09.10.2024

რეგიონი, რომლის შესახებ მეტი უნდა ვიცოდეთ

ამას წინათ მედიაკავშირ „ობიექტივზე“, ბატონ ვალერი კვარაცხელიას გადაცემაში სტუმრობის დროს, შევეხეთ რა ახლო აღმოსავლეთის, კერძოდ სირიის და ირანის თემას, ბატონმა პეტრე მამრაძემ ბრძანა – სირიის პირსისხლიან რეჟიმზე, რომელიც მამა-შვილ ასადების მიერ ათეულობით წლების განმავლობაში, სისხლს წოვს საკუთარ ხალხს, რომ დასავლეთის პოზიცია ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდე სრულიად შეესაბამება ცივილიზებული მსოფლიო საზოგადოების მოთხოვნებს და ა.შ.

რაც შეეხება ირანს, მან ისეთივე პოზიცია გააჟღერა, როგორსაც ახმოვანებს აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები – კლერიკალური რეჟიმი სიდუხჭირეში ამყოფებს თითქმის 80-მილიონიან ქვეყანას.

მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა ბატონი პეტრეს მიმართ, შევეკამათე – ავუხსენი რა ტელემაყურებლებს, რომ მისი ნათქვამი, რბილად რომ ვთქვათ, შორს არის სინამდვილისგან და იმეორებს აშშ-ს მიერ კონტროლირებული მედიის პოზიციას.

მაგალითად მოვიყვანე ირანის საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის ჩატარებამდე ერთი თვის განმავლობში, ტელეკომპანია „ევრონიუსი“, ყოველდღე, ამ ქვეყანაზე მოკლე სიუჟეტებს გადასცემდა. ერთ-ერთ სიუჟეტში ისიც აღნიშნა, რომ ირანში ქალებს უფლება არ აქვთ მონაწილეობა მიიღონ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომ მათი უფლებები უკიდურესად შებღალულია და ა.შ.

რომ იტყვიან ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, ამაზეა ნათქვამი. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 650-ზე მეტმა ირანელმა გამოთქვა, მათ შორის 30 ქალი იყო. ირანის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალები აქტიურად არიან ჩართული, რითაც ეს ქვეყანა მკვეთრად განსხვავდება საუდის არაბეთისგან, რეგიონის სხვა არაბული ქვეყნებისგან. ირანის წინა (აჰმადინეჟადის) ხელისუფლებაში ვიცე-პრეზიდენტი ქალი იყო. იყვნენ მინისტრი ქალებიც. პარლამენტში მუშაობენ ქალი პარლამენტარები და სხვა.

რაც შეეხება სიდუხჭირეს – ირანი გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე სხვა ქვეყნები, მათ შორის საქართველოც. 34 წლის წინათ, როდესაც ირანელმა ხალხმა დაამხო შაჰის მუჰამედ რეზა ფეჰლევის ბატონობა, კურსი საყოველთაო, ყველა დონის არჩევნებზე და ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე გაკეთდა. არცთუ დიდი დროის განმავლობაში ქვეყანაში მრავალი პროგრამა განხორციელდა, განსაკუთრებით სოციალურ დარგში.

კარდინალურად შეიცვალა ირანის სოფლის მოსახლეობის ცხოვრების დონე. დღეს, ვერ ნახავთ ვერც ერთ მივარდნილ სოფელს, რომელიც მოასფალტებული გზით არ უკავშირდებოდეს ცენტრალურ მაგისტრალებს. ყველა სოფელში არსებობს სამედიცინო დაწესებულებები, სკოლები და ა.შ.

2008 წელს, ირანში ყოფნის დროს, შესაძლებლობა მქონდა გავეცნობოდი ფერეიდანში მცხოვრები ქართველების ყოფას. მათთან საუბრის დროს, მითხრეს, რომ გლეხების თვიური შემოსავალი 500-600 დოლარს აღწევს – ძირითად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, ხილის ჩაბარებით და სახელგანთქმული ირანული ნოხების დამზადებით. ერთ-ერთი სოფლის დათვალიერებისას თვალი მოიპყრო ირანელი მოსწავლეების „შენობით“ ყოფნამ კომპიუტერთან, უცხო ენებთან, თანამედროვე ცივილიზაციის სხვა ასპექტებთან.

აშშ-ს და მისი დასავლელი პარტნიორების დაბეჯითებული ძალისხმევით ირანის წინააღმდეგ სხვადასხვა სახის, ეკონომიკურ-საფინანსო სანქციები დაწესდა, რომელთა მიზანი არის მარტივი – საზოგადოების სოციალური პირობების გაუარესება და ხალხის, მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოყვანა. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავი იყო 4 წლის წინანდელი საპროტესტო არჩევნები.

დასავლეთიდან ინსპირირებული ე.წ. ლიბერალური გამოსვლები თითქმის სამი თვე გრძელდებოდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ირანის ხელისუფლებამ თავი გაართვა უდიდეს გამოწვევას.

ამერიკელთა წყალობით – ირანელთა მდგომარეობა გაუარესებულია, მაგრამ მხოლოდ ადრეულ წლებთან და არა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით.

რაც შეეხება სირიას, ორი წლის წინათ, ომამდე, სირიის მდგომარეობა, როგორც პოლიტიკური, ისე სოციალური, გაცილებით უკეთესი იყო მეზობელ არაბულ ქვეყნებთან შედარებით. მიუხედავად რელიგიური მრწამსისა, სირია საერო სახელმწიფოა. ქვეყნის სათავეში არის ხაფეზ ასადის შვილი ბაშარი. ასადები ალავიტების (შიიტების) წარმომადგენლები არიან.

ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი სუნიტი მაჰმადიანია. ისეთი წარმოდგენა იქმნება, თითქოს ერთი მუჭა ალავიტები მართავენ ქვეყანას, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ბაშარ ასადს, არა მარტო ალავიტები უჭერენ მხარს, არამედ სუნიტებიც. ასე რომ არ იყოს, ორწლიანი ომის შედეგად ვერც ბაშარ ასადი გაძლებდა და ვერც მისი გარდაცვლილი მამა ხაფეზი, ცოცხალი რომ ყოფილიყო.

სწორედ ხაფეზ ასადის დროს მომიწია სირიაში ყოფნა. მაშინ „პირსისხლიანი რეჟიმის“ სადამსჯელო მოქმედება ვერ შევამჩნიე. იქ მცხოვრები, ქართული წარმოშობის, სირიელ ბიზნესმენ საღარაძესთან თითქმის ორდღიანი საუბრისას მას არაფერი უთქვამს არც ბიზნესის დაყაჩაღებაზე, არც ფულის შეწერაზე, არც „რეჟიმის“ მიერ სადამსჯელო ოპერაციების გატარებაზე, არც სხვა „სიკეთეებზე“.

ბატონი პეტრეს ნათქვამმა მაიძულა კიდევ ერთხელ გადამეხედა სირია-ირანის პრობლემებისთვის და უცხოური წყაროების მოშველიებით თქვენს სამსჯავროზე გამომეტანა ახლო აღმოსავლეთის უკიდეგანო თავსატეხი, რომელსაც როგორც შიგნით, ისე გარეთ არაერთი ინსპირატრი ჰყავს. ყველა ისინი, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და მიზნის მისაღწევად, როგორც დახურულ, ისე ღია ხერხს მიმართავენ.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, მღვრიე, პატარა ტბასთან, მრავალი მეთევზე რომ შეკრებილა დიდი თევზის დასაჭერად. მეთევზეთა შორის უპირველესად ამერიკა და მისი მოკავშირეები არიან. არც რეგიონის შიდა მეთევზეები აკლებენ ხელს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება – ყველა მათგანი რომ ერთის წინააღმდეგ არის ამხედრებული – ბაშარ ასადის.

ექსპერტების მიხედვით – რეგიონში აშშ-ს სრული გაპარპაშების მიზნით მიმდინარეობს ბაშარ ასადის დამხობის ოპერაცია. მიზნის განხორციელებას მეორე ეტაპი მოჰყვება – ირანის კლერიკალურ ხელისუფლებაზე ფართომასშტაბიანი შეტევა, რასაც შემდგომში მოჰყვება შეტევა რუსეთსა და ჩინეთზე, აშშ-ს ერთპიროვნული მსოფლიო ბატონობის წინააღმდეგ მებრძოლებზე.

სირიაზე პირდაპირი შეტევა, რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ძალისხმევით, დიდი რვიანის ბოლო შეხვედრაზე, დროებით შეჩერდა, მაგრამ მხოლოდ დროებით, ვინაიდან 22 ივნისს, ყატარის დედაქალაქ დოხას შეხვედრაზე გადაწყდა სირიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდება. არადა ლოხ-ერნში ვლადიმერ  პუტინმა რა არ თქვა იარაღის მიწოდების საწინააღმდეგოდ. თითქოს რვიანი იზიარებდა მის აზრებს.

თითქოს, მაგრამ სინამდვილე ასეთია – აშშ-ა და „სირიის მეგობარმა“ თერთმეტმა სახელმწიფომ, მათ შორის ეგვიპტემ, საუდის არაბეთმა, ყატარმა, თურქეთმა გადაწყვიტეს მეამბოხეთა იარაღით მომარაგება. დოხის შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის მონაწილეობით წარიმართა. ამის შემდეგ, როგორ შეიძლება იწამო აშშ-ს „სამშვიდობო“ პოლიტიკა? ან ჟენევის მოლაპარაკების გამართვა, რომელსაც ამერიკა-რუსეთი ლობირებს?

სამწუხაროდ,  აშშ-ი არ ღალატობს ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას, რომელიც დიდი ხანია ჩამოაყალიბა. რა გაეწყობა ჰეგემონის ამბიციური გეგმები კარნახობს მას ამ გზით სვლას. ბევრი თვლის, რომ ვაშინგტონის კურსი სწორია და ჰუმანურობით არის გამოწვეული, ბევრიც მიიჩნევს, რომ საქმე საწინააღმდეგოშია ანუ საკუთარი სარგებლის მიღებაში. სიმართლის დადგენა ძნელია. ყველას თავისი სიმართლე აქვს – ამერიკასაც, რეგიონის ქვეყნებსაც, რუსეთსაც, ირანსაც. შევეცდები ნაწილობრივ მაინც შეგახსენოთ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით. დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდვია.

მაშ ასე, სირია არის სახელმწიფო, უფრო სწორად საჯილდო ქვა ორ რეგიონულ ცენტრს შორის: სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების საბჭოს წევრებსა და ირანს შორის. არაბული სახელმწიფოების საბჭოს წევრებია: სპარსეთის ყურის მონარქიები – ბაჰრეინი, ყატარი, ქუვეითი, გაერთიანებული არაბული საამიროები, ომანი, საუდის არაბეთი. საბჭოში ირანიც შედის, თუმცა მისი პოზიციები უპირისპირდება სპარსეთის ყურის მონარქიათა პოზიციებს.

საბჭოს წევრი სახელმწიფოები კარგა ხანია აწარმოებენ როგორც ფარულ, ისე ღია ომს ირანის წინააღმდეგ. მიზანი – ირანის მოშთობაა, სანამ  ის არ გამხდარა ბირთვული სახელმწიფო. მონარქიებს არ სურთ რეგიონის ჰეგემონად ბირთვულიარაღიანი ირანის ხილვა. ირანმა თავის მომხრედ ლიბანში არსებული ორგანიზაცია „ჰესბოლა“ მიიჩნია.

ორივე მხარემ, ერთმანეთში საკითხის გასარკვევად სირიის ტერიტორია შეარჩია და არცთუ უსაფუძვლოდ. სპარსეთის ყურის მოსალოდნელი ომი ყველა ქვეყანას მოიცავს და პირველ ეტაპზე გამოიწვევს ნავთობტრაფიკის, ხოლო მეორეზე – ნავთობმოპოვების შეწყვეტას. და არა მარტო აღნიშნულს, არამედ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, რეგიონის ეკოლოგიურ კატასტროფას, რომელიც კარგა ხნის განმავლობაში ჩაკეტავს ორმუზის სრუტეს.

დიდი ომის პირობებში არაბული მონარქიები რამდენიმე მიმართულებით იმოქმედებენ. პირველი – ხმელთაშუა ზღვაზე პლაცდარმის შექმნა – რომლის მეშვეობით განხორციელდება ევროპისთვის ნავთობის მიწოდება. ამ მიზნისთვის გამოყენებული იქნება მაროკო, რომელიც არ არის საბჭოს წევრი და იორდანია, აგრეთვე ლიბია, რომელიც მოიაზრება ენერგომატარებლების მთავარ მიმწოდებლად.

სპარსეთის ყურის ომის შემთხვევაში, ნავთობტრეფიკის პერეორიენტაციის საქმეში მთავარი ყურადღება ეთმობა სუეცის არხს. არაბული მონარქები მზად არიან დღესვე იყიდონ არხი, მაგრამ ჯერ-ჯერობით ეგვიპტე მზად არ არის ამისთვის.

ეგვიპტის მიმართ მონარქიები სხვაგვარად მოქმედებენ. ეგვიპტის ხელისუფლებაში „ძმები მუსლიმანები“ მოდიან, რომლებსაც აკონტროლებს ყატარი და სალაფიტები. რომელსაც საუდის არაბეთი აკონტროლებს. ეგვიპტის სინაიზე მოქმედებას იწყებს არაბული მონარქიების მიერ ნაყიდი „ახალი ალ-კაიდა“, რომელიც ბაზირებულია ღაზის სექტორში. მიზანი – ისლამის საამიროს შექმნაა. ახალი საამირო სუეცის არხის აღმოსავლეთ სანაპიროს გააკონტროლებს, რაც შემდგომში ეგვიპტისთვის სუეცის არხის წართმევით დამთავრდება.

სუეცის არხის რეგიონში მოქმედებს სეპარატისტული მოძრაობა, რომელმაც უკვე გამოაცხადა „პორტ-საიდის თავისუფალი რესპუბლიკა“ და პასპორტებიც გასცა, აგრეთვე ავტომანქანების სანომრე ნიშნებიც.

სირიას, არაბული მონარქიები უდიდეს როლს ანიჭებენ. თუ კი სუეცის არხის მიმართ მონარქიების გეგმები არ განხორციელდება, მაშინ სახმელეთო მილსადენის გაყვანას მიექცევა ყურადღება – არაბეთის მონარქიებიდან – ლატაკია-ტარტუსისკენ. ამ გზით გვერდს აუვლიან სუეცის არხს. სახმელეთო მილსადენით შესაძლებელი იქნება ნავთობპროდუქტებით თურქეთის მომარაგება. ეს გეგმა დააინტერესებს თურქეთს.

გეგმის განსახორციელებლად აუცილებელია ბაშარ ასადის ალავიტური ხელისუფლების ჩამოგდება. არაბულ მონარქიებს არ შესწევთ ძალა იომონ სირიაში, ამდენად ისინი ეძებენ მოკავშირეებს. ამ თვალსაზრისით მათი და აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს.

მონარქიები მაქსიმალურად ცდილობენ დასავლეთის ჩათრევას სირიის ომში, რისთვისაც იყენებენ პროვოკაციულ თემებს – მაგალითად, ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას. მონარქიები სირიის ფრონტზე აბრძოლებენ „ალ-კაიდას“ და მის ევროპულ ფილიალებს – ისეთებს, როგორებიცაა: „შარიათი საფრანგეთისთვის“, „შარიათი გერმანიისთვის“, „ჯებხატ ან-ნუსრა“ („დიდი სირიის მოსახლეობის მხარდაჭერის ფრონტი“).

მეორე ანუ ირანულ მხარეზე სირიაში ომობენ „ჰესბოლა“ და როგორც ამბობენ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა ნაწილები, აგრეთვე სუნიტურ ქვეყნებში არსებული შიიტური უმცირესობის მეომრები.

არაბული მონარქიები არ ზოგავენ ნავთობდოლარებს – „სირიის განმანთავისუფლებელი არმიის“ ბოევიკებისთვის. ამ თანხებს საუდის არაბეთი ანაზღაურებს. ყატარის ფულით ხდება ბოევიკების იარაღით მომარაგება.

ირანს, ჯერაც არ გამოუყენებია სხვა შესაძლებლობები,მაგალითად, პროირანულად განწყობილი შიიტური დაჯგუფებები, რომლებიც არსებობენ მონარქიებში. მათ შორის აღსანიშნავია საუდის არაბეთის აღმოსავლეთში არსებული „ელ-ჰასა“. გარდა ამისა ირანს ჰყავს მოკავშირე შიიტები სუდანში და სამხრეთ იემენში.

ზემოთ იმდენჯერ ვახსენეთ ყატარი, რომ უპრიანი იქნებოდა ცოტა რამ გვეთქვა მის შესახებ. ჩვენს მამებს კარგად ახსოვთ საბჭოთა კავშირის, განსაკუთრებით საქართველოს გასული საუკუნის 30-იანი წლების ფრთიანი გამონათქვამი – „პატარა გორი, დიდია“. ცხადია, პატარა გორის დიდობის განმსაზღვრელი გორში დაბადებული სოსო ჯუღაშვილი იყო.

დაახლოებით (მხოლოდ ზომიდან გამომდინარე) შეიძლება ითქვას ყატარის მონარქიის შესახებ – სპარსეთის ყურის ერთ-ერთი გავლენიანი ქვეყნის. ეს, ის ქვეყანაა, სადაც 2022 წელს გაიმართება ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი. ეს, ის ქვეყანაა, სადაც წლის განმავლობაში არაერთი საერთაშორისო კონფერენცია იმართება, უმთავრესად პოლიტიკური ხასიათის.

ეს ის ქვეყანაა, რომლის ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“ მთელს მსოფლიოზე მაუწყებლობს. ამ ტელევიზიის ჟურნალისტებმა უმალ მიიპყრეს ჩემი ყურადღება 2003 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც პარლამენტის შენობის წინ მდგომი, ასლან აბაშიძის დესანტი იცავდა ჩატარებული არჩევნების შედეგებს და არ აძლევდა სააკაშვილის, ჟვანია-ბურჯანაძის ძალებს მოედნის დაკავების შესაძლებლობას. სამეულის და მათი მხარდამჭერების სურვილი იყო არჩევნების შემდეგ, პირველი სხდომის ჩაშლა. სწორედ მაშინ ჩემს წინ უეცრად გაჩნდა ჟურნალისტთა და ტელეოპერატორთა გუნდი „ალ-ჯაზირას“ ემბლემით, დახვეწილი ამერიკული ინგლისურით.

ეს ფრაგმენტი იმიტომ გავიხსენე, რომ ტელეკომპანიაში, უმთავრესად  ამერიკაში დაბადებულ-გაზრდილი ჟურნალისტები, ექსპერტები, ანალიტიკოსები მუშაობენ. მათი მშობლიური ენა ამერიკული ინგლისურია, ცხადია არაბულთან ერთად.

მაინც, როგორ მოახერხა პატარა ყატარმა (11 ათასი კვ.კმ. მოსახლეობა – ნახევარი მილიონი), დროის მოკლე მონაკვეთში დიდი ავტორიტეტი შეექმნა არა მარტო არაბულ სამყაროსა და აფრიკაში, არამედ მსოფლიოში.

„არაბულმა გაზაფხულმა“, რომ იტყვიან ყატარს გაუმართლა. „ალ-ჯაზირას“ მეშვეობით ყატარი, მასტიმულირებელ ფაქტორად იქცა ტუნისის, ეგვიპტის, ლიბიის რეჟიმების დამხობაში. „არაბული გაზაფხულის“ ორომტრიალში ყატარმმა შეძლო საკუთარი პოზიციების განმტკიცება არაბული სახელმწიფოების ლიგაში, იმავდროულად აშშ-ს და მისი დასავლელი მოკავშირეების თვალში.

ყოველივე აღნიშნულს წინ უძღოდა ოფიციალური დოხის 15-წლიანი საქმიანი მოღვაწეობა, როგორც არაბულ სახელმწიფოებში, ისე ამერიკა-ევროპაში.

ყატარი აქტიურად იყო ჩართული დასავლეთ საჰარის, იემენის, ეთიოპიის, ერიტრეის, სუდანისა და ლიბიის კონფლიქტების მოგვარებაში, აგრეთვე შიდა პალესტინური დაპირისპირების მოგვარებაში „ჰამასსა“ და „ფათეჰს“ შორის.

მედიატორობა მარტო სიტყვაზე არ იყო დაფუძნებული. მას მსუყე ფინანსური ინექციებიც ახლდა. ყატარის ამირმა, ჰამიდ ბენ ჰალიფა ალ-ტანიმ ამ თვალსაზრისით შორს გაითქვა სახელი. ყატარი არ ერიდება დიდი თანხების ხარჯვას ყოველივე ახლისთვის, საინტერესოსთვის, ლამაზისთვის, წარმატებულისთვის. სწორედ ამგვარი პოლიტიკით, ყატარმა შეიქმნა რეპუტაცია სანდო, გულუხვი, უკომფლიქტო ქვეყნისა. მისი პოლიტიკა „არაბულ გაზაფხულამდე“ ძალიან წააგავდა თურქეთისას – „ნული პრობლემა მეზობლებთან“. დასავლეთს მოეწონა ეს და მისთვის ყატარი გადაიქცა ისეთ პარტნიორად, რომლის ნდობა შეიძლება.

2011 წლის თებერვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ არაბული სამყარო ახალ ეპოქაში შედის. ეგვიპტის რევოლუციამ ცხადჰყო, რომ ეს ქვეყანა ვეღარ შეასრულებდა არაბული ქვეყნების ლიდერის როლს. სწორედ ამ დროს ყატარმა გამოავლინა თავისი შესაძლებლობები ლიდერობის მოპოვებაში. მან მოახერხა არაბული ქვეყნების ლიგიისთვის ახალი სულის შთაბერვა.

სწორედ მისი გავლენით, კადაფის ლიბიის წევრობა ამ ორგანიზაციაში შეწყდა. ყატარის ინიციატივით ამ ორგანიზაციამ მიმართა გაეროს, კადაფის ლიბიისთვის საფრენი ზონის აღსაკვეთად. იგივეს გატარებას ცდილობს დოხა სირიის წინააღმდეგ. ფრენის აკრძალვის თვალსაზრისით მან ჯერ-ჯერობით წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ არაბთა ლიგიდან გარიცხა ასადის სირია.

ყატარი მოუწოდებს სირიაში სამხედრო ჩარევისკენ, აფინანსებს ანტიასადურ ძალებს. რატომ აძლევს დასავლეთი ყატარს თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობას? უპირველესად იმიტომ, რომ ამერიკა-დასავლეთის ინტერესები ახლო აღმოსავლეთში, აფრიკის კონტინენტზე ემთხვევა ერთმანეთს. ეკონომიკურ კრიზისამდე ამერიკა-დასავლეთი, გარდა სამხედრო-პოლიტიკური გავლენისა, იყენებდა ეკონომიკურ ბერკეტებს. ამჯერად ამის გაკეთების თავი არ აქვს. ის ყატარმა ჩაანაცვლა, რომელიც უხვად იყენებს ფინანსურ ბერკეტებს.

ტუნისის „ნაჰდა“ და ეგვიპტის „მუსლიმანი ძმები“ იდეოლოგიურად ახლოა ყატართან. აქედან გამომდინარე, ორივე ქვეყანა მსუყე ფინანსურ დახმარებას იღებს ყატარიდან. მაგალითად, დოხამ ეგვიპტეს, დახმარების სახით 5 მილიარდი დოლარი გამოუყო. თან ისიც დაპირდა, რომ მომავალ წლებში ეგვიპტის ეკონომიკას 18 მილიარდი დოლარით დაეხმარება.

ევროპის ქვეყნებთან ნდობის ფაქტორის გაღრმავებას ხელს უწყობს ყატარის ფინანსური გულუხვობა. პატარა ყატარი გახდა ევროკავშირის ქვეყნების უმსხვილესი ინვესტორი. უახლოეს მომავალში მას გადაწყვეტილი აქვს ბრიტანეთის ეკონომიკაში 12 მილიარდი დოლარის ჩადება. დოხამ, ღირებულების 95% გადაიხადა ლონდონის ცათამბჯენ „შარდის“ მშენებლობაში. ეს შენობა ევროპაში ყველაზე მაღალია (309 მეტრი). ყატარის წილია ლონდონის აეროპორტ „ჰიტროუშიც“. ბრიტანეთის საერთო ინვესტიციაში ყატარის 27%-ია.

არანაკლები წვლილი აქვს შეტანილი ყატარს საფრანგეთის მთლიან ინვესტიციაში – 10%. მას ეკუთვნის აქტივები „ტოტალში“- 3%, „ლეგარდერში“ – 12%, „კინსში“ – 7%, სხვა კომპანიებში. ყატარი ფლობს საფრანგეთის ლუქსის კლასის სასტუმროებს, აგრეთვე ცნობილ საფეხბურთო კლუბს „პარი სენ-ჟერმენს“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს საფრანგეთის პრეზიდენტის ოლანდის მხარდაჭერა სირიელი მეამბოხეებისთვის.

ყატარში არსებობს აშშ-ს სამხედრო ავიაბაზა „ელ-უდეიდი“, სამხედრო აეროდრომით, რომლის ასაფრენი ბილიკი 5 კილომეტრია.

ასეთი მონაცემების ქვეყანა – ცხადია ყურადღების ცენტრში იქნება მოქცეული ამერიკა-ევროპის მიერ. ასეთს – არავინ კიცხავს საარჩევნო სისტემის, არჩევნების არ არსებობაზე, ქალთა უფლებების შებღალვაზე. ყატარი ის ქვეყანაა, სადაც სილაში წელამდე ჩაფლულ „დამნაშავე“ ქალს ცემით უსწორდებიან და სხვა.

ზემოთმოყვანილი მაგალითები ზღვაში წვეთია იმ პოლიტიკურ-რელიგიური სინამდვილიდან, რასაც დღეს აქვს ადგილი ამ უაღრესად საინტერესო, მაგრამ რთულ რეგიონში. რეგიონში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. რეგიონში, რომლის შესახებ ცოტა რამ მაინც უნდა ვიცოდეთ, მაგრამ არ ვიცით. მარტო დასავლეთისკენ ყურება დიდ შედეგს არ მოგვიტანს.

  ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.