იზრდება ირანის როლი რეგიონში
რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, „ოცნების“ მმართველობის სამი წლის განმავლობაში საქართველო-ირანის ურთიერთობები პრობლემების ქარცეცხლშია. არადა, სააკაშვილის, მითუმეტეს შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში ორ ქვეყანას შორის, გაცილებით საქმიანი, პრაგმატული კავშირები იყო. ურთიერთობის „გაცივებაში“ ირანის დადანაშაულება, წაწყმენდაა. გამოდის, საქართველოს ხელისუფლებაა „სიცივის“ შემტანი ადრე არსებულ ერთობ „თბილ“ ქართულ-ირანულ ურთიერთობებში, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს პროგრესული ნაბიჯებიც შეინიშნება ოფიციალური თბილისის მხრიდან, რაც უდავოდ მისასალმებელია.
აღნიშნულის შესახებ ილაპარაკა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა აბას თალები ფარიმ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს. მრავალ ქვეყანაში ნამუშევარ, გამოცდილ, კარიერის დიპლომატს, საქართველოში თავისი მოღვაწეობის პერიოდში მცდელობა არ დაუკლია ორი ქვეყნის ურთიერთობათა გასაუმჯობესებლად. როგორც იტყვიან, სანთელ-საკმეველი გზას არ კარგავს და საქართველოს ხელისუფალთა მხრიდან ირანის გაუცხოების თემას შესაძლოა წერტილი დაესვას.
საქართველოს ხელისუფალთ, ირან-„ექვსეულს“ (გაეროს 5 მუდმივი წევრი და გერმანია) შორის ვენაში მიღწეულმა შეთანხმებამ, აშკარად დაანახა, რომ ირანი ხელწამოსაკრავი ქვეყანა არ არის და მასთან ურთიერთობა შესაძლებელია. გარდა ამისა, მას არავინ დასჯის ამ ურთიერთობისთვის, არც აშშ-ი და არც ევროკავშირი. სწორედ მათი „დამრიგებლური“ თითის ქნევის შედეგად გაუარესდა რეგიონის დიდწონიან ქვეყანასთან ურთიერთობა.
მაინც რა გაუარესებაზეა ლაპარაკი?
ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის გაუქმებაზე; საქართველოში ირანული ბიზნესისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნაზე; საბანკო ოპერაციების გაუქმებაზე; ტურიზმის კატასტროფულ დონემდე დაყვანაზე; უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე და მის ნაცვლად მკაცრი სავიზო სისტემის შემოღებაზე და სხვა.
აქვე აღვნიშნავ ირანის მხარის კეთილ განწყობაზეც. მან, მიუხედავად ქართული მხარის ამჩატებული მოქმედებისა, არ შემოიღო საქართველოს მოქალაქეებისთვის ირანში შესასვლელი ვიზები. ერთი სიტყვით, საქართველოს ხელისუფლება აჰყვა დასავლელთა და ისრაელის მოწოდებას, გააუარესა ირანთან ურთიერთობა, რითაც თვით გაიუარესა ეკონომიკური მდგომარეობა.
სამწლიანი გაუცხოების შემდეგ ვითარება იცვლება, როგორც გვპირდებიან, უკეთესობისკენ, თუმცა ზემომოყვანილ ნეგატიურ საკითხებს პრაქტიკულად ჯერ-ჯერობით არაფერი დატყობია, მიუხედავად ჩვენი მხრიდან არაერთი დაპირებისა.
საქართველო, აშშ-ს „სტრატეგიული პარტნიორია“, ასე თვლის ქართველობა. ამდენად მისი პოლიტკური კურსი ვაშინგტონზეა დამოკიდებული, მაგრამ, როდესაც ხედავს, რომ ამ უსიტყვო მორჩილებას თან ახლავს ნეგატიური მოვლენებიც, იმის თავიც არ აქვს ოდნავი კორექტივები შეიტანოს საკუთარ გადაწყვეტილებებში, ცხადია თავის სასარგებლოდ.
საქართველოს ხელისუფლებას რომ ჯეროვანი ყურადღება დაეთმო ირანის მიერ შემოთავაზებული გეგმის განხორციელებისთვის, არაერთი მილიარდი დოლარი ჩაიდებოდა საქართველოს ეკონომიკაში. კონკრეტული პროგრამები იყო შემოთავაზებული სოფლის მეურნეობის, ენერგორესურსების, წყლის რესურსების, გაზით მომარაგების, სატრანსპორტო კომუნიკაციების დარგებში.
ირანის სატრანზიტო მნიშვნელობით დაინტერესებულია ჩინეთი, რომელსაც სურს განავითაროს „აბრეშუმის გზის“ საზღვაო მარშრუტი ირანის საზღვაო პორტის ჩაბახარის მეშვეობით. პორტი მოინახულეს ჩინელმა მაღალჩინოსნებმა. მათი გათვლით, პორტის სრულყოფისთვის საჭირო იქნება მოდერნიზაცია, რაც საჭიროებს მილიარდამდე დოლარს, გარდა ამისა მის დაკავშირებას რკინიგზასთან.
ირანის წინააღმდეგ შემოღებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა მძიმედ იმოქმედეს ირანის ეკონომიკაზე. რომ არა სანქციები, დუბაი ვერ შეასრულებდა იმ როლს, რასაც დღეს ასრულებს, აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებიდან, მათ შორის ჩინეთთან, ტვირთების ირანში გადაზიდვაში. დღეს, ეს ტვირთები შედის დუბაიში, ხოლო იქიდან გადის ირანის პორტებში ბენდერ-აბასსა და ჩაბახარში. თვით ირანი რახანია ახორციელებს სამხრეთ-ჩრდილოეთის სატვირთო მარშრუტის ფუნქციას. სპარსეთის ყურის ირანულ პორტებში ჩატანილი ტვირთები გადადის კასპიის ზღვის პორტებში, იქ გახსნილ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, საიდანაც მიდის რუსეთის, ცენტრალური აზიისა და ევროპისკენ.
საავტომობილო და სარკინიგზო კომუნიკაციების თემას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სომხეთში, ირანის ვიცე-პრეზიდენტის ესხაკ ჯახანგირის ვიზიტის დროს. ირან-სომხეთს შორის რახანია არსებობს პრაგმატული ურთიერთობები ვაჭრობის, ენერგეტიკის, სხვა სფეროებში. სტუმრის მხრიდან გამოითქვა აზრი ირან-სომხეთის სატრანზიტო რკინიგზის ამოქმედებასთან დაკავშირებით, რომლის მეშვეობით მოხდება სპარსეთის ყურის დაკავშირება შავ ზღვასთან.
ირან-სომხეთის რკინიგზის ხაზის მშენებლობაზე რახანია ლაპარაკობს სომხეთის პრეზიდენტი სარგსიანი. მან ეს თემა არაერთხელ გააჟღერა რუსეთის უმაღლეს დონეზეც. და მოუწოდა რუსეთის რკინიგზას შესაბამისი თანხები ჩადოს რკინიგზის იმ მონაკვეთის მშენებლობაში, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზეა. მშენებლობისთვის საჭიროა 3 მილიარდი დოლარი.
სომხეთის ხელისუფლებამ არა მარტო რუსეთის მიმართულებით იმუშავა, არამედ ჩინეთის, რომელიც დაინტერესდა პროექტით და მშენებლობაში მონაწილეობის თანხმობაც განაცხადა. ჩინურ-ირანულ-სომხური პროექტის განსახორციელებლად – შავი ზღვის პორტებთან დაკავშირება, ხელს შეუწყობს ჩინური ტვირთების შავ ზღვამდე მიტანას, ხოლო იქიდან, ზღვის საშუალებით ევროპაში შეტანას.
აღნიშნული პროექტის ამოქმედება თავისთავად გამოიწვევს საქართველოს სატრანზიტო როლის კიდევ უფრო გაზრდას, ქვეყნის ბიუჯეტში დამატებითი თანხების შემოდინებას. ყოველივე ეს შესაძლებელი იქნება რკინიგზით ირან-საქართველოს პორტების დაკავშირების შემდეგ, მაგრამ გაცილებით დიდი მნიშვნელობა ექნება ირან-სომხეთ-საქართველო-აფხაზეთის და რუსეთის რკინიგზით დაკავშირებას, რომლის ამოქმედებას ხელს უშლის პოლიტიკა, შექმნილი საქართველო-აფხაზეთ-რუსეთს და ჩატეხილი რკინიგზა თბილის-სოხუმს შორის.
მავანი შემედავება აფხაზეთის მხარედ მოხსენიებისთვის, მაგრამ რა გაეწყობა, ასეთია რეალობა, რომელზეც თვალის დახუჭვა კარგს არაფერს მოგვიტანს.
თბილის-სოხუმის რკინიგზის აღდგენა არა მარტო „აბრეშუმის გზის“ აღორძინების ფაქტორია, არამედ ქართველთა და აფხაზთა ჩატეხილი ურთიერთობის აღდგენის ფაქტორიც. საქართველოსთვის, ისე, როგორც აფხაზეთისთვის სატრანზიტო რკინიგზა არა მარტო ეკონომიკური შემოსავლების წყაროდ იქცევა, არამედ ადამიანური ურთიერთობის ჩამოყალიბების. სადამდე უნდა ვიყოთ პოზაში?
ერევანში ყოფნის დროს ესხაკ ჯახანგირიმ აღნიშნა, რომ სომხეთის გაწევრებამ ევრაზიულ კავშირში ახალი შესაძლებლობები გახსნა ირან-სომხეთის სავაჭრო ურთიერთობებში. არანაკლები მნიშვნელობა შეიძლება შეიძინოს ირანულ-ქართულმა ურთიერთობებმა, თუ მას პრაგმატული თვალით შეხედავს საქართველოს ხელისუფლება.
13 ოქტომბერს ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ვენაში ხელმოწერილ დოკუმენტს „ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის შემოღების თაობაზე“. კანონპროექტს მწვანე შუქი აუნთო ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამცველმა საბჭომ, რაც ხელს შეუწყობს არსებული ანტიირანული სანქციების მოხსნას და ირანის ეკონომიკის გაჯანსაღებას.
ვენის მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემდეგ, ირანის როლი და მნიშვნელობა არა მარტო რეგიონში იზრდება, არამედ მის გარეთაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია ირანის როლი სირიის მოვლენებიდან გამომდინარე. ოქტომბრის პირველი რიცხვებიდან დაწყებული, ირანმა გაააქტიურა დახმარება ბაშარ ასადის ხელისუფლების მიმართ. სააგენტო „როიტერის“ მიხედვით, ირანმა სირიაში გადასხა ათასზე მეტი კარგად გაწვრთნილი სამხედრო, რომელიც დახმარებას გაუწევს სირიის არმიას „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში.
ირანის ჯარის სირიაში გადასხმას არ ადასტურებს ოფიციალური თეირანი, თუმცა სამხედრო სპეციალისტების სირიაში ყოფნა არასდროს ყოფილა დამალული. სირიის არმიისთვის უცხო ქვეყნის ჯარის დახმარება არცთუ ურიგო იქნებოდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით სირიის ხელისუფლება მისდევს პოზიციას, რომლის მიხედვით, თვით შეძლებს ტერორისტებთან ბრძოლას.
ისლამური რევოლუციის გამარჯვების და ირანის ისლამურ რესპუბლიკად გამოცხადების შემდეგ, ირანი რჩება რეგიონში საუდის არაბეთის მთავარ მეტოქედ. საუდის არაბეთი ირანს მიიჩნევს მთავარ იდეოლოგიურ, სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოწინააღმდეგედ. ირანი – აღიარებული ლიდერია შიიტური სამყაროსთვის. ის იმ ქვეყნებშიც იცავს შიიტებს, სადაც ისინი მოსახლეობის უმცირესობას შეადგენენ.
ახლო აღმოსავლეთის ვითარების სირთულე იქ არსებული ქვეყნების შერეულ მოსახლეობაშიც არის. ბევრ ქვეყანაში არა მარტო მუსლიმანი სუნიტები ცხოვრობენ, არამედ შიიტებიც, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ირანთან. ერაყში მოსახლეობის უმრავლესობას შიიტები შეადგენენ. სირიაში შიიტები უმცირესობაში არიან, თუმცა აკონტროლებენ ხელისუფლებას. 1973 წელს ალავიტები, რომლებსაც ეკუთვნის ასადების ოჯახი, იმამ მუსა სადრის მიერ აღიარეს შიიტებად. მოგვიანებით, იგივე აღიარება მოხდა ირანის მხრიდანაც.
შიიტები ცხოვრობენ ლიბანში, სადაც მოქმედებს სერიოზული სამხედრო დაჯგუფება „ჰესბოლა“, რომელსაც მხარს უჭერს ირანი; ბაჰრეინში, ქუვეიტში, იემენში, თურქეთში, საუდის არაბეთში უხვად ცხოვრობენ მუსლიმანი შიიტები, რომელთაც ასევე მჭიდრო კავშირები აქვთ ირანთან.
სუნიტური ქვეყნებისთვის, სადაც შიიტებიც ცხოვრობენ, ეს უკანასკნელნი გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენენ, ვინაიდან არიან ირანის პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესების გამტარებლები. საუდის არაბეთში მოსახლეობის 15% შიიტია. ისეთ პროვინციებში, როგორებიცაა დამამი, ალ-ხაზრანი, ალ-ხუფუფი, ალ-კატიფი – შიიტები მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ.
ვინაიდან სპარსეთის ყურის ქვეყნების სოციალურ იერარქიაში ადგილი უპირველესად განისაზღვრება რელიგიური კუთვნილებით, უმცირესობაში მყოფი შიიტები განიცდიან არა მარტო რელიგიურ, არამედ სოციალურ დისკრიმინაციას. მზარდი უმუშევრობა (20%), სოციალური პირობების გაუარესება იწვევს საუდის არაბეთში მცხოვრები შიიტების უკმაყოფილებას და სამეფოს წინააღმდეგ გამოსვლებს.
ანტიმონარქიული განწყობა განსაკუთრებით გაძლიერდა 1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ. არაერთხელ ჰქონდა ადგილი შიიტებსა და პოლიციას შორის შეტაკებას. 1987 წელს მექაში მომხდარი შეტაკების შედეგად დაიღუპა 400 ირანელი მომლოცველი. 1996 წელს ხელისუფლების მიერ გატარებულ ანტიშიიტურ რეპრესიებს ახალი მსხვერპლი მოჰყვა. არანაკლებ სისხლიანი გამოდგა მექის წლევანდელი მოვლენები, რომლის დროს 400-მდე ირანელი მომლოცველი დაიღუპა. აღნიშნულთან დაკავშირებით ირანმა საუდის არაბეთის სამეფო დაადანაშაულა, რომელმაც ვერ უზრუნველყო ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება.
საუდის არაბეთი არა მარტო თავის ტერიტორიაზე ებრძვის შიიტებს, არამედ იემენშიც. იემენის ზეიდიტები, მესამე იმამ ჰუსეინის შვილიშვილის, ზეიდ იბნ ალის მიმდევრები, იემენის მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ. 1962 წლის რევოლუციამდე ჩრდილო იემენის ტერიტორიაზე არსებობდა სამეფო, შექმნილი ზეიდიტი იმამების მიერ. რევოლუციის შედეგად დაემხო მეფე ახმედი და იემენი რესპუბლიკად გამოცხადდა. მას შემდეგ ზეიდიტები-შიიტები ძალას არ იშურებენ დაკარგული გავლენის დასაბრუნებლად.
2004 წელს შიიტმა-ზეიდიტებმა შეიხ ჰუსეინ ბადრუდინ ალ-ხუსის მეთაურობით მოაწყეს აჯანყება. აჯანყებულებს „ხუსიტები“ უწოდეს. თვით ჰუსეინ ალ-ხუსი მოკლეს, მაგრამ აჯანყება გაგრძელდა. 2015 წელს მათ აიღეს იემენის დედაქალაქი სანა და პრეზიდენტად გამოაცხადეს მუჰამედ ალი ალ-ხუსი. ჩამოგდებული პრეზიდენტის მანსურ ჰადის თხოვნით სამოქალაქო ომში საუდის არაბეთი ჩაერთო. ხუსიტებს მხარს უჭერს ირანი, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, ყატარი, ქუვეიტი, საამიროები. მიუხედავად საუდის არაბეთის არმიის თანამედროვე შეიარაღებისა, ხუსიტებმა გაძლეს. ისინი სერიოზულ წინააღმდეგობას უწევენ საუდიტებს და შეუძლიათ კონფლიქტის საუდის არაბეთის ტერიტორიაზე გადატანაც.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საუდის არაბეთის არმიაში დაქირავებული იემენელები არიან, რომელთაც სულაც არ ხიბლავთ თავიანთ იემენელ-ხუსიტებთან ომი. იემენის ფრონტზე საუდის არაბეთის ხსნა განპირობებულია ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ მოქმედებით, რომელიც ჩართულია ხუსიტების წინააღმდეგ ომში. ხუსიტების მოქმედება თავისთავად იწვევს საუდის არაბეთის, სპარსეთის ყურის ქვეყნების, „ალ-ქაიდას“ სამხედრო ყურადღებას და ამ ძალების სირიის ფრონტიდან ძალაუნებურ მოხსნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გაერთიანებული ძალებით იმოქმედებდნენ სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ.
იემენის ფრონტზე საუდის არაბეთის არმიის მოქმედებამ გამოავლინა მთელი რიგი ნაკლოვანებები, რომლებიც არსებობს საუდიტების შეიარაღებულ ძალებში. მდიდარი ქვეყნის მიერ ძვირადღირებული უცხოური სამხედრო ტექნიკისა და იარაღის შეძენა სულაც არ ნიშნავს საუდიტების არმიის ბრძოლისუნარიანობის ზრდას.
საუდის არაბეთის არმიის დიდი ნაწილი დაქირავებულ ჯარისკაცებზე მოდის. მრავალი წლის განმავლობაში არმია მთლიანად უცხოელებით იყო დაკომპლექტებული. თვით საუდელები სამხედრო სამსახურში ყოფნის არავითარ სურვილს არ გამოთქვამდნენ. ქვეყნის ცხოვრების დონე იძლეოდა იმის შანსს, უამისოდაც უდარდელად ეცხოვრათ. არმიაში იემენელი არაბები მსახურობენ, რომლებიც შეუპოვრობითა და მამაცობით გამოირჩევიან. თუმცა იემენში გაჩაღებულ ომში საუდის არაბეთის არმიაში მსახური იემენელები თავს იკავებენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ ომში, ხშირად ტოვებენ სამხედრო ბანაკებს, გადადიან ხუსიტების მხარეს.
საუდის არაბეთის ცხოვრების დონემ მიაჩვია საუდელი ახალგაზრდები უდარდელ ცხოვრებას. მათ ნაკლებად ხიბლავთ პატრიოტიზმი, ჯარში სამსახური, თუნდაც კარგი ანაზღაურებით. ამ თვალსაზრისით, ისინი მკვეთრად განსხვავდებიან სხვა არაბული ქვეყნებისგან, სადაც ახალგაზრდები დიდი სიხარულით მიდიან ჯარში. მითუმეტეს დიდია განსხვავება საუდიტ სუნიტსა და შიიტს შორის. ეს უკანასკნელი მზადაა, ყოველგვარი ფულის გარეშე იმსახუროს არმიაში და თავიც შესწიროს სამშობლოს. საუდელი ახალგაზრდები არ არიან ასეთ რისკზე წამსვლელნი. სიცოცხლის ფასად ისინი სირიაში ან იემენში არ იბრძოლებენ.
საუდეველთა არმიის შედარება ირანის არმიასთან არასერიოზული რამ არის. ირანის შეიარაღებული ძალები გამოირჩევა მაღალი პატრიოტიზმით, პროფესიონალიზმით, სამხედრო საქმის ცოდნით. გარდა ამისა, მას დიდი რეზერვიც ჰყავს. ირანის შეიარაღებული ძალები ორი მთავარი კომპონენტისგან შედგება. ესენია – შეიარაღებული ძალები, რომელიც შედგება სახმელეთო, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებისგან და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, სადაც არის როგორც ქვეითი, ისე საზღვაო და საჰაერო ძალები. თავის დროზე აიათოლა მონთეზარიმ განსაზღვრა ამ კორპუსის ფუნქცია – რევოლუციის დამცველი. მას აქვს ფართო რელიგიური, პოლიტიკური და სამხედრო უფლება-მოსილება.
კორპუსის უმაღლეს მხედართმთავრად მიჩნეულია – ირანის ისლამური რესპუბლიკის მეთაური აიათოლა ხამენეი. კორპუსის პირდაპირი მეთაურია (2007 წლიდან) გენერალ-მაიორი მოჰამედ ალი ჯაფარი.
კორპუსი არის ირანის ისლამური რესპუბლიკის სახე – კარგად აღჭურვილი, ჩაცმული და შესაბამისი ფინანსებით უზრუნველყოფილი. კორპუსის ფრთებქვეშ არის სახალხო ლაშქარი „ბასიჯი მოსტოზაფანი“ (უპოვართა სამობილიზაციო ძალა) – 300000 კაცის შემადგენლობით. ლაშქარი აერთიანებს 12-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს. ომის შემთხვევაში, სწორედ ისინი ჩადგებიან პირველ რიგებში. ოფიციალური წყაროს მიხედვით, ომის შემთხვევაში ირანს შეუძლია 20 მილიონის იარაღქვეშ დაყენება. ამ პოტენციალით ირანი არა მარტო რეგიონში გამოირჩევა, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ლიბანში ცნობილია სამხედრო-პოლიტიკური დაჯგუფება „ჰესბოლა“. ექსპერტთა მიხედვით, „ჰესბოლა“ („ალახის პარტია“) ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა მიერ არის შექმნილი. მისი შექმნის მიზანი იყო კოლონიური წარსულის ნარჩენებთან ბრძოლა და ამ ქვეყნის ისლამურ რესპუბლიკად გადაქცევა (ირანის მსგავსად). ამჯერად „ჰესბოლა“ არის ანტიამერიკული, ანტიისრაელური ძალა ახლო აღმოსავლეთში. ისრაელ-ლიბანის ომის და სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის ჯარის გაყვანის შემდეგ სამხრეთ ლიბანი, ლიბანის ჯარს უნდა დაეკავებინა, მაგრამ ლიბანის პოლიტიკური გადაწყვეტილებით, ეს ტერიტორიები „ჰესბოლამ“ დაიკავა.
ეს ორგანიზაცია აერთიანებს 4000 მეომარს და 5000 რეზერვისტს. სირიაში ომის დაწყებისთანავე „ჰესბოლამ“ მხარი დაუჭირა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს და მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული ტერორისტების წინააღმდეგ ომში.
ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, პირდაპირ შეიძლება ითქვას ირანის სამხედრო ძალების შესახებ, რომელსაც ტოლი არ აქვს ახლო აღმოსავლეთში. მიუხედავად ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ირანის არმია ჩაერთოს სირიის ომში. ისლამური რევოლუციის შემდეგ (1979წ.) ირანის არმია არასდროს გასცილებია საკუთარ საზღვრებს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.