„თაოდათაოს“ პრინციპი თუ ქვეყანა?

წინასაარჩევნო მარათონი ძალას იკრებს. პოლიტიკურ არენაზე ახალ-ახალი პარტიები გამოდიან. ყველა მათგანი ხელისუფლების დასაპყრობად ემზადება. ზოგი მეორე ადგილსაც ჯერდება – უფრო „მოკრძალებული“, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული. დღესდღეობით 30-ზე მეტი პარტია იბრძვის პარლამენტში მოსახვედრად, რაც სულაც არ ნიშნავს დემოკრატიის ზეობას. ეს უფრო ანარქიის გამომხატველია.

იმ ევროპაში, საითკენაც სიტყვით და არა საქმით მივდივართ, ახალი პარტიის გამოჩენა დიდ სენსაციას იწვევს. ორი, მაქსიმუმ სამი, ერთმანეთთან დაპირისპირებული პარტიების ფონზე, რომლებიც რიგრიგობით ეცილებიან ერთმანეთს ქვეყნის მართვის ხელში ჩასაგდებად, ახალი პარტიის დაფუძნება და პოპულარობის მოპოვება არცთუ იოლი საქმეა.

საქართველო, განსხვავებული „დემოკრატიაა“ – პოლიტიკური „პლურალიზმით“ გაჯერებული. უნებლიედ იბადება კითხვა – როგორ ახერხებს ახალი პარტია შესაბამისი ხელმოწერების შეგროვებას დაფუძნებისა და რეგისტრაციისთვის?

უამრავი პარტიის ფონზე ხელმოწერების შეგროვება უდავოდ დიდი საქმეა – დემოგრაფიულად გათითოკაცებულ ქვეყანაში. არვინ იცის, ხელმომწერთა ნამდვილობის შემოწმებას აქვს თუ არა დათმობილი ჯეროვანი ყურადღება. იქნებ ერთიდაიგივენი უწერენ ხელს რამდენიმე პარტიას – ხათრიდან და ნათესაურ-მეგობრული კავშირებიდან გამომდინარე?

რეგისტრაციისთანავე ყველა პარტია წარუდგება ტელემაყურებელს და ისეთს ამბობს – „გული გაგინათდება“. ყველას ქვეყნის აყვავება „სურს“; ყველა ხელისუფლებაში მყოფ პარტიას და ოპოზიციას წიხლავს, განსაკუთრებული იერიში „ნაციონალებსა“ და „ოცნებაზე“ მიაქვთ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს პარტიები ერთმანეთთან საკინკლაოდ არიან მომართული და არა ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური ვითარების გამოსასწორებლად.

პარტიების ლიდერთა განცხადებებში, აღნიშნულ თემებს აქვს დათმობილი რაღაც ადგილი, მაგრამ არა მთავარი. არადა იმ ევროპაში, საითკენაც ვითომ მივდივართ, ნებისმიერი პარტიის მთავარი დევიზი ხალხის კეთილდღეობაა. ამ არცთუ უმნიშვნელო საქმეს არც საზოგადოება ითხოვს, თუ არ ჩავთვლით სამზარეულოში წუწუნს, პროდუქტებზე ფასების კატასტროფულ მატებასთან დაკავშირებით და ა.შ.

საქართველოს არ ახსოვს არც ერთი სახალხო მიტინგი, დემონსტრაცია ან საჯარო შეკრება ეკონომიკურ-სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. არადა იმ ევროპაში, საითაც მივდივართ, კვირა ისე არ ჩაივლის, აღნიშნულ საკითხებზე მრავალათასიანი მიტინგები, გაფიცვები, დემონსტრაციები არ გაიმართოს. მაგალითად საფრანგეთიც კმარა, სადაც ორ თვეზე მეტია პერმანენტული სახალხო გამოსვლებია მოთხოვნით – შეიცვალოს შრომის კანონი. დემონსტრანტებს არც ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი აბრკოლებს და არც პოლიციასთან სისტემატური შეტაკება.  დემონსტრანტი ფრანგები დაბეჯითებით აცხადებენ, რომ აიძულებენ ხელისუფლებას შეცვალოს კანონი.

საფრანგეთი გამონაკლისი არ არის. ასეა ყველგან, მაგრამ არა „დემოკრატიულ“ საქართველოში. მაშ, რა არის ჩვენთან? ერთმანეთის ლანძღვა და ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი. არადა რამდენად გულმაგარი უნდა იყოს პარტია, რომ დაქცეული ქვეყნის პრობლემების გამოსწორება იკისროს?!

სინდის-ნამუსიანი (რაც დიდი დეფიციტია) ამას არ გარისკავს, თუ რას „გარისკავს“, განვლილმა წლებმა დაგვანახა – ხელისუფლებაში ყოფნით ტკბობა და საკუთარი თავისთვის საარაკო პირობების შექმნა. ასეთ დროს ვიღას ახსოვს ქვეყანა, ხალხი, გაძაღლებული ცხოვრება. ხალხს 4 წელიწადში ერთხელ იხსენებენ – საპარლამენტო არჩევნების წინ.

საქართველო სხვა რამითაც არის გამორჩეული იმ ევროპისგან, საითკენაც მივდივართ – სახელმწიფოებრივი სისტემის არ არსებობით, უფრო სწორად ფიქტიური არსებობით. ქვეყანაში თითქოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტია. პრეზიდენტიც გვყავს, პრემიერიც, პარლამენტის თავმჯდომარეც და მინისტრებიც, მაგრამ ყველა ისინი მარიონეტები არიან და არიან იმიტომ, რომ უბრალოდ შეავსონ სახელმწიფო თანამდებობები.

საერთოდ, ქვეყნის პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ სისტემას აქვს ასეთი ინსტიტუტები, ცხადია ქვეყნის სამართავად, ხალხის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, წინასაარჩევნო მარათონის დროს გაცემული დაპირებების შესასრულებლად. როდესაც მსგავსს, გასული 25 წლის, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში ადგილი არ აქვს, უდავოდ გაგიჩნდება შეგრძნება, რომ ხელისუფლება მხოლოდ თავისი კეთილდღეობისთვის მოდის ქვეყნის სათავეში და არა ხალხის.

 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ოცნებამ“  დაპირებების კორიანტელი დააყენა და „ნაცებზე“ განაწყენებულ ხალხს იმედის ნაპერწკალი ლამის ხანძრად გადაუქცია. გულუბრყვილო მოსახლეობა იოლად წამოეგო კეთილდღეობის ახალ ფანდს და მიიჩნია, რომ უმოკლეს პერიოდში წელგამართულ ცხოვრებას ეზიარებოდა. საზოგადოება ენდო „ოცნებას“, მაგრამ სხვა გამოსავალი რა ჰქონდა?!

პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სოციალურად დაბეჩავებულმა ქვეყანამ იმედის მზერა მიაპყრო მხსნელ ბიძინას და მანაც არ დააყოვნა ახალ-ახალი დაპირებების გამოცხობაში. ხალხის სამწუხაროდ, არც ერთი დაპირება არ შესრულდა, თუმცა ამან ვერც ივანიშვილი გატეხა და ვერც მისი პარტია. შეხმატკბილებულად ორივემ ერთად შეტევა მიიტანეს ხალხზე და სიბრმავეში დაადანაშაულეს – „ოცნებამ“ ყველა დაპირება შეასრულა, რასაც დანახვა უნდა, თქვენ კი ვერ ხედავთო.

განვლილი 4 „ოცნებური“ წლის განმავლობაში რაც თვალშისაცემი არის – ტყუილებია, გაუკეთებლის, გაკეთებულად მონათვლა. ხალხი უყურებს და უსმენს ივანიშვილის გამოსვლებს, ახალ დაპირებებს, ტყუილებს, თუნდაც ისეთს, როგორიცაა საქართველოში ივანიშვილის ბიზნესი. ივანიშვილი ისე წარუდგენს თავს ხალხს, თითქოს მას არაფერი ბიზნეს-ინტერესი არ აქვს საქართველოში და რასაც აკეთებს ქვეყნის კეთილდღეობისთვის ზრუნვაა, ქველმოქმედებაა.

ბანკი „ქართუ“ ქველმოქმედებად ვერ ჩაითვლება, ვერც „პანორამა თბილისი“ და სხვა მრავალი ბიზნეს-კომპანიები, რომლებიც მართალია ივანიშვილის სახელს არ ატარებენ, მაგრამ მჭიდროდ არიან მასთან დაკავშირებული. ივანიშვილი ურცხვად აცხადებს, რომ ხელისუფლებაზე გავლენა არ აქვს, არადა სრულიად საწინააღმდეგო მოვლენასთან გვაქვს საქმე. იგივე ვითარებაა ბიზნესშიც.

