27.12.2024

გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესია

გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესია რომ სირიაში მიმდინარე ომით და ლტოლვილობით დაიწყო, სულაც არ არის გასაკვირი, მაგრამ გასაკვირია სირიის საკითხებში აქტიურად ჩართული ორი დიდი სახელმწიფოს ე.წ. პარტნიორების სერიოზული დაპირისპირება.

მიმდინარე სექტემბერი ერთობ ნაყოფიერი გამოდგა სამშვიდობო მოლაპარაკებების პოზიტიურ ჩარჩოებში ჩაყენების თვალსაზრისით. პროცესს უდავოდ ხელი შეუწყო ჩინეთში „დიდი ოცეულის“ სამიტის დროს ამერიკა-რუსეთის პრეზიდენტების სააათნახევრიანმა მოლაპარაკებამ. მხარეები შეთანხმდნენ მთელ რიგ საკითხებში სირიაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში. თუმცა იყო აზრთა სხვაობაც, განსაკუთრებით სირიის ხელისუფლების, პრეზიდენტის მომავალთან დაკავშირებით.

ოფიციალური ვაშინგტონი, ისე როგორც ყოველთვის, მიუღებლად მიიჩნევს პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლებაში ყოფნას და თვლის, რომ მხოლოდ მისი ნებაყოფლობითი გადადგომა გზას გაუკაფავს მშვიდობას და შერიგების პროცესის წარმატებით ამოქმედებას.

რუსეთის პოზიცია იყო და არის ის, რომ პრეზიდენტ ასადის გადადგომა გამოიწვევს უფრო მეტ ქაოსს, განუკითხაობას, მრავალ ნეგატიურ ქმედებას, რაც არათუ დააჩქარებს შერიგების პროცესს, პირიქით გააჭიანურებს და საბოლოო ჯამში გამოიწვევს ქვეყნის ნაწილ-ნაწილ დაშლას.

ხანგრძლივი და მომქანცველი დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგად აშშ-ს სახელმწიფო მდივან ქერისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს შორის, რუსეთმა შეძლო დაერწმუნებინა ვაშინგტონი, რომ ომის მსვლელობის დროს უმაღლესი მთავარსარდლის ანუ პრეზიდენტ ასადის გადადგომა სრულიად მიუღებელია, ვინაიდან გამოიწვევს სირიის არმიასა და მოსახლეობაში იმედგაცრუებას, დეზორიენტაციას, ქაოსს, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ასადის ოპოზიციის, ტერორისტული ორგანიზაციების, მათ შორის „ისლამური სახელმწიფოს“ კონსოლიდაციას და დაწყებული ტერორისტული ომის მათ სასარგებლოდ გადაწყვეტას.

რუსეთის პოზიციას იზიარებს ირანი, ლიბანში მოქმედი ორგანიზაცია „ჰესბოლა“, ერაყის ხელისუფლება და შიიტური მოსახლეობა. ყველა დანარჩენი – დასავლეთის ქვეყნებიდან დაწყებული, ნავთობით მდიდარი არაბული ქვეყნებით დამთავრებული, არ იზიარებენ რუსეთის პოზიციას და განაგრძობენ თავიანთი პროგრამის (ასადის ჩამოგდება) განხორციელებას, რაც თავისთავად გულისხმობს სირია-ერაყში მებრძოლი ტერორისტული ორგანიზაციებისთვის, განსაკუთრებით „ისლამური სახელმწიფოსთვის“ ფინანსურ, სამხედრო, საინფორმაციო დახმარებას.

ქერი-ლავროვის მრავალსაათიანი მოლაპარაკებების დროს ყველა დეტალი იხილება, სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, ვინაიდან ერთი დღის 14-საათიანი მოლაპარაკება მარტო ერთმანეთის მოკითხვას ხომ არ მოხმარდება? ჟენევის 14-საათიანი მოლაპარაკების დროს მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაყოფენ ტერორისტულ ორგანიზაციებს „კარგებად“ და „ცუდებად“. მაგალითად, სირიაში მეომარი ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ ფილიალი „ჯებხატ ან-ნუსრა“ „ცუდია“, „ისლამური სახელმწიფო“ ცუდია, მაგრამ ზოგიერთი იქ მებრძოლი ტერორისტული ორგანიზაციები „კარგი“.

რუსეთმა რახანია ეს დაყოფა გააკეთა და ორივე ტერორისტული ორგანიზაცია აკრძალა თავის ქვეყანაში. აშშ-ც, რუსეთის ზეგავლენით ანალოგიური ნაბიჯი გადადგა, მაგრამ დანარჩენთან მიმართებაში ჯერ-ჯერობით არაფერი გაუკეთებია ანუ არ გამოურჩევია  „კარგები“, „ცუდებისგან“.

რატომ არის საჭირო ასეთი დაყოფა? უპირველესად იმიტომ, რომ ამოქმედდეს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია ტერორისტების წინააღმდეგ.

განვლილმა ერთმა წელმა დაგვანახა, რომ რუსეთის ავიაციის მიერ ტერორისტთა ტერიტორიების დაბომბვა მკაცრ კრიტიკას იწვევს ვაშინგტონში, რომელიც დაბეჯითებით აცხადებს, რომ რუსეთმა მშვიდობის პროცესის მომხრე ტერორისტები დაბომბა, სწორედ ისინი, ვინც „ისლამური სახელმწიფოს“ და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან.

რუსეთი კატეგორიულად ითხოვს აშშ-ნ გაყოს „კარგი“ და „ცუდი“, მაგრამ ჯერ-ჯერობით უშედეგოდ. ჟენევის ბოლო რაუნდზე გადაწყდა ცეცხლის შეწყვეტა მუსლიმანთა ტრადიციული დღესასწაულის განმავლობაში. შეთანხმებამ, რის ვაივაგლახით, თითზე ჩამოსათვლელი დღეები გასტანა და ცეცხლი ისევ აღსდგა.

ცეცხლის შეწყვეტას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ქ.ალეპოს მოსახლეობისთვის, გაეროს ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების თვალსაზრისით. ალეპო, ფაქტიურად მთლიანად დანგრეული, ის ქალაქია, სადაც ტერორისტები არიან გამაგრებული და ქალაქის მოსახლეობა მძევლად ჰყავთ აყვანილი. რახანია ომი ალეპოსთვის გრძელდება. სამთავრობო ჯარებმა შეძლეს ქალაქის მთელი რიგი რაიონებიდან ტერორისტთა განდევნა, ნაწილის ალყაში მოქცევა. გადაკეტეს ალეპოსკენ მიმავალი საავტომობილო გზა, რომელსაც ტერორისტები აკონტროლებდნენ.

ცეცხლის შეწყვეტა არაერთმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ გაიზიარა და ჩაბარდა სახელმწიფოს, მაგრამ „ჯებხატ ან-ნუსრას“ და „ისლამურ სახელმწიფოს“ ცეცხლი არ შეუწყვეტიათ. მათ დრო იხელთეს, გადააჯგუფეს საკუთარი ძალები, შეავსეს ახალი ჯიჰადისტებით და განახორციელეს ფართომასშტაბიანი შეტევა სირიის არმიის წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი ერთობ მძიმე დღეში აღმოჩნდა და ლამის მოპოვებული პოზიციები დათმო.

რუსულ-სირიული მხარის ლოდინი, რომ ამერიკელები მიაწვდიდნენ „ცუდი“ და „კარგი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიას, ამაო გამოდგა. ფაქტი სახეზეა – აშშ-ა ვერ ან არ შეასრულეს ჟენევაში მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი. პირიქით, ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ამერიკის ავიაციამ დაბომბა სირიის არმიის პოზიციები, რასაც 60-ზე მეტი ჯარისკაცის სიკვდილი მოჰყვა. ამერიკელებმა დასაწყისში იუარეს – ჩვენ არაფერ შუაში ვართო, მაგრამ რუსული ვიდეო-კადრების გამომზეურების შემდეგ, თქვეს, რომ შეეშალათ, რისი დაჯერება არცთუ იოლია.

და როდესაც დასავლური  მედია ერთობ თავშეკავებულად აღნიშნავდა არასასურველი ფაქტის თაობაზე, უცბათ მეორე საჰაერო თავდასხმა – ამჯერად გაეროს ჰუმანიტარული ტვირთის მატარებელ ავტოკოლონაზე. დაბომბვას 20 ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა და დასავლური მედიის ისეთი PR-ი, უარესს რომ რუსეთი ვერ წარმოიდგენდა.

ოფიციალურმა ვაშინგტონმა უმალ ხელი რუსეთ-სირიას დაადო და დამნაშავეებად გამოაცხადა – სირიის ავიაციამ დაბომბაო ავტოკოლონა, რაც არა მარტო სირიის ხელისუფლებას ადანაშაულებს, არამედ რუსეთსაც, ვინაიდან სწორედ ის აკონტროლებს სირიის საჰაერო ოპერაციებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უმალ გააბათილა ამერიკელთა მტკიცება, შესაბამისი ფაქტებით. ანალოგიურად მოიქცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვიც, რომელმაც ნიუ-იორკში, გაეროს 71-ე სესიის მსვლელობის ფარგლებში აღნიშნა, რომ რუსული ავიაცია იმ დღეს და იმ ზონაში (დაბომბვის) არ მოქმედებდა, ხოლო სირიის ავიაციას ღამის საათებში ოპერაციის განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობა არ გააჩნია. მან დაბეჯითებით განაცხადა, რომ დაბომბვა ტერორისტთა არტილერიით განხორციელდა. ასეა თუ ისე, დაბომბვას ჰქონდა ადგილი, ორივე შემთხვევაში არის მსხვერპლი, მაგრამ არ ჩანს დამნაშავე.

