არჩევნების მოლოდინში

2016 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია და აქედან გამომდინარე პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიურობის წელიც. მმართველი, „ქართული ოცნების“ გულდასაწყვეტად უნდა ითქვას, სამოღვაწეო ვადა სწრაფად, თვალსადახელშუა შემოეფშვნა და მარადისობა, რომელზეც მმართველობის ვადის დასაწყისში ვარაუდობდა, შეზღუდული გამოდგა – რაღაც 3 წელი. მე-4-ე, ნერვების და გულის ხეთქვის წელია – პარტიულ თუ პოლიტიკურ სიაში მოხვედრის წელი, წელი უკადრებელის კადრების, საკუთარი თავმოყვარეობის გათელვის, უკანალში ძრომის, მრავალი შეურაცხყოფისა და ფურთხის ატანის წელი.

დითირამბები გამომრჩა, უფრო სწორად, შეგნებულად გამოვტოვე, რამეთუ ამ „შესანიშნავ“ თვისებას მეტი ყურადღება ესაჭიროება. მიმდინარე წელი ხომ დითირამბების კორიანტელის წელიწადი იქნება, ვინაიდან ქართულ პოლიტიკას, განსაკუთრებით „საოცნებოს“, მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ქართული პოლიტიკა სულ რაღაც 20-25 წელიწადს მოიცავს და ამ ხნის მანძილზე დიდი ვერაფერი მიღწევით დაგვამახსოვრა თავი.

ზოგი პარტია ურცხვად იმასაც გვიმტკიცებს – მანამდეც ვარსებობდიო, მაგრამ სჯერა ამის ვინმეს? 25 წლის განმავლობაში რაც კარგად შეითვისეს პარტიებმა – ლიდერთან ჩახუტებაა. ჩაეხუტები ლიდერს და სიის პირველ ათეულში (გამსვლელში) ადგილი გარანტირებული გაქვს. არა მრწამსი, არა პროგრამა, არც პარტიული ორიენტაცია და ა.შ., არამედ ლიდერთან მისაჩოჩებელი ლექსიკა და რაც მთავარია – დითერამბები.

მეხოტბეთა რაოდენობა, განსაკუთრებით, საარჩევნო წელს ფართოვდება. პარლამენტში მყოფნი თბილი ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან, ხოლო პარლამენტს გარეთ მყოფნი, იქ მოხვედრისთვის ანუ იმათი შეცვლისთვის, ვინც იქ არის. ამ ორი კატეგორიის ჭიდილში – ხშირად უხეში, დაუშვებელი წესებით ყალიბდება მეხოტბეების ახალი გუნდი – უფრო დახვეწილი, ვიდრე წინამორბედი.

25 წლის განმავლობაში პარლამენტის მანდატის მოსაპოვებლად უკანალს ულოკოვდნენ შევარდნაძე-აბაშიძეს, სხვა პარტიის ლიდერებს, სააკაშვილს, ივანიშვილს. ამ უკანასკნელს არა მარტო რიგითები ელაქუცებიან, არამედ პარტიებიც, რამეთუ არც ერთ მათგანს დამოუკიდებლად პარლამენტში შესვლის თავი არ აქვს. მხოლოდ კოალიციაში მოხვედრით თუ შეძლებენ ნატვრის ასრულებას.

ღმერთად მოვლენილ ბიძინას ხან რას უქებენ და ხან რას – ხან ამირანობას აბრალებენ, ხან ცისკარობას – დევს რომ სიკვდილი აგემა და მწყურვალე ხალხს სასმელი წყალი არგუნა, ხან ცხრათავიანი ვეშაპის სააკაშვილის დამარცხებას და ა.შ. მის მიმართ ქებათა-ქება არა მარტო სიტყვით, სიმღერითაც ითქმის – ისე, როგორც ეს პარლამენტარმა გუგული მაღრაძემ  – საგურამოში, „ოცნების“ საახალწლო ღრეობის დროს მოახერხა.

სააკაშვილსაც უმღეროდნენ (გაიხსენეთ სეფაშვილი), შევარდნაძესაც და გამსახურდიასაც, მაგრამ ბიძინასადმი მიძღვნილი სიმღერა სხვაა – დახვეწილი, უკანალში ძრომის მაღალი ტექნიკით შემკული. ადრესატიც კმაყოფილია, შესაძლოა უკმაყოფილოც, უფრო მეტის მოლოდინში. როდესაც ერთ სუფრაზე თამადა 10-ჯერ დალევს „მამა-მარჩენალის“ სადღეგრძელოს და ისიც ერთხელაც არ იტყვის გეყოფა დავიღალეო – სხვა ფენომენთან გვაქვს საქმე. ზოგი ამას ბონაპარტიზმს არქმევს, ზოგიც რას, თუმცა ამით შინაარსი არ იცვლება.

ამბობენ სადღეგრძელოები, პირში ლაქუცი „ბელადებსაც“ უხაროდათ, თუმცა სხვასაც ამბობენ, მაგალითად ხალხის მიერ აღიარებულ ბელადზე, სტალინზე, რომლის მიმართ ივანიშვილს „სხვაგვარი“ დამოკიდებულება აქვს. კრემლში ან მოსკოვის ახლო აგარაკზე გამართული სადილის (ვახშამის) დასაწყისში სტალინი, პირველი წარმოთქვამდა სადღეგრძელოს, დაახლოებით ასეთი შინაარსის – ვსვამ პროლეტარიატის ბელადის, შესანიშნავი ადამიანის, უსაყვარლესი პიროვნების და ა.შ. სადღეგრძელოს, რაც იმას ნიშნავდა, რომ სუფრის დამსწრეს სტალინის სადღეგრძელო აღარ უნდა დაელია.

მაგრამ ბიძინა სხვაა და მისი განსხვავება ნათლად გამოჩნდა ყოფილი პრემიერის სიმამრის „ბრძნული“ განცხადების შემდეგ (მგონი როგორ ნანობს), როდესაც ბიძინა, ილია ჭავჭავაძეს შეადარა და მასთან ერთად პირველობა გააყოფინა. ილიას – შემდეგ ასეთი არ გვყოლიაო.

ბიძინა, უკანალის მლოკავს, არ გამოპასუხებია, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ, რაც სერიოზულად გვაფიქრებს მის მენტალურ მდგომარეობაზე.

დიახ, ბიძინა ღმერთია, ჭავჭავაძის ტოლი, უფრო მეტიც ნიტჩესთან მოპაექრე, ყველაფრის მცოდნე, შეუდარებელი ვაჟკაცი. და მან იცის ეს, ისე, როგორც საზოგადოებამ – განსაკუთრებით საარჩევნო წელს.

ქართული მედია დროს არ კარგავს და გამუდმებით გვატყობინებს ბიძინას კარის ამბებს – როდის ჩაახველა, ლოგინში, რა დროს იცვალა გვერდი, ვისზე რა თქვა, რას გეგმავს საპარლამენტო სიასთან დაკავშირებით და სხვა. განსაკუთრებული ყურადღება სწორედ საპარლამენტო სიისკენ არის მიპყრობილი – თებერვლის ბოლოს დაასრულებს მასზე მუშაობასო. დააკვირდით – ივანიშვილი დაასრულებს სიის შედგენასო. არც მედიას და არც ე.წ. პოლიტიკოსს თავში აზრადაც არ მოსდის – პიროვნება, რომელიც საპარლამენტო სიის შედგენას დაასრულებს, ვინ არის და რას წარმოადგენს, არა მარტო „ოცნებისთვის“, არამედ ქვეყნისთვის.

ივანიშვილი, რომ მილიარდერია – ვიცით. ისიც ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ შემქმნელია; ისიც ვიცით, რომ მტარვალი სააკაშვილის დამმარცხებელია და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მაგრამ დღეს?!

დღეს, ისე, როგორც გუშინ და გუშინწინ – მილიარდერია და მასთან ერთად არასამთავრობო „მოქალაქის“ ხელმძღვანელი ანუ ფაქტიურად ის არც „ოცნების“ ლიდერია და არც რაიმე თანამდებობის მატარებელი. ცხადია, რიგითზე განსხვავებული – ფულიანია, მაგრამ საქართველოში ხომ ფულიანები სხვებიც არიან, მართალია ოფიციალურად არა იმდენი მილიარდის პატრონნი, რამდენისაც ივანიშვილი, მაგრამ მაინც.

მათ არც უმღერიან, არც დითირამბებით ამკობენ, საერთოდ არც ახსენებენ და არც სიის შედგენას აბრალებენ. მაშ, რაშია საქმე?! უპირველესად იმაში, რასაც საზოგადოების გადაგვარება ჰქვია და არა ერთი პიროვნების, ამ შემთხვევაში ივანიშვილის. საზოგადოება იმ დოზით გადაგვარდა, რომ თავისუფლად უშვებს ვიღაც მილიარდერის გაღმერთებას და თვლის, რომ ის გადაარჩენს, ის ამოიყვანს ქვეყანას იმ ჭაობიდან, რომელშიც რახანია იმყოფება. და ამას თვლის იმ სამწლიანი მმართველობის შემდეგ, რომელმაც საქართველოს ცუდის მეტი არაფერი არგუნა.

არადა რა დაპირებები იყო ბიძინას მხრიდან? გაიხსენებ და გული გაგინათდება, რეალობას შეავლებ თვალს და გინების ხასიათზე დადგები. ათეულ-ათასობით სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნასო; ხელისუფლება ხალხს უნდა ემსახურებოდესო და არა ხალხი ხელისუფლებასო; შევამცირებთ გაუმართლებლად მაღალ კომუნალურ გადასახადებსო; ნახავთ როგორ დაიწევს ფასი ძალიან ბევრ პროდუქტებზე, ბენზინზე, ელექტროენერგიაზეო; ასობით და ათასობით საწარმო უნდა გაიხსნასო და ეს იქნება რეალურიო; ყოველთვიურად ასობით საწარმო უნდა იხსნებოდესო …

ჩამონათვალი გრძელია – მოსასმენ-წასაკითხად საამო, შესასრულებლად – შეუძლებელი. ცნობილია, როდესაც ვინმე მოჭარბებულად მსუყე დაპირებებს აკეთებს – ტყუის, მაგრამ გულუბრყვილო საზოგადოებამ დაიჯერა სამების ტაძრის, მარჯანიშვილის თეატრის და სხვა ობიექტების მშენებელ-გამრემონტებლის დაპირება და … სულ მალე დარწმუნდა ტკბილი სიზმრის, სიზმრობაში.

საზოგადოების დარწმუნების მიზნით მომავალმა მმართველმა პარტიამ უამრავი კომისია შექმნა ცნობილი ექსპერტებისა და საქმეში ჩახედული ადამიანების შემადგენლობით. სწორედ მათ უნდა შეესწავლათ, გაეანალიზებინათ და შესასრულებლად წარედგინათ პროექტები ამათუიმ დარგში – დემოგრაფიით დაწყებული, მრეწველობის და სოფლის მეურნეობის აღორძინებით დამთავრებული.

დასრულდა არჩევნები და ჯგუფების მუშაობაც დასრულდა, ისე, როგორც გუშინდელი თოვლი. მათი ნაშრომი აღარავის მოუკითხავს. იქნებ ვცდები? თუმცა, რომ მოეკითხათ, რაღაც შედეგი ხომ იქნებოდა? მოტყუვდნენ ექსპერტებიც და მათი შემყურე ხალხიც, მაგრამ ბოლომდე მოტყუვდნენ? ასე, რომ იყოს ახალგამომცხვარი „პოლიტიკოსი“ პაატა ბურჭულაძე ხავერდოვანი ბასით არ იტყვის – გადაწყვეტილი გვაქვს ყველა რაიონის, ქალაქის, სოფლის მონახულება და მძიმე ვითარებიდან გამოსვლის პროგრამის შედგენაო.

არადა სოფლის, ქალაქის და რაიონის განვითარების პროგრამის შედგენა ხელისუფლების საქმეა, ვინაიდან მას და მხოლოდ მას აქვს შესაძლებლობა გაეცნოს რეალურ სტატისტიკურ მონაცემებს (თუკი საერთოდ არსებობს ასეთი), თვალი შეავლოს საბიუჯეტო თანხებს და აქედან გამომდინარე გააკეთოს დასკვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ იმას, რაც ივანიშვილმა გაგვიმხილა – არ ვიცოდით „ნაცებს“ რა სახის ხელშეკრულებებზე ჰქონდათ ხელი მოწერილი და აქედან გამომდინარე ძნელია ენერგომატარებლებზე ფასების შემცირებაო.

მაინც რა ძალა აქვს დაპირებას?! გახსოვთ ალბათ ამერიკული ფილმი „შესანიშნავი შვიდეული“. არის იქ ერთი ასეთი სცენა – ერთი-ერთი, სახელად ჰარი, მძიმედ დაჭრილი, კვდება და გაქანებული ბრძოლის დროს მეორეს ეკითხება, რომ გავიმარჯვოთ რას მივიღებთო. მეორე, უმალ პასუხობს – ოქროს, ბევრ ოქროს, ჰარი! მომაკვდავის თვალებში ნაპერწკალი გაიელვებს და იმედიანად დალევს სულს.

გადმოვიტანოთ ეს სცენა ჩვენს ყოველდღიურობაში, გავიხსენოთ 3 წლის წინანდელი დაპირება და . . .

ზოგმა მოლას ვირის ბედი გაიზიარა – ცხვირწინ საჭმელს რომ უტრიალებდნენ, არ აძლევდნენ და შიმშილით რომ სული განუტევა, ზოგმა „საყვარელ“ დასავლეთში, უკანალის მწმენდავ ქალთა რიგებს მიაკითხა. კარგმა დაპირებამ და ცხოვრებამ იცის ეს, სხვამ არაფერმა.

ხალხის უკმაყოფილება გამოჩნდა რადიო „მაესტროს“ გადაცემა „ხალხის აზრში“, როდესაც შეკითხვაზე – ვის ინატრებდნენ მომავალ პარლამენტში, რესპონდენტებმა, როგორც ერთმა, უპასუხეს – დღევანდელთაგან არც არავისო და ისეთი ლანძღვა-გინება, კრულვა მიაყოლეს „ოცნებას“, თქვენი მოწონებული.

არც ერთ მათგანს არ უთქვამს – ერთს მაინცო, ყველას – არაო, იყო გაღიზიანებული პასუხი. სამი წლის განმავლობაში იმდენი ნეგატიური წამოვიდა ხელისუფლებიდან, რომ ხალხს მათი დანახვაც არ უნდა. მაგრამ არის ერთი მაგრამ … რომ არა ესენი, ისინი ხომ არ დაბრუნდებიანო – შეშინებული ამასაც ფიქრობს და არ არის გამორიცხული, შიშის გამო არჩევანი ისევ ამათზე შეაჩეროს.

საქართველოს პოლიტიკური პარტიების უნიათობაზე არაერთხელ გვსმენია. ისიც ვიცით, რომ ყველა ისინი ერთი კაცის – დიდი-დიდი 2 კაცის რაოდენობისა იყოს. ისიც ვიცით, რომ პროგრამას ერთმანეთისგან იწერენ და ისიც ვიცით, ყველა მათგანის მზე დასავლეთში ამოდის. არც ერთ მათგანს არ სურს ვითარებიდან, 25-წლიანი ისტორიდან გამომდინარე იფიქროს. ასე, რომ იყოს, ვინ გაიხსენებს დასავლეთს. დღეს იხსენებენ და იხსენებენ იმიტომ, რომ მასთან (დასავლეთთან) ქულები ჩაიწერონ, რაღაცას გამოჰკრან ხელი.

დასავლეთიც, რომელმაც ზედმიწევნით შეისწავლა საზოგადოების თვალთმაქციური ბუნება, ხან რას ჰპირდება ქვეყანას და ხან რას. ამ დაპირებებიდან რეალური ერთია – ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა. და ეს ერთი იმისთვისაა გამოგონილი, კმაყოფილი მიწაზე გაიშხლართო, ისე, როგორც ღორი, მუცელზე მოფხანის დროს.

მაინც რა მარტივად, მოახერხა დასავლეთმა საქართველოს დაჩოქება და არა მარტო მისი, არამედ უკრაინის, მოლდოვის. სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან ფეხი არ ჩაუვიდა – ხალხი და ხელისუფლება გამოდგა მაგარი. აი, რაც ამ სამს შეეხება – ერთი-მეორეს ეცილებიან სიდუხჭირეში, მაგრამ ამერიკელთა უკანალის ლოკვას მაინც არ ეშვებიან. სამივე ისეა დანგრეული, მძიმეწონიანი ამწეკრანითაც ვერ აიწევა.

რეალობა სავალალოა და არა მარტო ეკონომიკაში ან სოციალურ ყოფაში, პოლიტიკაშიც. სასურველი პარტიისთვის ხმის მიცემის ნაცვლად იძულებულები ვართ უვარგისს მივცეთ ხმა, რომ უფრო უარესს გზა გადავუკეტოთ და ასე ვართ 25 წელიწადია – უკეთესის  მოლოდინში რომ უვარგისს ვირჩევთ.

ნეტავ, სადამდე გაგრძელდება ფუჭი მოლოდინი?! ალბათ იქამდე, ვიდრე ხალხს სამოქალაქო პასუხისმგებლობა არ ჩამოუყალიბდება, ვიდრე ქართველი, საკუთარი კუჭიდან შეაფასებს არსებულ ვითარებას, ვიდრე არ შეეშვება მოჭარბებულად მიწიერის, თანაც თვალთმაქცის გაღმერთებას და მასთან ერთად მის მიერ შედგენილი საპარლამენტო სიის წინასწარ პატივისცემას, ვიდრე არ შეიგნებს, რომ „ღმერთის“ მიერ გაწეული ქველმოქმედება, ინტელიგენციისთვის ფულის მიცემა და ა.შ. მისსავე ავადმყოფურ განდიდებას ემსახურება.

დიახ! ავადმყოფურს – სხვას ვერაფერს იტყვი პირზე, რომელიც მოშიმშილე ქვეყანაში ზვიგენთან თამაშით იქცევს თავს – არადა ამ ზვიგენის შენახვა ერთ პატარა ქალაქს ხომ დააპურებდა? ის, რასაც ქართველი ითხოვდა მისგან სულაც არ იყო ფული, რომელიც ინტელიგენციამ მიიღო და პირში წყალი ჩაიგუბა. ის დასაქმებას ანუ იმას ითხოვდა, რაც კონსტიტუციით აქვს გარანტირებული, მაგრამ ხელისუფალთა გამოისობით ვერადავერ მიიღო.

ის სხვაგვარი სიის შედგენას ითხოვს და არა ერთი პირის მიერ შედგენილს, სადაც უდავოდ იქნებიან ადამიანები – უღირსნი და გაიძვერანი, ისე, როგორც არსებულ პარლამენტში. ის, სხვა ხელისუფლებას ითხოვს – ნაკლებად ღორმუცელას, არა მატყუარას, უსაქმოს, საქვეყნო საქმეში მძინარეს. მას, სხვა ცხოვრება უნდა და არა ისეთი, როგორიც აქვს – ერთი კაცის, ერთი პირის ქვეყანა, დამშეული და უპერსპექტივო.

არის მის მოთხოვნაში რაიმე ფანტასტიკური, შეუსრულებელი, მიუღებელი? არც არაფერი. მაგრამ ერთია – მოთხოვნა უნდა გასცდეს თითოეულის სამზარეულოს, გადავიდეს ელექტრონულ და ბეჭვდით მედიაში, გახმოვანდეს ფართოდ, საყოველთაოდ, რაც თავისთავად ნამდვილი ოცნების ასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

    ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.