რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?

საქართველო-რუსეთის ურთიერთობის თემა ერთ-ერთი მთავარი რომ იქნება მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში, გასაკვირი არ არის. საკითხს მოჭარბებულ იმპულსს აძლევს არჩევნებში ისეთი „რუსეთუმე“ პოლიტიკოსის მონაწილეობა, როგორიცაა ნინო ბურჯანაძე. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და წევრები ამ პიროვნებას რახანია კრემლს უკავშირებენ, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის, ისეთი, როგორსაც ნაცები ხატავენ ანუ რუსეთის თაყვანისმცემელი.

თანამედროვე საქართველოში ანტირუსული თემა მარტო ნაციონალებს არ ეკუთვნის, მას გაცილებით მეტი ასაკი აქვს და სათავეს იღებს გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლიდან. ანტირუსულ განწყობას ცეცხლი შეუნთო შევარდნაძემაც. ხოლო, რაც შეეხება სააკაშვილს – ცეცხლი, ხანძრად აქცია, რომლის ჩაქრობას ამაოდ ცდილობს ზოგიერთი პოლიტიკოსი. მათი რაოდენობა ცოტაა და რაც მთავარია, გავლენა საზოგადოებაზე შეზღუდული.

მიეკუთვნება თუ არა პოლიტიკოსთა ამ ჯგუფს ბურჯანაძე? შეიძლება ითქვას „კიც“ და „არაც“. ის, რომ ბურჯანაძე მოსკოვში შეხვდა პუტინს, ამაში გასაკვირი არაფერია. ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანისთვის ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დგამდეს – ბევრისთვის მიუღებელ ნაბიჯს, რომელიც მომავალში ამ „ბევრს“ სიკეთეს მოუტანს. და არა მარტო მას, არამედ ქვეყანას.

ბურჯანაძის, პუტინთან „ხლება“ აიტაცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა მედიამ – ატრიალა რა ის ისეთი ტემპით და ქილიკით, რომ უარესს ვერ ინატრებდა რუსეთთან ურთიერთობის მოწინააღმდეგენი. ნაციონალების და მათი ბელადი სააკაშვილისთვის ანტირუსული თემა სასიცოცხლოა, ვინაიდან ასეთი იყო აშშ-ს პრეზიდენტის ბუშის დავალება. ნეოკონსერვატორები, მსოფლიო ბატონობის მოტრფიალენი, რახანია გახელებულ კამპანიას ეწევიან ყველა იმ ქვეყნის მიმართ, ვინც აშშ-ს შეეცილება პირველობაში.

ასე იყო საბჭოთა კავშირის დროს, ასეა დღესაც, საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთის პირობებში. ანტირუსულ კამპანიას არც ამერიკელი დემოკრატები აკლებენ ხელს, მაგრამ რესპუბლიკელები მაინც გამორჩეულები არიან. რა გაეწყობა, დიდი პოლიტიკა მოითხოვს ამას – საჯაროდ, ტელეკამერების წინ, მეტოქე ქვეყნების მეთაურების მტლაშა-მტლუშს, ტელეეკრანებს მიღმა – ერთმანეთისთვის ძირის გამოთხრას.

ჩემს მეხსიერებას, ალბათ თქვენსასაც, შემორჩა პუტინის ვიზიტი აშშ-ი და მაშინდელ პრეზიდენტ ბუშთან ერთად, ბუნების წიაღში, მდინარეში, თევზის ჭერა, მეგობრული საუბარი, გულითადი მასპინძლობა. საინტერესოა, რაზე საუბრობდნენ ისინი, რაზე შეთანხმდნენ ან ვერა? შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა სივრცეში ფერად-ყვავილოვანი რევოლუციების ინიცირებამ დაგვანახა, რომ განსხვავება გაცილებით მეტი იყო, ვიდრე აზრთა თანხვედრა.

სააკაშვილი სწორედ ამერიკულ-რუსული აზრთა სხვაობის ნაყოფია – წითელი ნაჭერი, აფრიალებული არა ესპანური ხარის, არამედ რუსული დათვის წინ.

პირველ ქვეყანას, პირველობა სამარადისოდ სურს, რაც არ არის გასაკვირი. პირველობა – ყველაფერში პირველობას ნიშნავს – ეკონომიკაში, სამხედრო საქმეში, მეცნიერებაში, სხვაზე გავლენის მოპოვებაში. და რაც მთავარია, ნიშნავს – პირველობიდან გამომდინარე, დივიდენდებს, მოგებას და ა.შ.

მაგრამ პირველობა სხვასაც უნდა, მითუმეტეს თუ „სხვათა“ წიაღისეული რესურსი, მოსახლეობის რაოდენობა, განსწავლულობა, ტერიტორიის სიდიდე, ეკონომიკურ-სამხედრო პოტენციალი არ ჩამოუვარდება ან ცოტათი ჩამოუვარდება პირველ ადგილზე მყოფ ქვეყანას.

თანამედროვე მსოფლიოში აშშ-ს მეტოქე ქვეყნების რიცხვი არცთუ მრავალრიცხოვანია და შემოიფარგლება ორით – რუსეთით და ჩინეთით. მეცნიერთა გამოთვლით, ოცი წელი დასჭირდება ჩინეთს, იმისთვის, რომ გაუსწროს აშშ-ს. ძნელი სათქმელია, შეძლებს რუსეთი ამას თუ არა, მაგრამ რასაც ის შეძლებს – ისაა, რომ ის მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზე იქნება – ჩინეთის, ამერიკის, ინდოეთის შემდეგ.

არცთუ სახარბიელო პერსპექტივის თავიდან ასაშორებლად, აშშ-ი სხვადასხვა ხერხს მიმართავდა და მიმართავს, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი სამხედრო შანტაჟს, სამხედრო-ეკონომიკურ რკალში მოქცევას, საშინაო ცხოვრებაში პირდაპირ თუ ირიბ ჩარევას, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით, ხელისუფლებისთვის წყალის შეყენებას და სხვა.

აშშ-ის, როგორც ყოფილი, ისე დღევანდელი ადმინისტრაციების მიზანი იყო და არის რუსეთის ხელისუფლების ყურადღების სხვა თემებზე გადატანა, და ამით მისი მთავარი საკითხიდან მოწყვეტა.

სააკაშვილი სწორედ ის გამოგონებაა, ვინც ნებით თუ უნებლიედ რუსული ისტაბლიშმენტის ყურადღებას იქცევს, ანდა როგორ არ მოიქცეს, როდესაც, ვაშინგტონის ოფიციოზით ზურგგამაგრებული, ომს დაიწყებს ცხინვალში?! ბუშის ადმინისტრაციამ კარგად იცოდა, ვინ გამოვიდოდა ცხინვალის ომში გამარჯვებული, მაგრამ „პიარულ“ ომში რომ საქართველოს გაამარჯვებინებდა – ესეც ხომ ნათელი იყო?!

სააკაშვილის ავანტიურამ ავნო რუსეთს – გამოიყვანა რა ის აგრესიული, ეშვებიანი დათვი. დღემდე, მთელი მსოფლიო ლაპარაკობს რუსეთის „აგრესიაზე“. მართალია სააკაშვილმა ყველაზე მეტად საქართველოს ავნო, მაგრამ აფიქრებს ეს ამერიკას? სულაც არა. რომ აფიქრებდეს, უპირველესად პასუხს სააკაშვილს მოსთხოვდა. პირიქით, მან მილიარდნახევარი დოლარი მისცა ავანტიურისტ სააკაშვილს და სამი მილიარდი ევროკავშირს მიაცემინა.

სააკაშვილმა პირნათლად შეასრულა ვაშინგტონის დავალება და მომავალშიც შეასრულებს – მეორედ შემობრუნების დროს. ასეთი სააკაშვილი, რუსეთთან მეომარი, მისი ნერვების მომშლელი და სისხლის გამშრობი, მუდამ დაწიხლავს ყველა იმას, ვინც რუსეთთან ურთიერთობის შემობრუნებაზე იფიქრებს.

ისინი კი, ვინც ამაზე იფიქრებენ, დიდი სიფრთხილით მიუდგებიან საკითხს. თავიანთ გამოსვლებში ახსენებენ რუსეთის „ავაზაკობას“, მაგრამ იმასაც დაუმატებენ, რომ ასეთთანაც საჭიროა მოლაპარაკება, რამეთუ ჩვენი მეზობელია და გამოუვალ ვითარებაში ვართ, თორემ ჩვენი გზა, რომ ცხადზე-უცხადესია და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე გადის, ამას რა მტკიცება უნდაო. მათთვის რუსეთთან კავშირების დამყარება – იძულებითი პროცესია, დასავლეთთან, აშშ-თან კი ბუნებრივი, გულითადი, სასიამოვნო.

მათი საჯარო განცხადებიდან ჩანს – ქვეყანა დასავლეთისკენ უნდა წავიდეს, მაგრამ რუსეთთანაც უნდა ჰქონდეს კავშირები. არც ერთი მათგანი დასავლეთს კრიტიკულად არ მოიხსენიებს, რუსეთს – იცოცხლეთ. სწორედ ასეთთა შორისაა ბურჯანაძეც. მის მოქმედებას შეიძლება ვუწოდოთ ფრთხილი, რუსეთის დადებითად ხსენების თვალსაზრისით, დასავლეთთან მჭიდრო კავშირების მომხრე.

არადა ამ გაურკვეველ-მერყევი პოზიციის გამო ის ბევრ ქულებს კარგავს. მისი რეიტინგი გაცილებით მაღალი იქნებოდა, ყოველგვარი მიდებ-მოდების გარეშე, გარკვევით ეთქვა, რომ საქართველოს თუ რამე გადაარჩენს, მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობაა, რომ 20-წლიანმა უაზრო პოლიტიკურმა ხეტიალმა ამერიკა-ევროპის ლაბირინთებში, ცუდის მეტი არაფერი მოუტანა საქართველოს.

მარტო ტერიტორიების დაკარგვა რად ღირს!

ქართველი პოლიტიკოსების სავალალოდ უნდა ითქვას, რომ ისინი ვერ გრძნობენ მოსახლეობის მაჯისცემას, რომელმაც რახანია ნატოც დაიკიდა და ევროკავშირიც. და თუ ვინმეს რამის იმედი აქვს, ისევ „ავადსახსენებელი“ რუსეთის. ცხადია, მოსახლეობის ეს ნაწილი, გაცილებით მეტია, ვიდრე პოლიტიკოს-პოლიტოლოგობა და ერთობ გადატყლარჭული, ოკეანედალეული, თითზე-ჩამოსათვლელი ახალგაზრდობა, მაგრამ მას ამ უკანასკნელის მსგავსად, ხელი არ მიუწვდება მედიაზე, რომ გულწრფელად გამოხატოს თავისი აზრი. ვისაც მიუწვდება, ის მუდამ რუსის გინებაშია და ამერიკის ქებაში. ის ყოველთვის ასე იქნება, რამეთუ ამერიკელის ძუძუს წოვს, დოლარის შემადგენლობით.

მიუხედავად ამისა, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს რუსი მაინც მხსნელად მიაჩნია და ყოველივე ეს ხდება თითქმის 23-წლიანი ანტირუსული პროპაგანდის პირობებში. მაინც რატომ ხდება ასე და რასთან გვაქვს საქმე? ეს ცვლილება აკვირვებს ქალბატონ ხათუნა ლაგაზიძესაც.

„დასავლური მითის ჩანაცვლება ხდება რუსული მითით, რაც საერთოდ საოცრებაა. როგორ მოხდა საბჭოთა ტყვეობის თავდახსნისგან, სულ რაღაც 20-23 წლის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ სოლიდური ნაწილი ისევ რუსეთისკენ შეტრიალდა? გამაოგნებელი რამ არის, რომ რუსეთი კვლავ მორიგი მითი ხდება, რომლისკენაც პასუხისმგებლობას მიუჩვეველი ქართული საზოგადოება გადაიხარა“, – აცხადებს ის.

აღნიშნული სიტყვების ავტორს აშინებს ქართული საზოგადოების არჩევანი. ალბათ მისი აზრით, გაცილებით უკეთესი იქნებოდა საქართველოს მოსახლეობას მხოლოდ ერთი მიმართულებისკენ ემიზნა, მიუხედავად იმ სავალალო შედეგებისა, რაც ამ მზერას მოჰყვა.

ჩემის აზრით, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, საკუთარ თავზე დაყრდნობით, საკუთარი ცხოვრების შენება, რასაც მსოფლიოს ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველოს ზომის, კარგად ახერხებს. საკუთარ თავზე დაყრდნობა სულაც არ ნიშნავს, რომელიმე ქვეყანასთან კავშირის არ ქონას. პირიქით, გამოურჩევლად, ყველასთან ურთიერთობა არის წარმატების საწინდარი, თუმცა ეს ურთიერთობა არ უნდა იყოს რომელიმე ქვეყნის საზიანო, რასაც ადგილი აქვს დღეს. საქართველოს ამერიკასთან მჭიდრო ურთიერთობა – აშკარა და მე ვიტყოდი ობიექტურ გაღიზიანებას იწვევს მოსკოვში.

დამოუკიდებელი პოლიტიკა თავისთავად გამორიცხავს რომელიმე მეზობელთან მტრობას – ის უფრო თანამშრომლობისკენაა მიმართული. მაგრამ ასეთი პოლიტიკის წარმოება გონებას, საღ აზრს, პროფესიონალიზმს და რაც მთავარია სახელმწიფო საქმის, საკუთარ საქმეზე მაღლა დაყენებას ეფუძნება. ასეთი პოლიტიკა ვერ იტანს ქარაფშუტობას, ვიღაცის გაფეტიშებას, ვიღაცის უკანალის ლოკვას და ვიღაცის მზაკვრული დავალების შესრულებას.

ქართული პოლიტიკის მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო საკუთარი თავისა და საზოგადოების ასე აღზრდა და არა გამორჩენაზე ფიქრი, გამორჩენისთვის ვიღაცისკენ ლტოლვა. ვიღაცასთან ურთიერთობა არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ ფულის შოვნაზე გათვლილი. არ მოგვინდა რუსეთი, რომელსაც იმჟამად საკუთარი თავისთვის არაფერი ჰქონდა და ჩვენ რას მოგვცემდა. და მოგვინდა ამერიკა, თანაც ისე, მუქთად, ყოველგვარი საზღაურის გარეშე. მაშინ რატომღაც ვიფიქრეთ, რომ ამერიკული გრანტები, დიდი ისტორიის მატარებელი ქვეყნისთვის, უბრალო საჩუქარი უნდა ყოფილიყო. და ამას ვთხოვდით აშშ-ს, რომელიც სხვათა ისტორიას ზერელედ უყურებს.

საქართველომ ვერ გათვალა ის, რომ ამერიკის მიერ მოცემულ ფულს, სხვაგვარი დაბრუნება დასჭირდებოდა. და როდესაც „ვალის“ დაბრუნების ჟამი დადგა, შეფიქრიანებულმა და იმედგაცრუებულმა მზერა ისევ რუსეთს მიაპყრო. ხალხმა დაინახა, რომ ამერიკასთან 20-წლიანმა კავშირმა უფრო მეტი ნეგატიური შესძინა ქვეყანას, ვიდრე რუსეთთან 200-წლიანმა ურთიერთობამ.

200 წელი, 200 დღე არ არის. ამ ხნის განმავლობაში, რუსეთთან კავშირების პროცესში, ბევრი იყო ცუდიც და კარგიც. როგორც ჩანს, ის ცუდი ხალხმა დაივიწყა  და მხოლოდ კარგი გაიხსენა, რომელიც აჭარბებს ცუდს. რაც შეეხება საბჭოთა პერიოდს, ის არა მარტო საქართველოსთვის იყო „მძიმე“ გამოცდა, არამედ თვით რუსეთისთვის, მაგრამ ეს პერიოდიც კარგად მოიხსენიება, რამეთუ გაუსაძლისი თანამედროვეობა იძლევა ამის საბაბს.

დაუნახაობა, ცუდი სენია. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს სენი ჩვენც შეგვეყარა. ვლანძღავთ ყველას და ყველაფერს – საბჭოეთთან დაკავშირებულს. არადა იმ საბჭოურმა 70-წლეულმა ჩამოაყალიბა ერი, გააძლიერა მისი კულტურა, შექმნა ქართული მეცნიერება, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა. ქვეყანა სამაგალითოდ აქცია დიდ საბჭოურ ოჯახში და არა მარტო იქ. თვით რუსი ექსპერტობის გათვლით, რუსეთმა რომ საბჭოთა დონეს მიაღწიოს, 20 წელი დასჭირდება. საინტერესოა, ჩვენ რამდენი?

სწორედ ეს ახსოვს ხალხს და ამიტომაც იყურება ჩრდილოეთისკენ. მან ჩათვალა, რომ საქართველოსთვის „მზე ჩრდილოეთიდან ამოდის“, ისე, როგორც შევარდნაძემ თავის დროზე. ქართული საზოგადოებისთვის მართლმადიდებლურ რუსეთთან კავშირები უფრო სასარგებლოა, ვიდრე მთებით, ზღვებით და ოკეანებით დაშორებულ ამერიკასთან.

ამერიკა კარგია, მაგრამ საქართველოსთვის მიუღებელი, გამოუსადეგარი. ამერიკა ის არის, ვინც ქედმაღლურად დაგყურებს, დაგცინის, ჭკუას „გასწავლის“, გარჯულებს. ჰეგემონი ქვეყნის დამახასიათებელი თვისებებია, ყოველივე ეს. რუსი სხვაა. მისი მენტალიტეტი ახლოა შენთან. მისი პრობლემები ისეთივეა, როგორც შენი. საქმეში ისიც ისეთი ზერელეა ხშირად, როგორც შენ.

ქართველმა დაინახა, რომ გენიალური ჩარლი ჩაპლინის  ფილმი „ახალი დროება“ – სადაც გმირს დაზგასთან მუშაობისას პირში საჭმელს ტენის რობოტი, რათა მან შესვენების ნაცვლად უწყვეტად იმუშაოს, მისი არ არის, რომ ის რობოტად ვერ გადაიქცევა.

ამერიკამაც დაინახა, რომ საქართველო ძნელად აღსაზრდელი ქვეყანაა და სხვა ხერხს მიმართა – გაოფიციანტების, გამოსულელების, გამოთაყვანების და ა.შ. მაგრამ ქართველმაც დაინახა ამერიკელთა ზრახვები და თავი რუსეთისკენ შეაბრუნა, ჯერ-ჯერობით მთლად ვერა, მაგრამ დასაწყისი, ამის მაუწყებელია.

ხედავს ამას ქართველი პოლიტიკოს-პოლიტოლოგობა. რასაც  ისინი ხედავენ – რუსული ნეგატივია. თითო ოროლა თუ ხედავს დღეს შექმნილ რეალობას და მათ შორისაა ბურჯანაძეც, მაგრამ მარტო დანახვა, საქმეს ვერ უშველის – თქმა და მოქმედებაა საჭირო – შესაძლოა პოლიტიკური რისკიც, არ შეშინება იმისა, რომ ვიღაცა „რუსეთუმეობას“ დაგაბრალებს. და თუ დაგაბრალებს, რა არის ამაში მიუღებელი?! პროამერიკულობა უფრო მისაღებია, ვიდრე პრორუსულობა?

20-წლიანმა ცხოვრებამ – გაუსაძლისმა, დუხჭურმა ხომ დაგვანახა ამერიკასთან თანამშრომლობის სავალალო შედეგები. ქვეყანა, რომ ბიოლოგიურ ლაბორატორიას აგიშენებს დედაქალაქში – არაფერს ნიშნავს?!

რუსს, საქართველოსთან ორსაუკუნოვანი ურთიერთობის ჟამს, თავის თავისთვის უფლება არ მიუცია მსგავსი ეკადრებინა საქართველოსთვის. რაც მან თავს უფლება მისცა იყო „გოლოვინის“ და „პლეხანოვის“ პროსპექტები, სოლოლაკი, მთაწმინდის პარკი და საბაგირო გზა, ბოტანიკური ბაღები თბილისსა და ბათუმთან, სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერებათა აკადემია, ოპერისა და ბალეტის თეატრი, საოპერო ხელოვნება, კონსერვატორია, ხელოვნებისა და კულტურის, კინემატოგრაფიის აღმავლობა, რუსთავის მეტალურგია და ქიმიური მრეწველობა, თბილისის მეტროპოლიტენი და სხვა მრავალი, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.

პოლიტიკოსმა, ყველაფერი შიშის გარეშე უნდა აუხსნას ხალხს და შეაგნებინოს, რომ დაუნახაობა, უმადურობა ცუდი სენია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.