მოხერხებული სააკაშვილის ბოლო ფართხალი

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფულის გაცემის საკითხმა კიდევ ერთხელ ააჟივჟივა საზოგადოების გარკვეული ნაწილი. მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ესოდენი ხელგაშლილობა საკუთარი ფავორიტების მიმართ. აი, თვით რომ აღმოჩენილიყვნენ დაჯილდოებულთა შორის, სამარისებრ დუმილს ამჯობინებდნენ.

რას მოელოდა საზოგადოება, ვთქვათ მერაბ სეფაშვილისგან – სააკაშვილს რომ თავდავიწყებით უმღეროდა – ჩემი შვილის საზღვარგარეთ სწავლის თანხები პრეზიდენტმა არაკეთილსინდისიერად გვიწილადაო თუ რა?

ინტელიგენციის რომელ ერთ წარმომადგენელს უთქვამს, ეს ორდენი ან ეს ფული სხვას მოახმარეთ, ისინი უფრო ღირსნი არიანო?! პირიქით, ლამის სააკაშვლის ესკორტს ჩავარდოდნენ, ფულის თხოვნის მიზნით. ფინანსთა მინისტრმა ნეგატიურად შეაფასა სააკაშვილის „ხელგაშლილობა“ – მორალური თვალსაზრისით მიუღებელიაო – ბრძანა მან.

მორალურით და არა სამართლებრივით. დემოკრატიის მშენებელ ქვეყანას, თანაც ევროკავშირისკენ კისრისტეხით მორბენალს, არავითარი სამართლებრივი მექანიზმი არ აქვს პრეზიდენტის ფონდის განკარგვასთან დაკავშირებით. რაც აქვს, იმდენად პრიმიტიულია, რომ არქონა სჯობს.

დემურ გიორხელიძისა არ იყოს, რაღა პრეზიდენტის „ორკაპიკიანი“ ფონდის განიავებით აყაყანდა საზოგადოება, მაშინ როცა 9 წლის განმავლობაში არავის უკითხავს ბიუჯეტის ფული სად წავიდაო?

არავის უკითხავს, რატომ დარბოდა სააკაშვილი სისტემატურად მთელს მსოფლიოში, ანტურაჟთან ერთად, ან რას აკეთებდა ის ამ ვიზიტების დროს საქართველოსთვის? იშვიათად თუ ახმოვანებდა ვინმე სალაღობო მოგზაურობებს, მათ შორის მეც, ნაცვლად იმისა, რომ ერთხმად ეყვირათ – რას დარბიხართ უცხოეთში, სახლში დაეტიეთო.

უსაგნო მოგზაურობის კრიტიკოსმა, ახალ ხელისუფლებასაც შევბედე, წინამორბედთა ცუდი გამოცდილების გაზიარება, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმე რა საგარეო უწყებას, პარლამენტს, თავდაცვის სამინისტროს. ახალ მოგზაურებს დამცველებიც გამოუჩდნენ – აბა, რა ჰქნან, თანამდებობა ავალდებულებთო.

საზოგადოების უპირველესი მოთხოვნილება უნდა იყოს თავისივე არჩეულის სისტემატური კონტროლი, თუმცა არის კია ახალი ხელისუფლება, ძველზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, თავისი არჩეული, საკუთარი განსჯის და ანალიზის შედეგი? ალბათ, არა!

ბოლო ორი არჩენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ – ძალიან შორს ვართ ევროპული არჩევნებისგან – ყველაზე დემოკრატიულად რომ ითვლება მსოფლიოში. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, უფრო მეტად სააკაშვილისა და ნაცების ბოროტი მმართველობიდან თავის დაღწევისთვის გაწეული ბრძოლა იყო და არა არჩევნები. ხალხმა ხმა მისცა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ივანიშვილს. მას ნაკლებად აინტერესებდა, ვინ იდგა მის გვერდით, მთავარი იყო ჯალათის მოშორება.

ერთი წლისთავზე გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ გაიჟღერა სააკაშვილის თემამ, ამჯერად – მისი და ნაცთა შემობრუნების სახით. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ 2012 წლის არჩევნების ლეიტმოტივი – სააკაშვილის „ბუობის“ თაობაზე, 2013 წლის არჩევნების მთავარი მამოძრავებელი გახდა. არ მოგვცემთ 60 და მეტ პროცენტს და ნაცები შემობრუნდებიანო – აფრთხილებდნენ ხალხს „ოცნება“ და ივანიშვილი. 60 პროცენტი თუ არ მიეცით ჩემს კანდიდატს, გავიბუტებით და მეორე ტურში მონაწილეობას არ მივიღებთო – ამბობდნენ ისინი. ასეთი მოწოდების შემდეგ ვინღა გაბედავდა ხმა არ მიეცა ივანიშვილის რჩეულისთვის?!

და ხალხმა გააკეთა „არჩევანი“ – აირჩია პრეზიდენტი, რომელსაც არ იცნობს. არა უშავს, მალე გაიცნობსო – იტყვის მავანი. გაიცნობენ, მეტი რა გზა აქვთ. არჩეულ-დანიშნულებიც ისწავლიან ქვეყნის მართვას და როდესაც შეისწავლიან, წასვლის ჟამიც კარს იქნება მომდგარი.

კოჰაბიტაციურ ერთ წელს, ნაცებისთვის რომ უქმად არ ჩაუვლია, საპრეზიდენტო არჩევნებმაც გვიჩვენეს. ნაცთა რჩეულისთვის ამომრჩეველთა 22%-ს ხმების დაგროვება ხუმრობა საქმე  არ არის. არჩევნების შედეგებით თუ ვინმეა კმაყოფილი – უპირველესად ნაცები. როგორც ჩანს, ანალური არხისთვის გამოყენებული ცოცხის ტარი არც ისეთი მაგარი ყოფილა, თორემ ერთი წლის განმავლობაში მის (ცოცხის) მიერ მოტანილი „სიამოვნების“ დავიწყება შეუძლებელი იქნებოდა.

როგორც ჩანს, ტყუილად გვიყვირია და გვიწივლია ციხის წამების ფაქტებთან დაკავშირებით – არჩევნების შედეგებმა გვაჩვენა, რომ საქმე სხვაშია, თან არცთუ ცუდად ნაცებისთვის. მოდით ახლა და იყვირეთ – დამნაშავე პარტია კანონგარეშე უნდა გამოცხადდეს და მისი ჭაჭანება აღარ უნდა იყოს პოლიტიკურ არენაზეო. იყვირეთ ხმამაღლა, ხმის ჩახლეჩამდე – ნაცები დამნაშავეები არიან და უნდა დაისაჯონო.

დამნაშავე და გასაუქმებელი პარტია ხმების 22% არ იღებს. ესეც თქვენი დასავლური კოჰაბიტაცია.

კოჰაბიტაციას უშედეგოდ ნამდვილად არ ჩაუვლია. დასავლურმა „დემოკრატიამ“ თავისი გაიტანა – ნაცთა გადარჩენის სახით. საპრეზიდენტო არჩევნებმა დაადასტურა საზოგადოებაში მოარული ხმები – პოლიტიკურ არენაზე ორი პარტიის დაფუძნების შესახებ. ტყუილა არ გაიძახოდნენ გახარებული ნაცები – მთავარ ოპოზიციურ პარტიად დავფუძნდითო.

ბიძინა ივანიშვილმა მართალია ბრძანა, რომ ბურჯანაძეს – ოპოზიციურ ძალად მიიჩნევს, მაგრამ ჩამოყალიბდება თუ არა ის მესამე ძალად, ძნელი სავარაუდოა.

ევროპისკენ მიმავალმა საქართველომ, უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა – აირჩია რა პრეზიდენტი, სხვისი ხათრით ანუ ივანიშვილის და ოცდაორი პროცენტი არგუნა თავის მწამებელ – ნაციონალურ მოძრაობას. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის არაერთხელ ნათქვამმა – ისინიც ამ ქვეყნის შვილები არიან (ნაცები) და უნდა შევუნდოთო – გაჭრა.

ივანიშვილის მიერ შემცვლელის დასახელება, რაც ისე შორს არის დემოკრატიისგან, როგორც მარსი დედამიწისგან. დასახელებულ კანდიდატურასაც „განიხილავენ“ პარლამენტში და შეთანხმდებიან ივანიშვილის სურვილისამებრ.

ივანიშვილი იმასაც დაგვპირდა, რომ არ დაგვზარდება და თბილისის მერის კანდიდატურასაც დაასახელებს. რა არის ამაში ცუდი?! არც არაფერი. როდესაც კაცი შენს საფიქრალ-თავსატეხს თვითონ გიწყვეტს, ამას რა სჯობს. მაგრამ რას ვერჩოდით საბჭოთა კავშირს? იქ პოლიტბიურო და პარტიის ცკ-ი ანუ ასობით ადამიანი არჩევდა კანდიდატურას, აქ, მხოლოდ ერთი.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დასასჯელი ნაცები აღარ დაისჯებიან, ერთი-ორი „მეისრის“ გამოკლებით, რითაც დიდად კმაყოფილნი დარჩებიან ამერიკა-ევროპის პოლიტიკური წრეები. ისინი, ხომ დღენიადაგ გვიკიჟინებენ – პოლიტიკური საბაბით დაჭერები არ იყოსო.

ანალურ არხში ცოცხის ტარის შერჭობა თუ პოლიტიკური იყო, არ ვიცოდი, არც ის ვიცოდი, რომ საკუთარი მოსახლეობის (ცხინვალი) ტანკებით დევნა-ხოცვა ხელისუფლების „უბრალო“ განავარდება იყო და არა სახელმწიფო დანაშაული. არც ის ვიცოდი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამოღებული ფულის დროსტარებაში ხარჯვა, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის საჭირო მოქმედება იყო.

სააკაშვილი დაბეჯითებით გვმოძღვრავს, რომ წარმატებული ქვეყანა დაგვიტოვა, რომ საქართველო ის არ არის, რაც 10 წლის წინათ.

დიახ! საქართველო, მართლაც არ არის ის, რაც 10 წლის წინათ და ამაში სააკაშვილის უდიდესი წვლილიცაა შეტანილი – არა სოფლის მეურნეობა, არა მრეწველობა, არა განათლება, არა სამედიცინო მომსახურება, არა წელგამართული საზოგადოება, მაგრამ უამრავი უმუშევარი, დაცლილი სოფლები და ქალაქები (თბილისის გარდა), საშოვრისთვის უცხოეთში გადახვეწილი ქართველობა, დაკარგული ტერიტორიები და ლამის თბილისთან გავლებული სადემარკაციო ხაზი, დაჩაჩანაკებული, ხელგამოწვდილი ქვეყანა.

10 მძიმე, გაუსაძლისმა წელმა, უარესობისკენ შეაბრუნა ჩვენი ყოფა. თუ ვინმემ გაიხარა ბოლო 10 წლის განმავლობაში, სააკაშვილი და მისი ნაცები იყვნენ და როგორც ჩანს, იქნებიან დასავლეთისა და „ოცნების“ წყალობით.

თუ რამემ იხარა ბოლო ათი წლის განმავლობაში – ელექტრონულ მედიაში შაშვივით მოჭახჭახე „ჟურნალისტიკამ“ და „პოლიტოლოგიამ. სწორი იყო რუსეთის, აწ გარდაცვლილი პრემიერი ჩერნომირდინი, გაკვირვებით რომ იკითხა – ასეთი პატარა ქვეყანა და ამდენი ტელევიზიაო?

ბოლო ათმა წელმა არა მარტო ვითომ ჟურნალისტები მოგვახვია თავს, არამედ ე.წ. პოლიტოლოგებიც. ყველა ტელეკომპანიამ საკუთარი პოზიცია-ოპოზიცია შექმნა ექსპერტების ურიცხვი ბაზიდან. ქუჩას ისე ვერ გაივლი, ზემოდან რომ არ დაგყურებდეს „სათაყვანებელი“ ტელეჟურნალისტის უკიდეგანო პორტრეტი. ისე, კაცმა რომ თქვას, რა დააშავეს ჟურნალ-გაზეთების კორესპონდენტებმა. იქნებ მათი ფოტოებიც გამოგვეფინა?

პროვინციალიზმია ყოველივე ეს და მეტი არაფერი.

უცხოეთში ხშირად ახალგაზრდათა სათამაშო, უფრო სწორად სავარჯიშო პარლამენტსაც ქმნიან. ჩვენთან ამის აუცილებლობა არ არის, ვინაიდან თინეიჯერების მოზღვავებაა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში. თუ რამე გაკეთდა ბოლო 10 წლის განმავლობაში, ძველი, გამოცდილი კადრების სანაგვეზე გადაყრა და მათ ნაცვლად გამოუცდელი ბავშვების დანიშვნა იყო.

არავინ შეიგნო დიდი ილიას შეგონება – „არსებული ძველი, ისე არ გაცუდდება, რომ ვისიმე  გამოსაყენი არ იყოს. . .

თითონ ახალიც, რომელიც ძველის ადგილას უნდა ჩამოსდგეს, დაბადებისავე უმალ ისე არ მომწიფდება, რომ პირში ჩადების და დაღეჭვის მეტი სხვა აღარა უნდოდეს რა“.

იმის დასამტკიცებლად, რომ სააკაშვილმა ბევრი გააკეთა ქვეყნისთვის ანუ ჩამორჩენილი მიიღო და წარმატებული დატოვა – საჭირო გახდა ბრიუსელში გაფრენა, ევროკავშირის ხელმძღვანელ ბაროზუსთან მიჭრა და დაძალება – თქვი, რომ წარმატებულ ქვეყანას ვტოვებო. და მანაც თქვა. რა ენაღვლება, მისგან რა მიდის!

მაგრამ მარტო ეს ჰქონდა ბაროზუსთვის სათქმელი? ცხადია, არა. მთავარი, ბაროზუს მხრიდან სააკაშვილის უსაფრთხო მომავლის დაფიქსირება იყო. ივანიშვილი დაჭერას მიპირებსო – შესჩივლა მან ევროკომისარს. და მანაც დაცვა აღუთქვა. ასე, რომ ტყუილად გვგონია, სააკაშვილს გალიაში ვიხილავთ. ბაროზუს გარდა მას სხვა ბევრი დამცველი ჰყავს ამერიკა-ევროპაში.

სააკაშვილის ნათქვამს სხვა დატვირთვა ჰქონდა – უპირველესად პოლიტიკური. რუსეთი აიძულებს ივანიშვილს ჩემს დაჭერას, საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორების საფასურადო. ეშმაკია სააკაშვილი – ბრიუსელშიც ანტირუსული დროშა ააფრიალა, რითაც დადებითად განაწყო ევროპელი პოლიტიკოსები.

რუსული თემა „ბეზრაზმერნია“, ყველას და ყველაფერს მოერგება. ეს, ის თემაა, რითაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში. ეს, ის თემაა, ცხრა წელიწადი რომ ასაზრდოვა ის და ზოგიერთი ბრიყვი ევროატლანტიკელი პოლიტიკოსი. ეს, ის თემაა, რითაც სააკაშვილი ტოვებს საერთაშორისო პოლიტიკურ არენას, მოწოდებით – იყავით ფრთხილად, გეშინოდეთ რუსეთის.

რუსეთის თემა სააკაშვილმა ბრიუსელში გამგზავრების წინაც გააჟღერა – მოგვიწოდა რა შორს დავიჭიროთ თავი საბაჟო კავშირისა და ევრაზიული სივრცისგან. თავის შორს თუ ახლოს დაჭერა თითქოს მარტო საქართველოზე იყოს დამოკიდებული. თითქოს საქართველოს ხელისუფლების ნათქვამი ევროპაში დაუყოვნებლივ სრულდება. რახანია მხოლოდ გამამხნევებელი წინადადებები გვესმის „პარტნიორი“ ევროპიდან. ეს არის და ეს, სხვა პრაქტიკული გადაწყვეტილება ჯერ არ გვსმენია. ვილნუსში იქნებაო – გვპირდებიან.

მაგრამ პარაფირება რომ ასოცირებული წევრობა არ არის?! წევრობაც მოჰყვება ამ საქმეს, ოღონდ ნაციონალებს ხელს ნუ ახლებთო. ღირს ნაციონალების გულისთვის ასოცირებული წევრობის დაკარგვა? ამ კითხვას ხელისუფლება ჯერ-ჯერობით არ გვიმხელს, მიახლოებით კი – არაერთხელ გვაგრძნობინა.

სააკაშვილის 40-წუთიან მიმოხილვაში ხაზი გაესვა ნაცთა დასჯის საკითხს. რა საჭიროა ასეთი რამ, განა უკეთესი არ იქნებოდა მშვიდობიანი ცხოვრებაო?! დაახლოებით ისე, როგორც კატა ლეოპოლდი მოუწოდებდა ოთხფეხა მეზობლებს – „ვიცხოვროთ მეგობრულად“.

კაცმა, რომ თქვას, რა სჯობს მეგობრულად ცხოვრებას. სწორედ ამგვარ სურვილს შესწირა თავი კაცობრიობის დიდმა ნაწილმა. მათ ბრძოლას მუდამ ეღობებოდნენ ბოროტი ზრახვებით შეპყრობილი ადამიანები, რომელთა შორის „საპატიო“ ადგილი სააკაშვილსაც უკავია.

ვიცხოვროთ მეგობრულად – რა უნდა იყოს ამაში ცუდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მიხეილი და ძმანნი მისნი, ჩადენილი დანაშაულებისთვის მოიხდიან სასჯელს, ხანგრძლივსა და სამართლიანს და არა პირობითსა და უსამართლოს.

„აზრთა მოძრაობაში, როგორც ყველაფერში, ქვეყანაზედ, ერთი მეორეს ადგილს არ უთმობს უომრად, უბრძოლველად“, – წერდა დიდი ილია.

ნაცთა „ილია“ და მისი ევროატლანტიკური ფანები კაცობრიობის მიერ შექმნილი კანონის დარღვევისკენ გვიბიძგებენ. ამ კანონით პასუხს აგებს ყველა, მათ შორის ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსი. ასეა დემოკრატიულ ევროპაში, სხვა ქვეყნებში. დამნაშავე პოლიტიკოსებისთვის მუდამ ღიაა ციხის კარი. დამნაშავე უნდა დაისაჯოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაუსჯელობამ სავალალო შედეგი შეიძლება მოიტანოს ახალი დანაშაულის სახით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.