აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

2016 წლის 8 ნოემბერი უდავოდ შევა მსოფლიო ისტორიაში, როგორც მანამდე არსებული მსოფლიო პოლიტიკური სისტემის გარდაქმნის დასაწყისი. აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის, მილიარდერი დონალდ ტრამპის საარჩევნო ტრიუმფმა ცივი შხაპივით იმოქმედა არა მარტო აშშ-ს პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის ნაწილზე, არამედ მსოფლიოს ქვეყნების პოლიტიკოსებზე და საზოგადოებაზე. ყველა ისინი წამითაც არ უშვებდნენ ტრამპის გამარჯვებას, ვინაიდან მიიჩნევდნენ, რომ გამოცდილი პოლიტიკოსის, ჰილარი კლინტონის, ფონზე ტრამპი უსუსურად გამოიყურებოდა.

წელიწადნახევრის განმავლობაში ტრამპმა დაუმტკიცა აშშ-ს საზოგადოებას, რომ შემთხვევითი, ხელწამოსაკრავი ფიგურა არ არის; რომ მისი ხედვები აშშ-ს საშინაო და საგარეო პოლიტიკისადმი ახალი სიტყვაა, თან გულწრფელი, ყოველგვარ ქამელეონობას მოკლებული. სწორედ, თავისი გულწრფელობით, გახსნილი ხასიათით და თანმიმდევრული წინასაარჩევნო კამპანიით ტრამპმა იოლად გადალახა პრეზიდენტობის მსურველი „რესპუბლიკური პარტიის“  წარმომადგენელთა ბარიერი, ხოლო შემდეგ, აშშ-სთვის უდავოდ უპრეცედენტო ბრძოლაში, დიდი უპირატესობით დაამარცხა „დემოკრატი“ ჰილარი კლინტონი.

ტრამპის განცხადებას პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლაში ჩართვასთან დაკავშირებით აშშ-ს ისტებლიშმენტი დაცინვით შეხვდა. მისი აზრით, ტრამპის სურვილიც კი არასერიოზულად ჟღერდა, არათუ მისი მოღვაწეობა „თეთრ სახლში“.

ტრამპს ლანძღავდა ყველა პრაიმერისის დროს, მასხრად იგდებდნენ მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ისე, როგორც მის ხედვას ქვეყნის პოლიტიკასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებით. ტრამპი კი, მიუხედავად ძლიერი შემოტევებისა, როგორც საკუთარი „რესპუბლიკური პარტიის“, ისე „დემოკრატთა“ მხრიდან იგერიებდა დარტყმებს და აგრძელებდა გზას. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობაზე, პარტიის ბობოლა წევრები გეგმავდნენ  ტრამპის ნაცვლად სხვა „რესპუბლიკელისთვის“ მხარის დაჭერას და „დემოკრატთა“ რჩეულის წინააღმდეგ იმ სხვის დაყენებას. და ეს ხდებოდა პრაიმერისში გამარჯვებული ტრამპის მიუხედავად.

ანტიტრამპული კამპანია განსაკუთრებით საარჩევნო მარათონის ფინიშის სწორზე გახურდა და თან ისე, ყოველგვარი ეთიკური ნორმები რომ არაფრად ჩააგდო. სწორედ ამან ათქმევინა ბევრს, როგორც აშშ-ი, ისე მსოფლიოში – არჩევნები გამოირჩეოდა სიბინძურით, ცილისწამებით, ლანძღვა-გინებით. ყოველივე ნეგატიურით, რაც კაცობრიობამ, მისდა სავალალოდ შეიმუშავა მსგავსი დაპირისპირების დროს.

ამერიკის ისტორიაში ასეთ სიბინძურეს ადგილი არ ჰქონია, ისე, როგორც ადგილი არ ჰქონია ქვეყნის პოლიტიკური ელიტის, მედიის, ექსპერტების, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლების, ქალების დაპირისპირებას პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპთან.

ანტიტრამპულ კამპანიას სათავეში მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მიშელი ჩაუდგა, რაც აშშ-ს ისტორიისთვის უჩვეულო რამ იყო. აშშ-ს კანონმდებლობა არ კრძალავს მოქმედი პრეზიდენტის, პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდაჭერას, მაგრამ, როგორც წესი პრეზიდენტი ნეიტრალურ პოზიციას ირჩევს. ასე იყო განვლილი ისტორიის მანძილზე, 2016 წლამდე. 2016 წელს ეს დაუწერელი კანონიც დაირღვა კლინტონის სასარგებლოდ. მოქმედი პრეზიდენტი ობამა ისე გადაეშვა საარჩევნო პროცესში, თითქოს ის იყრიდა კენჭს პრეზიდენტობისთვის.

პრეზიდენტობის კანდიდატ კლინტონთან ერთად, პრეზიდენტის თვითმფრინავით, ქვეყნის შტატებში ჩასვლა, ფართომასშტაბიან სახალხო შეკრებებზე სიტყვით გამოსვლა და ხალხის მოწოდება – მხარი დაუჭიროს კლინტონს, როგორც გამოცდილ პოლიტიკოსს, წინ აღუდგეს „შავ ძალას“ ტრამპის სახით, უდავოდ ჰქმნიდა  „რესპუბლიკელთა“ კანდიდატის სრული განადგურების შთაბეჭდილებას.

რა არ იკადრეს ტრამპის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებმა, მათ შორის პრეზიდენტმა ობამამ ტრამპის გასაშავებლად: უვიცი, ექსცენტრული, გარყვნილი, გადასახადების არ გადამხდელი, არასერიოზული, პოლიტიკოსობისთვის, მითუმეტეს პრეზიდენტობისთვის სრულიად შეუფერებელი, რუსეთის პრეზიდენტის პუტინის აგენტი და სხვა მრავალი.

რუსეთის და პუტინის თემა მუდამ თან სდევდა „რესპუბლიკელთა“ კანდიდატს იმ დღიდან დაწყებული, როდესაც მან შეაქო პუტინი და სურვილი გამოთქვა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დასამყარებლად. წელიწადნახევრის განმავლობაში ტრამპს აბრალებდნენ რუსეთის აგენტობას, პუტინთან კავშირების ქონას. ტრამპი კი თავისას გაიძახოდა – რუსეთთან ახალი ურთიერთობები უნდა დამყარდესო.

ტრამპს ლანძღავდნენ, როგორც შინ, ისე გარეთ – აშშ-ს მოკავშირე ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები. ისინიც, ისე, როგორც ამერიკელი კოლეგები, ქოქოლას აყრიდნენ ტრამპს. ანტიტრამპულმა კამპანიამ ზენიტს არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში მიაღწია, რამაც შექმნა კლინტონის გამარჯვების ცრუ შთაბეჭდილება.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ჰილარი კლინტონის გამარჯვებას წინ აღარაფერი ედგა, მაგრამ მოხდა ის, რაც ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. გაიმარჯვა ტრამპმა – გალანძღულმა, შეურაცხყოფილმა, თავსლაფდასხმულმა, ფეხქვეშგათელილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა. გაიმარჯვა დამაჯერებლად, ამერიკელი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი რაოდენობის წყალობით – ამომრჩევლის, რომელიც იშვიათად თუ იღებს მონაწილეობას არჩევნებში ან საერთოდ არ იღებს, ვინაიდან მას დაკარგული ჰქონდა აშშ-ს ისტებლიშმენტის იმედი. ტრამპში მან იცნო ის პიროვნება, რომელიც მის გულისნადებს ეხმიანებოდა.

ვინ დაუჭირა მხარი ტრამპს? – აშშ-ს თეთრკანიანი მოსახლეობის საშუალო ფენამ, რომელმაც აშშ-ს ცუდი საშინაო პოლიტიკის წყალობით, საშუალო ფენიდან ქვევით გადმოინაცვლა – საკუთარი მდგომარეობის გაუარესებით.

ტრამპს მხარი დაუჭირა კონსერვატიულმა ამერიკამ, რომელსაც მობეზრდა გლობალიზაციაზე ლაპარაკი, ქვეყნის ჰეგემონიზმი, ომები, უმუშევრობა, მოჭარბებული ლიბერალიზმი, ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ლგბტ-ს ჯირითი, რწმენის და ეკლესიის შეურაცხყოფა, ტერორიზმის საფრთხე და სხვა მრავალი ნეგატიური, რასაც წლების განმავლობაში აშშ-ს პოლიტიკა და ადმინისტრაცია პოზიტიურად ხატავდა. ამ ამომრჩეველმა ტრამპი იმ ლიდერად იგულა, რომელსაც ძალა შესწევს იბრძოლოს ამერიკისთვის, მისი კეთილდღეობისთვის ზემონახსენები მანკიერებების ალაგმისთვის.

რას ნიშნავს ყოველივე ზემოთქმულის წინააღმდეგ ბრძოლა?

მარტივად რომ ვთქვათ, მსოფლიო პოლიტიკური სისტემის შეცვლას, კარდინალურ გარდაქმნას, რევოლუციას. ამიტომაც იყვნენ დაღვრემილი გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, სხვა ქვეყნების ლიდერები, ტრამპისთვის გამარჯვების მილოცვის დროს. მათთვის ტრამპის გამარჯვება ისეთი ცხოვრების დასაწყისია, მიუღებელი რომ ჰქვია. ასეთ დროს პოლიტიკას ტოვებენ, თუმცა საკუთარ ქვეყნებში პოლიტიკაშერყეულ, იმიჯშელახულ ოლანდს, მერკელს, სხვებს ისედაც დიდი პოლიტიკური დღე არ აქვთ დარჩენილი და მომავალ არჩევნებს გარდაუვალი მარცხით შეხვდებიან.

მსოფლიო პოლიტიკოსებიდან ყველაზე კარგ პოზიციაში რუსეთის პრეზიდენტი პუტინია და რატომ? – უპირველესად იმიტომ, რომ პუტინისა და ტრამპის პოლიტიკური ხედვები თანხვდება ერთმანეთს. ტრამპი ამბობს იმას, რაც პუტინმა მრავალი წლის წინ თქვა მიუნხენში. მაშინ გადაიკიდა მან ამერიკა-ევროპა. იგივე გაიმეორა პუტინმა გასულ წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

შეგახსენებთ მის ნათქვამს – რა გააკეთეთ?!

ეს, ერთად აღებული დასავლეთის მიმართ იყო ნათქვამი. იმ დასავლეთის, რომელმაც ომები წამოიწყო ერაყში, ავღანეთში, ლიბიაში, სირიაში, უკრაინაში, რითაც გააჩინა ლტოლვილობის დაუძლეველი პრობლემა, ტერორიზმი, შიში, უნდობლობა, იარაღის ჟღარუნი, ეკონომიკურ-ფინანსური კრიზისი.

ტრამპი არის ის პოლიტიკოსი, რომელიც ადანაშაულებს ადმინისტრაციას სირიისთვის, ერაყისთვის, ლიბიისთვის, ავღანეთისთვის, უკრაინისთვის, ტერორიზმისთვის, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებისთვის.

ტრამპი ის პოლიტიკოსა, რომელიც თვლის, რომ ნატო ანაქრონიზმია. ორგანიზაცია, რომელიც საბჭოეთის საპირისპიროდ შეიქმნა – აღარ უნდა არსებობდეს, ვინაიდან არ არსებობს საბჭოთა კავშირი. თუ ნატო იარსებებს, მაშინ ნატოს ყველა წევრმა უნდა გადაიხადოს შესაბამისი საწევრო საკუთარი ეროვნული პროდუქტის 2%. ნატოს წევრები თუ არ გაითვალისწინებენ ამას, აშშ-ი გავა ნატოდან.

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ა თავი არ უნდა გაწიროს ნატოს წევრი ბალტიისპირა ქვეყნებისთვის. მას მიაჩნია, რომ აღნიშნული ქვეყნების პროვოკაციულ პოლიტიკას შეიძლება მოჰყვეს აშშ-რუსეთის სამხედრო დაპირისპირება, რაც მიუღებელია ამერიკისთვის.

ტრამპის  განცხადებით, პატარა ჩერნოგორია ანუ მონტენეგრო ვერ იქნება აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი, ვერც სამხედრო თვალსაზრისით და ვერც ეკონომიკური პარამეტრებით – დაპირისპირების (რუსეთთან) თვალსაზრისით კი უდავოდ შეიძლება გადაიქცეს.

ტრამპი ხელმომჭირნე ბიზნესმენია და ალბათ ასეთი პოლიტიკოსიც, ვინაიდან თვლის, რომ აშშ-ს განუზომელი რაოდენობის სამხედრო ბაზები აქვს მსოფლიოში, რაშიც 127 მილიარდ დოლარს ხარჯავს. განსაკუთრებით ხაზი გაუსვა აშშ-ს ბაზებს იაპონიაში. მან თქვა, რომ იაპონიამ თვით უნდა დაიცვას თავისი თავი და არა აშშ-ს დახმარებით. ტრამპმა აღნიშნა აშშ-ს ვალის შესახებ – 20 ტრილიონი დოლარი, რომლის გასტუმრება არცთუ იოლი იქნება და თუ ამას მოახერხებს მხოლოდ ხარჯების შემცირების გზით.

ტრამპის მიერ ნათქვამის შესახებ მუდამ ნეგატიური მოსაზრებები ჟღერდებოდა. დღეს სხვა ვითარებაა. ის პრეზიდენტია. და თუ საკუთარი დანაპირების ნახევარს მაინც შეასრულებს, მსოფლიო პოლიტიკაში ცუნამის მსგავს რყევას ექნება ადგილი, რაც თავისთავად იმოქმედებს ჩვენს ქვეყანაზეც.

მოდით ასე დავსვათ კითხვა – კარგი იქნება თუ არა ჩვენთვის ტრამპის პრეზიდენტობა?

კითხვას ასე პირდაპირ იმიტომ ვსვამ, რომ ანალოგიური ისმის ქართულ საზოგადოებაში. საქართველოს საზოგადოებამ არ იცის საშუალო, მან მხოლოდ კარგი ან ცუდი იცის. არადა, პოლიტიკა ისეთი რამ არის, გადაჭრით რაიმეს თქმა გაჭირდება, მაგრამ მაინც შევეცდები (ცხადია არა გადაჭრით) ჩემი აზრის გამოხატვას. განცხადებები, რომლებიც ტრამპმა წლინახევრის განმავლობაში გააკეთა მომავალ პოლიტიკასთან დაკავშირებით, დიდი ვერაფერი დამამშვიდებელია. ავიღოთ თუნდაც ნატოში გაწევრიანება. ტრამპს, რომელიც ნატოს მიმართ ნეგატიურ მოსაზრებას ამზეურებს, არც მისი გაფართოების სურვილი ექნება.

ტრამპი წინააღმდეგია ამერიკა-ევროკავშირის სავაჭრო-თავისუფალი ზონის შექმნის, რაც თავისთავად მეტყველებს ევროკავშირთან კარდინალურად განსხვავებული პოლიტიკის წარმოებას, ეს კი თავისთავად შეაფერხებს ბრიუსელის აღმოსავლურ ექსპანსიას, ეჭვის ქვეშ დააყენებს ჩვენსა და ევროკავშირს შორის დადებულ „ასოცირების ხელშეკრულებას“, საერთოდ აღნიშნული ორგანიზაციის დღევანდელ პარამეტრებში არსებობას.

ტრამპის განცხადება უკრაინის, ბალტიისპირეთის, მონტენეგროს მიმართ ჩვენზე უნდა გადმოვიტანოთ ანუ უნდა მივხდეთ, რომ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას ისეთი ურთიერთობა აღარ ექნება ყველა აღნიშნულ ქვეყნებთან და მათ შორის საქართველოსთან, როგორიც ჰქონდა „დამოუკიდებლობის“ დღიდან დაწყებული.

აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ამბობს – ყველამ მიხედოს თავის თავს. უკრაინაში ამერიკას არაფერი ესაქმება.

თუ უკრაინაში არაფერი ესაქმება, საქართველოში ესაქმება?

რაც მთავარია, ვაშინგტონი შეცვლის პოლიტიკას, ცხადია დადებითობისკენ, რუსეთთან მიმართებაში, რაც თავისთავად გამორიცხავს რუსეთის გაღიზიანებას უკრაინით, საქართველოთ, ბალტიისპირა ქვეყნებით. საქართველო კარგავს იმ ფუნქციას, რომელიც აშშ-ა გვარგუნა მაშინ, როდესაც მისი პოლიტიკა კრემლის მიმართ იყო ანტაგონისტური. თუ ეს პოლიტიკა შეიცვლება, და უდავოდ შეიცვლება, ვინაიდან ასე სურს ტრამპს, საქართველო უფუნქციოდ რჩება.

საქართველომ დამოუკიდებლად უნდა აწარმოოს თავისი პოლიტიკა, ცხოვრება, რაც ერთობ რთული საქმე იქნება – საკადრო ცვლილებების განხორციელების შემთხვევაშიც კი შეუძლებელი. 25 წელი საქართველო მუქთახორულ ცხოვრებას არის მიჩვეული. ასე ასწავლა მას აშშ-ა. მისი იმედით ვცხოვრობდით დღემდე. მას შევციცინებდით თვალებში. მის სიტყვას ვასრულებდით უყოყმანოდ. როგორც ჩანს, უკანალში ძრომის ეპოქა სრულდება, რაც გვაიძულებს სხვაგვარ მოქმედებას, სხვაგვარი პოლიტიკისკენ გვიბიძგებს. ამ თვალსაზრისით, ის გზა გვრჩება, რუსეთისკენ მიმავალი რომ არის.

ამერიკა-რუსეთის დაახლოების შემთხვევაში ყველა შეეცდება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. ამ ყველაში ჩვენც ვართ, მაგრამ ვისი მეშვეობით?

მხედველობაში ე.წ. ქართველი პოლიტიკოსები მყავს. საქართველოში უამრავი პარტიაა, მაგრამ პოლიტიკოსთა დიდი დეფიციტია, რაც აშშ-ს დამსახურებაა. მას არ სურსდა ქართული პოლიტიკა. მას დამჯერი თინეიჯერები სურდა ხელისუფლებაში. ასეთებს პოლიტიკოსობას ვერ დასწამებ.

საქართველოს არ ჰყავს თუნდაც ერთი პოლიტიკოსი, რომელიც ჯეროვან დონეზე მოილაპარაკებს რუსეთთან ან ახალ ამერიკასთან. თუ როგორი პოლიტიკოსები ჰყავდა და ჰყავს, კარგად აღწერა ცხონებულმა ეროსი კიწმარიშვილმა თავის ვრცელ სტატიაში, რომელიც დაიბეჭდა „ლიტერატურულ საქართველოში“ – ბიჭ-ბუჭების ხელისუფლება, უვიცთა, ამბიციურთა, მწამებელთა თავშეყრის ადგილი.

ის, რასაც ეროსი წერს, განა არ იცოდა აშშ-ა. იცოდა, მაგრამ ისეთი საქართველო უნდოდა – გადაგვარებული, ტრადიციებდაკარგული, საკუთარის მაგინებელი, რუსის მლანძღავი, უსაქმური. ერთი სიტყვით, სწორედ ისეთი, როგორსაც ალენ დალესი ისურვებდა.

ამ ამერიკელი მაღალჩინოსნის დოქტრინა დედის რძესავით შეარგეს საქართველოს ახალგაზრდებს და გადაგვარების იმ ზომამდე მიიყვანეს, საიდანაც შემობრუნება გაჭირდება. არადა, ახალი დროება რომ სხვას მოითხოვს – საკუთარ შრომას, გარჯას, ჭკუის განძრევას?

არ მითხრათ – ჩვენში ბევრია ნიჭიერი, ჭკვიანი ადამიანი. თუ მართლაც არიან, რატომ ვართ ასე ცუდად? რატომ ვერ ვარჩევთ მტერსა და მოყვარეს? რატომ ვცდილობთ სხვის ხარჯზე ცხოვრებას? რატომ გვგონია, რომ „ღმერთის წილხვედრი“ ვართ და მუდამ სხვამ უნდა გვიპატრონოს?

მავანი შემედავება – ასეთები არ ვართო. კეთილი, თუ ასეთები არ ვართ, რატომ ვცხოვრობთ ცუდად?

    ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.