19.07.2024

ახალი „ცივი ომი“?

ბატონ გურამ გოგიაშვილს

ელვის სისწრაფით ვითარდება მოვლენები. დღე ისე არ ჩაივლის, მსოფლიო მნიშვნელობის ერთმა თემამ, მეორე არ ჩაანაცვლოს. ძნელია რომელიმეს ჯეროვანი ყურადღება არ დაუთმო, ვინაიდან ყველა ჩვენგანს ეხება. ის-ის იყო სირიის დედაქალაქ დამასკოს გარეუბან გუტაში მიმდინარე ომი ლამის მთელი მსოფლიოს, განსაკუთრებით – გაეროს უშიშროების საბჭოს მწვავე განხილვის თემა, ვაშინგტონ-მოსკოვს შორის ახალი დაპირისპირების საგნად არ იქცა, რომ სხვამ იჩინა თავი, რომელმაც არათუ პოლიტიკით დაკავებულთა, არამედ პოლიტიკიდან შორს მყოფთა ყურადღება მიიპყრო.

სხვაგვარად არც შეიძლება ყოფილიყო, როდესაც ერთი ქვეყნის, სუპერად წოდებულის ლიდერი საზოგადოებას უმხელს ახალი ბირთვული იარაღის შექმნას და არათუ შექმნას, არამედ ქვეყნის სადარაჯოზე განლაგებას.

2018 წლის 1 მარტი რომ მსოფლიო ისტორიაში მტკიცედ დაიმკვიდრებს ადგილს, როგორც მეორე „ცივი ომის“ დაწყების თარიღი, ნაკლებად საეჭვოა, თუმცა პირველ მარტამდეც არ იყო მშვიდი ვითარება. პოლიტიკური ფორიაქის მიზეზი ბევრია, მათ შორის  მსოფლიო პირველობისთვის ბრძოლა, რომელიც თავისთავად იწვევს აკრძალული ილეთების გამოყენებას, თუმცა პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება ასეთს არ მიმართავს.

ერთია, როდესაც აკრძალული წესებით გსურს ფონს გასვლა და მეორეა, როდესაც სხვებს, ამ შემთხვევაში შენს მოკავშირეებს აიძულებ ისევე მოიქცნენ, როგორც შენ – დაგიჭირონ მხარი სხვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღებაში; ნება დაგრთონ განალაგო შენი სარაკეტო სისტემები ე.წ. მოკავშირეების ტერიტორიებზე; ასევე, სხვისი დაშანტაჟების მიზნით, იმ შენს მოკავშირეებს პერმანენტულად აძახებინო, რომ მათ ტერიტორიებზე შენი სარაკეტო სისტემების განლაგება მათივე უსაფრთხოებისთვის, მათივე მოთხოვნით ხდება.

პირველობისთვის ბრძოლაში რა არ გამოიყენა აშშ-ა – ეკონომიკური სანქციებიდან დაწყებული, სამხედრო უპირატესობის მოპოვებით დამთავრებული. გარდა ამ ორი მთავარი საკითხისა, იყო სხვაც, შეტევები სპორტის, კიბერუსაფრთხოების, მედიის, განათლების, სხვა დარგებშიც – ერთობ გამაღიზიანებელი და დამთრგუნველი იმ მეტოქისთვის, რომელსაც ვითომ არაფრად აგდებ, განუვითარებელ, ჩამორჩენილ ქვეყნად მიიჩნევ, სინამდვილეში კი ერთ-ერთ თუ არა ერთადერთ მოწინააღმდეგედ თვლი. ეს, რომ ასე არ იყოს, აუარება ფულს არ დახარჯავდი მისი საზღვრების სიახლოვეს, ე.წ. მოკავშირეების ტერიტორიებზე მძიმე სამხედრო ტექნიკისა და სამხედრო პერსონალის განლაგებაში.

რომ იტყვიან – მოთმინებასაც აქვს საზღვარი და 1 მარტს მოთმინების ფიალის ამოწურვა აუწყა მსოფლიოს (განსაკუთრებით აშშ-ს) რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა. ამ დღეს, ის წარსდგა რუსეთის დუმის და ქვეყნის წინაშე გაწეული მუშაობის ანგარიშით და სამომავლო გეგმებით.

თითქმის 2-საათიანი მიმართვა აღსავსე იყო შთამბეჭდავი ეკონომიკური თუ სოციალური ხედვებით, სამომავლო პროგრამებით და ამოცანებით. არ დარჩენილა არც ერთი ცხოვრებისეული საკითხი, მათ შორის უმწვავესი, ჯერაც განუხორციელებელი, რუსეთის პრეზიდენტი რომ არ შეხებოდა. მისი მიმართვა იყო გათვლილი მინიმუმ მომავალ ექვს წელზე, თუკი მას აირჩევდნენ პრეზიდენტად. ამაში კი არც რუსეთში და არც სხვაგან ეპარებათ ეჭვი.

ეკონომიკა, ცხოვრებისეული საკითხები, სოციალური ყოფა, ხალხის კეთილდღეობა და რაც მთავარია ამ ყველაფრის შესრულების შედეგად სიცოცხლის ხანგრძლივობის თამასის 80 წლამდე აწევა, ისე, როგორც იაპონიაში ან გერმანიაში. ეს არის მთავარი მიზანი, რომლის შესრულება, პუტინის მიხედვით და წარმოდგენილი გეგმებით, სრულიად შესაძლებელია, მაგრამ ყოველივე ამისთვის საჭიროა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ისეთ დონემდე გაზრდა,  „რომ, რუსეთის მიწები ვერავინ, ვერასდროს მიიტაცოს“.

პუტინმა ფედერალურ საბჭოს სტრატეგიულ-სარაკეტო შეიარაღების გეგმა წარუდგინა, რომელმაც ფაქტიურად გააქარწლა აშშ-ს მიერ მილიარდობით გადაყრილი ფული ანტირუსული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შქმნაში, რომელთა განლაგება მიმდინარეობს რუმინეთ-პოლონეთში.

„თანამედროვე სისტემის შეიარაღების განვითარების ყველაზე მთავარ ეტაპად იქცა მაღალი სიზუსტის, ჰიპერხმოვანი საჰაერო-სარაკეტო კომპლექსის შექმნა. მას ანალოგი არ ჰყავს მსოფლიოში. მისი გამოცდა წარმატებით დასრულდა“, – განაცხადა პუტინმა.

პრეზიდენტის გამოსვლას თანახლდა მის ზურგსუკან, ეკრანზე, ახალი იარაღის დემონსტრირება. აქ არ შევუდგები ამ იარაღის პარამეტრების აღწერას, ვინაიდან ამაზე ბევრი დაიწერება და ითქმება, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ის, რაც ეკრანზე ვიხილეთ – ახალი სიტყვაა ბირთვულ შეიარაღებაში, თანაც ისეთი, რევოლუციური რომ ჰქვია.

ამ იარაღის მსგავსი მსოფლიოში არ არსებობს და კარგა ხნის განმავლობაში არ იარსებებს. თუ ვინმე შექმნის, ვთქვათ აშშ-ი, რუსები ხომ ხელდაკრეფილები არ იქნებიან?! ისინი ხომ გააგრძელებენ მასობრივი განადგურების იარაღის დახვეწას?!

პუტინის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, მეტადრე 5 სახეობის ახალი სარაკეტო სისტემის დემონსტრირებამ, რომელთათვის არაფერია ამერიკული ანტისარაკეტო „ქოლგის“ დაძლევა ან გვერდის ავლა, თან ულიმიტო მანძილზე ბგერის სისწრაფეზე 5-10-ჯერ სწრაფად ფრენა, უდავოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რაზეც უცხოელი ჟურნალისტების, ექსპერტების, პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებებიც მეტყველებს.

„ჩვენ აქამდე არავინ გვისმენდა. მოგვისმინეთ ახლა.“ – თქვა პუტინმა. და მართლაც რუსეთს, საბჭოთა კავშირის მემკვიდრეს, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით გაპარტახებულს, ვინ მოუსმენდა?

დასავლეთს, უპირველესად აშშ-ს, მხოლოდ ის ჰქონდა მიზნად რუსეთის იმჟამინდელ ხელისუფლებას მოესმინა მისთვის და უყოყმანოდ შეესრულებინა ვაშინგტონელთა დავალებები. ყოველივე აღნიშნულს პუტინის გაპრეზიდენტებამდე ჰქონდა ადგილი.

შემდეგ კი იყო ბრძოლა დაქცეული რუსეთის ფეხზე წამოსაყენებლად; მსოფლიოში დაკარგული სახის აღდგენისთვის ბრძოლა, სამხედრო მშენებლობის ისეთ დონეზე წარმართვა, როგორიც შეეფერებოდა ტერიტორიითა და წიაღისეული სიმდიდრეებით, განსწავლული ადამიანური რესურსებით მდიდარ ქვეყანას.

პუტინმა ეს შეძლო. შედეგი – განსაკუთრებით სამხედრო მშენებლობაში, თვალშისაცემია და რახან ასეა, დაცინვით ან ქედმაღლურად მოპყრობა მისთვის აუტანელია. ის დღეს სხვაა და ვაშინგტონ-ბრიუსელი ვალდებულები არიან ასეთად განიხილონ. და არა მარტო ისინი, არამედ ჩვენც – თავი რომ მსოფლიოს ღერძად მოგვაქვს.

დღენიადაგ ვლანძღავთ, ვაგინებთ, დავცინით მას და ნებისმიერ საერთაშორისო ფორუმზე ქოქოლას ვაყრით. რით არის ეს გამოწვეული? არამცდაარამც ჩვენი სამხედრო ძლიერებით ან მტკიცე პოლიტიკურ-ეკონომიკური სტრუქტურებით. მაშ რით? – დასავლეთის, კერძოდ აშშ-ს მოიმედებით.

დიახ! საქართველოს ყველა ხელისუფლებას, გამსახურდიას გამოკლებით, მოჭარბებული იმედი ჰქონდა და აქვს დასავლელთა დახმარების. იმედი, არც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ გაქარწყლებია – „პარტნიორმა, ძმამ და მეგობარმა“ „შემთხვევით“ რომ დააგვიანა და როდესაც „დახმარება“ გადაწყვიტა, კონფლიქტიც მომთავრებული იყო და ტერიტორიებიც დაკარგული.

ნაცვლად იმისა, რომ მათ სააკაშვილისთვის ერჩიათ რუსეთის წინადადებას – ავტონომიების სტატუსის განსაზღვრის თაობაზე, გულისყურით მოკიდებოდა და დათანხმებოდა, არაფერი მსგავსი არ გაუკეთებიათ, რითაც აშკარად გამოავლინეს საკუთარი სახე – მეტადრე ქამელიონისა, ვიდრე ნამდვილი პარტნიორისა, რომელთაც სულაც არ აღელვებთ დაქუცმაცებული, ტერიტორიებდაკარგული საქართველო.

ნუთუ ამის დანახვა ასე ძნელია. ნუთუ ჩვენი ე.წ. პოლიტიკოსები, ესოდენ ბრმა შემსრულებლები ნებისმიერი ამერიკულ-ევროპული დავალებებისა, ვერ ხვდებიან რომ ფრანგული ანტისაჰაერო სისტემის, „ჯაველინების“ ან სხვა იარაღის შესყიდვას მხოლოდ ფულის ხარჯვა მოაქვს და ამასთანავე საკუთარი ქვეყნის რუსული იარაღის სამიზნედ გადაქცევა.

რა უნდა გააწყოს „ჯაველინებმა“ იმ იარაღთან, რუსეთს რომ აქვს?!

არათუ საქართველოში, არამედ აშშ-იც კი ბრძანების გაცემასაც ვერ მოასწრებენ, ისე განადგურდებიან. სწორედ ამის დემონსტრაცია იყო პუტინის 1 მარტის გამოსვლა და მაინც რამ აიძულა პუტინი გადაედგა ასეთი ნაბიჯი?

ისევდაისევ ვაშინგტონის გეგმებმა – დოქტრინად წოდებულმა, რომლის მიხედვით აშშ-ი განახორციელებს ევროპის მოკავშირე სახელმწიფოებში დახვეწილი ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას, შემდეგ ამ ქვეყნების სამხედროების გაწვრთნას იარაღის გამოყენების თვალსაზრისით და შემდეგ მათი რუსეთზე მისევას. თვითონ კი შორიდან დააკვირდება განვითარებულ მოვლენებს.

პუტინის მიერ დემონსტრირებული ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც აშშ-სკენ მიფრინავენ, სხვა არაფერია, თუ არა მკაცრი გაფრთხილება – იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ევროპული ქვეყანა, ბალტიისპირეთი, პოლონეთი, უკრაინა, სხვები თავს დაესხმებიან რუსეთს, ის შეტევას მოიგერიებს და იმავდროულად დასცხებს ამერიკას – ვითარცა რეალური ომის წამქეზებელს; რომ დოქტრინით მიღებული დივიდენდები აშშ-ს არ შერჩება და ისიც ისე განადგურდება, როგორც მისი ევროპელი მოკავშირეები, თუმცა აშშ-ი ნაკლებად დარდობს მოკავშირეებზე. მისთვის და მისი მიზნებისთვის, რომელშიც მსოფლიოს ჰეგემონობა უპირველესია – მეტოქეთა განადგურება მთავარი რამ არის.

აშშ-ს მეტოქე რუსეთია, მაგრამ არანაკლები ევროკავშირი. და თუ ორივე ერთმანეთს დასჭამს, მით უკეთესი მისთვის. მაგრამ ეს იყო 1 მარტამდე. რა იქნება ახლა, მომავალი გვიჩვენებს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი