რას ერჩოდნენ საქართველოს?

ამასაც მოვესწარით, აშშ-ს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, ზედიზედ, ერთიმეორის მიყოლებით, გაიხსენეს სააკაშვილის მმართველობა და ყველაფერი ისე შეაფასეს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის ინტერესები მოითხოვს. სხვა მოლოდინიც არ უნდა გვქონოდა, რამეთუ ათწლიანი დანაშაული – სააკაშვილისა და ნაცების მიერ ჩადენილი, თავისთავად ჩრდილს აყენებს მსოფლიოს პირველ ქვეყანას.

ყოფილი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის, სახელმწიფო დეპარტამენტის მუშაკის მეთიუ ბრაისას, საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის რიჩარდ მაილსის რეტროსპექტივა ქართულმა საზოგადოებამ ისე აღიქვა, როგორც მას სურდა ანუ სააკაშვილის დაგმობის კუთხით.

სამივე გახსენება საქართველოს უახლესი ისტორიის შემადგენელი ნაწილი იქნება  და არა მარტო საქართველოს, არამედ აშშ-ის. გაივლის წლები, ექსპერტები და ისტორიკოსები არაერთხელ მიუბრუნდებიან სააკაშვილის ავადსახსენებელი მმართველობის პერიოდს. მიუბრუნდებიან და უკვე სხვა თვალით, ცივი გონებით შეაფასებენ მას – ზოგი დადებითად, ზოგი უარყოფითად. აწონ-დაწონიან იმჟამინდელი ამერიკის პოლიტიკოსთა ყველა გამონათქვამს, ქმედებას.

სწორედ აწმყოსა და მომავლის გათვალისწინებით, აღნიშნულ პირთა გამონათქვამებში, მოსჩანს მთავარი – აშშ-ს „ანკარა“ პატიოსნება და ის, რომ ამერიკა არაფერ შუაშია. სამივე ყოფილის მთავარი მიზანი – ამერიკის გათეთრება, უმანკო კრავად წარმოჩენაა. მიაღწიეს თუ არა მათ ამ მიზანს? ცხადია, მიაღწიეს – უპირველესად აშშ-ს იმ ფენებში, ვინც მეტნაკლებად იცის საქართველო.

მიაღწიეს სააკაშვილის „ბედნიერი“ მმართველობის მომსწრე ქართულ საზოგადოებაშიც, და რომ მიაღწიეს, თვალნათლივ ჩანს ქართველ ექსპერტთა თუ პოლიტიკოსთა კომენტარებში. ცხადია იმათში, ვინც კრიტიკულად, უფრო ზუსტად მტრულადაა განწყობილი სააკაშვილისა და მისი მმართველობისადმი, არა ნაცებში,

სამივე მათგანი არათუ აკრიტიკებს, არამედ პირდაპირ ხელს ადებს სააკაშვილს 2008 წლის ომის გაჩაღებაში. განსაკუთრებული სიხისტით მაილსი გამოირჩევა, ვინაიდან მას იმჟამინდელ პერიოდთან გაცილებით მეტი შეხების წერტილები ჰქონდა, ვიდრე დანარჩენ ორს.

მაგრამ არც ერთი მათგანი არ აცხადებს, რომ დანაშაულის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს. მაილსი, სააკაშვილის მიერ ჩადენილ სხვა „საგმირო“ საქმეებსაც იხსენებს, „სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს“, ფორმატში, მაგრამ რატომ მაინცდამაინც ახლა? რატომ დაელოდა მაილსი სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვას? იქნებ ადრე, რომ კატეგორიულად დაეფიქსირებინა სახელმწიფო დეპარტამენტში საკუთარი მოსაზრება სააკაშვილის მიმართ, საქართველოს მდგომარეობა გაცილებით უკეთესი ყოფილიყო?

მაილსთან კარგა ხნის განმავლობაში მქონდა ურთიერთობა. მასთან ერთად არაერთხელ მიმოგზაურია ბათუმში, ასლან აბაშიძესთან სალაპარაკოდ. კერძო საუბარში ბატონ ელჩს, მინიშნებით არაერთხელ გამოუხატავს სააკაშვილთან მისი „დელიკატური“ დამოკიდებულება. არც სააკაშვილი გამოირჩეოდა მის მიმართ დიდი „სითბოთი“.

მართალია, მაილსს მიიჩნევენ „ფერად-ყვავილოვანი“ რევოლუციების სულისჩამდგმელად, მაგრამ ის, რომ „ვარდების რევოლუცია“ სხვაგვარად ვითარდებოდა და არა ისე, როგორც ის ისურვებდა, არაერთხელ გამოჩნდა მასთან ლაპარაკის დროს. აჭარის „განთავისუფლებას“ ერთი თვით ადრე ექნებოდა ადგილი და შესაძლოა სისხლით, რომ არა მაილსის სწრაფი რეაქცია.

2004 წლის ადრე გაზაფხულზე, სააკაშვილმა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მიაყენა ჩოლოქს და ბათუმის აღება გადაწყვიტა. ასლან აბაშიძე მოსკოვში იმყოფებოდა. ჩოლოქზე ასლან აბაშიძის შეიარაღებული ხალხი იდგა. მოხდა კიდეც სიტყვიერი შეხლა-შემოხლა. თუ ვინმეს შეეძლო სისხლისღვრის თავიდან აშორება აშშ-ს ელჩი იყო.

სასწრაფოდ დავუკავშირდი მას, ავუხსენი ვითარება და ვთხოვე ზომების მიღება. მისი არაერთი მცდელობა, ტელეფონით დაკავშირებოდა ფოთში გამაგრებულ სააკაშვილს, უშედეგოდ დამთავრდა. გამოსავალი მხოლოდ ის იყო, პირადად ჩასულიყო ელჩი სავარაუდო „ფრონტის“ ხაზზე და შეეკავებინა მოსალოდნელი წარმატებით გონებადაბინდული სააკაშვილი. ჩემი წინადადება უმალ დაემთხვა ელჩის მოსაზრებას, რომელიც, „უიკენდის“ მიუხედავად, სასწრაფოდ გაემგზავრა ფოთში. მისმა ძალისხმევამ შეაჩერა უკმაყოფილო სააკაშვილი.

იმჟამად აჭარა გადაურჩა „რევოლუციას“, მაგრამ ოდნავ მოგვიანებით, 2004 წლის 6 მაისს – ვერა. 2004 წლის მაისს სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ჩოლოქს მთელი საქართველო მიაყენა, გარეგნულად შეუიარაღებული, რომელმაც უპრობლემოდ გადალახა ჩოლოქის აფეთქებული ხიდი.

იმავე წლის აგვისტოს მაილსმა თავისი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა სააკაშვილის მორიგ ავანტიურაზე – ცხინვალის მიმართულებით. მაშინ საქართველოს ნაცურმა ხელისუფლებამ სამარცხვინო მარცხი იგემა.

დიპლომატიის ერთ-ერთი ფუნქციაა ადგილსამყოფელი ქვეყნის ვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საკუთარი საგარეო უწყებისთვის. მაგრამ ერთია ინფორმაციის მიწოდება და მეორეა ცენტრის მიერ მისი ყურადღებით განხილვა და ჯეროვნად შეფასება. დიპლომატიაში სამწუხაროდ იმასაც აქვს ადგილი, როდესაც ელჩის მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია მაგიდის უჯრის სიღრმეში თავსდება. დიდი მნიშვნელობა აქვს ცენტრის დიპლომატთა განწყობას ამა თუ იმ ქვეყანაში  მომუშავე ელჩის მიმართ.

სააკაშვილმა მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევით შეძლო აშშ-ს მაღალი ორგანოების მუშაკების „მოხიბლვა“. ამ საქმეს შეეწირა საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული თანხები.

მაილსი სააკაშვილს აკრიტიკებს, მაგრამ მილოშევიჩთან შედარებით, კეთილ ადამიანად აღიქვამს, რაც ჩემის აზრით სრულიად შეუფერებელი დახასიათებაა იმ ადამიანისა, ვინც არაერთი ბოროტება ჩაიდინა.

ვერ დავეთანხმები, ასლან აბაშიძის ერთი სიტყვით – „დესპოტი“ დახასიათებას. მაილსთან ერთად აბაშიძესთან მრავალი საათი მაქვს გატარებული, დესპოტთან გაჭირდებოდა ხანგრძლივი საუბრის გამართვა, მითუმეტეს ისეთ თემებზე, როგორებიცაა პოლიტიკა, კულტურა, ხელოვნება, ლიტერატურა, ისტორია.

რომ არა ამ „დესპოტის“ ნება, აჭარაში 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას პრობლემები შეექმნებოდა. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“, შევარდნაძის გადადგომის , სააკაშვილის უგვირგვინო „მეფედ“ აღიარების შემდეგ დადგა საპრეზიდენტო არჩევნების საკითხი. აშშ-ი მოწადინებული იყო სააკაშვილის გაპრეზიდენტების.

ვაშინგტონმა თბილისს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ლინ პასკო მოავლინა, რომელსაც მეთიუ ბრაისა ახლდა. მაილსმა შემატყობინა, რომ სასურველი იქნებოდა პასკო-აბაშიძის შეხვედრის ორგანიზება. მე დავურეკე მოსკოვში მყოფ ასლან აბაშიძეს და ვთხოვე ბათუმში ჩამოსვლა. მეორე დღეს, დილის 9 საათზე ბათუმში გაიმართა პასკოს, ბრაისას, მაილსის საუბარი აბაშიძესთან, ჩემის თანდასწრებით.

იმ შეხვედრის დროს არა მარტო პრეზიდენტის არჩევნების თემა იქნა განხილული, არამედ ადგილობრივი არჩევნების მშვიდობიანად ჩატარების თემაც, რომელიც ერთი წლის შემდეგ უნდა გამართულიყო. აბაშიძემ პირობა შასრულა. მან არა მარტო საპრეზიდენტო არჩევნების ნორმალურად ჩატარება უზრუნველყო, არამედ კონსტრუქციული დიალოგიც გამართა, ცალ-ცალკე ბურჯანაძე, ჟვანია, სააკაშვილთან, რასაც მიესალმა აშშ-ს საელჩო. აი, საელჩომ კი სამწუხაროდ ვერ, თუ არ უზრუნველყო აჭარის მეთაურისთვის მომავალ არჩევნებში მონაწილეობა. ის, არჩევნებამდე, რამდენიმე თვით ადრე, ძალით აიძულეს წასულიყო ბათუმიდან.

ბუშის ადმინისტრაცია სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული სააკაშვილის გაპრეზიდენტებაში, რაც არაერთხელ დაამტკიცა კიდევაც მომდევნო წლებში, განსაკუთრებით 2008 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ანტირუსი სააკაშვილი იყო სადგისი ვაშინგტონის ხელში, მომართული რუსეთის რბილ ადგილებში საჩხლეტად.

2008 წლის ომიც ამ პოლიტიკის დასტურია. მაილსი ეხება ცხინვალის ომს და სრულ პასუხისმგებლობას სააკაშვილს აკისრებს, აბა  აშშ-ს ხომ არ დაადანაშაულებს?!

არა მარტო მაილსი, არამედ კონდოლიზა რაისი და მეთიუ ბრაისაც სააკაშვილს ადებენ ხელს, რაც მისასალმებელია იმ თვალსაზრისით, რომ ისინი აღიარებენ ომის გამჩაღებლის ვინაობას, მაგრამ დაუჯერებელია, სააკაშვილს, ვაშინგტონთან შეთანხმების გარეშე, წამოეწყო ესოდენ დიდი ავანტიურა პეკინის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური გახსნის ცერემონიალის დღეს.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონდოლიზა რაისის თბილისში ბოლო ვიზიტის შემდეგ სააკაშვილი საკომუნიკაციო სივრციდან გაქრა.

მედვედევის ნათქვამიდან გამომდინარე ჩანს, აშშ-ს იმჟამინდელი ადმინისტრაციის სხვაგვარი განწყობა. ამ „სხვაგვარმა“ განწყობამ ხომ არ აფიქრებინა სააკაშვილს აგრესიული ნაბიჯის გადადგმა?

ის, რომ სააკაშვილმა აშშ-ს ადმინისტრაცია ფაქტის წინაშე დააყენა, სიცილს თუ არა, ღიმილს მაინც იწვევს. ამერიკა, დღიდან თბილისში საელჩოს გახსნიდან, მთელი სიგრძე-სიგანით ერევა საქართველოს საშინაო საკითხებში. საქართველოს ხელისუფლებას იმის საშუალებასაც არ აძლევენ, ხაჭაპურში იმერული ჩადოს, თუ სულგუნი.

ასეთ დროს „გამოეპარათ“ სატანკო კოლონების ცხინვალის მიმართულებით გადასროლა, ჯარის გორში მობილიზება, თუნდაც პრეზიდენტის კათედრის გორში ჩატანა ომის სავარაუდო მოგების შემთხვევაში, გამარჯვების სიტყვის წარმოსათქმელად?

აშშ-ი არა მარტო საქართველოს საშინაო საქმეებში ერეოდნენ და ერევიან, არამედ სხვა, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნების. საილუსტრაციოდ უკრაინაც კმარა. უკრაინის ევროკავშირში ასოცირებულ წევრად მიღების ამბავმა სრულად გააშიშვლა დასავლური „დემოკრატია“.

აშშ-ა და მისმა მოკავშირე ბრიუსელმა დიდი დრო და ენერგია დახარჯა უკრაინის ევროკავშირში შესათრევად, მაგრამ დრო ვერ გამოძებნა სამგლე გოჭივით ატეხილი სააკაშვილის დასაშოშმინებლად. არც ერთი მაღალჩინოსანი ამერიკელი ან ევროპელი არ სწვევია თბილისს აგვისტოს დასაწყისში, ომამდე, როდესაც ომის სუნი აშკარად ტრიალებდა საქართველოში. არც ერთმა არ ისურვა, თუნდაც ტელეფონით გაეფრთხილებინათ სააკაშვილი, რომ ომის დაწყება, მისი პრეზიდენტობის დასასრული იქნებოდა. არც ერთმა არ ისურვა, ომის შემდეგ სააკაშვილის ავანტიურისული ნაბიჯების დაგმობა, პირიქით მხარში ამოუდგნენ სააკაშვილს და გადაარჩინეს ხალხის რისხვისგან.

და კიდევ ერთი რამ მაილსის, რაისის და ბრაიზას ნათქვამში სააკაშვილის „გიჟობის“ თემა თვალშისაცემია. ნეტავ რა მნიშვნელობით არის გამოყენებული ეს სიტყვა – სიყვარულით თუ ზუსტი მნიშვნელობით? და თუ ზუსტი მნიშვნელობით არის გამოყენებული, რას ერჩოდნენ საქართველოს?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.