26.12.2024

ვანდალიზმი ხარკოვში

ხარკოვში ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს, ყოფილ საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი მაღალი და, სპეციალისტების მიხედვით, ხელოვნების ნიმუში.

ძეგლის ჩამოგდების პროცესი არ უნდა გაგვიკვირდეს – სააკაშვილის ზეობისას არაერთი ძეგლისა და მემორიალის ჩამოგდების თვითმხილველებს. თუმცა, რაღა სააკაშვილის, ე.წ. ეროვნული ხელისუფლების დროს, საბჭოთა სისტემაზე განაწყენებულმა ქართველობამ თავბედი აწყევლინა ორჯონიკიძის, ლენინის, მაშინდელი მთავრობის სახლის წინ აღმართულ ბრინჯაოს ძეგლებს, „იმელის“ შენობის ფასადზე ამოტვიფრულ რევოლუციურ ბარელიეფებს. მათ რომ ენა ჰქონოდათ, რამდენს შეგვიკურთხებდნენ ამ ვანდალური აქტების უშუალო მონაწილეებს და მაყურებლებს?!

ხარკოვის აქტი თავისი ბოროტებითა და აღვირახსნილობით, ფაშისტური ელემენტების გამოვლინებით, წააგავდა საქართველოში ჩადენილ ვანდალიზმს – ქუთაისის გმირთა მემორიალის აფეთქებით, მსხვერპლით. რით იყო ქუთაისის აქტი ხარკოვის „გმირობაზე“ ნაკლები?

ამ აქტების შემხედვარეს, უმალ გაუჩნდება აზრი – ერთი დამკვეთის წინაშე თავის მოწონებასთან დაკავშირებით. რახანია საქართველო-უკრაინა მუყაით მოწაფეებივით ფრიადზე ასრულებენ „დიდი“ მასწავლებლის საშინაო დავალებას. ასრულებენ და წამითაც არ ფიქრობენ, რომ ამ ქმედებით საკუთარ ისტორიას აყენებენ შეურაცხყოფას. ერი, რომელიც თავის ისტორიას შეურაცხყოფს, ცუდად გამოიყურება სხვა ერების თვალში.

ახალგაზრდა უკრაინელი ფაშისტების მიერ ლენინის ძეგლის ჩამოგდება, პოსტამენტზე სვასტიკების ამოჭრა, ძეგლის დამცველთა უმოწყალო ცემა-ტყეპა, სხვა არაადამიანური ქცევების გამოვლინება, თანამედროვე უკრაინის ყავისფრად შეღებილი სახის დემონსტრირებაა.

ლენინის ძეგლის ჩამოგდება მარტო პროლეტარიატის ბელადის წინააღმდეგ ჩადენილი შურისძიების აქტი არ ყოფილა. ის არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული აქტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში კიევის „არმიის“ სრული კრახის გამო შურისძიების გამოვლინება, ყირიმის დაკარგვის, საკუთარი უსუსურობის გამომხატველი აქტი.

საქართველო-უკრაინის მიერ „დამოუკიდებელი“ ცხოვრების განვლილი გზა ბევრით წააგავს ერთმანეთს – იდენტური სიძულვილით უახლოესი წარსულის მიმართ, ფეტიშიზაციით ყოველივე დასავლურის, მითუმეტეს ამერიკულის; სიძულვილით რუსეთის და რუსულის, ხელისუფალთა აგდებული დამოკიდებულებით საკუთარი მოსახლეობის მიმართ. ერთ დროს შეძლებული რესპუბლიკების მეთოდური ნგრევით, არაპროფესიონალიზმის ზეობით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებით, საკუთარი წარუმატებლობის სხვაზე (რუსეთზე) გადაბრალებით და რაც მთავარია დასავლელი, უპირველესად ამერიკელი „პარტნიორებისადმი“ მონური დამოკიდებულებით.

ორივე ქვეყანა „ფერად-ყვავილოვანი“ რევოლუციების მსხვერპლია, მოჩვენებითი დემოკრატიის მშენებელი. ორივე „რეფორმატორია“ და მოუწოდებს სხვას მიბაძონ მათ. ორივეს ჰქონდა დასავლური PR-ი, ჩემის აზრით, ერთობ დაუმსახურებული და გადაჭარბებული. ორივე აცდა ჭეშმარიტების გზას და არც ერთმა იცის, რა შეიძლება მოჰყვეს მათ პოლიტიკურ არჩევანს.

ორივე თავს ევროპელობაზე დებს და იმედი აქვს მალე შეუერთდება ევროკავშირსა და ნატოს. ორივეს ერთი მტერი აერთიანებს – რუსეთი. ორივეს ეზიზღება რუსეთის პრეზიდენტი და ნატრულობს უპუტინო რუსეთს – ხოდორკოვსკების, კასიანოვების, რიჟკოვების, ნემცოვების, აკუნინების, ციბკოების, სხვების.

ერთხელ სააკაშვილმა ბრძანა – ჩვენ სხვა რუსეთთან გვექნება ურთიერთობაო, და ჩამოთვალა ანტირუსულად განწყობილი „ბოლოტნაიას“ კონტიგენტი.

 ანალოგიური გეგმა გაგვანდო დ.ბერძენიშვილმა – რიჟკოვებთან და სხვა მისთანებთან დაკავშირებით. მათთან გვაქვს საქმე, ისინი მალე მივლენ ხელისუფლებაშიო.

რომ არ მივიდნენ, რა ვქნათ?

უკრაინამ თვით მიხედოს თავს, ჩვენ რა გზას დავადგეთ? გვიშველის უკრაინასთან ძმობა, თანაც ასეთთან?

ნაციზმი გადამდებია, „ებოლას“ ვირუსივით, რაც ყურადღებას მოითხოვს, განსაკუთრებულს, სახელისუფლებო ყურადღებას და არა უკრაინის ხელისუფალთა გამოსასარჩლებელ საპარლამენტო რეზოლუციების მიღებას, რეაქციული უკრაინის მედიკამენტებით მომარაგებას და ა.შ.

ღატაკი საქართველო დახმარებას უწევს უკრაინასა და მის ხელისუფლებას, რომლის პრეზიდენტი პოროშენკო მილიარდერია, ხოლო მილიარდერებს: კოლომოისკის, ფირტაშს, ტარუტას, ახმეტოვს, სხვებს ცალ-ცალკე, საქართველოს წლიური ბიუჯეტის ტოლი ფული აქვთ ერთ ჯიბეში.

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ასეთი უკრაინის დახმარება. სხვაა აღმოსავლეთ უკრაინის, კიევის მიერ რეპრესირებული მოსახლეობის დახმარება, მაგრამ . . .

საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს უკრაინის ხელისუფლებას, რომელმაც ოპოზიციურად განწყობილი ოდესელები პროფკავშირების შენობაში შეიტყუა და გამოწვა. როგორც ჩანს, ჩვენთვის არაფერია. სულ ახლახანს უკრაინის სადამსჯელო სამხედრო ბრიგადების მიერ ჩადენილი დანაშაული – „ძმათა სასაფლაოში“ ჩაყრილი, ხელშეკრული და დახვრეტილი გვამები, თანაც შიგნეულობა – ამოცლილი. იქნებ თავშეკავება გვმართებს, მეტი დაფიქრება და ვაშინგტონიდან წამოსული დირექტივების სერიოზული გაანალიზება?!

რუსეთმა უკრაინას ყირიმი წაგლიჯა, ისე, როგორც საქართველოს, აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი – ვაცხადებთ ამას და სურვილიც არ გვაქვს ვიკითხოთ, რატომ ან რისთვის?

2014 წლის იანვარშიც კი რუსეთი ტკბილ სიზმარშიც ვერ იხილავდა ყირიმს, რუსეთის შემადგენლობაში. ეს საჩუქარი მას კიევმა გაუკეთა – უნიათო პოლიტიკით, ისე როგორც თბილისმა ცხინვალის 2008 წლის ომით.

მავანნი ამბობენ – ყირიმმა ჩაატარა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, მაგრამ რუსეთს არ უნდა შეეყვანა ის რუსეთის შემადგენლობაშიო. ამ შემთხვევაში ყირიმი დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა და შემდეგ? მაგალითისთვის შორს წასვლა არ დაგვჭირდება – დონეცკმა და ლუგანსკმაც ჩაატარეს რეფერენდუმი, მაგრამ რუსეთს ისინი არ „უშვილებია“. რა მოჰყვა ამას? კიევის აგრესია და ხოცვა-ჟღლეტა, რომელსაც ბოლო არ უჩანს. გაეროს მონაცემებით, დონეცკსა და ლუგანსკში მსხვერპლმა ოთხიათასს გადააჭარბა.

დამოუკიდებელი ყირიმიც უდავოდ გაიზიარებდა დონეცკისა და ლუგანსკის ბედს. კიევის ხელისუფლება არა მარტო სახმელეთო და საზღვაო შეტევას მიიტანდა დამოუკიდებელ ყირიმზე, არამედ თვით ყირიმში მცხოვრებ მუსლიმებს აუმხედრებდა დამოუკიდებელი ყირიმის ხელისუფლებასა და ხალხს.

ყირიმი გადაიქცეოდა საბრძოლო მოქმედების იმ თეატრად, რომელშიც უდავოდ ჩაერთვებოდა (ყირიმის თათრების მხარეზე) რუსეთში მცხოვრები მუსლიმანები. მათი რაოდენობა 20 მილიონია. ყირიმელი რუსების (მოსახლეობის უმრავლესობის) მხარეზე დადგებოდნენ რუსეთის მოქალაქეები და რაც არ უნდა დიდი ბარიერი შეექმნა კრემლს მათთვის – არ ჩასულიყვნენ ყირიმში, ვერაფერს გახდებოდა.

დაიწყებოდა ომი ისეთი, ავ თვალს რომ არ ენახვებოდა. ასეთის შემთხვევაში ვერც საქართველო აცდებოდა გამიზნულ თუ გაუმიზნავ პროვოკაციას. ერთადერთი ვინც ამ ვაკხანალიით ისარგებლებდა აშშ-ი იქნებოდა – აკი სარგებლობს კიდევაც უკრაინის ბუნტით, რუსეთ-ევროკავშირის ერთმანეთზე გადაკიდებით?!

ლენინის ძეგლის ჩამოგდებას დიდი სიხარულით შეხვდნენ რუსი ლიბერალები. რუსეთის ტელესივრცეში გამართულ თოკ-შოუებში ისინი უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ ლენინს, სტალინს, ბოლშევიზმს, საბჭოთა კავშირს, კომუნიზმს და თვლიან, რომ ბოლშევიკურმა რევოლუციამ გაანადგურა ქვეყანა, მოსპო ინტელექტუალური კადრები, შეაფერხა ქვეყნის განვითარება.

არც ერთი დადებითი სიტყვა, იმ წარმატებების შესახებ, რაც ჰქონდა საბჭოთა კავშირს. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მარტო სოციალური თანაფარდობა რად ღირს. რუსეთში სერიოზული დაფიქრების საგანი უნდა იყოს ის, რომ ქვეყნის სიმდიდრის უდიდესი ნაწილი ერთი მუჭა მდიდრების ხელშია მოქცეული.

მილიონერ-მილიარდერთა პატრიოტიზმი რომ საკამათო თემაა – ყველასთვისაა ცნობილი. დღევანდელი რუსეთი, ეკონომიკურ სანქციებში მოქცეული, რომ სხვაგვარ ეროვნულ შემართებას საჭიროებს, ცხადია, მაგრამ როგორ იქცევა ბიზნესი? ოფიციალური გათვლებით (რუსეთის ცენტრალური ბანკი) წლის ბოლოს დაფიქსირდება რუსეთიდან უცხოური კაპტალის სარეკორდო გადინება – 170 მილიარდი დოლარი.

რუსი მილიარდერების „საგმირო საქმეები“ შორს არის პატრიოტიზმისგან, რაც თავისთავად აღიზიანებს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს. მოდით და ნუ გაღიზიანდებით, როდესაც ერთი – ცნობილ მოდელ ნაომი კემპბელში ათულ მილიონობით დოლარს იხდის (საცხოვრებელი ბინა ლონდონის ცენტრში);

მეორე – ამერიკის კალათბურთის გუნდს ყიდულობს და ნიუ-იორკის განვითარებაში მილიონობით დოლარს აბანდებს, მაშინ, როდესაც თვით რუსეთს სჭირდება კაპიტალდაბანდება;

მესამე – ლონდონის გარეუბანში განცხრომით მცხოვრები, მილიონობით დოლარს ხარჯავს კატარღაში, რაკეტებით აღჭურვილში, საკუთარი „გვამის“ უსაფრთხოებისთვის; მეოთხე – . . .  რამდენი ერთი ჩამოვთვალო, 150-ზე მეტია, რუსი მილიარდერების რიცხვი.

მილიონერებს ვინღა დათვლის – ყველა მათგანმა ფული რუსეთის ხარჯზე იშოვნა. ყველა მათგანმა გაყვლიფა რუსეთი და რუსები. ასეთებით რუსეთი შორს ვერ წავა, მას პერმანენტული პრობლემები ექნება – ჩამორჩენილი სოფელი, უგზოობა, დასავლეთთან შედარებით მოკრძალებული ხელფასები, სუსტი სოციალური მდგომარეობა.

ყოველივე აღნიშნული აღიზიანებს ხალხს და ნოსტალგიას უჩენს საბჭოური ცხოვრებისადმი. რუსეთის ხელისუფლებამ ნაცვლად იმისა, საკუთარი განევითარებინა, დასავლეთს გაუგორა კოჭი, იქაური მდარეს გასაღებით, დემოკრატობანას თამაშით, მძარცველის შეწყალებით.

ვერადავერ დაადგა თავი თავდაცვის ყოფილი ხელმრუდე მინისტრისა და მისი საყვარლის საქმის გამოძიებას. არადა რა გამოძიება სჭირდება, როდესაც ნაძარცვის სიჭარბე ხელის გულზე დევს. ტყუილად არ უთქვამს აშშ-ს პრეზიდენტ ობამას რუსი ბიზნესმენები ფულს გაიტანენ რუსეთიდანო – იცის მან მათი გამყიდველური ბუნება.

დღეს, რუსეთს პატრიოტული შემართება ესაჭიროება, თუნდაც ისეთი, გასული საუკუნის 30-იანი – 40-წლების; ისეთი, რამაც ამ ქვეყანას ომი მოაგებინა ფაშიზმთან. მაგრამ შეძლებს კი რუსეთის პრეზიდენტი ხალხის დარაზმვას?!

გაუჭირდება, ვინაიდან განვლილი 20 წლის განმავლობაში რუსული პოლიტიკა აკეთებდა ერთს – წარსული ცხოვრების განქიქებას, საბჭოთა ლიდერების ლანძღვა-გინებას. რუსული პოლიტიკა დაბეჯითებით ჭრიდა ტოტს, რომელზეც იჯდა, რითაც აღიზიანებდა საკუთარ მოსახლეობას.

როდესაც რუსთა დიდი ნაწილი სიმპათიას გამოხატავს სტალინის მიმართ – პრეზიდენტმა არ უნდა აკადროს თავს და მას საჯაროდ არ უნდა უწოდოს ტირანი; კოჭი არ უნდა გაუგოროს მუდამ მტერ პოლონეთს, ხატინთან დაკავშირებით და ხრუშჩოვ-ელცინის ფალსიფიცირებული დოკუმენტით არ უნდა შეეცადოს პოლონეთის ხელისუფლების მოხიბლვას.

თუ როგორ მოიხიბლა, პოლონელთა ბოლო წლების ქცევიდანაც ჩანს და პრეზიდენტ კომოროვსკის გაეროს გენასამბლეაზე გამოსვლიდან. კომოროვსკიმ უშიშროების საბჭოში რუსეთისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევაც კი მოითხოვა.

საბჭოეთის დაშლის შემდეგ რუსეთმა გაწყვიტა მჭიდრო კავშირები აზია-აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან, რითაც განუზომელი ზიანი მიაყენა საკუთარ თავს. და დარჩა ასე, ეულად გაძლიერებული დასავლური შეტევის წინაშე. მართალია, გამოფხიზლებულმა დაინახა, რომ თანამგზავრის, თანამოაზრის გარეშე არსებობა შეუძლებელია და დაიწყო ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება, უწინდელ ტრადიციულ მეგობრებთან. მაგრამ, რამდენად გაიზიარებენ ისინი რუსთა წუხილს, ღმერთმა უწყისს.

არავითარ კიევის „მაიდანს“, არავითარ „ფერად-ყვავილოვან“ რევოლუციებს ან ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას ადგილი არ ექნებოდა, რუსულ პოლიტიკასა და მასთან დაახლოებულ საზოგადოებას, ინტელიგენციას თვითგვემა არ დაეწყოთ; ტალახში არ აეზილათ 70-წლიანი კომუნისტური ისტორია თავისი ბელადებითა და წარმატებებით; ზურგი არ შეექციათ წარსულისთვის, საკუთარი ხალხის სულისკვეთების წინააღმდეგ.

დიახ! კომუნისტებს ჰქონდათ შეცდომები, მაგრამ ქრისტიანობასაც ჰქონდა და თანაც განუზომელი. ერთსაც და მეორესაც ჰქონდათ წარმატებები, რომლებიც აჭარბებენ ნეგატიურს. იქნებ ჯობდა წარსული ისტორიის მუდმივი ლანძღვისგან თავშეკავება, ისე, როგორც ეს ჩინეთმა გააკეთა. მან, წარსულის ლანძღვის ნაცვლად, მომავლის მშენებლობას მიჰყო ხელი და დროის მცირე მონაკვეთში მსოფლიოში მეორე ეკონომიკად იქცა.

რუსული საზოგადოება, განსაკუთრებით პოლიტიკა გულის ფანცქალით ელოდა ევროკავშირის მიერ ეკონომიკური სანქციების მოხსნას. „არაო!“, – თქვა ევროპამ. იქნებ დროა (თუ დაგვიანებული არ არის) ევროატლანტიკურ სივრცეზე დიდი იმედებისა და მოლოდინებისთვის (კარგი გაგებით) თავის დანებება?

რუსეთი უდიდესი ქვეყანაა, განუზომელი რესურსებითა და ნიჭიერი კადრებით. სწორედ მათზე დაყრდნობაა საჭირო „საკუთარის“ ასაშენებლად და არა ევრო-ამერიკული მზა-მზარეულის მირთმევა. შეძლებს ამას რუსეთი? ძნელი სათქმელია, ვინაიდან საკუთარის აშენებას მუდამ პრობლემა შეექმნება ე.წ. ლიბერალთა მხრიდან. ვიდრე დიდ აღმშენებლობაზე გადავიდოდეს, რუსეთმა საზოგადოება, ხალხი უნდა დარაზმოს პატრიოტიზმის დროშით, ვინაიდან დაქსაქსული  საზოგადოება დიდის ვერაფრის გამკეთებელია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.