აუსრულებელი ოცნება

გასული საუკუნის სამოციანი წლების დასაწყისში, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი (მაშინ ეს უწყება ათონელის 25-ი „საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრული და კულტურული ურთიერთობების საზოგადოების“ შენობაში იმყოფებოდა. დამოუკიდებლობის წლებში იქ აშშ-ს საელჩო იყო განთავსებული. შენობაში პრემიერ-მინისტრის ოფისიც განთავსდებოდა, სააკაშვილს რომ დასცლოდა. მაგრამ რა გაეწყობა. მისი გაპრემიერების გეგმები 2012 წლის ოქტომბერმა ჩაშალა), ხშირად მოდიოდა ჯან-ღონით სავსე პიროვნება, გიორგი ბიჭიკაშვილი. მოდიოდა და თან მოჰქონდა ახალ-ახალი ლექსები და ზეთის საღებავებში შესრულებული მხატვრული ტილოები.

ბატონი გიორგის პოეზია ერთობ საინტერესო იყო, ისე, როგორც მისი ფერწერა, რამაც განაპირობა მუშა პოეტების კრებულში საპატიო ადგილის დაკავება. მისი ფერწერა კი არაერთხელ გამოიფინა „ცისფერ გალერეაში“ სხვა თვითნასწავლი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად.

გიორგი, თბილის-ხაშურის ელექტრომატარებლის გამცილებლად მუშაობდა და თავისუფალ დროს პოეზიას, ფერწერას და, რაც მთავარია, საგარეო პოლიტიკას ახმარდა. „პოეზია და ფერწერა – ჩემი „ჰობია“, მაგრამ მე პოლიტიკაში ვმუშაობო“, – ხშირად ამბობდა ის. არადა, როდესაც პოლიტიკაში გადადიოდა, შეუნიღბავი თვალითაც კარგად ჩანდა, რომ გიორგის საქმე მთლად კარგად ვერ იყო, რომ იტყვიან – უსტვენდა.

იმჟამინდელი საბჭოეთის სერიოზული თავსატეხი იყო ჩინეთთან ურთიერთობის გამოსწორება, რომელსაც სერიოზული ზიანი მიაყენა საბჭოთა ლიდერის, ხრუშჩოვის ვოლუნტარისტულმა პოლიტიკამ.

გიორგი დღენიადაგ იღვწოდა ორი ქვეყნის ურთიერთობის გამოსწორებისთვის. სამინისტროში ახალ-ახალი პროექტებიც მოჰქონდა განსახილველად და მოსკოვში გადასაგზავნად. მისი სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთი ფრაგმენტი ასეთი იყო – ბრძოლის ველზე განლაგებული, ცხენებზე ამხედრებული რუსულ-ჩინური არმიები – წინ თავიანთი ლიდერებით – ბრეჟნევითა და მაო-ძედუნით. ორი ლიდერი ცხენებით მიქრიან ერთმანეთისკენ სამკვდრო-სასიცოცხლოდ შესაბმელად. და როდესაც მიუახლოვდებიან, ხმლებს იშიშვლებდნენ, მაგრამ ალესილის ნაცვლად, ქარქაშიდან თეთრი ლენტები ამოფრიალდება – ნიშნად ზავისა და მეგობრობისა.

„ჩინეთთან თუ არ დავიწყეთ მოლაპარაკება, ჩვენი საქმე ცუდათ იქნებაო“, – ამბობდა ის და ამატებდა: „წარმოვიდგინოთ ასეთი რამ, ერთ დღეს ჩინელებმა რომ გვითხრან, გბარდებით, თქვენი ვართო, ვინ იქნება მოგებული? მილიარდნახევრიანი ჩინეთის „ჩაბარება“ ოკუპაციის მომასწავებელი იქნებაო?“

ბიჭიკაშვილის გახსენება შემთხვევით არ არის გამოწვეული. ეს უფრო იმ რეალობის ამსახველია, რასაც საქართველოში აქვს ადგილი და რასაც „კოჰაბიტაცია“ ჰქვია. „ოცნებისა“ და „ნაცების“ თანაცხოვრების პროცესი, რომ უხერხული ზიგ-ზაგებით ვითარდება, თვალნათელია. აშშ-ს ერთი მიზანი აქვს – ნაცების შენარჩუნება და მისი მეორე პოლიტიკურ ძალად შექმნა, ცხადია ამ ეტაპზე, ხვალ კი მისი ისევ ხელისუფლებაში ხილვა.

როგორც ჩანს ამ აზრს ივანიშვილის კოალიციაშიც იზიარებენ, გარკვეული კორექტირებით. გაჭიანურებული სასამართლო პროცესებიც ამის დამადასტურებელია. ჩანს, ივანიშვილისთვის მთავარი, თითო-ოროლა ნაცის დასჯაა და არა ნაცების – მრავლობით რიცხვში.

ივანიშვილისთვის უცხოა ნაცისტური პარტიის კანონგარეშედ გამოცხადებაც და მისი დამნაშავე წევრებისთვის პოლიტიკურ ცხოვრებაში მოღვაწეობის სამუდამო აკრძალვა. ამ საკითხში მისი მოსაზრება ზედმიწევნით ემთხვევა ოფიციალური ვაშინგტონის მოსაზრებას.

ის, რაც ჩვენთვის არის ცნობილი – ივანიშვილის განცხადებებია ნაცთა მისამართით – მოინანიეთ და ჩვენთან გადმოდითო. და ნაცთა დიდმა უმრავლესობამ არ დააყოვნა, უმალ ფერი იცვალა. ქართველები არ არიან?! ასე და ამრიგად, პირწავარდნილი ნაცები „ოცნებელებად“ იქცნენ და დილიდან-საღამომდე სულ ნაცთა გინებაში არიან – „ესენი ვინ ყოფილანო?“.  ბიძინასაც უხარია – ოცნებელთა გაფართოება. მაგრამ გიორგი ბიჭიკაშილისა არ  იყოს, ნაცების „გაოცნებებას“, თანაც მრავლობით რიცხვში, არ მოჰყვება „ოცნების“ „ნაცური“ ოკუპაცია?!

ბოლო პრეს-კონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვას ნაცთა მომავალთან დაკავშირებით, ივანიშვილმა ბრძანა – ასეთი დაყოფა არ ივარგებს, ყველა ამ ქვეყნის შვილიაო. ივანიშვილის ნათქვამმა მალამოსავით იმოქმედა ნაცებზე, მაგრამ მთლიანად საზოგადოებაზე უარყოფითად. ხალხი ნაცთა დასჯას ელოდება და ეს კი – ერთად იცხოვრეთო – აცხადებს.

მგლისა და კრავის „ერთად ცხოვრება“ მხოლოდ ცირკის არენაზე ხდება და ისიც ერთი ან ორი საათით. ბუნებაში, უნახავს ვინმეს მსგავსი სასწაული?! არც არავის. მაშ, რატომ უნდა იქცეს საქართველო, უხერხული ექსპერიმენტის ზონად? იმიტომ, რომ აშშ-ს ასე სურს?

ჯერ წელიწადიც არ გასულა ივანიშვილის გამარჯვებიდან, მაგრამ ხალხის უკმაყოფილობა სახეზეა. ხალხი ვერ ხედავს წინასაარჩევნო დაპირებების რეალიზაციას, თუმცა იმედსაც არ კარგავს, თანაც გულს იკეთებს – „ბოლოს და ბოლოს, სააკაშვილი ხომ მოგვაშორაო“.

რაც მართალია. სააკაშვილი კი მოგვაშორა, მაგრამ დიდი ხნით?! სააკაშვილი და მისი ნაცები ახალგაზრდები არიან. მათ შეუძლიათ დაცდა, გამოზამთრება, ძალების მოკრება და კვლავ იერიშის მიტანა ხელისუფლებაზე. ამასობაში ხალხსაც ბევრი რამ დაავიწყდება, თუნდაც წამების ამსახველი ვიდეო-კადრები, რომელიც მას არ უნახავს და კვლავ აყვირდება – „მიშა“, „მიშაო“. მიშაც ორ კურცხალს გადმოაგდებს, „გულდათუთქული“ და დაპირდება ხალხს საამურ ცხოვრებას.

დიახ! ეს იქნება, თუ „ოცნება“ „განაცდება“, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აიკრძალება, თუ დამნაშავე სააკაშვილი და სხვები არ დაისჯებიან.

მავანი იტყვის, რა ჰქნას უამრავმა ნაციონალმა ულუკმაპუროდ სული ხომ არ უნდა ამოვხადოთო? არ უნდა ამოვხადოთ, მაგრამ მათ, რომ მთელს საქართველოს ამოხადეს?! გახსოვთ ალბათ, სამსახურში არავის იღებდნენ, თუ ნაცურ რიგებში არ იყვნენ გაწევრებული.

მსგავსი რამ საბჭოთა კავშირშიც არ იყო. იშვიათობას არ წარმოადგენდა უპარტიოთა სხვადასხვა სახის ინსტიტუტისა და დაწესებულების ხელმძღვანელად მუშაობა. პროფესიონალიზმს აქცევდნენ ყურადღებას. თქვენი მონა მორჩილი ისე გადაიყვანეს საკავშირო სააქციონერო საზოგადოება „ინტურისტიდან“ საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომ არავის უკითხავს პარტიის წევრი იყო თუ არა. ნაცთა დროს კი დაუწერელ კანონად იქცა არანაცელის სამსახური.

დღესაც, იგივე მეორდება. სამუშაოს მიღებისთვის მიდიან „ნაცები“ „ოცნებაში“. რა პარტიული შემართება ან სულისკვეთება, მთავარია სამუშაო, მნიშვნელობა არ აქვს ვისთან. ასეთი მენტალიტეტით საქართველოში არასდროს შეიქმნება იდეოლოგიაზე დაფუძნებული პარტია. როდესაც „იდეოლოგიად“ კუჭის ამოვსებაა ქცეული, რა პარტიაზეა საუბარი?!

ახალი ხელისუფლების, პირადად ივანიშვილის მთავარი ამოცანა სწორედ ამ მანკიერებასთან ბრძოლა უნდა ყოფილიყო, მხოლოდ პროფესიონალებზე უნდა გაკეთებულიყო აქცენტები და არა პარტიულობასა და ნათესაურ-მეგობრულ კავშირებზე. შედეგად, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ფეხბურთელი მინისტრია, მომღერალი პრეზიდენტობისთვის მებრძოლი და ა.შ. პროფესიონალიზმი არავის ახსოვს. მხედველობაში ნამდვილი პროფესიონალიზმი მაქვს  და არა ისეთი, როგორსაც დღეს მიიჩნევენ.

ცხრა წლის განმავლობაში არაერთი ნაცი გვინახავს სხვადასხვა დარგის მინისტრად. დღეს ისინი არ ჩანან, მაგრამ ხვალ ხომ გამოჩნდებიან, თანაც „მდიდარი“ ავტობიოგრაფიით და იტყვიან მათზე – „პროფესიონალები არიანო“.

თქვენ თვითონ განსაჯეთ, რა დარგის პროფესიონალია სამგზის ნამინისტრალი შაშკინი, რომელსაც ქართული ელექტრონული მედია ცხვირში ტენის ხალხს – „კოჰაბიტაციის“ დევიზით. ამას წინათ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ნამინისტრალი შაშკინი დაბეჯითებით უმტკიცებდა მაყურებელს, რომ 2012 წლის ოქტომბერს, ამომრჩეველთა ერთმა მესამედმა დაუჭირა მხარი „ოცნებას“ – პირადი კეთილდღეობისთვისო. ამ „ბრძნულ“ მოსაზრებას ნამინისტრალმა ნაცთა იდეების ქება მიაყოლა. სადამდე!

რა სჭირს ქართულ მედიას, რომ შაშკინი და მისი მსგავსი გუშინდელი ავაზაკი არ შეტენოს მაყურებელ-მკითხველის ცხვირში? რომ იტყვიან – ციხე ტირის მათზე და ესენი ტელეეკრანებზე ყელყელაობენ. ვის სჭირდება ასეთი განსხვავებული აზრი?! ან რატომ ვუწოდებთ განსხვავებულს, აზრს, რომელიც ნაცთა წყალობით, ცხრა წელიწადი ტრიალებდა ჩვენს თავს?

თუ რომელიმე ჟურნალისტს მოენატრა ისინი, კეთილი ინებოს და პირადი შეხვედრა მოუწყოს – ტელეეკრანისა და საგაზეთო ფურცლის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მცდელობა ნაცმოძრაობისთვის ხელშეწყობად ჩაითვლება. ჟურნალისტთა დათვური სამსახური (შეიძლება შეგნებულიც), მხოლოდ ნაცთა მარადისობას უწყობს ხელს – სამომავლოდ მათ შემობრუნებას.

სენსაციისთვის, გადაცემის შევსებისთვის მსგავსი „ნოვატორობა“ ქვეყნის მომავლისთვის არის დამღუპველი და ეწინააღმდეგება ერის თვითგანწმენდას.

ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ივანიშვილის უპირველესი ამოცანა უნდა ყოფილიყო მრავალპარტიული საქართველოს მენტალიტეტის შეცვლა, ცხადია არა ხელოვნურად, ძალისმიერად, როგორაც ის აკეთებს, არამედ საქმიანად, შეგონებით.

თუმცა ძნელია შეაგნებინო უმუშევარ ახალგაზრდას ან სხვა ასაკის ადამიანს, რომ პოლიტიკაში წასვლის ნაცვლად, სჯობს პრაქტიკული საქმის კეთება. ძნელია, ვინაიდან პოლიტიკაში დასაქმების უფრო მეტი შანსია, ვინაიდან სხვა არაფერი მუშაობს – არა ქარხანა, არა საწარმო, არა ბიზნესი და ა.შ. მუშაობს ორი დიდი „ქარხანა“ – პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის სახით. ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის უნდა დაეთმო პრემიერს ძირითადი დრო და არა მოსახლეობის ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანისთვის.

და კიდევ ერთი რამ – პარლამენტის უმრავლესობის მოწოდებით დაიწყო ახალი რაუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებისა. ამ „კეთილშობილურ“ საქმეში, ისე, როგორც ყოველთვის, აქტიურობას იჩენს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი. ეს ამერიკული ორგანიზაცია 2010 წელსაც აქტიურობდა – მაშინ, როდესაც სააკაშვილმა ახალი კონსტიტუცია დააწერინა ერთობ მრავალრიცხოვან საკონსტიტუციო კომისიას, კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილის ხელმძღვანელობით. ბევრი „იშრომა“ იმჟამინდელმა კომისიამ და ქვეყანას ახალი კონსტიტუცია შესძინა, რომელიც ძალაში შევა წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ.

ახალი კონსტიტუციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ანუ მიხეილ სააკაშვილი, ქვეყანას, იმპერატორად ან შეიხად მოევლინებოდა, ყატარის მსგავსად, რომლის მმართველმა, ჯანმრთელობის გამო, ქვეყანა შვილს გადააბარა. ეს ის ქვეყანაა, სადაც არც პარლამენტია და არც რაიმე სახის არჩევნები, მაგრამ არის აშშ-ს სამხედრო ბაზა და აშშ-ი, როგორც სტრატეგიული პარტნიორი.

საქართველოში კი ყველაფერია. არის პარლამენტი, არჩევნებიც, მაგრამ ეს „რიტუალი“ სააკაშვილის ახალი კონსტიტუციით, მხოლოდ სალაღობო იქნებოდა. ჰოდა, ახალმა პარლამენტმა გადაწყვიტა ჯერაც ძალაში არშესული კონსტიტუციის საფუძვლიანი გადაკეთება.

ვინც ამას აპირებს, ისინი მარსიდან არ ჩამოფრენილან. 2010 წელსაც აქ ცხოვრობდნენ და მაშინ საპროტესტო კრინტიც არ დაუძრავთ. ცხადია, არც მიტინგი მოუწყვიათ პარლამენტის წინ.

რა გამოდის, მაშინ მოსწონდათ და დღეს არა?

კონსტიტუცია ხომ დეისაძის „შემოქმედება“ არ არის, ის სხვა სახის „ლიტერატურაა“ – სხვანაირ ყურადღებას რომ მოითხოვს.

თავისუფლების 23-წლიან პერიოდში საქართველოში არაერთხელ შეიცვალა კონსტიტუცია. პირველად 1990 წელს, მრავალპარტიული არჩევნების შედეგად.  მაშინ უკიდურესი აუცილებლობა მოითხოვდა საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციის შეცვლას და დროის მცირე მონაკვეთში განხორციელდა უაღრესად შრომატევადი საქმე. იმ კონსტიტუციამ 1992 წლის შემოდგომამდე იარსება – ახალი პარლამენტის არჩევამდე.

შევარდნაძეს არ სურდა გამსახურდიას დროს მიღებული მთავარი კანონით მოქმედება. ამდენად მან ახალი მთავარი კანონის შექმნა მოითხოვა. არადა გამსახურდიასდროინდელი კონსტიტუცია ურიგო არ იყო, მაგრამ გამსახურდიას სახელს უკავშირდებოდა, რაც მიუღებელი იყო შევარდნაძისთვის, ისე, როგორც დროშა, ჰიმნი და გერბი. ქვეყნის სიმბოლიკის შესაცვლელად კომისიებიც შეიქმნა, თუმცა უშედეგოდ. ახალმა რევოლუციამ შეუშალა ხელი.  

შევარდნაძის მთავარმა კანონმა 1995 წლის ახალ კონსტიტუციამდე იმოქმედა. მისი მიღების შემდეგ, მიუხედავად ცვლილებებისა, მან ყველაზე მეტხანს გასტანა, თითქმის დღემდე. თუმცა 2010 წელს შეიქმნა ახალი კონსტიტუცია, რომელიც ძალაში ა.წ. ნოემბერს შევა.

მომავალი კონსტიტუცია გადაკეთებას მოითხოვს, ვინაიდან სააკაშვილის გავლენითაა დაწერილი. მართალია სააკაშვილი, როგორც პრემიერი აღარ იქნება, მაგრამ ვინც იქნება, კონსტიტუციით გასააკაშვილდება. კონსტიტუცია მოითხოვს შეცვლას, რათა პრემიერი იმპერატორად არ იქცეს. მაგრამ როგორც ავი ხმები ამბობენ, იქ ისეთი პუნქტების დამატებაც იგეგმება, რომლებიც მიუღებელია. მაგალითად, ორმაგი მოქალაქის პრეზიდენტობა, პრემიერობა, მინისტრობა და ა.შ., რაც გვაფიქრებინებს, რომ ყოველივე ივანიშვილისთვის კეთდება. შენც?, სამართლიანობისთვის მებრძოლო?!

როგორც ჩანს, ქართველობა ვერასდროს ეღირსება ნორმალურ კონსტიტუციას, ვინაიდან კონსტიტუციას ჩვენში, გამარჯვებული წერს და წერს იმისთვის, რომ საკუთარ თავზე, ტანზე და ხასიათზე მოირგოს. წერს არა ქვეყნისთვის, არამედ საკუთარი პიროვნებისთვის.

ეს რომ ასე არ ყოფილიყო, შევარდნაძე არ დაიწუნებდა გამსახურდიას კონსტიტუციას, სააკაშვილი – შევარდნაძის, ხოლო „ოცნება“ – სააკაშვილის.

ასე იქნება მარადჟამს, ვიდრე იქნება ძალაუფლების მოტრფიალე თუნდაც ერთი ქართველი. ყველა ახალმოსული, ახალ კონსტიტუციას დააწერინებს. დამწერიც დაწერს. საზოგადოებაც გაყუჩდება, ვინაიდან ეს საქმე მას არ ანაღვლებს. რაც ანაღვლებს – დასაქმებაა – აუსრულებელი ოცნება.

  ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.