22.07.2024

ირანის ისლამური რესპუბლიკის დღესასწაული

2018 წლის 9 თებერვალს ირანის ისლამური რესპუბლოკა ისლამური რევოლუციის გამარჯვების 39-ე წლისთავს აღნიშნავს. ისტორიისთვის განვლილი წლები ერთი ხანმოკლე გაელვებაა, მაგრამ ამ გაელვებამ ირანელი ხალხის სულიერ, სოციალურ და მატერიალურ ყოფაზე უდიდესი გავლენა იქონია – ერთ მუშტად შეკრა ირანში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ხალხები, ჩაუსახა მათ პატრიოტიზმი, ისლამისადმი და ქვეყნისადმი თავდადება, ქვეყნის აღმშენებლობითი პროცესისადმი გონივრული, პრაგმატული მიდგომა, საკუთარი და საზოგადო საქმის ერთიანი აღქმა.

ირანის ისლამური რევოლუცია ერთ დღეს არ მომხდარა, მას მრავალწლიანი რევოლუციური მუშაობა უძღოდა წინ – ერთობ სახიფათო, იმჟამინდელი რეჟიმის მხრიდან. ირანის შაჰი მუჰამედ რეზა ფეჰლევი და შაჰის კარი – ნეგატიურად განწყობილი, როგორც რუჰოლა ალ-მუსავი ალ-ხომეინისადმი, ისე მისი თანამებრძოლებისადმი, ძალას არ იშურებდა ფართომასშტაბიანი რეპრესიებისთვის, მათი ირანიდან გაძევებისთვის, რაც საკუთარ თავზე იწვინა იმამა ხომეინიმ.

ირანის დედაქალაქში განთავსებულ ციხე-მუზეუმში, რომელშიც მუდამ ხალხმრავლობაა, ასახულია სწორედ ის უმძიმესი ვითარება – წამებისა და ზეწოლის სახით, რასაც ადგილი ჰქონდა სხვაგვარად მოაზროვნეთა მიმართ, იმჟამინდელი შაჰის ხელისუფლების მხრიდან.

1979 წლამდე შექმნილი ვითარების შესახებ, რამაც საფუძველი ჩაუყარა ისლამურ რევოლუციას, ნათლად არის აღბეჭდილი აიათოლა რუჰოლა ხომეინის – ირანის ისლამური რევოლუციისა და ქვეყნის პირველი მეთაურის, სულიერი ლიდერის, ირანის ისლამური რესპუბლიკის ფუძემდებლის იმამ ხომეინის ანდერძში, რომელიც მან დაუტოვა ირანელ ხალხს და არა მარტო მას.

ირანის ისლამური რევოლუციის ბელადი გარდაიცვალა 1368 წლის 13 ხორდადის საღამოს (1989 წლის 3 ივნისს) და შეერწყა უზენაეს სამყაროს. იმამ ხომეინის გარდაცვალებით მსოფლიომ დაკარგა მშვიდობისთვის მებრძოლი ადამიანი, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია ისლამურ სამყაროზე, გამოაღვიძა ის, ხელი შეუწყო ისლამის აღორძინებას.

აი, რას წერს შაჰის რეჟიმზე იმამი ხომეინი ანდერძში:

„ჩვენ ვიცით, რომ ამ დიადმა რევოლუციამ, რომელიც ღვთის ნებით გამარჯვებით დამთავრდა, ხელები დაუმოკლა მსოფლიოს მჩაგვრელებსა და აგრესორებს და დაიხსნა მათგან ირანი. თუ არა ღვთის ნება, 36-მილიონიან მოსახლეობას (ამჟამად ირანის მოსახლეობა 80 მილიონს შეადგენს) ისეთი ანტიისლამური და ანტისასულიერო პროპაგანდის პირობებში, რომელსაც ეწეოდნენ უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში, საეჭვო იყო წარმატების მიღწევა.

საეჭვოა, რომ ღვთის ნების გარეშე მიეღწიათ ამისთვის იმ ლოზუნგებისა და ყბედობის გარემოში, სადაც გარყვნილების, უხამსი გართობისა და აზარტული თამაშობათა ამდენი ცენტრი მოქმედებდა და ასეთი ძლიერი მიდრეკილება იყო სპირტიანი სასმელებისა და ნარკოტიკებისადმი.

მოღალატური საქმიანობის მიმართ ზნედაცემული შაჰისა და მისი უმეცარი მამის, მათი მორჩილი მთავრობებისა და პარლამენტების ხელით თავს ახვევდნენ ხალხს დიდი სახელმწიფოების საელჩოები, მაგრამ ყველაფერზე უარესი იყო ის, რომ უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებსა და საგანმანათლებლო ცენტრებში, რომელთაც ქვეყნის ბედი ებარათ, სამუშაოდ ღებულობდნენ პროდასავლურად განწყობილ მასწავლებლებს, რომლებიც ასი პროცენტით ისლამის წინააღმდეგ, ისლამური და თვით ეროვნული კულტურის წინააღმდეგ იყვნენ განწყობილნი, თუმცა გარეგნულად ერისა და პატრიოტიზმის სახელით მოქმედებდნენ“.

რა ნაცნობია ჩვენთვის იმამ ხომეინის მიერ აღწერილი იმჟამინდელი ვითარება.

მრავალწლიანი, დაუღალავი რევოლუციური მუშაობის შედეგად და როგორც იმამი ხომეინი ხაზგასმით აღნიშნავს „ღვთის ნებით“ ხალხი აღდგა და „ალაჰუ აქბარის“ შეძახილით, გასაოცარი თავდადებით განდევნა ქვეყნიდან ყველა შინაური და მტრული ძალა. თავის ხელში აიღო ქვეყნის მმართველობის სადავეები.

რევოლუციის კულმინაცია იყო იმამ ხომეინის სამშობლოში დაბრუნება. საფრანგეთში მრავალწლიანი იძულებითი ცხოვრების შემდეგ ირანში დაბრუნებულ იმამ ხომეინის მილიონობით ადამიანი დახვდა აეროპორტსა და თეირანის ქუჩებში.

ასე დაიწყო ირანის ისტორიაში ახალი ერა.

თვით აიათოლა ხომეინი ასეთ განმარტებას აძლევს ირანის ისლამურ რევოლუციას: „ირანის ისლამური რევოლუცია განსხვავდება ყველა სხვა რევოლუციისგან, როგორც წარმოშობის პირობებით, ისე ბრძოლის მეთოდებით, რევოლუციის მოტივით და ამბოხების ფორმებით. უეჭველია, რომ ეს იყო ღვთიური ძღვენი და მადლი, რომელიც ყოვლადმოწყალე უფალმა ზეგარდმოუვლინა ამ მრავალტანჯულ ხალხს“.

ირანის ისლამური რევოლუციის პირველივე დღეებიდან დაიწყო ანტიირანული, ანტიხომეინური მოქმედება, რომელსაც სათავეში ჩაუდგა აშშ-ი. 39 წლის განმავლობაში ერთი წუთითაც არ შეჩერებულა ამერიკული აგრესიული გამოხდომები ახალგაზრდა ირანული მმართველობის წინააღმდეგ.

ყოველივე აღნიშნულს აღვივებდა ამერიკაში გახიზნული შაჰის, რეზა ფეჰლევის გარემოცვა, მისი თაყვანისმცემლები. ასეულ-ათასობით ადამიანმა დატოვა ირანი. თვით შაჰმაც ამერიკას მიაშურა, როგორც დიდ მეგობარსა და მისთვის ყოველთვის მხარდამჭერ ქვეყანას.

საჭესმოშორებული, უკვე ყოფილი მმართველი, დიდი სიმპათიითა და თანაგრძნობით აღარ სარგებლობდა აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში, აშშ-ს ადმინისტრაციასა და პრეზიდენტ ჯიმი კარტერში. 1979 წლამდე, რეგიონში აშშ-ს მარჯვენა ხელი, ირანის შაჰი, უმალ გადაიქცა მძიმე ტვირთად, რამაც აიძულა რეზა ფეჰლევი დაეტოვებინა აშშ-ი და თავი ეგვიპტეს შეეფარებინა, სადაც დაასრულა თავისი ცხოვრება.

აშშ-სა და ირანის შაჰის მაგალითი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს ვაშინგტონის გამყიდველურ პოლიტიკაზე, რასაც სისტემატურად მიმართავს ის ყოფილი მეგობარი სახელმწიფოების მეთაურების მიმართ. გაიხსენეთ აშშ-ს მეგობარი ერაყის დიქტატორი სადამ ჰუსეინი ან ლიბიის მეთაური მოამარ კადაფი. პირველი, ამერიკელთა კარნახით ჩამოაღრჩვეს, მეორე კი – წამებით მოკლეს.

აშშ-ს ადმინისტრაციას ერთობ თბილი დამოკიდებულება ჰქონდა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადისადმი, ცხადია ომამდე, მაგრამ ამერიკული მზაკვრული პოლიტიკის შედეგად ის უმალ გამოაცხადეს საკუთარი ხალხის მკვლელად, ჯალათად, ქიმიური იარაღით სირიელი ბავშვების, ქალების, მოხუცების მხოცველად.

რაღა შორს წავიდეთ, მსგავსი გულგრილობის გამოვლინება იყო ამერიკელთა მეგობრის (როგორც შევარდნაძეს ეგონა) პოლიტიკური არენიდან ჩამოწერა და მის ნაცვლად ახალი „მეგობრის“ სააკაშვილის „გამეფება“. არადა შევარდნაძის ღვაწლი აშშ-ს ერთპიროვნული მსოფლიო მმართველობის მოპოვების საქმეში ფასდაუდებელია. გორბაჩოვ-იაკოვლევ-შევარდნაძის „ახლებურ ხედვას“ შეეწირა საბჭოთა კავშირი – აშშ-ს უპირველესი მეტოქე, რამაც მსოფლიოს ერთპოლუსიანობა გამოიწვია.

1991 წლის დეკემბრიდან მოყოლებული საკმაო დრო გავიდა, თუმცა ისტორიისთვის არცთუ დიდი. ამ ხნის განმავლობაში აშშ-ა ისეთი ერთმმართველობა შექმნა მსოფლიოში, რომ მისი მრავალპოლუსიანად გადაქცევა, მიუხედავად რუსეთის, ჩინეთის, ირანის მეცადინეობისა, ჭირს.

„ჩვენი ხალხი, მუსლიმი ხალხები და მსოფლიოს ჩაგრულები ამაყობენ იმით, რომ მათი მტრები, რომლებიც იმავდროულად ღვთის, წმინდა ყურანისა და ძვირფასი ისლამის მტრებიც არიან, წარმოადგენენ მტაცებლებს, რომლებიც საკუთარი ავისმომასწავებელი ზრახვების განსახორციელებლად არ თაკილობენ არანაირ დანაშაულსა და გამცემლობას, არ ცნობენ, არც მტერს და არც მოყვარეს ძალაუფლების მოპოვების გზაზე. მათ სათავეში უდგას ამერიკა – თავისი არსით ტერორისტული და მთელს მსოფლიოში ცეცხლის გამჩაღებელი ქვეყნისა.“, – წერს აიათოლა ხომეინი.

ჭეშმარიტი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის 39 წელი ირანისთვის მძიმე გამოცდის პერიოდი იყო. ირანის ისლამური რევოლუციის სრულიად ახალმა პოლიტიკურმა სისტემამ, სახელმწიფოს მართვის სტრუქტურამ, ქვეყნის ხელისუფალთა ახლებურმა ხედვამ, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკისადმი, არაერთმნიშვნელიანი რეაქცია გამოიწვია აშშ-სა და მის მოკავშირე ქვეყნებში.

რა არ განხორციელდა ახალგაზრდა პოლიტიკური სისტემის მქონე ქვეყნის წინააღმდეგ – ხანგრძლივი და დამქანცველი ომი ერაყთან; არაერთი ტერორისტული აქტი, რომელთაც ირანის პოლიტიკოსთა თვალსაჩინო წარმომადგენლები შეეწირა; ეკონომიკური სანქციები, დაწესებული გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აშშ-ს ადმინისტრაციების მოთხოვნით, თვით აშშ-ს და ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციები; ირანის ძირითადი საექსპორტო საშუალების – ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარწუხებში მოქცევა, სხვა მრავალი.

აშშ-ს მიერ ეკონომიკური ბლოკადის შემოღება ე.წ. დაუმორჩილებელი ქვეყნების, განსაკუთრებით ირანის მიმართ, ემსახურება უმთავრეს მიზანს – ხალხის გაღატაკებას, მისი სოციალური მდგომარეობის გაუარესებას, შიმშილის ბუნტს და რევოლუციის გზით აშშ-ისთვის მიუღებელი ხელისუფლების დამხობას. ამერიკის ადმინისტრაციების და მათი დავალებით აშშ-ს სპეცსამსახურების დივერსიულ-პროპაგანდისტულმა ქმედებამ ირანის ქალაქების ქუჩებში ათასობით ირანელი გამოიყვანა. მათი მოთხოვნა იყო მარტივი – სოციალური პირობების გაუმჯობესება.

და მართლაც დასავლური, კერძოდ ამერიკული სანქციების ნეგატიურმა გავლენამ ირანის ეკონომიკაზე სერიოზულად იმოქმედა – გამოიწვია რა ფასების მატება კვების პროდუქტებზე, პირველადი მოხმარების საგნებზე.

ხალხის მოთხოვნას გაგებით შეხვდა ირანის ხელისუფლება, რომელმაც არ დაგმო მასობრივი დემონსტრაციები, პირიქით განაცხადა, რომ ხალხს მშვიდობიანი გამოსვლების გზით უფლება აქვს გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება ხელისუფლების მიერ გატარებული არაპოპულარული ღონისძიებების მიმართ.

თუმცა მან ისიც აღნიშნა, რომ მშვიდობიანი გამოსვლებით ისარგებლა აშშ-ა, ირანისამი მტრულად განწყობილმა სხვა ქვეყნების ძალებმა, რომელთა წაქეზებით მშვიდობიანი მომიტინგეების რიგებში შერეულმა პროვოკატორებმა მასობრივი არეულობა გამოიწვიეს – მაღაზიების და პოლიციის შენობების დარბევით, პოლიციელთა მკვლელობით, ავტომანქანების დაწვით და სხვა ბარბაროსული აქტებით, რასაც თავისთავად მკაცრი რეაგირება შეაგება სამართალდამცავმა ორგანოებმა.

ასეულობით დემონსტრანტები იყო დაკავებული, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. დამნაშავე ელემენტების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება კი მიმდინარეობს.

როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ სანქციებზე – 39 წლის განმავლობაში რომ ლაიტმოტივად გასდევს ირანის ცხოვრებას, ისიც უნდა გავიხსენოთ, როგორ შეძლო ირანმა მასთან გამკლავება. ამ მრავალწლიან ეკონომიკურ ომში ირანელ ხალხს გზას უნათებდა იმამ ხომეინის მიერ ანდერძში აღბეჭდილი სიტყვები:

„ამჯობინეთ პატიოსანი, თუნდაც გაჭირვებული, ადამიანური ცხოვრება გადამთიელთა მონობის სამარცხვინო ყოფას, თუნდაც მას ხორციელი სიამოვნება მოჰქონდეს თქვენთვის. უნდა იცოდეთ, რომ ვიდრე თქვენ გაკლიათ განვითარებული მრეწველობა, სამოწყალოდ ხელს იშვერთ და მათხოვრულად ცხოვრობთ, თქვენში არ გაიღვიძებს, არ გაიფურჩქნება ინიციატივისა და გამომგონებლობის ძალა“.

აიათოლა ხომეინის მოწოდებიდან გამომდინარე ირანმა, საკუთარ ძალებზე დაყრდნობით, შექმნა მრეწველობა, სამხედრო მშენებლობა, სასოფლო-სამეურნეო წარმოება, განავითარა განათლება, მეცნიერება, მედიცინა, … .

ირანს დღეს არა მარტო ნავთობი და გაზი გააქვს გასაყიდად, არამედ რძე. გასული წლის 9 თვეში ირანმა 756000 ტონა რძე გაიტანა საექსპორტოდ და ეს მაშინ, როდესაც 10 წლის წინათ თვით შემოჰქონდა ეს პროდუქტი. ამჯერად ირანი წლიურად 10 მილიონ ტონა რძეს აწარმოებს. ირანი ჰყიდის რძის ფხვნილსაც – 26000 ტონას წლიურად, რომლის შემოსავალი 100 მილიონი დოლარია. გასული წლის 9 თვეში ირანმა გაყიდა საქონლის და ქათმის ხორცი 843 მილიონ აშშ-ს დოლარად, რაც 30%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.

ირანის ნავთობისა და გაზის კონდენსატის ექსპორტი დღიურად 2.5 მილიონ ბარელს შეადგენს. ბოლო 4 წლის განმავლობაში თავისუფალი სავაჭრო ზონებიდან საექსპორტო საქონლის ფასმა 2,4 მილიარდი დოლარი შეადგინა. 9 თვის განმავლობაში ირანის ფოლადის ექსპორტმა 80%-ს გადააჭარბა. 2017 წლის მონაცემების მიხედვით, ირანმა მსოფლიოში მე-18 ადგილი დაიკავა, მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოებაში, რომელმაც 428 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ზემომოყვანილი არასრული მონაცემები უდავოდ მიანიშნებენ ირანის, როგორც რეგიონის განვითარებული ქვეყნის სტატუსზე.

დიახ! ირანი, რომელმაც საკუთარ ძალებზე დაყრდნობით ააღორძინა ქვეყანა, თავის ავტორიტეტულ სიტყვას ამბობს საერთაშორისო არენაზე, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში. სწორედ ირან-რუსეთის ტანდემმა და თურქეთთან საერთო ენის გამონახვამ შეძლო „ისლამური სახელმწიფოს“, სხვა ტერორისტული ორგანიზაციების დამარცხება ერაყსა და სირიაში, ახლო აღმოსავლეთში ირანის ისლამური რესპუბლიკის ავტორიტეტის ზრდა, რაც ნეგატიურად მოქმედებს აშშ-სა და მის მოკავშირე ისრაელსა და საუდის არაბეთზე.

რეგიონში ირანის გავლენის შესაჩერებლად აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი სხვადასხვა გზას მიმართავს. ერთ-ერთი პრეზიდენტ ობამას დროს გაეროს 5 მუდმივ წევრს, გერმანიასა და ირანს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამოსვლაა. ხელშეკრულების მოთხოვნებს ირანი პირნათლად ასრულებს, რასაც ადასტურებს IAEA (ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო) და უშიშროების საბჭოს ოთხი მუდმივი წევრი, მეხუთე – აშშ-ი კი ხელშეკრულების გადახედვას მოითხოვს, რაც უდავოდ გამოიწვევს ვითარების დაძაბვას და სრული შესაძლებელია ხელშეკრულებამდე არსებულ ვითარებაში დაბრუნებას.

ამერიკა უსაფუძვლოდ, ცილისმწამებლურად მოიხსენიებს ირანს ტერორიზმის სპონსორად და აშშ-ს მტრად. ამერიკის პრეზიდენტი იყო პირველი, ვინც ზემომოყვანილ ირანულ ბუნტს მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა და „მოლათა რეჟიმის“ დამხობისკენ მოუწოდა. ყოველივე კი გამოწვეულია ერთით – ირანის, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს ავტორიტეტის ზრდით რეგიონსა და მსოფლიოში.

დამოუკიდებლობის 39 წლის განმავლობაში ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწია, როგორც საშინაო, ისე საგარეო არენაზე, რითაც უდიდესი სიმპათია დაიმსახურა ყველა მშვიდობისმოყვარე ხალხში. მან შეუდრეკლად იარა იმამ ხომეინის მიერ დასახული გზით – „ჩემი ანდერძი ყველას მიმართ ის არის, რომ გახსოვდეთ მაღალი ღმერთი და იარეთ წინ, თვითშემეცნების, თვითუზრუნველყოფის, დამოუკიდებლობის ყველა მიმართულებით. უფალი უეჭველად ხელს მოგიმართავთ, თუკი უერთგულებთ მას და ისლამური ქვეყნის წინსვლისა და განდიდებისთვის თანადგომის სულისკვეთებას შეინარჩუნებთ“.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი