31.10.2024

ირანის არჩევნები და საქართველოს პოლიტიკა

ბატონ გურამ გოგიაშვილს

ირანის ისლამური რესპუბლიკის არჩევნები იმ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების გამორჩეული ფაქტორია, რომლებსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში, საერთაშორისო სარბიელზე ჰქონდა ადგილი. სირიაში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, აშშ-ი მიმდინარე პრაიმარისი, მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა, ევროკავშირის ქვეყნებზე ლტოლვილების შეტევა, ბრიტანეთის რეფერენდუმისთვის მზადება – აი, ის არასრული ჩამონათვალი, რომლებმაც საერთაშორისო საზოგადოების მეტნაკლები ყურადღება დაიმსახურეს. მათ შორის ირანის არჩევნები გამოირჩეოდა და აქედან გამომდინარე მსოფლიო მედიის ყურადღება მისადმი.

ირანის ისლამური რესპუბლიკა ის ახალი ხილია, რომელიც იზიდავს მსოფლიო პოლიტიკას, მედიას, განსაკუთრებით ბიზნესს. მაგრამ უძველესი ისტორიისა და კულტურის ქვეყანა ნაკლებ ყურადღებას იმსახურებდა გუშინ ან გუშინწინ? ნამდვილად არა, მაგრამ მაშინდელ „ყურადღებას“ ლაიტმოტივად გასდევდა ლანძღვა-გინების, ირანის ხელისუფალთა მოჭარბებული სისასტიკის, არადემოკრატიული სულისკვეთებისა და ადამიანის უფლებათა სისტემატური შებღალვის შავი ზოლი.

დღევანდელი ირანი ისეთივეა, როგორც გუშინ და გუშინწინ, ათეული და ასეული წლის წინათ. მაშ რა მოხდა, რამ გამოიწვია ესოდენი ფერიცვალება ამ ქვეყნისა და ხალხის მიმართ?

პასუხი, მარტივიც არის და რთულიც, ვინაიდან მთელი რიგი ფაქტორებით არის განპირობებული, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მოკლედ და კონკრეტულად თუ ვუპასუხებთ დასმულ კითხვას, შემდეგ შედეგს მივიღებთ. ირანის მოსახლეობის, ხელისუფლების თანმიმდევრულმა ბრძოლამ ქვეყნის აღმშენებლობისთვის, შეუპოვრობამ და საღმა საგარეო პოლიტიკამ აიძულა დასავლეთი, კერძოდ აშშ-ი შეეცვალა ის პოლიტიკა, რომელსაც 37 წლის განმავლობაში აწარმოებდა ირანის მიმართ.

დღეს, დასავლეთი იძულებულია აღიაროს ირანის საპარლამენტო (მეჯლისის) არჩევნების წარმატებულობა. თითქოს ასეთს ირანის პოლიტიკურ ცხოვრებაში პირველად ჰქონდეს ადგილი. არადა, 37 წელია ირანი წარმატებით ატარებს სხვადასხვა დონის არჩევნებს, თუმცა მაშინ დასავლეთი – ანტიირანულად განწყობილი, ნეგატიურად მოიხსენიებდა მას (არჩევნებს).

ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკური სტრუქტურა მნიშვნელოვნად განსხვავდება არა მარტო რეგიონის ქვეყნების პოლიტიკური სისტემისგან, არამედ მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნების სახელმწიფო წყობისგან, მაგრამ დემოკრატიულობის თვალსაზრისით აღემატება რეგიონის და უტოლდება მსოფლიოსას. სპარსეთის ყურის, ახლო აღმოსავლეთისა და არაბული სახელმწიფოების ფონზე ირანი – ჭეშმარიტი დემოკრატიის ქვეყანაა, თუმცა მას დასავლეთი გაცილებით არასახარბიელოდ მოიხსენიებს, ვიდრე საუდის არაბეთს, არაბულ საამიროებს, ყატარს, … მიზეზი? მარტივია – დასავლეთის არადემოკრატიული შეფასება, მიკერძოება, სუბიექტურობა.

გავავლოთ პარალელები ჩვენს ქვეყანასთან. საქართველოს ხელისუფლებას წყინს, როდესაც დასავლეთი დაბეჯითებით მიანიშნებს პოლიტიკური ნიშნით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დამნაშავეთა გამწესებაზე. არის თუ არა საწყენი უგულავას, ახალაიას, სხვათა ლამის პოლიტიკურ პატიმრებად მონათვლა? არის თუ არა საწყენი ყოფილი პრეზიდენტის და მისი გუნდის წარმომადგენლების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძრვის ეჭვქვეშ დაყენება და დასავლელთა მუდმივი საყვედურების მოსმენა ამასთან დაკავშირებით? ცხადია საწყენია.

ყოველივე აღნიშნული ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც დასავლეთი კადრულობდა და კადრულობს ირანის მიმართ. დავუმატოთ ამას ეკონომიკური სანქციები, ირანის საერთაშორისო არენიდან განდევნის მცდელობა, სხვა დასავლური მაქინაციები, რამაც უდავოდ გააუარესა ირანელთა ყოფა. აშშ-ი და მისი მოკავშირეები – ე.წ. დემოკრატიული ქვეყნები, რომლებიც ირანს არადემოკრატიულად მოიხსენიებენ, თავიანთი საქციელით იმაზე უარესად გამოიყურებიან, ვიდრე ნიშანში ამოღებული სალანძღავი ობიექტი.

37-წლიანი მძიმე დაპირისპირების შემდეგ ვითარება იცვლება, რაც უპირველესად ირანელთა დამსახურებაა. არ გაუძლებდა ირანი დასავლურ გამოწვევას, არ ყოფილიყო ის ძლიერი თითქმის ყველა პარამეტრით, მათ შორის სამხედროთი, არ იქნებოდა ის დადებითი შეფასებები მის მიერ ჩატარებული არჩევნების მიმართ.

26 თებერვალს ჩატარებულ პარლამენტის (მეჯლისის) არჩევნებში ირჩევდნენ 290 დეპუტატს და ექსპერტთა საბჭოს 88 ღვთისმსახურს.

პარლამენტის მოქმედების ვადა 4 წლით არის განსაზღვრული, ხოლო ექსპერტთა საბჭოსი – 8 წლით. ქვეყანაში გახსნილი იყო 53 ათასი საარჩევნო ოლქი. არჩევნების ჩატარების ორგანიზაცია შსს პრეროგატივაა, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება დართო 4844 კანდიდატს, მათ შორის 586 ქალს. პარლამენტში მოხვედრის სურვილი გაცილებით მეტმა გამოითქვა, მაგრამ კომისიამ შეისწავლა რა მათი საქმეები, მხოლოდ იმათ დართო ნება, რომლებმაც შესაბამისი შემოწმება დადებითად გაიარეს. ერთ სადეპუტატო ადგილზე 16 კანდიდატი იყრიდა კენჭს.

ირანში არ არის პოლიტიკური პარტიები, მაგრამ არის პოლიტიკოსთა არაფორმალური გაერთიანებები. ამომრჩეველთა 60% ანუ 33 მილიონმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. უმრავლესობამ მხარი რეფორმატორებს დაუჭირა ანუ დღევანდელ პრეზიდენტს და მის გუნდს. კონსერვატორები (ტრადიციონალისტები) ოპოზიციაში აღმოჩდნენ.

რაც შეეხება ექსპერტთა საბჭოს, იქ 88 ადგილისთვის 159 პრეტენდენტი იყო დაფიქსირებული. ექსპერტთა საბჭოს უფლებამოსილების ვადა 8-წლიანია. ექსპერტთა საბჭოს არჩევნებში წარმატებას მიაღწიეს ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ და ექს-პრეზიდენტმა აქბარ ჰაშიმი რაფსანჯანიმ.

ექსპერტთა საბჭოში მხოლოდ დამსახურებულ შიიტ სასულიერო პირებს ირჩევენ, რომელთა უმთავრესი ფუნქცია თავის რიგებიდან ქვეყნის სულიერი ლიდერის არჩევაა. ირანის კონსტიტუციით, სახელმწიფოს მეთაური არის სულიერი ლიდერი და არა პრეზიდენტი. 37 წლის განმავლობაში ის მხოლოდ ერთხელ შეიცვალა – 1989 წელს, როდესაც გარდაცვლილი აიათოლა ხომეინის შემდეგ აირჩიეს აიათოლა ხამენეი.

პარლამენტის დეპუტატების უმთავრესი პრეროგატივა ეკონომიკურ და საფინანსო საკითხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტების შემუშავებაა, რაც შეეხება საგარეო საკითხებს – დეპუტატთა გავლენა შეზღუდულია, თუმცა მეჯლისი რატიფიკაციას უკეთებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს და მსხვილ კონტრაქტებს, დადებულს უცხოეთის სახელმწიფოებთან.

მეჯლისი აკონტროლებს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მუშაობას. წინა პრეზიდენტი არაერთხელ წარდგა პარლამენტის წინაშე ქვეყნის საშინაო და საგარეო საკითხების განმარტების მიზნით. მაშინ დაპირისპირებამ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოთა შორის პიკს მიაღწია, რასაც ადგილი არ ჰქონია ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ (1979).

ორივე არჩევნებთან დაკავშირებით ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ. ერთნი მიიჩნევენ, რომ კარდინალური ცვლილება არ მომხდარა, მეორენი კი – პირიქით  თვლიან. ამ შემთხვევაში სინამდვილესთან ახლოს უფრო მეორეთა პოზიციაა, ვინაიდან რეფორმატორებმა აშკარად განიმტკიცეს პოზიციები, უკან ჩამოიტოვეს კონსერვატორები (ტრადიციონალისტები) და მიუმხრობლები.

რეფორმატორთა პოზიციების განმტკიცება ბევრი რამით იყო განპირობებული, მათ შორის დათმობებზე წასვლით. რეფორმატორებმა უარი განაცხადეს სამოქალაქო თავისუფლებათა გაფართოებაზე, სახელისუფლებო სტრუქტურის შეცვლაზე, პარლამენტის უფლებამოსილებათა გაზრდაზე. მთავარი ყურადღება გადაიტანეს ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობაზე, რასაც ირანელთა უდიდესი უმრავლესობა უჭერს მხარს. რეფორმატორთა ბრძოლის მთავარი სამიზნე უმუშევრობა და ინფლაციაა. ისინი შეეცდებიან იმ დაპირების შესრულებას, რომელიც ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და ქვეყნის მრეწველობის განვითარებას გულისხმობს.

მსოფლიო პოლიტიკოსთა და ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ არჩევნების შედეგად ირანი დასავლეთისკენ გადაიხრებოდა. 80-მილიონიანი ირანი – განვითარებული სოფლის მეურნეობით, მრეწველობით, მეცნიერებით, მდიდარი წიაღისეულით, მათ შორის ნავთობით და გაზით, სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობით სწორედ ის ქვეყანაა, რომელთანაც საჭიროა მჭიდრო ურთიერთობა. ასეთთა რიცხვშია აშშ-ი, რომელიც შეეცდება გამონახოს მასთან საერთო ენა.

ირანთან საერთო ენის გამონახვა აშშ-ს ბევრს ნიშნავს, უპირველესად რეგიონში სტრატეგიული დასაყრდენის შექმნას. თუ ამერიკამ ამას მიაღწია, მაშინ მას ხელ-ფეხი გაეხსნება ჩინეთის, რუსეთის საპირისპირო პლაცდარმის შექმნაში. მისი გავლენა პაკისტანის, ინდოეთის, კავკასიის, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის ქვეყნების და რაც მთავარია რუსეთის მიმართ გაფართოვდება.

შეძლებს აშშ-ი ირანის ისე მოხიბლვას, რომ მას დაავიწყოს ის საშინელებანი, რომლებიც 37 წლის განმავლობაში ჩაიდინა ირანის მიმართ? პოლიტიკაში ყველაფერია მოსალოდნელი და ამის მაგალითები იშვიათობა არ არის, თუნდაც ვიეტნამი, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია აშშ-ს გამაჩანაგებელი ხელი დღეს, ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია.

როგორც ამბობენ, ვიეტნამისგან განსხვავებით, ირანს სხვა მეხსიერება აქვს. ის ნაკლებად დათანხმდება სტრატეგიულ პარტნიორობას, ვინაიდან იცის, რომ „დიდისა“ და „პატარის“ ურთიერთობა ისტორიულად – მხოლოდ „დიდის“ წისქვილზე ასხამს წყალს. ირანი კი დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანაა და არა მარიონეტი, თუნდაც ისეთი, როგორებიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებია. მან ნამდვილი სუვერენიტეტი სისხლით და ოფლით მოიპოვა და არავითარ სტრატეგიულ პარტნიორობაზე იმ გაგებით, როგორც ეს დასავლეთში ესმით, არ დათანხმდება.

ფაქტიც სახეზეა – მომავალი 10 წლის განმავლობაში თეირანი განამტკიცებს ორმხრივ ტვირთბრუნვას ჩინეთთან  52 მილიარდი დოლარიდან 600 მილიარდამდე. ის აპირებს მჭიდრო კონტაქტებს ინდოეთთან, სამხრეთ კორეასთან. გააფართოებს კავშირურთიერთობებს რუსეთთან, განსაკუთრებით სამხედრო საქმეში. რუსულ კომპანიებთან იგეგმება 20 მილიარდ დოლარიანი კონტრაქტები.

23 თებერვალს თეირანში იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. ვიზიტი ნაყოფიერი გამოდგა, რომლის დროსაც ხელი მოეწერა 11 ხელშეკრულებას. ყურადღება გამახვილდა ირან-აზერბაიჯან-რუსეთის რკინიგზის მშენებლობის დროულ დამთავრებაზე. ასტანა-რეშტი-ყაზვინის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 2005 წელს გადაწყდა. მისი დამთავრება 2017 წელს იგეგმება. რკინიგზა გადაიყვანს 1.4 მილიონ მგზავრს და გადაიტანს 7 მილიონ ტონა ტვირთს, წლიურად.

გამოცოცხლება იგრძნობა ქართულ-ირანულ ურთიერთობებშიც, რაშიც დიდი წვლილი შეაქვს საქართველოში ირანის ელჩს, კარიერის დიპლომატს, გამოცდილ პოლიტიკოსს აბას თალები ფარს. სწორედ მისი მეცადინეობით განხორციელდა რიგი ოფიციალური ვიზიტებისა, რასაც ირანში ჰქონდა ადგილი, საქართველოს ოფიციალური პირების მხრიდან. მიღწეულ იქნა შეთანხმება ირანელთათვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის თაობაზე, საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის დარგში და სხვა. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა ჯეროვან დონეს მიაღწევს, რაც უდავოდ წაადგება ჩვენს ქვეყანას.

სარკინიგზო კომუნიკაცია, რითაც ირანი, აზერბაიჯანი და რუსეთი დაუკავშირდება ერთმანეთს მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც ეკონომიკის, ისე პოლიტიკის დარგში. აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებიდან წამოსული ტვირთები, სპარსეთის ყურის, ირანის, აზერბაიჯანის და რუსეთის გავლით არა მარტო ცენტრალური აზიის ქვეყნებს მიეწოდება, არამედ ევროპის. კარგი იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად იფიქრებს და ჩაერთვება პროექტში. ჩართვა კი ამ რკინიგზის საქართველო-სამხრეთ ოსეთის გავლით შეიძლება, ცხადია შესაბამისი რკინიგზის ხაზის გაყვანით. წინადადებას აგრესიულად შეხვდებიან ე.წ. პატრიოტი „ნაცები“ და მათი იდეების გამზიარებლები, მაგრამ ღირს კი მათთვის ყურის დაგდება?!

„ნაცების“ პოლიტიკა, საქართველოს რომ ჭურისკენ მიაქანებს, ფაქტია. არადა საქართველო კარგავს იმ სიმდიდრეს, რასაც გეოპოლიტიკური, ტრანზიტული ჰქვია. დედამიწის ზურგზე იშვიათად მოიძებნება ქვეყანა, რომელიც არ ცდილობს სატრანზიტო ფუნქციის შეძენას, თუნდაც ხელოვნურს. საქართელოს ბუნებრივად აქვს ეს ბედნიერება, მაგრამ ჰყავს „ნაცები“ – გონებადაბინდული ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებიც წინააღმდეგნი არიან სატრანზიტო ფუნქციის ამოქმედების.

გადმოვიღოთ მაგალითი მეზობელი აზერბაიჯანიდან, რომელმაც განახორციელა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა, მაგრამ ამას არ დასჯერდა და ირან-აზერბაიჯან-რუსეთის რკინიგზას შეასხა ფრთები, მიუხედავად თურქეთის ეჭვიანი დამოკიდებულებისა, აზერბაიჯან-ირანის ურთიერთობების მიმართ.

ირანს მჭიდრო კავშირები აქვს სომხეთთან, სადაც იგეგმება ირან-სომხეთის რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობა. პროექტი უდავოდ განხორციელდება და მაშინ სომხეთი ჩიხში აღარ იქნება. სომხეთი პირდება ირანს ტვირთების შავ ზღვაზე გატანას, ცხადია საქართველოს გავლით. მაგრამ როდესაც სომხეთი ჰპირდება, ეს ნიშნავს რუსეთი ჰპირდება, ვინაიდან სომხეთის რკინიგზა რუსეთის რკინიგზის შვილობილია. სომხეთის დიდი სურვილია საქართველო-აფხაზეთის გავლით რუსეთში, იქიდან ევროპაში შესვლა, რაც სოხუმ-თბილისის რკინიზგის აღდგენის შემთხვევაში, სრულ რეალობას იძენს.

რას ვაკეთებთ ჩვენ? არავითარ შემთხვევაში – გავყვირივართ. არადა სარკინიგზო კომუნიკაციების აღდგენა თავისთავად ნიშნავს აფხაზეთ-საქართველოს ხალხთა ჩატეხილი ხიდის აღდგენას, ახალი, საქმიანი ურთიერთობების დაწყებას. „ნაცებს“ უნდათ თუ არა, ცხოვრება დასვამს კომუნიკაციების აღდგენის თემას, მაგრამ ჯობს ადრე, ვიდრე გვიან.    

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.