ნაციონალური „მრისხანება“
„მრისხანების“ ახალი ტალღა უვლის სრულიად საქართველოს, თანაც ისე მძლავრად, ნებისმიერი ცუნამი რომ არაფერია მასთან შედარებით. ისე, როგორც ყოველთვის, ამ ოცი წლის განმავლობაში, მრისხანების გამომწვევი მიზეზი კვლავ რუსეთია. ვინ არ მრისხანებს – პარლამენტარები და მთავრობა, არასამთავრობოები და საზოგადოების „უცნობადესი“ სახეები, დიდი თუ პატარა და რაც მთავარია „ქუჩის პარტიები“ და ექსპერტობა.
მოკლედ, ერთი მჯიღის ცემაა ატეხილი „პატრიოტულ“ გულზე. კარგა ხანია ესოდენ დამუხტული არ ყოფილა ქვეყნის ის ფენები, სახელმწიფო ტრიბუნებიდან და ელექტრონულ-ბეჭდვითი მედიიდან რომ გვაფრქვევენ „სიბრძნით“ გაჟღენთილ აზრებს. მაინც ვინ გამოიწვია „ერის და ბერის“ შეხმატკბილებული მრისხანება? ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთმა მეჩირაღდნემ – რუსეთის გმირმა – ცხინვალის ომში.
რუსეთის ხელისუფლება, საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის მიზნით, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამოყენებას აპირებსო – აცხადებენ „პატრიოტები“. მათ შორის მკვეთრად გამოირჩევიან ნაციონალები – 2008 წლის ომის მთავარი შემოქმედნი. მათი გაგება შეიძლება, რამეთუ საკუთარი დანაშაულის გამართლებას, ყოველდღიური „პატრიოტიზმი“ ესაჭიროება, მაგრამ მიკვირს ზოგიერთი ექსპერტის, მათ შორის დაბრძენებულის, დინჯად მოსაუბრის, მას რომ ჰგონია – ბრძნული აზრების მატარებლის – თუ ასე გააგრძელებს რუსეთი, საქართველოს მოუწევს საკუთარი გადაწყვეტილების გადახედვა, სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებითო.
უმალ გამახსენდა ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი ექსპერტებთან შეხვედრის დროს – თქვენს აზრს ანგარიშს უწევენ, ამიტომაც სანამ იტყვით, დაფიქრდითო. პატივცემულო ბიძინა! ძნელად აღსაზრდელებია თქვენს მიერ პატივნაცემი ე.წ. ექსპერტობა. არადა, კაცმა რომ თქვას, ექსპერტის და სხვათა მიერ გაჟღერებული „მკაცრი“ მოსაზრება, ვის მეტად დააზარალებს? მათ, რა?!
ისინი ხომ არ ღებულობენ მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში? აბა, ვკითხოთ სპორტსმენებს, რა ხასიათზე დადგებიან, ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ, რომ ვიღაც ქარაფშუტამ აუკრძალოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა? აბა ვკითხოთ მსოფლიოს ან მსოფლიოს ოლიმპიური თამაშების კომიტეტს, რა შეხედულება ექნებათ ასეთი ქვეყნის მიმართ?
დიახ! ჩირაღდნის ერთ-ერთი მატარებელი, რუსეთის ათასობით მოქალაქეს შორის ამ ქვეყნის გმირიც არის. რა არის ამაში გასაკვირი ან აღმაშფოთებელი? ოლიმპიური ჩირაღდანი უკვე ატარეს მსახიობებმა, ყოფილმა სპორტსმენებმა, ცნობილმა ადამიანებმა. მათ შორისაა ცხინვალის ომის გმირიც. ცხადია, ჩვენს ყურს არასასიამოვნოდ მოესმის „ცხინვალის გმირი“, მაგრამ რას ვიზამთ, სინამდვილეა.
არ იქნებოდა სააკაშვილი და არ იქნებოდა „ცხინვალის ომის გმირიც“. არ ყოფილიყო 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ და ექსტრემისტული ნაციზმი – დსთ-შიც ვიქნებოდით, დიპლომატიური ურთიერთობებიც გვექნებოდა რუსეთთან, აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც აქ იქნებოდა.
აშშ-ს აღზრდილმა ნაცთა ბელადმა და ოცი ათასმა ახალგაზრდამ ისე გადააგვარა ქართული ყოფა, ისე შეაბრუნა ქვეყნის ბედი, რომ ზღაპრადაც გვეჩვენება აფხაზეთ-სამხრეთ-ოსეთის დაბრუნება, დიდ მეზობელთან ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბება.
საგანგაშო და სამრისხანო იყო განვლილი 9 წელიწადი. სააკაშვილის აღვირახსნილობა, ნაცთა დანაშაულებრივი ქმედება – ჩადენილი ერის და ქვეყნის წინაშე, მაგრამ თითო-ოროლას გარდა არავის უმრისხანია, პირიქით ერთ მუშტად ვიყავით და ვართ შეკრული რუსი „აგრესორის“ მიმართ. არც ერთ ჩვენგანს თავში აზრადაც არ მოსვლია შექმნილი ვითარების ობიექტური გაანალიზება, ჩვენი ქმედებებისადმი თვითკრიტიკული შეხედვა.
არადა თვითკრიტიკადაკარგული საზოგადოების მიერ ცხოვრების რეალური აღქმა შეუძლებელია. სწორედ ამიტომაც გაამახვილა ყურადღება თვითკრიტიკაზე ჩინეთის ახალმა ლიდერმა სი ძინპინმა. დღევანდელი ხელისუფლება კატეგორიულად თხოვს ჩინეთის სახელმწიფო მოხელეების უზარმაზარ არმიას და არა მარტო მას, არამედ ბიზნესსაც, იყვნენ თვითკრიტიკულნი. ჩვენ?!
ჩვენ, მუდამ კრიტიკაში ვართ, ოღონდ სხვის კრიტიკაში, ხშირად ლანძღვაში გადასულში. ნათელი დასტური ამისა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სააკაშვილის გამოსვლა იყო. მავანი იტყვის – ბოლო გამოსვლაო. ვერ დავეთანხმები. სპორტის სასახლეში გამართულმა ნაცთა ყრილობამ, იქ შეკრებილთა აღმაფრენამ დამარწმუნა, რომ მალე შემობრუნდებიან. ცხადია, არა ამ არჩევნებში, მაგრამ მომავალში – ჯერ საპარლამენტოში, შემდეგ საპრეზიდენტოში.
ნაცებს აქვთ ამის რესურსი, რაც მთავარია თავხედობა. როდესაც ხელისუფლება ვერ დგას თავის სიმაღლეზე – ნაციც ინაცებს და სააკაშვილიც, ისააკაშვილებს. როდესაც დამნაშავე ხელისუფლებას, შემცვლელი, თავზე ხელს უსვამს, პარლამენტშიც გვერდზე ისვამს და ეჭუკჭუკება „კოჰაბიტაციურად“, რუსეთის მიმართ დღევანდელი მრისხანების გრადუსი არათუ დაიწევს, არამედ პირიქით.
მაინც რაში გამოიხატება რუსეთის ხელისუფლების მზაკვრობა ოლიმპიური ჩირაღდნის ტარებასთან დაკავშირებით? ალბათ იმაში, რომ საქართველოს გულის გასახეთქად, კრემლის მაღალმა მოხელეებმა ჩირაღდნის ტარება რუსეთის გმირსაც მიანდეს. მაინც რამდენი დღე მიუძღვნა პუტინმა იმაზე ფიქრს – საქართველოსთვის რით ეწყენინებინა? მაინც, როგორ მოახერხა ჩირაღდნის ათასობით მტარებელში ცხინვალის ომის გმირის ჩასმა?
ბოროტი პუტინი! სად არის აშშ-ი?! სად არის ნორლანდი?! რატომ არ აკეთებენ ამასთან დაკავშირებით მკაცრ განცხადებას?! რატომ არ აწესებენ მზაკვარ რუსეთის მიმართ ეკონომიკურ სანქციებს?!
იმედია ნორლანდიც იტყვის თავის სათქმელს. მისგან რა მიდის, იტყვის, ქართველთა გულის მოსაგებად. მის სიტყვას სხვა დატვირთვა აღარ აქვს. უცხო ქვეყნის ელჩი წამდაუწუმ რომ ნებისმიერ ქართულ სისულელეზე „ბრძნულ“ კომენტარს გააკეთებს, მის სიტყვას ფასი ექნება? რაღა მას უთქვამს და რაღა მიშას.
ნორლანდს თავისი გაჭირვებაც ეყოფა – კაცი „ვოლენტარივით“ მუშაობს, უხელფასოდ. დიდი ქვეყნის, თანაც „გამორჩეულის“, როგორც პრეზიდენტმა ობამამ თქვა თავის ამასწინანდელ მიმართვაში ამერიკელი ხალხისადმი.
გამორჩეულობაზე მეტყველებს ის პოლიტიკური სიტუაცია, აშშ-ში რომ ტრიალებს. ქვეყნის ბიუჯეტის მიუღებლობამ გამოიწვია ყოველივე ეს. აშშ-ი ქვეყნის ბიუჯეტი პირველ ოქტომბერს შედის ძალაში, მაგრამ ვერ შევიდა გაჯიუტებული რესპუბლიკელების შემხედვარე.
როგორც ცნობილია, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობას რესპუბლიკელები შეადგენენ, რომლებიც პრეზიდენტ ობამას ნებისმიერ წინადადებას ხმალამოღებული ხვდებიან. ამჯერადაც მსგავს რიტუალთან გვაქვს საქმე. რესპუბლიკელები ამბობენ, რომ ბიუჯეტის მიღების საკითხი გადაჯაჭვულია სამედიცინო დაზღვევის კანონთან – დემოკრატებისა და პირადად ობამას მიერ ინიცირებულთან. ამიტომაც საჭიროა კანონის შესწორება ან ერთი წლით გადავადება, გარდა ამისა გადასახადების შემცირება. ობამა კატეგორიული წინააღმდეგია.
სამედიცინო დაზღვევა პრეზიდენტ ობამას წინასაარჩევნო დაპირებათა შორის უმთავრესი საკითხია. 40 მილიონი ამერიკელი, ძირითადად დაბალი ფენის წარმომადგენლები, მოკლებული არიან ამ შეღავათს. რა სახსრებით აპირებს სამედიცინო დაზღვევისთვის საჭირო თანხების მოზიდვას პრეზიდენტი? აშშ-ს ადმინისტრაციას ისედაც ხომ 16.7 ტრილიონი დოლარის სახელმწიფო ვალი აქვს? უპირველესად, მდიდარი ადამიანების ჯიბეებიდან. მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს.
ობამას გადაწყვეტილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან რესპუბლიკელები და მათი ლიდერი ბეინერი, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ეს პარტია მუდამ მდიდართა ინტერესების გამომხატველი და დამცველია.
პრეზიდენტი ითხოვს სახელმწიფო ვალის ჭერის აწევასაც, 16.7 ტრილიონიდან ზევით – 1.1 ტრილიონით, რაც ხელისუფლებას მომავალი წლის დეკემბრამდე თავისუფალი მანევრირების შესაძლებლობას მისცემს.
სახელმწიფო ვალის ჭერის აწევა უცხო არ არის არც ერთი ადმინისტრაციისთვის. თვით ობამამ 5-ჯერ გამოიყენა ეს მეთოდი. გაჯიუტებული რესპუბლიკელები ამის წინააღმდეგნიც არიან.
კონგრესული ქიშპობის შედეგად, პირველი ოქტომბრიდან, სახელმწიფო ბიუჯეტზე მყოფი მილიონამდე მოხელე უხელფასო შვებულებაში აღმოჩნდა, ვინაიდან ხაზინაში დარჩენილმა 30 მილიარდმა დოლარმა ვერ დაფარა სხვადასხვა სახის ხარჯები.
უფულობამ არა მარტო ჩვეულებრივი სახელმწიფო სამსახურების მდგომარეობა გააუარესა, არამედ პენტაგონის, სახელმწიფო დეპარტამენტის, ეროვნული უშიშროების სამსახურების და ა.შ. მათ შორისაა „ჩვენი“ ნორლანდიც. რა გაეწყობა, ასეთია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მსოფლიოში „გამორჩეული“ – აშშ-ი.
თეთრ სახლ-კონგრესს შორის მიმდინარე კინკლაობა აშშ-ი რომ რჩებოდეს, კიდევ არაფერი, მაგრამ გლობალიზაციის წყალობით, დოლარის მსოფლიო ბატონობით, სხვა კავშირებით, ვაშინგტონის კინკლავი, თუკი დროულად არ მოგვარდება, სხვაზეც გადავა.
პრეზიდენტმა ობამამ, მორიგი გამოსვლის დროს კვლავ გააკრიტიკა რესპუბლიკელები და აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება მძიმედ დაუჯდება აშშ-ს, დასცემს რა მის პრესტიჟს მსოფლიოში. 17 ოქტომბრამდე მდგომარეობის გამოუსწორებლობის და სახელმწიფო ვალის დღევანდელ დონეზე დატოვების შემთხვევაში ქვეყანას დეფოლტი დაემუქრება. ბევრმა ექსპერტმა ამერიკის დეფოლტი ბირთვული ბომბის აფეთქებას შეადარა. დეფოლტი სერიოზულად იმოქმედებს სხვა ქვეყნების ეკონომიკაზეც, მათ შორის ჩვენზეც.
აშშ-ს საფინანსო-ეკონომიკურმა კრიზისმა დაგვანახა, რომ დრო, მსოფლიო ერთპიროვნული ბატონობისა დაღმა მიექანება. რა და როგორ ჩანაცვლდება ეს სისტემა, მომავალი გვიჩვენებს. ნაცვლად ერთპიროვნულობისა ანუ ერთპოლუსიანობისა, მრავალპოლუსიანობა წამოიწევს წინ, სადაც თავის სიტყვას იტყვიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, ბრაზილია, სხვა მზარდი ეკონომიკების ქვეყნები.
მეტი ყურადღება დაეთმობა რეგიონული ლიდერობის პრინციპებს, რეგიონულ სავალუტო სისტემებს და სხვა. მაგრამ ეს მომავალში, თუმცა არცთუ შორეულში. ასეთი გადანაწილების დროს ჩვენი ქვეყნის ადგილიც გამოიძებნება – უპირველესად გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე და არა ვიღაცის სურვილებიდან. საქართველო ფაქტის და არა არჩევანის წინაშე დადგება, რის გათვალისწინება აუცილებელია დღეს.
ყოფილ საბჭოთა სივრცეში რუსეთის დომინირების სურვილი არახალია. ისიც არახალია, რამდენად ეწინააღმდეგება ამას დასავლეთი. ვილნიუსის მომავალი სამიტიც დასტურია იმისა – როგორ გამოგლიჯოს დასავლეთმა რუსეთს, მისი გავლენის ქვეშ მყოფი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. ჯერ-ჯერობით დასავლეთი იგებს, მაგრამ რა ვადით და რა პერსპექტივით?
მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის გათვლებით, 2014 წელს ერთიანი ეროვნული პროდუქტის წარმოების პარამეტრებით ჩინეთი შეინარჩუნებს ლიდერობას – 7.3%. აშშ-ში – 2.3% დაფიქსირდება, ოდნავ მეტი რუსეთში. ჩინეთის ტემპი წინაპირობაა იმისა, რომ 2020 წლისთვის ეს ქვეყანა პირველი ეკონომიკა გახდება, ჩამოიტოვებს რა აშშ-ს. განვითარებადი ქვეყნების შეტევა გაგრძელდება, რაც თავისთავად გამოიწვევს პოლიტიკურ ცვლილებებს.
ერთხელ ბატონმა ივანიშვილმა ბრძანა – საქართველო იქნება დასავლეთისკენ და მასთან ერთად და თუ ვითარება შეიცვლება – იქეთკენ, საითაც უკეთესი იქნებაო. პრაგმატული მოსაზრებაა, თუმცა არცთუ იოლად განსახორციელებელი.
ნებისმიერ ახალ სისტემაში ინტეგრაციას დრო სჭირდება, გარდა ამისა განსწავლული კადრები და არა ჩიტირეკია „პოლიტიკოსობა“, რაც აშკარად გამოჩნდა „ოლიმპიური ჩირაღდნის“ თემის წამოწევით. ნუთუ ძნელია იმის დადგენა, რომ ეს თემა ნაციონალებმა შემოაგდეს. რურუას, წიკლაურის და სხვათა „პატრიოტული“ შემართება რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, განა ძნელი მისახვედრია?
ხელმოწერების შეგროვებაც ხომ ქვეყნის და არა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული აქციაა. რუსეთს ამით არაფერი დააკლდება, არ მიიღებს საქართველო ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას და მომავალში მიაღებინებენ? ის, რომ მსოფლიომ გაიგოს რუსეთის აგრესიის შესახებ – ამით საქართველოს რა?!
იქნებ მსოფლიომ დიდი ხანია გაიგო, ვინ არის სააკაშვილი და ვინ დაიწყო ომი? პირველმა ამის თაობაზე ევროკავშირის კომისიამ განაცხადა. მას შემდეგ ბევრმა სხვამაც. ამიტომ ხომ არ უყურებენ იმავე დასავლეთში საქართველოს ალმაცრად?!
ნაცთა პროპაგანდას აყოლილი ზოგიერთი მოხტუნავე და მოცეკვავე, დღეს რომ გაიძახის საქართველო უნდა დავიცვათ რუსული აგრესიისგანო, 2008 წელს სად იყვნენ, რატომ ერთხელ არ გაბედეს სააკაშვილისთვის საპროტესტო აქციის მოწყობა? ომის დაწყებამდე, როდესაც დენთის სუნი ტრიალებდა, რატომ არ გამოვიდნენ საპროტესტო მარშით პრეზიდენტის სასახლესთან მოწოდებით – ძირს ომი!
დღევანდელი აქციები ნაციონალთა გადარჩენის საბაბით კეთდება – მათი შეკვეთით და დაფინანსებით. პატრიოტული ლოზუნგების მოგონებას კი რა უნდა, ისეთის, საქმეში ჩაუხედავ ახალგაზრდებს რომ აანთებს?!
ამას წინათ კალაძემ ბრძანა – რუსეთმა ვერ დაინახა ჩვენი კეთილი ზრახვები და აქედან გამომდინარე მოგვიწევს მთავრობის სხდომაზე ამ საკითხის განხილვაო. მაინც რა ვერ დაინახა რუსეთმა? ის ხომ არა, ნება რომ დაგვრთო ღვინო, მინერალური წყლები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები შეგვეტანა რუსულ ბაზარზე? იქნებ ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ ბაზრის გაღებას, ჩვენის მხრიდან რაღაც სხვა ანუ პოლიტიკური დიალოგი უნდა მოჰყოლოდა?!
ჩვენ ქვა ავაგდეთ და თავი შევუშვირეთ – ვიდრე სოხუმში და ცხინვალში რუსეთის საელჩოები იქნება – ლაპარაკი არ შედგებაო. იქნებ ლაპარაკით შეჩერებულიყო საზღვრის გავლება?! სხვა გზით, მითუმეტეს ომით ვერაფერს გავხდებით. არც დასავლეთი გვეხმარება. ლაპარკობენ, მაგრამ მერე რა. იმას, რასაც ჟურნალისტებთან ამბობენ, რუსეთის მაღალ ეშელონებში ვერ ბედავენ, როგორც ჩანს ერიდებათ, წინასწარ იციან რა პასუხს მიიღებენ – აგრესორთან დაკავშირებით.
დასავლეთიც თავის ჭკუაზეა. ის ჩვენთვის თავს არ მოიკლავს. ამას წინათ მოლდოვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა აღშფოთებულმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ და ევროკავშირმა ხელშეკრულება გააფორმეს მოლდოვა-დნესტრისპირეთის საზღვრების დაწესებასთან დაკავშირებითო. ხელშეკრულება საიდუმლოა და არავის აჩვენებენო.
ვერ გეტყვით, რამდენად მართალია პარლამენტარის ნათქვამი, თუმცა თუ ამას ჰქონდა ადგილი, გასაკვირიც არაფერია. ევროპას არაერთხელ გადაუდგამს მსგავსი ნაბიჯი. მარტო ის რად ღირს, როდესაც 1938 წელს ჰიტლერს გაურიგდნენ და ჩეხოსლოვაკია ჩააბარეს! ამ აქტმა გამოიწვია ჰიტლერის მადის ზრდა და მეორე მსოფლიო ომიც.
დიდი „მრისხანებაა“ საქართველოში – აშშ-ი გამოზრდილი იმ ოცი ათასი კაცისა, რომელსაც საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონად მიაჩნია. თქვენ რა აზრის ბრძანდებით, პატივმცემულო მკითხველო?
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.