08.12.2024

ირანელი რეპერის ოინები

ბატონ გურამ გოგიაშვილს

გასული საუკუნის 80-იანი წლების გაგანია საბჭოეთის დროს საქართველოს კპ ცკ პლენუმზე, რომელსაც საქართველოს კპ ცკ-ს პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი უძღვებოდა – რესპუბლიკის საჭირბოროტო საკითხების განხილვისას, საქართველოს მწერალთა კავშირმა ერთობ განყენებული და პლენუმის დღის წესრიგისთვის შეუფერებელი თემა გააჟღერა, რომელსაც უმალ მხარი აუბეს დამსწრე პარტიულმა, სამეურნეო მუშაკებმა და ინტელიგენციის წარმომადგენლებმა.

საკითხი, არც მეტი, არც ნაკლები საქართველოს და რუსთაველის სახელის შეურაცხყოფას ეხებოდა. გამომსვლელმა განუმარტა დამსწრე საზოგადოებას, რომ თურმე ვიღაც ჰოლივუდელმა კინორეჟისორმა განგსტერებზე მორიგი კინოფილმი გადაიღო, სადაც მთავარი განგსტერი, გვარად რუსტვილი ანუ რუსთაველი ყოფილა. დარბაზში მყოფმა აღშფოთებულმა საზოგადოებამ რეჟისიორის დასჯა მოითხოვა.

ამ ამბიდან კარგა ხნის შემდეგ, ამერიკელი რეჟისიორის ყურამდე მიუტანიათ აღშფოთებული ქართველების გულისწყრომა, რაზეც მას უთქვამს – არც რუსთაველი იცის და არც საქართველო, უბრალოდ გვარისთვის მოუკრავს ყური და ვინაიდან სიუჟეტი კავკასიას ეხებოდა, თავისი განგსტერი გმირისთვის რუსტვილი დაურქმევია.

საბჭოთა საქართველოსდროინდელი ამბავი გამახსენა თბილისში ირანის საელჩოსთან ჩატარებულმა საპროტესტო აქციამ. მიზეზი? — ირანელი რეპერის ამირ თათალუს მიერ 24 მარტს თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართული კონცერტის დროს რეპერის მიერ ქართველების შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება, მაგალითად ასეთის: „მარიხუანის მოწევა თუ მომინდება მოვწევ, ქართველებმა რა უნდა მომჭამონ“ და სხვა.

აღნიშნულ თემას გაზეთმა „საქართველო და მსოფლიომ“ არაერთი გვერდი დაუთმო, სადაც აღშფოთებული ჟურნალისტები და ექსპერტები სალანძღავ სიტყვებს არ იშურებდნენ ირანისა და საქართველოს ხელისუფალთა მიმართ. ამ უკანასკნელს უნიათობაში ადანაშაულებდნენ. „მიკვირს ჩვენი თანამემამულეების, რომლებსაც არ აწუხებთ სამშობლოს შეურაცხყოფა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი სიამაყით აავსო ჩვენმა აქციამ, რადგან დიდი ხანია ირანის ელჩი ქართველებს თავის მართლების რეჟიმში არ ჩაუყენებიათ. ბევრმა ახალგაზრდამ გვითხრა — დაინგრა სტერეოტიპები, რომ პატარა ქვეყანა ვართ და დიდი ქვეყნების წარმომადგენლებს თავდახრილი უნდა ველაპარაკოთ“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამავე გაზეთში.

ჩვენს თანამემამულეებს, რომ სამშობლოს შეურაცხყოფა კარგა ხანია არ აწუხებთ, გასაკვირი არ არის. ნაბოძები დამოუკიდებლობის წლებმა, პოლიტიკური ვექტორის კარდინალურმა შეცვლამ, შიდა ომებმა, გაუსაძლისმა ეკონომიკურ-სოციალურმა მდგომარეობამ, სიდუღჭირემ, ერთმანეთის ხოცვამ უმძიმესი დაღი დაასვა ჩვენს ყოფას, ტრადიციებს, თავმოყვარეობას, ყველა იმ გამორჩეულ თვისებას, ქართველებს რომ ჰქონდათ საუკუნეთა განმავლობაში, განსაკუთრებით „ავადსახსენებელ“ საბჭოთა პერიოდში.

დღეს სიტყვები — სამშობლო, პატრიოტიზმი უხერხულად ჟღერს და ქილიკის საგნადაც არის ქცეული. არ არის ეს გასაკვირი?

ტელეკომპანიები, რომ ტუტუცი გოგო-ბიჭების, ხშირ შემთხვევაში ზრდასრული ადამიანების,  „ემანსიპირებულების“ თავაშვებული ლანძღვა-გინების არენადაა ქცეული, არ არის გასაკვირი?

ვიღაც მავანი „ქალბატონი“ პირდაპირ ეთერში რომ იტყვის „ვტყ..ბდიო“, აქაოდა ნახეთ რა უკომპლექსო და თავისუფალი ვარო — არ არის გასაკვირი?

როდესაც უცხოეთში საქურდავად წასული ჩვენი მოქალაქეები ევროპის ქვეყნების ციხეებში ხვდებიან — არ არის გასაკვირი?

როდესაც ისრაელის ან სხვა ქალაქების პორტებში ჩამომდგარ კრუიზის გემებს ქართველი მეძავი გოგონები ხვდებიან და ერთმანეთს ექიშპებიან ფულიანი ტურისტის დათრევაში — არ არის გასაკვირი?

როდესაც ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ქართველი გოგონა იტყვის — ჩვენს მშობლებს სხვა კაიფი ჰქონდათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით, ჩვენ კი სხვა გვაქვსო — არის გასაკვირი? გავაგრძელო ჩამოთვლა?

საქართველო სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის. ვერ გაუძლო გლობალიზაციის პროცესს, დასავლურ ცდუნებას და უმალ გადაეშვა იქაურ ჭაობში, რაც იქ იშვიათი რამ არ არის.

დასავლეთს ბევრი რამ აქვს ისეთი, რომლის ცოდნა დაგვეხმარება საკუთარი ქვეყნის აშენებაში, თუმცა აქვს ისეთიც, რაც ჩვენი მენტალიტეტისთვის მიუღებელი უნდა ყოფილიყო. პირველს — სწავლა სჭირდება. მეორეს — მანკიერს, უბრალო გადმოღება და გადმოვიღეთ კიდეც. ევროპელებზე მეტად ევროპელები გავხდით.

ირანელი რეპერი, საქართველოს „ოქროს“ ახალგაზრდობასთან მჭიდრო კავშირში მყოფი, მათთან ერთად „მოხარშული“ და მარიხუანით გაბრუებული, რომ ფილარმონიის სცენიდან იგინება — მარტო მისი „დამსახურებაა“?

იქნებ მისი მასპინძელი, თანატოლი გოგო-ბიჭების თავისუფალი ქცევის, ბილწი ლექსიკის მოტრფიალეთა ბრალიცაა?

ვერც ერთი უცხოელი ვერ გაბედავს სცენაზე „თავისუფალი“ ქცევის ისეთ დემონსტრირებას, როგორც თათალუმ წარმოგვიდგინა.

თათალუ კონცერტის გასამართავად არ ჩამოსულა. ის, აქ არის. კარგად იცის ქართველი ახალგაზრდების „სულიერი“ ცხოვრება, ლტოლვა „სიტკბოებისკენ“, იოლი ცხოვრებისკენ. იცის ისიც რა თავდაჯერებით იბრძვის ზოგიერთი პარტია მარიხუანის ლეგალიზაციისთვის. იცის პარლამენტის ლიბერალური დამოკიდებულება ამ თემის მიმართ. იცის მარიხუანის მოყვანისთვის გამართული კამპანიის თაობაზეც.

ირანელი რეპერი კარგად არის ჩახედული ჩვენს სამზარეულოში, რამაც მას უბიძგა მოქცეულიყო ისე, როგორც მოიქცა. მავანი შემედავება — ჩვენ, ჩვენს ქვეყანაში გვაქვს უფლება ისე მოვიქცეთ, როგორც გვინდა, მაგრამ უცხოელს არ აქვს უფლება ასე მოიქცესო. ის სტუმარია და თავშეკავება, მასპინძლის პატივისცემა უნდა ჰქონდესო.

