მორიგი შეხვედრიდან გამოტანილი დასკვნები

გამეორება, რომ ცოდნის დედაა, კიდევ ერთხელ დამტკიცდა პრემიერ-მინისტრისა და მედიის მორიგი შეხვედრის დროს, ოღონდ ერთია – ხშირი გამეორება უინტერესობას იწვევს და ისედაც საეჭვო ფორმატის მიმართ ზერელე განწყობას ქმნის.

მედიასთან მეოთხე შეხვედრამ აშკარად გამოაჩინა პრემიერისადმი კითხვების დასმის ნაკლები წყურვილი. აღარც ის ავანტიურისტული „ცეცხლი“ იყო, რომელიც  წინა სამ შეხვედრაში იგრძნობოდა. როგორც ჩანს ჟურნალისტები დაიღალნენ და კითხვებიც შემოაკლდათ.

დაიღალა საზოგადოებაც, რამეთუ სამსაათნახევრიანი ვითომ დიალოგი, სინამდვილეში კი მონოლოგი, ძნელი აღსაქმელია, მითუმეტეს, როდესაც ერთიდა იგივე თემები მეორდება, ერთიდა იგივე სიტყვებით და დაბეჯითებული მტკიცებით, რომ პრემიერი მართალია.

მეოთხე შეხვედრამ „უსისხლოდ“ ჩიარა, თუმცა იყო ერთი არასახარბიელო კითხვა, რომელმაც პრემიერი მოთმინებიდან ისე გამოიყვანა, რომ ლამის, მისეული ტერმინოლოგიით, „შარვლიდან ამოვარდა“. არადა ჟურნალისტმა  დასვა კითხვა  ინტერნეტში გავრცელებული მასალის შესახებ, რომელიც პრემიერის პირად ცხოვრებას უკავშირდება.

არ არის გამორიცხული, რომ ეს ამბავი ჭორი იყოს, თუმცა გამოქვეყნებული სტატია ამის საფუძველს ძირშივე კლავს. ივანიშვილის გაფიცხებამ საზოგადოებას აფიქრებინა,  რომ მასალა, სინამდვილეა.

ძნელია ვინმეს, მითუმეტეს პრემიერ-მინისტრს, მითუმეტეს მილიარდერს, მითუმეტეს საქართველოს პოპულარულ პიროვნებას რჩევა მისცე, ვინაიდან ასეთი არც რჩევას იღებს და არც მოსმენა სურს რჩევისა, რაც მრავალჯერ დადასტურდა თითქმის ყველა შეხვედრაზე. მიუხედავად ამისა, ჩემის აზრით, მისთვისაც და მსმენელისთვისაც უმჯობესი იქნებოდა – შეკითხვის ბოლომდე მოსმენა, ხოლო შემდეგ პასუხის შეძლებისდაგვარად გაცემა.

პირადი ცხოვრების ნიუანსები საზოგადოებისთვის ყოველთვის იყო და იქნება ინტერესის საგანი. პასუხის გაუცემლობა, პირიქით აღვივებს ინტერესს, ხოლო გაცხარება – მოჭარბებულ ჭორს. მაინც რატომ გაბრაზდა პრემიერი, რა არის ის, რამაც მისი არაჯანსაღი რეაქცია გამოიწვია?

სტატიაში არამარტო ივანიშვილის ორგზის ქორწინებაზეა საუბარი, არამედ პირადი დოკუმენტების ფალსიფიკაციაზეც, რაც ერთობ არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ქმნის.

სხვა მხრივ მორიგი შეხვედრა დიდით ვერაფრით გამოირჩეოდა. აღარც შემკითხელებს ჰქონდათ საქმიანი კითხვები და აღარც მოპასუხეს გამოუჩენია თავი ნოვატორული პასუხებით. შემკითხველთა შორის, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა, იყო მოსაზრება – არ გაეღიზიანებინათ პრემიერი.

როგორც ჩანს, წინა შეხვედრების მთავარმა გეზმა, სტუმრის მოდრეკასთან დაკავშირებით, გაჭრა. ამდენად სტუმრებმაც იფიქრეს, რა აზრი აქვს საზოგადოებისთვის საჭირო კითხვის დასმას, როდესაც რესპონდენტი აისხლეტს, თანაც სიბრაზით ისე „შეგამკობს“, სანანებელი რომ გაგიხდება.

ივანიშვილის „იერიშობამ“ მიზანს მიაღწია, რაც მისი პირადი წარმატებაა, მაგრამ ქვეყნისთვის მძიმე რამ არის და რომ არა სააკაშვილის და მისი ნაცების ხელისუფლებაში შემობრუნების შიში, ივანიშვილისკენ ცოტა თუ გაიხედავდა და ეს, მიუხედავად მის მიერ გაწეული ქველმოქმედებისა.

საზოგადოებას არაფერი აქვს საწუწუნო, ვინაიდან დამოუკიდებლობის 23 წელი თვით მან გამოჭედა – აირჩია რა ისეთი ხელისუფლება, რომელიც არაფერში არგია.

ივანიშვილი მართალია, როდესაც ხალხს სააკაშვილის ათწლიან ბატონობას ახსენებს. ქართველი ხალხი, რომ ისეთივე პასუხისმგებლობით ეკიდებოდეს ხელისუფლებას, როგორც ევროპელი, დღეს სხვა ცხოვრება იქნებოდა. ქართველი ხალხი, რომ შეგნებით მოკიდებოდა ქვეყნისა და თავის ბედს, არც ერთ წინამორბედ ხელისუფლებას არ აირჩევდა. ნორმალურის არჩევის შემთხვევაში, არც ივანიშვილის არჩევის შესაძლებლობა გაჩნდებოდა.

ხალხი ყოველთვის მხსნელს ეძებდა – საბჭოთა კავშირისგან – გამსახურდიას, გამსახურდიასგან – შევარდნაძეს, შევარდნაძისგან – სააკაშვილს, სააკაშვილისგან – ივანიშვილს.

მხსნელის ფაქტორი ისტორიულად არის გამჯდარი ნატანჯ ერში და მისი ერთი ხელის დაკვრით აღმოფხვრა, ისე, როგორც ეს ივანიშვილს უნდა, შეუძლებელია. სწორედ ამიტომაც არის ივანიშვილის უღიმღიმო რჩეულისადმი (მარგველაშვილი) ზერელე დამოკიდებულება. უცნობი მარგველაშვილის ყოველი პირის დაღება, მკვეთრ, ნეგატიურ რეაქციას იწვევს საზოგადოებაში და რაც არ უნდა აქოს ივანიშვილმა – კარგი ბიჭიაო, უარყოფით შეხედულებას ვერ შეცვლის.

ისე, როგორც წინა შეხვედრებში, ბოლო შეხვედრის დროსაც მოუთოკავი, ზღვარგადასული ხოტბა იყო მარგველაშვილისა, ივანიშვილის მხრიდან, თან დაბეჯითებული ზეწოლა ამომრჩეველზე – ჩემი კანდიდატი უნდა აირჩიოო!

ჰქვია არჩევნებისადმი ასეთ დამოკიდებულებას, არჩევნები?

ივანიშვილი, რომ უბრალო, რიგითი მოქალაქის პოზიციიდან გაიძახოდეს – მარგველაშვილი უნდა აირჩიოთო, ხალხი ან აირჩევს და ან არა, უფრო მეტად – არა! მაგრამ, როდესაც პრემიერი, თანაც მილიარდერი, თანაც სააკაშვილის გამგდები გაწვება, რაღას იზამ? ასეთ დროს შეიძლება 27 ოქტომბრის არჩევნებს, არჩევნები ჰქვიოდეს?

ბოლო შეხვედრაზე ივანიშვილმა გასაოცარი რამ თქვა – თუ მარგველაშვილს მხარს 60%-ზე მეტი ამომრჩეველი არ დაუჭერს, თანაც პირველსავე ტურში, მეორეში მან აღარ უნდა მიიღოს მონაწილეობაო და ისიც დაამატა – გყავდეთ ბაქრაძე, ღმერთმა მოგახმაროთო.

გარდა ამისა ივანიშვილმა გააჟღერა საკუთარი გათვლები, რომლის მიხედვით, მარგველაშვილს ლამის 65%-ა და მეტმა უნდა დაუჭიროს მხარი, სხვებს – გაცილებით ნაკლებმა. ივანიშვილის დონის სახელმწიფო მოხელისგან მსგავსი განცხადება დირექტივაა და მეტი არაფერი, თან მუქარა – არ მისცემთ 65%-ს – ნაცები შემობრუნდებიანო.

ივანიშვილმა, კითხვაზე, როგორი იქნება საქართველოს მომავალი – გადაჭრით უპასუხა – ნატოში და ევროკავშირშიო. მილიარდერს, რომელსაც თავისი ქონების უდიდესი ნაწილი დასავლეთში აქვს განთავსებული. მილიარდერს, რომელსაც საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს და შვილიც იქ სწავლობს, რომ დასავლეთისკენ ჰქონდეს გეზი აღებული, სულაც არ არის გასაკვირი, მაგრამ გასაკვირია, როდესაც თავის საკუთარ სურვილს თავს ახვევს ქვეყანას და უსერიოზულეს რისკებს უქმნის მას.

ნატო და ევროკავშირი, რომ ცუდად აღიქმება რუსეთისთვის, ცხადზე – უცხადესია, მაგრამ განა დამოუკიდებელი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს დიდი მეზობლის განწყობას? ალბათ არა! მაგრამ რამდენად რეალურია უახლოეს მომავალში ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არის საკითხავი. და ნატო-ნატოს ძახილით, რომ ბევრს ვუშავებთ საკუთარ ქვეყანას – ფაქტია.

არარსებული ნატო და მითუმეტეს არარსებული ევროკავშირი – ისეთი პრობლემებია საქართველოსთვის, უარესს რომ ვერ ინატრებდა კაცი. თითქმის 20-წლიანმა სატყუარამ  რომ გამოათაყვანა ხალხი, მეტადრე მთავრობა და სხვისი მოიმედობით, ხელი ააღებინა საკუთარი ხელით, საკუთარი ბედის გამოჭედვაზე, ესეც ფაქტია.

გაზარმაცებული, ნატო-ევროკავშირის მომლოდინე ქართველი სხვაგვარად უდგება ცხოვრებას – ნატოში შევალთ, თანაც მალე და ყველაფერს მოევლებაო. ამ ბედოვლათობას სისტემატურად ასხამს ნავთს ივანიშვილის ნატოურ-დასავლური მოწოდებები – ნაცვლად იმისა, რომ თქვას – ხელები დავიკაპიწოთ, პატიოსნად ვიშრომოთ და ჩვენი შრომით გამოვჭედოთ ჩვენი ბედიო, ის საწინააღმდეგოს გვთავაზობს – აბსტრაქტულს, შეუსრულებელს. მისგან რა მიდის, დაჰკრავს ფეხს და წავა. ჩვენ?!

საკუთარი ბედის ჭედვას, გამოცდილი კადრები ესაჭიროება და არა ისეთები, როგორებიც ივანიშვილმა შემოგვტენა. მცდარია მოსაზრება, რომ პოლიტიკასა და ადმინისტრაციულ მექანიზმში გამოუცდელი კადრები, თანამდებობაზე ყოფნისას, ისწავლიან მუშაობას. ლამის არის თქვა (ივანიშვილმა) მეც არ ვიცოდი, მაგრამ ხომ ხედავთ რა სწრაფად „ავკრიფეო“ (ივანიშვილის ტერმინოლოგია). ისე, ავკრიფე პელეს მადარებენო.

საინტერესოა, რომელი უცხოელი პოლიტიკოსი ადარებს ბიძინას, პელეს? არც არავინ, ვინაიდან დასავლეთში თავში არავის მოუვა მსგავსი შედარება. მაგრამ თუ ასეთს საკუთარი გუნდის წევრი ფანჯიკიძე აკეთებს, რომელსაც ფეხბურთში ისე გაეგება, როგორც საგარეო პოლიტიკაში, დიდი ვერაფერი დასაკვეხნია.

ფეხბურთის მეფესთან პოლიტიკოსის შედარება არახალია. გახსოვთ ალბათ, შევარდნაძის ჩამოყვანამდე, ჯაბა იოსელიანის მიერ ნათქვამი – „პელე გყავდეს და ნოდიას ათამაშებდე – ვის გაუგიაო“. ჯაბას ნაქებმა პელე-შევარდნაძემ ჯერ ჯაბას ახეხინა ციხე და შემდეგ საქართველოს იმდენი უბედურება დაატეხა თავს, დღემდე რომ წელში ვერ გასწორებულა.

დასავლეთისკენ მიდრეკილი დემოკრატი პრემიერისთვის შეუფერებელი უნდა იყოს იმ არჩევნების შედეგებზე უარის თქმა, სადაც მისი ჯილა 65%-ს ვერ მოაგროვებს. ივანიშვილისთვის უფრო მისაღემია ილჰამ ალიევის საარჩევნო შედეგი – 86% ან თუნდაც ნურსულთან ნაზარბაევის – სამარადისო პრეზიდენტობა.

მაგრამ დასავლეთში რომ სხვაგვარი აღქმაა არჩევნებთან მიმართებაში? ივანიშვილმა ლამის დედა აგინა იმ დასავლელებს, ვინც დღემდე სააკაშვილს უჭერენ მხარს და ისიც განმარტა, რომ „მხარდაჭერისთვის“ დიდი ფულია ჩადებული. „შერცხვებათო“ მათ, თქვა მან.

კარგახანია ქართულ-დასავლურ ფულურ ურთიერთობებს ვუყურებთ, მაგრამ დამორცხვებული დასავლელი ჯერ არ შეგვხვედრია. ეტყობა რამე დამორცხვების ბრაისას, მაკკეინს, ლუგარს, იორშს, კაჩინსკის, ფულეს, სხვებს – სააკაშვილის მიერ ნაპატიებ-მოსუქებულებს, სირცხვილის? ეტყობა ევროპის „სახალხო პარტიას“ სახეზე სიწითლე, როდესაც ვანო მერაბიშვილის მოსანახულებლად მიდის ციხეში? ეტყობა სირცხვილი ევროკავშირს, როდესაც უკრაინელი კრიმინალის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ტიმოშენკოს ციხიდან გამოშვების საკითხს, უკრაინის, ევროკავშირში ასოცირებულ წევრობას უკავშირებს?

დასავლეთისთვის ჩვეულებრივი რამ არის პოლიტიკური კორუფცია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სამაგალითოდ ვიღაცას სჯიან. იუშჩენკო, ტიმოშენკო, სააკაშვილი, მერაბიშვილი და მათი მსგავსნი, დასავლეთის მიერ ჩვენისთანა ქვეყნებისთვის შექმნილი „ხატებია“ – დემოკრატიის შუქურები. მათი დასჯა მიუღებელია, ვინაიდან ისინი ემსახურებოდნენ დიდ საქმეს – რუსეთის გაღიზიანებას, მისთვის პრობლემების შექმნას. ისინი მომავალშიც შეასრულებენ ამ საქმეს, მათთვის დახმარების გაწევის შემთხვევაში.

დასავლეთი იშვიათად ივიწყებს მასთან „შეკრულ“ და მისი საქმის მუყაითად შემსრულებელ პირებს – სააკაშვილ-ტიმოშენკოს სახით. ამ მარტივი რეალობის თაობაზე არაერთხელ შეახსენეს ივანიშვილს, რომელმაც, თავის მხრივ, დემოკრატიული „ჭიკჭიკი“ დაიწყო – ისინიც ამ ქვეყნის შვილები არიან (ნაცები) და უნდა გამოვიყენოთო.

რაოდენ განსხვავებულია მისი ტოლერანტული დამოკიდებულება ნაცებთან დღეს, გუშინდელთან შედარებით!

შეხვედრის დროს, სტუმართაგან არაერთხელ გაისმა დამნაშავის დასჯის თემა, რასაც იგივე პასუხი მოჰყვა – უკვე მოსმენილი წინა შეხვედრების დროს. ივანიშვილი რატომღაც ქვეყნისა და თითოეული პიროვნების საწინააღმდეგოდ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას არასერიოზულად მიიჩნევს, სულ იმის ძახილით – ჩვენი მეგობარი დასავლეთი წინა ხელისუფალთა დასჯას არ მიესალმებაო.

თუ  დასავლელი პოლიტიკოსები ნაცთა მხარდასაჭერად ფულის აღებას არ თაკილობდნენ და დღესაც კორუფციასა და მძიმე დანაშაულებში ეჭვმიტანილებს ანგელოზებად მიიჩნევენ – რა საერთო უნდა ჰქონდეს ასეთთან, ქვეყანას?

დასამშვიდებლად, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ იმ „დალოცვილ“ დასავლეთში ყველა ასეთი არ არის, თუმცა ვინ იცის, მოხერხებული ქართველობა ეშმაკსაც გაეჯიბრება „ჩაწყობაში“.

და კიდევ ერთი რამ – საკუთარი თავის თავგანწირვა, ამ თემამ არაერთხელ გაიჟღერა მედიაში. ივანიშვილმა ბოლო შეხვედრის დროსაც თქვა თავგანწირვის თაობაზე, რაც დასაჯერებელია, თუმცა არის ერთი ნიუანსი. ვისგან ელოდა ივანიშვილი საფრთხეს? ცხადია, სააკაშვილისა და მისი კრიმინალური ბანდისგან, რომელმაც არაერთი ადამიანი გაისტუმრა იმქვეყნად.

დასავლეთის მიხედვით – სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა, წარმატებული პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. ნუთუ ასეთისგან მოსალოდნელია ისეთი საფრთხე, რომელიც ვინმეს სიცოცხლეს დაემუქრება? დასავლური ლოგიკის მიხედვით – შეუძლებელია. ასეთ ვითარებაში ან დასავლეთია გულუბრყვილო და შეცდომაში შეყვანილი ან ივანიშვილი სცოდავს და აჭარბებს, საკუთარი თავის  გმირად წარმოსაჩენად.

ისე, კაცმა რომ თქვას, დაცვის კუნთმაგარ ყმაწვილებში ჩამჯდარი მილიარდერი, საზოგადოებიდან ტყვიაგაუმტარი მინით გამოყოფილი უფრო წირავდა თავს თუ ნებისმიერი ჩვენთაგანი, მიტინგებზე უხვად გამოსული და არავითარი დაცვის გარანტიით უზრუნველყოფილი?!

ცხადია, ივანიშვილს ისე ემუქრებოდა და ემუქრება ნაცური, კრიმინალური გაერთიანება ბელადის წინამძღოლობით, როგორც ტირანიის წინააღმდეგ ხმის ამომღებ ნებისმიერ ადამიანს. მაგრამ ვინ არის ამ კრიმინალის, სიცოცხლისათვის უსაზღვრო საფრთხის შემქმნელის დამცველი? უპირველეს ყოვლისა დემოკრატიით ნაქები დასავლეთი, რომელმაც მერკანტილურ მიზეზთა გამო, ნაცთა კრიმინალური ქმედება საკუთარი ქვეყნისა და ხალხის საწინააღმდეგოდ ჩადენილი აინუნშიაც არ ჩააგდო. ჰოდა, გვინდა ასეთი დასავლეთი?

გვინდა ისეთი დასავლეთი, რომელიც თვით უნდა ყვიროდეს და მოგვიწოდებდეს – სააკაშვილი და მისი ბანდა დაიჭირეთ, თორემ ნატოში კი არა, წითელ ხიდს იქით არ გაგახედებთო? ნაცვლად ამისა საწინააღმდეგოს გვეუბნება – ემანდ ხელი არ ახლოთ არავის, თორემ შავ დღეს დაგაყრითო!

დასავლეთის მიერ გაგულისებულმა სააკაშვილმა ნაცთა ყრილობაც ჩაატარა, ბელადობაც მოირგო და როგორც თვითონ გვახარა – პრეზიდენტის ბიბლიოთეკის შექმნაზეც ელაპარაკა აშშ-ს პრეზიდენტ ობამას. ასე და ამრიგად მან საფუძველი ჩაუყარა საკუთარ თავის მარადისობას.

საქართველოს ექნება პრეზიდენტის ბიბლიოთეკა, სადაც ბევრი რამ იქნება საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ. სააკაშვილი იმასაც დაგვპირდა წინა პრეზიდენტების – შევარდნაძისა და გამსახურდიას კუთხეებსაც მოვაწყობო. სააკაშვილმა და მისი იდეის მოზიარემ ისეთი ჭიაკოკონა დაანთეს ტელეეთერში, თითქოს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გარდა – გაჩანაგებულ ქვეყანას არაფერი სჭირდება.

აშშ-ი არის ასეთი ტრადიცია, მაგრამ აშშ-ი სხვა ტრადიციაც არის – არქივის, უნიკალური წიგნსაცავების, ბიბლიოთეკების მოვლა-პატრონობა. ბიბლიოთეკის ასაშენებელ ფულს უცხოელ ბიზნესმენებს ვთხოვო – თქვა მან და აასრულა. თურქ ბიზნესმენებს სთხოვა. საქართველოს ექნება – პრეზიდენტის ბიბლიოთეკა, მაგრამ ექნება საჯარო ბიბლიოთეკაც, სახელმწიფო არქივიც და ხელნაწერთა ინსტიტუტიც – ნაკლებ ყურადღებამიქცეული.

სააკაშვილი ძეგლს იდგამს, ნაცვლად იმისა – პასუხს აგებდეს ჩადენილი დანაშაულებებისთვის. რას შეიძლება მიეწეროს ეს? უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებისა და საზოგადოების უპრინციპობას.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.