19.07.2024

მოხდება სტალინის რეაბილიტაცია?

ბატონ გურამ გოგიაშვილს

ვინც მეზობელი რუსეთის სატელევიზიო გადაცემებს, განსაკუთრებით თოქ-შოუებს უყურებს, უმალ შენიშნავს საყურადღებო ფაქტს — იოსებ სტალინის მოჭარბებულ ხსენებას, თანაც დადებით კონტექსტში. რას ნიშნავს ყოველივე ეს და ნიშნავს თუ არა სტალინის რეაბილიტაციას?

კითხვა არც შემთხვევითია და არც უადგილო, მოულოდნელი. როდესაც რუსული სახელმწიფო ტელეარხები არა მარტო თოქ-შოუებში ახსენებენ სტალინს, არამედ ვრცელ სიუჟეტებსაც უძღვნიან მას, თანაც პოზიტიურად, ნამდვილად რაღაცაშია საქმე.

სტალინის სახელის ხსენება რუსულ ტელეარხებზე ან ტელეფილმების ჩვენება იშვიათობა არ არის, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება — იშვიათობაა. იშვიათობაა, როდესაც სენატორი და პოლიტოლოგი პუშკოვი თავის ერთსაათიან გადაცემაში ტელეკომპანია „TV ცენტრზე“ ვრცელ, დადებით სიუჟეტს უძღვნის სტალინს; პოპულარული და გავლენიანი ტელეჟურნალისტი სოლვიოვი თავის თოქ-შოუში სისტემატურად მოიხსენიებს სტალინს დადებით კონტექსტში; „რტრ პლანეტას“ გადაცემა „60 წუთის“ წამყვანები სკაბეევა და პოპოვი სტალინს ხშირად ახსენებენ, როდესაც ქვეყნის ისტორიაზე ამახვილებენ ყურადღებას — რაღაცაშია საქმე და ეს „რაღაცა“ ზემოდან წამოსულ მოწოდებას ჰგავს.

სხვას ვერაფერს იტყვი, როდესაც ყველა არხი, ყველა თოქ-შოუ, ყველა ცნობილი ტელეჟურნალისტი და პოლიტანალიტიკოსი ერთდროულად იწყებს დადებით ღაღადს სტალინზე. ცხადია, ეს „რაღაც“ ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავს უკავშირდება, მაგრამ უკვე რახანია ჯერ საბჭოთა კავშირი, შემდეგ რუსეთი 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვებას ზეიმობს უსტალინოდ ანუ მისი სახელის ხსენების გარეშე, თითქოს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება მარტო საბჭოთა ხალხის დამსახურებაა, აგრეთვე საბჭოთა გენერლების და მარშალების და არა სტალინის.

დიახ! ხალხმა შესწირა თავი საკუთარი ქვეყნის თავისუფლებას, მაგრამ ვერც ერთი ქვეყნის ხალხი ხელმძღვანელის, წინამძღოლის გარეშე ვერ მიაღწევდა და მიაღწევს მტერზე გამარჯვებას და ვერც მშვიდობიან აღმშენებლობაში წარმატებას. ასე იყო და იქნება და რაც არ უნდა ვიძახოთ — „ხალხი“, არაფერი გამოვა. ხალხი და მისი ლიდერი, რამეთუ ულიდეროდ ხალხი ვერაფერს გახდება.

იქნებ საყოველთაო გამოკითხვის შედეგმა აიძულა ხელისუფლება სტალინის დადებით ხსენებაში? შესაძლოა ასეც არის, მაგრამ გამოკითხვები ხომ წლის განმავლობაში მრავალჯერ ტარდება  — ასეთი რეაქცია რომ არ გამოუწვევია? მაინც რომელ გამოკითხვაზეა საუბარი, „ლევადა-ცენტრმა“ რომ გასულ თვეს ჩაატარა?

დიახ! სწორედ მასზე. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგი ყველასთვის თავბრუდამხვევი გამოდგა. მისი მიხედვით, რუსეთის მოქალაქეთა 70% დადებითად მიიჩნევს სტალინის როლს ქვეყნის ცხოვრებაში, ხოლო 19% — უარყოფითად. სტალინის მოღვაწეობით აღტაცებულია გამოკითხულთა 51% ანუ ყოველი მეორე.

ისე, როგორ უნდა ემართა რუსეთი ე.წ. დემოკრატებსა და ლიბერალებს, რომ სტალინის სახელი, მიუხედავად მასზე დასხმული ლაფისა და სიცრუისა — კვლავ ქცეულიყო აქტუალური და პოპულარული?

ახსნა ამისა არც ისე იოლია. ზოგი რუსი პოლიტოლოგი და ექსპერტი თვლის, რომ სტალინის პოპულარობის ზრდაში თვით ხელისუფლებას შეაქვს წვლილი, ზოგიც მიიჩნევს, რომ სტალინის აღზევება პუტინის საწინააღმდეგოდ ხდება. ზოგი, საკუთარი დაკვირვებიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ ბელადის სახელის დადებითად ხსენება დაკავშირებულია ქვეყნის საშინაო და საგარეო გამოწვევებთან.

ასეთ დროს ხშირად გაისმის მოსაზრება — სტალინი რომ ყოფილიყო, ქვეყანაში წესრიგი იქნებოდა, ხოლო დასავლეთი ვერ  გაუბედავდა რუსეთს იმას, რასაც დღეს უბედავს.

მიუხედავად იმისა, რომ პუტინის ხელისუფლება გაცილებით წარმატებულად ართმევს თავს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ვიდრე წინამორბედი ხელისუფლებები, შედარება არ არის სტალინის მმართველობის პერიოდთან — ასე მიიჩნევენ ექსპერტები და მოჰყავთ  „ჯალათი“ სტალინის ჟამს მოსახლეობის რაოდენობის რამდენიმე მილიონით ზრდის, ცხოვრების გაუმჯობესებელი ხარისხის და ხანგრძლივობის მაგალითები.

თანამედროვე რუსეთი რახანია ებრძვის გაუარესებულ დემოგრაფიას, თუმცა ოდნავი წარმატებით. ახალგაზრდების 40% ოცნებობს უცხოეთში საცხოვრებლად წასვლაზე, მაშინ, როდესაც „ტირანის“ დროს განათლების და სამედიცინო მომსახურების მიღება უფასო იყო, დღეს, სახელმწიფოს ყველა სოციალური ვალდებულება შემცირებულია.

ექსპერტები იხსენებენ სტალინის პროექტს 4-საათიანი სამუშაო დღის დაწესების თაობაზე და ხუმრობით უმატებენ — ალბათ იმიტომ, რომ ბევრი თავისუფალი დრო დარჩენოდა „ჯალათ“ სტალინს ხალხის საწამებლადო.

იხსენებენ იმასაც, თუ როგორ მცირდებოდა კვების პროდუქტებზე ფასები, ხოლო ხარისხი რაოდენ უმჯობესი იყო დღევანდელთან შედარებით. რუსეთში პოპულარულ საკვებ ძეხვზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ის, ხომ ნამდვილი ხორცისგან მზადდებოდა და არა სუროგატისგან.

სტალინის დროს 10 წლის განმავლობაში განხორციელდა ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია, რამაც უზრუნველყო ჰიტლერზე გამარჯვება. ექსპერტებს მოჰყავთ ინტერნეტში გამოქვეყნებული 40000 საწარმოს ჩამონათვალი, რომლებმაც რახანია შეწყვიტეს არსებობა, თუმცა მოჰყავთ პუტინის დროს აშენებული ქარხნების ნუსხაც, რომელიც გაცილებით მოკლეა და ძირითადად შემოიფარგლება ნავთობ-ქიმიითა და მეტალურგიით.

სტალინის პირწავარდნილმა მტრებმაც კი ვერ დაასახელეს თუნდაც ერთი ოლიგარხი, რომელიც სახელმწიფო შეკვეთებზე გამილიონერდა; ანდა სტალინის ანგარიშები უცხოურ ბანკებში, ვილები უცხოეთში, ფუფუნების საგნები, ათასობით დოლარის ღირებულების საათები და ა.შ. ის, რაც სტალინის გარდაცვალების შემდეგ დარჩა, თვითღირებულებით ერთობ მოკრძალებულია.

ექსპერტები აცხადებენ, რომ სტალინმა შექმნა ზესახელმწიფო, რომელმაც დაამარცხა ფაშიზმი, პირველმა აითვისა კოსმოსი, ჩამოაყალიბა წარმატებული საგანმანათლებლო სისტემა, მრავალი სხვა, რამაც დიდება მოუტანა ქვეყანას.

სკეპტიკოსები აცხადებენ, ყოველივე ეს მოხდა დიდი მსხვერპლის ფასად. იხსენებენ რეპრესიებს და ა.შ.: „თანამედროვე გაგებაში სტალინის რეპრესიები არის ანტისაბჭოთა პროპაგანდის პროდუქტი. რეალურად ეს სულაც არ იყო ისე, როგორც გვიხატავენ ფილმებში, დოკუმენტურ გადაცემებში.

რეპრესიები ცარიელ ადგილას არ მომხდარა. ქვეყანა მესამე რეიხის წინააღმდეგ ომისთვის ემზადებოდა, რეპრესიები არც ისეთი მასშტაბური იყო. მტკიცება იმისა, რომ ქვეყნის ნახევარი იჯდა, ხოლო ნახევარი ყარაულობდა — სიცრუეა, რის შესახებაც არაერთხელ ვთქვით დოკუმენტების მოშველიებით. რეპრესიები იყო და უდანაშაულო ადამიანებსაც შეეხო. ქვეყნის უმრავლესობამ ვერც იგრძნო რეპრესიები, ვინაიდან სხვა საქმეებით იყო დაკავებული“, — ასე წერს ინტერნეტში სერგეი მარჟეცკი.

ყურადსაღები იყო „RTR როსიას“ საკვირაო შემაჯამებელი გადაცემა, რომელსაც ცნობილი ჟურნალისტი დიმიტრი კისელოვი უძღვება. მან ვრცელი სიუჟეტი  მიუძღვნა სტალინს და აღნიშნა, რომ ეპოქა, რომელშიც სტალინს მოუხდა მოღვაწეობა აღსავსე იყო რეპრესიებით, სიმკაცრით, ომებით, სისხლიანი დაპირისპირებით. გაიხსენა ჩინეთის მაგალითიც — მაო ძედენითა და კულტურული რევოლუციით.

ხაზგასმით ილაპარაკა მაოს მიერ გაკეთებულ საქმეებზეც და კულტურული რევოლუციის სისასტიკეზე. თქვა ისიც, რომ კულტურული რევოლუციის „სიკეთეების“ საკუთარ თავზე გამოცდილმა ქვეყნის ლიდერმა დენ სიაოპინმა, რომელსაც სრული უფლება ჰქონდა ჯალათად გამოეცხადებინა მაო ძედუნი, სხვა გადაწყვეტილება მიიღო — შესატყვისი ქვეყნისთვის. „მაო ძედუნი იყო ახალი ჩინეთის შემქმნელი. მან ბევრი რამ გააკეთა ჩინეთისთვის. გააკეთა ცუდიც, მაგრამ თუ შევადარებთ კარგს და ცუდს, ასეთ რეალობას მივიღებთ — კარგი 70%, ცუდი — 30%“, — თქვა მან.

იმ დღიდან შეწყდა მაოს გინება. ის დიდი ისტორიის ნაწილი გახდა, რომელსაც პატივს სცემენ. პეკინის მთავარ მოედანზე ტიანანმენზე მაოს დიდი პორტრეტია, ისე, როგორც ფულის ერთეულ იუანზე.  ასეთია ბრძენი ხალხის გადაწყვეტილება, რომლის გაზიარება რუსეთსაც არ აწყენდა.

კისელიოვმა, რომელმაც ჩინეთის მაგალითი მოიყვანა — განსაკუთრებით შეფარდება 70/30-ზე, იქვე სტალინზეც თქვა, მაგრამ ასეთი შეფარდებით 80%/20%-ზე. ანუ 80 დადებითი, 20 უარყოფითი.

მოხდება იოსებ სტალინის რეაბილიტაცია? როგორც ჩანს ამ კითხვას მალე გაეცემა პასუხი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი