26.12.2024

აგვისტოს ომიდან ხუთი წელი გავიდა

8 აგვისტოს მთელი საქართველო იხსენებს. 8 აგვისტოს რუსეთიც იხსენებს. 8 აგვისტოს სამხრეთ-ოსეთი და აფხაზეთიც იხსენებს. მაგრამ მარტო 8 აგვისტოს იხსენებენ ქართველები 8 აგვისტოს? 2004 წლის 8 აგვისტოდან დაწყებული, 8 აგვისტოს ყოველდღე იხსენებენ, როგორც ქართველები, ისე ოსები და აფხაზები, იხსენებენ რუსებიც, მაგრამ არა ყველა და არა ყოველდღე.

რუსეთი სუპერ სახელმწიფოა, მას სხვა უფრო სერიოზული საკითხები აქვს დღის წესრიგში – სუპერობის შესაბამისი. მისთვის 8 აგვისტო მძიმე იყო, მაგრამ ყოველდღიური პრობლემები, მიმდინარე საკითხები, მისგან სხვა ყურადღებას მოითხოვს. გარდა ამისა, 8 აგვისტო მისთვის არც საბედისწერო შეცდომაა და არც საქვეყნო ტრაგედია.

8 აგვისტო საქართველოსთვის არის საბედისწერო შეცდომა, ისეთი, რომლის გამოსწორება სასწაულის ტოლფასია.

8 აგვისტო – ოსებისთვისაც ტრაგედიაა ისეთი, რომელიც ძნელად, მაგრამ მაინც გაივლის. 8 აგვისტოს მომსწრენი ცრემლით აღნიშნავენ ამ დღეს, გაიხსენებენ დაღუპულებს, ყვავილებით შეამკობენ მათ საფლავებს.

დრო გავა, მოვა ახალი თაობა, რომელიც ასევე გაიხსენებს 8 აგვისტოს დაღუპულებს და იტყვის – სამარადისო ხსოვნა დაღუპულ გმირებს, ვინც თავი შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას.

8 აგვისტოს აფხაზიც აღნიშნავს – დამოუკიდებლობის, თავისუფლების დღეს. ძნელად გასახსენებელი იქნება 8 აგვისტო ახალი ქართული თაობისთვის, რომელიც იმჟამად მეტნაკლებად შეგუებული იქნება ახალი რეალობისადმი, თუმცა შეგუება დაკარგული ტერიტორიებისადმი ადვილი არ იქნება.  

საქართველოს, თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ათასობით კვადრატული კილომეტრი აქვს დაკარგული – მტერთან უთანასწორო ომებში. 2008 წლის აგვისტოს ომიც უთანასწორო იყო, თუმცა არა მოწინააღმდეგის მიერ მეზობლის ტერიტორიების მითვისების სურვილით გამოწვეული, არამედ მეზობლის მიერ გაუთვლელი, ამასთანავე მზაკვრული გეგმების შემაჩერებელი.

8 აგვისტო მსოფლიო ისტორიის ის უნიკალური ფურცელია, რომელიც გვაუწყებს პატარა, სუსტი ქვეყნის ჭკუასუსტი, თანაც ამბიციური ხელისუფლების თავდასხმას ათასჯერ და ათასჯერ მასზე დიდ, ბირთვულ სახელმწიფოდ წოდებულ მეზობელ ქვეყანაზე.

დიახ! 8 აგვისტოს სააკაშვილმა რუსეთის წინააღმდეგ გაილაშქრა, ვინაიდან მხოლოდ მასსავით ბრიყვს შეეძლო ეფიქრა, რომ ცხინვალზე იერიშის მიტანა, რუსი სამშვიდობოების დახოცვა და საერთაშორისო ხელშეკრულების უგულებელყოფა რუსეთის რეაქციას არ გამოიწვევდა.

სააკაშვილები და მათი მსგავსნი დღესაც უტუხად აცხადებენ, რომ საქართველო თავისი ტერიტორიის ფარგლებში მოქმედებდა – გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულში. არგუმენტს, რომ იტყვიან, წყალი არ გაუვა, მაგრამ მხოლოდ საქართველოში – ქვეყანაში, რომელშიც საერთაშორისო სამართლის უმარტივესი მოთხოვნების ცოდნა ნულის დონეზეა.

დიახ! საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებდა. მაგრამ ეს სამხედრო მოქმედება გამოწვეული იყო წინა ხელისუფალთა უნიათობით, მათი პოლიტიკური მოუმწიფებლობით და რაც მთავარია სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციით ოსეთ-აფხაზეთის მიმართ, რამაც სააკაშვილამდე გაავლო საზღვარი სამხრეთ-ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის, აიძულა მხარეები, ხელი მოეწერათ სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის, ხაზგამყოფ ზოლზე ჩააყენა მხარეთა სამშვიდობო ძალები, კონტროლი მიმდინარე პროცესებზე დააკისრა ეუთოს და ა.შ.

ვიმეორებ! ხელშეკრულების დარღვევა, სამშვიდობოების (რუსეთი) დახოცვა, რბილად რომ ვთქვათ დანაშაულია. სხვა სახის დანაშაულია, როდესაც ცენტრი საკუთარ საშინაო პრობლემებს (თუმცა იმჟამად სამხრეთ-ოსეთი სპეციალური რეგიონი იყო, რომელზედაც არ ვრცელდებოდა საქართველოს იურისდიქცია), ტანკით, გრადით და ყუმბარ-ტყვიით აგვარებს. ამას „ჯიუტი“ მოსახლეობის ამოწყვეტა ქვია.

2013 წლის აგვისტოს გახსენება მაღალ დონეზე განხორციელდა – პრეზიდენტ სააკაშვილის და რუსეთის პრემიერ-მინისტრ მედვედევის ხანგრძლივი ინტერვიუებით, ქართველ პოლიტიკოს-პოლიტოლოგთა განცხადებებით.

აღნიშნულმა განცხადებებმა დამარწმუნეს, რომ ქართულმა პოლიტიკამ, ამ 5 წლის განმავლობაში, არათუ რაიმე პოზიტიური შეიძინა, არამედ ნიშნები თანამედროვე აზროვნებისა, რაც უწინ ასე თუ ისე შეინიშნებოდა, დაკარგა. 5 წლის შემდეგაც, მიუხედავად არაერთი უცხოური პუბლიკაციისა, აგრესორის (საქართველო) არაერთჯერადი ხსენებისა, მიუხედავად იმისა, რომ პროცესი შეუქცევადია და დაკარგულ ტერიტორიებს არავინ დააბრუნებს, რომ სხვაგვარი პოლიტიკაა შესამუშავებელი, საქმისადმი სხვაგვარი მიდგომა – ქართული პოლიტიკა და საზოგადოება მაინც თავისას გაიძახის – რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, მან განახორციელა სამხედრო აგრსია და მანვე კეთილი უნდა ინებოს და დააბრუნოს ტერიტორიებიო.

ქართულ საზოგადოებას ვერაფრით გაუგია – ის, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა, ქვეყნისთვის უბრალო რამ არ იყო; რომ დამნაშავე ხელისუფლება სამართალში უნდა მიცემულიყო; რომ მთავარ დამნაშავეს – სააკაშვილს, ქვეყნის ღალატისთვის სამუდამო პატიმრობა უნდა ხვდომოდა წილად. ნაცვლად ამისა საზოგადოებამ თავი უმანკო კრავად, მგლის მიერ შეურაცხყოფილად ჩათვალა (ასე თვლის დღესაც) და პარლამენტის შენობის წინ უცეკვა, უმღერა, მხარი დაუჭირა მის დამაქცევარს ანუ ქვეყნის დამაქცევარ პრეზიდენტს.

მაშინ ხალხმა არაფრად ჩააგდო ქვეყანა, მისი ტერიტორია და არ მოითხოვა ამ ტერიტორიების ჰარიჰარად გამნიავებელის დასჯა. ანტისამთავრობო საპროტესტო ტალღას არ მოუცვია თბილისი, სხვა ქალაქები. პირიქით, ხალხი მხარში ამოუდგა ხელისუფლებას – ნაციონალთა მიერ ორგანიზებულ „საპიარო“ ღონისძიებებში, „სამედიო“ გამოსვლებში.  

არადა ეს რომ გაეკეთებინა, საქართველოს ეშველებოდა, ვინაიდან რუსეთმა აფხაზეთ-სამხრეთ-ოსეთის პოლიტიკურ-დიპლომატიური აღიარება მოგვიანებით მოახდინა ანუ მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ თბილისი ისევ აგრესიულ განზრახვას ატარებდა.

ერი გადაიქცა ყოყოჩა თან დაჩაგრულ ყვინჩილად, მხოლოდ თავის პატარა საქათმეში მოქოთქოთედ, სხვათა ნათქვამის წამყრუებლად. „ისედაც დაკარგული იყოო“, – ამბობდნენ ნაცები, კულუარულად. „ერთი-ორი სოფელი დავკარგეთ, მეტი ხომ არაო“, – ამბობდა სააკაშვილი. ამ ნათქვამს ბეჯითად იმეორებდნენ ნაცებთან დაახლოებული ძველგაზრდები და ახალგაზრდები.

დიახ! ფაქტობრივად დაკარგული იყო, მაგრამ არა იურიდიულად. იურიდიულად 2008 წლის აგვისტოში დაიკარგა და დაიკარგა შემოუბრუნებლად, რაც თქვა თავის ინტერვიუში რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დღევანდელმა პრემიერმა მედვედევმა.

დაიკარგა მარტივი მიზეზის გამო – შევარდნაძის ხელისუფლების უმეცრებით. მას თავი საბჭოთა კავშირში ეგონა. იმ კავშირში, რომელიც ეროვნებათშორის საკითხებს კრემლში აგვარებდა.

საბჭოთა კავშირის დაშლას თუ ვინმე შეხვდა მოუმზადებლად საქართველო იყო. შევარდნაძემ, ნაცვლად აფხაზებთან და ოსებთან ლაპარაკისა, რუსებთან გადაწყვიტა მოლაპარაკება და რუსების დახმარებით საკითხის მოგვარება. შევარდნაძემ ვერ იგრძნო, რომ გარეთ სხვა სეზონი იდგა – ახალი პოლიტიკური სეზონი. მისთვის, როგორც საბჭოეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, აფხაზ-ოსებთან დალაპარაკება არაპრესტიჟული საქმე იყო. მას რუსის ხელით სურდა განდეგილთა მორჯულება. ეს ტენდენცია პრეზიდენტობიდან განდევნამდე, დომინირებდა. არადა აფხაზთან და ოსთან პირდაპირი დიალოგი, რაზეც რუსეთიც მიანიშნებდა, შედეგის მომტანი იყო.

დავუშვათ ამ დიალოგს უცბათ არაფერი მოეტანა, პროცესი ხომ გაგრძელდებოდა?

პროცესის გაგრძელება კი სულაც არ ნიშნავდა ტერიტორიების დაკარგვას. რომ არა 2008 წლის ომი, დღესაც მოლაპარაკების პროცესში ვიქნებოდით – კარგ შემთხვევაში ერთობ წინწასულში, უარეს შემთხვევაში ისევ ძველ წერტილზე მდგომში, მაგრამ მთლიანი ტერიტორიით, ყოველ შემთხვევაში იურიდიული თვალსაზრისით.

2008 წლის აგვისტოს ავანტიურამ გააქარწლა ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობა და რაც მთავარია რუსეთის ამ საქმეში ჩართულობა. ეს პოზიცია პირდაპირ თუ ირიბად აღნიშნა პრემიერმა მედვედევმა. ერთსაათიან ინტერვიუში მან ილაპარაკა არა მარტო ომის გამომწვევ მიზეზებზე, სააკაშვილის შეცდომებზე, არამედ უმძიმეს შედეგებზეც, რაც ქვეყანამ მიიღო. კარგ მთქმელს, კარგი გამგონი უნდაო – ამ შემთხვევაშიც არ აღმოვჩნდით კარგი გამგონნი – ავტეხეთ რა ჩვენთვის შესაფერისი ყაყანა, თანაც როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ.

საკუთარი მოწოდების სიმაღლეზე იყო სააკაშვილიც, რომელმაც პრეზიდენტისთვის შეუფერებელი ლექსიკით, ისეთი ცეცხლი დაანთო, ამერიკელ სენატორ მაკკეინსაც რომ გააკვირვებდა.

სააკაშვილის მონოლოგმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა ქართველი ამომრჩევლის უბადრუკობაში. ასეთს რომ პრეზიდენტად აირჩევ, ის ხალხი ყველაფრის ღირსია. შეცდომას ყველა უშვებს, მაგრამ დაშვებული შეცდომის შემდეგ ცდილობს გამოსწორებას. ქართველ ხალხს არ უცდია მსგავსი რამ სააკაშვილთან მიმართებაში, უფრო მეტიც არათუ მის მიმართ, სააკაშვილის ნაცების მიმართაც არ გაუკეთებია ასეთი.

„ოქტომბრის არჩევნებში სააკაშვილის პარტიის მარცხის მიზეზი არა აგვისტოს ომი, არამედ არჩევნების წინ ციხის კადრების გამოქვეყნება იყო“, – წერს კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის დოცენტი ლინკოლნ მიტჩელი, რაც ბევრის მაუწყებელია, თუნდაც იმის, რომ პერსონალური შეურაცხყოფა გაცილებით მგრძნობიარე თემაა აქ, ვიდრე ქვეყნის ტერიტორიები.

ქვეყანა, თანამედროვე ქართველებისთვის აბსტრაქტული ცნებაა. ასეთი ხალხი აიტანს იმას, რაც სააკაშვილმა ბრძანა: „პრეზიდენტმა ხალხს სიმართლე უნდა უთხრას, არ უნდა მოატყუოსო“ და ამას აკადრებს სააკაშვილი ხალხს, რომელიც არაერთხელ მოატყუა, შეურაცხყო, დააჩაჩანაკა, გააუპატიურა.

თავის ინტერვიუში მან იმდენი ტყუილი დაახვავა, ბარონ მიუნჰაუზენსაც რომ გააკვირვებდა. მისი თქმით, რუსი სამშვიდობოები თვით რუსებმა დახოცეს და ქართველებს დააბრალეს; რომ რუსეთი ამ ომისთვის დიდ ხანს ემზადებოდა. ეს მას გერმანიის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა შტაინმაიერმა უთხრა; რომ მედვედევის ნაცვლად, ტელეფონს პუტინი იღებდა, მედვედევი ტყემალზე იჯდა და ფორმალური პრეზიდენტი იყო; რომ მედვედევი არარაობაა, ხოლო პუტინი კი ის პოლიტიკოსი, რომელმაც უთხრა – „ეგ ქაღალდები დაახვიე და უკან შეიტენეო“.

სააკაშვილის ინტერვიუ, ქუჩის ბაზრობას ჰგავდა, ვიდრე სახელმწიფოს მეთაურის, დამჯდარი პოლიტიკოსის. არის თუ არა სააკაშვილის ამომრჩეველი ღირსი, ჰყავდეს სააკაშვილის მსგავსი რჩეული? ცხადია არის. არის არა მარტო იმისთვის, რომ შეცდომა დაუშვა არჩევნებში (შეცდომა ვის არ მოსდის), არამედ იმისთვის, რომ არასდროს უცდია შეცდომის გამოსწორება. 2012 წლის 1 ოქტომბერი კი ის იყო, რაც მიტჩელმა თქვა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რუსეთს ყოფილ საბჭოთა ტერიტორიებზე არ უომია. არც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან რუსეთს ძალისმიერი გზით – ტანკით, ჯარით, რაკეტებით საკამათო საკითხი არ გადაუჭრია. საქართველოს პრეზიდენტმა ყოველივე აღნიშნული შეაძლებინა, მაგრამ მარტო საქართველოს პრეზიდენტმა?

სააკაშვილი არც ისეთი სულელია, დათვის ხახაში თავი ჩაეყო. ის მაშინაც და დღესაც გრძნობდა და გრძნობს სერიოზულ მხარდაჭერას დასავლეთიდან, კერძოდ აშშ-დან. რომ არა ბუშის ადმინისტრაციის მხარდაჭერა, რომ არა პრეზიდენტობის კანდიდატის მაკკეინისა და მისი გუნდის მხარდაჭერა, მითუმეტეს წაქეზება, სააკაშვილი არ გადადგამდა ამ ნაბიჯს.

დავუშვათ მე ვცდები, მაგრამ ნუ დავიბრმავებთ თვალებს, იმ აშკარა მხარდაჭერის მიმართ, რასაც ადგილი ჰქონდა სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ: აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტი, სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის ჩამოსვლები, რესპუბლიკელი სენატორებისა და კონგრესმენების სისტემატური ჩამოსვლები, დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტის ბაიდენის ვიზიტი და ხოტბა, გამოთქმული სააკაშვილის მისამართით, სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტები. ყველა ვიზიტორის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ეს ვიზიტები, რომ მარტო პროტოკოლური ხასიათისა ყოფილიყო, კიდევ არაფერი, მაგრამ საქართველოში გასეირნება არ იყო ამერიკელი მაღალჩინოსნების მთავარი მიზანი. მთავარი მიზანი იყო (და არის) სააკაშვილის დამჯერ ამერიკულ რობოტად გადაქცევა. სააკაშვილიდან გამომდინარე მთელი საქართველოს ამერიკულად მორჯულება, ანტირუსულად გარდაქმნა. ამერიკელთა სასახელოდ უნდა ითქვას – მათ ეს მოახერხეს, თანაც გაცილებით მცირე დროში, ვიდრე სხვაგან.

„აშშ-ს ადმინისტრაციაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს გარკვეულ სიგნალებს უგზავნიდნენ და წინსვლისკენ მოუწოდებდნენ. შესაძლოა, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ეს სიგნალები უფრო სერიოზულად მიიღეს, რადგან ეს სწორედ ის იყო, რისი გაგებაც მათ უნდოდათ“, – წერს ლინკოლნ მიტჩელი, აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ის იმასაც ამბობს, თუ როგორ უშენებდა აშშ-ი საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურას – „„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ი საქართველოში სახელმწიფოებრივი მშენებლობით იყო დაკავებული და სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას. შედეგად, როცა საქართველოში ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელში აღმოჩნდა, არ აღმოჩნდა კონტროლისა და ბალანსის სისტემა“.

მიტჩელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის სხვა ქვეყნების (ამ შემთხვევაში საქართველოს) საშინაო საქმეებში ჩარევის როლი, რაც არახალია, მაგრამ საყურადღებოა ქართული საზოგადოებისთვის, ვინაიდან ამერიკელი არსად წასულა, არც სააკაშვილი გადახვეწილა და არც ნაცები. კოჰაბიტაციის წყალობით, ნაცთა ძალა არა მარტო პარლამენტშია, არამედ ქვეყანაშიც.

გამოთქმა – პრეზიდენტები მოდიან და მიდიან, ქვეყანა კი რჩება, საქართველოზე არ ითქმის, ვინაიდან სააკაშვილი ამჯერად კი წავა, მაგრამ ისევ მოვა, ცოტა ხნის შემდეგ – ახალი ძალითა და ავანტიურით. გაუძლებს განახევრებული საქართველო მის ავანტიურას? ძნელი სათქმელია, რამეთუ ფაქტის წინაშე მდგარს გაუჭირდება, ფაქტამდე კი არაფერს ღონობს სააკაშვილისა და ნაციონალების მოსაშორებლად.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.