„დემოკრატიის შუქურა“ საქართველო
ბატონ გურამ გოგიაშვილისთვის
ქართული პოლიტიკა ღრმა კრიზისშია და რაც არ უნდა დაიმშვიდოს თავი პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დიდი „დემოკრატიულობით“, არაფერი გამოვა. ამ „ტიტულს“ „უზომო“ დასავლური „დემოკრატია“ გვანიჭებს, რომელსაც არაერთხელ უთქვამს, რომ საქართველო, კავკასიის, ცენტრალური აზიის, მოლდოვა, უკრაინა, ბელორუსთან შედარებით ყველაზე დემოკრატიულია.
ბარაქალა ნათლიებს, მეტადრე მონათლულს, მაგრამ ქვეყანას რა?! ამ დანარჩენებთან შედარებით საქართველო რომ დემოკრატიულია, მერე რა? აი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით რომ ყოფილიყო, მაშინ სხვა იქნებოდა, მაგრამ ევროპელი ნათლიები განა ამდენს გაიმეტებენ ჩვენთვის?
რაში გამოიხატება საქართველოს „დემოკრატიულობა“? – იმაში ხომ არა, რომ ყველა არჩევნები, გარდა 1990 წლისა (საპარლამენტო) გაყალბდა? დემოკრატია, თუ მარტო პარტიათა სიმრავლეში გამოიხატება, სხვა საქმეა. პატარა ქვეყნისთვის მართლაცდა უამრავი პარტიის არსებობა (ყველა მათგანს რომ ქვეყნის მართვაზე აქვს პრეტენზია), უფრო ანარქიის მომასწავლებელია, ვიდრე წესრიგის და კიდევ იმის, რომ დაუსაქმებელ, უმუშევარ საქართველოს, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მეცნიერების გარეშე დარჩენილს, პოლიტიკოსობა აქვს აჩემებული.
ქვეყანა, სადაც ორი „ქარხანა“ მუშაობს – პარლამენტი და სახელმწიფო კანცელარია – არ შეიძლება იყოს დემოკრატიული. ამ „ქარხნების“ მიმართ არის კონცენტრირებული ე.წ. პოლიტიკოსთა ძალისხმევა. იქ მოხვედრაა მთავარი საკუთარი ოჯახისა და კუჭის გამოსაკვებად.
სამშობლოსთვის გაწეული შრომა, ისტორიული „გადმონაშთი“ პატრიოტიზმი, საქილიკო თემაა. ჩვენნაირი „დემოკრატიით“ ვერც მეზობლები დაიკვეხნიან და ვერც სხვა ყოფილი საბჭოელები, მათ შორის რუსეთიც. ერთობ მომრავლებულ ტელეკომპანიებში თავისუფლად შეგვიძლია ვილაპარაკოთ ყველაფერზე, ვეკამათოთ ერთმანეთს, ვაგინოთ და ვლანძღოთ – ე.წ. ოპოზიციამ ხელისუფლებას და პირიქით. ეს ერთი შეხედვით. სინამდვილეში, ტელევიზიებში ხელისუფლებისა და ოპოზიციის აპრობირებულ სახეთა გარდა სხვას ვერავის ნახავთ. ეს სხვები, რაც არ უნდა დიდი კომპეტენციით იყვნენ ცნობილი, მიუღებელია თვითცენზურით შპყრობილი მედიისთვის. ესეც ჩვენი „დემოკრატია“.
დასავლეთის კარნახით მივიღოთ კანონები, რომლებიც ქვეყანას არ გამოადგება – დასავლეთს, უდავოდ. ქართულ „დემოკრატიას“ „დემოკრატი“ ბელადიც ჰყავდა, რომელიც „დემოკრატიის“ ნაკრძალად წოდებულმა აშშ-ა „დემოკრატიის შუქურის“ ტიტულითაც შეამკო. მაშინ ვერვინ წარმოიდგენდა, რომ ის მწამებელი დიქტატორი გახდებოდა. არადა თუ მასწავლებლობა იტვირთე, ისიც უნდა განჭვრიტო შენი მოსწავლეებიდან ვინ, ვინ იქნება. ვერ განჭვრიტა.
დამოუკიდებლობის ჟამს სტარტი ურიგო არ იყო. მხედველობაში მაქვს 1990 წლის უზენაესი საბჭოს (პარლამენტის) არჩევნები. ეს იყო პირველი ექსპერიმენტი მრავალპარტიული არჩევნებისა საბჭოთა სივრცეში. გაიმარჯვა „მრგვალი მაგიდის“ კოალიციამ. იმ არჩევნებსაც ჰქონდა ბევრი ხარვეზები, მაგრამ შედარება არ არის შემდგომ არჩევნებთან. „მრგვალი მაგიდის“ კოალიციამ წელიწადიც ვერ გაძლო და უზენაეს საბჭოში შესვლიდან, სულ რაღაც 2-3 თვეში რღვევა დაიწყო, რაც საბოლოოდ სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში გადაიზარდა.
იმ „დემოკრატიას“ მოჰყვა ქვეყნის ნგრევისთვის დაწყებული ნაბიჯების წახალისება, რეგიონების ერთმანეთთან დაპირისპირება, ხელისუფლების დამხობა და ანარქია. 1992 წლის არჩევნები ისეთი იყო, გარდამავალი რომ დაშვენდება. იქაც იყო კოალიციები, ერთმანეთის ჭამა და რის ვაივაგლახით სამწლიანი პერიოდის ჩათავება. ახალი არჩევნები, ახალი კონსტიტუციის პირობებში, 1995 წელს გაიმართა. სახელისუფლებო პარტია „მოქალაქეთა კავშირმა“ სხვა პარტიები შეიამხანაგა და დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც 4-წლიანი საპარლამენტო ვადა ამოწურა.
მხოლოდ 1999 წლის არჩევნებზე მოხდა საპარლამენტო ოპოზიციის გამოკვეთა – მმართველი „მოქალაქეთა კავშირისა“ და პარტია „აღორძინების“ ერთმანეთთან სერიოზული დაპირისპირება. სახელისუფლებო პარტიის წინააღმდეგ სხვა პარტიებიც გამოდიოდნენ, მაგრამ „აღორძინების“ კოალიცია გაცილებით ძლიერად გამოიყურებოდა, ვიდრე დანარჩენი პარტიები ერთად აღებული. მხოლოდ „აღორძინებამ“ შეძლო, ისიც მეტნაკლებად, ოთხწლიანი ვადის გავლა. რაც შეეხება მმართველ „მოქალაქეთა კავშირს“ – მარტივ მამრავლებად დაიშალა და 2003 წლის არჩევნებს მოუმზადებლად შეხვდა. შედეგმაც არ დააყოვნა – ჩატარებული არჩევნების გაბათილება, არჩეული პარლამენტის დათხოვნა, ახალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა-ჩატარება.
2004 წლის საპრეზიდენტო-საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის განვითარებას ნეგატიური დამღა დაასვა, რაც აშკარა დიქტატორულ მმართველობაში გამოიხატა. ხელისუფლების წინააღმდეგ აზვირთებულმა გულისწყრომამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იძალა და „ქართული ოცნების“ სახით შექმნილ კოალიციას ქვეყნის მმართველობისკენ გზა დაულოცა. კოალიციაში შემავალმა სხვადასხვა მრწამსისა და შეხედულების პარტიებმა საერთო ენა ვერ გამოძებნეს და პარლამენტში შესვლიდან ერთი წლის თავზე რღვევა დაიწყო.
რა მიიღო ქვეყანამ ე.წ. დემოკრატიული არჩევნებით – არც არაფერი. არც მომავალ არჩევნებს უჩანს საქვეყნო პირი, ვინაიდან ე.წ. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ფრთებმოტეხილი ხვდება მას. განვლილმა თითქმის 4 წელმა მხოლოდ ნეგატივი დაუგროვა ამ პარტიას, რაც არ არის გასაკვირი. როდესაც უხვი დაპირებიდან არც ერთს შეასრულებ, შედეგის არ უნდა გაგიკვირდეს. მომავალ პარლამენტში ბევრი პარტია შევა, რაც კარგიც არის და ცუდიც. კარგია, დემოკრატიის თვალსაზრისით, ვინაიდან მხოლოდ ერთი არ იქნება საკუთარი აზრის ძალისმიერი გამტარებელი. ცუდია, ვინაიდან საკითხის ერთმანეთში შეთანხმება გაჭირდება და საქვეყნო საქმეების ოპერატიული მოგვარება უზომოდ გაიწელება.
ზემომოყვანილი მაგალითები მკითხველისთვისაც კარგად არის ცნობილი, მაგრამ შეხსენება, მითუმეტეს არჩევნების წელს ურიგო არ იქნება. „დამოუკიდებლად“ არსებობის განვლილმა წლებმა და ე.წ. დემოკრატუილმა განვითარებამ ერთი რამ გვაჩვენა – საპარლამენტო დემოკრატიის მიღწევა, ამ საქმეში გამოუცდელი საზოგადოებისთვის უაღრესად ჭირს. მას დრო სჭირდება, თანაც ახალი აზროვნება, დასავლური დემოკრატიის არა ზედაპირული, არამედ სიღრმისეული გაზიარება.
გადასახედია საპარლამენტო მუშაობის ვადაც, ვინაიდან პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ არჩეული პარლამენტი ნაყოფიერად წელიწადნახევარი-ორი წელი მუშაობს. დანარჩენი ორი, ერთმანეთის ჭამას და ახალი არჩევნებისთვის ქულების დაწერას ეძღვნება. გაცილებით უკეთესი იქნებოდა 2.5-3 წლის ვადით პარლამენტის არჩევა, ვიდრე 4 წლით.
საპარლამენტო ვადის შემცირება საზოგადოებას თავიდან ააცილებდა მიუღებელი პარლამენტარების სისტემატურ ხილვას ტელეეკრანებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; დაიცავდა საზოგადოებას მათი მხრიდან ბრიყვული აზროვნების თავსმოხვევისგან. 4-წლიანი უდარდელი, თანაც უპასუხისმგებლო საპარლამენტო ცხოვრება თვითდარწმუნებას იწვევს პარლამენტარში, ამასთანავე შეუცვლელობის განცდას.
რადიო „მაესტროს“ ეთერში შეკითხვაზე – არსებული პარლამენტიდან ვის ხილვას ისურვებდნენ მომავალ პარლამენტში, თითქმის ყველა რესპონდენტმა ერთხმად განაცხადა – არვის. როგორც ჩანს, დეპუტატთა ამჟამინდელი კორპუსიდან ვერც ერთმა ვერ დატოვა საზოგადოებაზე დადებითი შთაბეჭდილება. აი, რაც შეეხება უარყოფითს, უდავოდ. 2.5 წელი, 4 წელთან შედარებით, დეპუტატთა სრული გახრწნის და მანკიერი თვისებების გამოვლინების ნაკლებ შანს იძლევა. ცხადია, ყოველ 2.5 წელში არჩევნების ჩატარება მძიმე ტვირთი იქნება ქვეყნის ბიუჯეტისთვის, მაგრამ რა გაეწყობა ქვეყნის კეთილდღეობისთვის ასეთი შენაწირი აუცილებელია.
პარალელურად უნდა გადაიხედოს დეპუტატთა ხელფასებიც. საერთოდ უნდა გამოირიცხოს სახელფასო დანამატები და პრემიები. მსგავსს უნდა ჰქონდეს ადგილი აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც. ცხადია, ხელფასი უნდა იყოს ისეთი, რომ პარლამენტარმა „კრიშობისკენ“ არ გაიხედოს.
მკაცრი უნდა იყოს საპარლამენტო კანდიდატების შერჩევაც დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც განათლებასთან, გამოცდილებასთან, პროფესიონალიზმთან, განვლილი ცხოვრების პერიპეტიებთან ერთად განიხილავს ჯანმრთელობის საკითხსაც.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტის წევრთა ასაკის გაზრდა – 30 წელი და ზევით, ვინაიდან საპარლამენტო ცხოვრება კანონშემოქმედებას უკავშირდება – პრაქტიკული და თეორიული ცოდნის შერწყმას. ქორფა ასაკის პარლამენტარებს, არც თეორიული ცოდნა აქვთ და არც ცხოვრებისეული გამოცდილობა.
ან რა პრაქტიკული ცხოვრების გამოცდილება უნდა ჰქონდეს სასწავლებელდამთავრებულ ყმაწვილს? ასეთი, ცხადია, კანონს ვერ დაწერს, უფრო მეტიც პარლამენტის აპარატის მიერ დაწერილსაც ვერ გაიაზრებს. საკუთარი, მდიდარი საპარლამენტო ცხოვრებიდან გამომდინარე ვამბობ ამას და არა ზერელე დაკვირვების შედეგად.
ქვეყანას ლახვარი ჩაეცა, მაშინ როდესაც „სტრატეგიული პარტნიორის“ ბრძანებით საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა გამოცდილ კადრებზე და ქვეყნის მართვის დიდი თუ მცირე სადავეები თოთო გოგო-ბიჭებს გადასცა, რითაც ქვეყანა საექსპერიმენტო პოლიგონად გადააქცია. მარტო კომპიუტერის და ინგლისური ენის ცოდნით ქვეყანა ფონს ვერ გავა, რაც დამტკიცდა კიდეც განვლილ წლებში.
ამერიკელთა ამ „მიგნებას“ ჰქონდა ახსნა. მათ, თავიანთ თანამგზავრ ქვეყნებში ისეთი მმართველობითი კადრები სჭირდებოდათ, რომლებსაც წარსულთან არაფერი აკავშირებდათ. მათთვის მზეც და მთვარეც აშშ-ი ამოვიდოდა.
ყოფილი პარლამენტარი, თუკი მას მუშაობის 25 წლის სტაჟი აქვს, 560 ლარს იღებს თვიურად. ცხადია, ეს, ის თანხა არ არის, რითაც თუნდაც რამდენიმე დღით თავის გატანა შეიძლება – ესოდენ საგრძნობი ინფლაციის, კვების პროდუქტებზე, კომუნალურ გადასახადებზე გაძვირებული ფასების პირობებში, მაგრამ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი პენსია.
რა გაეწყობა, პარლამენტარის შრომა, გონებრივი დატვირთვა, პასუხისმგებლობა და ა.შ. გაცილებით მაღალია, ვიდრე რიგითი მოქალაქის. მას უნდა ჰქონდეს სტიმული – შესაბამისი სახელფასო ანაზღაურების, საპენსიო ასაკში მეტი პენსიის მიღების. ვერ გავიზიარებ ჟურნალისტ მაკა ხარაზიშვილის მოსაზრებას, რომელიც გაზეთ „რეზონანსში“ დაიბეჭდა, ყოფილი პარლამენტარებისთვის პენსიის შემცირების თაობაზე – „ხალხს პარლამენტის ყოფილი დეპუტატების შენახვა წელიწადში 4.5 მილიონ ლარზე მეტი უჯდება“. ყოჩაღ! მაინც, როგორ მიაგნო?! აი, ამას ჰქვია დილეტანტიზმი. მაშ, რა ვქნათ, ქალბატონო მაკა, ჩამოვაკლოთ პენსიები? იქნებ პარლამენტიც გავაუქმოთ, ვინაიდან ხალხს მისი შენახვა ძვირი უჯდება.
ჩამოკლებაზე, დასჯაზე, ჯარიმაზე ორიენტირებული საზოგადოება, მითუმეტეს ახალგაზრდობა ქვეყნისთვის სასარგებლოს ვერ შექმნის. არც ერთ ქვეყანაში პარლამენტარის შრომის, მითუმეტეს ყოფილი პარლამენტარის აუგად მოხსენიების მაგალითები ისეთი არ არის, როგორც ჩვენში. ეს, ნაწილობრივ უქნარა პარლამენტარების და მთლიანად საზოგადოების ბრალია. ამომრჩეველი სერიოზულად არ კითხულობს პარლამენტის კანდიდატთა სიას. რომ კითხულობდეს, მხარს არ დაუჭერდა იმ პარტიას, ვინც ბედოვლათი პირი ჩასვა სიაში. სამწუხაროდ ასეთები თითო-ოროლა არ არის, მაგრამ საერთო შეფასებისას ღირს მხოლოდ მათზე ყურადღების აქცენტირება? არც ერთ ქვეყანაში ყოფილი პარლამენტარი უმუშევრად არ რჩება, ყველგან ასეთს, ბიზნესსა თუ სახელმწიფო სამსახურში ფართოდ აქვს კარი გახსნილი.
პარლამენტარობა მარტო „სამარიაჟო“ საქმე არ არის, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია. ამ ინსტიტუტის დაკნინებაში ლომის წილი სააკაშვილს მიუძღვნის. მან არათუ პარლამენტარიზმი დააკნინა, არამედ ქუთაისში გადატანით ლახვარი ჩასცა მას და ქვეყნის ბიუჯეტს. და თუ რამეა სათქმელი ქვეყნის ბიუჯეტის ეკონომიისთვის, უპირველესად ის განუზომელი ხარჯებია, პარლამენტის ქუთაისში მუშაობას რომ მოსდევს. ამაზეა საჭირო ლაპარაკი და არა ყოფილ პარლამენტართა პენსიის რაოდენობაზე. ხალხს ძვირი არა მარტო პარლამენტის ქუთაისში ყოფნა უჯდება, არამედ გაურკვეველი დანიშნულების მარეგულირებელი კომისიები, გაურკვეველი სახის სამინისტროები, გაურკვეველი სახის ღონისძიებებში ფულის ფლანგვა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აქ არსებული ხელისუფლებების შენახვა და ა.შ.
სულ ახლახანს კულტურის მინისტრმა „ვარსკვლავთცვენის“ პროექტი გაგვანდო, რომელშიც ბიუჯეტი 29 მილიონ ლარს გაიღებს. რას ემსახურება პროექტი? „ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას, მისი ძალიან პოზიტიური იმიჯის დამკვიდრებას მსოფლიო არენაზე, შიდა და გარე ტურისტების ნაკადის ზრდას“.
საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული სულ ეს გვესმის – „ქვეყნის ცნობადობის ამაღლება“. ქვეყნის ცნობადობა ხელოვნურად არ მაღლდება. რაღაც ვერ ვატყობ მოსკოველ ბიზნესმენს, თურქეთში გაქცეულს, ტელმან ისმაილოვს პრესტიჟი გაზრდოდა მონიკა ბელუჩის, ჯენიფერ ლოპესის, სხვა მსოფლიო ვარსკვლავების დაბადების დღეზე მიწვევით. დღეს ის ბანკროტია. ან რუს მილიარდერ გუცერეევს, რომელმაც შვილის ქორწილზე მოსკოვში პატრიცია კაასი, ჯენიფერ ლოპესი, ენრიკე იგლესიასი, სტინგი მიიწვია, ხოლო ლონდონში გაგრძელებულში (ქორწილში), ელტონ ჯონი.
პროვინციალიზმია მსგავსი აზროვნება, თან ფულის ხარჯვა. ტურისტების მოსაზიდად ინფრასტრუქტურა და დანგრეული ქუჩების ნაცვლად, გამართული ქუჩებია საჭირო, კარგი მომსახურება, ნაკლებპესტიციდებიანი ადგილობრივი წარმოების კვების პროდუქტები, მდარე თურქულის ნაცვლად. და რაც მთავარია გამართული, სახელმწიფო პოლიტიკა, არა ის, რაც ჩვენ ირანს დავმართეთ. ხელისუფალთა წყალობით ამ ქვეყნის ტურისტების რაოდენობა, ერთ დროს საკმაოდ მაღალი, ნულს გაუტოლდა.
რუსი ტურისტებისთვის, რომლებმაც უარი თქვეს ეგვიპტესა და თურქეთზე (მიზეზთა გამო), საქართველოს ზღვისპირეთი მისწრება იქნება. აი, აქ არის საჭირო სახელმწიფოს აქტიურობა და არა ძვირად ღირებული კონცერტების გამართვაში.
რაღაც არ ჩანს EBRD-ის ღონისძიებაში გადაყრილი მილიონების მიერ მოტანილი „საქართველოს ცნობადოს ამაღლება“. აი, ამაზე უნდა გაამახვილოს ჟურნალისტიკამ ყურადღება და არა პარლამენტართა პენსიაზე. გარდა ამისა ის (ჟურნალისტიკა) უნდა გმობდეს სახელმწიფო მოხელეთა, პარლამენტართა აღვირახსნილ ცხოვრებას, მრუშობას, უცხოეთში გამუდმებულ, უმიზნო ხეტიალს, რომელიც ძვირი უჯდება ხალხს.
სწორი იყვნენ ამერიკელი კონგრესმენები, რომლებიც საქართველოს, გამსახურდიას მმართველობის დროს სტუმრობდნენ. მათ გვირჩიეს ქვეყნის განვითარების ისეთი გზა აგვერჩია, როგორიც თავის დროზე სინგაპურმა, სამხრეთ კორეამ, ტაივანმა. ამ ქვეყნებმა, „ეკონომიკურ ვეფხვებად“ წოდებულმა, ერთპარტიული სისტემით, მკაცრი ხელით და კონტროლით ისეთი სახელმწიფოები შექმნეს, რომელთა ბედს ბევრი შენატრის.
„დემოკრატია არ აქვთო“, – იტყვიან ჩვენში. არ ჰქონდათ, მაგრამ როდესაც ცხოვრება ააწყვეს, ხალხის მატერიალური დონე გაზარდეს და მიბაძვის ობიექტად იქცნენ, დემოკრატიაც დაუშვეს, მრავალპარტიული არჩევნების სახით. ამ ქვეყნების ეკონომიკური სიძლიერე, სოციალური ყოფა ისეთ დონეზეა ასული, რომ მის დანგრევას, ვერავინ შეძლებს, მათ შორის ე.წ. დემოკრატიაც.
იყო თუ არა შესაძლებელი მსგავსის გატარება საქართველოში? ცხადია, იყო, მაგრამ მაშინ, ისეთი პოლიტიკოსი უნდა გვყოლოდა, როგორიც სინგაპურელი ლი კუან იუ იყო. ბედმა აქაც გვიღალატა და ვართ ასე პირდაფჩენილი ე.წ. დემოკრატიის წინაშე.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.