დასაწყისი – 9 აპრილი იყო
კიდევ ერთ ცხრა აპრილს ვაგორებთ – თანამედროვე საქართველოს გმირობის ფურცელს. ვიხსენებთ აპრილის ბობოქარ დღეებს, ერთად შეკრულ ხალხს, დისიდენტური მოძრაობის ლიდერებს, მათ მგზნებარე გამოსვლებს მომიტინგეთა წინაშე, იმჟამინდელ ხელისუფლებას, როგორც აქაურს, ისე იქაურს – ცენტრალურს, საბჭოთა შეიარაღებული ძალების „ბტრ“-ებს, მათ წინააღმდეგ ჯოხით ამხედრებულ ახალგაზრდას, პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედნის, დემონსტრანტებისგან გაწმენდის ოპერაციას, მსხვერპლს. ვიხსენებთ და ქედს ვიხრით პარლამენტის წინ არსებულ დაღუპულ გმირთა მემორიალთან.
ბევრი დაიწერა და ითქვა 9 აპრილთან დაკავშირებით. მომავალშიც დაიწერება და ითქმება. ახალი „ფაქტებიც“ გამოვლინდება – სენსაციური, დეტექტიური რომანების მსგავსი, მაგრამ იმ დაღუპულებს აღარაფერი ეშველებათ. არადა თითოეულ მათგანს ბევრი კარგის გაკეთება შეეძლო ქვეყნისთვის. შესაძლოა არც არაფრის, მაგრამ გათითოებული საქართველოსთვის მათი არსებობაც რაღაცას ნიშნავდა.
დღეს, წარსულში მოვიხსენიებთ. გაივლის დრო, სამარადისო სასუფეველში წავა იმჟამინდელი თაობა და თან წაიღებენ 9 აპრილის ტკივილს. მოვლენ ახლები, სხვაგვარი შემართებით, ფსიქოლოგიით, ცხოვრებისადმი გაცილებით მეტი მომხმარებლური დამოკიდებულებით – დროის მოთხოვნიდან გამომდინარე და ისინიც გაიხსენებენ ცხრა აპრილს, თუმცა ნაკლები ტკივილით, ნაკლები შემართებით. გაიხსენებენ იმიტომ, რომ უნდა გაიხსენონ და მეტი არაფერი. შემდეგ სხვები მოვლენ, ნაკლები პათოსით. და ნელ-ნელა 9 აპრილის გმირობის დღე მივიწყებას მიეცემა, ვინაიდან მომავალთათვის წინაპართა აღწერილი ნაკლებად დამაჯერებელი იქნება, უფრო სწორად გაუგებარი.
ბევრი კითხვა გაჩნდება – რატომ და რისთვის. ბევრიც იტყვის, რა საჭირო იყო მსხვერპლიო და ა.შ. ფიქრს, განსჯას ვერავის დაუშლი და რახან ასეა, სხვა მოსაზრებაც იქნება. როდესაც ახალგაზრდა ქალი ტელეეკრანიდან იტყვის – აფხაზეთის ომი წინა თაობის „კაიფი“ იყო, ჩვენ თაობას სხვა აქვს „საკაიფოო“ – ზემოთმოყვანილი „დავიწყების“ თემა აქტუალურად მოსჩანს.
ცხრა აპრილი მარტო თავდადება არ ყოფილა. ცხრა აპრილი ერის ცხოვრებაში სხვაგვარი შემობრუნების თარიღი იყო. იმ დღიდან მოყოლებული დაიწყო საქართველოს სხვაგვარი განვითარება, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა. ცხრა აპრილმა საბჭოთა საქართველოს მოსახლეობა, მეტადრე მისი ინტელიგენცია აამხედრა საბჭოური ცხოვრების წინააღმდეგ. მათ აღარ მოეწონათ ის, რასაც ათეული წლების განმავლობაში უმღეროდნენ, ემსახურებოდნენ.
მათ აღარ მოსწონდათ მოსკოვიდან წამოსული მმარველობა. მათ თავიანთი თავის ბატონ-პატრონობა უნდოდათ, ყოველგვარი კრემლისა და პოლიტბიუროს გარეშე. და რახან ეს უნდოდათ, შეიძულს ქვეყნის მმართველობა და მმართველები, მეტადრე კომუნისტები, კომკავშირლები და ჩაეხუტნენ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებს. ეროვნული მოძრაობა ერის მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა.
ცხრა აპრილის შემდეგ დაგროვილმა ბოღმამ გააათკეცა სისტემის ცვლის აუცილებლობა, რაც სულ მალე რეალობაში გადაიზარდა. 1990 წლის შემოდგომით ჩატარებულმა პირველმა მრავალპარტიულმა არჩევნებმა წერტილი დაუსვა კომუნისტური სისტემის 70-წლიან ბატონობას.
იდეოლოგიური თვალსაზრისით, მოწინავე საბჭოთა საქართველომ იოლად, ერთი ხელის მოსმით, მოიშორა კომუნისტური ტყავი და სხვით, ერთობ გაურკვევლით შეიმოსა.
9 აპრილიდან აღებულმა სტარტმა ხელისუფლებაში ახალი, არაკომუნისტური მთავრობა მოიყვანა, განსხვავებული იდეალებითა და მისწრაფებებით. რომელთაგან უპირველესი აღვნიშვნის ღირსია 1991 წლის მარტის რეფერენდუმი – „საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნა-არყოფნის შესახებ“.
არ გვინდაო! – ითქვა მოკლედ და კონკრეტულად. შემდეგ?
შემდეგ იყო პრეზიდენტის არჩევნები, მმართველი კოალიციის – „მრგვალი მაგიდის“ გახლეჩვა, დაპირისპირება; სამოქალაქო ომი; არჩეული პრეზიდენტის ჩამოგდება, ქვეყნიდან განდევნა; კომუნისტების დროინდელი მეთაურის მოსკოვიდან ჩამოყვანა. გაურკვეველი სახის „კვარტეტის“ მმართველობა (შევარდნაძე, იოსელიანი, სიგუა, კიტოვანი), ისევ არჩევნები, აფხაზეთში შეჭრა, ათასობით საქართველოს მოქალაქის სიკვდილი.
მაგრამ მანამდე იყო მთავარი – საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის, გორბაჩოვის მიერ საბჭოთა კავშირის დაშლის გამოცხადება. ამ ამბავმა თბილისის ომში ჩართულ ხელისუფლებასა და ოპოზიციას 1991 წლის დეკემბერში მოუსწრო, მაგრამ მისი აღქმის თავი არც გამსახურდიას ჰქონდა და არც სასტუმრო „თბილისში“ დაბანაკებულ ოპოზიციას.
თბილისის ომმა საბოლოოდ არია ქვეყანა და თანაც ისე, რომ ძაღლი პატრონს ვეღარ ცნობდა. ამ არეულობას, მეორე, არანაკლებ „მცირე“ არეულობა მოჰყვა – აფხაზეთის ომის, ოსეთთან უმძიმესი სისხლიანი დაპირისპირების სახით.
პატარა საქართველოს ცენტრსა და ავტონომიებში მომხდარმა სისხლისღვრამ გამოუსწორებელი კვალი დაამჩნია ერს. მისთვის ყოველდღიურობად იქცა „მხედრიონელთა“ თარეში, ძარცვა-ხოცვა, ნგრევა, ყაჩაღობა, ერთმანეთის გაუტანლობა, უშუქობა, უგაზობა, უხელფასობა, უპურობა. სულ რაღაც 2 წელიწადში, ერთ დროს ამაყი, შეუპოვარი, შრომისმოყვარე, მოყვრისგამტანი, სხვათა გამტანი ერი ლამის საწინააღმდეგო თვისებებით აღიჭურვა. იქედან მოყოლებული დღემდე ასე ვართ.
მორალურად და სულიერად დაცემულ ერს მხსნელად მოევლინა ჩვენთვის უცნობი დასავლეთი, აშშ-ს სახით. „ნუ გეშინიათ, აქ ვარო“ – და ლამის „აურაცხელი ბედნიერება“ დაგვაბერტყა თავს. ჩვენც მივენდეთ, შევიყვარეთ – პატრონიც ამას ჰქვიაო – ვთქვით და უმალ გავუხსენით საკუთარი გულის კუთხე-კუნჭულიც კი.
დასავლეთთან ურთიერთობის არმცოდნემ, თავი ბედნიერად ჩავთვალეთ და გუშინდელი პატრონისგან თავდაცვის მიზნით, ახალ პატრონს ჩავეხუტეთ. მანაც, თითქოს ჩაგვიხუტა, თუმცა გაგვაფრთხილა – ნამდვილი ჩახუტებისთვის ბევრი რამ ისეთი უნდა გააკეთოთ, ჩვენ რომ გვინდაო.
არც ერთი საბჭოთა რესპუბლიკა, თუ აზერბაიჯანს არ მივიღებთ მხედველობაში, არ მოჰყოლია საბჭოთა ნანგრევებში, როგორც ჩვენ. დღესაც ვერ ამოვსულვართ ამ ნანგრევებიდან.
დასაწყისი – 9 აპრილი იყო – თავისუფლებისთვის თავდადებული დღე.
თბილისის, ვილნიუსის, ბაქოს მოვლენებს დღეს სხვაგვარ შეფასებას აძლევენ, უფრო სწორად, ამ მოვლენების გამომწვევ ფაქტორებს. საბჭოეთის დაშლის მიზეზებსა და ინიციატორებზე არაერთი ვერსია, ფაქტებზე დაფუძნებული ამბვები ხვდება დღევანდელთა განხილვის ცენტრში. და ამას, ყველაფერს იქ აქვს ადგილი, ყოფილი საბჭოეთის გული რომ ჰქვია.
ექსპერტთა აზრით, რომელიც სიღრმისეულ კვლევებს და საღ განსჯას ეფუძნება, ბაქოს, თბილისის, ვილნიუსის მოვლენები, „წითელ მოედანზე“ გერმანელი მოყვარული ახალგაზრდა მფრინავის დაშვება, „გკჩპ“-ს და სხვა მსგავსი მოვლენები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საბჭოეთის ბოლო წლებში, იმჟამინდელი ლიბერალ ხელისუფალთა გორბაჩოვის, იაკოვლევის და მათთან მიახლოებული შევარდნაძის მსგავსი მოხელეების მზაკვრული ნააზრების შედეგია.
მიზანი – საბჭოთა კავშირის დაშლა, კომუნისტური სისტემის დაშლა, პარტიის მოწინავეობისა და ქვეყნის წარმმართველი ძალის გაუქმება და ამ გეგმის წინააღმდეგ მებრძოლი პარტიელებისა და სამხედროების თავიდან მოშორება. მარტო გერმანელი მფრინავის რუსტის თვითმფრინავის „წითელ მოედანთან“ ახლოს დაჯდომას, უმალ მოჰყვა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების 600-მდე გენერლის სამსახურიდან გაგდება.
ბაქოს, თბილისის, ვილნიუსის მოვლენებით, განსაკუთრებით თბილისის 9 აპრილით, მოხდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია. და არა მარტო შეიარაღებული ძალების, არამედ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის. რუსტის ამბავი ამასწინათ გაიხსენეს მოსკოვის „თოკ-შოუში“, რომელშიც იმჟამინდელი სამხედროები და ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას. ყველა მათგანმა თქვა, რომ რუსტის მიერ საბჭოთა საჰაერო სივრცის დარღვევა უმალ დაფიქსირდა რადარებზე და ის-ის იყო უნდა ჩამოეგდოთ, რომ მოსკოვიდან ბრძანეს – არ ჩამოაგდოთ, პირიქით დასვით საბჭოთა ტერიტორიაზე, საწვავის მისაღებადო.
და თვითმფრინავი დასვეს, საწვავით შეუვსეს ავზები და გზა დაულოცეს მოსკოვისკენ. მოსკოვში ჩაფრენის შემდეგ კი რუსი სამხედროები სამსახურიდან გააგდეს – საჰაერო სივრცეში უცხო მფრინავი ობიექტის შეპარვის გამო.
ექსპერტთა მტკიცებით, 9 აპრილი მოსკოვში დადგმული სპექტაკლი იყო, ცხადია დრამატული, რომელსაც საბჭოეთისა და მისი შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია უნდა გამოეწვია და საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელობა, ეროვნული მოძრაობის ლიდერებით ჩაენაცვლებინა – დროებით.
მხოლოდ დროებით, რაც არ არის გასაკვირი. იმჟამად ინტენსიურად მიმდინარეობდა სსრკ-აშშ-ს მეთაურების მოლაპარაკება. იმ დროს მოხდა ბერლინის კედლის დანგრევა, გერმანიის გაერთიანება, ვარშავის პაქტის დაშლა და ბოლოს ბელოვეჟის გარიგება – რუსეთის, უკრაინის, ბელორუსის პრეზიდენტებს შორის. მათი განცხადება საბჭოთა კავშირიდან გასვლის თაობაზე.
გადაწყვეტილების მიღებისთანავე, რუსეთის პრეზიდენტმა ელცინმა უმალ ამცნო აშშ-ს პრეზიდენს ჯორჯ ბუშ-უფროსს – ამერიკის და არა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს, გორბაჩოვს. ამ უკანასკნელსაც, აღარაფერი დარჩა, გარდა იმისა, რომ საბჭოთა კავშირი დაშლილად გამოეცხადებინა.
ექსპერტთა მოსაზრებაში ეჭვის შეტანა ჭირს, ვინაიდან იმჟამად განვითარებული მოვლენები ამ მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს. 9 აპრილმა კარდინალურად შეცვალა ჩვენი ცხოვრება და თანაც ისე, რომ დაშვებული შეცდომის გამოსწორება შეუძლებელია, ისე, როგორც შეუძლებელია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების გამოსწორება. ეს ომიც, მართალია არა პირდაპირ, იმ არეულობიდან იწყება, რასაც 1989 წლის აპრილში დაედო საფუძველი.
რა იქნებოდა, რომ 9 აპრილის ტრაგედია არ მომხდარიყო? არც არაფერი! საქართველო, ისე, როგორც დანარჩენი საბჭოთა რესპუბლიკები, ნელ-ნელა გადავიდოდა ახალ ცხოვრებაზე, თანაც ყოველგვარი ფიზიკური თუ მორალური დანაკარგების გარეშე. შეძლებდა პატიაშვილის ხელისუფლება ახალ მოთხოვნებთან, ახალ ცხოვრებასთან, საბაზრო ეკონომიკასთან შეგუებას? შეძლო გამსახურდიას ხელისუფლება ყოველივე ეს?
პატიაშვილის ხელისუფლებას ქვეყნის მართვის ნიუანსებში გარკვევა ნამდვილად არ ესაჭიროებოდა. პიროვნულად ის, პატრიოტობისა და ერის სიყვარულის თვალსაზრისით, თუ მეტი არა, სხვაზე ნაკლები ნამდვილად არ იყო. პატიაშვილი არც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკის ლიდერს არ ჩამოუვარდებოდა. ზოგი მათგანი დღესაც მართავს ცენტრალური აზიის ქვეყნებს. არც 1992 წლის ომი მოხდებოდა და არც 2008 წლის. თუმცა ვარაუდი და იმაზე ლაპარაკი, რა იქნებოდა 9 აპრილი რომ არ მომხდარიყო – აბსტრაქტული მსჯელობაა.
9 აპრილი მოხდა და ამ საქმეში ყოველივე ჩვენგანმა, დიდი თუ არა პატარა, წვლილი მაინც შევიტანეთ. და შევიტანეთ იმიტომ, რომ თავისუფლება გვინდოდა. გვინდოდა, მაგრამ სიღრმისეულად შესწავლილი არ გვქონდა, როგორ მიიღწეოდა სანატრელი თავისუფლება; როგორ უნდა გვერჩინა თავი თავისუფლების დროს; რა ურთიერთობები უნდა გვქონოდა მეზობლებთან, სხვა ქვეყნებთან. საქართველო იმ უსუსურ, უმწეო ბავშვს ჰგავდა, შუაგულ ოკეანეში რომ ჩააგდეს და ცურვის უცოდინარი, ხელ-ფეხს რომ აფართხალებდა.
ცენტრალიზებულ სახელმწიფოში – ისეთში, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო – ხალხის ფართო მასების განმანათლებლის როლი ინტელიგენციას ეკისრებოდა. რა გააკეთა ინტელიგენციამ? ნაცვლად იმისა, რომ ეროვნული მოძრაობის ლიდერებისთვის საღი აზრი შეეთავაზებინა, თვით გადაიქცა მათი იდეების მხარდამჭერად, ვინაიდან ისინიც ისე ზერელედ უყურებდნენ მოვლენებს, როგორც საზოგადოების რევოლუციურად დამუხტული ბირთვი.
მათაც თავში ჰქონდათ ჩადებული, რომ საქართველო „ბორჯომითა“ და ჩაით შეინახავდა თავს, რომ საქართველოს კურორტებს უამრავი უცხოელი დამსვენებელი მოაწყდებოდა. მახსოვს, ერთ-ერთი ცნობილი კინორეჟისორის განცხადება – „ჩვენ მარტო კურორტების საგზურების ფულით ვიცხოვრებთო. დღეს, ეს საგზურები რუსეთში გაიცემა და ფულიც იქ შედისო“.
ინტელიგენციამ ორმხრივ თამაშს მიჰყო ხელი – ერთით ოპოზიციასთან, მეორით პატიაშვილთან. ორივეგან დივიდენდებს ელოდა. მისდა სამწუხაროდ, ეროვნული ხელისუფლებისგან „შესანიშნავი“ სახელი დაიმსახურა – „წითელი ინტელიგენცია“. მოგვიანებით კი სააკაშვილისგან – „ჩარეცხილები“.
ასეა ყოველთვის, როდესაც პოზიცია არ გაქვს. ასეა, როდესაც ვითარებას ზერელედ, გაუანალიზებლად იხილავ. ასეა, როდესაც ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში პირში წყალს იგუბებ. ასეა, როდესაც დღევანდელებივით, ნატო, ნატოს არ გაიძახი (ზოგი გაიძახის), მაგრამ პასიური მოქმედებით უნებლიე მხარდამჭერად ევლინები საზოგადოებას.
9 აპრილიდან დაწყებულმა მრავალწლიანმა ამბავმა, ერთობ არასასიამოვნომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ნათლად დაგვანახა, რომ „ბორჯომით“ გადარჩენილი ეკონომიკა ისეთივე ვირტუალურია, როგორც ნატო-ევროკავშირში გაწევრებული საქართველო; რომ ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა შორს არის ნამდვილისგან. და ამ ნამდვილის მისაღწევად შეგნებული ბრძოლაა საჭირო და არა ისეთი, ზედაპირული, რასაც 9 აპრილს ჰქონდა ადგილი.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი.