22.07.2024

საკონსტიტუციო დავიდარაბა

უსაქმო კაცის, ყვე…-სა და მახათის, ამბავს ჰგავდა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ატეხილი დავიდარაბა. ახალი წლიდან დაწყებული, გასულ ხუთშაბათამდე მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირება, საპარლამენტო ორ ძალას შორის, მარტო პარლამენტის მინის კედლებში რომ ჩატეულიყო, ხომ კარგი, მაგრამ რაა „უპიარო“ პოლიტიკა?! არც არაფერი. სწორედ ამიტომაც ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი, ხელისუფალთა დაკვეთით, უმალ აიტაცა მედიამ და სრულიად ქართული საზოგადოება, ლამის უშუალო მონაწილე გახადა არაფრის მთქმელ, მითუმეტეს, არაფრის მომტან საქმეში.

პარლამენტის წევრთა ახალგაზრდულ ენერგიას, უდავოდ ესაჭიროება განტვირთვა, მაგრამ არა საზოგადოების უაზრო დამუხტვის ხარჯზე. უმჯობესი იქნებოდა ენერგიის სხვა მნიშვნელოვანი საქმეებისთვის გამოყენება. მათი რაოდენობა გაჩანაგებულ ქვეყანაში ასტრონომიულია.

პოლიტიკოსთა ძალისხმევით, ადუღებული ხალხი, ტელეეკრანებს მიჩერებული, გაფაციცებით ელოდა კენჭისყრას, ზოგიც სეირს. იყო გამოსვლები -„ოცნებელთა“ მხრიდან პოლიტიკური პათოსით გაჟღენთილი. მიზანი – მოწინააღმდეგის აზრის შეცვლა.

ნაცური – საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. ცხადია პატრიოტულად. პირველთა რიტორიკა ზეწოლას ჰგავდა, მეორეთა – თავდაცვას, პირველთა დათანხმებას სარეიტინგო კენჭისყრაზე.

პირველთა პოზიცია იყო ურყევი, ყოველ შემთხვევაში ბოლო წუთამდე, მეორენიც ურყევად გამოიყურებოდნენ. პირველთა ლიდერები გვიმტკიცებდნენ, რომ ჩანაფიქრს არ გადაუხვევდნენ. მეორენიც – ასევე. ორივენი, როგორც ყოველთვის, ახსენებდნენ ქვეყანას, ხალხს, კეთილდღეობას.

კენჭისყრის შემდეგ ლექსიკა მოჭარბებულად „პატრიოტული“ გახდა. ოყო ერთმანეთისთვის და რაც მთავარია ქვეყნისა და ხალხისთვის გამარჯვების მილოცვა. იყო მოკლული დათვის ტყავის დათრევის მცდელობაც – მეტადრე „ოცნებაში“.

ის-ის იყო ხიდაშელმა გონიერება შეუქო მეუღლე სპიკერს, რომ ივანიშვილმა გვაუწყა – უსუფაშვილი კი არა, ეს, მე ვაიძულე სპიკერი სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებაზეო.

თქვა თუ არა „ოცნების“ ბელადმა – ყველა „მეოცნებემ“ ერთხმად განაცხადა –  არასდროს ვყოფილვართ სარეიტინგო კენჭისყრის წინააღმდეგიო. ამაზე ამბობენ – „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“-ო.

კმაყოფილი ჩანდა ნაცთა ბელადიც – უჩვენოდ კენჭისყრა ჩაიშლებოდაო. სააკაშვილი მართალია, ვინაიდან „ოცნების“ ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი „უზენაესი“ მიზნის მისაღწევად. კენჭისყრამდე „ოცნება“ ხაზგასმით აცხადებდა ქვეყნის გადარჩენაზე, მოსალოდნელ ქაოსზე, არეულობის თავიდან აცილებაზე და ა.შ.

მაგრამ, ჰქონდა ამის სურვილი სააკაშვილს, უფრო სწორად თავი? სურვილი, შესაძლოა ჰქონოდა. თავისა რა მოგახსენოთ. მარტო სურვილით კი რევოლუციის ან ქაოსის აგორება შეუძლებელია. როდესაც პრეზიდენტს არ ემორჩილება ჯარი და პოლიცია, რაც მთავარია ხალხი, სურვილი, სურვილად რჩება.

სააკაშვილმა ეს იგრძნო, შესაძლოა აგრძნობინეს, ჩვენ რომ ვიცით იქედან, ვისი ელჩიც ესწრებოდა პარლამენტის „დრამატულ“ სხდომას. და იგრძნო ან აგრძნობინეს კენჭისყრამდე გაცილებით ადრე, წინა თვეებში, ამიტომაც ამბობდა სისტემატურად – მთავრობის დათხოვას არ ვაპირებო.

„ოცნებას“ არ სჯეროდა სააკაშვილის სიტყვის – რამემ არ წამოუაროს თავშიო, ფიქრობდა ის. და მართლაც რომ წამოევლო რაღა ეშველებოდა მორგებულ სავარძლებს? ამიტომაც იყო საჭირო ქვეყნის „გადარჩენა“. არადა პრეზიდენტის დიქტატს ქვეყანა ისედაც გადაურჩებოდა კარზე მომდგარი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღესვე – 2010 წელს შემუშავებული კონსტიტუცის ძალაში შესვლისთანავე. მისი მიხედვით, გვარიანად იკვეცება პრეზიდენტის ძალაუფლება.

„ოცნებელთა“ მხრიდან ხშირად გაისმის – კენჭისყრის შედეგად პარლამენტმა დაიბრუნა პრეზიდენტის მიერ წართმეული უფლებებიო, პარლამენტი გათავისუფლდა პრეზიდენტის დიქტატისგანო, მაგრამ პრემიერის?!

 ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.