უცხოური მედიის საშუალებით, იშვიათად, მაგრამ მაინც გვინახავს შეცდომით დაპატიმრებული და პატიმრობიდან გათავისუფლებული პირი, 10-15 წლით თავისუფლებააღკვეთილი. მოგვისმენია სამართალდამცავთა გულახდილი აღიარება – შეცდომა მოგვივიდაო. ისიც გაგვიგია, რა საკომპენსაციო თანხის გადახდა მოუწია ხელისუფლებას, საბედისწერო შეცდომისთვის – საბედისწერო, უპირველეს ყოვლისა, მსჯავრდებულისთვის, თორემ სახელმწიფოსთვის არაფერს წარმოადგენს, გამართლებულისთვის გადაცემული საკომპენსაციო ათასები.

ციხეში გატარებული წლები, მითუმეტეს ათი და მეტი, ვერავითარი ათასებით ვერ ანაზღაურდება, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ციხეები, ჩვენთან არსებულთან შედარებით ბადენ-ბადენის კურორტია. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებიდან გამოკლებული თუნდაც ერთი წელი, რაც არ უნდა „კარგ“ პირობებში ხდებოდეს ეს, აუნაზღაურებელი დანაკარგია. „პრასი ხომ არა ხარ, მეორედ მოხვიდეო“, – გამონათქვამი ზედმიწევნით კარგად გამოხატავს ადამიანის ცხოვრებაში თითოეული საათის, დღის, თვის, წლის, წლების მნიშვნელობას.

განსაკუთრებით მძიმეა იმ ადამიანთა ხვედრი, ვინც ერთი და მეტი წელი გაატარა საქართველოს ციხეში. როგორც ციხეგამოვლილები ამბობენ, ქართული ციხე „უნიკალურია“ – გადატვირთული საკნებით, ცხენივით ფეხზე მძინარე პატიმრებით, ცუდი კვებით, არაადამიანური მოპყრობით, წამებით, მკვლელობით, უმდაბლესი სამედიცინო მომსახურებით, სხვა „ბედნიერებებით“.

ქართულ ციხეგამოვლილს იმდენად აქვს მორყეული ჯანმრთელობა, რომ ძვირადღირებულ უცხოურ კლინიკებში მკურნალობაც კი ვერაფერს გახდება. ციხიდან გამოსული, თუკი ამას ეღირსა, განადგურებულია როგორც ფსიქიკურად, ისე ფიზიკურად. მისი ჯანმრთელობის რეაბილიტაცია, ისეთ გაჩანაგებულ, არშემდგარ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა – შეუძლებელია.

შეუძლებელია იმის გამო, რომ სამედიცინო დაწესებულებებში უბრალო ვიზიტი – ექიმის კონსულტაცია რომ ჰქვია, არანაკლებ 50 ლარისაა. საავადმყოფოში დაწოლა ათასებს ეთამაშება, ისე, როგორც ოპერაცია. სააკაშვილის ამაყი განცხადებით, საქართველოში 5-ვარსკვლავიანი საავადმყოფოები გაიხსნა, რაც სინამდვილეს შეეფერება. უფრო მეტიც – იქ გადასახდელი თანხები, გაცილებით მეტია, ვიდრე 5-ვარსკვლავიან სასტუმროში, კვალიფიციური მომსახურება – გაცილებით ნაკლები.

სამწუხაროდ, საავადმყოფოში მომუშავე სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია, უდავოდ, ჩამოუვარდება პაციენტის მიერ გადახდილ ფულს, ხშირად მამა-სისხლად მოპოვებულ-მოგროვებულს.

არაკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მომსახურების დაბალი დონის შედეგად მრავალი პაციენტი უდროვოდ გასცილდა ამ წუთისოფელს. არადა თვალს მოგჭრით ახალი საავადმყოფოების ინტერიერ-ექსტერიერები, თანამედროვე აპარატურა, მომსახურე პერსონალის ჩაცმულობა, ისევე, როგორც აშკარა ქართული მიდგომა საქმისადმი. სამედიცინო პერსონალის სამსახურში დაგვიანება, ერთმანეთში ლაზღანდარობა, ხმამაღალი ჭორაობა. პაციენტი კი იცდის. უცდის ექიმებს, როდის იჯერებენ გულს განყენებულ თემაზე საუბრით. ვერ შეეკამათები, ვერ მისცემ შენიშვნას – პასუხი უმალ აქვთ, თანაც მათ ხელში ხარ. სად წახვალ?

ისე, როგორც ყველაფერში – ფასადურად გადმოვიღეთ გარეგნული იერ-სახე, მაგრამ შინაარსით ისეთები დავრჩით, როგორებიც ვიყავით – მოშვებულები, უპასუხისმგებლოები, მოქეიფეები, დარდი-მანდები, კარგი სადღეგრძელოების მთქმელები და ა.შ.

პირადად გადავყრივარ, გასინჯვის დროს კაბინეტში შემოსულ ექიმსა და „ჩემს“ ექიმს შორის გამართულ, წინაღამისეული ქეიფის ამსახველ ლაპარაკს – მსგავსი წინადადებებით – კარგი ღვინო იყო და ბევრი დავლიეთო. ავადმყოფი კი წევს. მას უნებლიედ უჩნდება ობიექტური გრძნობა – ზერელე გასინჯვასთან დაკავშირებით. ნაპახმელიარი ექიმისგან პაციენტი კარგს არაფერს ელის, მაგრამ რა ჰქნას? თუ ამას დავუმატებთ, გასინჯვის დროს, ექიმის, მობილური ტელეფონის ზარებზე წამდაუწუმ პასუხებს, დარწმუნდებით სამედიცინო შემოწმების ზერელეობაში.

ყველაფერ ამას დაუმატეთ წამლების ასტრონომიული ფასები და უმალ დაგებადებათ კითხვა – ამის შემხედვარე ცოცხლები როგორღა ვართ? აფსუს, საბჭოეთი, თავისი უფასო სამედიცინო მომსახურებით, დაბალფასიანი, თანაც გაცილებით ეფექტიანი წამლებით, გულისხმიერი, ყურადღებიანი სამედიცინო პერსონალით. იმ „ავადსახსენებელ“ ჟამს ყველა უბანს თავისი ექიმი ჰყავდა, რომელიც საკუთარი ხუთი თითივით იცნობდა პაციენტებს. კვირა ისე არ ჩაივლიდა, 2-ჯერ მაინც არ შემოევლო უბანი. უბნის ექიმის კვალიფიკაცია, დღევანდელი პროფესორის დონეს უტოლდება, ყურადღება და გულისხმიერება მას გაცილებით მეტი ჰქონდა.

სააკაშვილის ცხრაწლიანი ბატონობის დროს ჩაოხრებული სამედიცინო მომსახურება თავის ზენიტშია. მას ჯერ-ჯერობით ვერაფერს უხერხებს ახალი ხელისუფლება. ახლები, მიუხედავად საარჩევნო დაპირებისა, ვერც მედიკამენტების ფასების შემცირებას ახერხებენ. განუკითხაობის თვალუწვდენელ ველზე უდარდელად დანავარდობენ „ავერსისა“ და „პე-ეს-პეს“ მონოპოლიური ფირმები – ატყავებენ და ატყავებენ საკუთარ აფთიაქებში, საკუთარ კლინიკებსა და საავადმყოფოებში მოხვედრილ, გაღატაკებულ მოსახლეობას.

„ოცნების“ ბრტყელ-ბრტყელი დაპირებებიდან ჯერ-ჯერობით არაფერი ჩანს. ასე, რომ გუშინდელი პატიმარი, აწ გათავისუფლებული და რიგითი მოქალაქე იმ სერიოზული პრობლემის წინაშე დგას, რასაც ჯანმრთელობის რეაბილიტაცია  ჰქვია.

რაც ახალმა ხელისუფლებამ გააკეთა – უდანაშაულო პატიმრების ამნისტიაა. რეზონანსულმა გადაწყვეტილებამ საზღვარგარეთიც აალაპარაკა. ტელეკომპანია „ევრონიუსმა“, რუსულმა ტელეარხებმა მოკლე სიუჟეტები მიუძღვნეს ამ აქტს, იმ განსხვავებით, რომ „ევრონიუსმა“ პატიმართა ხსენებისას სიტყვა „პოლიტიკური“ დაივიწყა, რუსულმა კი – ხაზგასმით აღნიშნა.

ზემოთ მოგახსენეთ უცხოეთში შეცდომით დაპატიმრებულ თითო-ოროლა ადამიანის შესახებ. თითო-ოროლა და არა ასობით, რასაც სააკაშვილის საქართველოში ჰქონდა ადგილი. გასულ კვირას „შეცდომით“, უფრო სწორად „შეგნებული ბოროტებით“ ათი და მეტი წლით თავისუფლების აღკვეთილმა პოლიტპატიმრებმა დატოვეს საქართველოს ციხეები.

საქართველოს ომბუდსმენმა ლილუაშვილმა გაიხსენა ევროსაბჭოს ყოფილი გენერალური მდივნის შვიმერის სიტყვები – „ევროპისთვის ერთი პოლიტპატიმარიც ბევრიაო“. რა გამოდის, დალოცვილი ევროპისათვის თუ ერთი პოლიტპატიმარიც ბევრია, ევროპასთან ჩახუტებული, ნატოში შესვლის კანდიდატი, აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ „დემოკრატიის შუქურად“ აღიარებულ „სააკლენდში“ მრავალი პოლიტპატიმარი შესაძლებელია? იქნებ ევროატლანტიკური სივრცე ახალი ხელისუფლების აქტს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით არ იზიარებს? იქნებ ამიტომაც აირიდა „ევრონიუსმა“ სიტყვა „პოლიტპატიმრის“ ხსენება? არადა ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, ისეა მათი საქმე.

ციხიდან გამოსულები ერთი-მეორის მიყოლებით ყვებიან იმ აბსურდულ „დანაშაულზე“, რის გამოც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ისინი სამშობლოს „ღალატისთვის“, სხვა ქვეყნის სასარგებლო „ჯაშუშობისთვი“, სახელმწიფო „გადატრიალების მცდელობისთვის“ ლამის 25 წლით და მეტით გამოამწყვდიეს ციხეში.

მაინც რამდენი უდანაშაულო ადამიანი ყოფილა – სახელმწიფო „ღალატისთვის“ ციხეში გამომწყვდეული?! რამდენი ოჯახი განადგურდა? რამდენი ადამიანის ჯანმრთელობა შეირყა ქართულ ციხეებში გატარებულ წლებში? ვინ და რა შესძლებს მათი ჯანმრთელობის რეაბილიტაციას, ვინ გადაიხდის მკურნალობის ფულს? ვინ მისცემს მათ კომპენსაციას? ცხადია, ყოველივე სახელმწიფომ უნდა ითავოს, მაგრამ მან სწორედ გუშინდელთა ჯიბეებიდან უნდა ამოიღოს საკომპენსაციო თანხები, მათი ქონების კონფისკაციით, მათ მიერ გაძარცვული ქვეყნიდან ამოღებული ფულის დაბრუნებით.

ციხის აუტანელი პირობების კომპენსაცია, მორალური ზიანი, რაც სააკაშვილმა და მისმა ხროვამ მოუტანა უკვე ყოფილ პოლიტპატიმრებს, ვერავითარი ფულით ვერ კომპენსირდება, მაგრამ ჯანმრთელობის აღდგენას ფული სჭირდება და ის ნაცთა ჯიბეებიდან, ძარცვით გავსებულიდან, უნდა მოდიოდეს და არა სახელმწიფოს ანუ ხალხის ჯიბიდან – ბიუჯეტი რომ ჰქვია.

პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ქართული და არა მარტო ქართული საზოგადოების ეიფორიული განცხადებები მოჰყვა, რაც ბუნებრივი და სასიხარულოა, მაგრამ გაცილებით ბუნებრივი, სასიხარულო და რაც მთავარია სამოქალაქო პასუხისმგებლობით აღსავსე იქნებოდა, ყველა ყალბ დაჭერაზე, საზოგადოების რეაგირება, მითუმეტეს არასამთავრობოების, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დამცველების.

სამწუხაროდ, თითო-ოროლა წამოკნავლების გარდა, ასეთს ადგილი არ ჰქონია. არაფერი დაუშავდებოდათ ასობით არასამთავრობო ორგანიზაციას ერთი პირი შეეკრა და ხელი-ხელჩაკიდებულს ხმამაღლა ეთქვა – ხელისუფლებავ, სააკაშვილო – სასწრაფოდ გაათავისუფლეთ უდანაშაულო მაისაია, ენვერელები, სამხედრო „მეამბოხეები“ და ა.შ.

ეთქვათ თუნდაც ისე, როგორც ეს თქვეს სულ ახლახანს, ძველ უბანში, ე.წ. სააკაშვილის ხიდზე შემდგარებმა, ივანიშვილის საწინააღმდეგოდ. რაო? ვერ გაბედეს, მათაც ოჯახები ჰყავთ და დაჭერას შეუშინდნენ? გამოდის, რომ ივანიშვილის მხრიდან დაჭერას არ მოელიან და იმიტომ დიდგულობენ?

საქმეც ამაშია. გარდა იმისა, რომ სააკაშვილის ეშინოდათ, სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერა იყო მათი მთავარი საქმიანობა. არასამთავრობოები ხომ სააკაშვილის ადმინისტრაციის, სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების კადრების სამჭედლო იყო. მაშ, რატომ აიმაღლებდნენ ხმას?! დღეს, შეიძლება, ვინაიდან დღეს ამისთვის არავის სჯიან, გარდა ამისა საკუთარი იმიჯისთვის ქულების დაგროვებაც ხომ საჭიროა?

ისინი რომ ასე იქცეოდნენ, არა მარტო სააკაშვილის მარიფათია, მათი შემქმნელების მარიფათიცაა ანუ იმ ამერიკული ინსტიტუტების, ვისი ფულითაც არასამთავრობოების უდიდესი უმრავლესობა არსებობს. ოკეანისგადაღმელი დამფინანსებელი კი ფულს ტყუილად არ ყრის. მან ჩამოაყალიბა ქართული ფილიალები, ფული და „საგზაო რუკაც“ მისცა ანუ ანტირუსული, პროამერიკული. და რახან გეზი დასავლური უნდა ყოფილიყო, ის უდავოდ პროსააკაშვილისეული უნდა ყოფილიყო – დასავლური ცხოვრების ურყევი ბასტიონის – რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან. ასეთ ვითარებაში, რომელი მათგანი შემოჰკრავდა უკანონო დაპატიმრებებისთვის განგაშის ზარს?!

დღეს, იცოცხლეთ, ერთან ერთად ხარობენ, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ დაგვიანებულია.

ასზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, ერთ მტკაველ საქართველოში, არათუ ბევრია, არამედ ძალიან, ძალიან ბევრია.

მაინც, რატომ არ ხედავდა ამას საქართველოში აკრედიტებული ამერიკა-ევროპის დიპკორპუსი? ცუდ მხედველობას მათ ნამდვილად ვერ დავწამებთ. აშშ-ს ელჩმა ნოლანდმა თვალი მოჰკრა რა ზუგდიდში, ანტიახალაიურ გამოსვლას, უმალ იქ გაჩნდა, რათა ეხსენა ნაცები განსაცდელისგან. აწ, ჩვენგან წასულმა ჰილარი კლინტონმაც არ დააყოვნა და ივანიშვილს დაურეკა, გაღიზიანებულმა – ეს, როგორ შეიძლებაო. მაგრამ არც მას და არც ერთ ევროპელ მაღალჩინოსანს სიტყვაც არ დაცდენია, 2011 წლის მაისის დარბევის დროს დაპატიმრებულთა გათავისუფლებაზე, ისე, როგორც გიორგაძის პარტიის წევრების ციხიდან გამოშვებაზე.

აქვე უნდა ითქვას, რომ გიორგაძის პარტიის წევრების უკანონო დაპატიმრების თემას არც ერთი ქართული, მეტ-ნაკლებად გავლენიანი არასამთავრობო არ გამოსარჩლებია, უბრალო მიზეზის გამო, ისინი ე.წ. პრორუსებად მოინათლენ. არც პოლიტიკურ პარტიებს მოუკლავთ თავი, პირიქით, ზოგიერთმა მათგანმა ისინი დამნაშავეებად მონათლა, ისე, როგორც 2011 წლის მაისის დარბევის ორგანიზებაში თვით დაზარალებულ ბურჯანაძეს დასდეს ბრალი. მას ლამის პროვოკატორობაც დასწამეს.

მიძინებული საელჩოები ვერა და ვერ გამოაფხიზლეს პოლიტიკურმა პარტიებმა, მედიამ, არასამთავრობოებმა, ინტელიგენციის წარმომადგენლებმა. ისინი, ერთად, არასდროს შეყრილან, თუნდაც აშშ-ს საელჩოსთან – უდანაშაულო პატიმართა განთავისუფლების მოთხოვნით. დარწმუნებული ვარ, მათ (პატიმრებს) მრავალი წელი მოუწევდათ ციხის ხეხვა, რომ არა ივანიშვილი. მისმა პოლიტიკურმა გამოჩენამ იხსნა ისინი ციხისგან, შესაძლოა სიკვდილისგანაც.

არავითარ დონეზე არ აღმოჩნდნენ რუსი ადამიანის უფლებათა დამცველები, დღეს რომ მკერდზე მჯიღის ცემით და ცრემლების ღვარღვალით შეეგებნენ ქართველ პოლიტპატიმრათა გათავისუფლებას. არც ალექსეევას და არც მის და-ძმებს სიტყვაც არ დაცდენიათ უკანონო პატიმრების შესახებ. რაც მათ ხშირად დასცდათ – სააკაშვილის ხელისუფლების პერმანენტული ხოტბა იყო, თანდაყოლილი ოხვრით – ამას როდის ვეღირსებით რუსეთშიო. „სააკაშვილის რეფორმები უნიკალურია და თუ მან შესძლო, პუტინს რა ღმერთი უწყრებაო“, – ამბობდნენ ისინი. ბოლო მომართვაც ხომ სხვა დატვირთვას ატარებს ანუ იმას, რომ ყველაფერი ეს ხელისუფლების ცვლამ მოიტანა, რომელსაც რუსეთში ვერ ვეღირსებითო.

საინტერესოა, რა ხასიათზე არიან ფელგენგაუერები, ნოვოდვორსკაიები, სობჩაკები, ალბაცები, ბუნტმანები, ლატინინები, სხვები და სხვები (მაინც რამდენი არიან) სააკაშვილ-ბენდუქიძის მიერ ნაპატიებ-დაფინანსებულები, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით? დარწმუნებული ვარ, იხტიბარს არ გაიტეხენ და ამასაც სააკაშვილს მიაწერენ, ვინაიდან მან არჩევნების შედეგები ცნო და ომი არ წამოიწყო.

და კიდევ ერთი რამ, რაც უდავოდ თვალშისაცემია და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს 1 ოქტომბერი არც ყოფილა. ყოველ შემთხვევაში ქართულ ტელეარხებს თუ შეავლებთ თვალს, უმალ დაიჯერებთ, რომ ცხოვრება ისე მიედინება, როგორც სააკაშვილის დროს. ტელეეკრანებზე კვლავ ყელს იღერებენ ნაცთა მიერ შობილი პოლიტოლოგ-ჟურნალისტობა. ისევ გაბიანები, თავხელიძეები, თუთფერიძეები, ჩიტაძეები (რომელი ერთი ჩამოვთვალო) უფუჭებენ გუნება განწყოფილებას ხალხს. არადა ისინიც ისეთივე დამნაშავეები არიან, როგორც ნაცები. რა გახდა ასეთი, ნუთუ „მაესტროს“, „კავკასიას“, „მეცხრე არხს“ სხვებს ჯვარი აქვთ მათზე დაწერილი?

ვირს პიტნა ეზარებოდა და ცხვირში ტენიდნენო – ისეა ჩვენი საქმე. ტელეეკრანზე მოჭახჭახე, სეირის შემქმნელი ჟურნალისტობა, ვითომდა განსხვავებული აზრის გამოსათქმელად იწვევს მათ, რითაც შეურაცჰყოფს საზოგადოებას, თუმცა რა გასაკვირია? მათი მიზანი  ერთია – მყვირანა შოუს დადგმა, საკუთარი პროგრამის შევსება – საკუთარი ინტერესებისა და არა მაყურებლისთვის. ტელესივრცეში არაფერი შეცვლილა. ისეთივე შოუები, ე.წ. „ცნობადი სახეებით“, ისეთივე შემართება, რაც „დაპურებული“ სააკაშვილის პერიოდში იყო. ისეთივე უდარდელი სიცილ-კისკისი, სრულიად შეუფერებელი, დათრგუნული ქვეყნისთვის, ისეთივე დიდი თანხების ყრა ვიღაც-ვიღაცეების შოუებში და ა.შ.

ისინი მაშინაც ზეიმობდნენ, როდესაც ასეულობით პოლიტპატიმარი „ვირის აბანოს“ ხეხავდა. არც ერთი სიტყვა უდანაშაულო პატიმრებზე არ დაცდენიათ მათ. პირიქით, ფილარმონიაში კონცერტებს მაშინაც მართავდნენ, როდესაც შენობის წინ, პატიმართა წამებით აღშფოთებული სტუდენტობა, ანტისამთავრობო მიტინგებს აწყობდა. ამას წინათ ბატონი ხმალაძე ტელეეთერში ამბობდა – ყველას ვერ მოსთხოვ გმირობას. ნაცებთან თანამშრომლობაზე ბევრი წავიდა იმ საბაბით, რომ ოჯახები გვყავსო. კეთილი, მაგრამ, როგორ აღმოჩდნენ დაპურებული, ცხოვრებააწყობილი შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები სააკაშვილის ბანაკში? როგორ შეუშვირეს მკერდი, სააკაშვილის ორდენს, პარლამენტის შენობის წინ, სისხლით შეღებილ მოედანზე?

მათ აქვთ, მაგრამ მეტი უნდათ. რაც მათ არ აქვთ, სამოქალაქო პასუხისმგებლობაა. შოუ-მომღერალს, ერთობ დაპურებულს და საკუთარი ბიზნენის მქონეს, სააკაშვილი დღესაც აღმაშენებელი ჰგონია. ფულს ფული უყვარსო ნათქვამია. ამათ ფულიც უყვართ და რაც მთავარია საკუთარი თავიც. უყვართ ისიც, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ხალხისთვის წაგლეჯილი ფულიდან, სხვა ქვეყანაში საკონცერტო გასტროლებს უფინანსებს.

სააკაშვილის ფენომენი თავისით, სხვათა დაუხმარებლად არ აღმოცენდებოდა. პროცესს უდავოდ ხელი შეუწყო წინა ხელისუფლებამ, გადაჭარბებული ჭამით გაზარმაცებულმა. წინა ხელისუფალმა, დღეს რომ გაიძახის – სააკაშვილს თუ ნამუსი აქვს, თვითონ უნდა წავიდესო. იმ პოლიტიკოსებმა, საზოგადოების „ცნობადმა სახეებმა“, ვინც ჩათვალა, რომ სააკაშვილთან ერთად სამარადისოდ მოაჯდებოდნენ ამ ქვეყანას. მოაჯდნენ კიდევაც, თუმცა ცოტა ხნით.

გაიმპერატორებულმა ბელადმა არც ისინი დაინდო, მხოლოდ თითო-ოროლა წლით დაუფასა ამაგი „ვარდების რევოლუციის“ განსამტკიცებელი აქციების მოწყობისთვის, წინამორბედი სახელისუფლებო თუ სასწავლო დაწესებულებათა ხელმძღვანელების კაბინეტების ლამის აჭედვისთვის, მათი იძულებითი გაძევებისთვის.

სააკაშვილის მლანძღველთა შორის სწორედ ისინი არიან, ვინც გზა გაუკაფა მას ხელისუფლების მწვერვალებისკენ – სააკაშვილის მინისტრები, ელჩები, დეპუტატები, გუბერნატორები. . . ყველა ისინი, ვინც ვერ იჯერებდა, რომ პრეზიდენტმა მოიშორა. გახსოვთ ალბათ, ჟურნალისტთა შეკითხვებზე, რატომ გაანთავისუფლეს, ისინი პასუხობდნენ – ჯერ არ გავუთავისუფლებივარ, ველი მასთან შეხვედრასო.

ასე ელოდა ბევრი – სააკაშვილმა რომ არ მიიღო, ოპოზიციონერი გახდა, არა პოლიტიკური შეუთავსებლობის გამო, არამედ პირადი ტკბილი ცხოვრების დაკარგვისათვის. უზნეობაა ყოველივე ეს და მას ვერაფრით გაამართლებ. ვერც იმით, რომ ოჯახს შია. არა ვართ ჩვენ ისეთები, რომ თავი სამსხვერპლოზე დავდოთ.

მაინც, როგორ წარმოუდგენიათ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა? ოქტომბერი შორსაა, გარდა ამისა მისი გამონათქვამების მიხედვით, არსად იკითხება პრეზიდენტობიდან წასვლის სურვილი. როგორც ჩანს, „ოცნებელებიც“ შეეგუენ ოქტომბრამდე სააკაშვილის პრეზიდენტობას. ამ შეგუებაში ლომის წილი სტრატეგიული პარტნიორისაა. ოქტომბრამდე უნდა ავიტანოთ, თქვა საპარლამენტო უმრავლესობამ, მაგრამ ოქტომბრის შემდეგ. . .

45 წლის ჯან-ღონით სავსე სააკაშვილი არც სხვა ქვეყანაში გადასახლდება და არც მემუარების წერას დაიწყებს – ერთობ ახალგაზრდა ასაკი აქვს ამისთვის. რასაც ის მოიმოქმედებს ოპოზიციური ბრძოლა იქნება – ბრძოლა შეუპოვარი, დაუნდობელი, ერთი მიზნისთვის, გამარჯვებისთვის.

გიხაროდენ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.