კონსტიტუცია – „ოცნების“ თავსატეხი
უდავოდ სამგლე გოჭივით დაემართა „საოცნებო“ ხელისუფლებას – იმდენი იკუნტრუშა მისთვის შეუფერებელ შვლის ნუკრის მსგავსად, საცაა მგელი შეშჭამს ანუ ყველა ოპოზიცია, რაც რომ არსებობს საქართველოში და ხალხი. ეს უკანასკნელი ჯერ-ჯერობით აკადემიურ სიმშვიდეს ავლენს, მაგრამ რაც მის გულსა და გონებაში ტრიალებს – მორიგი რევოლუციის მომასწავებელია. ვერადავერ ავცდით რევოლუციას, თუმცა მანამდე ჯერაც ბევრია დასაშავებელი და იმედი გვაქვს ეს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ტრადიციული რევოლუციური შემართება – 25 წლის განმავლობაში არაერთხელ ნაცადი, არ „დააჟანგოს“.
„ოცნება“ ისე დარწმუნდა საკუთარ შესაძლებლობებში, რომ კიდევ მეტი უფლებების მოპოვება მოუნდა – „საოცნებო“ დიქტატურის სადარი და ახალი კონსტიტუციის მიღების თემა შესთავაზა ხალხს. არავითარ მსგავს შეთავაზებას ადგილი არ ექნებოდა, „ოცნებას“, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მაღალი შედეგი არ „ეჩვენებინა“.
როგორც ამბობენ, საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება „ოცნებამ“ დიდი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მოახერხა. ობიექტური არჩევნების შემთხვევაში მას დაწესებული ბარიერის გადალახვაც გაუჭირდებოდა. და კიდევ ერთი რამ, რამაც დადებითად იმოქმედა „ოცნების“ საარჩევნო ყულაბაზე – ოპოზიციონერი „ნაცების“ არსებობა.
მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ხალხს განუწყვეტლივ ჩასძახოდნენ – არ აგვირჩევთ ჩვენ, მოვლენ „ნაცები“. ამ უკანასკნელთა შიშით გამოწვეული „საოცნებო“ მხარდაჭერა რომ გარდაუვალი იყო, ყველამ კარგად იცოდა.
„ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ბევრი ამბობდა, რომ პარლამენტის უმრავლესობაში მყოფი „ოცნება“, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული, ბევრ შეცდომას დაუშვებდა. გამართლდა მათი ვარაუდი, თანაც პარლამენტის მუშაობის დაწყებიდან თითზე ჩამოსათვლელ თვეებში. „ოცნების“ უსწრაფეს გამოაშკარავებას არვინ მოელოდა, შესაძლოა არც თვით „ოცნება“, მაგრამ როდესაც პარლამენტში „ოცნების“ ისეთ „კორიფეებს“ აქვთ თავი მოყრილი, მხოლოდ საკუთარ ბედნიერებაზე რომ ფიქრობენ, უკეთესის მოლოდინი გამორიცხულია.
„კორიფეთა“ ნაკრებს, პარლამენტის თავმჯდომარედ ისეთი „უკორიფესი“ ყმაწვილი შეურჩიეს, რომელმაც მხოლოდ ერთი იცის – იატაკქვეშა ხელმწიფისადმი თავდავიწყებული მორჩილება. ასეთი ჩვევით ყველა „ოცნებელია“ დაჯილდოვებული, მაგრამ კობახიძე სხვაა – გაცილებით ძლიერი ყველა „ოცნებელთან“ შედარებით. ბატონისადმი მორჩილებამ და საკუთარ ძალებზე გაზვიადებულმა წარმოდგენამ, გამოიწვია აუტკივარი თავის ატკივება – დღის წესრიგში კონსტიტუციის გადაკეთების თემის შეტანა, თანაც ისე სწრაფად, პარლამენტის შენობასთან შეგუებაც რომ ვერ მოასწრეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა.
როგორც ჩანს, განვლილი 4 წელი სულ იმის ფიქრში იყო „ოცნების“ შემქმნელი – 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში როგორ მოეპოვებინა უდიდესი უმრავლესობა და შემდეგ როგორ მოერგო კონსტიტუცია „ოცნების“ და არა ხალხის ორგანიზმზე.
ის, რომ „ოცნება“ უდიდეს უმრავლესობას მოიპოვებდა პარლამენტში, ივანიშვილმა წინასაარჩევნო მარათონში ჩართვისთანავე განაცხადა. განაცხადა მტკიცედ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბული წინასწარმეტყველების გარეშე. მასზე უკეთ ვინ იცოდა იმ სამთავრობო რესურსის შესახებ, რომლის გამოყენებასაც ივანიშვილი აპირებდა?
კონსტიტუციის გადაკეთება სწორედ მისი ინიციატივაა და არა კვირიკაშვილ-კობახიძის ან რომელიმე „მეოცნების“, საპარლამენტო უმრავლესობიდან. განახლებულმა კონსტიტუციამ აბსოლუტური ძალაუფლება უნდა მიანიჭოს „საოცნებო“ ხელისუფლეფას. მაგრამ, როგორც ჩანს, ამის გაკეთება მთლად იოლი არ იქნება. ამ შემთხვევაშიც, ისე, როგორც განვლილი 4 წლის განმავლობაში, ივანიშვილის პროექტმა „ბლიც“ საკონსტიტუციო „თამაშში“ მარცხი განიცადა.
პროექტი უდავოდ გამოიწვევდა უმწვავეს კრიტიკას, როდესაც საჯარო განხილვის საგანი გახდებოდა, მაგრამ ეს ღონისძიებაც გათვლილი იყო. „საზოგადოების წარმომადგენლებთან“ პროექტის განხილვა სწორედ ისე უნდა წარმართულიყო, როგორსაც აქვს ადგილი – დარბაზში, ძალით მოყვანილი ხალხისთვის „ოცნების“ დეპუტატების მხრიდან კონსტიტუციის პროექტის წაკითხვა და ტაში.
პროცედურა ისე იოლად წარმართეს, რომ თავდაჯერებულმა პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძემ ფილარმონიის დარბაზში შეკრებილებზე მიიტანა იერიში და დამსწრეთა მხრიდან გაისმა ის, რაც მოსალოდნელი იყო. პროექტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ჩაისვარეს, თანაც ისე, რომ კობახიძეს დარბაზის დატოვება მოუხდა. მას შემდეგ კონსტიტუციის შეცვლის საკითხი სასწორზე არის შემოდებული.
შესწორება უდავოდ იქნება, მაგრამ შეძლებს ივაიშვილი, რომელიც კობახიძის ხელით და ტვინით მოქმედებს, თავისის გატანას?
გაიტანს თუ არა, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. არსებულმა ვითარებამ კი უკვე გვიჩვენა ივანიშვილის საკადრო პოლიტიკის მორიგი მარცხი – პარლამენტის თავმჯდომარის კობახიძის სახით.
პარლამენტი სულ რაღაც 5 თვეა მუშაობს, ისე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და ამ მოკლე დროის განმავლობაში ყველა ერთად ღაღადებს კობახიძის თავხედობაზე, მდარე საპოლემიკო ლექსიკაზე, უცოდინრობაზე და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთარი პოზიციის ისე დაყენებაზე, ნებისმიერი დიქტატორისთვის რომ სანატრელი იქნებოდა.
„დამოუკიდებლობის“ განვლილმა წლებმა არაერთი მეტიჩარა და თავხედი „პოლიტიკოსი“ არგუნა საქართველოს, მაგრამ მათ შორის კობახიძეს პირველობას ვერვინ შეეცილება. ქვემოთ მოყვანილი მაგალითი საკმარისია კობახიძის ავადმყოფური მოსაზრების გასაგებად. აი, რას ამბობს ის: „არ წყდება ტყუილები, არ წყდება შეტევა პარლამენტზე, კომისიაზე, არ წყდება საბოტაჟი პრეზიდენტის მხრიდან. …“.
პატლამენტის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტს ესოდენ „დადებითად“ რომ მოიხსენიებს, იმ ქვეყანაში საქმეები დაულაგებელი იქნება. არც ერთი ქვეყნის ძველი თუ ახალი ისტორიიდან არასდროს მსმენია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტის აშკარად გამაღიზიანებლად მოხსენიება.
ამ სიტყვების შემდეგ ან ის, კობახიძე უნდა გადადგეს ან პრეზიდენტმა საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადოს „ტყუილების“ გამო. ის, რასაც პრეზიდენტი აცხადებს სულაც არ არის ტყუილი – ასე მიიჩნევს საზოგადოების დიდი ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ არ მოსწონს პრეზიდენტი.
ისე კი, პრეზიდენტიც რომ ივანიშვილის პირმშოა?
დიდი საკადრო ჩავარდნაა, მაგრამ ეს ჩვენ გვგონია. სინამდვილეში კი სხვაგვარად უნდა ყოფილიყო საქმე. ივანიშვილის გათვლით, მარგველაშვილი ისეთი პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო, როგორიც თვით მარგველაშვილმა უწოდა თავის თავს მოღვაწეობის დასაწყისში – პლასტელინი.
ივანიშვილის სამწუხაროდ, „პლასტელინმა“ არ გაუმართლა. მისგან დამჯერი პრეზიდენტი ვერ გამოძერწა, ვერ გამოიყვანა პრეზიდენტის სასახლიდან. მაინც რა აკვიატებაა პრეზიდენტის სასახლიდან გამოყვანა?
ივანიშვილი ვერ იტანს ვერც ერთ თანამდებობის პირს, მათ შორის პრეზიდენტს, სასახლეში გამოჭიმულს. სასახლეში, ამჯერად მინისაში, თვით არის გამოჭიმული – ქვეყნის იატაკქვეშელი პატრონ-მმართველი.
ივანიშვილი, თავისი ბუნებით იმდენად მეწვრილმანე ადამიანია, მარგველაშვილის 4-წლიან დაუმორჩილებელ პრეზიდენტობას საკუთარ ტრაგედიად მიიჩნევს და ძალას არ იშურებს მარგველაშვილის დასაწიხლად. ივანიშვილს ისეთი პრეზიდენტი უნდა, რომელიც „ოცნების“ მიერ იქნება არჩეული და არა ხალხის.
ეს არის მთავარი, კონსტიტუციის პროექტში და არა სხვა რამ. ერთპიროვნული ძალაუფლება, მოპოვებული მის მიერ და შესრულებული მის მიმართ მონური მორჩილებით აღსავსე კადრებით. პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი სწორედ ასეთები არიან.
არ იქნებოდა ივანიშვილი და არ იქნებოდა კობახიძის თავხედობა. კობახიძე იგივე ივანიშვილია – ანუ მისი იარაღი, მიმართული, როგორც მარგველაშვილის, ისე საზოგადოების წინააღმდეგ. საზოგადოება, ნაცვლად იმისა, რომ გამოფხიზლდეს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს, ივანიშვილის სასარგებლოდ მოქმედებს.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი შორიდან ადევნებს თვალ-ყურს ხელისუფალთ, სახელმწიფოს მართვის ხელოვნებას. ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჭკვიანი, საზრიანი ადამიანია. ის პარტია „ქართული ოცნების“ ხერხემალია, ხელისუფლების სტრატეგი და კომპასია. ბუნებრივია, მას გავლენა აქვს ხელისუფლებაზე. …
კონსტიტუცია უნდა იყოს მორგებული ქვეყანაზე და ხალხზე და არა ხელისუფლებაზე. ჩვენ გვინდა გვყავდეს ვირტუოზი, საქმოს საუკეთესო შემსრულებელი ხელისუფლება და არა ბოთე, არასმაქნისი ხელისუფლება. გვინდა გვყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ხორცს რომ ჭამდეს, ძვალს მაინც გადმოგვიგდებს.“ – წერს ოთარ შონია გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“.
ასეთი ცოტა არ არის, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ივანიშვილს ისე მოიხსენიებენ, როგორც ბატონი ოთარი. არადა, საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა რომ სწორედაც უჭკუობის, არასაზრიანობის ბრალია?
ვერადავერ გამოვედით უგვირგვინო მეფის მომნუსხველი სამყაროდან. ის, ისე როგორც კობრა, გვადამბლავებს და გვაფიქრებინებს, რომ არაფერ შუაშია, სხვაა დამნაშავე ან უფრო სწორად კარგი ბიჭები არიან – შეცდომა ვის არ მოსდის?
ივანიშვილმა არ ბრძანა ნარმანიაზე – მომწონს მისი ინერტულობაო?! რამდენი წელიწადი ვუყურეთ ნარმანიას „ინერტულობას“?. ახლა კალაძის „აქტიურობას“ ვუყურებთ და ასე გაივლის ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წლები – ივანიშვილების, კობახიძეების, კალაძეების, კვირიკაშვილიების, სხვების და სხვების „ბაირამში“. ქვეყანა და მისი ხალხი პირში ჩალგამოვლებულები იქნებიან – შორს იმ ოცნებიდან, 2012 წელს რომ ჩაესახათ და ზემოჩამოთვლილთა წყალობით შეუსრულებელ მარადისობად ექცა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.