„დემოკრატია“ ქართულად

მას შემდეგ, რაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, მათ შორის საქართველოს, რუსეთმა, დამოუკიდებლობა უბოძა, გახშირდა სიტყვა „დემოკრატიის“ სისტემატური ხსენება. ამ სიტყვამ განსაკუთრებული მნიშვნელობა 1995 წელს შეიძინა – ახალი კონსტიტუციის მიღების, პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევის  შემდეგ.

ქართულმა პოლიტიკამ, უკვე დასავლეთისკენ გადახრილმა, დასავლელ ექსპერტთა და ზედამხედველთა სურვილისამებრ გაააქტიურა დამოკიდებულება სიტყვა „დემოკრატიისადმი“, მაგრამ ამით არაფერი დაატყო სიტყვის შესაფერის საქმეს.

გადიოდა დრო – საქართველოს წიაღში აღმოცენებული „დემოკრატია“ ქართულ სპეციფიკას იძენდა. საზოგადოება, „დემოკრატიის“ ძალის, მითუმეტეს შინაარსის უხილობაში იმედგაცრუებული, აშკარად კარგავდა მისდამი ინტერესს. „დემოკრატია“ ახალ განზომილებაში გადადიოდა, რომელიც უფრო მეტად ღიმილს იწვევდა, ვიდრე პოზიტიურ დამოკიდებულებას.

ბოლოსდაბოლოს მან სახუმარო თვისებაც შეიძინა, განსაკუთრებით სააკაშვილის ათწლიანი მმართველობის დროს. სიტყვა „დემოკრატიის“ გაუფასურებას არა მარტო სააკაშვილისა და ნაცების ანტიდემოკრატიულმა მმართველობამ შეუწყო ხელი, არამედ მათი დასავლელი მასწავლებლების ქცევამაც.

დადებით მოლოდინს არ უნდა ჰქონოდა ადგილი, ვინაიდან საქართველოში ჩამოყალიბებული ტოტალიტარული მმართველობის, „დემოკრატიის“ ტანსაცმელში გამოწყობა ვერ შეცვლიდა ვითარებას. ქართული საზოგადოება დარწმუნდა, რომ, როდესაც სიტყვა „დემოკრატიას“ ახსენებენ,  არადემოკრატიულობას ნიშნავს.

სამწუხაროდ, შინაური და გარეული პოლიტიკოსების და საზოგადო მოღვაწეთა მეცადინეობით, სიტყვა „დემოკრატიისადმი“ გულითადი დამოკიდებულება, ეჭვმა და ქილიკმა შეცვალა, რაც იმის მომასწავებელია, რომ რეაბილიტაციას მრავალი წელიწადი დასჭირდება.

ჭირს იმის გაგება, როდის შეძლებს სიტყვა „დემოკრატია“ ჭეშმარიტი მნიშვნელობის დაბრუნებას, ვინაიდან მას არა მარტო საქართველოში უჭირს, არამედ საქართველოს ისეთი სტრატეგიული პარტნიორის ქვეყანაშიც, რომელიც გასულ და მიმდინარე საუკუნეებში „დემოკრატიის“ აკვნად ითვლება.

სიტყვა „დემოკრატიის“ შინაარსის თავისებური გაგება არსებობს საქართველოს ახალ ხელისუფლებაშიც. ერთი წელიწადია გვესმის ეს სიტყვა ყველა კონტექსტში, განსაკუთრებით არჩევნებთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო ართულებს მისი ნამდვილი მნიშვნელობის აღქმას.

დიახ! 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა წერტილი დაუსვა ნაციონალთა პარპაშს. მაგრამ, რამდენად მიესადაგება მას სიტყვა „დემოკრატიული“? არჩევნები, რომ დემოკრატიულად ჩატარებულიყო, ვიხილავდით ესოდენ დიდი რაოდენობის ნაცებს პარლამენტში?

დემოკრატიული არჩევნები, არა მარტო არჩევნების დღით განისაზღვრება, არამედ წინასაარჩევნო მარათონითაც. სამწუხაროდ, ძნელად მოიძებნება პირი, რომელიც წინასაარჩევნო მარათონს დემოკრატიულს უწოდებს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები არათუ დემოკრატიულად, არჩევნებადაც არ ჩაითვლება. ის იყო თავდადებული ბრძოლა ბოროტის, არადემოკრატიულის დასამარცხებლად – ერთი გმირის მხარში ამოდგომით.

განვლილი წელიწადი უხვი „დემოკრატიით“ იყო გაჯერებული, განსაკუთრებით ისეთით, როგორიც „კოჰაბიტაციაა“. ხელისუფლება-ოპოზიციის ერთწლიანი საპარლამენტო კინკლავიც უფრო დემოკრატიის იმიტაცია იყო, ვიდრე დემოკრატია.

დემოკრატიის იმიტაციად შეიძლება ჩავთვალოთ საპრეზიდენტო არჩევნებიც. მიუხედავად პრეზიდენტობის კანდიდატების უხვი რაოდენობისა, რეალური, სამზე მეტს არ მოიცავდა და ამ სამში, თავიდანვე იყო ცნობილი ვინ, რომელ ადგილს დაიკავებდა.

დემოკრატიულად ვერ მოინათლება არჩევნები, სადაც ყოვლისშემძლე მილიარდერის კანდიდატი, პოლიტიკაში გამოუცდელი და ამომრჩევლისთვის სრულიად უცნობი, პირველსავე ტურში ამარცხებს მოწინააღმდეგეებს და ხმათა 60%-ზე მეტს აგროვებს. არის თუ არა ამჟამინდელი პრეზიდენტის მიერ, ივანიშვილის ხათრით მოპოვებული გამარჯვება დემოკრატიული?

ეს კითხვა მომავალშიც არაერთხელ დაისმება, თუმცა ვეჭვობ, „დემოკრატიული“, უფრო სწორად გულწრფელი პასუხი გაეცეს.

მთლად დემოკრატიულად არც პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის შერჩევა და პარლამენტის მიერ მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება ჩაითვლება.

ერთი კაცის მიერ შერჩეული პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი იწყებს მუშაობას. წინ ფათერაკებით აღსავსე საშინაო და საგარეო ცხოვრებაა, რომლის დროს „დემოკრატიული“ დასავლეთი არაერთხელ შეახსენებს ხელისუფლებას დემოკრატიული „ფასეულობების“ თაობაზე და ამ ფასეულობებში ყველაზე დიდი „განძის“ ნაცმოძრაობის თვალის ჩინივით გაფრთხილებას.

ნორმალურ საზოგადოებაში, მითუმეტეს ქვეყანაში, კრიმინალის დაცვა დემოკრატიად არ უნდა ითვლებოდეს. პირიქით, დამნაშავემ მთელი სერიოზულობით უნდა აგოს პასუხი. „აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი“ რომ ქურდია, საუკუნეთა განმავლობაშია ცნობილი. ის, რომ ქურდი უნდა დაისაჯოს, არც ეს იწვევს დავას. ქურდის, კრიმინალის მიტევება, სულაც არ არის დემოკრატია. გარდა ამისა, ესოდენი „დიდსულოვნება“ რომ შემწყნარებლების მიმართ საეჭვო კითხვებს ბადებს, ფაქტია.

დემოკრატიას ნამდვილად ვერ დავარქმევთ აქლემის ქურდობას. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაწყებული, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე „დემოკრატმა“ აქლემის ქურდებმა უდიდესი რაოდენობის სახელმწიფო ფული, სიმდიდრე მიითვისეს, მაგრამ დაუსჯელად დანავარდობენ, უფრო მეტიც ისე გამომწვევად იქცევიან პარლამენტში, გეგონებათ მამა აბრამის ბატკნები იყვნენ. სახელმწიფო ქონების განიავების გარდა მათ არაერთი მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი და ვიდრე ყველაფერზე პასუხს არ აგებენ, არავითარ დემოკრატიაზე არ შეიძლება ლაპარაკი.

სულ ახლახანს გაიმართა გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის, ვულფის სასამართლო პროცესი. მას კორუფციაში სდებდნენ ბრალს – ანუ 700 ევროზე ოდნავ მეტი თანხის მიღებაში. სააკაშვილი, სხვისთვის „შეწერილ“ ამ რაოდენობის თანხას ერთ უბრალო საუზმობისას ხარჯავდა.

მოდით სხვაგვარად დავსვათ კითხვა – არის თუ არა ქვეყანა დემოკრატიული, სადაც ხელისუფლება ქვეყნისა და ხალხის ფულს იჯიბავს, მაგრამ დაუსჯელი რჩება?!

ოც წელიწადზე მეტია გავყვირით „დემოკრატიას“, მაგრამ ვერაფრით მოვაგვარეთ ერთი პრეზიდენტის მიერ, მეორისთვის ძალაუფლების გადაცემა. პირველი პრეზიდენტი გაურკვეველ ვითარებაში გამოესალმა სიცოცხლეს. მეორე,  ჩამოაგდეს და ისე გაუშვეს სახლში, არცკი გახსენიათ მისი ინაუგურაციაზე მიწვევა.

სააკაშვილის 2 ინაუგურაციას არ ესწრებოდა ყოფილი პრეზიდენტი და არათუ არ ესწრებოდა, სააკაშვილის სურვილით ციხის საკანში იქნებოდა, რომ არა მისი მფარველი ამერიკელები. შევარდნაძის დანაშაულებრივი საქმიანობა მარტო სააკაშვილის სურვილებს არ ეფუძვნებოდა, მას სერიოზული საფუძველი ჰქონდა, რომელიც თავისთავად გულისხმობდა მისდამი სამართლიან, დემოკრატიულ მიდგომას – მაგრამ არა. ქვეყანა მხოლოდ სიტყვა „დემოკრატიით“ შემოიფარგლა.

როგორც ჩანს, დასავლელთა და „ოცნებელთა“ ძალისხმევით მანკიერი ტრადიცია ახალი პრეზიდენტის მმართველობის დროსაც გაგრძელდება. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრო წინამორბედი. შეშინებულმა, უცხოეთს შეაფარა თავი. მის შიშს აქვს საფუძველი – 10-წლიანი ნეგატიური მმართველობა ამის დასტურია.

არის თუ არა ქვეყანა დემოკრატიული, მითუმეტეს „დემოკრატიის შუქურა“, როდესაც ყოფილი პრეზიდენტები ინაუგურაციას არ ესწრებიან? ან საპარლამენტო ოპოზიცია კატეგორიულ უარს აცხადებს ინაუგურაციაში მონაწილეობაზე? როგორც ჩანს, მთლად გამართულ „დემოკრატიასთან“ არ უნდა გვქონდეს საქმე.

ამჟამინდელი ნაცური ოპოზიცია არ დაესწრო ინაუგურაციას,  თუმცა ის, არ დასწრებაში ნოვატორი არ არის. შევარდნაძის ინაუგურაციას „დემოკრატიულად“ სტკიცა უარი მაშინდელმა საპარლამენტო ოპოზიციამ, „აღორძინების“ სახით.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ვერც დემოკრატიაში წავიწიეთ, ვერც სამართლიანობაში. ტყუილად გავყვირით დემოკრატიულები ვართო. დემოკრატიულობა და სამართლიანობა მჭიდროდაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული. საკმარისია ამ ჯაჭვის ოდნავი შექანება, არც ერთი იქნება და არც მეორე.

2012 წლის 1 ოქტომბრის “დემოკრატიული“ არჩევნებიდან, ერთი წლის განმავლობაში, ეს ჯაჭვი გაცილებით ნაკლებად, ვიდრე წინათ, შექანდა, მაგრამ მაინც. მთავარი „შექანება“, ქვეყნის 2 მთავარის არჩევა-დანიშვნამ გამოიწვია. ბევრს მიაჩნია, რომ ამ საქმეში ჭარბად იყო სიტყვა „დემოკრატია“ ნახსენები, მაშინ, როდესაც საქმით საწინააღმდეგოსთან გვქონდა საქმე.

არის თუ არა „დემოკრატია“, როდესაც მომავალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა იცის ერთმა კაცმა, მაგრამ არავინ, მის პარტიასა და მთავრობაში?!

არის თუ არა დემოკრატია, როდესაც ქვეყნის პირველ პირს მხოლოდ ვიღაცის ხათრით ნიშნავენ?

პარლამენტმა დაამტკიცა ახალი პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, ივანიშვილის ხათრით. ივანიშვილს ხათრს ვერ გაუტეხდა საპარლამენტო უმრავლესობა, ვინაიდან მისი პარლამენტში ყოფნაც, ივანიშვილის პერსონას უკავშირდება.

ხალხის პატივისცემა ივანიშვილის მიმართ, ივანიშვილის მილიარდებით არის გამოწვეული და ამ მილიარდების წყალობით განხორციელებული ქველმოქმედებით. უფულო ივანიშვილს ექნებოდა სახალხო პატივისცემა? ექნებოდა, ოღონდ არა იმაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერ მომაკვდავს.

„რწყილსა და ჭიანჭველის“ იგავ-არაკს წააგავს ზემოთმოყვანილი მაგალითი, მაგრამ არა დემოკრატიას და როდესაც ასეთ „დემოკრატიასთან გვაქვს საქმე, არ უნდა გაგვიკვირდეს პარლამენტის კრიმინალი ოპოზიციისგან, მითუმეტეს არადემოკრატიულისგან. ახალი პრემიერ-მინისტრის „სპიცრუტენებში“ გატარება.

არადემოკრატიულად მოსულისთვის, არადემოკრატიულთა დახვედრა – კანონზომიერია და ნაკლებად უნდა იწვევდეს გაკვირვებას, მითუმეტეს გაღიზიანებას, რამეთუ ორივე შემთხვევა არადემოკრატიულობას ეფუძვნება. არც ის უნდა გაგვიკვირდეს, ოპოზიციამ რომ არ მიიღო მონაწილეობა მთავრობის დამტკიცების პროცედურაში.

არ უნდა გაგვიკვირდეს, ვინაიდან ქართულ „დემოკრატიულ“ სივრცეში მსგავსი რამ ტრადიციადაა ქცეული. ჭირს იმის გახსენება, როდის მიიღო ოპოზიციამ მთავრობის დამტკიცებაში მონაწილეობა. რა გაეწყობა, ასეთია ქართული „დემოკრატია“.

და მიუხედავად ამისა, ახალ ხელისუფლებას უნდა ვუსურვოთ წარმატებები, ჩვენს თავს – მოთმინება და ოცნება, რომ ეს ექსპერიმენტი მაინც დადებით ნაყოფს მოიტანს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.