გაეროს სესიის გახსნის დღეს აგორებული მორიგი ანტირუსული PR-ი საყოველთაო ანტირუსული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, რაც უდავოდ უარყოფითად აისახება რუსეთის იმიჯზე. მიზანიც სწორედ ეს არის. გაეროს ტრიბუნიდან პრეზიდენტ ობამას გამოსვლაშიც ხაზგასმით იყო ნახსენები რუსეთის რევანშისტული პოლიტიკის თაობაზე და იმ აგრესიაზე, რასაც კრემლი მისი მეზობელი ქვეყნების მიმართ ახორციელებს. ობამამ მაგალითად უკრაინა მოიყვანა და თქვა, რომ უკრაინაში რაც მოხდა უკრაინელი ხალხის სურვილი იყო და არა გარედან ჩარევის შედეგი, რის შესახებაც ბევრს ლაპარაკობენ, როგორც რუსეთში, ისე სხვაგან.

ძნელია არ დაიჯერო აშშ-ს პრეზიდენტის ნათქვამი, მაგრამ თუკი ოდნავ გადაფურცლავთ გუშინდელ ისტორიას და თვალს შეავლებთ თვით ამერიკელი პოლიტიკოსების, მითუმეტეს მაღალი თანამდებობის პირების ნათქვამს, უდავოდ ობამას საპირისპირო მოსაზრება გაგიჩნდებათ. გახსოვთ ალბათ, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნულანდის განცხადება – ჩვენ უკრაინის რევოლუციის მომზადებაში 5 მილიარდი დოლარი გავიღეთო. ისიც გემახსოვრებათ, რა აქტიურობით გამოირჩეოდნენ უკრაინაში აშშ-ს საელჩოს დიპლომატები, ამერიკელი სენატორები, მაგალითად მაკკეინი, სახელმწიფო დეპარტამენტელი ნულანდი და სხვები. ფუნთუშების, მეამბოხეებისთვის ჩამორიგების ვიდეო-კადრებიც გემახსოვრებათ და სხვა მრავალიც. და ამ დროს პრეზიდენტ ობამას განცხადება – უკრაინის „რევოლუცია“ გარედან ჩარევას არ მოჰყოლიაო.

ამერიკა არის ისეთი, როგორიც არის ანუ საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადამბრალებელი, რაც ყველამ კარგად იცის, მაგრამ ისე იქცევა, როგორც ვაშინგტონს სურს. გაეროში სიტყვით გამოსვლის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა ოლანდმა სირიაში განვითარებული ტრაგედია სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს აჰკიდა და მასთან ერთად იმას, ვინც ასადს უჭერს მხარს.

ოლანდს რუსეთი არ უხსენებია, მაგრამ ყველა მიხვდა – ვის მიმართაც იყო ნათქვამი. არის თუ არა ოლანდი მარტო? ცხადია არა, ვინაიდან სირიის პრობლემა 2011 წლიდან წარმოიშვა სწორედაც დასავლეთის გაუმაძღრობის შედეგად. სირია „არაბული გაზაფხულის“ იმ ჯაჭვში შედის, რომელმაც რევოლუციური ტალღა გამოიწვია ტუნისში, ეგვიპტეში, ლიბიაში, ომი ერაყში.

ენერგეტიკული რესურსებით მდიდარი ახლო აღმოსავლეთი ყოველთვის იზიდავდა აშშ-ს და მის პარტნიორ ევროპულ სახელმწიფოებს. ბრძოლა ნავთობისა და გაზისთვის იყო, არის და იქნება დასავლეთის ქვეყნების უმთავრესი პრიორიტეტი, ვიდრე გაზსა და ნავთობს სერიოზული კონკურენტი არ გამოუჩნდება. მზის და ქარის ენერგია, ისევე, როგორც ფიქალური ან ციტრუსული წარმოშობის საწვავი ჯერ-ჯერობით სერიოზულ კონკურეციას ვერ უწევს გაზსა და ნავთობს.

უახლოეს მომავალში ვითარება არ შეიცვლება ისე, როგორც დასავლური პოლიტიკა. ბაშარ ასადი იყო და არის ის პოლიტიკოსი, რომელიც წინ აღუდგა დასავლეთს და პასუხად მიიღო ტერორისტული ომი, წახალისებული სწორედაც „დემოკრატიული“ დასავლეთიდან.

2011 წლიდან დაიწყო სირიაზე შეტევა. ქვეყანა უზარმაზარ ნანგრევებად იქცა. მილიონობით ლტოლვილმა მეზობელ თურქეთს, სხვა ქვეყნებს შეაფარა თავი. ომის დამთავრებას ბოლო არ უჩანს. შიგადაშიგ მიმქრალ გამონათებას მაინც აქვს ადგილი – ჟენევის მოლაპარაკების მსგავსად, მაგრამ ეს მბჟუტავი იმედიც უცბათ ქრება, ისე, როგორც ჟენევის ბოლო მოლაპარაკება ჩაქრა.

ნიუ-იორკში ამ მბჟუტავ სინათლეს თითქოს სულს უბერავენ და ცდილობენ მის გაღვივებას. შეძლებენ თუ არა, ძნელი სათქმელია, ვინაიდან იმ სულის ბერვასაც ძალა სჭირდება – სიმართლის ძალა, რაც დასავლეთს არ გააჩნია.

როდესაც ყოვლისშემძლე ამერიკა ერთი წლის განმავლობაში ვერ დაადგენს, ვინ არის „კარგი“ და „ცუდი“ ტერორისტი, რა მოლაპარაკებაზეა ლაპარაკი?! მოლაპარაკება ფიქცია და დროის გაყვანაა – ასე თვლიან ექსპერტები.

ობამას ადმინისტრაცია იანვარში დაამთავრებს თავის მოღვაწეობას. იქნება ახალი პრეზიდენტი და ახალი ადმინისტრაცია, ახალი პოლიტიკა. ობამას დრო გაჰყავს და ცდილობს მთლად შერცხვენილმა არ დასტოვოს თეთრი სახლი. ობამას 8-წლიანი მოღვაწეობა თავდება. თუ რით იყო გამორჩეული მისი პრეზიდენტობა, ამ სტატიის თემა არ არის. მას მომავალში განვიხილავთ, მანამდე კი დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ობამას პრეზიდენტობამ ამერიკას და მსოფლიოს მისცა ის, რაც ყველა მისმა წინამორბედმა –  ნეგატიური ან უფრო ნეგატიური.

ობამამ მოახერხა, რუსეთთან ურთიერთობის მკვეთრი გაუარესებით, მსოფლიო ვითარების ზედმიწევნით დაძაბვა, რითაც ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა ჰილარი კლინტონს, თუკი ის გაიმარჯვებს არჩევნებში. კლინტონს აღარ დასჭირდება ანტირუსული ნიადაგის შექმნა. ის ობამამ შექმნა, მანამდე – ობამას წინამორბედმა. კლინტონი აღნიშნულ ნეგატივს თავისას დაუმატებს და მსოფლიო გაათკეცებულ დაძაბულობას მიიღებს. რაც შეეხება ტრამპს, მისი გაპრეზიდენტება ახალი სიტყვა იქნება ამერიკის პოლიტიკაში. უნდათ კი ასეთი აშშ-ს პოლიტიკურ ელიტას?  ეჭვი მეპარება.

ობამას პრეზიდენტობამ დიდი თავსატკივარი გაუჩინა ახლო აღმოსავლეთს და მსოფლიოს, განსაკუთრებით ლტოლვილების სახით. ხანგრძლივ საომარ მოქმედებას, გამოწვეულს დასავლეთის პოლიტიკით, ახლავს კონფლიქტში ჩართული ქვეყნების მოსახლეობის მკვეთრი მიგრაცია. მათი უმრავლესობა ევროპისკენაა დაძრული – ზოგი ნავით, ზოგიც ფეხით, სახიფათო გზით და შესაბამისი მსხვერპლით. მარტო მიმდინარე წელს 7000 ლტოლვილი მიიბარა ხმელთაშუა ზღვამ.

ლტოლვილობამ სერიოზული განხეთქილება გამოიწვია ევროკავშირის ქვეყნებში, რამაც საფრთხის წინაშე დააყენა თვით ამ კავშირის სტაბილურობა და არსებობა.

ყოველივე აღნიშნული ცხადია მარტო ერთი ობამას პოლიტიკის შედეგი არ არის. ის მთელი დასავლეთის მზაკვრული პოლიტიკის შედეგია. რას გამოიწვევს ასეთი პოლიტიკა? რა შედეგს მოიტანს, გულთმისნობა, დიდი წინასწარმეტყველება არ სჭირდება.

მსოფლიო პოლიტიკას – დაპირისპირებისკენ მიმართულს და აგრესიულს, შეცვლა სჭირდება. შეცვლას, შემცვლელი, უფრო სწორად შემცვლელები, რომელთა დეფიციტი აშკარაა. მათ გარეშე კი ახალი პოლიტიკის წარმოშობა შეუძლებელია. უნდა ვიმედოვნოთ, რომ საღი აზრი თავისას გააკეთებს და ძალადობაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ვითარებას ტრანსფორმაციისკენ უბიძგებს.

    ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.