საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?

მსგავსი ნაყოფიერი პოლიტიკური გაზაფხული ქართულ მედიას რა ხანია არ ჰქონია. რას არ შეხვდებით აქ – ტრადიციად ქცეულ ყოფილ მოხელეთა ან დღევანდელთა დაკითხვებით დაწყებული, ტელესტუდიური ჩხუბით, დედის გინებით დამთავრებული. მედიის უზომო აქტიურობით, რაც მთავარია, მწვავე სიუჟეტების განუწყვეტელი ჩვენებით, მოსახლეობის გაღიზიანების ფაქტორი თვალშისაცემია. მედია თავის საქმეს აკეთებს – ჭარბად, ზღვარგადასულად, სენსაციურად, მაყურებლისა და მკითხველის დაუნდობლად – ნახეთ რა თქვეს, როგორ გალახეს, როგორ შეურაცხყვეს – გამომწვევად აცხადებენ ჟურნალისტები – იმის მოლოდინში, რომ მაყურებელი, მკითხველი იარაღშესხმული ქუჩაში გამოვა ვიღაცის სისხლის დასალევად.

შეუნიღბავი თვალითაც კარგად ჩანს საზოგადოების უზომო გაღიზიანება, ერთმანეთისადმი აშკარა მტრული დამოკიდებულება – კოჰაბიტაცია შებრუნებით. რა თანაარსებობაზე, თანაცხოვრებაზეა ლაპარაკი ეგზალტირებულ საზოგადოებაში? „პრესის ჭეშმარიტი თავისუფლება განზე გადგომა კი არ არის ბოროტისა, არამედ მისი შეზღუდვა და შეხუთვაა. დიდია მოვალეობა პრესისა, მისი ღვაწლი, მდიდრისა და ღარიბისა ერთმანეთზე მისევა კი არ არის – შუაკაცობაა, შუაჩადგომაა მათ შორის, მშვიდობიანობის ჩამოგდებაა. . .“, – წერდა დიდი ილია.

თანამედროვე მედია შორს არის ილიას შეგონებიდან. აღელვებულ ხალხს სად არ შეხვდებით – დემოკრატიულ ევროპასა თუ ამერიკაში, მაგრამ საქართველო სხვაა – ერთ დიდ დენთის კასრად ქცეული, ასანთის გაკვრის მოლოდინში, მისთვის ჩვეული რევოლუციისათვის. როგორც ჩანს, სწორი იყვნენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც მოითხოვდნენ სააკაშვილის ხელისუფლების ძალისმიერი გზით პოლიტიკიდან ჩამოშორებას ანუ რევოლუციას და შემდეგ თავისუფალი არჩევნების ჩატარებას – დამნაშავე ნაცთა გარეშე.

„ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია“, – ამბობს ქართული ანდაზა და კიდევ ერთხელ გვახსენებს გავლილი ოცი წლის ხელისუფლების „როტაციის“ ქართულ ვარიანტს ანუ რევოლუციას. არაო! ეს, გზა ჩვენთვის მიუღებელიაო, ბრძანა „მეოცნებე“ ივანიშვილმა და რახან მან ბრძანა, კოალიციამაც „დემოკრატიულად“ დაუკრა თავი. არჩევნებით უნდა შევცვალოთ მთავრობა და სამუდამოდ დავამტკიცოდ ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლაო. და ახდა მისი ნათქვამი, მაგრამ არაფერი ეშველა ხალხში დაგროვილ რევოლუციურ ბოღმას.

ცხრა წლის განმავლობაში ითმენდა ხალხი ნაცთა აღვირახსნილობას, შეურაცხყოფას, თავგასულობას – შურისძიების სურვილით, მჩაგვრელისათვის ანგარიშსწორების მოლოდინში. არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა მისი სულიერი მოთხოვნა. ვერც ახალმა ხელისუფლებამ მოულბო იარები. მისთვის მიუღებელია დაკითხვაზე დაბარებული ნაცების გირაოთი გათავისუფლება, მეტიც – ნაცთა მომხრეების მხრიდან დაკითხვიდან გამოსული ნაცი ლიდერების ტაშით შეხვედრა. დაკითხვიდან გამოსულ ჭიაბერაშვილს ნაცთა აქტივმა ისეთი ოვაცია შეაგება, თითქოს ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებული ყოფილიყო. „ოცნებელთა“ სისუსტით გათავხედებული ნაცთა ქცევა, ისე მოქმედებს ხალხზე, როგორც ხარზე წითელი ნაჭერი.

არანაკლები გამაღიზიანებელია ევროპელთა დიდაქტიკური შეგონება და კოჰაბიტაციისკენ მოწოდება, არადა როგორი ასატანია გუშინდელ ჯალათთან თანაცხოვრება?! „ეს, რა ვნახეთ, როგორ შეიძლებაო“, – აღშფოთებას ვერ მალავდა ევროკავშირელი კალასი, ნაცთა „შევიწროების“ გამო. არადა ნაცები რომ ცხრა წლის განმავლობაში მთელს ქვეყანას უმოწყალოდ აჭენებდნენ, ოპოზიციას ტალახში გაკოტრიალებით ემუქრებოდნენ, ციხეში ყრიდნენ, ეს არაფერი.

მაშინ არავის გახსენია კოჰაბიტაცია, არავის უთქვამს აუგი სააკაშვილისა და ნაცებისთვის. სააკაშვილი და ნაცები დღესაც მათი დასაყრდენია, ისეთი, რომლის შელევა უჭირთ და რახან უჭირთ – ეს ჩემი  ასო კიტრია, თანაც დემოკრატიული და უნდა ჭამოთო, ჩაგვძახიან ისინი. აკი შეაქეს კიდევაც – წინა ხელისუფლებამ დიდი შრომა გასწია ევროკავშირში შესვლისათვისო.

და მაინც რა არის ეს ევროკავშირი? რა უნდა გააკეთოს საქართველომ იქ შესვლისათვის? რა მოთხოვნებს უნდა გასცეს პასუხი ქართველობამ? იქნებ დავალების საჯარო გამოქვეყნების შემდეგ ჩვენც დავფიქრდეთ, გვაწყობს თუ არა იქ შესვლა? ან შევძლებთ თუ არა მათი დავალების შესრულებას?

თბილისში გამართულ აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მაღალფარდოვანი სიტყვები, რასაც წლების განმავლობაში არ გვამადლიდნენ პატივცემული ევროკავშირელები. რუსეთის საწინააღმდეგოდ გამოგონილი ევროკავშირული რაღაც კავშირი, რომელიც 2008 წლის ცხინვალის ომის შემდეგ მოქმედებს, რუსული ორბიტიდან პოსტსაბჭოთა ქვეყნების დახსნის ერთ-ერთი გზაა.

თბილისის შეხვედრა ზომაზე მეტად გაშუქდა ქართულ მედიაში. მას განსაკუთრებული ელფერი მისცა საჯარო ბიბლიოთეკის წინ გამართულმა მუშტი-კრივმა. საპარლამენტო უმრავლესობის გაუაზრებელმა გადაწყვეტილებამ, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მიუღებლობასთან დაკავშირებით, ოსტატურად აიტაცა სააკაშვილმა და ისეთი ქარიშხალი მოაწყო, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა „ოცნების“ აუგის მსურველი. ნუთუ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლას უფრო მეტი დავიდარაბა მოჰყვებოდა, ვიდრე ამას ჰქონდა ადგილი საჯაროს წინ? „ოცნებამ“ ფასდაუდებელი ძღვენი გაუკეთა ნაცებს. მათაც არ დააყოვნეს და „ოცნების“ სალანძღავად წამიც არ დაკარგეს უცხოურ მედიაში.

არჩევნებით მოტანილი წარმატების უკმარისობა დღითი-დღე ღვივდება ხალხში. ეს, მარტო საჯაროსთან გამართულ ჩხუბში არ გამოჩენილა. ეს, ჩანს ყოველი ფეხის ნაბიჯზე, თუნდაც საკრებულოებთან მოწყობილ ძიძგილაობის დროს. პოლიტიკოსები კი დღენიადაგ ჩაგვძახიან – საქართველომ გადალახა აქილევსის ქუსლი და ხელისუფლება არჩევნების გზით შეცვალაო. მაგრამ „ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა რომ არ ესადაგება შეცვლილთა „დევნა-შევიწროებას?“ – ასეთ კითხვას სვამს ევროპა.

ხალხმა არჩევნებში მოუგო ხელისუფლებას, მაგრამ ვერ გაისტუმრა პოლიტიკურ სანაგვეზე, პირიქით, ოპოზიციაში გადასული ყოფილი ხელისუფლება ახალი შემართებით იბრძვის საკუთარი პოზიციების გასამყარებლად. შინაარსით დემოკრატიული პირველი ოქტომბერი, ვერაფრით ესადაგება საზოგადოების რევოლუციურ განწყობას, როგორც ჩანს მისთვის უფრო მისაღები იყო სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა და რახან ეს არ მოხდა, ხალხი დღენიადაგ უშვებს რევოლუციურ ორთქლს – ხან საჯაროს სახით, ხან საკრებულოების წინ, ხან სატელევიზიო ეთერში და ა.შ.

დამოუკიდებლობის ჟამს ჩანერგილი რევოლუციური სულისკვეთება ტრადიციადაა ქცეული და მისი ევროპული სახის არჩევნებით ჩანაცვლება ამ ეტაპზე ჭირს. ხალხის რევოლუციური დუღილი მაშინ დაოკდება, როდესაც არც ერთ ნაცს არ იხილავს ტელეეკრანზე. საზოგადოებას დაამშვიდებს ციხეში გამომწყვდეული დამნაშავე ნაცები, მაგრამ მისცემს ამის უფლებას ხალხს ევროპა ან ამერიკა?

ნაცებთან პარალელურ რეჟიმში მომუშავენი მუდმივად გვახსენებენ „დემოკრატიას“, სამუშაო ადგილების შექმნას, ხალხისათვის დანაპირების შესრულებას, თითქოს ეს ყველაფერი ნაცთა ზეობის ჟამს უხვად იყო საქართველოში და „ოცნებამ“ გაფანტა.

ნაცები და მათი ლიდერი ოსტატურად უკავშირებს საშინაო საკითხებს, საგარეოს, რითაც შეგნებულად ძაბავს ვითარებას, თან დასავლეთს ახსენებს ნაცურ უნიკალურობას საერთო მტრის წინააღმდეგ ომში. საერთო მტერი კი რუსეთია, ვისთანაც საერთო ენას ძებნის ივანიშვილი, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ევროპული გზის „მოღალატე“.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩოებში გამოსვლის დროს სააკაშვილმა ილაპარაკა იმ რუსულ საფრთხეებზე, რასაც უდავოდ გამოიწვევს მოსკოვ-თბილისის რკინიგზის აღდგენა. მან ისიც აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს საქართველოს ევროატლანტიკური კურსის თაობაზე და ისიც, რომ საქართველო არასდროს შევა რაიმე სახის პოსტსაბჭოთა კავშირში. რკინიგზის აღდგენას აუცილებლად მოჰყვება რუსეთის გავლენის აღდგენა ამიერკავკასიაში – გააფრთხილა მან ევროპა.

არაერთხელ მითქვამს და კვლავ გავიმეორებ – თუ რაიმე აბადია საქართველოს – გეოპოლიტიკური მდებარეობაა, რაც თავისთავად ნიშნავს ხალხისა და ტვირთების ტრანზიტს და აქედან გამომდინარე შემოსავლებს. ცხადია, დიდი ქვეყანა, ისეთი, როგორიც რუსეთია, შეეცდება პოლიტიკაც ჩართოს ამ საქმეში, მაგრამ საქართველოს გარეშე ის ამას ვერ განახორციელებს.

დღეს, მსოფლიოს საჭადრაკო დაფაზე, ბჟეზინსკისა არ იყოს, სხვაგვარი ვითარებაა, რაც დიდს, იმიტომ, რომ დიდია, არ აძლევს სხვის საქმეში პოლიტიკურ ხელისფათურს. იმის შიშით, რომ რუსეთი საკუთარი პოზიციების გამტკიცებას შეეცდება, მასთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა აბსურდულია. საქართველო თუ სუვერენული ქვეყანაა, პოლიტიკოსებიც უნდა ჰყავდეს. სწორედ მათ უნდა მოაგვარონ საკამათო საკითხები, გამართულად, მაგიდასთან და არა ბუჩქებიდან ყვირილით, რასაც ამჯერად აქვს ადგილი.

რუსეთის შიშით გზაჯვარედინის ფუნქციის უგულებელყოფა – დიდი შეცდომაა. რკინიგზის ამოქმედებით არა მარტო დსთ-ს წევრ ქვეყნებთან და ევროპასთან აღდგება მიმოსვლა, არამედ შანსი გაჩნდება ირანთან კავშირებისაც და არა მარტო ირანთან, არამედ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან. საქართველოზე გაივლის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, ირანიდან, სომხეთიდან, დსთ-ში და ევროპაში მიმავალი ტვირთები.

ცხადია, რუსეთის ირანთან დაკავშირება არ შედის აშშ-ს ინტერესებში, მაგრამ საქართველოს ინტერესებში ხომ შედის.

დროა წერტილი დაესვას პერმანენტულ ნაცურ პროპაგანდას ეშვებიანი რუსეთის შესახებ. ეს ქვეყანა რომ ისეთი იყოს, როგორც ამას ნაცები ხატავენ, დიდი ხანია დსთ-ს წევრ სახელმწიფოებს აღიარებინებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. როგორც ჩანს არც ასეა საქმე. ორ მაგალითს მოვიყვან – აზერბაიჯანის გაბალის რადიოსალოკაციო სადგურის და ყაზახეთისას. გაბალის სამხედრო ობიექტი საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა და მისი დაშლის შემდეგ აზერბაიჯანის საკუთრებად გამოცხადდა. რუსეთი იძულებული იყო მსუყე თანხები გადაეხადა სადგურის დაქირავებისათვის. ბოლო დროს აზერბაიჯანმა გააათმაგა ქირა, რამაც რუსეთი აიძულა ხელი აეღო სადგურის ექსპლუატაციაზე.

ყაზახეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ჩიმკენტის აეროპორტი მიიღებს ნატოს სამხედრო თვითმფრინავებს, ავღანეთიდან წამოსული სამხედრო ტვირთებით. ყაზახეთი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის (ოდკბ) წევრია, ამდენად მსგავსი ნაბიჯი წევრ სახელმწიფოებთან შეთანხმებული უნდა ყოფილიყო, რასაც ადგილი არ ჰქონია. გარდა ამისა ყაზახეთმა შეიძინა „აერობუსისგან“ C-295 კლასის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, მაშინ, როდესაც მსგავსი სახის თვითმფრინავებს რუსეთიც ამზადებს.

ყაზახეთმა იყიდა EC სახის ვერტმფრენი და გახსნა მისი წარმოების ქარხანა. საერთო ჯამში ყაზახეთმა 3 მილიარდი დოლარი დახარჯა უცხოური და არა რუსული სამხედრო იარაღის შესაძენად. რუსეთი, მეორეა მსოფლიოში, აშშ-ს შემდეგ, იარაღის ექსპორტში და ის სიხარულით არ შეხვედრია მოკავშირე ყაზახეთის გადაწყვეტილებას, თუმცა გულისწყრომა საჯაროდ არ გამოუხატავს. გაუბედავს მსგავსს ამერიკას, მისი სტრატეგიული პარტნიორები?

თანამედროვე რუსეთი სხვა ქვეყანაა, ერთობ დაშორებული სააკაშვილისა და ნაცების დახასიათებიდან. რუსეთი არც ისეთი ჩამორჩენილი ქვეყანაა, როგორც ამას ხატავენ სააკაშვილის მეგობარი რუსი ლიბერალები, ნოვოდვორსკაია-ლატინინების მსგავსნი. ის გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე რეცესიას და ეკონომიკურ სტაგნაციაში მყოფი ევროპა.

ევროპის სოციალურ-ეკონომიკურმა არასტაბილურობამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ საფრთხის ქვეშ დადგა საბაზრო ცხოვრების კანონები, ჩამოყალიბებული ფასეულობები, ნორმები და წარმატებები. გაუსაძლისმა ეკონომიკურმა პირობებმა ეჭვქვეშ დააყენა სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილურობა. მოსახლეობა სულ უფრო ხშირად არ ენდობა ხელისუფლებას, პარტიებს.

ამ ფონზე რუსეთი არცთუ ცუდად გამოიყურება. უმუშევრობის დონე მინიმალურია. სოციალური პროგრამები არავის გაუუქმებია. 2011-2012 წლებში სახეზეა რუსეთის მოსახლეობის შემოსავლებისა და სამომხმარებლო კალათის ზრდა. ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც გასულ წლებთან შედარებით დაბალია – საერთო მსოფლიო კრიზისიდან გამომდინარე, მაინც მეტია, ვიდრე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.

მოსკოვში გამართული დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროპისთვის მძიმე ეკონომიკურ-ფინანსურმა პერიოდმა ჩაიარა, თუმცა გაჯანსაღებისთვის დროა საჭირო. ასეთ ვითარებაში რუსეთში იზრდება წარმოება, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, მათ შორის ისეთი ანაზღაურებით, ევროპულს რომ არ ჩამოუვარდება.

რუსი ტურისტები მთელს მსოფლიოს არიან მოდებულნი. ტურისტებს შორის არა მარტო ახლადდაჩეკილი რუსული ბურჟუაზიის წარმომადგენელებია, არამედ მშრომელი საშუალო ფენაც. რუსი ტურისტები არაბული ქვეყნებისთვის ნამდვილი სიცოცხლის ელექსირია. სწორედ მათმა დასვენებამ იხსნა ისინი გაკოტრებისგან. თუ ვინმეს დღეს ფული აქვს – რუსია, ამბობენ ისინი. მსგავსი სურათის მოწმენი არიან ტურიზმით ცნობილი ქვეყნები იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, სხვები.

შეინიშნება სხვა ტენდენციაც. თუ წინათ საზღვარგარეთ სწავლისათვის წასული ახალგაზრდა რუსები იქ რჩებოდნენ, დღეს, რუსეთში ბრუნდებიან. ამ პროცესს მარტო პატრიოტიზმი არ ჰქვია, ამას სპეციალობის მიხედვით მაღალანაზღაურებადი დასაქმება ჰქვია. ევროპის დასაქმების პრობლემურ ფონზე, რუსეთი მომხიბლველია.

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე გრძელდება ანტირუსული პროპაგანდა, რომელმაც სერიოზული ზიანი მიაყენა ორი ქვეყნის ურთიერთობას. 20 წლის წინათ დაბადებულმა ახალგაზრდობამ, ხელისუფლების წყალობით, ცუდის მეტი არაფერი იცის რუსეთის შესახებ. ხელისუფალთა მხრიდან, საზოგადოების, რომელიმე ქვეყნის მიმართ, ამ შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ მომართვა, დანაშაულია, რაც კარგად იცის „დემოკრატიულმა“ ევროატლანტიკურმა სივრცემ, მაგრამ ვიწრო პოლიტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე არათუ თვალს ხუჭავს საქართველოს პოლიტიკოსთა, განსაკუთრებით ნაცთა ქმედებაზე, არამედ ხშირ შემთხვევაში ახალისებს კიდევაც მათ.

ოცმა წელმა ლამის წყალს გაატანა ორი მართლმადიდებელი ერის საუკუნოვანი დამოკიდებულებები, არცთუ იშვიათად ისეთი, საქართველოს რომ გაახარებდა, მაგრამ მსოფლიოს ისტორიაში იშვიათად თუ ჰქონია ადგილი დიდისა და პატარის მუდამ ჰარმონიულ თანაცხოვრებას. ქართულ-რუსული ურთიერთობებიც სწორედ ასეთია – აღმა-დაღმა სვლით, თუმცა აღმა ჭარბობს დაღმას.

პოლიტიკური ლიდერების მოჭარბებული ამბიციურობის გამო, ქვეყანამ ჯერაც ვერ შეიგნო, რომ მისი, როგორც ქვეყნის წვლილი მსოფლიო საჭადრაკო დაფაზე, მსოფლიოს სტრატეგიის განსაზღვრაში – მიზერულია ან სულაც არაფერია. ამას წინათ ერთი ყვინჩილა ნაცი პარლამენტარი დაბეჯითებით ამტკიცებდა – მსოფლიო პოლიტიკური თამაშიდან საქართველოს გამორთვა, ქვეყნის დაღუპვის ტოლფასი იქნებაო. იქნებ საწინააღმდეგოდ? იქნებ დიდთა თამაშში გაჩხერაზე უარის თქმამ გადაგვარჩინოს?

საქართველომ თავისი შესაფერი, მოკრძალებული ადგილი უნდა იპოვოს, რაც არარეალურად მოაზროვნე პოლიტიკოსთა, განსაკუთრებით ნაცთა გამოისობით ვერა და ვერ მოხერხდა. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა მომხიბლველია დიდი სახელმწიფოებისთვის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს საბაბი მათ პოლიტიკურ ქიშპში ჩასართავად. ქვეყნის პოლიტიკოსთ უნდა მოეხსენებოდეთ, რომ აქეთ-იქით გადახრა მძიმედ დაუჯდება ქვეყანას, უფრო მძიმედ, ვიდრე ამას 2008 წლის აგვისტოში ჰქონდა ადგილი.

მაშ რას უნდა ემსახურებოდეს თუ არა წინასწარ, შეუგნებლად გამოწვეულ დავიდარაბას ნაცთა აჩემება კონსტიტუციაში საქართველოს ევროატლანტიკური კურსის დაფიქსირების თაობაზე, იმის ხაზგასმით, რომ ის (საქართველო) არასდროს შევიდეს პოსტსაბჭოთა სივრცის რაიმე კავშირში? მსოფლიოში უამრავი სახელმწიფოა, მარტო გაეროს წევრი 192-ია და თუ რომელიმეს აღმოაჩნდება მსგავსი ჩანაწერი, გარდა იმ სამი სუსტი ქვეყნისა, რომელიც სააკაშვილმა დაასახელა – ჩავწეროთ!

ჩვენ ხომ სხვათა კანონების ზედაპირული გადმოტანის ოსტატები ვართ! ვითომ ჩანაწერი შეაფერხებს მომდევნო ხელისუფლების რუსეთთან საღი კავშირების ჩამოყალიბებას? ან ვინ იცის, რა ვითარება იქნება მსოფლიოში ხვალ ან ზეგ? დსთ-ში არ შეიძლება, მაგრამ შეიძლება ევროკავშირში. მაგრამ თუ ევროკავშირი, მრავალ მიზეზთა გამო, აღარ იქნა სანატრელი, მაშინ რა ვქნათ?

მსოფლიოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ სარბიელზე თავის ომახიან სიტყვას ამბობს ჩინეთი და როგორც ექსპერტები თვლიან, 2020-2025 წლისათვის ეს ქვეყანა პირველი იქნება მსოფლიოში. იქნებ ჩინეთზე გვეფიქრა ან „შოსზე“?

„ვავა, ვავა, ჩქიმ ცოდა“ – როგორც მეგრელები იტყვიან.

არვინ არ სვამს კითხვას – კონსტიტუციაში პოლიტიკური ორიენტაციის (კიდევ კარგი, სქესობრივს რომ არ გვთავაზობენ) ჩაწერით, რატომ უნდა შევიზღუდოთ თავი? მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკურად ბეც პრეზიდენტს სურს ასე?

სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არც ერთ პოლიტიკოსს ხმამაღლა, ომახიანად არ განუცხადებია, რომ საქართველოს პოლიტიკური ორიენტაცია სხვაზე მიტმასნებას არ უნდა გულისხმობდეს, რომ ამ ორიენტაციას ერთი მიმართულება უნდა ჰქონდეს – საკუთარი მატერიალურ-ინტელექტუალური შესაძლებლობებით, საკუთარი ცხოვრების შენება, რომ მას ანუ საქართველოს ყველასთან, განსაკუთრებით მეზობლებთან უნდა ჰქონდეს კონსტრუქციული ურთიერთობა და ა.შ.

20 წლის განმავლობაში რასაც ვაკეთებთ, ისაა, რომ ვეძებთ უსაფრთხო ქოლგას და ამ ძებნაში სავალალო შეცდომებს ვუშვებთ. რა გარანტიაა, რომ დღევანდელი მოხერხებული, უსაფრთხო ქოლგა, ხვალაც ასეთი იქნება?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.v