27.12.2024

ვენესუელის „სასწაული“

ბატონ გურამ გოგიაშვილს

ის, რაც ვენესუელაში და მის ირგვლივ ხდება მართლაცდა სასწაულად შეიძლება შეფასდეს. სასწაულად არა პოზიტიური გაგებით, არამედ ნეგატიურით, ისეთით, ფარდა რომ ჩამოიხსნა ე.წ. დემოკრატიულმა დასავლეთმა და მისმა მეფემ – შიშვლად მოვლენილმა კაცობრიობის წინაშე.

ვენესუელის კრიზისმა ყველაფერი თავის ადგილას დააყენა და ვისაც ოდნავი იმედი ჰქონდა დასავლური დემოკრატიისა, თვალნათლივ დაანახვა – „დემოკრატია“ დასავლურად ანუ დემოკრატია, რომელსაც დემოკრატიასთან ახლოსაც არ ჩაუვლია.

დასავლური „დემოკრატიის“ მებაირახტრე უდიდესი ქვეყანა, რომელსაც არა მარტო დემოკრატიით, ადამიანის უფლებების დაცვით, სუვერენიტეტის თავისებური აღქმით მოაქვს თავი და სხვასაც აიძულებს მხოლოდ მას მიბაძოს, დგამს ნაბიჯს, რომელსაც „ხოშთან“ უფრო აქვს კავშირი, ვიდრე გაცვეთილ სიტყვა დემოკრატიასთან, მითუმეტეს გაცვეთილ ცნებასთან, დემოკრატიულს რომ უწოდებს კოლექტიური დასავლეთი.

დასავლური დემოკრატიის პრიალა ჩარჩოშია ჩასმული ამაზრზენი სურათი მახინჯი საქმეებისა, რომელიც მსოფლიოს მიეწოდება ვითარცა ჭეშმარიტი დემოკრატია. არადა სიმახინჯის დამალვა შეუძლებელია. სიმახინჯე – დემოკრატიის ოქროს ჩარჩოში ჩასმული, მაინც სიმახინჯეა, ვინაიდან ვერც ჩარჩო და ვერც კედელი, რომელზედაც დასავლური სიმახინჯის სურათი უნდა მიმაგრდეს, ვერ შეუქმნის მახინჯ პორტრეტს სასურველ ფონს.

აშშ-მა, მისმა ლათინურამერიკულმა სატელიტებმა (ზოგიერთთა გამოკლებით), მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტებზე მიმობნეულმა მოკავშირეებმა ჩამოიხსნეს ნიღაბი და იმ ქუჩური გამოთქმისა არ იყოს (მაპატიოს მკითხველმა) – „ეს, ჩემი ასო კიტრია და უნდა ჭამოო“, პირდაპირ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, გადაეშვნენ მარწყვიან ბოსტანში – მაღალყელიანი, ტლანქი ფეხსაცმელებით.

დიახ! დემოკრატიის „დასაცავად“ და რაც მთავარია ბედშავი ვენესუელების გადასარჩენათ, „მოვითხოვთ ვენესუელის პრეზიდენტის მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორებას და მის წასვლას რომელიმე შორეულ კუნძულზე, ანუ მოუსვლელში, სამარადისო დასვენებისთვის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ბოლტონმა. „ჩვენი მიზანია ხალხის გადარჩენა გველეშაპი მადუროსგან და იმ სისტემის ძირფესვიანი შეცვლა, რომელიც მადუროს წინამორბედმა შექმნა“, მასთან ერთად გაიძახიან დასავლელი პოლიტიკოსები.

აშშ-ის პრეზიდენტის ტრამპის გადაწყვეტილებამ, მადუროს ოპოზიციისთვის მხარის დაჭერის თაობაზე, მსოფლიოს, ახალი პოლიტიკური ერის დაწყება აუწყა. თუ წინანდელი პრეზიდენტები და მათი ადმინისტრაციები ასე თუ ისე ერიდებოდნენ მზაკვრული ქცევის დემოკრატიული საბურველით დაფარვას, თეთრი სახლის დღევანდელი ბინადარი, ყოველგვარი რევერანსის გარეშე იქცევა, რითაც მსოფლიოს აჩვენებს, რომ მთავარი საერთაშორისო სამართალი კი არა, მისი სურვილია ანუ ქუჩურად – ხოში.

