15.10.2024

აგვისტოს ომთან დაკავშირებით

ბატონ გურამ გოგიაშვილს

უკვე მე-10 წელია აგვისტოს ომს ვიხსენებთ. რა დრო გასულა?! ტირილის, გოდების, მოთქმის ათი წელი. ამასთანავე ტყუილი დაპირებების, ხელისუფალთა მხრიდან, რომ ძალას არ დაიშურებენ წასულთა დასაბუნებლად, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

განვლილი ათი წელი, საერთაშორისო არენაზე საქართველოს ხელისუფალთა აქტიურობით გამოირჩეოდა. არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ყურადღება არ მოგვეპყრო რუსეთის აგრესიასა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე. შედეგი – ნული.

დასამშვიდებლად ისინი გვეუბნებიან – ვაღიარებთ თქვენს ტერიტორიულ მთლიანობასო და მოუწოდებენ რუსეთს დეოკუპაციისკენ. არც ეს განცხადებაა ცუდი, მაგრამ ტერიტორიები არ ბრუნდება და არა მარტო, იქ მცხოვრები მოსახლეობა შორდება საქართველოს.

დაშორების პროცესს ხელი შეუწყო 1992 წლის აგვისტოს ლაშქრობამ აფხაზეთში, გადაზრდილმა ომში. მაშინ აფხაზეთი ფაქტიურად დაიკარგა. 2008 წლის აგვისტოს ავანტიურის შემდეგ – იურიდიულად. არის თუ არა განსხვავება 1992-2008 წლის ომებს შორის?

უდავოდ არის, ვინაიდან მაშინ რუსეთს, აფხაზეთი დამოუკიდებლად არ უღიარებია, რამაც მხარეებს მისცა საშუალება ეწარმოებინათ მოლაპარაკებები შემობრუნებასთან დაკავშირებით. თითქოს რაღაც პოზიტიურმაც იჩინა თავი პოზიციების დასაახლოებლად და ისევ ავანტიურა „ნაცთა“ ბელადის მხრიდან, რომელმაც აშშ-ს გარკვეული წრეების მხარდაჭერით და წაქეზებით მძინარე ცხინვალს „გრადები“ დააყარა.

დღეს, ხშირად გაისმის ქართულ მედიაში რუსეთის აგრესიის თაობაზე და იმაზე, რომ ომი სააკაშვილმა კი არა, რუსეთმა დაიწყო. არის მეორე, ვითომ შერბილებული ვარიანტიც – ომი სააკაშვილმა დაიწყო, მაგრამ ის იძულებული იყო ასე მოქცეულიყო, რათა პასუხი გაეცა რუსული ავანტიურისთვის.

ჩვენ ვმსჯელობთ თემაზე, რომელიც კარგად იყო გაანალიზებულ-გადახარშული სპეცკომისიის მიერ, რომელსაც ცნობილი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა. საერთაშორისო საზოგადოებისთვის სწორედ ამ კომისიის დასკვნა გახდა საფუძველი ნამდვილი აგრესორის დადგენაში და რაც არ უნდა ვიძახოთ საწინააღმდეგო, არაფერი გამოვა, ყოველ შემთხვევაში იქ. იქ კი ვიძახოთ ყველაფერი რაც გაგვიხარდება, საკუთარივე მოსახლეობის თავგზის ასაბნევად.

ჩვენდა სამწუხაროდ, სტრატეგიული პარტნიორის ქვეყანაში ბევრია რუსეთზე დაბოღმილი პოლიტიკოსი, რომელიც შესაშური აქტიურობით იმეორებს იმას, რასაც ქართული პოლიტიკა – ომი რუსეთმა დაიწყო. ის არის აგრესორი და ოკუპანტი.

რას ნიშნავს ყოველივე ეს რუსეთისთვის, მოქმედებს თუ არა ამერიკელ, ევროპელ პოლიტიკოსთა და მედიის სისტემატური კრიტიკა მასზე?

ცხადია მოქმედებს, მაგრამ არა იმ ძალით, რაც საჭიროა 2008 წლის ცხინვალის ომის შედეგების ხელმეორედ განსახილველად. იქნებ სხვა გზაა მოსაძებნი ვითარების შემობრუნებისთვის; იქნებ ჟენევის და პრაღის ფორმატებს რაღაც ახალი დამატებოდა?!

ნუთუ, ასე ძნელია ტრაფარეტული, რიტუალური ჟენევის ფორმატის შეცვლა?!

არადა 2012 წელს, საქართველოს ახალი ხელისუფლება ხომ შეგვპირდა პრობლემების მოგვარებას და საქმის დალაგების მიზნით რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას?

ექვსი წელი განა საკმარისი არ იყო პროცესის დასაწყებად?

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ დღევანდელმა, გუშინდელმა და გუშინწინდელმა ხელისუფლებებმა ყველაფერი იღონეს პრობლემის ძველებურ ჩარჩოებში დატოვებისთვის. ამის დასტურად ოპოზიციის განცხადებაც კმარა – რუსეთთან დალაპარაკება არ ღირს, ვინაიდან ის ჩვენს თხოვნას არ გაიზიარებს; უფრო მეტიც მასთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთან მოლაპარაკება ავის მომასწავლებელი იქნება, ვინაიდან ეშმაკი რუსეთი ოსტატურად მოატყუებს.