ზემომოყვანილი მაგალითები ნეგატიურად აისახება ქვეყანაზე, მის განვითარებაზე, მაგრამ გაცილებით ცუდად მოქმედებს მასზე სხვა რამ – ქვეყნის „იატაკქვეშეთიდან“ მართვა და ის, რომ საზოგადოებას, ინტელიგენციას არავითარი სურვილი არ აქვს შეებრძოლოს ამას. პიროვნება, რომელსაც არავითარი პოლიტიკური თანამდებობა და აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობა არ გააჩნია – მართავს ქვეყანას. იქნებ ვინმემ შემახსენოს ქვეყანა, სადაც ესოდენ გაურკვეველ მმართველობას აქვს ადგილი?! ასეთს გაუბედურებულ უკრაინაშიც ვერ ნახავთ, მითუმეტეს იმ სანატრელ ევროპაში, საითკენაც მივდივართ. ამის შემდეგ უნდა გაგვიკვირდეს, რატომ არ გვიღებენ ნატოში?

საქართველოს ჰყავს მთავრობა, ერთი კაცის სახით, რომელიც ქურდულ-კლანური მეთოდებით მართავს ქვეყანას. თანამედროვე ცხოვრებისთვის ეს არნახულ-არგაგონილი მოდელი დედის რძესავით შეირგო ქართულმა საზოგადოებამ, ე.წ. ინტელიგენციამ და გაყუჩებული, მორჩილად ადევნებს თვალს ბიძინას ოინებს.

უდავოდ დასანანი რამ არის, ვინაიდან ქვეყნის განვითარებას უდიდესი პრობლემები შეექმნა – გაურკვეველი მმართველობის სახით. საზოგადოება მიეჩვია მართვის მანკიერ სტილს. მისთვის უცნობია სხვა სახის მართველობა. 25 „დამოუკიდებელი“ წლის განმავლობაში ქვეყანას არ ჰყოლია მასზე შეყვარებული ხელისუფლება. ყველა მათგანი მეწველ ძროხასავით უყურებდა მას, მაგრამ რაღაც ჰქონდა  სახელმწიფო სტრუქტურის სახით – 2012 წლის ოქტომბრამდე. მის შემდეგ ერთპიროვნულმა „იატაკქვეშურმა“ მმართველობამ, რის ვაივაგლახით შექმნილ სახელმწიფო მართვის ინსტიტუტსაც შეუტია და ფაქტიურად იმპოტენტად აქცია.

ივანიშვილი ქვეყნის სახელმწიფოებრობას დაემუქრა და 4 წლის განმავლობაში ყველაფერი იღონა მის დასაკნინებლად. ასეთ დროს ქვეყნის განსწავლული ნაწილი, ინტელიგენციად წოდებული ხმას უნდა იღებდეს, მაგრამ ივანიშვილის კმაყოფაზე მყოფი, თევზის როლშია, ხშირ შემთხვევაში კი ხოტბას ასხამს მამამარჩენლის „აღმშენებლურ“ მარჯვენას. სულ ახლახანს ცნობილმა არქიტექტორმა ვახტანგ დავითაიამ ქებათაქება არ მოაკლო „პანორამა თბილისს“, რომელიც უდავოდ ისე, როგორც ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრი, დომინატად დააწვება ძველ ქალაქს.

თვალი გადაავლეთ პრესას, ივანიშვილის ხოტბის ამსახველი წერილები ძალაუნებურად იპყრობს ყურადღებას. ავტორები, ივანიშვილის მიერ დაპურებული ხალხია ან ისინი, ვინც მისგან „სტიპენდიების“ მიღების იმედს არ კარგავს.

მავანი მეტყვის – რა ქნან, არსებობა ხომ უნდათო? და მართლაც, რა უნდა ქნას მშიერ-მწყურვალე ხალხმა? მას აღარაფერი რჩება გარდა „თაოდათაოს“ პრინციპით ცხოვრებისა. ასე ვიყავით გუშინ, გუშინწინ. ვატყობ, ასე ვიქნებით ხვალაც – პარლამენტის არჩევნების შემდეგ. ვიქნებით, მაგრამ ქვეყანა აღარ გვექნება. „თაოდათაოს“ რეცეპტით მცხოვრები, ქვეყანას ვერ ააშენებს.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.