თუ წინათ სხვა ქვეყნებში – დამოუკიდებლად, სუვერენულად აღიარებულებში, მსოფლიოს ინსტიტუტიების მიერ ასეთად ცნობილებში შესაჭრელად ათასნაირ ხერხს მიმართავდნენ ტრამპის წინამორბედნი, ვითომდა რაღაც ფორმის დასაცავად, დღევანდელმა – პირდაპირ აღიარა მადუროს მოწინააღმდეგე ვენესუელის პრეზიდენტად და დიდი მხარდაჭერაც აღუთქვა.

მხარდაჭერილი გუაიდოსთვის, 35 წლის ე.წ. პოლიტიკოსისთვის, ვითარების ისე განვითარება, როგორსაც ვენესუელაში აქვს ადგილი, დიდი წარმატების საწინდარი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი პრეზიდენტი მადურო დაყრის ფარხმალს, გადადგება და სამუდამო საცხოვრებელს იმ ქვეყნებში დაიდებს, რომლებიც მას და არა გუაიდოს უჭერენ მხარს. მადუროს განცხადებიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ დაძაბულობა არ შენელდება და შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

ვენესუელა, ლათინური ამერიკის სახელმწიფო, ნავთობით, სხვა წიაღისეულით მდიდარი, მუდამ იყო ვაშინგტონის ხარბი მზერის საგანი, თუმცა ამ მზერას ფარდა უგო ჩავესმა ჩამოაფარა – დღევანდელი პრეზიდენტის წინამორბედმა, სოციალისტური ვენესუელის შემქმნელმა და სულის ჩამდგმელმა.

20 წელია ჩავესი და მადურო ვაშინგტონის ყელშია გაჩხერილი, რაც ერთობ აღიზიანებს, სულს უხუთავს მას. 20 წელია ვაშინგტონი თავისი სპეცსამსახურებით იატაკქვეშა მუშაობას ახორციელებს ვენესუელაში და როგორც იქნა შესაფერისი ვითარება შექმნა – სახალხო ბუნტისთვის, ხელისუფლების შესაცვლელად და იმ ტენდენციის საბოლოო აღმოფხვრისთვის, რასაც კარიბის ზღვის რეგიონსა და სამხრეთ ამერიკაში აქვს ადგილი.

ახლო აღმოსავლეთის და მსოფლიოს სხვა რეგიონების პრობლემებში ჩაფლულმა აშშ-ა ყურადღება მოადუნეს ე.წ. აშშ-ს უკანა ეზოს მიმართ, სადაც თავი იჩინა მემარცხენე მოძრაობამ, ანტიამერიკულმა განწყობამ. მარტო ბრაზილია და არგენტინა რად ღირს, რომ აღარაფერი ვთქვათ მექსიკაზე, ჩილეზე, ნიკარაგუაზე, ბოლივიაზე, გონდურასზე, კუბაზე.

ნახევარი საუკუნის წინ ფიდელ კასტროს თაოსნობით განხორციელებულმა რევოლუციამ აშშ-ის წინააღმდეგ ბრძოლის სტიმული მისცა ლათინური ამერიკის ქვეყნებს. გაჩნდა ამ ქვეყნებსა და საბჭოთა კავშირს, შემდეგ რუსეთს შორის ურთიერთობა – ეკონიმიკური, სამხედრო. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული წარმატება ხვდა ჩავესის ხელისუფლებას, რომელმაც კარდინალურად შეცვალა ვენესუელის არმია, შეიარაღა რა ის რუსული წარმოების იარაღით.

ჩავესის დამსახურება უდიდესია ვენესუელის ხალხის წინაშე. მან შეძლო დედაქალაქ კარაკასის ქოხმახებიდან მოსახლეობის გადაყვანა ახალ საცხოვრებელ ბინებში. განავითარა სხვადასხვა სახის სოციალური პროგრამები ღარიბ-ღატაკი მოსახლეობისთვის, ააშენა საწარმოები, რითაც შეამცირა უმუშევრობა.

ჩავესის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის ხელმძღვანელობა მადურომ იტვირთა.

ჩავეს-მადუროს მმართველობას ჰქონდა შეცდომები, ჩავარდნები, რასაც მოჰყვა ქვეყნის მაღალი და საშუალო ფენების უკმაყოფილება. გახშირდა ანტისამთავრობო მიტინგები და დემონსტრაციები. ცეცხლზე ნავთი დაასხა ქვეყნის საფინანსო კრიზისმა, ინფლაციამ, მაღაზიებში პროდუქტების, განსაკუთრებით კვების, სიმცირემ.

ექსპერტების მიხედვით, ყოველივე აღნიშნულში თავისი წვლილი შეიტანა აშშ-ის მიერ ვენესუელის მიმართ დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა, სხვადასხვა სახის ეკონომიკურ-საფინანსო გადაწყვეტილებებმა. ვაშინგტონმა ყველაფერი იღონა ვენესუელის ცხოვრების დონის გასაუარესებლად.

ვაშინგტონმა გააკეთა ის, რასაც მრავალი ათეული წლის განმავლობაში აკეთებდა მესამე ქვეყნებში და არა მარტო. მშიერი და ოპოზიციის მიერ შეგულიანებული ხალხი უებარი წამალია ვაშინგტონისთვის მიუღებელი ხელისუფლების დასამხობად და მისთვის ლოიალური ძალის ქვეყნის სათავეში მოსაყვანად.

ასეთ ვითარებაში ლაპარაკი ჩავეს-მადუროს მიერ დაშვებულ ეკონომიკურ შეცდომებზე უსამართლობაა. შეძლებს მადურო და მისი გუნდი ამერიკული შეტევისგან თავის დაცვას – ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

რა მიზანს ემსახურება ვაშინგტონის ესოდენ არადემოკრატიული, ავანტიურისტული მოქმედება?

უპირველეს ყოვლისა სამხრეთ ამერიკაში აშშ-ის დაკარგული პოზიციების აღდგენას და იქ თავისი გავლენის გაფართოება-განმტკიცებას. გარდა ამისა რუსეთ-ჩინეთის პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სამხედრო გავლენის შესუსტება-გაქრობას. ამ მიზნის მისაღწევად „ბრიქსის“ ქვეყნების გაერთიანებიდან ბრაზილიის ამოშლას, რაც სრული შესაძლებელია ახალი, პროამერიკული პრეზიდენტის მხრიდან.

აშშ-ზე მყარი ორიენტაციის გამოხატულებაა ვენესუელაში დაგეგმილი გადატრიალება, უფრო სწორად ორხელისუფლებიანობა. ვენესუელის კრიზისი თუ მალე და წარმატებით დასრულდა აშშ-ის შემდეგი ლუკმა კუბა, ნიკარაგუა, ბოლივია იქნება.

განსაკუთრებით კი კუბა, რომელთანაც აშშ-ს დიდი სიძულვილი აქვს. კუბის წაქცევით ვაშინგტონი დაანახებს სამხრეთ ამერიკელებს – ვინ არის ამ რეგიონის ნამდვილი ბატონ-პატრონი.

ასე ფიქრობს ის. რას აძლევს ვაშინგტონს ესოდენ არადემოკრატიული პოლიტიკა?

უპირველეს ყოვლისა იმის ჩვენებას, რომ აშშ-ი პირველი ქვეყანაა – მძლავრი და შეუდრეკელი. აღნიშნულს დიდი მნიშვნელობა აქვს აშშ-ისთვის, რომელმაც წააგო ომი ავღანეთში, სირიაში, ერაყში. ამ უკანასკნელში საომარი მოქმედება კი მოიგო, მაგრამ ჯამში წააგო, ვინაიდან ირანმა შეძლო გაცილებით დიდი გავლენის მოპოვება იქ, ვიდრე აშშ-ა.

წყალში ჩაიყარა ახლო აღმოსავლეთის ავანტიურაში დახარჯული 7 ტრილიონი დოლარი. არანაკლები ხარჯია გაწეული ავღანეთში, მაგრამ წარმატება არ ჩანს. მძიმე ვითარებაა შექმნილი ლიბიაში. იქ ერთმანეთს შეიარაღებული ჯგუფები უპირისპირდებიან. ხელისუფლების ძალაუფლება ძლივ-ძლიობით თუ წვდება დედაქალაქ ტრიპოლის. მიმდინარე პროცესების შემხედვარეს უდავოდ შეექმნება აზრი, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა და წესრიგი მრავალი წლის განმავლობაში ვერ დამყარდება.

აღნიშნული მაგალითები ზღვაში წვეთია ამერიკელთა მიერ ნახელავის, რასაც მთელი რიგი ქვეყნებისთვის ქაოსის, გაუსაძლისი ვითარების, ერთი ქვეყნიდან მეორეში გაქცევის, მასობრივი ლტოლვილობის  მეტი არაფერი მოუტანია. მარტო თურქეთი რად ღირს, სადაც 4 მილიონამდე სირიელი ლტოლვილია.

მსოფლიო პირველი ქვეყანა თავისი პირველობის გამტკიცებას წესების გარეშე პოლიტიკით ცდილობს. მისთვის არაფერს ნიშნავს ეკონომიკური სანქციებით, სავაჭრო ბლოკადით, სხვა ხერხებით არასასურველი ლიდერებისთვის სოციალური ბუნტის აგორება.  იქ არსებული ოპოზიციის გამოკვება, შესაბამისი დაფინანსებით გამაგრება და ხელისუფლების წინააღმდეგ მომართვა.

აღნიშნულის აშკარა მაგალითია ვენესუელა, თუმცა იქ ვაშინგტონი ახალ სიტყვას ამბობს – სახალხო მიტინგზე სიტყვით გამოსული ოპოზიციონერის გუაიდოს ქვეყნის პრეზიდენტად ცნობა.

მაიამიში, აშშ-ში მცხოვრები ვენესუელების წინაშე გამოსვლის დროს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა პირდაპირ, დაუფარავად თქვა – „მოლაპარაკების დრო არ არის, საქმეზე უნდა გადავიდეთო“.

ჩქარობს ვაშინგტონი და ამ სიჩქარის მიზეზი ისიც არის შეაჩეროს რუსულ-ჩინური გავლენა ამ ქვეყანაზე. ჩინეთის ინვესტიცია ვენესუელაში 120 მილიარდ დოლარზე მეტია, რუსეთის – 17,18 მილიარდი. რუსული ნავთობის კომპანიები წარმატებით მუშაობენ იქ.

რუსული გავლენა საგრძნობია ვენესუელაში, სხვაგანაც, მათ შორის ნიკარაგუაში. ამ ქვეყანაში მსოფლიო მნიშვნელობის პროექტის განხორციელება იგეგმება, რაც აშშ-ისთვის მიუღებელია – პანამის არხის მსგავსის გაკეთება. პროექტზე სერიოზულად ლაპარაკობენ  ჩინეთი და რუსეთი. მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში პანამის არხი, რომელზეც აშშ-ს კონტროლი აქვს დაწესებული, ნაწილობრივ დაკარგავს მნიშვნელობას, რაც აშშ-სთვის შემოსავლების დაკარგვის ტოლფასია.

ვენესუელაში წარმატების მიღწევით აშშ-ი კარგა ხნით შეძლებს საკუთარი პოლიტიკის გატარებას არა მარტო ვენესუელაში, არამედ ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებშიც. და როდესაც ესოდენ წარმტაცი პერსპექტივაა – დემოკრატია და სუვერენიტეტი რა მოსატანია?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.