გაეროს 70-ე გენერალური ასამბლეა
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 70 წლისთავის იუბილეს აღნიშნავს. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დელეგაცია იღებს მონაწილეობას გაეროს საიუბილეო ღონისძიებებში, მათ შორისაა საქართველოს დელეგაციაც, უფრო სწორად საქართველოს ორი დელეგაცია – ერთს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, მეორეს – პრეზიდენტი.
ერთი ქვეყნის 2 დელეგაციით წარდგენა გაეროში ის „ნოვაციაა“, რომელიც უდავოდ მიიპყრობს მსოფლიო ორგანიზაციისა და მასში შემავალი 193 ქვეყნის ყურადღებას. არც ის არის გამორიცხული, რომ რომელიმე მათგანმა გადაიღოს ეს „უნიკალური“ მაგალითი და შემდგომ სესიას ორი ან სამი სახელმწიფო დელეგაციით დაესწროს.
დიახ, არაფერია გამორიცხული, თუმცა რამდენად გაგებით შეხვდება ამას ქართველთა მიმდევარი ქვეყნის საზოგადოება ან პარლამენტი და დართავენ თუ არა ისინი მთავრობას სახელმწიფო ფულის ფუქსავატური ხარჯვის, უდავოდ „შესაშურ“ მაგალითს, სხვა საქმეა. მაინც რა „გონებაშეზღუდული და უსუსური“ საზოგადოება და პოლიტიკოსებია უცხოეთში, ისიც კი არ შეუძლიათ, ქართველთა მსგავსად 2 დელეგაცია აფრინონ ნიუ-იურკს.
„ზედმეტი ხარჯიაო, განა ერთს არ შეუძლია ჩანაფიქრის თქმა გაეროს ტრიბუნიდან და ორი რა საჭიროაო“, – ამბობენ „გონებადახშული“ გაეროს წევრი ქვეყნები. საბედნიეროდ, „გონებაგახსნილთა“ შორის მხოლოდ ჩვენ ვართ, რაც უდავოდ საამაყოა. საამაყოა გაეროში ორი დელეგაციის წარგზავნა – ერთობ შთამბეჭდავი, თავისი რიცხოვნობითაც.
დიდი ხელგაშლილობა გვახასიათებს, ცხადია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, თორემ პრეზიდენტი და პრემიერი საკუთარი ფულით რომ მოგზაურობდნენ, მაშინ სათქმელიც არ იქნებოდა. უნდათ და მოგზაურობენ, მაგრამ გაეროში, თანაც საიუბილეო ასამბლეაზე დუეტად, საკუთარი ხარჯებით გამოჩენაც კი უხერხულია. გაიგებს ამას საქართველოს პოლიტიკა?
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს გაეროს გენერალური ასამბლეა მომავალ წელს აღარ გაიმართება. მართალია, ის არასაიუბილეო, 71-ე იქნება, მაგრამ ხომ გაიმართება. და რახან ასეა, წელს ერთს მიეღო მონაწილეობა, მომავალ წელს – მეორეს. ორივე მოასწრებდა (ვიდრე ხელისუფლებაში არიან) ნიუ-იორკში ჩარბენას, მითუმეტეს იმის თქმას, რასაც მხოლოდ პროტოკოლისთვის აქვს მნიშვნელობა და არა რეალური საქმისთვის.
გაეროს გენერალური ასამბლეა არ არის ის ორგანო, რომელიც ოპერატიულად წყვეტს მსოფლიოს ან ამათუ იმ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. გაეროს გენერალური ასამბლეა არ არის უშიშროების საბჭო – მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ორგანო, დედამიწის ომისა და მშვიდობის ურთულესი საკითხების მომგვარებელი. სწორედ ამ ორგანოს ფუნქციონირებას ექცევა უდიდესი ყურადღება გაეროს წევრი სახელმწიფოების, განსაკუთრებით აშშ-ს და მისი თანამგზავრი ქვეყნების მხრიდან.
ყურადღების მიქცევა, უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულებას, სხვა საკითხებს რომ ეხებოდეს, მისასალმებელი იქნებოდა, მაგრამ ესოდენი ყურადღება, ცხადია კრიტიკაში გადასული, სულ სხვას ნიშნავს, სხვა მიმართულებას გულისხმობს, რომელშიც უმთავრესი, არსებულის შეცვლაა ანუ იმის, რამაც მსოფლიოს 70 წლის უომო პაუზა არგუნა.
გაეროს დაბადებიდან (1945 წელი) დღემდე არაერთ ომს ჰქონდა ადგილი, მაგრამ მათი მასშტაბები აშკარად ჩამოუვარდებოდა მეორე მსოფლიო ომისას. და რომ ეს ასეა, უდიდესი წვლილია გაეროს უშიშროების საბჭოსი და იმ სისტემის, რომელიც „დიდმა სამეულმა“ შექმნა (სსრკ, აშშ, დიდი ბრიტანეთი) და რომლის შეცვლას დაბეჯითებით ლამობენ იმ „სამეულიდან“ ორი – აშშ-ი და დიდი ბრიტანეთი.
საქმე უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი სახელმწიფოების მიერ ვეტოს გამოყენების უფლებას ეხება. 70 წლის განმავლობაში მოქმედებდა ეს წესი, რაც ნიშნავს იმას, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების კონსენსუსით შეიძლება სხდომაზე დასმული საკითხის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზოლუციის პროექტი, პროექტად დარჩება.
თუ ხუთი მუდმივი წევრიდან (აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი და საფრანგეთი) თუნდაც ერთი, პროექტის წინააღმდეგია, მას შეუძლია ვეტოს დადება, რაც ნიშნავს საკითხის ჩაგდებას.
აი, სწორედ ვეტოს გამოყენების გაუქმების წინადადებით გამოდის აშშ-ი და მისი პარტნიორი დასავლეთის ქვეყნები. გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნების რაოდენობის გაზრდას. სავარაუდო წევრად მოიაზრებენ გერმანიას, ბრაზილიას, ინდოეთს, …
უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთა რაოდენობის გაზრდა, თან ვეტოს მოხსნა გამოიწვევს აშშ-ს და მისი მოკავშირეების პოზიციების ისეთ გამყარებას, რომელიც თავისთავად წაგებული ქვეყნის მდგომარეობაში მოაქცევს სსრკ-ს მემკვიდრე რუსეთს, ხელს გაუხსნის დასავლეთს უშიშროების საბჭოზე ნებისმიერი საკითხის თავის სასარგებლოდ გადაჭრაში. რომ იტყვიან, ბრძოლა მენტალური, 70 წლის განმავლობაში გრძელდება, მაგრამ ვერადავერ გადაწყდა სწორედ იმ „ვეტოს“ გამოისობით.
„ვეტოა“ ის აქილევსის ქუსლი, რომელიც ვერ გადალახა აშშ-ა. „ვეტოა“ ის ძირითადი დასაყრდენი რუსეთისთვის და არა მარტო მისთვის, რამაც დღემდე მოიყვანა უშიშროების საბჭოს სისტემა – მიღებული „დიდი სამეულის“ მიერ.
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის პერიოდში „ანტიჰიტლერულ კოალიციაში“ გაჩნდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნის იდეა, რომლის მიზანი უნდა ყოფილიყო მსოფლიო მშვიდობის განმტკიცებისთვის ხელის შეწყობა. ეს ორგანიზაცია უნდა ყოფილიყო უფრო ეფექტიანი, ვიდრე „ერთა ლიგა“, რომელმაც ვერაფრით მოახერხა მოსალოდნელი მეორე მსოფლიო ომის შეჩერება.
„ერთა ლიგის“ კრახი გამოიწვია დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის უკუღმართმა პოლიტიკურმა კურსმა, რომელმაც ფართო ასახვა პოვა „ერთა ლიგა“-ზე. აშშ-ი არ იღებდა „ერთა ლიგის“ მუშაობაში მონაწილეობას, მაგრამ მისი პოლიტიკური კურსი არ ქმნიდა გერმანიის აგრესიული გეგმების საწინააღმდეგო ბარიერებს. უფრო მეტიც, აშშ-ს მსხვილი კაპიტალი უშუალოდ მონაწილეობდა გერმანიის სამხედრო-სამრეწველო კონცერნებში, რითაც ეხმარებოდა გერმანიას ომისთვის საჭირო იარაღის წარმოებაში.
ვეტოს საკითხი გადაწყვიტა იალტის კონფერენციამ. თვით რუზველტმა – აშშ-ს პრეზიდენტმა, წამოაყენა წინადადება, რომელიც თავიდან ბოლომდე იზიარებდა სსრკ დელეგაციის მეთაურის, სტალინის წინადადებას, რომ ომისა და მშვიდობის საკითხები უნდა გადაეწყვიტა უშიშროების საბჭოს. მანამდე ვაშინგტონი და ლონდონი ირწმუნებოდნენ, რომ ეს საკითხი გენერალურ ასამბლეას უნდა მოეგვარებინა და არა უშიშროების საბჭოს. მიზანი მათი იყო მარტივი – ასამბლეაზე მეტი მხარდამჭერის მოპოვება და საკითხის მათ სასარგებლოდ გადაწყვეტა.
რთულად წარიმართა ამ თემაზე მოლაპარაკებები, მაგრამ საბოლოო ჯამში, სტალინის შეუვალმა პოზიციამ მხარდაჭერა პოვა, აშშ-ს დელეგაციის მეთაურში პრეზიდენტ რუზველტში. საბოლოო ჯამში გადაწყდა: „გაეროს გენერალური ასამბლეა იხილავს ამათუ იმ წევრი სახელმწიფოს ან ჯგუფი სახელმწიფოების მიერ შეტანილ ნებისმიერ საკითხს, მაგრამ არ იღებს სავალდებულო გადაწყვეტილებას. ანუ მისი გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს – მისი გადაწყვეტილება სავალდებულოა, თუ ხუთივე მუდმივი წევრი მხარს დაუჭერს წინადადებას“.
1945 წლის 25 აპრილ-26 ივნისის გაეროს სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე მიღებულ იქნა სსრკ, აშშ, ინგლისის, საფრანგეთის და ჩინეთის ერთობლივი განცხადება საპროცედურო საკითხებთან დაკავშირებით. შეიქმნა მთელი რიგი სამუშაო ჯგუფები, რომლებსაც უნდა შეემუშავებინათ მსოფლიო ორგანიზაციის მუშაობისთვის საჭირო დოკუმენტაცია; გადაეწყვიტა ტექნიკური საკითხები; ემსჯელა ამ ორგანიზაციის მუდმივ შტაბ-ბინაზე და ა.შ.
გაეროს საბრძანებლად განიხილებოდა ისეთი ქალაქები, როგორებიცაა კოპენჰაგენი, ჟენევა, პარიზი, დაისვა საკითხი მონაკოს შესახებაც. ყველა, ვინც აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში, ათვითცნობიერებდა, რომ ქვეყანა, ქალაქი, სადაც განთავსდებოდა გაეროს შტაბ-ბინა, მიიღებდა უწყვეტი ვალუტის ნაკადს, უამრავი სტუმრის მომსახურების შანსს და აქედან გამომდინარე შემოსავალს, დასაქმებას და ა.შ.
შტაბ-ბინის საკითხი საბოლოოდ გადაწყდა გაეროს პირველ გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც ლონდონში 1946 წლის დასაწყისში გაიმართა. მასში 51 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობდა. ასამბლეამ მხარი დაუჭირა შტაბ-ბინის განთავსებას აშშ-ი, ხოლო აშშ-ს დელეგაციამ განაცხადა, რომ აშშ-ს ხელისუფლებამ შტაბ-ბინისთვის შეარჩია ტერიტორია ქალაქ ნიუ-იორკში. აშშ-ს ადმინისტრაციის სურვილი, სურვილად დარჩებოდა, რომ არა მილიარდერი როკფელერის ფართო ჟესტი – გაეროსთვის საჩუქრად გადაეცა მიწის ნაკვეთი მანჰეტენზე.
როკფელერის სხარტ გონებას, ანგარებაც ამოძრავებდა. მან მშვენივრად გათვალა, რომ გაეროსთვის ნაბოძები მიწის ნაკვეთს, სადაც შენობა აიგებოდა, უდავოდ დიდი პერსპექტივა ექნებოდა, ფულის სახით, განსაკუთრებით შემოგარენს, სადაც როკფელერის საკუთრებაში არაერთი ნაკვეთი იყო.
სსრკ-ს ელჩმა აშშ-ი, შემდგომში გაეროში საბჭოთა წარმომადგენელმა ანდრეა გრომიკომ როკფელერთან საუბრის დროს ხაზგასმით ახსენა, რომ შტაბ-ბინის აშშ-ში განთავსებას სტალინმა დაუჭირა მხარი. მან ისიც თქვა, რომ სან-ფრანცისკოს კონფერენციის მსვლელობის დროს კრემლიდან მიიღო დეპეშა ამის თაობაზე.
გრომიკოს განმარტებით, მოტივი მხარდაჭერისა იყო ის, რომ აშშ-ს ინტერესი ჰქონოდა საერთაშორისო საკითხებისადმი. მოსკოვს შიში ჰქონდა იმისა, რომ ვაშინგტონი თვითიზოლაციაში მოექცეოდა, რაც ხელს შეუწყობდა ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ამბიციური პოლიტიკის გაღვივებას.
ნდობა აშშ-სადმი პრეზიდენტ რუზველტის პოლიტიკით იყო გამოწვეული. ამ პიროვნებისადმი სტალინის უაღრესად დადებითი განწყობით. რუზველტი ვერ ეღირსა გაეროს სან-ფრანცისკოს კონფერენციას, ის მანამდე, მოულოდნელად გარდაიცვალა.
ვიცე-პრეზიდენტი ტრუმენი, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტი გახდა, ის პიროვნებაა, რომელმაც საბჭოთა კავშირთან ურთიერთობას დაპირისპირება ამჯობინა. სწორედ ტრუმენის პოლიტიკით, ინგლისის პრემიერ-მინისტრის ჩერჩილის ძალისხმევით, ძალაში შევიდა „ცივი ომის“ პოლიტიკა, რომელიც დღემდე გრძელდება. მართლია, არა იმ პარამეტრებით, რასაც სსრკ-ს არსებობის დროს ჰქონდა ადგილი, მაგრამ სხვა განზომილებით, სხვანაირი შემართებით, რაც დაფიქსირდა საიუბილეო 70-ე გენერალურ ასამბლეაზე.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.