ლარის გაუფასურება და ხელისუფლების უსუსურობა
პრემიერმა დაგვტუქსა, უფრო ზუსტად გაბრაზებულმა გვისაყვედურა, უფრო ზუსტად ოპოზიციასა და მედიას უსაყვედურა – გაუთავებლად რომ აკრიტიკებთ ხელისუფლებას, ლარის კურსზე ცუდად მოქმედებს და არ გავიგო თქვენი წუწუნიო.
ლარის კურსის გაუარესებაზე ხომ მარტო ოპოზიცია და მედია არ ლაპარაკობს? ლაპარაკობს ყველა, რომ იტყვიან, სრულიად საქართველო და ლაპარაკობს ერთი წელიწადია. ლაპარაკობს იმიტომ, რომ გაუსაძლისი ეკონომიკური ვითარებაა შექმნილი.
რას აკეთებს ხელისუფლება ვითარების შესაცვლელად? საფინანსო-ეკონომიკური თვალსაზრისით – არც არაფერს, წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაც გამოჩნდებოდა. მაპატიეთ, შევცდი, როგორ არ აკეთებს – დაპირებას-დაპირებაზე აცხობს – დროებითი მოვლენაა და სულ მალე ვითარება გაუმჯობესდებაო.
ეს, „დამაიმედებელი“ სიტყვები, რახანია გვესმის. გაზაფხულზე უფრო „დამაიმედებელი“ პროგნოზი მივიღეთ – ტურისტული სეზონი დადგება და შემოსული ვალუტა ლარს გაამყარებსო.
ტურიზმის სეზონი თავდება – ლარის გაუფასურების ტენდენცია კი რეკორდებს ხსნის. არაპროფესიონალი ხელისუფლება, ნაცვლად დასაბუთებული ახსნა-განმარტებისა, ხან ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ქადაგიძეს ლანძღავს – ის, არის დამნაშავეო, ხან კიდევ ვის და რას. ახლა მთლიანად საზოგადოებას მიადგა – თქვენი ლაპარაკი იწვევს ლარის კურსის გაუარესებასო.
ღარიბაშვილმა ლაპარაკიც აგვიკრძალა!
არადა დავრდომილ საზოგადოებას, გაფხეკილი ჯიბეების გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილს, სამზარეულოში ლაპარაკის მეტის თავი რომ არ აქვს – საყვედურობენ, თანაც როგორ, მუქარას რომ ჰგავს. ახია საზოგადოებაზე – ყველაფრის მომთმენზე, შეურაცხყოფის ამტანზე.
შეურაცხყოფაა, როდესაც ხალხს ეუბნები – შენი ლაპარაკის გამოისობით არის გაუსაძლისი ვითარებაო; შენი ლაპარაკის გამო კატასტროფულად მატულობს კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, პირველადი მოთხოვნილების საგნებზე, მომსახურებაზე ფასებიო. როგორ იქცევიან იქ, იმ „დალოცვილ“ ევროკავშირის ქვეყნებში ანალოგიურ შემთხვევაში? ქუჩაში გამოდიან და ხელისუფლებას ცვლიან. აქ ამას ადგილი არასდროს ჰქონია და რომ არ, ხელისუფლებაც გათამამებულია. მან იცის, რომ საქართველოს მოსახლეობა, სოციალური სიდუხჭირის გამო, 20 წელიწადია ქუჩაში არ გამოსულა და რაღა დღეს გაუწყრება ღმერთი?
არ გამოსულა იმიტომ, რომ ხალხმა არ იცის მისი უფლებები; არ იცის, რა ხდება მის თავს; არ იცის, რა ხდება მსოფლიოში, თუნდაც მეზობელ ქვეყნებში; არ იცის, ვინაიდან საერთო განათლება ღალატობს – ანალიზის უნარზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. და რახან არ იცის – იცის ხელისუფლებამ – ტყუილებით და ფუჭი ლაპარაკით დაიმედება და თუ ამანაც არ გაჭრა – დატუქსვა – ხელისუფლებისთვის არასასიამოვნო ლაპარაკისთვის.
არადა ხელისუფლებას არაფერი დაუშავდებოდა, ხალხისთვის მისაღებ ენაზე, მარტივად და მკაფიოდ აეხსნა შექმნილი მდგომარეობა. მარტო იმის თქმა, რომ გარე ფაქტორები იწვევს ლარის კურსის ვარდნას, არაკვალიფიციური განმარტებაა.
დიახ! მსოფლიოში საფინანსო-ეკონომიკური კრიზისის აშკარა დემონსტრაციაა – გამოწვეული უვიცი დასავლური პოლიტიკით.
დიახ! აშშ-ს და მისი მოკავშირე ქვეყნების, მათ შორის ევროკავშირის დაუფიქრებლობამ, ვიწრო შოვინისტურმა პოლიტიკამ გამოიწვია რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესება, ნავთობზე ფასების ხელოვნური დაწევა, რამაც საბოლოო ჯამში რუსეთსაც ავნო და მთელს მსოფლიოსაც.
აშშ-ს ადმინისტრაცია, რომელიც ერთი წელიწადია აშკარად და დაუფარავად იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ, ვეღარ ზომავს მის შესაძლებლობებსა და ძალას, რითაც ზიანს აყენებს როგორც მოწინააღმდეგეს, ისე საკუთარ თავსა და მოკავშირეებს. ცნობილი ამერიკელი მეცნიერი და დიპლომატი ჰენრი კისინჯერი ამერიკულ ჟურნალ “National interest”-ში წერს: „აშშ-ს უკვე აღარ შეუძლია დიქტატი. საჭიროა ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნა, რომელიც გაითვალისწინებს ძალთა ბალანსს, ვინაიდან დღეს აღარ არის წესები, რომლებსაც სხვები მიიღებენ“.
აშშ-ის ადმინისტრაცია არც კისინჯერის და არც ათასი კისინჯერის მოსაზრებას არ გაიზიარებს, ვინაიდან საკუთარი ყოვლისშემძლეობით არის დაბრმავებული. პოლიტიკური ახლომხედველობა, ისტორიის უცოდინრობა და სიხარბე ღუპავს მას. რუსეთი არც კუბაა და არც სხვა მცირე ზომის ქვეყნები, რომლებსაც მოურიდებლად უწესებდა აშშ-ი სანქციებს და ათეული წლობით ეკონომიკურ-საფინანსო ბლოკადაში ამყოფებდა.
რუსეთი ისეთი გიგანტია, რომლის თუნდაც რკინის გალიაში ჩასმა, მსოფლიოსგან იზოლაცია, შეუძლებელია. მცდელობა ამისა თვითგვემით თავდება და იმ ქვეყნების ეკონომიკური სიდუხჭირით, ვინც რუსეთთან არის დაკავშირებული, თუნდაც მცირედით მაინც. მათ შორისაა საქართველოც.
რუსეთზე ეკონომიკური სანქციების დაწესება, ნავთობზე ფასების დაწესვა, ჩინეთის მიერ იუანის თავისუფალ „ცურვაში“ გაშვება, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სამსახურის მავნებლური პოლიტიკა, უკრაინის ომი, ომები ახლო აღმოსავლეთში, სხვა საკითხები არის ის სერიოზული მამოძრავებელი ძალა, რომელიც ცუდად მოქმედებს საფინანსო-ეკონომიკურ ვითარებაზე, იწვევს ეროვნული ვალუტის კურსის დაცემას, ცხოვრების დონის გაუარესებას და ა.შ.
სამწუხაროდ, ყოველივე აღნიშნულს თავისებურ სტიმულს ის სახელმწიფო აძლევს, ჩვენ რომ „სტრატეგიული პარტნიორი“ გვგონია. საბოლოო ჯამში მსოფლიო იღებს იმას, რასაც გასული კვირის „შავი ორშაბათი“ ჰქვია. „შავი“ საფინანსო ორშაბათი კარგა ხან გაგრძელდება, უპირველესად ისეთი უსუსური ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა.
„შავი“ ორშაბათის შემდეგ მთელი კვირა გავიდა, მაგრამ არც ხელისუფლებას და არც მედიას თავი არ შეუწუხებია აეხსნა ხალხისთვის, რა ხდება მსოფლიოში და რა მოაქვს „სიშავეს“ საქართველოსთვის. არ გამოჩნდა არც ერთი ეკონომისტი, ფინანსისტი, ვითარების განსამარტავად. რაშია საქმე? იქნებ საქართველო სხვა პლანეტაზე გადაიტანეს და ჩვენ ვერ ვხვდებით? იქნებ მსოფლიო პოლიტიკურ-ეკონომიკურ-საფინანსო თამაშები ჩვენ არ გვეხება?
იქნებ მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში თუნდაც ზერელედ ჩახედული სპეციალისტი დეფიციტია? ვაგლახ, რომ ასეა და რახან ასეა, ნაკლები პრეტენზია უნდა გვქონდეს ევროპელობაზე, ნატოს წევრობაზე, აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობაზე.
ჩვენ არ ვიცით, რა პროცესებს აქვს ადგილი. აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა – რა ხდება ჩვენს თავს? კითხვა კი იბადება, მაგრამ არ ვიცით პასუხი. არ ვიცით იმიტომ, რომ არავითარ დონეზე არ გვაქვს სწავლა-განათლების სისტემა, თუმცა გვაქვს ასობით „უმაღლესი სასწავლებლისა და აკადემიის“ მიერ გაცემული დიპლომები, გვყავს უცხოეთში სერტიფიცირებული „სპეციალისტები“, ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის უპირველესი დანიშნულება სწორედ ხალხის განათლება – დაკვალიანებაა.
სამწუხაროდ, ყველა ისინი ანტიხალხურ საქმეს ემსახურებიან, ისე, როგორც მოჭარბებულად მოღაღადე ქართული ტელეკომპანიები. და როდესაც მსგავს განუკითხაობასთან გვაქვს საქმე, ხელისუფლება გაბედავს და დაგტუქსავს ლაპარაკის გამო – იმ სისულელეს იტყვის – თქვენი ლაპარაკი, ლარის კურსს დაბლა სცემსო. იქნებ თქვენი არაპროფესიონალიზმი და გაუმაძღრობაა თავიდათავი და არა ლაპარაკი?! იქნებ თქვენმა უზომო ხელფასებმა, პრემიებმა და სახელფასო დანამატებმა, გაუთავებელმა უცხოურმა ვოიაჟებმა, სხვა ზღვარგადასულმა ქცევამ დაუდო საფუძველი ლარის კურსის გაუფასურებას?!
გამოცდილი დასავლელი ექსპერტების მიერ არაერთხელ გამოითქვა აზრი – სახელმწიფო ფულის ხარჯვაში ყაირათიანობასთან, საბიუჯეტო თანხების შემცირებასთან დაკავშირებით, მაგრამ „შეაყარე კედელს ცერცვი“. ხელისუფლება მესამე წელია ვერ ელევა „ტკბილ“ ცხოვრებას და სანამ ხელისუფლებაშია, მაქსიმალურის მიღებას ცდილობს. ქვეყანას, რომელსაც ლამის „შავი“ დღე აქვს დამდგარი, არ აქვს უფლება ორი დელეგაცია გაგზავნოს გაეროს ასამბლეაზე – პრემიერ-პრეზიდენტის მეთაურობით. ორივეს მაღალი მომსახურება ესაჭიროება, ცხადია სტატუსიდან გამომდინარე. ორივეს საგრძნობი (რიცხოვნობით) ამალა ეხლება, მსუყე აპეტიტებით, რაც უდავოდ უკავშირდება საბიუჯეტო თანხების არაყაირათიან ხარჯვას.
საქართველოს ხელისუფლებას ბევრ რამეში შეუძლია ეკონომიის გაწევა, თუნდაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის რაოდენობის შემცირებაში. საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელსაც 70-ზე მეტ ქვეყანაში უნდა ჰქონდეს საკუთარი საელჩო ან დიპლომატიური წარმომადგენლობა. მთავრობაში არვინ გამოჩნდა ისეთი, ვინც ამ აღვირახსნილ ფულის ხარჯვას წერტილს დაუსვამს. არვის უთქვამს, რას აძლევს ქვეყანას მადაგასკარზე, ინდონეზიაში, მექსიკაში, სხვაგან გახსნილი საელჩოები. ღირს საკუთარი ნათესავების დასასაქმებლად ქვეყნის გაღატაკება?
სად არის ჩვენი სანაქებო ჟურნალისტიკა? რატომ არ წერს ამის შესახებ? თუმცა რა უნდა დაწეროს, როდესაც აშკარად არ არის საქმეში ჩახედული. როდესაც ჟურნალისტი გაოცებული იტყვის – მე მეგონა, აუცილებელია ჩვენი საელჩოს გახსნა იმ ქვეყანაში, ვინც დიპლომატიურად გვცნოო – ყველაფერი ნათელია. ასეთ მეოთხე „ხელისუფლებას“ არათუ დაუცაცხანებ, დედასაც შეაგინებ.
ფულის უყაირათო ფლანგვაა საფრანგეთში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შესყიდვა. ჯერაც არ ჩანს ჟურნალისტი, ექსპერტი, რეალურად მოაზროვნე პიროვნება, რომელიც ხალხს აუხსნის, რომ ხიდაშელის ინიციატივა დიდი ფულის ხარჯვასთანაა დაკავშირებული და არა საქართველოს თავდაცვასთან.
როდესაც თბილისიდან 30 კილომეტრში რუსი სამხედროებია, შესაბამისი შეიარაღებით, რომელ საჰაერო თავდაცვაზეა ლაპარაკი? რუსები ხომ ყოველგვარი რაკეტების გამოყენების გარეშე შემოვლენ თბილისში?
დავუშვათ, მართლაც გამოგვადგა ფრანგული სისტემა და მოვიგერიეთ რუსეთის სარაკეტო თავდასხმა, შემდეგ რას ვშვებით? ველოდებით მეორე თავდასხმას, მესამეს და მეასეს? ვინმეს უნახავს თავდაცვაში მყოფი მოკრივეს გამარჯვება? მითუმეტეს მეომარი მხარის? იმისთვის, რომ მოწინააღმდეგემ აღარ შემოგიტიოს, წარმატებული თავდაცვის შემდეგ, თავდასხმაზე უნდა გადახვიდე. აქვს თუ არა საქართველოს თავდასხმის თავი? რომ არ აქვს, მწარედ დავრწმუნდით 2008 წელს.
მაშ, ვის სჭირდება ისეთ თავდაცვის სისტემაში ფულის ჩაყრა, რომელიც ცუდი შედეგის მეტს არაფერს მოიტანს? იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ თავდაცვის შემდეგ ამერიკა მოგვეხმარება და ჩვენს ნაცვლად დაჰკრავს რუსეთს?! ასე ეგონა გონგამოცლილ სააკაშვილს და რაც მივიღეთ – დაკარგული ქვეყანაა.
ამერიკა ვერ დაჰკრავს რუსეთს, ვინაიდან განადგურდება – მოკავშირეებთან ერთად. მაშ რისთვის არის საჭირო თავდაცვითი სისტემა? რატომ არ გვეუბნება ჩვენი მომავალი ნატოელი „მოკავშირე“ საფრანგეთი, რომ სისტემა ჩვენთვის ცუდის მეტის, არაფრის მომტანია? რატომ უნდა გვითხრას, ამით ხომ ფულს დაკარგავს?! მას თავისი ინტერესები აქვს, ჩვენ არა.
საქართველოს ხელისუფლება აპირებს ფრანგული ანტისაჰაერო სისტემის შეძენას, მაგრამ მოსახლეობამ არაფერი იცის, რა ჯდება ის. უფრო მეტიც, მას არ აინტერესებს თანხა. არც ერთ ქვეყანაში მსგავსს ინდიფერენტიზმს ადგილი არ აქვს, ვინაიდან, სწორედ ხალხი აკონტროლებს ბიუჯეტს. ვერც ერთ ქვეყანაში თავდაცვის მინისტრი ინკოგნიტოდ ხელს ვერ მოაწერს ხელშეკრულებას, იარაღის საყიდლად, ხალხის დაუკითხავად. ვერც ერთ ქვეყანაში თავდაცვის მინისტრი თავს უფლებას ვერ მისცემს თქვას ასეთი სისულელე – „ეს, საიდუმლოა და ვერ გეტყვითო“.
როდესაც თავდაცვის მინისტრი საკუთარ თავს ხალხზე მაღლა აყენებს, არც ის არის მინისტრი და არც ქვეყანაა ქვეყანა.
ვერავითარ ყაირათიანობაში ვერ ჯდება EBRD-ის ღონისძიებაში დახარჯული 18 მილიონი ევრო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქართველოს ამ ღონისძიებასთან მხოლოდ ერთი შეხება – ტერიტორია აკავშირებდა. EBRD-ის ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას მასპინძლობისთვის.
მადლობისთვის საბიუჯეტო მილიონების დახარჯვა სავალალო შემთხვევაა. 60 ახალი ავტომანქანა იქნა შეძენილი EBRD-ის გასვლითი კონფერენციისთვის, აღარ ვამბობ „სმა-ჭამას – დიდად შესარგზე“. ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს საპატრულო პოლიციისთვის ახალი ამერიკული სპეცავტომანქანების შეძენა, მთავრობის ავტოპარკის განახლება და ა.შ.
არვინ კითხულობს, რა მოაქვს სარეცეპტო სისტემის შექმნას და მასში ტონობით, დოლარზე ნაყიდი ქაღალდის ხარჯვას. ერთი წელიწადია მოქმედებს ეს წესი, მაგრამ არც ჟურნალისტიკას და არც არასამთავრობო ორგანიზაციებს არ გასჩენიათ სურვილი გამოეკვლიათ, რა მოიტანა მან და თუ მოიტანა (რაშიც ვეჭვობ), რა უჯდება სახელმწიფოს აშკარად გაუმართავი ღონისძიება?
მომჭირნე მთავრობა, ყველა დონეზე მომჭირნე უნდა იყოს, უპირველესად კი მომთხოვნი საკუთარი თავისადმი. ვერავითარ ხელმომჭირნეობაში ვერ ჯდება სახელმწიფო აპარატის გაბერილი შტატები. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. საბჭოთა კავშირის დროს, მახარაძეში (ამჟამად ოზურგეთში) რაიკომსა და აღმასკომში მომუშავე პასუხისმგებელი მუშაკების რაოდენობა 12-15 კაცს არ აჭარბებდა. დღეს, გუბერნატორის, მერის და საკრებულოს შტატები 200-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. არადა მაშინდელი გურიის შედარება შეიძლება დღევანდელ გაპარტახებულთან?
მსგავსი სურათია ყველა რაიონში. არ არის „შრომის ფერხული“, მაგრამ არის „გურია ნიუსი“. მაინც რას „გვინიუსებს“ ეს დალოცვილი „ნიუსმახერი“?
მთელი ქვეყანა ჯუჯა ტელეკომპანიებმა, მასზე მეტად ჯუჯა პრესამ და ე.წ. საინფორმაციო სააგენტოებმა დაფარეს და არის გაუთავებელი ლაქლაქი, ჭორაობა. რომ იტყვიან – „თევზი, თავიდან ყარსო“, ისეა ჩვენი საქმე. რეგიონებმა მაგალითი თბილისიდან აიღეს. ვერ ნახავთ ვერც ერთ სამინისტროს, პრეს-სამსახურის გარეშე. მინისტრს არაფერი აქვს სათქმელი და პრეს-სამსახურმა რა უნდა თქვას?!
დიდი ქოთქოთი გამოიწვია ჯანდაცვის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელად „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტის შუბლაძის დანიშნამ. ყველა ილანძღებოდა – ამ „ნაციონალს“, „მეოცნებე“ მინისტრი როგორ ნიშნავსო. არვის უთქვამს, სჭირდება თუ არა სამინისტროს, პრეს-სამსახური, რა აქვს მას სალაპარაკო? და თუ სჭირდება (რაშიც ეჭვი მეპარება), რაღა „რუსთავი-2“-ის ნაჟურნალისტარი და არა მედიცინაში ჩახედული ადამიანი?
ხალხისა და ქვეყნის საძიძგნად არის შექმნილი გაურკვეველი სახის, მითუმეტეს დანიშნულების მარეგულირებელი კომისიები – ხალხის ხარჯზე უზომო ხელფასებითა და პრივილეგიებით, თვით რომ უბოძეს საკუთარ თავს. ისე, როგორც ისეთი სამინისტროები, როგორიცაა ევროპასთან ინტეგრაციის, შერიგების. მათი სრული დასახელება ერთ გვერდს ვერ დაიტევს. ანდა დიასპორის სამინისტრო. ყველა ისინი საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა იყოს და არა დამოუკიდებელ სახელმწიფო სტრუქტურებად.
ზედმეტია ლაპარაკი აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სამთავრობო სტრუქტურებზე, განსაკუთრებით აფხაზეთის – საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, დეპუტატებზე. აფხაზეთის ომიდან მოყოლებული ეს სტრუქტურები, გაღლეტილი ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზეა. დავუშვათ, მოხდა სასწაული და დაკარგული ავტონომიები დავიბრუნეთ, ვინმეს ჰგონია, რომ თბილისში შექმნილ მთავრობას იმ ავტონომიებში მცხოვრები მოსახლეობა მიიღებს? ფუჭ მოლოდინში მნიშვნელოვანი საბიუჯეტო თანხები იფლანგება.
ბევრის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ ვგონებ ესეც საკმარისია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესამცირებლად და საჭირო საქმეების დასაფინანსებლად.
და რაც მთავარია – სამხედრო საქმეში დიდი ფულის ყრა. 20 წლის განმავლობაში ყველა ხელისუფლებიდან ისმის ერთი – რუსეთი მტერია და მის შესაკავებლად უნდა გავძლიერდეთო. ფუჭი მოწოდებაა, მიმართული მხოლოდ საკუთარი ჯიბეების გასქელებისთვის და არა ქვეყნის თავდაცვითუნარიანობის გაძლიერებისთვის. ანდა, როგორ უნდა გაძლიერდეს თითის სიგრძე, უსუსური ქვეყანა ისე, რომ რუსეთს დაუწყოს ჯიკავი?!
ჩვენს პოზიციაში მყოფ ქვეყანას ჭკუის მოხმობა მართებს, არსებული ვითარების გონივრული შეფასება და პრობლემების მოსალაპარაკებელ მაგიდასთან გადაწყვეტა. სამხედრო ძალით საქართველო დღეს ისეთ პოზიციაშია, მეზობლებთან კამათის ძალისმიერი გზით მოგვარება გაუჭირდება. საქართველოს ამ საქმეში ვერც აშშ-ი დაეხმარება და ვერც ნატო, მითუმეტეს ნატოს საწვრთნელი ბაზა.
2014 წელს გაჟღერდა პირველად ამ ბაზის შექმნის თაობაზე. მაშინ აშშ-ს სურდა ანტიასადური სირიული ძალების გაწვრთნა ამ ბაზაზე. დღეს, თითქოს ბაზა სხვა საქმეს მოემსახურება და უპირველესად ნატოს და არა საქართველოს ინტერესებს. ეს ბაზა, ისე, როგორც სხვა სამხედრო-პოლიტიკური ნაბიჯი რუსეთის გასაღიზიანებლად კეთდება. მასში დაიხარჯება საქართველოს ფული. შედეგი – სავალალო იქნება. ჯერ ერთი ბაზა, ნატოს განკარგულებით იმუშავებს და აქაურ თავდაცვის უწყებას ზედაპირული ურთიერთობა თუ ექნება მასთან. რაში სჭირდება საქართველოს ნატოს ბაზა, რომელიც მას არ დაექვემდებარება? ამ თემაზე სხვა დროს მოგახსენებთ.
დასასრულს, გეტყვით, რომ ზემოჩამოთვლილი მაგალითები ფულის უყაირათო ხარჯვისა, გაცილებით მეტია და თუ მას არ დაესმება წერტილი, ქვეყანა წელში ვერ გასწორდება. სტატიის წერის დროს ჩიტმა ახალი ამბავი გვაუწყა – რუსთაველი ადგილობრივი მმართველების საგმირო საქმის თაობაზე. ამ დალოცვილებს 300000 ლარი დაუხარჯავთ ახალი ავტომანქანების შეძენაში. და ეს მაშინ, როდესაც ძალაშია პრემიერ-მინისტრის განკარგულება მსგავს უყაირათობასთან დაკავშირებით. რაშია საქმე?
დიახ! გარე ფაქტორები მოქმედებს, როგორც ლარის კურსზე, ისე ეკონომიკაზე. მაგრამ არანაკლებ მძიმედ მოქმედებს მთავრობის უგერგილო საშინაო პოლიტიკა, საგარეოზე რომ არაფერი ვთქვათ. მსოფლიო საფინანსო სისტემაზე ჩვენ გავლენას ვერ მოვახდენთ, მაგრამ ქვეყნის შიგნით ხომ შეგვიძლია? და თუ შეგვიძლია, რაღას ვაყოვნებთ?!
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.