ხალხზე „მზრუნველი“ ხელისუფლება

ხელისუფლების ბოლოდროინდელმა განცხადებებმა თავისთავად წარმოშვეს კითხვა, რომელსაც არც დღეს, არც ხვალ და არც ზეგ პასუხი არ გაეცემა და არ გაეცემა იმიტომ, რომ ქართულმა აზროვნებამ სერიოზული ტრანსფორმაცია განიცადა ე.წ. დამოუკიდებლად ცხოვრების პერიოდში. კითხვა ასეთია – გაუჩნდება თუ არა სახელმწიფო მოხელეთა ღორმუცელობაში გადასულ მოთხოვნილებების ბარიერი?

თუ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით შევაფასებთ ვითარებას – ასეთი რამ, ტანჯულ საქართველოს სახვალო ცხოვრებაში, ნამდვილად არ მოხდება და არ მოხდება, იმიტომ, რომ „დამოუკიდებელმა“ არსებობამ, განსაკუთრებით საბაზრო ეკონომიკის ცუდად აღქმულმა წესებმა იმდენად გადააგვარეს ჩვენს წარმოდგენაში არსებული ისტორიული ქართული, უარესს რომ ვერ ინატრებდა ამ ქვეყნის მტერიც კი.

რას არ მოესწრო საქართველოს მოქალაქე განვლილი 23 წლის განმავლობაში – „პატრიოტულ ომებს“ თავისავე სისხლთან და ხორცთან, ქვეყნის მშობლიურ კუთხეებში თავისსავე სისხლის და ხორცის ძარცვა-გლეჯვას, წამებას, კვლას, ფულის გამოძალვის მიზნით ადამიანთა გატაცებას, ხალხის მიერ მამასისხლად დაგროვილი საბანკო ანაბრების ხელისუფალთა მიერ მითვისებას, ხელისუფალთა აღვირახსნილობას, მათი უკანონო ქმედების ზეობას, განუკითხაობას, ნეპოტიზმს, რიგით თუ ელიტარულ კორუფციას. სხვაც ბევრი იყო სავალალო და თავისმომჭრელი, სრულიად შეუფერებელი წინაპართა ჰეროიკული ცხოვრებისთვის.

რამ და ვინ გამოიწვია ნეგატიური მოვლენების სრული „ბუკეტი“? დროის მცირე მონაკვეთში გაჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ ნაწილობრივ, როგორც მთავარი თემიდან გამოყოფილი, ისე შევხედოთ ხელისუფალთა მოქმედებას.

ზემოთმოყვანილ ყველა უბედურებაში რომ ხელისუფლების აქტიურობა ჩანს, ფაქტია. ყველა მათგანი მეტნაკლებად კი არა, მეტად, დამნაშავეა ქვეყნისთვის თავსდატეხილ უბედურებებში. ყველა მათგანი დაუსჯელად, ლაღად დაიარება ამ მიწაზე, ვინაიდან პასუხი არავინ მოსთხოვა. არავინ შეჰკადრა ეს როგორ ჩაიდინეო და რახან მსგავსს ადგილი არ ჰქონია, ხალხის ანაბრების ყაჩაღები, დღეს, დიდ ბიზნესმენებად წოდებულნი, ჭკუას ასწავლიან ხალხს და ისიც, ვითომც არაფერიო, უსმენს მათ.

დაქცეულ-დამაქცევართა „შეხმატკბილება“ ბევრი რამით არის განპირობებული, უპირველესად ნიჰილიზმით და იმის განცდით (დაქცეულთა მხრიდან) ჩვენს ნათქვამს მაინც არაფერი მოჰყვებაო, რაც მართალია.

„დამოუკიდებლობის“ წლებში რაც მივიღეთ თავისუფალი მედიაა, რასაც გინდა დაწერ, რასაც გინდა იტყვი, მკითხველს გულს მოფხან, მაგრამ საქმეს არაფერი ეშველება. „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ – ბრძნული გამონათქვამი ზედგამოჭრილად მიესადაგება დღევანდელ ვითარებას. იწერება პრესაში, ითქმება ელექტრონულ მედიაში კრიტიკული, ხშირად ზეკრიტიკული, ხშირად თავისმომჭრელიც, მაგრამ თავმოჭრილი უიშვიათესი სანახავია.

დღევანდელობა სულაც არ ჰგავს საბჭოურ გუშინდელობას, როდესაც გაზეთში გამოქვეყნებული სტატია, მითუმეტეს კრიტიკული, სახელმწიფო დაწესებულების, უსერიოზულესი განსჯის საგანი იყო. მახსოვს, როგორ გამოუყვანა წირვა თბილისის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ერთობ პერსპექტიულ პარტიულ მუშაკს, გაზეთში გამოქვეყნებულმა კრიტიკულმა წერილმა, თბილისის ყოფასთან დაკავშირებით.

არადა სტატიაში მოყვანილი ნეგატიური ფაქტები დღევანდელობასთან შედარებით, მინდვრის ყვავილებად მოგეჩვენებათ. ანდა გავიხსენოთ კრიტიკული სატელევიზიო გადაცემა „ოქროპირი“, კვირაში ერთხელ შიშის ზარს რომ სცემდა იმ მოხელეებს, ვინც არაკეთილსინდისიერად ეკიდებოდა დაკისრებულ მოვალეობას.

სხვაც ბევრია გასახსენებელი, მაგრამ დავუბრუნდეთ ჩვენს თემას, ანუ ხელისუფლების დამოკიდებულებას საქმისადმი და რაც მთავარია, ამომრჩევლისადმი. „დამოუკიდებლობის“ პერიოდში არაერთ სხვადასხვა სახის არჩევნებს ჰქონდა ადგილი, თუმცა მიუხედავად ამისა, არჩეულმა ვერადა ვერ შეიგნო, რომ არჩეულია და აირჩიეს იმიტომ, რომ მისი დაპირება, სხვისას ამჯობინეს.

ვერც ის შეიგნო, რომ დანაპირებიდან რაღაც მაინც უნდა გააკეთოს. ხელისუფლებამ, ჩვენდა სამწუხაროდ, რაც კარგად შეიგნო, ის არის, რომ ხელისუფლებაა, თანაც მოჭარბებულად აღმატებულ ხარისხში და რომ არჩევის შემდეგ, ის არის ყველაფერი, ანუ ბატონ-პატრონი ქვეყნისა, ხალხისა, მისი ბედისა და ა.შ.

ბატონ-პატრონი და არა დროებით მოსული შემსრულებელი – დაქირავებული ხალხისა. ხელისუფლებამ, განსაკუთრებით ამჟამინდელმა და გუშინდელმა, ევროპისკენ მიდრეკილმა და, როგორც თვითონ აცხადებს, ევროპული ღირებულებების მოტრფიალემ, ევროპული ფასეულობები მხოლოდ ვერბალურად გაიზიარა და არა საქმიანად. საქმიანობა კი გარკვეულწილად საქმის კეთებასაც ნიშნავს, თანაც იმ საქმის, რის გაკეთებასაც დაპირდი ხალხს.

თუ რამით მოსაწონია ევროპული პოლიტიკური ცხოვრება, უპირველესად გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნებით, გამარჯვებულის მიერ დაპირებების შესრულებით და თუ ამას არ ექნა ადგილი, ახალი ვადამდელი არჩევნებით, დამარცხებასთან შეგუებით და ა.შ.

ევროპაში, ნებისმიერი გამარჯვებული ხელისუფლება თავს უფლებას არ მისცემს, ისე უკმეხად მოიქცეს, როგორც ჩვენი. ნებისმიერი ევროპული ხელისუფლება ცოტას მაინც შეეცდება შეასრულოს ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირება და თუ ვერ ასრულებს, საყვედურებით, თითის ქნევით არ დატუქსოს ამომრჩეველი.

ამომრჩეველი არ დაუტუქსავსო – მეტყვიან. ვერ დაგეთანხმებით. ჟურნალისტმა, რომელიც სახელმწიფო კანცელარიის განცხადებით დაიტუქსა, პირადი ხუშტურის გამო კი არ ამხილა ხელისუფლება დანაპირების შეუსრულებლობაში, არამედ ამომრჩევლის უკმაყოფილება გააჟღერა. უკმაყოფილება ხელისუფლების უნიათო მუშაობის გამო.

არც ერთი ხელისუფლება არ უნდა ცდილობდეს ხალხთან ნიშნის მოგებითა და თითის ქნევით ლაპარაკს, მითუმეტეს ტყუილების კორიანტელის დახვავებას – თანაც „საამური“ საუნდტრეკის თანხლებით – რას გვერჩით, რასაც დავპირდით ხალხს, ყველაფერი შევასრულეთო.

როგორც ჩანს, ამის მთქმელი ხელისუფლება არც ქუჩაში დადის და არც რეალობა იცის, რაც არ არის გასაკვირი. ქუჩაში გავლის დრო საიდან ექნება, როდესაც კვირაში ოთხჯერ, თუ მეტად არა, უცხოეთში არის. ისეთი შთაბეჭდილება რჩება – ეს ხელისუფლება იქ მუშაობს, აქ ხანმოკლე მივლინებით ჩამოდის და დიდი-დიდი რა მანძილსაც ის ფარავს ფეხით – პერსონალური ავტომანქანიდან კაბინეტამდეა და უცხოელებთან ლანჩებზე და სადილებზე დასასწრებად რომელიმე „მარიოტში“ ან ეგზოტიკურ ქართულ რესტორანში ფეხით შესვლა. ავტომანქანით რომ შეიძლებოდეს სასტუმროს „ვესტიბიულში“ შეჯირითება, ალბათ ფეხს არავინ გადმოდგამდა პერსონალური ტრანსპორტიდან.

საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ყველა დანაპირები შეასრულა და ვერ გაუგია, რატომ არის ხალხი უკმაყოფილო.

არადა საქართველოს მოსახლეობა ისეთია, მცირედის შემთხვევაშიც კმაყოფილია და მეტს არ მოითხოვს – უნდა გავუგოთ, ყველაფრის ერთბაშად გაკეთება ძნელია ან ვაცალოთ, ისწავლიან და გააკეთებენო. სრული ჭეშმარიტებით შეიძლება ითქვას, თუ ხელისუფლება ვერბალურად მაინც ევროპისკენ იქაჩება, ხალხი, იმავე ხელისუფლების გამოისობით, ჭურშია. ჭურში რომ არ იყოს, არ იტყოდა – დავაცადოთ, გაიზრდებიან და ისწავლიანო.

ხელისუფლებაში მოსული საქვეყნო მუშაობას კაბინეტში არ სწავლობს, მას ნასწავლი, გათავისებული უნდა ჰქონდეს მცირედი ნიუანსიც, ცხოვრების გზაზე გამოცდილი. რა ცხოვრებისეული გამოცდილება უნდა ჰქონდეს უმაღლესდამთავრებულ და სადღაც უცხოეთში მოკლე კურსებგავლილ მინისტრის მოადგილეს, მინისტრს, ვიცე-პრემიერს ან პრემიერს? მარტო უცხო ენის ცოდნა გამოცდილებას ვერ შესძენს თინეიჯერ მოხელეს.

დღევანდელ ხელისუფლებაში არიან ისეთებიც, უცხოეთში რომ მსახურობდნენ, თუმცა მათი ქართულ ცხოვრებაზე მორგება ჭირს და იმიტომ, რომ იქაურის ზედაპირული გადმოღებით, ქართულ რეალობაში გამოყენებით დიდი ვერაფერი იცვლება. გარდა ამისა, ევრო-ატლანტიკური „წყალდალეულები“ დღესაც იქ ცხოვრობენ, იქაურით სულდგმულობენ და ერთი სული აქვთ ხელსაყრელ დროს იქ გავარდნენ.

ამ კატეგორიამ, ხელისუფლებაში ყოფნით, საკუთარი ცხოვრება რომ მოიწყო, ფაქტია, თან იმას გვაყვედრიან, „იქ“ სამჯერ მეტი ხელფასი მქონდაო. ამის მთქმელს ავიწყდება, იმ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პირობები, რომლის ჩვენთან შედარება აუცილებელია, თუნდაც მსგავსი განცხადების გაკეთების წინ, რომ მავანი მოხელე ბრიყვად არ წარმოჩნდეს ხალხის თვალში.

აი რას აცხადებს იუსტიციის მინისტრი პრემიების გაცემის თაობაზე: „ის, საჯარო მოხელეები, რომლებიც ჩემთან მუშაობენ, არიან კვალიფიციურები, როგორც კი მათ არ ექნებათ ადეკვატური ანაზღაურება, გადავლენ კერძო სექტორში. ძლივს ვახერხებთ, კონკურენცია გავუწიოთ კერძო სექტორს, ამიტომ ის, ვინც იმსახურებს, უნდა ჰქონდეს პრემია“.

ქალბატონ წულუკიანს, როგორც თვით ამბობს, ხელფასი 5000 ლარი ჰქონია. დარწმუნებული ვარ, მის თანამშრომლებს 500 ლარზე გაცილებით მეტი ხელფასი ექნებათ. ასე, რომ შიმშილობის ზღვარზე ცხოვრებისგან, როგორც პენსიონერები ან „მაღალხელფასიანი“ (600 ლარი) კერძო სექტორის მუშაკები, დაზღვეულები იქნებიან.

მინისტრს, როგორც ჩანს, თავი დღესაც სტრასბურგში ჰგონია, თორემ იმას მაინც არ იტყოდა, მაღალი პრემიებით ვაკავებ თანამშრომლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო სექტორში გადავლენო. ნეტავ, რომელი კერძო სექტორი აქვს მხედველობაში?

აქაური კერძო სექტორი, იქაური არ არის და არც მრავალრიცხოვნობით გამოირჩევა, თანაც რახანია ნათესავ-მეგობრებითაა შევსებული. ასე რომ არ იყოს, მართლაც გაჭირდებოდა სახელმწიფო მოხელეების სამსახურში დაკავება. კერძო სექტორში არათუ რაიმე თანამდებობას, დამლაგებლობასაც ვერავინ ეღირსება. ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები, მეტწილად ახალგაზრდები, თანაც კვალიფიციურნი, უსაქმურად არიან და არა იმიტომ, რომ მუშაობა ეზარებათ, არამედ დაბალხელფასიანი სამუშაოს შოვნაც კი შეუძლებელია.

მინისტრმა ის მაინც უნდა იცოდეს, რა ვითარებაა ქვეყანაში, რატომ არის ესოდენ დიდი უმუშევრობა, განსაკუთრებით 30-60 წლის (ზემო ასაკზე აღარაფერს ვამბობ) ადამიანებში, რატომ მიდის ჯანღონით სავსე ქალი თუ კაცი უცხოეთში შავი სამუშაოს საკეთებლად. რომ იცოდეს, თავს უფლებას არ მისცემდა ეთქვა შემდეგი: „საჯარო სამსახურში თუ ხელფასები არ იქნება ადეკვატური, თუ საჯარო მოხელეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობების პირები, არ მიიღებენ პრემიებს, საჯარო სამსახური ძალიან მალე გახდება უინტერესო და მას დატოვებენ კომპეტენტური კადრები“.

რომ იტყვიან, შენს პირს შაქარი. თუ დატოვებენ უკეთესი იქნება, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში მარტო ხელფას-პრემიისთვის მისული მავანი დიდი ვერაფერი შენაძენი იქნება სახელმწიფო სამსახურისთვის. სახელმწიფო სამსახურს სულ სხვა შემართება სჭირდება – წინათ პატრიოტიზმს რომ ეძახდნენ.

სწორედ იმ პატრიოტიზმმა ააშენა ქვეყანა, შექმნა სოფლის მეურნეობა და მრეწველობა, მეცნიერება და ხელოვნება, დაიცვა ქვეყანა ფაშისტური ჭირისგან, დაიპყრო კოსმოსი. არ მითხრათ, ისინი მონები იყვნენ, ეშინოდათ და ხმას ვერ იღებდნენო. სხვა მენტალიტეტი იყო, სადაც სახელმწიფო საქმიანობა გაცილებით მაღლა იდგა, ვიდრე პირადი ყოფის მოწესრიგება.

მაშინ, რომ ისე ეფიქრათ, როგორც დღევანდელი ხელისუფლება ფიქრობს, არც რუსთავის მეტალურგიული კომბინატი იქნებოდა, არც ავიამშენებელი და ჩარხმშენებელი ქარხნები, არც მეტრო და არც მეცნიერებათა აკადემია, არც ქართული კინემატოგრაფი და არც სახელგანთქმული ქართული თეატრები. ერთი სიტყვით, იქნებოდა ისეთი ქვეყანა, როგორიც დღეს არის – ერთი მუჭა მდიდრებით და სანაგვეში გადაყუდებული ხალხით.

მინისტრის საყურადღებოდ – საზღვარგარეთ, წარმატებულ ქვეყნებში კერძო სექტორში მომუშავეებს გაცილებით მეტი ანაზღაურება აქვთ, ვიდრე სახელმწიფო ორგანიზაციებში. იქ, იმიტომ მიდიან სახელმწიფო სამსახურში, სულით მოწადინებული არიან იმუშავონ ქვეყნისთვის.   აქ – შებრუნებითაა და ამიტომაც თავს იკლავენ საჯარო სამსახურში, პარლამენტში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში მოხვედრისთვის.

ყველას უნდა მაღალი ხელფასი და პრემია, მითუმეტეს, როდესაც მომნუსხველი მაგალითებია თვალწინ, თუნდაც ასეთი: თავდაცვის მინისტრი ხელფასზე დანამატის სახით 4 335 ლარს იღებს. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი და უკანასკნელი დანამატი, მას სხვაც ემატება, მაგალითად, საკლასო ჩინის – 1239, სტაჟის – 836, საიდუმლოს – 531. გასულ წელს ალასანიამ სახელფასო დანამატის სახით 83 076 ლარი მიიღო, მაგრამ მარტო ალასანიამ?

14 სამინისტრომ, თანამდებობის პირებზე პრემიის სახით, საერთო ჯამში 5 729131 ლარი გასცა, ხოლო სახელფასო დანამატის სახით 3 135 038 ლარი.

ერთ მილიონზე მეტი პრემია გაიცა საგარეო საქმეთა სამინისტროში – სახელმწიფო ორგანოში, რომლის საქმიანობაში ფართო საზოგადოება აბსოლუტურად გაურკვეველია. მაინც რა დიპლომატიურ წარმატებას ჰქონდა ადგილი ქვეყანაში, რომ სამინისტროს მუშაკების „მუყაითი“ დიპლომატიური საქმიანობა ესოდენ ძვირად დაფასებულიყო?

წარმატებაში თუ ის იგულისხმება, რომ ხელს მოვაწერთ ასოცირებული წევრობის ხელშეკრულებას, დიდი ვერაფერი წარმატებაა, რამეთუ ძალისხმევა მეტადრე ევროკავშირის მხრიდან ფიქსირდება, ვიდრე თბილისიდან. არავითარი ასოცირებული წევრობა არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ევროკავშირის პოლიტიკური ინტერესი და ეს ინტერესი რუსეთის ფაქტორით არის გამოწვეული.

ბრიუსელმა, რომელმაც ობიექტური მიზეზების გამო, რუსეთს ხასიათი ვერ გაუფუჭა, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებით, სხვა გზას დაადგა, რასაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების რუსეთის ორბიტიდან მოწყვეტა და ევროკავშირის ასოცირებული წევრიობის უღლის დადგმა ჰქვია.

მოლდოვა, საქართველო და უკრაინა, განსაკუთრებით საქართველო ასოცირებულ წევრობას თავიანთ მუყაით, დიპლომატიურ მუშაობას კი არ უნდა უმადლოდენ, არამედ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და რაც მთავარია, რუსეთს! არ იქნებოდა ევროპის მეტოქე რუსეთი და არ იქნებოდა ასოცირებული წევრობა. ასე რომ, ტყუილად აბრიყვებს საგარეო უწყება საზოგადოებას, რომ ზღვარგადასული პრემიები კარგი მუშაობისთვის არის გაცემული.  

ხელისუფლებაც ამას ჰქვია. რომ იტყვიან – ჯერ თაო და თაო, შემდეგ ცოლო და შვილოო – ისეა საქმე. ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება, ხომ არ დარჩება მშიერი? ბოლოსდაბოლოს ხომ არ უნდა დავობლდეთ?!

არ ჰგავს ამ ქვეყნის პოლიტიკოსები სტრატეგიული პარტნიორის ყოფილ პრეზიდენტ კარტერს, რომელმაც ზამთარში, ენერგეტიკული კრიზისის დროს, თეთრ სახლში ტემპერატურა 18 გრადუსამდე დასწია.

ხელისუფლება, რომელიც ესოდენ დიდ ხელფასებს, ხელფასზე დანამატებს და პრემიებს იღებს, ნაცვლად იმისა, დღენიადაგ ბოდიშს იხდიდეს და მონანიებით თავს ურტყამდეს მიწას, აქეთ გვედავება – დაუნახავები ხართ, თორემ სულ მადლობებით აგვავსებით ყველა დანაპირების შესრულებისთვისო.

მაინც რა დანაპირების შესრულებაზეა საუბარი? ერთ-ერთმა ამ ხელისუფლების „ფანმა“ – ბევრი რამ გაკეთდაო და მაგალითად მოიყვანა შვილის გაჩენისთვის გამოყოფილი თანხები, აგრეთვე სოფლის მეურნეობისთვის გაწეული ფულადი დახმარება და სხვა. ცხადია, მნიშვნელოვანი რამ გაკეთდა, მაგრამ ყოველივე ზღვაში წვეთია, წელიწადნახევრიანი მუშაობის პერიოდთან შედარებით.

თუ ეს ხელისუფლება თვლის, რომ მისი ქვეყნის სათავეში ყოფნა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო და აღარასოდეს დამთავრდება (ასე ეგონა წინა ხელისუფლებასაც),  მაშინ ასაჩქარებელიც არაფერი აქვს. მაგრამ რეალურად მას თითზე ჩამოსათვლელი წლები აქვს დარჩენილი და თუ არ იჩქარა, ისიც ისეთივე პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება, როგორც წინა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.