მოსახლეობის პოლიტიკური განათლება მოიკოჭლებს
საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური განათლება რომ სათანადო სიმაღლეზე არ დგას, ბოლო საპარლამენტო არჩევნებმაც დაადასტურა. არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ნახევრის მიერ გამოცხადებული ბოიკოტი არ მაქვს მხედველობაში, პირიქით, ისინი პოლიტიკურად უფრო მომწიფებულად მიმაჩნია, ვიდრე არჩევნებში მონაწილენი და რატომ? იმიტომ, რომ არჩევნებზე არ მისვლით მათ დიდი იმედგაცრუება გამოხატეს, როგორც სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ, ისე ყველა იმ პარტიის მიმართ, ვინც მონაწილეობას იღებდა არჩევნებში.
მავანი იკითხავს – ნუთუ მათი მოსაწონი არც ერთი იყოო და მართლაც არჩევნებში მონაწილე უამრავ პარტიასა და ბლოკში ერთი მაინც არ აღმოჩნდა მათი მოსაწონი? ვაგლახ, რომ ასეა. არ აღმოჩნდა, ვინაიდან ყველა მათგანი ერთმანეთს ჰგავდა – პროგრამით, სულისკვეთებით, ე.წ. რიტორიკით და თქვენ წარმოიდგინეთ მიმიკითაც კი. არც ერთ მათგანს, მათ შორის ხელისუფლებაში მყოფსაც ახალი იდეებით თავი არ შეუწუხებია. ეს უკანასკნელი ისევ ძველ „პლასტინკას“ ატრიალებდა, აქაოდა 2012 წელს სწორედ ამან მოგვაგებინა არჩევნები და ახლაც ამ გზას მივმართავთო.
მართალი გამოდგა, სხვას ვერაფერს იტყვი მოწინააღმდეგეთა დიდი ანგარიშით დამარცხებაზე. პარლამენტსგარეთ დარჩენილი პარტიები ერთხმად ღაღადებენ არჩევნების გაყალბებაზე, საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრაზე, ადგილობრივი „ოცნებური“ ხელისუფლების მიერ კარდაკარ სიარულზე და ამომრჩევლის დაშინებაზე – ხმა „ოცნებას“ მიეცითო, მკვდარ სულებზე და სხვა მრავალ დარღვევაზე, რასაც მათი აზრით ჰქონდა ადგილი.
პოსტსაარჩევნო აღშფოთება მალე გაივლის. ხალხი შეეგუება იმას, რაც არის. არჩევნების მიმართ ბოიკოტგამოცხადებულები დაბეჯითებით იტყვიან – მე მაგათთვის ხმა არ მიმიციაო. ასედაამრიგად გაგრძელდება ცხოვრება იგივე პრობლემებით, რაც უხვად იყო განვლილი 4 წლის განმავლობაში. იქნება საპარლამენტო შეხლა-შემოხლა. ერთმანეთის ლანძღვა-გინება, ერთი სიტყვით საცირკო სანახაობის მსგავსი სპექტაკლები. უპურობის დროს, უფასო სანახაობაც დიდი საქმეა.
მეორედ მოსული ხელისუფლება დაბეჯითებით პასუხობს ყველა იმ პარტიას, ვინც არჩევნების გაყალბების თემას ატრიალებს – ჩვენს მიერ ჩატარებული არჩევნები დასავლელმა დამკვირვებლებმა, განსაკუთრებით ამერიკელებმა, დადებითად შეაფასესო. უმალ მოიყვანენ აშშ-ის ელჩის კელის სიტყვებს – ასეთი არჩევნებით ვერც ამერიკა დაიკვეხნისო. კელის ნათქვამი ბევრს გაუკვირდა – რა აქვს ამერიკას საქართველოს შესაშურიო. თურმე ნუ იტყვით – იქაც ისე აყალბებენ არჩევნებს, როგორც აქ.
ამერიკაში გაგანია საპრეზიდენტო არჩევნებია. ამ ქვეყნის კანონებიდან გამომდინარე, წინასწარაც შეიძლება ხმის მიცემა, არადა, თვით არჩევნები 8 ნოემბერს არის დანიშნული. პრეზიდენტმა ობამამ ხმა უკვე მისცა, სავარაუდოდ „დემოკრატ“ ჰილარი კლინტონს, რომელსაც ის უსაზღვრო დახმარებას უწევს. ასეთს, აშშ-ს ისტორიაში ჯერ არ ჰქონია ადგილი.
მოქმედი პრეზიდენტი ისეთ საჯარო შეკრებებს მართავს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი და მოუწოდებს დამსწრე საზოგადოებას ხმა კლინტონს მისცეს, ლანძღავს „რესპუბლიკელთა“ კანდიდატს დონალდ ტრამპს და არწმუნებს საზოგადოებას, რომ ის, ლამის რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ჯაშუშია, ვერ შეძლებს აშშ-ს პრეზიდენტობას, ვინაიდან მას არც ამის გამოცდილება აქვს და არც პოლიტიკური განათლება.
ტრამპი, თავის მხრივ აკრიტიკებს როგორც პრეზიდენტს, ისე პრეზიდენტობის კანდიდატ კლინტონს, ქვეყნის საარჩევნო სისტემას და დაბეჯითებით აცხადებს, რომ არჩევნები ყალბდება. „რესპუბლიკელებმა“ ჯერ-ჯერობით არჩევნებში „მონაწილე“ 2 მილიონი მკვდარი ამომრჩეველი აღმოაჩინეს, ხოლო ნიუ-იუორკის ყოფილმა მერმა ჯულიანიმ ილაპარაკა ე.წ. კარუსელებზე, რასაც თურმე ყოველ არჩევნებში აქვს ადგილი. ერთი და იგივე ადამიანები 10-ჯერ იღებენ მონაწილეობას არჩევნებშიო.
ჯულიანის სატელევიზიო განცხადებამ და არა მარტო მისმა, სხვაგვარი განწყობა გამოიწვია – არცთუ სახარბიელო, მსოფლიოს პირველი ქვეყნის დემოკრატიულობის მიმართ. თუ ამას დავუმატებთ აშშ-ს პოლიტიკურ-საფინანსო-მედიური ელიტის ტრამპის წინააღმდეგ დარაზმვას და მასზე ცილისმწამებლური ისტორიების გავრცელებას, უდავოდ ვიფიქრებთ, რომ პოლიტიკა სიბინძურეა; რომ გამარჯვების მოსაპოვებლად ყველა ხერხი გამოიყენება; რომ ამომრჩეველი გამასხარავებულია.
რაც მართალია, მსგავს საარჩევნო საშინელებას ძველ ევროპაში (აღმოსავლეთ ევროპის გამოკლებით) ადგილი არ აქვს. ამდენად კელის განცხადება გულწრფელი გამოდგა. „ოცნებამ“ გაიმარჯვა, თანაც დიდი უპირატესობით იმ ამომრჩეველთა წყალობით, ვინც საარჩევნო ყუთთან მივიდა, მაგრამ რა ვუყოთ იმ 50%-ს, რომელმაც ზურგი შეაქცია არჩევნებს? შეძლებს „ოცნება“ მათ შემობრუნებას?
დღეს ამის ამოცნობა შეუძლებელია. უახლოესი დღეები, თვეები დაგვანახებს „ოცნების“ მარიფათს. მის მზაობას ქვეყანაში არსებული არცთუ სახარბიელო ვითარების გამოსწორებისთვის. რაც თავიდანვე ცნობილია – საგარეო კურსი – 4 წლის წინათ აღებული, გაგრძელდება. ასე გვეუბნებიან სიით არჩეული „ოცნებელები“. არადა თუ ამ კურსმა არ განიცადა კორექტირება, ქვეყანას კარგი არაფერი ელოდება.
„საოცნებო“ ხელისუფლება დიდ წარმატებად მიიჩნევს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას, ვიზალიბერალიზაციის მისაღებად გაწეულ მუშაობას, ნატოს გზაზე გადადგმულ გაბედულ ნაბიჯებს, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის აღდგენას. ამ ჩამონათვლიდან ევროკავშირში შესვლაზე ფიქრი უდავოდ ნაადრევია, ხოლო ნატოში გაწევრება – შეუძლებელი. პირველი – მიუწვდომელია იმიტომ, რომ ქართულ-ევროკავშირული კანონმდებლობის ჰარმონიზაციასთან არის დაკავშირებული, ისე, როგორც ქვეყნის ეკონომიკის, კანონმდებლობის, სასამართლო სისტემის და სხვა ასპექტების სიჯანსაღესთან.
ბრიუსელიდან რასაც ვისმენთ, ისაა, რომ ევროკავშირის დონეზე არ ვართ. როდის ვიქნებით – ეს მათი გასარკვევია და არა ჩვენი. ჩვენ რაც არ უნდა ვეცადოთ საქმის გამოსწორება, გამოვასწოროთ კიდევაც, არაფერი გვეშველება, თუ ბრიუსელმა არ ჩათვალა, რომ ჩვენი მიღება შესაძლებელია.
დღეს, ევროკავშირს უჭირს, თანაც ისე, ლამის დაიშალოს. ინგლისის გასვლამ მძიმე დარტყმა მიაყენა მას. არანაკლები – ლტოლვილებმა ახლო აღმოსავლეთიდან, სხვა კუთხეებიდან. ლტოლვილების თემა დაპირისპირების საგანია ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანას შორის.
ევროკავშირს ეკონომიკური პრობლემებიც უხვად აქვს, რაც თავისთავად იწვევს დაპირისპირებას ამ ორგანიზაციაში შემავალ მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის. არადა, განსხვავება უდავოდ სავალალოა, რაც ასახულია ინგლისელი ჟურნალისტის საიმონ რივის დოკუმენტურ ვიდეო-ფილმში, რომელიც სულ ახლახანს გავიდა BBC-ს ეთერში.
ტელეჟურნალისტი გემის ძველ კონტეინერებში მცხოვრები ბერძნული ოჯახების მონახულების შემდეგ აცხადებს – ასეთი, აფრიკისა და სამხრეთ აზიის ჩამორჩენილ ქვეყნებში მინახავს, მაგრამ ეს ხომ ევროპაა, ევროკავშირის წევრი საბერძნეთია? იგივეს ამბობს ნაგავსაყრელზე „მოფუსფუსე“ ბერძნების შემხედვარე.
დიახ! ევროკავშირი თავის პრობლემებშია ჩაფლული. მას ნაკლები დრო აქვს ახალი ქვეყნების წევრად მიღებისთვის, ამიტომ თავს ნუ ავიტკივებთ აუხდენელ ოცნებაზე ფიქრით. ანალოგიური ვითარებაა ნატოში შესვლაზეც – შესაძლოა უფრო რთულიც, ვინაიდან ნატო, მეზობლებთან კონფლიქტის მქონე ქვეყანას, წევრად არ მიიღებს.
მიღება ნიშნავს, მიღებული ქვეყნის პრობლემების არა მარტო გაზიარებას, არამედ საკუთარ თავზე აღებას. საქართველოს პრობლემები კი ისეთი აქვს, დიდი რისკის მატარებელი რომ არის ბრიუსელისთვის. მარტო რუსეთი რად ღირს. აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არსებული პრობლემები, დაუდგენელი საზღვრები აზერბაიჯანთან და სომხეთთან, სხვა მრავალი. ასეთი წევრი ქვეყანა ნატოს არ სჭირდება. მას აწყობს, მის კართან მიბმული საქართველო და არა მის მაგიდასთან მჯდომი, რაც ვერადავერ შეიგნო საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ. იქნებ შეიგნო, მაგრამ თავს ისე გვაჩვენებს – დაჟინებულად რომ იღვწის ნატოს მაღალჩინოსანთა მოსახიბლად. თუ მართლაც გულწრფელად იხარჯება, რომ იტყვიან უჭკუო თავის პატრონის ფეხებს, დიდი ჯაფა ადგასო – ისეა მისი საქმე.
რა და როგორ არ უთხრეს მას ობამადან დაწყებული, დენიელ ფრიდით დამთავრებული. ეს უკანასკნელი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო, ამჟამადაც მნიშვნელოვანი სამსახური აბარია. მისი 2 თვის წინანდელი განცხადება დაახლოებით ასე ჟღერდა – თქვენი ხვეწნით, „ნატოში მიგვიღეთო“ – თავი მოგვაბეზრეთ. თქვენ, თქვენი საქმე აკეთეთ, მიხედეთ ქვეყანას და როდესაც დრო მოვა, ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ ამ საქმესო.
ფრიდის ნათქვამი იმედგამაცრუებელი, დამამცირებელიც იყო. არადა ამ პიროვნებას პირადად ვიცნობდი, როგორც თავშეკავებულ, ტაქტიან დიპლომატს. მაინც რა დონეზე უნდა მიეყვანა წინა და ახლანდელ ხელისუფლებას გამუდმებული ხვეწნით, თან შანტაჟით (ხიდაშელი), რომ ასეთი რამ ეთქვა. რით არის ყოველივე გამოწვეული?
უპირველესად ზედაპირულობით, უცოდინრობით, რასაც უხვად ჰქონდა ადგილი განვლილი 4 წლის განმავლობაში. შეიცვლება რამე? ალბათ არა, ვინაიდან, როდესაც დიპლომატი თედო ჯაფარიძე იტყვის – საგარეო კურსი იგივე იქნებაო, ხოლო სხვა „ოცნებელები“ იტყვიან – რუსეთთან ურთიერთობა იმაზე მეტი არ იქნება, რაც იყო ბოლო 4 წლის განმავლობაშიო, არაფერი შეიცვლება.
რუსეთთან ურთიერთობა, თანაც პოლიტიკური რომ აუცილებელია ყველა წინაპირობის გარეშე – ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება, სოხუმ-ცხინვალში რუსეთის საელჩოების და სამხედრო ბაზების დახურვა და ა.შ. – ფაქტია. და ეს არ უნდა იყოს გამოწვეული იმით, რომ ევროკავშირ-ნატოში არ გვიღებენ.
რუსეთი მეზობელი ქვეყანაა, ერთობ გავლენიანი, ძლიერი, დიდი ბაზრით და შესაძლებლობებით. რუსეთთან ურთიერთობა და მასთან ერთად ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, ირანთან, თურქეთთან, სხვასთან წაადგება საქართველოს. ვიფიქროთ ევროკავშირზეც, ნატოზეც, აშშ-თან „სტრატეგიულ პარტნიორობაზეც“, მაგრამ ვიქონიოთ პრაგმატული ურთიერთობები ზემომოყვანილ ქვეყნებთან, რამეთუ მხოლოდ ერთი მიმართულებით მიმავალი ქვეყანა, მითუმეტეს ისეთი სუსტი, როგორიც ჩვენია, წარმატებას ვერ მიაღწევს.
საქართველოს დაბალანსებული პოლიტიკა სჭირდება ანუ ისეთი, როგორიც ჰქონდა და აქვს ომისშემდგომ ფინეთს, სხვას, რაც თავისთავად გამორიცხავს ვინმეს ხელაღებით ლანძღვა-გინებას – დიდი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მეზობელთან მუდმივ კონფრონტაციას, საკუთარი მედიის ობიექტურ მიდგომას საგარეო საკითხების გაშუქებისადმი. სამწუხაროდ დღევანდელ მედიურ სივრცეში, ისე, როგორც პოლიტიკურ-ექსპერტულში მსგავსი არ შეინიშნება. რაც სახეზეა – რუსეთის აგრესორობა, ოკუპანტობა, ისტორიული მტრობა და სხვა მრავალი არსებული თუ მოგონილი ამბებია.
დიახ! დავუშვათ რუსეთი ასეთია, თუმცა ბევრ რამეში ის მართალია, მიუხედავად ჩვენი საწინააღმდეგო მტკიცებისა. და ასეთი იქნება ხვალ, ზეგ, მაზეგ. იქნებ ბუტიაობას, მოლაპარაკებამ აჯობოს? იქნებ მარტივი ჭეშმარიტება შევიგნოთ, რომ მარადიული ბუტიაობა თვითგვემა და მაზოხიზმია? იქნებ გვეცადა ნაბიჯის გადადგმა?
ამაოა იმაზე ფიქრი, რომ დასავლეთი დაგვიბრუნებს დაკარგულს ან აიძულებს რუსეთს ფიანდაზად ფექხვეშ გაგვეგოს. არც რუსეთის დაშლაზე ფიქრი მოგვცემს სიკეთეს, რამეთუ ის ისე არ დაიშლება და დაჩაჩანაკდება, საქართველომ რომ თავში ჩაარტყას. რუსეთი იქნება ისეთი, როგორიც არის, შესაძლოა უფრო წარმატებულიც და მაგარიც, ამისთვის ნიადაგი უკვე იყრება.
რეალპოლიტიკა – ნიშნავს არსებულის, რეალურის გააზრებას, მის გათვალისწინებას და არა დინების საწინააღმედგოდ ცურვას. ამ პროცესში უნდა ჩაერთონ პოლიტიკოს-პოლიტოლოგები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, საზრიანი ადამიანები. უპირველესად მათ სხვა თვალით, სხვა გონებით უნდა შეხედონ სინამდვილეს. გააანალიზონ განვლილი 25 წელი – ობიექტურად, მიუკერძოებლად, ნაკლები ღვარძლის და გესლის ნთხევით.
საზოგადოებას პოლიტიკური აღზრდა სჭირდება, რაც მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ექსპერტები, პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ინტელიგენცია სიმართლეს ეტყვის მას, გაანალიზებულ, აწონილ მასალას მიაწვდის და არა ისეთს, დასავლეთს რომ გაუხარდება.
მასწავლებლის როლში მყოფმა, მეტი პასუხისმგებლობით უნდა შეაფასოს მოვლენები და არა ისე ზედაპირულად, ღვარძლიანად, როგორც დღეს. „მასწავლებელმა“ თვით უნდა შეიგნოს, რომ ვიღაცის, ამ შემთხვევაში დასავლეთის მზაკვრული დავალების შესრულება არც მას და არც ქვეყანას არ წაადგება. მან ისიც უნდა შეიგნოს, რომ სწორედ დასავლეთის დირექტივების შესრულებამ გადააგვარა საქართველოს მოსახლეობის აზროვნება და ერთ დროს მეგობარი ქვეყანა მის თვალში და გონებაში აგრესიულ ურჩხულად აქცია.
შევხედოთ ჩვენს თავს, ყოფას, ბოღმას და გაუტანლობას, შევხედოთ კრიტიკულად, ობიექტურდ და სხვისი დადანაშაულების გარეშე შევაფასოთ ჩვენს მიერ 25 „დამოუკიდებელი“ წლის განმავლობაში გაკეთებული. შემდეგ დავსვათ კითხვა – რამდენ ხანს უნდა გავაგრძელოთ ასე?
რუსეთი რომ პატარა, უმწეო ქვეყანა იყოს, მაშინაც კი მასთან არსებული ურთიერთობა მიუღებელი იქნებოდა. მაგრამ რუსეთი დიდი სახელმწიფოა, ბირთვულიარაღიანი, ეკონომიკური თვალსაზრისით მსოფლიოს პირველ ათეულში მყოფი, თანაც ისეთი, შენი ყადრი რომ იცის?
არც ერთ ქვეყანაში ქართული ხელოვნების, კულტურის, ისტორიის, წეს-ჩვეულებების ისე არ იციან, როგორც რუსეთში. არც ერთ ქვეყანაში იმდენი სახელოვანი ქართველი არ მოღვაწეობს, რამდენიც რუსეთში. რას ნიშნავს ეს, თუ არა ნიჭისთვის გზის ფართო გახსნას?
ვიფიქროთ დადებითზე, რასაც უხვად ჰქონდა ადგილი ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში და არა ნეგატიურზე, რითაც წამდაუწუმ კვებავენ საქართველოს მოსახლეობას. გავიხსენოთ ბრძნული გამონათქვამი – ათას შორეულ ნათესავს, ერთი მეზობელი სჯობს. არსებულ ვითარებას საღი შეფასება სჭირდება და არა ისეთი, რასაც ქართული პრესის ფურცლებზე ვაწყდებით ან ელექტრონულ მედიაში ვუყურებთ და ვისმენთ.
ა.წ. 18 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ დაიბეჭდა ნიკა იმნიაშვილის სტატია, რომელმაც უდავოდ მიიპყრო ჩემი ყურადღება თავისი ტენდენციურობით, ფაქტების გაყალბების მცდელობით. მოდით თვალი გადავავლოთ ავტორის შემოქმედებას და დავსვათ კითხვა – ასეთი, წაადგება ქვეყანას?
„სირიულ ალეპოში ძალიან მნიშვნელოვანი კვანძი იკვრება, რომელმაც თითქოსდა სტატუსამდე და სტადიამდე უნდა მიიყვანოს რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობა, რის შემდეგაც გადამჭრელი ზომები დასავლეთის მხრიდან უკვე გარდაუვალი იქნება“, – წერს ავტორი.
მაინც რა გადამჭრელი ზომები აქვს მას მხედველობაში? ის ხომ არა, რომ რუსეთს უფრო მეტ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებენ? მეტი რაღა უნდა მოიფიქროს დასავლეთმა? მის მიერ დაწესებულმა ანტირუსულმა სანქციებმა, რომ თვით ჩააგდო ზარალში, ხომ ფაქტია? ისიც ხომ ფაქტია – რუსეთი, რომ იზოლაციაში ვერ მოაქცია? ანდა როგორ უნდა მოაქციოს დასავლეთმა რუსეთი იზოლაციაში – მსოფლიოში უდიდესი ტერიტორიის მქონე სახელმწიფო?
როგორ იზოლაციაში მოექცა რუსეთი კარგად გამოჩნდა ბერლინში პუტინის ჩასვლის დროს, როდესაც სტუმარს საპატიო ყარაულიც დაახვედრეს და კანცლერი მერკელი ავტომანქანასთან შეეგება. არ მითხრათ ამას პროტოკოლი მოითხოვსო, ვინაიდან მეტნაკლებად ვარ გარკვეული პროტოკოლურ პროცედურებში, როგორც რესპუბლიკის პროტოკოლის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი.
ავტორი „გადამჭრელ ზომებს“ ახსენებს და იმედოვნებს, რომ ეს ძალისმიერი იქნება. ეკონომიკურ ზეწოლაზე ზემოთ აღვნიშნე. რჩება ძალისმიერი. რას ნიშნავს ეს, თუ არა რუსეთზე თავდასხმას? რას ნიშნავს რუსეთზე თავდასხმა? – მესამე მსოფლიო ომს. ავტორს ჰგონია, რომ ამ ომში დასავლეთი და მასზე მიკერებული საქართველო გადარჩება. რუსეთს იმდენი ბირთვული იარაღი აქვს, რომ 17-ჯერ შეძლებს დედამიწის განადგურებას.
„რუსული ავიაცია უმოწყალოდ ბობმავს ალეპოს. ლენინგრადის მსგავს საზარელ ბლოკადას უწყობს უზარმაზარ ქალაქს, ხოლო ამას წინათ ისეთი რამ ჩაიდინა, რისი მსგავსიც არ ახსოვს თანამედროვე მსოფლიოს: გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა სახელმწიფომ მიზანმიმართულად გაანადგურა გაეროს ჰუმანიტარული კოლონა. დახოცა გაეროს ოფიციალური წარმომადგენლები“, – წერს ავტორი.
ალეპო „უზარმაზარი“ ნამდვილად არ არის, რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი მშვიდობიანობის დროს. მსოფლიოს საზომით, ის საშუალოზე პატარა ქალაქია. ამჟამად მოსახლეობისგან დაცლილი. ომი მიმდინარეობს ქალაქის მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც გამაგრებულია ტერორისტული ორგანიზაციები. ქალაქის დანარჩენი ნაწილი გათავისუფლებულია ტერორისტებისგან.
რუსეთ-აშშ-ს ჟენევის მოლაპარაკების შედეგად აშშ-ა იტვირთა ანტიასადური ტერორისტული ძალების აღმოსავლეთ ალეპოდან გაყვანა, მაგრამ სამწუხაროდ დაპირება არ შეასრულა. საინტერესოა რატომ? იმიტომ ხომ არა ასადის წინააღმდეგ მებრძოლი ტერორისტული ძალა არ დასუსტებულიყო? აშშ-ს ხომ უარი არ უთქვამს ბაშარ ასადის პრეზიდენტობიდან ჩამოგდებაზე? იქნებ მას ხანგრძლივი ომი უფრო აწყობს და მასთან ერთად ის ქაოსი, რაც ახლო აღმოსავლეთშია?
2011 წლიდან ებრძვის აშშ-ი ასადის ხელისუფლებას თავის მიერ შექმნილ კოალიციასთან ერთად. რუსეთი ამ ომში გასული წლის სექტემბერში ჩაება. მისი მიზანი ტერორიზმთან ბრძოლაა. აშშ-ს მიზანი სიტყვით – იგივეა, მაგრამ საქმით – ასადის დამხობა ტერორისტების ხელით.
იქნებ ავტორმა განმარტოს – ვინ შექმნა „ისლამური სახელმწიფო“; ვინ აფინანსებს მას; ვინ აიარაღებს; ვინ უსვამს თავზე ხელს, ცხადია ფარულად? პასუხი მარტივია, ვისაც ქაოსის შექმნით მსოფლიო ჰეგემონობის შენარჩუნება უნდა.
მსოფლიო მედია რუსეთს ადანაშაულებს და თვალს ხუჭავს მთავარზე – ახლო აღმოსავლეთში „არაბული გაზაფხულის“ წამქეზებლის დანაშაულზე. არ იქნებოდა აშშ-ს მიერ ტყუილი საბაბით ერაყში ომის გაჩაღება, სირიისთვის ტერორისტების მისევა, ლიბიის კანონიერი ხელისუფლების დამხობა და მისი ლიდერის კადაფის ჩამოხრჩობა და არ იქნებოდა ალეპო; არ იქნებოდა მილიონობით დახოცილი ადამიანი, მილიონობით ლტოლვილი, თანაც ევროპას შესეული; არ იქნებოდა მიწასთან გასწორებული ერაყისა და სირიის ქალაქები; არ იქნებოდა ტერორიზმი – ესოდენ სერიოზული საფრთხე მსოფლიოსთვის.
ყოველივე აღნიშნულის შემოქმედია გადასაცემი ჰააგის სასამართლოს და არა რუსეთი. სამართლიანობა მოითხოვს ამას. აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ ამასწინათ განაცხადა, რომ ყველაზე დიდი შეცდომა, რაც მან დაუშვა – ლიბიაა.
ინგლისის სპეცსაგამოძიებო კომისიამ ყოფილი პრემიერი კემერონი ერაყში ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა.
ერთიც და მეორეც მშვენივრად გრძნობენ თავს, ისე, როგორც ერაყ-ავღანეთში ომის გამჩაღებელი აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ-უმცროსი; ლიბიის ომის თანაავტორი ჰილარი კლინტონი, მაშინდელი სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტობისთვის იბრძვის. და კიდევ ერთი რამ, რაც რახანია ამერიკელებმა აღიარეს – უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებისთვის ხელის შეწყობა.
„მოსკოვმა ჩაიდინა საზარელი სამხედრო დანაშაული, რისთვისაც გათვალისწინებულია ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი. იგივე ტრიბუნალი სრულიდ რელევანტური იქნებოდა „მალაიზიური ბოინგის“ ჩამოგდების ქეისშიც, რადგან, როგორც უტყუარად დაამტკიცა ინტერნაციონალურმა გამოძიებამ ასეულობით მტიკიცებულებაზე დაყრდნობით, საზენიტო დანადგარი „ბუკი“ სწორედ რუსეთიდან „შევიდა“ უკრაინის ტერიტორიაზე“ … წერს ავტორი.
ავტორი, ნაცვლად იმისა მარტივ კითხვას სვამდეს – რა უნდა 10000 კილომეტრით დაშორებულ აშშ-ს უკრაინაში ან რას ემსახურებოდა უკრაინის „ნარინჯისფერი რევოლუცია“, რასაც ქვეყნის სამოქალაქო ომი, ნგრევა და ნაციზმის აღორძინება მოჰყვა, რუსეთის პრეზიდენტს აგზავნის ჰააგაში.
არ იქნებოდა ფაშისტური უკრაინა, აშშ-ს მიერ შექმნილი და არ იქნებოდა მალაიზიური თვითმფრინავი. არ იქნებოდა ნატოს, კერძოდ აშშ-ს მძიმე სამხედრო ტექნიკის და ჯარის აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთის საზღვრებთან განლაგება და არ გამოჩნდებოდა კალინინგრადში რუსული „ისკანდერები“.
ავტორი რატომღაც ყურადღებას ამახვილებს ამ ქალაქის ისტორიულ სახელზე კიონიგსბერგზე, რითაც უდავოდ სურს მკითხველისთვის იმის შეხსენება, რომ რუსი დამპყრობელია, სხვისი ტერიტორიის მიმტაცებელი. გერმანიას ერთხელაც არ უთქვამს ამ ქალაქის უკან დაბრუნებაზე – ჩვენი „გმირი“ ავტორი ამბობს, რითაც ეჭვი შეაქვს მეორე მსოფლიო ომის და „დიდი სამეულის“ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, სსრ კავშირის მოლაპარაკების შედეგებში.
სტატიაში ბევრი შეუსაბამო მოსაზრება და ორღობის ჭორების მსგავსი ამბებია მოყვანილი. ერთ-ერთი ფრანგულ სამხედრო ხომალდ „მისტრალს“ ეხება. მკითხველს შევახსენებ, რომ რუსეთის მიერ საფრანგეთისთვის შეკვეთილი გემი შემსრულებელმა, შემკვეთის კარნახით დაამზადა, მაგრამ პოლიტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე რუსეთს აღარ გადასცა. შემსრულებელი იძულებული იყო შემკვეთისთვის ფული, ერთ მილიარდამდე დოლარი უკან დაებრუნებინა და გემის გაყიდვაზე ეფიქრა. მყიდველიც გამოჩნდა – ეგვიპტის სახით. დღეს, ეს გემი ეგვიპტის საკუთრებაა.
ავტორი „სანდო წყაროზე“ დაყრდნობით, გვეუბნება, რომ ეგვიპტე აპირებს ამ გემის რუსეთისთვის გადაცემას, თანაც უსასყიდლოდ, რასაც რუსეთ-ეგვიპტის შეთანხმება უზრუნველყოფს. ავტორის მონათხრობი ჩიტის მოტანილ ამბავს ჰგავს. ერთადერთი რაც მსოფლიო მედიისთვის არის ცნობილი ისაა, რომ ეგვიპტემ რუსეთს შეუკვეთა საბრძოლო ვერტმფრენები, ვინაიდან ვერტმფრენმზიდი გემი, რუსულ ვერტმფრენებზეა გათვლილი.
შეგნებული შეცდომებით, ბოღმით გაჯერებული ავტორისეული შემოქმედება გონებას უმღვრევს საზოგადოებას, ცუდ წარმოდგენას უქმნის მეზობელი რუსეთის მიმართ, ხელს უწყობს საზოგადოების აგრესიულად განწყობას მეზობლის წინააღმდეგ. სწორედ ამგვარმა ტვინის გარეცხვამ ჰკრა ხელი 2008 წლის აგრესიას მძინარე ცხინვალზე – საბოლოო ჯამში რუსეთზე, რასაც მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა, ეკონომიკის დაცემა, ციხის კადრები, ცოცხებით და ა.შ.
ის, რაც მოსკოვმა „ჩაიდინა“ უდავოდ ვერ ქაჩავს ჰააგის ტრიბუნალამდე, ვინაიდან დამტკიცება „ჩადენილისა“ უჭირს დასავლეთს. მას არ აქვს შესაბამისი მტკიცებულებები. გარდა ამისა, მან ხომ იცის სინამდვილეში ვინ ჩაიდინა დანაშაული?
რუსეთისთვის დანაშაულის დაბრალება ძალიან ჰგავს აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის გაეროს უშიშროების საბჭოზე დემონსტრირებულ მინის სინჯარას, ვითომდა ქიმიური იარაღით, რაც აშშ-ა ერაყზე თავდასხმის საბაბად გამოიყენეს. მაგრამ რუსეთი ხომ ერაყი არ არის? მას ასე იოლად ვერ დაადანაშაულებ.
საზოგადოების პოლიტიკურად აღზრდას გონიერი, ობიექტური აღმზრდელი სჭირდება, რაც დიდი დეფიციტია. ასეთის ნაკლებობამ გზა გაუხსნა დასავლეთზე უზომოდ შეყვარებულ ფალსიფიკატორებს. სამწუხაროდ, ასეთთა რაოდენობამ იბარტყა, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყანაზე.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.