ვაი, ჩვენს თავს. როდესაც პოლიტიკოსი საკუთარი ქვეყნის ძალებში, ინტელექტუალურ-პატრიოტულ პოტენციალში ესოდენ დაეჭვებულია, იქ ტერიტორიული გამთლიანობის საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება.

რა სურს საქართველოს პოლიტიკას?

დროის გაყვანა! ანუ რუსულ ავანტიურაზე არ უნდა ვუპასუხოთ, თორემ ის არ დააყოვნებს და შემოიჭრება.

რას მოგვიტანს დროის გაყვანა?

საერთაშორისო საზოგადოების რუსეთის წინააღმდეგ დარაზმვას და მის იძულებას დაგვიბრუნოს წართმეული ტერიტორიები. ამ წინადადების ავტორებს სულაც ავიწყდებათ, რომ ცხინვალის ომი, ერთობ მნიშვნელოვანი კავკასიის რეგიონისთვის, არ არის ისეთი მასშტაბის, რომ მსოფლიოს ყურადღება მიიპყროს, თანაც პერმანენტულად.

გაივლის კიდევ 10 წელი და თუ რაღაც, მსოფლიო მნიშვნელობის ამბავს არ ექნა ადგილი და მან ყველას ყურადღება არ მიიპყრო, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გახსენება ისეთივე იქნება, როგორც დღეს. ანუ აღვნიშნავთ ფაქტს და მეტს არაფერს. თან 10 წლის შემდეგ არც დანარჩენ საქართველოში და არც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთში აღარ იქნება ერთმანეთის მიმართ თუნდაც ის მცირედი ნოსტალგია, რაც დღეს არის. ჩვენ ვიქნებით ერთურთის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნები. ამდენად სისწრაფეა საჭირო და შემართება წასულების შემოსაბრუნებლად, ამასთანავე რუსეთთან დასალაპარაკებლად.

მარტო პრაღის ფორმატით ფონს ვერ გავალთ, ვინაიდან მას სხვა ჩარჩოებში უწევს მოქმედება. უმჯობესი იქნებოდა ამ ფორმატისთვის პოლიტიკური დატვირთვის მინიჭება. ამით რას ჰკარგავს საქართველო?

არც არაფერს, ვინაიდან დასაკარგი უკვე დაკარგულია, მაგრამ არდასაკარგიც არის და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენი მოლაპარაკების დაწყება, დაუკარგავი ტერიტორიების არ დაკარგვისაც უნდა ემსახურებოდეს. არადა თუ გამუდმებით ვიძახეთ – ნატო, ნატო და იქ შესვლაც მოვახერხეთ, არ უნდა გაგვიკვირდეს დარჩენილი საქართველოს რომელიმე კუთხეში აგორებული ბუნტი.

განვლილი 10 წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფალთა მიერ, ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანებისთვის გადადგმული ნაბიჯი არის არასაკმარისი. ამასვე ვიტყვი ჩვენს მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომელთა მოქმედება ამ მიმართულებით არათუ საეჭვოა, ქვეყნისთვის საზიანოც არის.

საზოგადოებაში ვრცელდება ფსევდოპატრიოტული მოსაზრებები არა მარტო 2008 წლის ომთან დაკავშირებით, არამედ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც რუსეთი მთავარი სალანძღავი სანიშნეა. ქართულმა პოლიტიკამ ვერაფრით შეიგნო, რომ რუსეთს სხვაგან არავინ გადაიტანს. ის მუდამ ჩვენი მეზობელი იქნება.

დავუბრუნდეთ აგვისტოს ომს, რომელიც 8-ში კი არ დაწყებულა, არამედ 7-ში. „8 აგვისტო არის თარიღი, რომელსაც მოსკოვი იტყუება – თითქოს სამხედრო ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ მან სწორედ ამ დღეს დაიწყო და არა მანამდე. … ქართველთა მხრიდან რუსეთის ამ ტყუილის  მხარდაჭერა ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს ხსენებით არის გაუგონარი სისულელე და დაუდევრობა. … ამ შემთხვევაში არის პირდაპირი მავნებლობა საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ.“ – წერს მავანი გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 4 აგვისტოს ნომერში.

საინტერესო მიგნებაა, რომელსაც ავტორი 10 წლის განმავლობაში გვიმალავდა და გვიმალავდა მანამ, ვიდრე ლამის მთელი საქართველო სულელებად, დაუდევრებად და მოღალატეებად არ ვიქეცით. 8 აგვისტო კი არ უნდა გვეხსენებინა, არამედ 7-ი, ვინაიდან „7 აგვისტო არის დღე, როცა რუსული ჯარი რეალურად შემოიჭრა საქართველოში“.

რაში იხარჯება ჩვენი ენერგია?!

ნაცვლად იმისა შერიგებაზე ვიფიქროთ და აქტიურად ვიმოქმედოთ, ამგვარ „სიბრძნეს“ ვახვევთ თავს საქართველოს მოსახლეობას, ისედაც უამრავი პრობლემებით დახუნძლულს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი