24.07.2024

ერთი უცხოელის ნათქვამთან დაკავშირებით

ბატონ გურამ გოგიაშვილს

„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ჩვენ ველით. ჩვენ სათაო ოფისს მივაწვდით განახლებულ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და ეკონომიკური ზრდის ტემპების შესახებ“, – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ვერა მერსედეს მარტინესმა. ეს სიტყვებიც მას ეკუთვნის: „სტრუქტურული ცვლილებები ემსახურება საქართველოში ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას, რომელიც თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე აისახება“.

„თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს მონაცემებით 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით 36%-ით გაიზარდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა. სულ თავშესაფარი ითხოვა საქართველოს 10 ათას 455 მოქალაქემ“.

ზემომოყვანილი ეს ორი ინფორმაცია გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ერთ ნომერში დაიბეჭდა და თავისთავად მისცა მკითხველს დაფიქრების საბაბი, ვინაიდან „თავბრუდამხვევი“ ეკონომიკური განვითარება უდავოდ უნდა აკავებდეს ლუკმა-პურის საძიებლად ქვეყნიდან წასვლის მსურველს. თუმცა მეორე ინფორმაციის თანახმად გადახვეწის მოსურნეთა რაოდენობა არცთუ უმნიშვნელოა და თუ ასე გაგრძელდა, სრული შესაძლებლობაა, რომ საქართველოს შეუჩერონ ვიზალიბერალიზაციის პროცედურა.

ქვეყნიდან წასვლის რეკორდული მაჩვენებელი დროის მცირე მონაკვეთშია მიღწეული და უდავო მანიშნებელია, რომ ევროკავშირში დარჩენილთა რაოდენობა მალე გადააჭარბებს 50%, რაც ავტომატურად გამოიწვევს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას. არადა, რამდენი წელი დაახარჯა ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირებული წევრობისა და ვიზალიბერალიზაციის მიღებას?!

რატომ ვამბობთ ნეგატიურს, იქნება გონს მოვეგოთ და ევროკავშირში ტურისტებად,  საქმიანი ვიზიტებით გავემგზავროთ და არა თავშესაფრის მისაღებადო, იტყვის მავანი. ამას რა სჯობს, მაგრამ სინამდვილე რომ სხვას გვკარნახობს?!

10 ათას 500-ზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ მიმართა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თავშესაფრის მისაღებად და უკვე მერამდენე თვეა პასუხს ელოდება. არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთმა თანხმობა მიიღოს, თუმცა ვარაუდი იმისა, რომ უმრავლესობას იძულებითი დაბრუნება მოუწევს, ფაქტია.

საქართველო იმ სტაბილური ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ცხოვრება უსაფრთხოა და ეკონომიკური წინსვლაც თვალშისაცემი, რასაც ზემოყვანილი მაგალითიც ადასტურებს – მერსედეს მარტინესის სახით. ასეთი „ბედნიერი“ ქვეყნის მოქალაქეებს არვინ მიიღებს სამუდამო საცხოვრებლად. ეს, ის შემთხვევაა, როდესაც ოფიციალური მონაცემები წინააღმდეგობაში მოდის რეალობასთან და ზედმიწევნით ემთხვევა ამერიკელი მკვლევარისა და პუბლიცისტის ჯონ პერკინსის მიერ ასახულ ვითარებას თავისსავე წიგნში „ეკონომიკური მკვლელი“.

პატივცემული ჯონი, წიგნის დაწერამდე, სულით და გულით ემსახურებოდა აშშ-ს მსხვილ კომპანიებს, ქვეყნის სპეცსამსახურებს მესამე ქვეყნებში, დაახლოებით ისეთებში, როგორიც ჩვენია და მიზანმიმართულად ანადგურებდა მასპინძელთა ეკონომიკას, საფინანსო სისტემას, ოღონდ ფარულად, მასპინძლების ქება-დიდების ფონზე, ხოტბითა და აღფრთოვანებით – „ეს რა ვნახე, რა წარმატებები გაქვთო“.

ის, ქებით, გულმოდგინედ ადუნებდა ადგილობრივ ხელისუფალთა ყურადღებას საკუთარი საქმისადმი და საბოლოო ჯამში ქვეყანას გაკოტრების ავბედით ბადეში ახვევდა. გაკოტრებული კი ცენტებად ყიდდა წიაღისეულს, უძრავ-მოძრავ ქონებას, მათ შორის მიწას და ა.შ. ასეთ ამერიკელ „ექსპერტებსა და სპეციალისტებს“ ეკონომიკური მკვლელი შეარქვა ერთ დროს თვით ასეთმა – პერკინსმა და ზურგი შეაქცია ამერიკულ მზაკვრულ პროექტს.

დატრიალდება თუ არა მსგავსი რამ ჩვენს თავს და როდის, ღმერთმა უწყისს, მაგრამ მერსედეს მარტინესის და მის მსგავსთა ხოტბა, ერთობ დაუმსახურებელი, რომ ეჭვს იწვევს, გასაკვირი არ არის. თუმცა მერსედეს მარტინესის ნათქვამში ისიც არის აღნიშნული, რომ „ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა, თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე აისახება“. ანუ სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი არა აწმყოზე, არამედ მომავალზე მიგვითითებს – „აისახება“!

მერამდენე წელია ამ დალოცვილი სავალუტო ფონდიდან, მსოფლიო ბანკიდან, სხვა ორგანიზაციებიდან გვესმის მსგავსი „გასახარი“ ცნობები. რეიტინგების მიხედვით, საკმაოდ კარგად გამოვიყურებით, რის შესახებაც სისტემატურად, უწყვეტ რეჟიმში გვატყობინებს ხელისუფლება. ასე იყო „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროსაც, თუმცა ლუკმა-პურის საძიებლად ქვეყნიდან გადახვეწილთა რაოდენობა საკმაოდ შთამბეჭდავი იყო.

ეკონომიკური თვალსაზრისით გამართულ ქვეყანაში მსგავს თავბრუდამხვევ „გაქცევას“ ნაკლებად ან საერთოდ არ აქვს ადგილი. და რახან ამას „იქიდან“ გვატყობინებენ – თითის ქნევით, სავალუტო ფონდის მისიის „ოპტიმიზმი“ ერთობ დამაეჭვებელია. „იქიდან“ კი გვითხრეს ის, რისმა მოსმენამ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტში შიშნარევი განგაში გამოიწვია და საგანგებო სხდომის მოწვევის საგანიც გახდა. გამოითქვა აზრი კანონმდებლობის გამკაცრების (იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი), მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების, სხვა ღონისძიებების გატარების თაობაზე.

„გამოჟონილიდან“ გამომდინარე, ხელისუფლება ისეთ ზომებს მიიღებს, იქ დამრჩენთა რაოდენობა კარდინალურად რომ შემცირდეს ანუ დეპორტირებულებს მოუწევთ საქართველოს საზღვარზე საკმაო თანხის გადახდა ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებული ვადების დარღვევისთვის.

ამ ისტორიაში ერთადრეთი გულისამშვიდებული ის არის, რომ საქართველო მარტო არ არის. დამრღვევებში ალბანეთს, უკრაინას, ზოგიერთ სხვასაც მოიხსენიებენ. ახლა რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის თათბირიდან „გამოჟონილ“ ჯარიმას. ასეთის დაწესებას სხვა უხერხულობაც შეიძლება მოჰყვეს – გაღატაკებულის, კიდევ უფრო გაღატაკება.

ევროკავშირის ქვეყნებში დამრჩენის მიზანი იქ დასაქმებაა და არა ისტორიული ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა დათვალიერება. ამ საქმისთვის სრულიად საკმარისია ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებული 90 დღე. იქ დასაქმება, შინ დაუსაქმებლობის შედეგია და უმუშევარი, მშიერი ადამიანის უკანასკნელი გაბრძოლება – სამშობლოდან შორს, ლუკმა-პურის საშოვნელად. დიდი ჯარიმების შემოღება ავტომატურად ჩაუკეტავს წასულებს, შინ დაბრუნების შესაძლებლობას და სურვილს, გაზრდის არალეგალ მცხოვრებთა რაოდენობას.

რა, ვიზალიბერალიზაციის შემოღებამდე არ მიემგზავრებოდნენ?

მიემგზავრებოდნენ. საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკონსულო სამსახურების წყალობით, ბევრ შემთხვევაში ხელმრუდობით, მოქრთამვით.

დავუბრუნდეთ ეკონომიკას. ქვეყნის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა. საბიუჯეტო ხარჯების სიდიდემ 10.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. წელს ეს ხარჯები ერთი მილიარდი ლარით გაიზრდება.

„მიუხედავად ამგვარი ოპტიმისტური, იმედის მომცემი მონაცემებისა, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სუსტად ან საერთოდ ვერ გრძნობს ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ გავლენას საკუთარ კეთილდღეობაზე“, – წერს ბატონი იოსებ არჩვაძე გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“.

„ადამიანური კომედია თუ … საქართველოს ტრაგედია?!“ – ასე ჰქვია მის ღრმაშინაარსიან სტატიას, რისთვისაც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ბატონი იოსების სტატია სულაც არ არის ნიშნის მოგებით ან ღვარძლით სავსე. ის უფრო მნიშვნელოვანისთვის არის გამიზნული ანუ მართალი სიტყვით ხელისუფლების გამოღვიძებისთვის.

ამ სტატიამდე ვის არ დაუწერია საქართველოში არსებულ სიღატაკეზე, მაგრამ ერთია სიტყვის მასალად ქცეული სიღატაკის აღწერა, რომელსაც ყური რახანია შეეჩვია და მეორეა ექსპერტის მიერ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობილი ანალიტიკა. ასეთ შმთხვევაში „მოსახლეობის ნახევარი იმყოფება რეალური სიღარიბის ზღვრის მიღმა ან ამ ზღვართან სარისკო სიახლოვის ზონაში“ – უყოყმანოდ აღიქმება.

„საქართველო მაინც სასურსათო  საქონლის მსხვილ იმპორტიორ ქვეყნად რჩება. 2017 წელს ქვეყანაში შემოტანილ იქნა თითქმის 1.2 მილიარდი აშშ-ს დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია – 400 მილიონი დოლარით მეტი მის ექსპორტთან შედარებით. 2017 წელს უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმა 1.4 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც საქართველოდან განხორციელებული ყველა სახის სასაქონლო ექსპორტის ნახევარზე მეტია (50.6%)“, – აღნიშნავს ბატონი სოსო და იქვე წერს, რომ ზრდა უკავშირდება საქართველოდან შეუჩერებელი მიგრაციის მასშტაბებს.

„საქართველოს ექსპორტის ყველაზე „რენტაბელური“ და „ეფექტიანი“ სტატია სამუშაო ძალის ექსპორტია“. ყველას გვახსოვს შევარდნაძის ხელისუფლების მიერ დაპირებული მილიონი სამუშაო ადგილი. ისიც გვახსოვს – ხომ შვასრულეთ, განა მიწების დარიგება დასაქმებას არ ნიშნავსო.

არადა, რაში და როგორ გამოიყენეს ეს შესაძლებლობა ჩვენმა მოქალაქეებმა ზემომოყვანილი მაგალითიდანაც ჩანს. მიწა, მისი დამუშავებისთვის საჭირო ტექნიკის გარეშე მძიმე ტვირთია და თუ მყიდველი გამოჩნდა, თეთრებად გაიყიდება, რასაც ჰქონდა და აქვს ადგილი.

სოფლის მეურნეობა ურთულესი დარგია. მას ზედაპირული, დილეტანტური აზროვნება – „დედალი ძროხის“ დონეზე, სერიოზულ ზიანს აყენებს. იშვიათად მოიძებნება ქვეყანა, სადაც ამ დარგს სერიოზულ ყურადღებას არ აქცევდნენ – საქართველოს გარდა. „ნაცური“ ხელისუფლება, ერთობ ამრეზილი სოფლის მეურნეობის მიმართ, ყველაფერს აკეთებდა მის ჩასაძირად. მხოლოდ სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებში შეიცვალა „ნაცთა“ პოლიტიკა ამ დარგისადმი, თუმცა მედიაში დაწყებული ანტიაგრარული პროპაგანდა ისევ გაგრძელდა.

საქმეში ჩაუხედავი გოგო-ბიჭები, ვიღაც გაბიანების მსგავსნი, გმოძღვრავდნენ ტექნოლოგიურად განვითარებული საქართველოს შესახებ, რომელიც „ჭკუა-გონების“ გაყიდვით იმდენ ფულს გამოიმუშავებდა, რომ საკვების იმპორტისთვისაც გვეყოფოდა და სხვა უამრავი რამისთვისაც.

სააკაშვილი ისტორიას ჩაბარდა. მოვიდა „ოცნება“ – ახალი დაპირებებით და სოფლისკენ ერთჯერადად გადადგმული ნაბიჯით, თუმცა ნაკლებად გააზრებულით და საბოლოო ჯამში, უშედეგიდ. სოფელი კი დარჩა ისე, როგორც იყო. იქ მცხოვრებნი, განსაკუთრებით ქალები, მეზობელ ქვეყნებში გაიხიზნენ, ზოგიც ევროკავშირში და მძიმე, „შავი“ შრომით კვებავენ შინ დარჩენილ ოჯახს.

და ისევ გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, სადაც დემოგრაფი ანზორ თოთაძე, უკვე მერამდენედ განგაშის ზარებს რეკავს: „მომავალში შობადობის დონე რომ არ შემცირდეს და მცირედიდაც რომ გაიზარდოს, მიგრაციის შედეგად მოსახლეობის დეპოპულაცია გაგრძელდება ჩვენი რეგიონების სრულ გაუკაცრიელებამდე. თუმცა მანამდე, გაცილებით ადრე ჩვენი ქვეყანა დემოგრაფიულად ისე დასუსტდება, რომ სხვა ხალხი დაიჭერს დომინანტის ადგილს. … საქართველოში საშინელება ხდება, ბოლო წლებში სოფლების ნახევარი დაცარიელებულია. ძირითადად მოხუცები დარჩნენ. … საქართველოში შემოდის სულ სხვა ერი – ინდოელი, ჩინელი, პაკისტანელი, არაბი“.

მერე რა? ხელისუფლება რას ფიქრობს? ან ფიქრობს რამეს ამასთან დაკავშირებით? თუ ფიქრობს, რატომ არ ვიცით ჩვენ? მარტო ნატო, ნატოს ყვირილი რომ არაფერს იძლევა – ხომ დავრწმუნდით?!

ჩვენ დავრწმუნდით! ხელისუფლება – ვერა! ახლა იმაზე ფიქრობს, ჯარიმები შემოიღოს იქ დარჩენის მსურველთა დეპორტაციის შემთხვევაში, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს მათ სამუდამო მოკვეთას მშობლიური მიწიდან.

„შემიძლია, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რომ ნუ გავწირავთ ქვეყნის უდიდეს მიღწევას, რასაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ჰქვია“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

მინისტრს შევახსენებ, რომ ქვეყანა უხალხოდ უკაცრიელი ადგილია. ხალხი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ქვეყანაში ვერ საქმდება, იძულებულია სხვა ქვეყანას მიაკითხოს – შიმშილისგან თავის გადარჩენის მიზნით. დასაქმების საკითხი ხელისუფალთა გადასაწყვეტია, რასაც ისინი ვერ ასრულებენ და ნაცვლად ამისა მკაცრი ჯარიმების შემოღებას გეგმავენ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის ვერა მერსედეს მარტინესის „სასიხარულო“ განცხადება უმალ მოგტაცებთ თვალს და ასევე უმალვე გაქრება, როგორც გუშინდელი თოვლი. მისგან რა მიდის. კარგს ეტყვის მაღალჩინოსან მასპინძელს. ბოლოსდაბოლოს დახუნძლული სუფრისთვის ხომ არ გამოლანძღავს?!

ხალხს და ქვეყანას რა?! ალბათ ის რეალობა, რაც ძალიან, ძალიან შორს არის სტუმრის ნათქვამისგან. და რაც სრული პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობით არის მოტანილი მკითხველამდე იოსებ არჩვაძისა და ანზორ თოთაძის მიერ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი