გადავურჩით ეკონომიკურ სანქციებს?

ბატონ გურამ გოგიაშვილს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებამ საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების არ დაწესების თაობაზე, დიდი სიხარული გამოიწვია ლამის ომის შიშით შეპყრობილ ქვეყანაში. უხაროდა ყველას, ვინც ბიზნესით არის დაკავებული რუსთთან და იმასაც, ვისაც მშვიდობა სურს. არიან ისეთებიც, რომლებიც პუტინის დიდსულოვნებას მასხრად იგდებენ და მასთან ერთად აკრიტიკებენ საქართველოს „პრორუსულ“ ხელისუფლებას.

საღად მოაზროვნე საზოგადოებასთან ერთად პუტინის გადაწყვეტილებამ სიხარული ხელისუფლებაშიც გამოიწვია, რომელმაც უმალ დაგმო „რუსთავი-2“-ის უზრდელი, პროვოკატორი „ჟურნალისტის“ გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი გინება, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან პუტინს სრულიად თავისუფლად შეეძლო ეკონომიკური სანქციების დაწესება, რაც კატასტროფა იქნებოდა ეკონომიკურად სუსტი და განუვითარებელი ქვეყნისთვის (4,5 მილიარდი დოლარი).

მხოლოდ ბოროტ ძალას ძალუძს ილაპარაკოს ის, რასაც დღეს ლაპარაკობს პუტინისა და რუსეთის მისამართით. მხოლოდ მას შეუძლია აფრქვიოს გესლი, შუღლი და მტრობა იმ ქვეყნის მიმართ, რომელთანაც მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები გვაკავშირებს — შერაცხოს ის მტრად, მოძალადედ და ქართველთა დამაქცევარად. ეს ძალა ყველასთვის ცნობილი და ყელშიამოსული ნაცმოძრაობა და მისი თანამგზავრი პარტიებია.

ბოლო დროს განვითარებულმა ანტირუსულმა გამოხდომებმა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამ, ბევრ ისეთ ფაქტს ჩამოხსნა ფარდა, რაც საზოგადოებამ ყურმოკვრით იცოდა, თუმცა არ სჯეროდა აღვირახსნელი მედიური პროპაგანდით გაბრუებულს.

მისი მიხედვით — რუსეთი მტერია, ხელს გვიშლის განვითარებაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, ბიზნესის წარმოებაში და ა.შ., ხოლო დასავლეთი, უპირველეს ყოვლისა აშშ-ი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც მუდამ ხელს გვიწყობს ეკონომიკის გაჯანსაღებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და კიდევ სხვა მრავალში, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ერთი სიტყვით, რუსეთი სამარადისო მტერია, აშშ-ი და ევროპა სამარადისო მეგობრები.

ანალოგიური ვირტუალური აზროვნება ქართული პოლიტიკის და ხელისუფლების დამახასიათებელიცაა. ეს უკანასკნელი წამსაც არ კარგავს საერთაშორისო არენაზე თუ შინ რუსეთის სალანძღავად, რითაც წარმატებით ართმევს თავს დასავლურ შეკვეთას — რუსეთის ლანძღვასთან დაკავშირებით.

განვითარებულმა მოვლენებმა, ლარის კატასტროფულმა გაუფასურებამ, ეკონომიკური კრახის წინაშე დაყენებამ აიძულა ხელისუფლება ეთქვა, რომ რუსეთისა და მისი პრეზიდენტის ლანძღვა იწვევს ქართული ეკონომიკის დაცემას; რომ ნაცმოძრაობის მზაკვრული პოლიტიკა მიმართულია რუსეთთან სასიცოცხლო არტერიების გადაჭრისკენ, ხალხის, ისედაც გაუარესებული სოციალური პირობების კიდევ უფრო გაუარესებისკენ, მისი ანტისახელისუფლებო ამბოხისკენ და მთავრობის დამხობისკენ, ძალაუფლების ხელში ჩაგდებისკენ.

მაინც რა ეკონომიკურ კავშირებზეა ლაპარაკი მტერ რუსეთთან, ჩვენ ხომ სანიმუშო ეკონომიკური კავშირები გვაქვს ევროკავშირთან, აშშ-თან? — ფიქრობს რიგით მოქალაქე, ქართული მედიისა და პოლიტიკის პროპაგანდით გზააბნეული.

პასუხი. იმ ეკონომიკურ კავშირებზე, რომლებზეც ხმამაღლა არვინ ლაპარაკობდა, რომ გაუჭირდათ თქვეს.

ტურიზმის ეროვნული ასოციაციის გასული წლის მონაცემებით რუსი ტურისტების რაოდენობამ 1,4 მილიონს მიაღწია, რითაც დაეწია სომხეთსა და აზერბაიჯანს. ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვამ 1,36 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. რუსეთმა დაიკავა მეორე ადგილი საქართველოში ექსპორტის, ისე, როგორც საქართველოდან იმპორტის მხრივ.

მიმდინარე წელს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ქართველი აბიტურიენტებისთვის 120 ადგილი იყო გამოყოფილი. ამჟამად რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში საქართველოდან 500 სტუდენტი სწავლობს. რუსეთში მცხოვრები ქართველების მიერ ფულადმა გზავნილებმა გასულ წელს მილიარდი დოლარი შეადგინა.

ეს, ის მონაცემებია, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოს ბიუჯეტის არსებობას. დავუმატოთ აღნიშნულს რუსული ინვესტიციებით მომუშავე დარგები და მივიღებთ ერთობ საინტერესო შედეგს — ქვეყნის ეკონომიკა, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არქონისა და საქართველოს პოლიტიკის ანტირუსული განწყობისა, რუსეთზეა ჩამოკიდებული.

არ იქნებოდა ეს კავშირები და იქნებოდა გაუსაძლისი (დღევანდელზე უარესი) მდგომარეობა. დიპლომატიური ურთიერთობების პირობებში კი რუსული კაპიტალი უფრო თამამად იმოქმედებდა ინვესტიციების ჩადების თვალსაზრისით, რაც უდავოდ წაადგებოდა ქვეყანას.

რეალობის გამომზეურებამ პოლიტიკოსებში,  განსაკუთრებით ოპოზიციაში გამოიწვია სრულიად საპირისპირო რეაქცია — რუსეთს ეკონომიკურად დამონებული ვყავართ და საჭიროა ახალი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების მოძებნაო. ანუ ნაცვლად იმისა, რომ ეთქვათ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, პირიქით განაცხადეს — რუსეთთან არ გვინდა, გამოვძებნოთ სხვაო.

ამ უცნობი „სხვის“ გამოძებნას დრო და ფული სჭირდება. ფული, საკუთარი პროდუქციის რეკლამისთვის. თუნდაც ფულის მოპოვების შემთხვევაში ყურადღების მოსაზიდად დრო და თანმიმდევრული მუშაობაა საჭირო. გარდა ამისა ჩვენი ბაზრის მათ მიერ შესწავლა, პოლიტიკურ ვითარებაში ჩახედვა, მეზობლებთან და სხვა ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობების გარკვევა, პოლიტიკური სტაბილურობა და სხვა მრავალი მსხვილმან-წვრილმანი საკითხები.

არანაკლები მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი კვალიფიციური მუშახელის, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის გამოყენებას. ამ უკანასკნელის დეფიციტი მწვავედ იგრძნობა. ინვესტორმა დიდი ფული უნდა დააბანდოს ადგილობრივი მუშახელის აღზრდაში, მაგრამ უღირს კი მას ამის გაკეთება?

როგორც ჩანს არ უღირს, თორემ უცხოურ (რუსულის გარდა) კაპიტალს ხომ ვიხილავდით?

ინვესტორისთვის ქართული ბაზარი პატარა და მსყიდველობით უნარს მოკლებულია, მოსახლეობას შია. ამდენად მან საქართველოში ნაწარმი პროდუქციის გასაყიდად ისევ რუსეთს უნდა მიმართოს. სხვა ქვეყანაში მისი წაღება ზედმეტი სატრანსპორტო ხარჯებია. ასე, რომ რუსეთს ვერც ის (უცხოელი ინვესტორი) და ვერც ჩვენ ვერ ავცდებით. და ესეც რომ არ იყოს, როდესაც მთელი მსოფლიო ცდილობს რუსეთის ბაზარზე შესვლას, ჩვენ სად გავრბივართ?

პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც წინა თვეს გაიმართა, მსოფლიოს 60 ქვეყნის 17000 ბიზნესმენი ესწრებოდა, მათ შორის 550 ამერიკელი. არადა, აშშ-ს სწორედ სავაჭრო-ეკონომიკური სანქციები აქვს დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ.

გავრილოვ-გაბუნიას ამბებით გამოწვეულმა ვითარებამ ისე დაძაბა ქართულ-რუსული ურთიერთობები, უარესს რომ ნაცებიც ვერ ინატრებდნენ (ნატრობდნენ კიდევაც). საბოლოო ჯამში 10-15 წლით უკან დაგვწია, რაც მძიმედ მოქმედებს და იმოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე.

რატომ არის რუსეთის ბაზარი საქართველოსთვის ესოდენ საჭირო და აუცილებელი?

უპირველესად იმიტომ, რომ ტერიტორიულად ახლოა და ტვირთების შორს წაღებით გამოწვეულ ხარჯებს ამცირებს. ქართულ პროდუქციას — განსაკუთრებით ღვინოსა და მინერალურ წყალს რეკლამა არ სჭირდება. მათ საუკუნოვანი სანდოობა აქვთ მოპოვებული რუს მომხმარებელში, რომელიც ქართული ღვინის დაგემოვნების დროს იხსენებს ქართულ სამზარეულოს, ტრადიციებს, კულტურას და სხვა მრავალს, რასაც ის საუკუნეთა განმავლობაში ეზიარა. ორ მართლმადიდებელ ქვეყანას უფრო მეტი აქვს საერთო, ვიდრე საპირისპირო.

ახალ ბაზარს ვერ ექნება რუსულის მსგავსი აღქმა და თუ ექნა — მას ათეული წლები დასჭირდება. გარდა ამისა რა გვიშლის ხელს ვიქონიოთ რუსული ბაზარი და პარალელურად განვავითაროთ სხვა ბაზრებზე შეღწევის მეთოდიკაც? გავზარდოთ არა მარტო გათითოეული პროდუქციის წარმოება, არამედ დავუმატოთ ახალი, ძველი რესურსებიდან, მათ შორის ნუ დავივიწყებთ ჩაის.

საბჭოთა კავშირის დროს ხომ ამ უზარმაზარი ქვეყნის ჩაიზე მოთხოვნილების 98% საქართველო აკმაყოფილებდა? გავიხსენოთ კაკლის მურაბა, თამბაქო, თაფლი, ბოსტნეული, ციტრუსი, აბრეშუმი, სხვა უამრავი, წარმატებით რომ გადიოდა რუსეთისა და სოცქვეყნების ბაზრებზე.

აღარაფერს ვამბობ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის პროდუქციაზე, კიროვის სახელობის ჩარხმშენებელი ქარხნის უნიკალურ ნაწარმზე, სხვა მრავალზე. განა შეუძლებელია მათი აღორძინება?

უდავოდ შესაძლებელია, თუმცა რუსეთის დახმარებაა საჭირო, რაც ქართული პოლიტიკისთვის მიუღებელია. მაშ რა ვქნათ — ვიძახოთ რუსეთი მტერი და ოკუპანტია, მასთან ურთიერთობა არ გვინდა, ვინაიდან ჩვენ „ევროპელები“ ვართ?!

ვიძახოთ ის და ვაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც შესაძლებელია. შესაძლებელი კი ამ ეტაპზე მეზობლებთან, განსაკუთრებით რუსეთთან ურთიერთობაა, რომელიც მოგვიტანს სიმშვიდეს, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, ეკონომიკურ განჯანსაღებას, სოციალური ვითარების გამოსწორებას, საბოლოო ჯამში ლუკმა-პურის უცხოეთში მაძიებელთა შინ დაბრუნებას.

მოდით, გულახდილად ვთქვათ — არის ყოველივე აღნიშნულის გამკეთებელი დასავლეთი?

უკონკურენტო გარემოში — არა!

იქნებ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მაგალითმა გამოაფხიზლოს ის? და თუ გამოფხიზლდა, ინვესტიციებიც განახორციელა, რა სჯობს ამას?

ორივესთან ჩვენ, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ — ჭკვიანურად, პრაგმატულად, საღ აზრზე დაფუძნებული და არა ისეთი ზედაპირული, ცალმხრივი და ქარაფშუტული, როგორიც დღეს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი