ლტოლვილობა ევროპაში

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე მსოფლიო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სიმშვიდის საქმეში – რაოდენ სასარგებლო იქნებოდა კოლექტიური ორგანოს მიერ გამოტანილი ვერდიქტი აბობოქრებული მსოფლიოსთვის?! მაგრამ რა გაეწყობა – მსოფლიოში, სადაც ძალა უფრო ჭრის, ვიდრე ერთობლივი, კონსტრუქციული გადაწყვეტილება, სადაც პირველობას დახარბებული ქვეყანა არაფრად აგდებს მსოფლიო კოლექტიურ ორგანოს, ომისა და მშვიდობის საკითხები, ისე, როგორც უსაფრთხოება, შესაბამის დონეზეა.

არადა უშიშროების საბჭოს რომ ჰქონდა აგრესიის ბლოკირების ბერკეტი და მისი დამრღვევი სახელმწიფოს უყოყმანო დასჯის შანსი, მსოფლიოში გაცილებით უსაფრთხო ცხოვრება იქნებოდა. მსგავსი პრაქტიკის არარსებობის გამო უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებიც კი, საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად (და არა მსოფლიოს), ისეთ ნაბიჯებს დგამენ, საყოველთაო მშვიდობას რომ ემუქრება.

მაგალითები ბევრია, მათი ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, მაგრამ მოკლედ მაინც ვიტყვი – ერაყში, ავღანეთში, ლიბიაში, სირიაში დაწყებულმა ომებმა მძიმე შედეგი მოუტანა მსოფლიოს, როგორც ადამიანთა მსხვერპლის, ისე ნგრევის და რაც არანაკლებ შემაწუხებელია, იძულებით გადაადგილებულ პირთა სახით. ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს აზია-აფრიკელთა შეტევა ევროპის ქვეყნებზე – გაუთავებლად, მიზანმიმართულად. ჯერაც არ ჩანს გულთმოსანი, რომელიც ამოიცნობს პროცესის დასრულების დღეს, ვინაიდან ევროპისკენ დაძრულ აზია-აფრიკელებს, სამშობლოში, დასავლელთა მიერ ერთობ გაუსაძლისი პირობების შექმნის გამო, მეტი აღარაფერი დარჩენიათ, თუ არა იმათთან შეჭრა, ვინც მძიმე ყოფა არგუნა.

მდგომარეობა სავალალოა, თითქმის მოუგვარებელი, ლტოლვილთა ნაკადი სოლიდური და პრობლემების წინაშე მდგარი ევროკავშირი – უაღრესად უსუსური. თვალი შეავლოთ ტელეკომპანიებს „BBC“-ს, „Euronews“-ს, სხვას და უპირველესად შეგვრჩება გატანჯული აზია-აფრიკელთა სახეები, შეხლა-შემოხლა საბერძნეთის, იტალიის, მაკედონიის, გერმანიის, ინგლისის, სხვა ქვეყნების სამართალდამცავებთან საზღვრების უკანონო გადაკვეთისას.

ეს, ის ლტოლვილებია, რომლებმაც უსაფრთხოდ გადმოცურეს ზღვა და პირველ ეტაპზე ევროპის სამხრეთის ოკუპაცია მოახდინეს. მაგრამ ყველას ბედმა არ გაუღიმა – 3500-ზე მეტი ადამიანი ხმელთაშუა ზღვამ შთანთქა.

საგონებელში ჩავარდნილი იტალიის პრემიერ-მინისტრი რენცი, განგაშის ზარებს ტეხს – მიშველეთ, ამ რაოდენობის ლტოლვილებს იტალია ვერ დაიტევს, ევროკავშირზე გადავანაწილოთო.

ბრიუსელი დუმს. არ ისმის მისი ომახიანი ხმა, რომელმაც არცთუ დიდი ხნის წინ, „ვაჟკაცურად“ მხარი აუბა ოკეანისგადაღმელ პატრონს სირიის, ლიბიის, ერაყის წინააღმდეგ წამოწყებულ სამხედრო ავანტიურაში. მაშინ ოკეანის იქითაც და აქეთაც ზეიმი ჰქონდათ – სადამ ჰუსეინის, მოამარ კადაფის, ბაშარ ასადის წინააღმდეგ შეკრული კოალიციის წარმატებული სამხედრო ოპერაციების გამო.

პირველი ორი, სადისტურად მოკლეს, მესამეს კი ისე დაუნგრიეს ქვეყანა, მის აღდგენას 21-ე საუკუნეც ვერ შეძლებს. ერაყში, ავღანეთში, ლიბიაში, განსაკუთრებით ამ უკანასკნელში ძაღლი პატრონს ვერ ცნობს – სუსტი ხელისუფლების, სამოქალაქო ომებისა და რელიგიური დაპირისპირების გამო. დასავლელთა დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა (ვინ იცის იქნებ დაფიქრებულმაც) უმძიმესი პრობლემები შეუქმნა არა მარტო რეგიონს, არამედ კაცობრიობას. ამ ფონზე გამართლება იმისა, რომ სადამ ჰუსეინი და მოამარ კადაფი დიქტატორები იყვნენ და მათი იმქვეყნად გასტუმრებით მსოფლიომ ამოისუნთქა, ზედმიწევნით მიამიტური განცხადებაა.

ლიბია და ერაყი ის ქვეყნები იყო, სადაც წესრიგი, გამართული ეკონომიკა და სოციალური ყოფა სუფევდა. დღეს ისინი, განსაკუთრებით ლიბია, ქაოსის, გაუტანლობისა და სისხლის მატარებელი ქვეყნებია. ჰუსეინ-კადაფის მმართველობის დროს ამ ქვეყნების ეკონომიკაში მომუშავე უცხოელთა, განსაკუთრებით ევროპელთა წვლილი თვალშისაცემი იყო. მოსახლეობაც უდრტვინველად აგრძელებდა სამშობლოში ცხოვრებას და თავში აზრადაც არ მოსდიოდა ევროპაში წასვლა. თვით ეცროპა იყო მათი სტუმარი, ცხადია ფულის გასაკეთებლად.

დაინგრა ქვეყნები, დაინგრა ცხოვრება, ერთმანეთს წაკიდებულმა ლიბიელებმა, ერაყელებმა, სირიელებმა თავისთავად გააჩინეს ლტოლვილობა – სიცოცხლის გადარჩენის მიზნით და მოცურავენ ევროპისკენ, საკუთარი სიცოცხლის ფასად. ხმელთაშუა ზღვა – ძმათა სასაფლაოდაა ქცეული – ამბობს იტალიის პრემიერი რენცი.

გერმანიის კანცლერი მერკელი – გერმანული პედანტიზმით ბრძანებს – „მთელს აფრიკას გერმანია ვერ მიიღებსო“. უნდა მიიღოს, ვინაიდან მერკელი იყო პირველი, ვინც მხარი დაუჭირა ამერიკულ ანტილიბიურ ავანტიურას, ისე, როგორც დიდი ბრიტანეთისა და იტალიის ხელისუფლება.

დიახ! კარგი იქნებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს რომ ისეთი ბერკეტები ჰქონოდა, იოლად აღეკვეთა აგრესია და თუ ამას მაინც ექნებოდა ადგილი, „პოსტფაქტუმ“ მაინც დაესაჯა აგრესიის გამჩაღებელი.

მიამიტური სურვილია, ვინაიდან მსოფლიოში, სადაც ჯერაც კი ყველაფერი „დიდობასა“ და „ძალაუფლებას“ ეფუძნება, აგრესორის „პოსტფაქტუმ“ დასჯა შეუძლებელია, რამეთუ სწორედ ის, „ძლიერი“ და „დიდია“ აგრესორი და არა „პატარა“ და „სუსტი“.

დიახ! ევროკავშირი გასაჭირშია არა მარტო ეკონომიკური სტაგნაციის, არამედ აზიელი და აფრიკელი ლტოლვილების გამო. ხუმრობა საქმეა წლევანდელი, თითქმის ნახევარმილიონი ლტოლვილის დაბინავება, რომ აღარაფერი ვთქვათ შარშანდელზე?!

რასა იქმს აშშ? არც არაფერს – ის შორს არის „ლტოლვილური“ ეპიცენტრიდან.

მედიაში გაჩნდა გაცოფებული ევროპელების ანტიამერიკული გამონათქვამები – ყველაფერი აშშ-მა დაგეგმაო. რატომაც არა?! თუ გსურს მსოფლიო ბატონობა, ისიც უნდა გსურდეს, რომ მოკავშირეს პრობლემები ჰქონდეს, თანაც ისეთი, კარგა ხანს რომ ეყოფა.

ევროკავშირი აშშ-ს მოკავშირეა, მაგრამ ამასთანავე ეკონომიკური მეტოქეც, რისთვისაც დაბალანსებაა საჭირო. აშშ-ი მსოფლიო პოლიტიკის ის ლაბორატორიაა, სადაც მუშაობა არ წყდება. პრეზიდენტები მოდიან და მიდიან, ლაბორატორია გამუდმებით მუშაობს – ახალი იდეებისა და პროგრამების შესაქმნელად.

განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი ახლო აღმოსავლეთისკენ, ამ მართლაც პოლიტიკურად დაულაგებელი რეგიონისკენ. სწორედ, ის არის მსოფლიო არასტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი გენერატორი.

ეს, ის რეგიონია, სადაც ახალ-ახალი პროექტები იქმნება, შესაბამისი გადანაწილებით, რუკებით. თითქოს ძნელად წარმოსადგენია, სირიიდან ან ერაყიდან შორს, აშშ-ი შემუშავებული გეგმა, ამ ქვეყნების მომავალთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ერთის შეხედვით. სინამდვილეში, წარმოდგენაც შეიძლება და ვითომდა ვირტუალური პროექტის განხორციელებაც. ორი-სამი წლის წინათ სირიელი, ერაყელი ან სხვა იფიქრებდა მათ ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნას?! ვაშინგტონში იფიქრეს და არა მარტო ეს, არამედ ქურთებთან დაკავშირებითაც.

ამერიკელი გენერალი მაიკლ ჰაიდენმა, რომელიც ჯორჯ ბუშ უმცროსის დროს სპეცსამსახურებს ხელმძღვანელობდა, თავის „გულახდილობით“ ჩაგვახედა იმ პროექტებში, რომლებიც სპეცსამსახურების სამზარეულოში კეთდებოდა – „დიდ ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით“. „ქურთები ჩვენი მოკავშირეები არიან და ასეთად დარჩებიან, ვინაიდან სურთ დასავლეთთან ალიანსი. თუ ჩვენ შევეცდებით ერაყ-სირიის აღდგენას, გავამწვავებთ პრობლემას.

ისტორიულად, ოსმალეთის იმპერიის დროს, ერაყი სამ ვილაეთად იყო დაყოფილი – ქურთულ, სუნიტურ და შიიტურად. თანამედროვე გაგებით, ერაყი არ არსებობდა. ამ რეალობას გათვალისწინება უნდა“, – განაცხადა გენერალმა.

არვინ იფიქრებდა, რომ ისტორია დაბრუნდებოდა, რომ „ქურთისტანის“ საკითხი ისევ დადგებოდა დღის წესრიგში, ხოლო შექმნილი „ისლამური სახელმწიფო“ თურქეთის ინტერესებში იმოქმედებდა – გაყოფდა რა სირიაში და ერაყში ქურთულ ანკლავებს. თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ამბობს, რომ არ დაუშვებს ქურთების ავტონომიის შექმნას მეზობელ სირიაში. თუმცა, მიუხედავად ანკარის სურვილებისა ერაყის, თურქეთის და სირიის ქურთები გაერთიანდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.

თვალი შევავლოთ საარქივო მასალებსა და თეირანში ინგლისის სამხედრო ატაშე სანდერსის მოხსენებით ბარათს, რომელიც 1923 წელს ეხება. „ჩვენი მიზანია, რუსეთის დანაწევრება, რათა იოლი იყოს მისი მართვა. სამხრეთში დამოუკიდებელი ამიერკავკასიის რესპუბლიკის შექმნა – საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და დაღესტნის შემადგენლობით. საქართველო-სპარსეთს შორის უნდა შეიქმნას „ჩვენი“ პოლონეთი, დამოუკიდებელი ქურთისტანის სახით. ეს იქნება საფრთხობელა, როგორც სპარსეთ-თურქეთის, ისე ამიერკავკასიისთვის. მასში უნდა შევიდნენ თურქეთისა და სპარსეთის ქურთისტანი“.

1920 წელს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრებთან გაჩნდა „წითელი ქურთისტანი“, მაგრამ მალევე გააუქმეს. მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინმა მოახერხა თურქეთის ნეიტრალიტეტი, თუმცა მას ბოლომდე არ სჯეროდა ამის. მიზეზი – ამიერკავკასიის საზღვრებთან 30 თურქული დივიზიის განლაგება იყო.

თურქეთის საფრთხე, განსაკუთრებით 1942 წლის ზაფხულს შეინიშნებოდა, როდესაც გერმანიის არმია კასპიის ზღვისკენ მიიწევდა. კავკასიის თავდაცვა ძირითადად ირანის გავლით ხორციელდებოდა. სწორედ ამ გზით ხდებოდა ცენტრალური აზიიდან ჯარების კავკასიაში შემოყვანა.

ომის შემდეგ საბჭოთა ჯარმა არ დატოვა ჩრდილოეთი ირანი, რომელიც ძირითადად დასახლებული იყო ქურთებითა და აზერბაიჯანელებით. სტალინი შეუდგა ჩაფიქრებული პროექტის განხორციელებას. ირანის საზღვართან გაჩნდა ორი ავტონომია – აზერბაიჯანის დემოკრატიული და ქურთისტანის რესპუბლიკები. აღნიშნული ქვეყნების მთავრობები ჩამოყალიბდა ირანის კომპარტიისა და ქურთების მუშათა პარტიების ბაზაზე. მომავალში უნდა მომხდარიყო ორი აზერბაიჯანის ერთმანეთთან შეერთება, ხოლო ქურთისტანს უნდა მიერთებოდა ირანის, ერაყისა და სირიის ტერიტორიები.

ცნობილი საბჭოთა მზვერავი პავლე სუდოპლატოვი თავის მემუარებში წერს: „ქურთების დახმარებით ჩვენ შეგვეძლო ხანგრძლივი დროის მანძილზე ნავთობის მომარაგებისგან გაგვეთიშა ახლო აღმოსავლეთში მყოფი ამერიკა-ინგლისის ჯარები. გარდა ამისა, იგეგმებოდა 1500-კაციანი ქურთული სამხედრო ბრიგადის შექმნა, რომელსაც უნდა დაემხო ერაყის მთავრობა. ამ აქტით სერიოზულ ზიანს მიიღებდა ინგლისი. მთელს ახლო აღმოსავლეთში ეჭვქვეშ დადგებოდა ერაყის, ირანისა და სირიის ტერიტორიებზე არსებული ნავთობსადენების მუშაობა. ეს ბერკეტი საბჭოთა კავშირზე ატომური თავდასხმის შემთხვევაში ამოქმედდებოდა. ამ შეთანხმებას ხელი ერაყის ქურთების ლიდერმა ბარზანიმ მოაწერა, იმ გარანტიით, რომ შეიქმნებოდა დამოუკიდებელი ქურთისტანი“.

სტალინის იდეას, „დიდი აზერბაიჯანის“ თაობაზე, მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის კომპარტიის ლიდერმა ბაგიროვმა, მაგრამ სტალინმა უკუაგდო პროექტი, საბჭოეთის სამხრეთის საზღვრებთან „თურქული სარტყელის“ შექმნის შიშით.

რაც შეეხება ქურთების რესპუბლიკას – ის 1945 წელს შეიქმნა ირანში, მაგრამ მალევე იქნა მოხრჩობილი,  ისე, როგორც მისი პრეზიდენტი კაზი მოჰამედი. 1946 წელს ირანის ხელისუფლებამ, ამერიკა-ინგლისის დახმარებით, ჯარი შეიყვანა ირანის ჩრდილოეთში და გაანადგურა აზერბაიჯანულ-ქურთული სეპარატიზმი. 1948 წელს ბარზანის სამხედრო ფორმირება ერაყიდან თურქეთის გავლით, გადაყვანილ იქნა აზერბაიჯანში, შემდეგ უზბეკეთში.

ახლო აღმოსავლეთში, ქურთების სახელმწიფოს შექმნის ნაცვლად, შეიქმნა საბჭოთა ტერიტორიაზე ქურთების ავტონომიური ოლქის პროექტი, რომელიც ვერ განხორციელდა.

დღეს, ქურთების საკითხი კვლავ დღის წესრიგშია და ამ კარტს შესანიშნავად ათამაშებს დასავლეთი, ცხადია არა ამიერკავკასიაში, არამედ ახლო აღმოსავლეთში. ქურთული პრობლემით სრულიად შესაძლებელია თურქეთისთვის საგრძნობი პოლიტიკური რყევების მიყენება. თურქეთის მოსახლეობის ყოველი მეოთხე ადამიანი ხომ ქურთია?!

გეგმა ირანის ჩართვასაც გულისხმობს და მისი დახმარებით კავკასიისკენ ნაბიჯის გადადგმას. თურქეთი მოვლენათა უარესი განვითარების წინაშეა. მოვლენებს კი მისი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ი ავითარებს. ჯერ-ჯერობით ამ მიმართულებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი ქურთული მილიცია „პეშ მერგა“ უფრო აქტიურად იმოქმედებდა.

ჯერ არ ჩანს ვაშინგტონის „მწვანე შუქი“ – ქურთების დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისთვის, ამიტომაც „პეშ მერგა“ თავდაცვითაა შემოფარგული. მაგრამ სიგნალის მიღებისთანავე გაჩნდება ახალი სისხლისღვრა, ნგრევა და ლტოლვილობა – ესოდენ მძიმე ტვირთი ევროპისა და მსოფლიოსათვის.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.