გეთანხმებით, ოღონდ ნაწილობრივ, ვინაიდან თუ შენ, შენ თავს არ სცემ პატივს, სხვაც ასე მოიქცევა. როდესაც შენ თვითონ შეურაცხყოფ საკუთარ ქვეყანას, ტრადიციებს და იმას, რაც შენმა წინაპრებმა ოფლით, სისხლით და მახვილით შექმნეს და ამას ტელეეკრანიდან აყრი ქოქოლას (გაიხსენეთ ბუღაძის „შედევრი“ თამარ მეფესთან დაკავშირებით ან დეისაძის „შემოქმედება“ საკუთარი დედისადმი მიძღვნილი), მომხდურიც თვლის, რომ მისი მხრიდან ანალოგიურის დაშვება შესაძლებელია.

მეტყვიან იმასაც — ჩვენს რეპერს რომ თეირანის საკონცერტო დარბაზში მსგავსი ჩაედინა, ხომ ციხეში მიაბრძანებდენო?

გეთანხმებით. მიაბრძანებდნენ. აქ კი არათუ მიაბრძანეს, ქვეყნის პირველი სცენაც დაუთმეს და გაბოლების უფლებაც მისცეს, მაშინ როდესაც ასეთი რამ კანონით ისჯება. რას შეიძლება მივაწეროთ ესოდენი ლმობიერება ირანელი რეპერის მიმართ? — ალბათ იმას, რასაც ღრმა ფესვების არსებობა ჰქვია და რაც მთავარია პოლიტიკას.

თუ რა ღრმა ფესვები მაქვს მხედველობაში კარგად და საფუძვლიანად გააანალიზა „ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პროფესორმა გულბაათ რცხილაძემ იმავე გაზეთში, ზემოთ ჩემს მიერ რომ იყო ნახსენები.

ბატონი გულბაათის ლაკონურ და ღრმაშინაარსიან ნათქვამს ვეთანხმები და ისე, როგორც ის, მეც ვთვლი, რომ თათალუს დაუსჯელობა, უფრო მეტიც, მის წინაშე რევერანსები ბობოლა მასპინძლების მხრიდან თავისთავად მიგვანიშნებს, სად არის ძაღლის თავი დამარხული.

სხვათა შორის, აქციის მონაწილეთა ირანის ელჩთან შეხვედრის დროს გაირკვა, რომ თურმე ამირ თათალუ ირანში ჩადენილი დანაშაულისთვის იძებნება და ირანის ძალოვანმა უწყებამ რამდენჯერმე მომართა საქართველოს მისი დაკავების და გადაცემის თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ.

უნებლიედ იბადება კითხვა — რატომ? ნუთუ ასეთი ღირებულია საქართველოსთვის თათალუ? იქნებ სხვისთვის უფროა ღირებული და ჩვენც დაკვეთას (არ გადაცემას) უყოყმანოდ ვასრულებთ?

80-მილიონიანი ირანი — სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა, მძლავრი მრეწველობით, სოფლის მეურნეობით, მეცნიერებით გამორჩეული არამარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოში, ირანის ისლამური რევოლუციიდან (1979) დაწყებული ათვალწუნებული ჰყავს აშშ-ს. რა ავანტიურა, ტერორისტული აქტი არ განახორციელა ამერიკამ ირანის მიმართ, მაგრამ უშედეგოდ. დღეს, ის აშკარა ჰიბრიდულ ომს აწარმოებს ირანის წინააღმდეგ და მასში ჩართული ჰყავს აშშ-ი, ევროპის ქვეყნებში მცხოვრები ის ირანელები, რომლებმაც შაჰის მუჰამედ რეზა ფეჰლევის ჩამოგდების შემდეგ ამერიკას, ევროპას, სხვა ქვეყნებს შეაფარეს თავი.

შაჰის მომხრე ირანელები — დღევანდელი ხელისუფლების დაუძინებელი მტრები არიან და აშშ-ს სპეცსამსახურებთან ერთად რას არ ღონობენ ირანის ხელისუფლების დასამხობად. ხელისუფლების წინააღმდეგ ირანში მცხოვრები ზოგიერთი ირანელიც არის.

ეს, ე.წ. ლიბერალური ძალები თბილისში ყიდულობენ უძრავ და მოძრავ ქონებას. ნაწილობრივ აქ ცხოვრობენ, ნაწილობრივ იქ. მათთან მჭიდრო კონტაქტში იმყოფებიან აშშ-ს სპეცსამსახურებთან ჩახუტებული „ამერიკელი“ ირანელები. ყველა, ისინი თავიანთ დროს ელიან ანუ ირანში ხელისუფლების შეცვლას.

თბილის-თეირანს შორის მოსიარულე ირანელები თავიანთ პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწევიან — ადიდებენ რა იმ „დემოკრატიასა და თავისუფლებას“, რასაც დასავლეთსა და საქართველოში აქვს ადგილი.

მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველო არის ირანის ანტისახელისუფლებო მოძრაობის პოლიგონი ანუ ადგილი, სადაც „აზრიანი“ ირანელი დასავლურ „კულტურას“, თავისუფლებას,  ქალთა მოჭარბებულ ემანსიპაციას ეზიარება, შემდგომში მსგავსის საკუთარ ქვეყანაში გასატარებლად.

თათალუ და მისი მსგავსნი უხვად არიან საქართველოში. მათ ხელს არვინ ახლებს, ვინაიდან ისინი ირანისთვის გამზადებულ „ბომბებს“ წარმოადგენენ. ამ ოპერაციას აშშ-ს სპეცსამსახურები აწარმოებენ.

ცხადია ისიც, რომ თათალუ და მისი მსგავსნი, როგორც ირანის, ისე საქართველოს თავსატკივარია. აქციით, რომელიც ირანის საელჩოსთან მოეწყო, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს თვალში, ირანის სიძულვილის ჩამოსაყალიბებლად, რაც უპირველესად აშშ-ს წისქვილზე ასხამს წყალს და არა საქართველოს.

პროცესს, საქართველოში არსებული, აშშ-დან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები დირიჟორობენ, რომლებიც არცთუ იშვიათად ისეთ თემას წამოწევენ, როგორიც ამ რამდენიმე ხნის წინათ გაჟღერდა და დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საქართველოში. მაგალითად, პრეზიდენტ როუჰანის ნათქვამი სპარსეთის გავლენის თაობაზე კავკასიაში.

პრეზიდენტმა თქვა იმ ისტორიის შესახებ, რომელიც იყო. მას არ უთქვამს კავკასია უნდა დავიბრუნოთო. ეს, აქ ითქვა — ჩვენი ექსპერტებისა და ჟურნალისტების მიერ — ასეთი სურვილი აქვს ირანსო. რას ნიშნავს ეს თუ არა საქართველოში ანტიირანული განწყობის ჩამოყალიბება-გაღვივებას?

რუსეთი ხომ გადაგვკიდეს აშშ-ა და ევროპამ, ახლა ჯერი ირანზეა, ანუ რუსეთის მოკავშირეზე. აშშ-ზე აყოლილები, ახლა ირანს ვიკიდებთ, რეგიონის მძლავრ სახელმწიფოს —ქვეყანას, რომელიც ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მხარში გვიდგას საერთაშორისო არენაზე. რისთვის?  — მხოლოდ იმისთვის, რომ აშშ-ს ვასიამოვნოთ?

სადამდე მიგვიყვანს საქართველოს უყოყმანო მორჩილება ამერიკა-ევროპისადმი?

იქნებ დროა გამოვფხიზლდეთ და ჩვენ თავს მივხედოთ, მეზობლებთანაც ვიქონიოთ პრაგმატული ურთიერთობა და სხვასთანაც, ოღონდ ჩვენი და არა სხვისი ინტერესების გათვალისწინებით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი