებელია.

როგორც ჩანს, ხელისუფლებას ეს არ ადარდებს, ვინაიდან მასაც ისეთივე გათვლები აქვს, როგორიც სააკაშვილს – მილიონნახევარი ადამიანი საქართველოში, დანარჩენი ევროპაში და სხვა ქვეყნებში. რით არის ცუდი?

ხელისუფლებისთვის არც არაფრით. დემოგრაფიული პრობლემებიც მოიხსნება,  სოციალურიც და თუ ევროკავშირში შევალთ – ეკონომიკურიც. ნატოს სიკეთეზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. და დარჩება ხელისუფლება სხვაზე გადაბარებული პასუხისმგებლობით, ბედნიერი, კაკლის ხის ქვეშ განცხრომაში მყოფი – ლუარსაბივით, ბუზების თვლით დაკავებული.

      ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.