„მოლოტოვ-რიბენტროპის“ პაქტთან დაკავშირებით
ბატონ გურამ გოგიაშვილს
მეორე მსოფლიო ომის თემა, რომელსაც საბჭოთა კავშირში სამამულო ომს უწოდებდნენ, დღესაც აქტუალურია არა მარტო ისტორიკოსების, სპეციალისტების, პოლიტოლოგებისა და პოლიტიკოსებითვის, არამედ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის. მრავალი წიგნი, სტატია, ფუნდამენტური ნაშრომი, ფილმი დაიდო მსოფლიო საზოგადოების სამსჯავროზე ამ თემასთან დაკავშირებით.
მომავალ წელს აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი. ამ ღონისძიებისთვის ემზადებიან ევროპასა და ამერიკაში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, რომლებმაც იწვნიეს ფაშიზმის მწარე გაკვეთილები. განსაკუთრებული მზადებაა მეზობელ რუსეთში, ყოფილი საბჭოეთის მემკვიდრეში, რომელმაც ათეული მილიონი ადამიანი შესწირა გერმანული ფაშიზმის უღლისგან განთავისუფლებას — იხსნა რა არა მარტო საბჭოთა კავშირი, არამედ ევროპა და მსოფლიო ფაშისტური ჭირისგან.
ფასდაუდებელია იმჟამინდელი საბჭოთა კავშირის და მასში შემავალი საბჭოთა რესპუბლიკების წვლილი ფაშიზმის დამარცხებაში, თუმცა კოლექტიური დასავლეთი ასე არ თვლის და მიიჩნევს, რომ ფაშიზმი მან დაამარცხა და თუ აღმოსავლეთის ფრონტზე საბჭოეთი წინააღმდეგობას უწევდა გერმანიის არმიას, ისიც დასავლეთის, კერძოდ ამერიკული ჯავშანტექნიკის, თვითმფრინავების, სხვა სამხედრო ტექნიკის წყალობით. რომ არა ეს დახმარება საბჭოთა კავშირი ვერაფერს გახდებოდა მტერთან ბრძოლაში, ვინაიდან მზად არ იყო ომისთვის — მისი არმია იყო სუსტი და შეუიარაღებელი.
ამ დასავლურ მოსაზრებას უპირისპირდება მეორე — არაერთი წიგნი და სტატია დაბეჭდილი, ერთადერთი მიზნისთვის — საბჭოთა კავშირის აგრესიულობის დასამტკიცებლად; რომ მან აიძულა ჰიტლერული გერმანია ომისკენ; რომ სტალინური საბჭოეთი სწრაფი ტემპით ავითარებდა შეიარაღებას, რათა ფრთები შეესხა ტროცკისტული იდეისთვის (რომელსაც ვითომ სტალინიც იზიარებდა) „მსოფლიო რევოლუციისთვის“.
მაშინდელი კრემლის ჰეგემონისტური პოლიტიკისა და მსოფლიოს ბატონობის მოპოვების თაობაზე თვით რუსეთშიც არაერთი „ისტორიული რომანი“ გამოიცა. მარტო ვინმე სუვოროვის „შემოქმედების“ ნაყოფი (რომანები) რად ღირს. მათში „ფაქტებით, დოკუმენტებით“, გათვლებით „მტკიცდება“ ის, რაც დასავლეთს სურს — სტალინის და საბჭოთა ხელმძღვანელობის აგრესორობა. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება ომის დაწყების წინა წლებსა და ომის გამომწვევ მიზეზებზე.
30 წელზე მეტია საბჭოთა კავშირის ანტიჰუმანური ქმედების აქტად არის შერაცხული საბჭოთა კავშირ-გერმანიას შორის დადებული ხელშეკრულება, რომელსაც „მოლოტოვ-რიბენტროპის“ პაქტსაც უწოდებენ.
ეს სამთავრობო ხელშეკრულება 1939 წლის 23 აგვისტოს იქნა ხელმოწერილი — ათი წლით, რომლის ვადის გავლის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა მისი გაგრძელება ყოველი ხუთი წლით. დოკუმენტს ხელს აწერდნენ ვიაჩესლავ მოლოტოვი (სკრიაბინი) — სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრი და ულრიხ ფონ რიბენტროპი — გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები ვალდებულებას იღებდნენ თავს არ დასხმოდნენ ერთმანეთს. დაეცვათ ნეიტრალიტეტი იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარე მესამე მხარესთან ჩაერთვებოდა ომში, არ შესულიყვნენ სხვა ქვეყნებთან, ერთმანეთის საწინააღმდეგო პირდაპირ თუ ირიბ კავშირში.
აღნიშნული დოკუმენტის მკაცრი კრიტიკა კარგა ხანია ისმის დასავლეთში. მან (კრიტიკამ) უმწვავესი სახე მაშინ შეიძინა, როდესაც საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთის ლიბერალურმა ხელისუფლებამ, მანამდე კი საბჭოეთის წყალწაღებულმა მმართველობამ გორბაჩოვის მეთაურობით, კრიტიკის ქარიშხალში გაატარა სტალინური პოლიტიკა, „მოლოტოვ-რიბენტროპის“ პაქტი და ლამის ბოდიში მოიხადა აღნიშნულის გამო.
არვინ აზიანებს ქვეყნის იმიჯს ისე, როგორც მის შიგნით აღმოცენებული მტრული ძალები. ასეთებად მოიაზრებიან მაშინდელი და დღევანდელი რუსი ლიბერალები — მსუყედ დაფინანსებული ამერიკული სახელმწიფოს თუ არასახელმწიფო ორგანიზაციებისგან. მათი მიზანი არის მარტივი — რუსეთისგან მტრის ხატის შექმნა. რუსეთის პრეზიდენტის პუტინის გაშავება და ისეთ მტარვალად წარმოჩინება, რომელიც ხელს უშლის არათუ რუსეთის, არამედ მსოფლიოს დემოკრატიულ განვითარებას.
სწორედ მას მიიჩნევენ სტალინური პოლიტიკის გამგრძელებლად. სტალინი კი, როგორც დასავლეთის გარკვეული წრეების, ისე რუსი ლიბერალების მიერ სისხლისმსმელ ტირანად არის შერაცხული. და აი, ამ სისხლისმსმელი ტირანის შემოქმედებაა „მოლოტოვ-რიბენტროპის“ პაქტი — ორი დამნაშავე ქვეყნისა და ლიდერის ჰიტლერ-სტალინის მიერ შექმნილი ხელშეკრულება.
კითხულობ „დამნაშავე“ ხელშეკრულებას და მასთან ერთად „საიდუმლო პროტოკოლს“, რომელიც სულ ახლახანს გამოამზეურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მთავარი დოკუმენტი „ხელშეკრულება გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის თავდაუსხმელობის შესახებ“ არასდროს ყოფილა გასაიდუმლოებული. ტექსტის მიხედვით, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ხელმომწერ მხარეებს ჰქონოდათ სურვილი ეცხოვრათ მშვიდობიანად და ამისთვის თავი შეეკავებინათ ერთმანეთის წინააღმდეგ თავდასხმისგან, გადაეჭრათ საკამათო საკითხები მშვიდობიანი გზით.
საბჭოთა მხარისთვის მთავარი მამოძრავებელი იყო მშვიდობის შენარჩუნება, რომელიც ესოდენ ესაჭიროებოდა მას იმ აღმშენებლობისთვის (მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკის სხვა დარგები, განათლება, კულტურა), რასაც ადგილი ჰქონდა ომამდელ წლებში.
გარდა ამისა მოსკოვი ითვალისწინებდა იმჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებას ევროპასა და მსოფლიოში. მან კარგად იცოდა რა ჩანაფიქრი ამოძრავებდა გერმანიას. ის, რომ ჰიტლერის გერმანია შეეცდებოდა პირველ მსოფლიო ომში დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას — კარგად იყო ცნობილი, როგორც ინგლისისთვის, ისე საფრანგეთისა და სხვა ევროპული ქვეყნებისთვის.
1938 წლის სექტემბერში დაიდო მიუნხენის ხელშეკრულება. საფრანგეთმა და ინგლისმა ამ ხელშეკრულებით გზა გაუხსნეს გერმანიას უნგრეთს, პოლონეთს, ჩეხოსლოვაკიის დაქუცმაცებაში და მის შემდგომ ოკუპაციაში.
მიუნხენს მოჰყვა დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაუსხმელობის ხელშეკრულება და ანალოგიური — გერმანია-საფრანგეთს შორის.
მიუნხენის ხელშეკრულებით გახალისებული პოლონეთი — გერმანიასთან მჭიდროდ მოთანამშრომლე, ვერც კი იფიქრებდა, რომ ჩეხოსლოვაკიის შემდეგ პოლონეთი გახდებოდა მისი ლუკმა.
რას აკეთებდა საბჭოთა კავშირი? — გერმანიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ კავშირის შეკვრას, თუმცა მცდელობამ უნაყოფოდ ჩაიარა, ვინაიდან ინგლისმა და საფრანგეთმა 1938 წელს, მესამე რეიხთან წინააღმდეგობის გარეშე, ჩააბარეს ჩეხოსლოვაკია. მათ უარი უთხრეს მოსკოვს, პრაღისთვის სამხედრო დახმარების გაწევის თაობაზე, ისე, როგორც საბჭოთა კავშირთან ერთად პოლონეთის დაცვაზე.
ინგლის-საფრანგეთის პოლიტიკამ აიძულა საბჭოთა კავშირი გერმანიასთან ხელშეკრულების დადებისკენ. მოსკოვმა კარგად იცოდა, რომ გერმანიასთან სამხედრო კონფლიქტი საკმარისი იქნებოდა გერმანიის მხარეზე დასავლეთის დასადგომად, რომელიც ვერ მალავდა თავის სიძულვილს მსოფლიოს პირველი მუშურ-გლეხური სახელმწიფოს მიმართ და თავის მხრივ გეგმებს ადგენდა საბჭოთა კავშირზე თავდასასხმელად.
„მოლოტოვ-რიბენტროპის“ პაქტი იყო საუკეთესო და ერთადერთი არჩევანი კრემლისთვის. რაც შეეხება „საიდუმლო პროტოკოლს“ — მისი მნიშვნელობა გამოიხატებოდა შემდეგში: ვინაიდან ხელშეკრულება ატარებდა საერთოპოლიტიკური დოკუმენტის სახეს, რომელიც აწესებდა საბჭოეთ-გერმანიის ურთიერთობების ჩარჩოებს — ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების ფორმატში, საჭირო იყო კონკრეტიკა — რეალობიდან გამომდინარე. რეალობა კი იყო ის, რომ გერმანია შეიჭრებოდა პოლონეთში და გავიდოდა საბჭოთა საზღვრებამდე.
კრემლისთვის მთავარი იყო აღმოსავლეთისკენ გერმანიის მარშის შეჩერება. ამ მიზანს ემსახურებოდა „საიდუმლო პროტოკოლი“.
გერმანიის, პოლონეთში შეჭრის დროს წამოჭრილი მოულოდნელობისგან თავდაცვის მიზნით, ის აწესებდა „წითელ ხაზებს“ გერმანია-სსრკ-ს შორის პოლონეთის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც გერმანიამ დაიკავა პოლონეთის ტერიტორიის ნაწილი და პოლონეთის ხელისუფლებამ შეწყვიტა არსებობა — საბჭოთა კავშირი შევიდა აღმოსავლეთ პოლონეთში.
საბჭოეთის პოლიტიკა იყო გამოწვეული ევროპაში შექმნილი რეალობიდან, რომ პოლონეთის აღმოსავლეთი ნაწილი დაეცვა გერმანიის ოკუპაციისგან. საბჭოეთის შესვლამ პოლონეთში გადაარჩინა პოლონელები, იქ მცხოვრები ებრაელები გერმანელთა ხოცვისგან. მათ თავი გადაირჩინეს პოლონეთის იმ ტერიტორიებზე გადასახლებით, რომლებიც სსრკ-ს მიერ იყო დაკავებული.
„მოლოტოვ-რიბენტროპის“ ხელშეკრულებამ საბჭოთა კავშირს მისცა საშუალება გადაევადებინა მასზე თავდასხმა, მოეხდინა ძალთა კონცენტრაცია. ასე მოიქცეოდა ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც სურდა ომის შეჩერება. განა ასე არ მოიქცნენ საფრანგეთი და ინგლისი, რომლებმაც სსრკ-ზე ადრე გააფორმეს მესამე რეიხთან ხელშეკრულება?!
ასე რომ, საბჭოთა კავშირს არაფერი ჰქონდა მოსანანიებელი, ისე, როგორც მის მემკვიდრე რუსეთს. მოსანანიებელი თუ ვინმეს აქვს — კოლექტიური დასავლეთია, რომელმაც არაფრად ჩააგდო სსრკ-ს თხოვნა 1939 წელს ანტიჰიტლერული კოალიციის ჩამოყალიბებისათვის. ვინ იცის, იქნებ მსგავსი კოალიციის შემთხვევაში, იმ საშინელებას, რაც შემდეგ დატრიალდა — ადგილი არ ჰქონოდა.
1941 წლის 22 ივნისს დაიწყო დიდი სამამულო ომი, რომელმაც სსრკ-ს მოსახლეობის 20 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მარტო პატარა საქართველოდან ომში 600000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, აქედან მხოლოდ ნახევარი დაუბრუნდა მშობლიურ მიწას. პროცენტულად პატარა საქართველომ დაახლოებით იმდენი მეომარი დაკარგა, რამდენიც აშშ-ა.
სამარადისო იყოს მათი ხსოვნა!
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი