08.12.2024

მსოფლიო პოლიტიკა – აბსურდის თეატრი

თანამედროვე პოლიტიკა, რომ აბსურდის თეატრს ჰგავს, გასაკვირი არ არის. იმ პოლიტიკოსებიდან, ვინც ხელისუფლებაშია, უკეთესს არ უნდა ველოდეთ. პოლიტიკოსობაზე ბევრი აცხადებს პრეტენზიას, ზოგს უმართლებს და ქვეყნის სათავეში ექცევა, ხოლო მის მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული უხვი დაპირებები, მივიწყებას ეძლევა.  

საშუალო და დაბალი დონის პოლიტიკოსთა ჯირითია საერთაშორისო არენაზე. მათი სიტყვა და საქმე მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან და არათუ სიტყვა და საქმე, არამედ სიტყვა და სიტყვაც, გუშინდელი წარმოთქმული და დღევანდელი ნათქვამი. აზრთა სხვადასხვაობა, თანაც დროის მცირე მონაკვეთში, მათ არ აწუხებთ ერთი მარტივი მიზეზის გამო – მას გარანტირებული საარჩევნო ვადა ჰქვია.

დღევანდელ პოლიტიკოსთა უმთავრესი მიზანი, არა საქმის კეთება, არამედ სავარძლის შენარჩუნებისთვის ბრძოლაა. და იბრძვიან ობამები, ოლანდები, კემერონები, მერკელები, სხვები და სხვები საკუთარი სავარძლებისთვის. და ამ ბრძოლაში, თუ ოდნავ მაინც აკეთებენ საქვეყნო საქმეს – დიდი შეღავათია.

გახსოვთ ალბათ, რა ზარ-ზეიმით შეხვდა ფერადკანიანი ობამას გაპრეზიდენტებას მსოფლიო. ბევრი თვლიდა, რომ მის წინასაარჩევნო დაპირებას მალე ეღირსებოდა, როგორც აშშ-ს, ისე მსოფლიოს საზოგადოება. ისიც გემახსოვრებათ, ინაუგურაციაზე ობამას შთამბეჭდავმა სიტყვამ რა დადებითი ემოციები გამოიწვია ჩვენში. რა არ იყო ამ სიტყვაში – ომების დამთავრება და ახლო აღმოსავლეთის პრობლემების მოგვარება, ირანთან ურთიერთობების დაწყება-გაუმჯობესება, რუსეთთან პრაგმატული კავშირების ჩამოყალიბება, სხვა მრავალი.

შთამბეჭდავი იყო ნობელის პრემიის მიღებისას ობამას სიტყვა, უფრო სწორად, ფიცი, რომ აშშ-ი არასდროს წამოიწყდება ახალ ომს, რომ ის (აშშ) სალი კლდესავით იდგებოდა მსოფლიო მშვიდობის სადარაჯოზე.

ექვსი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ დაპირებები არ ჩანს. და დარჩენილი 2 წლის განმავლობაში (საპრეზიდენტო ვადა), ალბათ, არც გამოჩნდება. არ ჩანს ომისა და მშვიდობის გლობალურ თემასთან შედარებით, ნაკლები საკითხის მოგვარება – გუანტანამოს დახურვა. ობამას პრეზიდენტობის პირველსავე საათებში ითქვა გუანტანამოს ციხის დახურვის თაობაზე, მაგრამ ის დღესაც არსებობს, როგორც ამ ქვეყნის ჩართულობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის კონფლიქტებში.

ამერიკა პირდაპირ არ ჩაბმულა ლიბიის ომში, მაგრამ კულისებიდან მართავდა პოლკოვნიკ კადაფის წინააღმდეგ გაჩაღებულ ნატოს ომს. შედეგი? კატასტროფული – დღევანდელი ლიბია მუსლიმი ექსტრემისტების საჯირითო არენადაა ქცეული – დაქუცმაცებული, ერთმანეთთან მეომარი ტომებით.

რომ არა გენერალი ალ სისის შეუპოვრობა, ეგვიპტეშიც იგივე ვითარება იქნებოდა. სამხედრო გადატრიალებამ წერტილი დაუსვა „ძმები მუსლიმანების“ ბატონობას, ეგვიპტის განადგურებას. „ძმები მუსლიმანების“ მმართველობის დამხობამ დაამწუხრა ობამა და მისი ადმინისტრაცია, მაგრამ ეგვიპტე იხსნა პერმანენტული, „ცხელი წერტილის“ გაჩენისგან.

ობამას ინიციატივით და მისი პარტნიორი სახელმწიფოების მეცადინეობით, სირია ხანგრძლივი ომის კერად გადაიქცა. ობამა და მისი ევროპელი კოლეგები დაუფარავად ებრძოდნენ ბაშარ ასადის ხელისუფლებას, ამარაგებდნენ სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ექსტრემისტულ ისლამს, მათ შორის „ალ-ქაიდას“.

სწორედ  მსგავსი უკიდეგანო დახმარება გამოდგა საწინდარი ისეთი ტერორისტული ისლამური დაჯგუფების ჩამოყალიბებისა, რომელიც დღეს შიშის ზარს სცემს ახლო აღმოსავლეთს და რომელსაც საკმაოდ დიდი ტერიტორიები უკავია სირიასა და ერაყში. ისლამური სახალიფო – სერიოზული ძალაა, გაცილებით მეტი, ვიდრე „ალ-ქაიდა“. სახალიფოს, მთელი ერაყის და არა მარტო ამ ქვეყნის, სხვა ქვეყნების დაპყრობა აქვს პროგრამაში.

რასა იქმს ობამას ადმინისტრაცია? ჯერ-ჯერობით ექსტრემისტული ისლამის ძალების საჰაერო დაბომბვებს.

ამერიკელთა მოქმედება ემსგავსება ერთი და იმავე მდინარეში მეორედ შესვლას. ეს მდინარე – ერაყია. ეს მდინარე ექსტრემისტული ისლამისთვის (ასადის წინააღმდეგ) სამხედრო-ფინანსური დახმარებაცაა. ექსტრემისტულ ისლამთან ფლირტი აშშ-ა ავღანეთში დაიწყეს. სწორედაც რომ ვაშინგტონის დახმარებით ჩამოყალიბდა საბჭოთა ჯართან მებრძოლი „თალიბანი“ და ბინ ლადენის, „ალ-ქაიდა“. დღეს, ეს ძალები, შემქმნელის წინააღმდეგ იბრძვიან.

ავღანეთში დაშვებული შეცდომა, ობამამ შეცდომად არ მიიჩნია და სირიაში, ასადის მოწინააღმდეგე ექსტრემისტებს გაუწია დახმარება. ეს ექსტრემიზმი დღეს დამხმარეს ებრძვის, ანუ აშშ-ს. ისიც თავის მხრივ ბომბავს მას. უკანასკნელი ცნობების მიხედვით, ამერიკის ადმინისტრაცია ცდილობს გამოძებნოს ბაშარ ასადთან მისასვლელი გზები, რათა მან თავის მხრივ შეტევა მიიტანოს სირიისა და ლევანტის ექსტრემისტულ სახალიფოზე. რა ჰქვია ასეთ პოლიტიკას, თუ არა აბსურდის თეატრი?!

ობამას უშუალო მონაწილეობით მოხდა და ხდება ის, რასაც ადგილი აქვს უკრაინაში. ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა, ფაშიზმის „ბაცილებით“ გაჯერებული ხელისუფლების კურთხევა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება და ამით მსოფლიო ეკონომიკის დასუსტება.

ობამა თვალს ხუჭავს უკრაინის არმიის სადამსჯელო ოპერაციაზე საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. დონეცკისა და ლუგანსკის მიდამოები ნანგრევებადაა ქცეული. მილიონამდე ადამიანი რუსეთშია გახიზნული. უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით – აღმოსავლეთ უკრაინის აღსადგენად 8 მილიარდი დოლარიც არ იკმარებს. სიცოცხლეს ვეღარავინ დაუბრუნებს ომში დახოცილ 2000-ზე მეტ მშვიდობიან მოსახლეობას.

ამერიკელთა მიზანმიმართული მოქმედებით, უკრაინა ისე გადაეკიდა რუსეთს, რომ კარგა ხანს ამ ორ ქვეყანას შორის, ფაქტიურად ერთი სისხლისა და ხორცისა, ნორმალური დამოკიდებულება არ იქნება. და ეს, ყველაფერი, ნობელის პრემიის ლაურეატის, აშშ-ს პრეზიდენტის, ობამას წყალობით.

ობამას მეცადინეობით არც მოკავშირეები ჩამორჩებიან ჭკუის დამრიგებელს, ვინაიდან არც ერთი მათგანი არ გრძნობს საკუთარ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. ობამაც ლაღობს. აიქნევს ჯადოსნურ ჯოხს და როგორც თვალებში შემციცინე ფინიები, ისე ასრულებენ მერკელი, ოლანდი, კემერონი, სხვები დიდი დამრიგებლის ბრძანებას.

იტყვის ობამა – რუსეთია დამნასავე უკრაინის მოვლენებში, და ყველა ერთად აღაღადდება – დამნაშავეაო. იტყვის ობამა – დამნაშავე რუსეთი უნდა დაისაჯოს, და ევროსივრცე უმალ პასუხობს ობამასთვის საამოდ მოსასმენი ანტირუსული განცხადებებით, მეტადრე ქმედებებით.

სწორედ, ასეთმა გაუთვლელმა მოქმედებამ ევროპის ეკონომიკა სავალალო დღეში ჩააგდო. ობამას დავალებით, ვაშინგტონელი ემისრები მთელს მსოფლიოს არიან მოდებული, ერთად-ერთი თხოვნით მასპინძელი ქვეყნის მთავრობის მიმართ – შემოიღონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

არადა ობამას საინაუგურაციო სიტყვაში რომ კარგ ურთიერთობებზე იყო მახვილი დასმული?!

ობამას გაპრეზიდენტება იმიტომ მოეწონათ ევროპის ხალხებს, რომ ამერიკა შეცვლიდა სხვაზე ზეწოლის პოლიტიკას და იმის ხაზგასმას, რომ დედამიწაზე მხოლოდ ის არის, რაც არის. სხვათაშორის, ეს კეთილშობილური მოსაზრება 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გაისმა, მაგრამ . . . არ შესრულდა.

ვაშინგტონს აყოლილი საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი, მეორედ ცვლის მთავრობას სულ რაღაც 2 წლის განმავლობაში. პრეზიდენტის რეიტინგი 17%-მდეა დაცემული. განდეგილი ეკონომიკის მინისტრი, რომლის წყალობით მოხდა მთავრობის დაცემა, დაბეჯითებით აცხადებდა, რომ ვაშინგტონის წინაშე კუდის ქიცინი დამღუპველია საფრანგეთისთვის; რომ საფრანგეთი დაიმონა ბრიუსელმა (ევროკავშირი) და გერმანიამ; რომ საფრანგეთს არავითარი სუვერენიტეტი არ გააჩნია.

სხვათაშორის ევროკავშირთან მიმართებაში იგივე წარმოდგენისაა ბრიტანეთის პრემიერი კემერონიც. ასეთ ფონზე, საით მიდის საქართველო?

საფრანგეთის ხელისუფლების კრიზისი შედეგია სუსტი პოლიტიკის და პოლიტიკაში მოსული საშუალოზე დაბალი პოლიტიკური განათლებისა და ალღოს მქონე ადამიანების.

ერთი ასეთი „პოლიტიკოსი“ ჟოზე მანუელ ბაროზუ ერთ თვეში თავს დაგვიკრავს და ევროკავშირის შეფობას სხვას გადააბარებს. ბაროზუს სუსტმა პოლიტიკამ და ვაშინგტონის წინაშე კოჭის გორებამ გამოიწვია ის, რასაც უკრაინის კონფლიქტი ჰქვია. გასული წლის ვილნიუსის სამიტზე და მის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტი იანუკოვიჩი თხოვდა მას ევროკავშირ-რუსეთ-უკრაინის შეხვედრის გამართვას, ევროპასთან უკრაინის ასოცირებიდან გამომდინარე.

ბაროზუს პასუხი იყო ხისტი – რუსეთს არაფერი ესაქმება ევროკავშირთან.

არადა დადებითი პასუხი, მითუმეტეს სამეულის შეხვედრის გამართვა, ხელს შეუშლიდა იანუკოვიჩის დამხობას და ფაშისტური ძალების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.

ბაროზუ სულ იმის ძახილში იყო – ან ჩვენთან, ან საბაჟო კავშირთანო. მისი პოზიცია წყლის წვეთებივით ჰგავდა ობამას პოზიციას – აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები (იგულისხმება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები) ან მთელს მსოფლიოსთან უნდა იყვნენ, ან მარტო რუსეთთანო.

ევროატლანტიკური სივრცის „მტკიცე“ პოლიტიკამ გამოიწვია ის, რასაც ადგილი აქვს უკრაინაში. გაჩნდა „ცხელი წერტილი“. მის „გაციებას“ დიდი დრო და რაც მთავარია პრაგმატული პოლიტიკა ესაჭიროება, სიმართლეზე და არა სიცრუესა და დემაგოგიაზე დაფუძნებული. აი, თუნდაც ასეთზე, რასაც ადგილი ჰქონდა რუსული ჰუმანიტარული ტვირთის ლუგანსკში ჩატანის დროს.

ნატოს გენერალური მდივანი რასმუსენი (ისიც მალე დაგვიკრავს თავს) ურცხვად აცხადებდა, რომ რუსული ე.წ. ჰუმანიტარული ტვირთის უკრაინის ტერიტორიაზე შეტანა, არის უკრაინის სუვერენიტეტის უხეში დარღვევა, საერთაშორისო ნორმების ფეხქვეშ გათელვა. რასმუსენმა დემაგოგიურად გამოთქვა ეჭვი, რომ ავტომანქანებით იარაღი და ცოცხალი ძალის ტრანსპორტირება მოხდა და ეს მაშინ, როდესაც სატვირთო კოლონა შეამოწმეს, როგორც საერთაშორისო „წითელი ჯვრის“ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ისე უკრაინელმა მებაჟეებმა.

საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ამ პიროვნების ნებისმიერი განცხადება გამოირჩევა ფაქტების დამახინჯებით, სიცრუით და დემაგოგიით, რაც უდავოდ ხელს არ უწყობს, ისედაც დაძაბული ვითარების განმუხტვას.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უფრო შორს წავიდა – ცარიელი სატვირთო მანქანებით რუსეთმა ომში დახოცილი თავისი მეომრების ცხედრები გამოიტანეს უკრაინიდანო.

იყო ისეთი განცხადებებიც, რომ ავტოკოლონის მძღოლები ტანკისტები არიან და მეამბოხეთა ტანკებს მიუსხდებიანო. ზოგი იმასაც აცხადებდა, რომ ავტოკოლონაზე დაიტვირთა აღმოსავლეთ უკრაინის ქარხნების მოწყობილობა და გამოტანილი იქნა უკრაინიდან. არადა ტვირთის ჩამოტვირთვისთანავე, ავტოკოლონა უკან დაბრუნდა და გაიარა უკრაინელი მებაჟეების შემოწმება.

საერთოდ კი, ჰუმანიტარული ტვირთის უკრაინაში შეტანა შეთანხმებული იყო როგორც გაეროსთან, ისე აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ლიდერებთან, „წითელ ჯვართან“, ეუთოსთან, თვით კიევის ხელისუფლებასთან და თუ არ ვცდები „მამაზეციერთანაც“. და მიუხედავად ამისა, ასეთი ალიაქოთი.

რომ იტყვიან, რუსულმა ჰუმანიტარულმა ტვირთმა სულზე მიუსწრო ბლოკადაში მყოფ ლუგანსკის მოსახლეობას – უწყლოდ, უშუქოდ, უსაკვებოდ დარჩენილს.

