როდესაც მივხვდით – გვიანი გამოდგა
სენსაციური გამოდგა პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. როგორც ჩანს, ორატორმა მისთვის ჩვეული ლექსიკით და „ბოდი ლენგვიჯით“ ილაპარაკა, რასაც სტუდენტთა აღშფოთება მოჰყვა.
სააკაშვილისგან რას არ ელის ქართული საზოგადოება, მაგრამ უნივერსიტეტი სხვა იყო – „ამაღლებული“, „ფანტაზიებითა“ და ტყუილებით აღსავსე. მაგრამ ეს არ იყო ის, რაც ნიუ-იორკის ქუინსის ქართველ ებრაელთა სალოცავში. შორეულ და სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ი გამოსვლა პრეზიდენტის ამ ქვეყანაში ბოლო ვიზიტის დროს (30 აპრილი) გაიმართა.
ძნელია სიტყვით აღწერო ის, რაც იქ მოხდა, შეაფასო პრეზიდენტის „მჭერმეტყველება“, „კაზმულსიტყვაობა“, მდიდარი ლექსიკა. ეს უნდა წაიკითხოთ, გაანალიზოთ და თაობებს შეუნახოთ, როგორც შედევრი ანტიაზროვნებისა, ისტორიის უცოდინარობისა, ბუნდოვანი, გაურკვეველი ლექსიკისა, გაუმართავი წინადადებებისა, მშობლიური, დამახინჯებული მეტყველობისა, ახალგაზრდა კაცის სიბნელისა, ტყუილებისა და ა.შ. საქართველომ იცის რა ბედენაა პრეზიდენტი, მაგრამ ასეთი?
სააკაშვილის პრეზიდენტობის დასრულებამდე 5 თვეა დარჩნილი. დრო არც ისე ცოტაა, საქართველოს თავის მოსაჭრელად, ქვეყნის ისედაც გაუარესებული სახის, მიწასთან გასასწორებლად.
გამოსვლის წამკითხველს უდავოდ უნდა შერცხვეს, რომ „ორატორი“ ცხრა წლის განმავლობაში მისი „პირველი“ კაცი იყო, ერის სახე, ხალხის რჩეული. უნდა შერცხვეს მხარდაჭერისთვის არჩევნებზე, მისი საქმეების გაზვიადებისთვის, პრეზიდენტის სასარგებლო რიტორიკისთვის, ყველაფერი იმისთვის, რამაც გააძლებინა სააკაშვილსა და მის ნაცებს ქვეყნის თავში ყოფნა, დანაშაულის ჩადენა, ხალხის დამონება, ქვეყნის ძარცვა.
სააკაშვილის ცხრაწლიანმა მმართველობამ მომაკვდინებლად იმოქმედა ქვეყანაზე, რაც მთავარია მის მომავალზე, დააკნინა თითქმის ყველა დარგი. უვიცობა ზენიტში აიყვანა, რახან ყოველივე აღნიშნული მოახერხა გულშემატკივრებიც შეიძინა – მასავით ბრიყვები, გონებაჩლუნგები, მაგრამ ამბიციურები. ამ კატეგორიის ხალხი საშიშია, განსაკუთრებით ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემთხვევაში.
საშიშია ძველი და ახალი ინტელიგენციის ქცევაც. საკუთარი კუჭისთვის ბრძოლამ, „ჩინ-მენდლების“ გამოდევნებამ, რა არ აკეთებინა მას – სააკაშვილის საამებლად.
არანაკლებ საშიშია საქართველოს „მეგობარი“ დასავლეთის ქვეყნების ქცევაც – მათ ყველაფერი იღონეს სააკაშვილის ავტორიტეტის შექმნისთვის. ასეთის მხარდაჭერა ქვეყნის დაცემის სადარია. იქნებ სწორედ ეს სურდათ ჩვენს „მეგობრებს“?!
სააკაშვილის გამოსვლის ძარღვი ტყუილში იყო. ამ საქმეში მას რომ ბადდალი არ ჰყავს – ჩვენც ვიცით და სხვამაც, მაგრამ ჩვენც და სხვამაც, ნაცვლად მკაცრი რეაგირებისა, ენა მუცლებში ჩავიგდეთ – მაინც პრეზიდენტია და არაფერი გვავნოსო.
ებრაელების წინაშე გამოსვლისას სააკაშვილმა აბაშიძის გაკეთებული, საკუთარ თავს მიაწერა და ამაყად განაცხადა, რომ მან სინაგოგაც ააშენა ბათუმში და ისრაელის მთავარი რაბინიც ჩამოიყვანა გახსნაზე.
სინამდვილე სხვას ღაღადებს. ბათუმის სინაგოგა, ერთობ შეუხედავ მდგომარეობაში მყოფი, ასლან აბაშიძემ ფეხზე დააყენა, ფაქტიურად ახლიდან ააშენა და საზეიმო გახსნაზე ისრაელის მთავარი რაბინი, შტეინზალციც მოიწვია. რაბინს თან ახლდა ასკაციანი დელეგაცია. ბათუმის დრამატულ თეატრში ქართველი და ებრაელი ხელოვნების მუშაკების კონცერტიც გაიმართა. ღონისძიება შევარდნაძის პრეზიდენტობის ჟამს იყო, მაშინ სააკაშვილის შესახებ ცოტა იცოდნენ.
სააკაშვილი იხსენებს რომში ჩატარებული კონფერენციის შემდეგ თელ-ავივის აეროპორტის თავგადასავალს – საკუთარი ფანტაზიით აღსავსეს, მაგრამ რაც მთავარია არ იხსენებს იმას, რასაც იტალიაში საქართველოს საელჩოს მაშინდელი თანამშრომლები – წითელი ნათურებით დამშვენებულ ეროტიკის რაიონს, იქაურ მეძავებთან „საქმიან“ შეხვედრას, მიღებული მომსახურებისათვის ფულის არ გადახდას, პროტესტანტი მეძავების სასტუმროში მივარდნას და სხვა.
რომის კონფერენცია, იტალიაში საქართველოს ელჩის თავართქილაძის დაბეჯითებული მეცადინეობით გაიმართა, თემაზე – კორუფციასთან ბრძოლა. მასპინძელმა მხარემ საქართველოს დელეგაციის წევრები მაღალ დონეზე მიიღო, მაგრამ . . . დელეგაციის ზოგიერთი წევრის შეუფერებელმა საქციელმა აიძულა მასპინძელი, გაეუქმებინა ოფიციალური შეხვედრები, მათ შორის რომის პაპთან.
საკუთარი აღვირახსნილობის დაფარვის მიზნით დელეგაციის წევრმა პარლამენტარებმა მოწმე (თავართქილაძე) გაწირეს. პარლამენტის სხდომაზე ელჩს, იტალიის მაფიასთან კავშირი დააბრალეს და აიძულეს შევარდნაძე გამოეთხოვა ის იტალიიდან. კახურად რომ იტყვიან – „ვირო მადლიო“.
სააკაშვილისა და დელეგაციის ზოგიერთი წევრის ამურულ საქმეს შეეწირა საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში, მეცნიერი, რომის უნივერსიტეტის პროფესორი ბეგი თავართქილაძე. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ახალგაზრდა „მოქალაქეები“ მარტო თავართქილაძის გაწირვას არ იკმარებდნენ. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ისინი ბევრ სხვასაც გაწირავდნენ, საიქიოში გაისტუმრებდნენ და რაც მთავარია, გაწირავდნენ ქვეყანას.
ახალგაზრდა „მოქალაქეთა“ საქციელი იმთავითვე ამაზრზენ შთაბეჭდილებას სტოვებდა, ვერ დავინახეთ, უფრო სწორად არ დავინახეთ. „კარგი ახალგაზრდები არიანო“, – ამბობდნენ ძველგაზრდები – კარგი ოჯახის შვილებიო. შედეგიოც შესაბამისი მივიღეთ. ასე იცის დაყვავებამ, დაუმსახურებლად თავზე ხელის გადასმამ. სანამ არ „ჩაგვრეცხეს“, ვერაფერს მივხვდით. როდესასც მივხვდით – გვიანი გამოდგა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.