31.10.2024

დიცი და გაშიშვლებული ქართული პოლიტიკა

საქართველოს პოლიტიკის წყალობით ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები, რომ კომენტარებისთვის დროც არ რჩება. ჯერ იყოდა 17 მაისმა შეძრა ქვეყანა და აქედან გამომდინარე არასამთავროებისა თუ სამთავროების შეფასებებმა.

შემდეგ იყო მოჭარბებულად გალიბერაბულთა და მათი პროტეჟე პედერასტთა საპროტესტო თავშეყრა „დედა-ენის“ ძეგლთან (ერთი წმინდა ადგილი მაინც დაეტოვებინათ?!).

შემდეგ, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი სატელევიზიო ზეიმი (სატელევიზიოს იმიტომ ვამბობ, რომ მხოლოდ ტელევიზიები გვაყურებდნენ – ზეიმია-ზეიმიო, სხვა მხრივ არ იგრძნობოდა, მითუმეტეს სახალხო).

შემდეგ იყო ქვეყნის მთავარსარდლისა და ე.წ. პრეზიდენტის ავღანეთში ვიზიტი, იქ მყოფ ქართველ სამხედროებთან შეხვედრა – მეტად „პატრიოტული“ დიალოგით – რამდენი კაცი ჰყავთ მოკლული თითოეულ სამხედროს.

შემდეგ იყო სამშობლოს დაბრუნებული პრეზიდენტის მიერ რუსთაველის პრემიით დაჯილდოვება, თანაც ზოგიერთ ისეთის, რუსთაველს რომ საფლავში გადააბრუნებდა.

შემდეგ იყო ის, რაც ზემოთჩამოთვლილი მოვლენების ლოგიკური შედეგია – რუსი სამხედროების მიერ სოფელ დიცში „საზღვრის“ გადმოწევა. სხვა წვრილმანი მოვლენებიც იყო – სულს რომ არ ახარებს, მაგრამ მათზე ყურადღების გამახვილება არ ღირს.

ზემოთჩამოთვლილი მოვლენებიდან – სერიოზულ პრობლემებად რომაა ქცეული, ბევრი არ იქნებოდა, საქართველოს პოლიტიკა და პოლიტიკოსები, უპირველესად ქვეყნის მართვის საჭესთან მყოფნი, რომ ყოფილიყვნენ შესაბამის-შესაფერისნი იმ საქმესთან ისინი, რომ იჩემებენ და ხალხი, რომ ყოფილიყო საკუთარი თავისა და ხელისუფლებისადმი კრიტიკული, მომთხოვნი.

23 დამოუკიდებელი წლის გავლის შემდეგ სერიოზულად იჩინა თავი პრობლემებმა, რომელთა დიდი ნაწილი, აზრიანი ხელისუფლების პირობებში არ იქნებოდა. საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის ის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც არავითარი ნიშანწყალი არ ცხია იმ დანაპირები საამური ცხოვრებისა, შევარდნაძე-სააკაშვილის ხელისუფლება რომ პირდებოდა.

დამოკიდებულიდან, დამოუკიდებელ პოზიციაში გადასვლა ყველა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ მძიმედ გაიარა, მაგრამ საქართველოს გზა ერთიორად მძიმე და აუტანელი გამოდგა, ვიდრე დანარჩენის. ხუმრობა ხომ არაა, ორი შიდა ომი (1992, 2008), ტერიტორიების დაკარგვა, მსხვერპლი, ეკონომიკის განადგურება, ლტოლვილობა. ეს ის საკითხებია, რომლებიც გადაჭრას საჭიროებენ, თანაც სწრაფ, წინააღმდეგ შემთხვევაში მარადისობას ვერ გადაურჩება.

მარადისობა თავის მხრივ იწვევს საკითხის აქტუალურობის განელებას, პასიურობაში, ხელოვნურობაში გადასვლას, საბოლოო ჯამში მივიწყებას.

რუსთა მიერ საზღვრის გადმოწევამ შეაშფოთა ქართველობა, საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ არა ისე, როგორც საჭიროა. შეშფოთება შემოიფარგლა საპროტესტო ნოტის გაგზავნით, ხელისუფალთა მხრიდან რუსთა მოქმედების დაგმობით, საერთაშორისო საზოგადოების მისამართით გაკეთებული განცხადებებით, საგარეო საქმეთა მინისტრის, საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატებთან შეხვედრით და სხვა.

ერთი სიტყვით, საქართველოს ხელისუფლებამ პირნათლად გაიარა საკითხიდან გამომდინარე ფორმალური ნაწილი, რას ვერჩით! ნოტაც გაგზავნა, მთელს მსოფლიოსაც ამცნო რუსეთის მორიგი ავაზაკობა და ა.შ., მაგრამ მერე რა?! შედეგი?

აი, რაც შეეხება შედეგს – იქ მოიკოჭლებს ყველა – გუშინდელი, გუშინწინდელი თუ დღევანდელი მთავრობა. მთავარი მოწინააღმდეგე, საზღვრის აქეთ გადმომწევი, ზედმიწევნით გათვითცნობიერებულია საქართველოს პოლიტიკოსთა ხასიათში. მან კარგად იცის, რომ იმპულსურ აფეთქებას, უმალ მოჰყვება ჩაცხრობა – და რაც მთავარია განცხრომით ცხოვრება. მან კარგად იცის, რომ ქართულ პოლიტიკას არ ახასიათებს თანმიმდევრობა, საქმის ღრმა ცოდნა, ლოგიკური ახსნა-განმარტება და სხვა. ის, რაც მას ახასიათებს – წამიერი აფეთქებაა და მეტი არაფერი.

საზღვრის გადმოწევის პირველსავე დღეს, ცხელ წერტილს სტუმრობდნენ, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია, ნაციონალთა სახით. იყვნენ არასამთავრობოებიც. ყველა მათგანს საკუთარი მიზნები ამოძრავებდა: ნაციონალებს – მთავრობის კრიტიკა და უმოქმედებაში დადანაშაულება, ხელისუფლებას – თავის მართლება (შვიდი თვეა ხელისუფლება ღრმა თავდაცვაშია), არასამთავრობოებს – ფაქტის დაფიქსირება და საკუთარი მარჩენლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.

ის, რომ ხელისუფლებამ განგაშის ზარებს ჩამოჰკრა – ამით მსოფლიო არ შეძრულა, ვინაიდან შეძვრა, იარაღის შესხმას ნიშნავს და შესაბამისი ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ ვის წინააღმდეგ? გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის, აშშ-ნ თანაბარი ბირთვული თუ ჩვეულებრივი იარაღის მფლობელის, მსოფლიოს არენაზე მძიმეწონიანი ქვეყნის წინააღმდეგ, რუსეთი რომ ჰქვია? არ გარისკავს ამას დასავლეთი. აკი არ გარისკა 2008 წელს?! ერთი, რასაც გააკეთებს – დაბალ ხმაში იტყვის – არ გეკადრებათ რუსებო ასეთი ქმედებაო და გააგრძელებს მასთან დიალოგს.

ვინმე წარმოიდგენს იმას, რომ დაჩაგრული, პატარა საქართველოს გულისთვის ევროკავშირის ქვეყნებმა უარი თქვან რუსული გაზის იმპორტზე? და რომ ასეც იყოს, რუსეთი რა სხვა გზას ვერ გამონახავს? პირდაფჩენილი გიგანტი ჩინეთი მეზობლად არ ჰყავს? ევროპისკენ მიმავალ გაზს აღმოსავლეთისკენ შეატრიალებს და ამით ისეთ პრობლემებს შეუქმნის ევროპას, თქვენი მოწონებული. მაგრამ ყოველივე ეს, უკიდურეს შემთხვევაში. მსგავსი რამ მიუღებელია გლობალიზაციის პერიოდისთვის, რაც კარგად იცის დასავლეთმაც და რუსეთმაც.

მაშ, რა გზას უნდა დაადგას საქართველო? გონიერების, საღი პოლიტიკის, პრაგმატულობის გზას. რთულია თუ არა ამ გზით სვლა? ცხადია, რთულია, ვინაიდან უპირველესად არასასიამოვნო პროცედურის ატანა მოგვიწევს – ჩვენივე გადაფურთხებულის ალოკვა, რაც არ უნდა მკაცრად ჟღერდეს, ეს ასეა.

საქართველოს ხელისუფლება დღენიადაგ იმას კი არ უნდა გვეუბნებოდეს, რომ რუსეთთან საკითხების მოსაგვარებლად დიდი დრო და მოთმინებაა საჭიროო, არამედ პრაქტიკულ ნაბიჯებს უნდა დგამდეს ვითარების შესაცვლელად.

საქართველოს ხელისუფლება იმას კი არ უნდა გვეუბნებოდეს, რომ დასავლეთს შეატყობინა და ისიც თავს არ დაზოგავს რუსეთთან ჭიდილში, არამედ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დარწმუნდეს, რომ დასავლეთი არაფრის გამკეთებელია ამ დარგში. აი სხვაში რომ ყოფილიყო, მაგალითად პედერასტიის დაცვა – იცოცხლეთ, ისეთ დახმარებას აღმოგვიჩენდა, თქვენი მოწონებული.

ხელისუფლება უნდა შეეშვას თითქმის ყველა დარგში დროის გაჭიმვის პოლიტიკას, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში დიცთან გავლებული საზღვარი, რუსთაველის პროსპექტზე გადმოვა.

დიცის მაგალითმა გვაჩვენა, რომ რუსთან ურთიერთობის ორი ფორმატი – ჟენევისა და პრაღის – ფორმალურია და დროის გაჭიმვას ემსახურება ანუ რუსეთს. ქართულმა პოლიტიკამ ივანიშვილ-ფანჯიკიძის სახით, ნიშნის მოგებით კი არ უნდა ილაპარაკოს – რუსეთთან პირდაპირი დიალოგი არ შედგება, ვიდრე სოხუმ-ცხინვალში რუსეთის საელჩოებია გახსნილიო. პერსპექტივაში ვინ წარმოიდგენს, რომ იქ საელჩოები არ იქნება? არც არავინ, არც დასავლეთი და არც თუნდაც ჩვენი ხელისუფლება.

საქართველოს ხელისუფლება ისეთ განცხადებებს აკეთებს, თითქოს ომი მართლაც რუსეთს დაეწყოს, თითქოს ამ ომში რუსეთს კი არა საქართველოს გაემარჯვოს, თითქოს ტერიტორიების 20% საქართველოს კი არა, რუსეთს დაეკარგოს და ა.შ.

პატივცემულო ხელისუფლებავ – გონს მოეგეთ, შეწყვიტეთ დასავლეთზე დაყრდნობა იმ იმედით, რომ ის გადაგვიწყვეტს საქმეს. განაწყვეთ თქვენი თავი დიპლომატიური ომისთვის (კარგი გაგებით) და არა ნამდვილის – ისე, როგორც 2008 წელს. გამოდით ბუჩქებიდან და ნაცვლად სხვისი ენით ლაპარაკისა, თქვენ დაელაპარაკეთ რუსეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენსა და თქვენს წინამორბედთა შორის განსხვავებას ვერავინ აღმოაჩენს, ვინაიდან თუ მათ დაიწყეს ომი, თქვენ ომის შედეგების აღმოსაფხვრელად ვერაფერი იღონეთ.

ბლეფია ის, რომ საქართველოში ისეთი წარმტაცი ცხოვრება შეიქმნება აფხაზეთ–სამხრეთ-ოსეთი თავქუდმოგლეჯილი აქეთ გამოექანება. ასეთი დაპირება, კაპიტულაციის ტოლფასია. თუ ეს ასე არ არის, იქნებ რომელიმე თქვენთაგანმა დაგვისახელოს, როდის აპირებთ საამური ცხოვრების შექმნას? ოღონდ ალალად გვითხარით და არა ისე, ხრუშჩოვი რომ კომუნიზმს გვპირდებოდა.

მაგრამ, ვიდრე რუსეთთან კონკრეტულ ლაპარაკს დაიწყებთ, საშინაო პოლიტიკა უნდა მოაგვაროთ – ნაცთა სახით. დაგველაპარაკება რუსეთი, ნაცებით გაჯერებულ ქვეყანას? შეიძლება დაგველაპარაკოს, ოღონდ ცალყბად.

დაგველაპარაკება რუსეთი გივი თარგამაძის პატრონს, რომელიც „ცხელ წერტილში“ ჩადის, მხოლოდ იმისთვის, რომ იქითა მხარე ზედმიწევნით გააღიზიანოს? დაგელაპარაკებათ რუსეთი მაშინ, როდესაც დაბეჯითებით ამტკიცებთ, რომ აგრესორი ის და არა თქვენ ხართ?

რუსეთი სერიოზულად არ დაგელაპარაკებათ, ვიდრე საქართველო არ დაგმობს 2008 წლის აგრესიას, როგორც ნაცური ხელისუფლების ავადმყოფურ ნაბიჯს, ვიდრე სამართალში არ მიეცემა სააკაშვილი და მისი ხროვა, ვიდრე არ დაიგმობა, თანაც საყოველთაოდ, ნაცური მოძრაობა.

ამ თვალსაზრისით გასათვალისწინებელია ჰოლანდიელი ვანდერვაიდის მოსაზრება – ასოციაცია „ხალხი ხალხისთვის“ თავმჯდომარის. აი რას ამბობს ის გაზეთ „საქართველო და მსოფლიო“-სთვის მიცემულ ინტერვიუში: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კრიმინალური პარტიაა და უნდა ამოიშალოს რეგისტრაციიდან საქართველოში და ევროპის სახალხო პარტიიდან. ეს ხალხი, სააკაშვილის ჩათვლით, ქართულ სასამართლოში უნდა გასამართლდეს. სააკაშვილმა დაიწყო ომი და მოკლა უდანაშაულო ხალხი და ბრალი დასდო რუსეთს. . .“

„სააკაშვილის რეჟიმი არ იყო დემოკრატიული ხელისუფლება, ეს იყო ფანტაზიისა და დაბალი დონის ჰიბრიდი. ხალხის მიმართ მოპყრობა და ციხეებში წამება ჩვენთვის უკვე 2010 წლიდან გახდა ცნობილი. სააკაშვილმა და მისმა მეუღლე სანდრამ თავიანთი კულტი შექმნეს და ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ელიტარული კორუფცია დაამკვიდრეს, ასევე ბოროტად გამოიყენეს ევროკავშირი და აშშ-ი“.

ვანდერვაიდმა არც ევროკავშირის საელჩოები და არასამთავრობო ორგანიზაციები დაინდო: „ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებიც ნეგატიურ როლს ასრულებდნენ და იმდენად სუსტები იყვნენ, რომ ამან წაახალისა სააკაშვილი. ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია რეჟიმთან ერთად მუშაობს, რათა საერთო ფული ჰქონდეთ“.

მსოფლიო ისტორიისთვის უცხო არ არის სახელმწიფოს მეთაურის დასჯა –  სამხრეთ კორეა, იაპონია, ფილიპინები, პერუ, არგენტინა, პანამა, იუგოსლავია, სხვა მრავალი ქვეყნის პრეზიდენტი იქნა მიცემული სამართალში. საფრანგეთის პრეზიდენტი შირაკი ლამის ციხეში გამოაწყვდიეს. პრობლემები ჰქონდა კანცლერ კოლსაც. სულ ახლახანს კი გერმანიის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა და სასამართლოში არკვევს თავის ბედს, ისე როგორც იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბერლუსკონი. ჩვენ რაღას ველოდებით?!

და როდესაც ხელისუფლება ამ სამუშაოს მოამთავრებს, მაშინ გაეხსნება მას გზა ნამდვილი დიალოგისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება ის, რაც გვაქვს – ე.წ. ჟენევის არაფრისმომცემი ფორმატი და აბაშიძე-კარასინის შეხვედრა, შეხვედრისთვის.

პარალელურ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს საგარეო უწყების ჩამოყალიბება, პროფესიონალთა ძიება, საქმის მკეთებელთა გამოვლინება და არა ისეთთა, რომელთა მთავარი მიზანი საზღვარგარეთ მოგზაურობა და მუშაობაა.

სამწუხაროდ, ამ მხრივ ეს უწყება სერიოზულად მოიკოჭლებს. წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულმა ზერელეობამ, მარტივი საქმის უცოდინარობამ მიიყვანა სამინისტრო ნაკლებად სანდო სახელმწიფო დაწესებულებამდე. სხვა რა უნდა თქვა, როდესაც ნაცთა მიერ გაფეტიშებულ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაშაკიძეს – სასაუბროს მოუმზადებლობის გამო, ითხოვენ (გახსოვთ ალბათ ივანიშვილის გამონათქვამები ერევანში ვიზიტის შემდეგ).

როდესაც დიპლომატი სასაუბროსაც ვერ ადგენს, ის რუსეთთან უსერიოზულეს მოლაპარაკებას როგორღა წარმართავს?! ან როგორ გაართმევს თავს მეზობლებთან საზღვრის გავლების საკითხს?

ახალი სამინისტროს მშენებლობა 1992 წლიდან დაიწყო და ეს საქმე საბჭოთა კავშირისა და რუსეთის გამოცდილ დიპლომატს, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს ალექსანდრე ჩიკვაიძეს მიენდო. მანაც ძალა არ დაიშურა სამინისტროს ჩამოყალიბებისთვის, მაგრამ არ დააცადეს. პოპულარული ჩიკვაიძე დიდი გამოწვევა იყო შევარდნაძისთვის, რომელმაც აბსურდული მიზეზებით ის სამშობლოდან გადახვეწა – გაამწესა რა ელჩად საბერძნეთში. დაწყებული საქმე აღარ გაგრძელდა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

დიცის პრობლემიდან გამომდინარე ვიცე-პრემიერმა მარგველაშვილმა ასეთი ფრაზა თქვა – „საგარეო საქმეთა სამინისტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით“. როგორც ჩანს, მას დადებითი წარმოდგენა აქვს ამ უწყებაზე, რაც ერთობ გადაჭარბებულია.

ეს არ არის ის ორგანო, რომელსაც ძალუძს გონივრული რეკომენდაციების გაცემა. სწორედ ჩიკვაიძის დროს შეიქმნა მეზობელ ქვეყნებთან საზღვრის დამდგენი კომისიები, რომელთაც სათავეში პროფესიონალი, საქმის მცოდნე ადამიანები უნდა ჩადგომოდნენ, უნდა შერჩეულიყო კომისიათა შემადგენლობა მეცნიერების, საზოგადოების წარმომადგენლებიდან და ა.შ. როგორც გვეუბნებიან, მსგავსი კომისიები მუშაობს, თუმცა შედეგი არ ჩანს.

ცნობისთვის, მოგახსენბთ, რომ საქართველოს, გარდა თურქეთისა, სხვა მეზობელთან არ აქვს დელიმიტირებულ-დემარკირებული საზღვარი. ანალოგიური იქნებოდა თურქეთთანაც, რომ არა საბჭოთა კავშირ-თურქეთის სასაზღვრო შეთანხმება, რომელიც შთამომავლობით გადმოგვეცა.

საზღვრის დამდგენ კომისიას დროებითი კი ჰქვია, მაგრამ პერმანენტულია, ვინაიდან გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ საჭიროებს გადახედვას, ბუნებრივი მოვლენებით თუ პოლიტიკურით გამოწვეული ცვლილების შეტანას და ხელახალ დამტკიცებას. თუ თურქეთთან ასე თუ ისე, მაინც რაღაც გვაქვს, მსგავსს არ აქვს ადგილი არც რუსეთთან, არც სომხეთთან და არც აზერბაიჯანთან. სამივე მიმართულებით ჩიხური ვითარებაა შექმნილი, რომლიდან გამოსვლა ძნელზე-უძნელესია.

დღევანდელი საქართველო, უცხოელი „მეგობრების“ მხარდაჭერით „ზურგგამაგრებული“, რეგიონის სუსტ ქვეყნად რჩება – აუწყობილი სახელმწიფო სისტემით, ეკონომიკით და რაც მთავარია გაურკვეველი პოლიტიკით. ეს  თავისთავად უქმნის ჩვენს მეზობლებს შთაბეჭდილებას, რომ ჩვენთან ყველაფერს გახდებიან. სამიდან, არც ერთი არ არის  გოჯი მიწის დამთმობი, წამგლეჯი კი – იცოცხლეთ.

ადმინისტრაციული საზღვრების გადაწევ-გადმოწევის თემა არც საბჭოთა პერიოდისთვის იყო უცხო, რამაც საკმაო ზიანი მიაყენა საბჭოთა საქართველოს. ამ თემაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, მაგრამ კომისიათა მოლაპარაკების დროს წინა პლანზე უნდა იქნას წამოწეული, რასაც საქმეში ღრმადჩახედული ექსპერტები ესაჭიროება. და კიდევ ერთი რამ – ნუ დაველოდებით მთლიანი საზღვრის საკითხის ამოწურვას, რაც გვაქვს, რაზეც ვთანხმდებით, ის მივიღოთ და გავაგრძელოთ სხვა დარჩენილზე მუშაობა.

სომხეთთან და აზერბაიჯანთან თუ ამ მხრივ შედარებით ნაკლები პრობლემებია, ცხადია შედარებით, რუსეთთან ურთულესი ვითარებაა და ისინი ისე არიან ერთმანეთზე გადახლართული, მამაზეციერიც ვერ ამოხსნის მათ. ეს პრობლემები 2008 წელმა გააჩინა და მისგან გამომდინარე შედეგებმა – რუსეთი რომ „რეალობას“ უწოდებს.

2008 წლის ომიდან 5 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ქართული პოლიტიკა-დიპლომატიის წყალობით მხოლოდ ის მოხერხდა, რომ რაღაც დოკუმენტში ჩაიწერა სიტყვა „ოკუპანტი“. მერე რა? ის (რუსეთი) ამბობს, რომ ოკუპანტი არ არის. ჩვენი „მეგობრებიც“ მხარს გვიჭერენ და რუსეთს „ოკუპანტს“ უწოდებენ – მერე რა? ამით რუსეთს სული არ გაპარვია.

ჩვენ ვამბობთ, რომ მართალია ტერიტორიები დავკარგეთ, მაგრამ მთელი მსოფლიო ფეხზე დავაყენეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ძახილით. მერე რა? როგორც ვატყობ ეს პოლიტიკურ-ვერბალური პინგ-პონგი ათეული წლობით გაგრძელდება და ამასობაში ან ვირი მოკვდება და ან ვირის პატრონი.

რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორების მსურველმა (თუკი ასეთი მართლაც აქვს გუნებაში ახალ ხელისუფლებას) უპირველესად იმაზე კი არ უნდა იფიქროს, რომ ის ქედს უხრის მას, არამედ იმაზე, რომ ის ქედს იხრის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და რაც არ უნდა დამამცირებელი იყოს ეს პროცესი, სამშობლოს გულისთვის, უნდა აიტანოს. ამ ატანაში არ ვგულისხმობ იმ შეურაცხმყოფელ ქცევას, რასაც შევარდნაძის მმართველობის ორივე პერიოდში (საბჭოთა და პოსტსაბჭოთა) ჰქონდა ადგილი, როდესაც „მოჩალიჩე“ ქართველები ღვინო-კონიაკის ბოთლებით დარბოდნენ მოსკოვში.

მაგრამ როგორ უნდა აწარმოოს საქართველომ რუსეთთან სერიოზული სამთავრობო მოლაპარაკება, როდესაც არც დიპლომატიური ურთიერთობები აქვს რუსეთთან და არც სურვილი მისი აღდგენის, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს ოკუპაციას? ამ პრინციპით (ქალაქურად რომ ვთქვათ, უსაჯდომო ყარაჩოხელობით) არაფერი გამოვა. საქართველომ უნდა გადალახოს ეს არასახარბიელო ბარიერი, წინააღმდეგ შემთხვევაში გაცილებით რთულ ვითარებაში აღმოჩნდება.

საქართველომ უნდა შეისწავლოს და გაიზიაროს ფინეთის მაგალითი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას პერმანენტულად გაბუტულის როლის შესრულება მოუწევს. საქართველომ უნდა აღადგინოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა და დაიწყოს მოლაპარაკებათა ციკლი არა როგორც დამარცხებულმა (რამეთუ რუსეთთან საქართველო კი არ დამარცხებულა, არამედ ნაცური ხელისუფლება), არამედ საკუთარი თავმოყვარეობის მატარებლებმა, უდრეკი სულის ქვეყანამ.

ასე მოიქცა ფინეთი – დღეს, მსოფლიოში, ცხოვრების დონით მოწინავე სახელმწიფო. მაგრამ, შეძლებს დღევანდელი საგარეო უწყება ამ უდიდესი ამოცანის შესრულებას? მას ხომ ბოლო ათი წლის განმავლობაში არა თუ რუსეთთან, არამედ არც ერთ ქვეყანასთან სერიოზული მოლაპარაკება არ მოუმზადებია, ისეთი, დელეგაციათა მოლაპარაკება რომ ჰქვია და რომელიც თვეობით მზადდება?

დღევანდელი სამინისტრო ამის გამკეთებელი არ არის. რის გამკეთებელიც არის ნათელია – მინისტრის უსაგნო ვიზიტები შორეულ ქვეყნებში. მრავალპრობლემიანი სამინისტროს პირველი პირი ბრაზილია-იაპონიაში სალაღობო ვიზიტებით კი არ უნდა ირთობდეს თავს, დღევანდელ სამინისტროს ჩამოყალიბებაზე უნდა ფიქრობდეს, თუმცა ძნელია მოსთხოვო პიროვნებას, ის, რისი გაკეთებაც მას არ შეუძლია.

აქეთ-იქით უსაგნო ხეტიალს და ამ საქმეში საკმაო ფულის ხარჯავას, ქვეყნის სიკეთის მოტანა არ შეუძლია. იქნება ასე ერთხანს. ივლის ისე, როგორც ნაცები და შემდეგ სხვაგან გაამწესებენ, ყოველ შემთხვევაში ელჩობა არ ასცდება. საქართველო კი იქნება იმ პოზიციაში, შესაძლოა უფრო ცუდშიც, როგორც დღეს.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ქართულ მხარეს ეშინია რუსეთთან მოლაპარაკება. ეშინია იმიტომ, რომ არ იცის რით დაიწყოს, როგორ ილაპარაკოს, რა საკითხები დააყენოს. რუსეთი არ დათანმხდება შეხვედრას-შეხვედრისთვის.

საქართველოს წინაშე იმაზე მეტი პრობლემაა, ხელისუფლებას რომ ჰგონია. მათი გადაჭრისთვის ღმერთის მიერ ცოტა დროა გამოყოფილი და თუ დანაპირები დროულად არ შესრულდა, სახალხო განაჩენიც არ დააყოვნებს.

დიდი მადლობა 2012 წლის 1 ოქტომბრისთვის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ქვეყანას, თუ მას ქვეყან ჰქვია, სხვა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ისეთივე არშემდგარი იქნება, როგორიც არის.

  ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.