და მაშინ, როდესაც ჰუმანიტარული ავტოკოლონის უკრაინაში შესვლა ლამის კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად მონათლეს, ევროატლანტიკურ სივრცეში, არავინ ამბობს იმ საშინელებებზე, რასაც უკრაინის ჯარი სჩადის სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში. ის მეთოდურად მიწასთან ასწორებს საცხოვრებელ სახლებს, სამედიცინო დაწესებულებებს, სკოლებს, მაღაზიებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებს.

ომს ბოლო არ უჩანს, არც დასავლელი და უკრაინელი ე.წ. პოლიტიკოსების დემაგოგიას, სისასტიკეს, სიცრუეს. ასეთ ფონზე მინსკის შეხვედრა მძიმე გამოდგა. ამ შეხვედრას თუ რაიმე პრაგმატული მოჰყვა, მხოლოდ ნახევარი ნაბიჯია. ბაროზუმ არ ისურვა მინსკში ჩასვლა. მის ნაცვლად ეშტონი და სხვა ევროკომისრები იყვნენ, რომელთა ყოფნა-არყოფნის საკითხი, უფრო სწორად არყოფნის, გადაწყვეტილია. ასეთ ვითარებაში  და უკრაინის პრეზიდენტის ვაშინგტონისადმი უსიტყვო მორჩილების გამო, მინსკის შეხვედრა, დიდი ეფექტის მომტანი არ იქნება.  

მინსკში გაიმართა სწორედ ის მოლაპარაკება, რასაც პრეზიდენტ-ყოფილი იანუკოვიჩი ითხოვდა ევროკავშირის ხელისუფალთაგან, და რაზეც უარი სტკიცეს. თხოვნიდან ერთი წლის შემდეგ ეს შეხვედრა შედგა, ოღონდ უკვე დანგრეული უკრაინის, სანქციებით დაძაბუნებული ევროკავშირისა და რუსეთის ფონზე.

პოლიტიკოსი, რომელიც მის ცხვირწინ არსებულ ვითარებას სათანადოდ ვერ შეაფასებს და შესაბამის დასკვნებს ვერ გამოიტანს – პოლიტიკოსი არ არის. ის უბრალო მედროვეა, პოლიტიკოსის სავარძლის დროებითი დამკავებელი. სამწუხაროდ, თანამედროვე პოლიტიკაში ბევრნი არიან ასეთნი.

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, პოტსდამში გამართული „დიდი სამეულის“ მოლაპარაკებაზე ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა ტრუმენმა აშკარად იგრძნო არამარტო საბჭოთა კავშირის სრული უპირატესობა, არამედ საბჭოთა ლიდერის, სტალინის, როგორც პიროვნების, სიძლიერე, ავტორიტეტი, შორსმჭრეტელობა, სიბრძნე.

ესოდენ დიდ ძალას, რომელიც, წინამორბედ რუზველტისგან განსხვავებით,  ტრუმენში უსაზღვრო შიშს იწვევდა, ატომური ბომბები შეაგება იაპონიაში. ეს ბომბები საბჭოთა კავშირის შესაშინებლად ჩამოიყარა.

გასულ წელს, სირიის საკითხში პუტინის პრაგმატულმა მოქმედებამ გააღიზიანა ამერიკის პრეზიდენტი ობამა. მან თავი დამცირებულად იგრძნო და შურის საძიებლად გზა გაუხსნა უკრაინის კრიზისს, რომელსაც მისი წინამორბედები 23 წლის განმავლობაში ამზადებდნენ. ამ ნაბიჯით მან ახალ „ცხელ“ წერტილს, ხანგრძლივსა და ძნელად მოსათოკს ჩაუყარა საფუძველი. ხიროსიმა-ნაგასაკით „ცივი ომი“ დაიწყო, უკრაინის კონფლიქტით – ახალი „ცივი ომი“, რომლის ჩაქრობა გაჭირდება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.