21.12.2024

დასავლური ორმაგი სტანდარტი, რადიკალური ისლამის აღორძინების ფონზე

„ურთიერთობაში ის არის თავშეკავებული, მოკრძალებული, შეუძლია განაწყოს საკუთარი თავის მიმართ თანამოსაუბრე, არასდროს კარგავს წონასწორობას, ინარჩუნებს ღირსებას საზოგადოებაში, თავს უფლებას არ აძლევს გააკეთოს მკვეთრი გამოთქმები. მუშაობაში არის რეალისტი და პრაგმატისტი, ამასთანავე არის ამბიციური და მიზანმიმართული“. ეს დახასიათება შორს არის საქართველოს პირველი პირის დახასიათებისგან. ზემოთჩამონათვალი თვისებიდან მხოლოდ ერთი – „ამბიციურობა“ მიესადაგება მას. სხვა, ისე შორს არის მისგან, როგორც საქართველო ამ დახასიათების ადრესატ სი ცინპინის ქვეყნის, ჩინეთისგან. მილიარდნახევრიანი ჩინეთის სათავეში მეხუთე თაობაა, რომელსაც სი ცინპინი ხელმძღვანელობს და თუ ფორსმაჟორულ ვითარებას არ ექნა ადგილი, ის 2023 წლამდე, მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის (მოსახლეობის თვალსაზრისით) და აშშ-ს შემდეგ, მეორე ეკონომიკის, მეთაური იქნება.

გასული წლის ნოემბრის კომუნისტური პარტიის XVIII ყრილობამ ძირფესვიანად გადაახალისა პარტიული ხელმძღვანელობა. რეფორმატორ დენ სიაოპინის მიერ ჩამოყალიბებული სისტემით – ხელისუფლების ათწლიანი ციკლი, ახალი ერა იწყება დიდი ქვეყნის ისტორიაში. დღევანდელი სტატიის თემა ჩინეთი და მისი ახალი ლიდერები არ არიან. უბრალოდ სიტყვამ მოიტანა, უფრო ზუსტად დიდი ქვეყნის ლიდერის დახასიათებამ, მასთან ერთად, გარკვეული პარალელის გავლებამ იმ ქვეყნისა და ამ ქვეყნის პირველ პირთა შორის. საქართველო კარგა ხანია გადაეჩვია დინჯი, თავაზიანი, თავშეკავებული, ზრდილობიანი ლიდერის, ლიდერების არსებობას. რასაც ჩვენ მიგვაჩვიეს დაუფიქრებელი, სულელური, აუწონავი, შეურაცხმყოფელი, ლანძღვაში გადასული ლაპარაკია – გაელამებული თვალებით და  ტუჩებზე დუჟით.

პატარა, არშემდგარი ქვეყნის ლიდერი, უდავოდ, დეფიციტშია, თანაც გამოუსწორებელში და ეს დეფიციტი მის მიერ მართული ქვეყნის სიმცირეა. სიგრძის მიხედვით რომ ყოფილიყო სამართავი ქვეყნის ზომა, სხვა იქნებოდა. საბედნიეროდ, გადავრჩით, თორემ ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ ჩვენის, ჩინეთის ლიდერობა, რა დაემართებოდა მსოფლიოს? საინტერესოა სტრასბურგის დარბაზში შეყრილი ევროპა ასეთ ტაშს შეაგებებდა მას, როგორც ამჟამად? მას იმიტომ ახალისებენ, რომ პატარა, უსუსური ქვეყნის ლიდერია, რომლის დანიშნულება ერთია – მოთმინებიდან გამოიყვანოს მეზობელი რუსეთი. რა შეიძლება ეწოდოს ქვეყანას, რომელსაც სხვა მეტი ვერაფერი მიანდვეს „დალოცვილმა“ სტრატეგიულმა პარტნიორმა და მისმა პარტნიორმა ევროპამ?

რაც მართალია, ჩვენი ლიდერი უდიდესი გულმოდგინებით ასრულებს მინდობილ საქმეს, ხშირად გადამეტებითაც. ამიტომაც მოსწონთ ის დასავლეთში. ამიტომაც უჭერენ მხარს – ფიქრით და იმედით, რომ გარკვეული პაუზის შემდეგ ის დაუბრუნდეს ქვეყნის მართვის სათავეებს. სააკაშვილი და მისი ნაციონალური პარტია სერიუზული ძალაა, თანაც ისეთი, რომელიც დასავლელთა მოჭარბებულ ყურადღებას იმსახურებს რუსეთთან დასაპირისპირებლად, რაც აშკარად გამოჩნდა სტრასბურგში.

სააკაშვილი ფასდაუდებელი ექსპონატია. ასეთს მიყრუებულ სეიფში არ ინახავენ. ასეთს, ზედაპირზე, ყველას დასანახად უქმნიან პირობებს. რომელი ერთი მისცემდა თავს უფლებას, ისეთი პასუხები გაეცა რუსი პარლამენტარების სრულიად კორექტული კითხვებისთვის, რაც სააკაშვილმა გააკეთა? ვერც ერთი, რამეთუ სითავხედე, უზრდელობა და მრავალი ნეგატიური თვისების უქონლობა არ მისცემდა მათ ამის უფლებას. სააკაშვილს არ გააჩნია მუხრუჭის, თავშეკავების გრძნობა. მისგან, ჩვეულებრივი რამ არის პირადი შეურაცხყოფის მიყენება, ცილისწამება, ლანძღვა. და როდესაც ასეთს ტაშს უკრავენ სტრასბურგის დარბაზში მყოფნი, უდავოდ იფიქრებთ – რა დონისაა ის სანატრელი ევროპა, საითკენაც მიგვაქანებენ ე.წ. პოლიტიკოსები?

ევროპას რომ უჭირს, თვალნათლივ გამოჩნდა გასულ კვირას ბრიტანეთის პრმიერ-მინისტრის განცხადებაში. მან საჯაროდ თქვა, რომ მორიგი, 2015 წლის არჩევნების შემდეგ, გამარჯვების შემთხვევაში, ის ჩაატარებს პლებისციტს, ევროკავშირში ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებით. ამ განცხადებას დადებითად შეხვდა ბრიტანეთის თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია, უფრო მეტიც, ზოგიერთმა არჩევნებამდე, თუნდაც უახლოეს მომავალში, მოითხოვა პლებისციტის ჩატარება. ისინი აცხადებენ, რომ არ სურთ ბრიტანეთის საკითხების ბრიუსელში გადაჭრა, სუვერენიტეტის დაკარგვა და მასთან ერთად ეროვნულობის. და ამას აცხადებს ევროკავშირის ერთ-ერთი გავლენიანი წევრი. რა უნდა თქვან პატარა ქვეყნებმა, მოჩვენებით რომ „სარგებლობენ“ პარიტეტით? არაერთხელ მსმენია ბალტიისპირა ქვეყნების გონიერი პარლამენტარებისგან, რა დონის „დამოუკიდებლობა“ მიიღეს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებით.

სააკაშვილის ფენომენი დიდი მონაპოვარია ევროატლანტიკური სივრცისთვის, იმ უდიდესი პოლიტიკური არენისთვის, რომელიც ყველაფერს კადრულობს მოპოვებული პოზიციების შესანარჩუნებლად და რომელსაც დღენიადაგ წყალი უდგება ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთის, ბრაზილიის, სხვა ქვეყნების მხრიდან.

ისტორიისთვის 20-25 წელი წამიერი გაელვებაა და ამ წამიერი გაელვების შემდეგ მსოფლიოს მოწინავე ათეულში კარდინალური ძვრები მოხდება. აშშ-ი დათმობს პოზიციებს და ჩინეთის შემდეგ მეორე ეკონომიკის სტატუსს დასჯერდება, მესამე ადგილზე ინდოეთი იქნება. დანარჩენი ადგილები განაწილდება – იაპონია, ბრაზილია, რუსეთს შორის. ექვსეულში არც ერთი ევროპული სახელმწიფო არ მოიაზრება, მათ შორის არც გერმანია და არც ინგლისი. მსგავსი პერსპექტივა არ აწყობს არც აშშ-ს და არც ევროკავშირს, მაგრამ რა გაეწყობა, რომ იტყვიან – ძალა აღმართს ხნავს.

არ გაუმართლა არც ბრიტანელ, „რკინის ლედის“ ტეტჩერს და არც აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ოლბრაიტს – ორივენი დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, რომ გასული საუკუნის ბოლოსთვის რუსეთის მოსახლეობა 50-15 მილიონამდე შემცირდებაო. ეს არ იყო მარტო ვარაუდი, ეს მოწოდება იყო რუსეთის დასაშლელად და მისი აურაცხელი სიმდიდრეების დასაპატრონებლად.

არც დღევანდელ დასავლელ ლიდერებს აუღიათ ხელი ანტირუსულ გეგმაზე, რაც ნათლად გამოჩნდა თუნდაც ისეთი, შედარებით, „უმნიშვნელო“ ნიუანსშიც, რასაც რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ საყოველთაო ჯანყის მოწყობა ჰქვია. ამ „კეთილშობილურ“ საქმეში დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება გაჩხირა – სააკაშვილ-თარგამაძის სახით.

რა შუაშია საქართველო?

სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა მდუმარედ შეხვდა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ამ ფაქტის გამომზეურებას. თითო-ოროლა, ზერელე განცხადება არაფრის მომტანია, ისე, როგორც არაფრის მომტანი იყო ზოგიერთი ზედაპირული განცხადებები 2010 წელს ახალი კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით. მაშინ მასობრივი გამოსვლებისთვის თავი არ შეიწუხეს არც პარტიებმა და არც არასამთავრობოებმა. მაშინ ყველა ბუჩქებში იყო შემძვრალი, თან იმის იმედით – იქნებ რაღაც გადმოგვიგდოს მამა-მარჩენალმაო. მაშინ დაჭერის შიშიც ჰქონდათ. მაშინ ივანიშვილი არ იყო პოლიტიკაში.

ივანიშვილის გამოჩენამ შეაძლებინა მათ ქუჩაში გამოსვლა – მოთხოვნით – „მიშა, წადი!“ მაგრამ რა ვუყოთ კონსტიტუციას? მიშა ამბობს, რომ არ დაარღვევს კონსტიტუციის მოთხოვნებს. დავიგვიანეთ, თანაც არა 2 თვით, არამედ ორი წლით. გარდა ამისა არ გაიზიარებს ამას „საყვარელი“ ევროატლანტიკური სივრცე. ზოგი ამბობს, შაშიაშვილის აქცია მსოფლიოს თვალს აუხელსო. მსოფლიოს რომ თვალის ახელვა სდომოდა, ადრე გააკეთებდა ამას. მსოფლიო „კოჰაბიტაციისკენ“ მოგვიწოდებს. მისთვის მიუღებელია გამარჯვებულის მხრიდან, დამარცხებულის შევიწროება. დასავლეთს ჯერაც ვერ გაურკვევია, საით მიდის ივანიშვილის საქართველო. მისთვის მიუღებელია „ჩიჩიისა და ბაბას“ პოლიტიკა.

დასავლეთი ეგოისტია. მას სურს, რომ მისმა მოკავშირემ იმ თამაშით ითამაშოს, როგორც მას სურს. ამის გარანტია მას ივანიშვილის მხრიდან არ აქვს. ივანიშვილს არ სურს რუსეთთან დაპირისპირება, პირიქით მასთან ურთიერთობის დალაგების მომხრეა. აწყობს ეს დასავლეთს? დასავლეთს, რუსეთის, ახლო აღმოსავლეთის, ირანის, სირიის, ჩინეთის მიმართ, ბევრი კითხვა დაუგროვდა.

თავი და თავი სირიის ომია, რომელმაც სერიოზულ დაპირისპირებამდე მიიყვანა დასავლეთი და ზემოთჩამოთვლილი ქვეყნები. ასეთ ვითარებაში საქართველოს გამორთვა დასავლეთისთვის მიუღებელია. დასავლეთს აშკარად აშფოთებს რუსეთის საზღვაო არმადის მანევრები სირიასთან ახლოს, ხმელთაშუა ზღვაში, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ ჩრდილოეთის, ბალტიისა და შავი ზღვების ფლოტები. ლავროვის მიხედვით, მანევრები სირიის უსაფრთხოებისთვის არის გამიზნული.

თვალშისაცემია აშშ-ს და მისი პარტნიორი ქვეყნების ორმაგი სტანდარტები. ბაშარ ასადის ჩამოსაგდებად ისინი არც ფულს და არც იარაღს არ იშურებენ ისლამისტი „ბოევიკებისთვის“. ერთობ დაძაბული ვითარებაა მალიში, სადაც ისლამისტებს საფრანგეთის ჯარი ებრძვის. მალის მილიონზე მეტი კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის საკმაო ნაწილს – ექვსას ათასს კვადრატულ კილომეტრს სალაფიტები და ადგილობრივი ტუარეგები ფლობენ. საფრანგეთი ცდილობს განდევნოს ისინი დაკავებული ტერიტორიებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში, მეტასტაზებივით გავრცელდება „ალ-კაიდასთან“ დაახლოებული სალაფიტების გავლენა.

არაბულ ქვეყნებში აღმოცენებულმა რევოლუციამ ფართო გასაქანი მისცა რადიკალური ისლამის აღორძინებას. გასული წლის სექტემბერში, ქაიროში, აშშ-ს საელჩოზე შტურმის დროს, პირველად გამოჩდნენ შავი დროშებით მომარჯვებული მოიერიშეები. მას შემდეგ შავი დროშები ფრიალებს ყველგან. ამ დროშებს „სალაფიტების“ ან „ალ-კაიდას“ დროშებად მოიხსენიებენ. შავი დროშების გამოჩენა ნიშანია იმისა, რომ „მუსლიმანი ძმების“ მიერ განხორციელებულ რევოლუციას მოჰყვება კონტრრევოლუცია, რომელიც ხელისუფლებაში მოიყვანს რეაქციულ ისლამისტურ ძალებს.

არაბულმა გაზაფხულმა პოლიტიკურ სცენაზე ორი სახის ისლამისტური ჯგუფი წამოსწია – თავშეკავებული, „ძმები მუსლიმანების“ სახით და რადიკალური ისლამი, რომელიც არაბული გაზაფხულის დადგომამდე განიცდიდა უმოწყალო დევნას. ამ მუსლიმანური ორგანიზაციების წევრები ან ციხეში იყვნენ გამოწყვდეული ან განდევნილი საკუთარი ქვეყნიდან. ბევრ მათგანს დაუსწრებლად ჰქონდათ სიკვდილი მისჯილი. უმრავლესობა იბრძოდა ავღანეთში, ბოსნიაში, ჩეჩნეთში, სომალიში და სხვა. ისინი გადიოდნენ წვრთნას „ალ-კაიდას“ ბანაკებში. გარდა ამისა ისინი მჭიდრო თანამშრომლობაში იყვნენ და არიან მონათესავე ისლამურ დაჯგუფებებთან „თალიბანთან“, „აღმოსავლეთ თურქესტანის ისლამურ მოძრაობასთან“, „კავკასიის იმარატთან“ და სხვა.

არაბული გაზაფხულის შემდეგ მოხდა ციხეებში მყოფი სალაფიტების გათავისუფლება. გათავისუფლდნენ ყველა ისინი, ვინც ტერორიზმში იყვნენ ბრალდებულები. „მუსლიმანი ძმების“ წარმომადგენელმა, ეგვიპტის პრეზიდენტმა მურსიმ ციხიდან გამოუშვა 572 სალაფიტი, ტუნისის ახალმა ხელისუფლებამ – 1200-ზე მეტი. ამასთანავე მოხდა სხვა ქვეყნებში გადახვეწილი სალაფიტების უკან დაბრუნება. არაბულ ქვეყნებში, დაიწყო „ალ-კაიდას“ ახალი ფილიალების გახსნა და ძველის აღორძინება.

სალაფიტები – ძლიერი პოლიტიკური და სამხედრო ძალაა. დიდია მათი რაოდენობა ეგვიპტეში, სხვა არაბულ და აფრიკის ქვეყნებში. დღეს შეიძლება უყოყმანოდ ითქვას, რომ არაბულმა რევოლუციამ რაც მოიტანა, არის „ალ-კაიდას“ გაფართოება, ახალ-ახალი სალაფიტური ორგანიზაციების აღმოცენება. მათ დიდი გამოცდილება შეიძინეს ავღანეთის ომში, ჩრდილო კავკასიაში, სხვა ცხელ წერტილებში. დღეს ამ გამოცდილებას იყენებენ სირიის ომში.

დასავლელი ექსპერტების მიხედვით, სირიაში ექვს ათასზე მეტი სალაფიტი იბრძვის – ლიბიიდან, ეგვიპტიდან, ერაყიდან, ტუნისიდან, ლიბანიდან, მაროკოდან, იორდანიიდან, პაკისტანიდან, საუდის არაბეთიდან, იემენიდან. ბოევიკთა რიგებშია 300 ჩეჩენი სალაფიტი თურქეთიდან.

სალაფატიური ორგანიზაციები არა მარტო არაბულ ქვეყნებსა და აფრიკაშია, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ევროპაში. ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან გაღიზიანების აცილების მიზნით, ისინი შენიღბული დასახელების ორგანიზაციებში არიან გაერთიანებული.

რელიგიური თავისუფლების მოტივით, რომელსაც სალაფიტები უარყოფენ ყველა არასალაფიტის, მათ შორის ქრისტიანის და ისლამის სხვა მიმდევართა, მაგალითად შიიტების მიმართ, ისინი მოითხოვენ ისეთი შარიათის შემოღებას, როგორიც მათ სურთ არა მარტო თავისთვის, არამედ ყველა იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც შეიკედლა ისინი – საფრანგეთის, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის და სხვა.

ყველა სალაფიტური ორგანიზაცია ჩართულია „ალ-კაიდას“ გლობალურ ქსელში. სალაფიტური ორგანიზაციების წევრები, რომლებიც ცხოვრობენ გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, სხვაგან, მიემგზავრებიან ავღანეთში, ვითომდა ტურისტებად ან რელიგიური სწავლების თვალსაზრისით. სინამდვილეში, იქ ყოფნის დროს, გადიან დივერსიულ-ტერორისტულ მომზადებას. შემდეგ ბრუნდებიან უკან და ქმნიან ე.წ. „მიძინებულ ჯგუფებს“, რომელთაც ხელისუფლება ვერაფერს წაუყენებს.

„მიძინებულები“, ხშირად იღებენ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ამა-თუ იმ ტერორისტულ მოქმედებაში მონაწილეობას. მაგალითად, სირიიაში მონაწილეობას ღებულობენ ბოევიკი სალაფიტები ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ნორვეგიიდან. მათთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სირიელთა ბედს. ცხადია „ალ-კაიდა“ – სალაფიტ ბოევიკებში არიან სირიელი სალაფიტებიც, რომლებიც გარდა ბრძოლებში მონაწილეობისა, მეგზურობასაც უწევენ უცხოელ მებრძოლებს. „ალ-კაიდა“ და სალაფიტები აქტიურად მოქმედებენ სხვადასხვა ქვეყნებში „ისლამური საამიროების“ ჩამოყალიბებაში, მათ შორის ავღანეთში, იემენში, სომალიში, ტუნისში, ეგვიპტეში.

2009 წელს სალაფიტებმა პალესტინის ავტონომია – ღაზის სექტორის ქ.რაფახში შექმნეს „ისლამის საამირო“, თუმცა მას დიდხანს არ უარსებია. „ჰამასმა“ ის გაანადგურა, ლიდერ აბდელ-ლატიფ მუსასთან ერთად. მსგავსი ორგანიზაცია ჩრდილო კავკასიაშიც არსებობს – „კავკასიის იმარატის სახელწოდებით. „ისლამური საამიროები“ არსებობენ იორდანიაშიც, საუდის არაბეთში, სხვაგან.

განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან ეგვიპტეშე არსებული სალაფიტური დაჯგუფებები. მათი აქტიურობის არეალი სინაია. ამ ტერიტორიაზე ორი ათასზე მეტი შეიარაღებული სალაფიტი „ბოევიკია“ – ძირითადად უცხოელები – მიზანი ერთია – კალზამის (კლიზმის) ისლამის საამიროს დაარსება. წინათ სუეცს ეს სახელი ერქვა. საამიროს დაარსებით, გამიზნულია სუეცის არხის კონტროლი, რაც თავისთავად საუდის არაბეთის მონარქიის ინტერესებშია. სუეცის არხზე გადის ნავთობის მარშრუტი. და ირანთან სამხედრო კონფლიქტის, ორმუზის და მთლიანად სპარსეთის ყურის ბლოკადის შემთხვევაში, სუეცის არხის ფუნქცია მნიშვნელოვნად გაიზრდება.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეგვიპტის რევოლუციის შემდეგ, რევოლუცია არ ჩამცხრალა. პირველი რევოლუცია, რომელიც „ძმები მუსლიმანების“ აქტიურობის შედეგი იყო, მეორე რევოლუციით ანუ რადიკალურით, სალაფიტურით შეიძლება ჩანაცვლდეს. დღეს ამის ყველა პირობა არსებობს. და თუ ეს მოხდა, ეგვიპტელები რეგიონის მონარქისტულ რეჟიმებს უნდა უმადლოდნენ, რომლებმაც XX საუკუნის 70-იან წლებში ჩანერგეს სალაფიზმი ამ ქვეყანაში.

გეოპოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე სამხრეთ კავკასია, მათ შორის საქართველო დიდ ინტერესს იწვევდა სხვადასხვა ისლამისტური, რელიგიური მოძრაობის მხრიდან. დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, დასავლური თუ აღმოსავლური რელიგიური სექტების არაერთი წარმომადგენელი მოაწყდა საქართველოს, განსაკუთრებით აქტიურობდნენ იეღოველები. მიზანი იყო და არის  ერთი – საზოგადოების მათ მხარეს გადაბირება, რისთვისაც არ იზოგება თანხები, პროპაგანდისტული ლიტერატურა, გადაბირებულთა დასავლურ თუ აღმოსავლურ სასწავლო ცენტრებში მივლინება და სხვა.

გარკვეული სახის „რელიგიური“ ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისის აეროპორტშიც აქტიურობენ, განსაკუთრებით ირანის რეისების მგზავრებთან მიმართებაში – ურიგებენ რა მათ ირანის სახელმწიფო პოლიტიკის საწინააღმდეგო პროპაგანდისტულ მასალებს. მსგავსი ქმედება უდავოდ არასპონტანურია, მას ორგანიზებული ხასიათი აქვს.

კარგა ხანია ირანი იყო და არის დასავლური თუ აღმოსავლური პოლიტიკის ყურადღების ცენტრში, რაც ამ ქვეყნის დამოუკიდებელი კურსის შედეგია. ეს ქვეყანა თებერვალში იზეიმებს რევოლუციის გამარჯვებას. დღიდან რევოლუციისა, ირან-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია და ირანი, ამერიკის, ნომერ პირველ მტრადაა გამოცხადებული, რაც მარტო დეკლარირებით არ იფარგლება. მას ანტიირანული, თანაც ყოველმხრივი, მოქმედებაც ერთვის.

აშშ-მა, რომელმაც ღრმად ჩაჰყო ფეხი ამიერკავკასიაში, მაქსიმალურად ცდილობს პოტენციური მეტოქეების – რუსეთისა და ირანის გავლენის შემცირებას. გეგმა მულტიმიმართულებიანია. მასში გამოყენებულია, როგორც რელიგიური, ისე ინტელექტუალური, პროპაგანდისტული, ფაქტორები. სწორედ ამერიკული უნივერსიტეტების აქტიურობის ნაყოფი იყო საქართველოში ჩატარებული არაერთი კონფერენცია – მიძღვნილი ჩერქეზთა გენოციდისადმი. შედეგი – საქართველომ აღიარა ჩერქეზთა გენოციდი, რითაც უფრო დაძაბა, ისედაც დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან.

ირან-საქართველოს სავიზო რეჟიმის გაუქმებას საქართველოს ექსპერტობა ერთობ რეაქციულად შეხვდა – ისლამისტები შემოვლენ საქართველოშიო. სავიზო ბარიერების მოხსნა-გაიოლებამ თავისთავად გააადვილა ქვეყნებს შორის მიმოსვლა. ტურისტულ ტალღას სხვადასხვა ჯურის ადამიანებიც მოჰყვებიან, რასაც არა მარტო საქართველოში აქვს ადგილი. ასე, რომ სულაც არ არის გამორიცხული მსგავსი ხასიათის ჯგუფების შემოსვლა, მაგრამ თვით ირანის ხელისუფლება აქტიურად იბრძვის რელიგიური სექტების, რადიკალური ისლამის მიმდევართა წინააღმდეგ. ირანისთვის ყოველთვის მიუღებელი იყო და არის „ალ-კაიდა“, სალაფიტური დაჯგუფებები, რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციები.

ექსპერტთა მხრიდან ირანის მისამართით გამოთქმული მოსაზრება ცრუ ინფორმაციას ემყარება, ამასთანავე დასავლეთის მიერ დაგუბებულ პროპაგანდისტულ მღვრიე გუბეში თავით გადაშვებას ნიშნავს.

საზღვრების გამჭვირვალობა 21-ე საუკუნის მონაპოვარია. ის უდავოდ ხელს უწყობს ხალხთა ურთიერთობას, სავაჭრო, პოლიტიკური, კულტურული კავშირების გაფართოება-განმტკიცებას. პროცესის შეჩერება ნებისმიერი ქვეყნისათვის, გასული საუკუნის 60-70-იანი წლების ალბანიზაციის მომასწავებელი იქნება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.